უცხოეთი

კალიფორნიაში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხევა დადასტურდა

COVID-19- ის ახალი, უფრო გადამდები შტამი, რომელიც პირველად დააფიქსირეს გაერთიანებულ სამეფოში, ახლა სამხრეთ კალიფორნიაშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ გუბერნატორმა გევინ ნიუსომ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას abc30.com ავრცელებს. როგორც სან დიეგოს ოლქის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი შტამი 30 წლის კაცს დაუდასტურდა. მათ მიაჩნიათ, რომ სავარაუდოდ, სხვა შემთხვევებიც იქნება მათ ტერიტორიაზე, რადგან მამაკაცს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონდა.

პუტინმა ხელი მოაწერა შესწორებებს "უცხოეთის აგენტების" კანონში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც, ადამიანის უფლებების დამცველების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს. კანონმდებლობა, რომელიც ძალაში 30 დეკემბერს შევიდა, მოიცავს შესწორებების სერიას "უცხოეთის აგენტების" შესახებ არსებულ, კამათის საგნად ქცეულ კანონში. ეს კანონი საშუალებას იძლევა, ინდივიდებს და საჯარო უწყებებს ეწოდოს უცხოეთის აგენტები, თუკი ჩაითვლება, რომ მათი პოლიტიკური მოქმედება "უცხო ქვეყნის ინტერესებს" შეესაბამება. როგორც ცნობილია, ორგანიზაციებს, რომლებსაც ეს სტატუსი მიენიჭებათ, დაევალებათ თავიანთი სამუშაოს შესახებ ანგარიშების წარდგენა და ფინანსური აუდიტის ჩატარება. "უცხოეთის აგენტად" მიჩნევის საფუძველი შეიძლება გახდეს აქციების და პოლიტიკური დებატების ჩატარება, სახელმწიფოს პოლიტიკაზე მოსაზრებების გამოთქმა, მოქმედება, რომელიც არჩევნებზე ან რეფერენდუმზე კონკრეტულ შედეგს უჭერს მხარს, არჩევნებზე დამკვირვებლად ან პოლიტიკურ პარტიებში მონაწილეობა, თუკი ეს ნაბიჯები უცხოეთის უწყების ინტერესებში შედის. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშენალი" კანონმდებლობას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის "მნიშვნელოვნად ზღუდავს და ზიანს აყენებს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, არამედ ბევრ სხვა ჯგუფსაც". კრემლის კრიტიკოსების თქმით, "უცხოეთის აგენტის" კანონს, რომელიც პირველად 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ შესწორებებით გააფართოვეს, განურჩევლად იყენებენ საიმისოდ, რომ მიზანში ამოიღონ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უფლებადამცველები და პოლიტიკური აქტივისტები.

შეიძლება ამნისტია პატიმრობაში მყოფ სტუდენტებსაც შეეხოთ

შეიძლება ამნისტია პატიმრობაში მყოფ სტუდენტებსაც შეეხოთ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობისას გაისმა მოსაზრებები, რომ გამოირიცხოს კონკრეტული დანაშაულის მუხლები. "გვინდა, რომ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ საპატიმროში ყოფნის პარალელურად, მოხდეს გავრცელება ამნისტიისა. ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამნისტია აქაც ვერ იქნება უპირობო და ვფიქრობთ, რომ, მაგალითად, შინაპატიმრობით შეიცვალოს სასჯელი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ თვალსაზრისით და კარგ შესაძლებლობას გაუხსნის პირებს, რომლებსაც, თუნდაც, ამ გზით აქვთ ნაჩვენები მათი რესოციალიზაციის რეალური განზრახვა და გადაწყვეტილება", - განაცხადა სარჯველაძემ. როგორც ცნობილია, ამ ინიციატივის ფარგლებში "სტუდენტობა" ამნისტიისთვის საჭირო ერთ-ერთი შემამსუბუქებელი გარემოება იქნება. საქართველოს პარლამენტი "ამნისტიის კანონის" პროექტზე მუშაობს. კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს

იემენის აეროპორტში სროლის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა

იემენის აეროპორტში სროლის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, საპორტო ქალაქ ადენის აეროპორტში აფეთქებისა და სროლის ხმა თვითმფრინავიდან ახალი მთავრობის წევრების ჩამოსვლისას გაისმა. პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს.

თურქეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის პირველი პარტია მიიღო

თურქეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს ამ ეტაპზე თურქეთმა ჩინეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 მილიონი დოზა მიიღო. როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ფარმაცევტიკისა და სამედიცინო აღჭურვილობის ინსტიტუტი ვაქცინის ტესტირებას შეუდგება. ტესტირება 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულებისთანავე, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა Brexit-ის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა Brexit-ის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. აღნიშნულ ინფორმაციას lefigaro.fr ავრცელებს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დოკუმენტს ხელი ევროკავშირის სახელით მოაწერეს. დღის განმავლობაში შეთანხმებას ხელს ასევე მოაწერს დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი. „შეთანხმება, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგია, რომლის დროსაც ევროკავშირმა უპრეცედენტო დონის ერთიანობა გამოავლინა. ეს სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმებაა, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტურ ინტერესებს სრულად იცავს“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. 24 დეკემბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კომპრომისს მიაღწიეს Brexit-ის შემდეგ პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე. შეთანხმება ითვალისწინებს სავაჭრო ურთიერთობებს კვოტებისა და ტარიფების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიაზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებზე შეუზღუდავ წვდომასა და საზღვაო რესურზებზე დაბალანსებულ წვდომას. ბრიუსელი და ლონდონი ასევე შეთანხმდნენ, რომ საგარეო პოლიტიკის, სასანქციო რეჟიმებისა და თავდაცვის სფეროებში ქმედებების კოორდინაციას ადგილი არ ექნება.

ბრიტანეთში Covid-19-ის საწინააღმდეგო Oxford-AstraZeneca-ის ვაქცინა დაამტკიცეს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემუშავებული კორონავირუსის საჭინააღმდეგო ვაქცინა დიდ ბრიტანეთში გამოსაყენებლად დამტკიცებულია. ამის შესახბ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დიდმა ბრიტანეთმა მწარმოებელ AstraZeneca–ს 100 მილიონი დოზა შეუკვეთა, რაც საკმარისია 50 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წამლების მარეგულირებლის მიერ ვაქცინის დამტკიცება ნიშნავს, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური. Oxford-AstraZeneca ვაქცინა შეიქმნა 2020 წლის პირველ თვეებში. აპრილში პირველად ჩატარდა მოხალისეზე ტესტირება. მას შემდეგ მიმდინარეობდა მასშტაბური კლინიკური კვლევები, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

სინგაპურში Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო

სინგაპურში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. პირველი მოქალაქე, ვინც აცრა გაიკეთა, 46 წლის ექთანი სარა ლიმი იყო. მასთან ერთად ვაქცინა ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ცენტრის 30-მდე თანამშრომელმაც გაიკეთა. სინგაპური პირველი აზიური ქვეყანაა, სადაც Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს.

ჯო ბაიდენი: მომავალ წელს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას ვხედავ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას მოელის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი დასასრულს უახლოვდება, ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენს მომავალს. ვაქცინები აღმოაჩინეს და განავითარეს. ეს უზარმაზარ იმედს გვაძლევს. ჩვენი ეკონომიკა აღდგება და აყვავდება. მომავალ წელს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას ვხედავ. მომდევნო წლებში ასევე ვხედავ წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 19 301 543 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 334 836 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

აშშ-ში, კოლრადოს შტატში, კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების პირველი შემთვევა დადასტურდა. ამის შესახენ ინფორმაციას washingtonpost-ი ავრცელებს. კოლორადოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ვირუსის ახალი შტამით დაიფიცირების შესახებ სამშაბათს განაცხადეს. გამოცემის მიხედვით, შტატის გუბერნატორის, ჯარედ პოლისის ოფისის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირებული 20 წლამდე ახალგაზრდაა, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს და რომელიც ამჟამად ელბერტის ოლქში, იზოლაციაში იმყოფება. ”ამ ადამიანს ჯერჯერობით მჭიდრო კონტაქტი არ აქვს, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მუშაობენ სხვა პოტენციური შემთხვევებისა და კონტაქტების იდენტიფიცირებაზე”, - ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

რუსეთმა მოლდოვას სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ენერგეტიკის კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს პატიმრობა შეუფარდა

რუსეთმა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახელმწიფო ენერგოკომპანიის ყოფილ წევრს მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ ცნო ჯაშუშობაში,დახურულ კარს მიღმა გამართულ სასამართლო პროცესზე. კარინა წურკანი, რომელმაც უარყო დანაშაული, დააკავეს 2018 წლის ივნისში. საქმის ზოგიერთი დეტალი საჯაროდ არ არის ცნობილი და კლასიფიცირებულია ჯაშუშობის ბრალდებების ხასიათის გამო

აშშ საქართველოს ფინანსურ დახმარებასთან ერთად დემოკრატიის მდგომარეობაზე ანგარიშს ითხოვს

აშშ-ის ასიგნებების კომიტეტმა კანონი მიიღო, სადაც საქართველოსთვის შეერთებული შტატების დახმარებაზეა საუბარი. კანონში, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა და რომელსაც ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 დეკემბერს მოაწერა, ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესის ასიგნებათა კომიტეტს ანგარიში უნდა წარუდგინოს საქართველოში "კანონის უზენაესობის და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების" თაობაზე. კანონის განმარტებით განცხადებაში დეტალურად არის საუბარი იმაზე, თუ რას უნდა მოიცავდეს სახელმწიფო მდივნის ანგარიში. „საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა და ეს შეთანხმება [სენატსა და წარმომადგენელთა პალატას შორის] აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას დემოკრატიის გაძლიერების, მმართველობის და კანონის უზენაესობის კუთხით. (a)1 ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისად, არაუგვიანეს 90 დღისა ამ აქტის ამოქმედებიდან, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტს ანგარიში უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დეტალური ქმედებების შესახებ 2020 წლის 1 იანვრიდან (1) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მათ შორის, უკანასკნელი არჩევნებით, (2) კორუფციასთან ბრძოლის და (3) კერძო სექტორში კანონის უზენაესობის და უცხოური საინვესტიციო კლიმატის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ “, - ნათქვამია კანონის განმარტებაში. კანონის თავდაპირველი ვარიანტი, სახელმწიფო მდივნის ანგარიშს, საქართველოსთვის გაწეული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფას უკავშირებდა. კანონით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის 132,025,000 დოლარია გათვალისწინებული. დოკუმენტი ასევე საუბრობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე. აქტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კრძალავს დახმარების გამოყოფას იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს ან მათთან დიპლომატიური კავშირები აქვს.

რუსეთის ხელისუფლება ნავალნის ციხით ემუქრება, თუ ის მოსკოვში 29 დეკემბრამდე არ ჩავა

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები პატიმრობით ემუქრებიან ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის,თუ ის არ შეასრულებს პირობითი მსჯავრის ვალდებულებას,რომელიც მას 2012 წელს დაეკისრა. რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ”მკურნალობის დასრულების შემდეგ” გერმანიაში დარჩენით, ნავალნი არღვევს შეჩერებული სასჯელის პირობებს. საქმე ეხება ბრალდებას, რომელიც ნავალნის და მის ძმას ოლეგს, 2008 წლიდან 2012 წლამდე 500,000 დოლარის ოდენობით თანხის გათეთრებაში ადანაშაულებს. სამართლებრივი ძიება ოპოზიციონერის წინააღმდეგ 2012 წელს დასრულდა და ის პირობითი შეთანხმებით გათავისუფლდა. პენიტენციური სამსახურის თქმით- ”პირობით მსჯავრდებული პირი არ ასრულებს სასამართლოს მიერ მისთვის მინიჭებულ ვალდებულებებს და თავს არიდებს სისხლის სამართლის ინსპექტირების კონტროლს." ნავალნის დაევალა რუსეთში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოცხადება; წინააღმდეგ შემთხვევაში მიეცემა პასუხიგებულებაში და მისი შეჩერებული სასჯელი შეიცვლება ნამდვილით. ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა Twitter- ზე დაწერა: " სასჯელაღსრულების სამსახურმა კარგად იცის რომ ნავალნი გერმანიაში მკურნალობს, ცდილობს უკანასკნელ მატარებელზე გადასვლას (ალექსეის გამოსაცდელი ვადა 30 დეკემბერს მთავრდება!) და ითხოვს, რომ იგი შემოწმებისთვის ხვალ გამოცხადდეს. "

მალიში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა

სამი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა მალიში ოპერაციის დროს, როდესაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მათ ჯავშანტრანსპორტიორს შეეჯახა. ჯარისკაცები, რომლებიც მალის ჰომბორის სამხრეთ რეგიონში იმყოფებოდნენ, ისლამური მებრძოლების წინააღმდეგ საფრანგეთის სამხედრო ოპერაციების მისიას ასრულებდნენ.

ესპანეთში იმ ადამიანებს აღრიცხავენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს იტყვიან

ესპანეთმა უნდა აღრიცხოს ადამიანები, რომლებიც უარს იტყვიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე - ამის შესახებ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ განაცხადა. აღნიშნულ ინფრომაცია BBC ავრცელებს. მინისტრის თქმით, სია არ იქნება საჯარო. ის ვერ გახდება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის ან დამსაქმებლებისთვის. თუმცა, ევროკავშირის სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებს მასზე წვდომა ექნებათ. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ, შეცდომას უშვებენ. „ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ არ მიიღონ ვაქცინა, რაც, ვფიქრობთ, შეცდომაა, თავიანთი უფლებებით მოქმედებენ. ვაქცინაცია იხსნის ადამიანების სიცოცხლეს, ეს არის პანდემიის გადალახვის გზა,” - აღნიშნა სალვადორ ილამ.

ინდოეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

ინდოეთში ბრიტანეთიდან დაბრუნებულ 6 ადამიანს კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურადა. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს ექვსი ადამიანი ერთად მგზავრობდა. ახლა ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. "კარანტინში იმყოფებიან ისინიც, ვისაც ამ ექვს ადამიანთან მჭდრო კონტაქტი ჰქონდათ" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ბოლო მონაცემებით, ინდოეთში ვირუსის 16,432 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 10,22 მილიონამდე გაიზარდა. 148,153 ადამიანი გარდაცვლილია.

ევროკავშირის ელჩებმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა Brexit-ის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობასა და თანამშრომლობაზე შეთანხმებას მწვანე შუქი აუნთო. ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის პრესმდივანმა, სებასტიან ფიშერმა განაცხადა. წერს The Guardian-ი. ბრიუსელში ელჩების შეხვედრაზე, 27 წევრმა ქვეყანამ მოიწონა 1,246 გვერდიანი ხელშეკრულება, რომელიც წლის ბოლომდე მოქმედებს. გადაწყვეტილება ოფიციალურად სამშაბათს დასრულდება წერილობითი პროცედურის საფუძველზე. გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. Brexit-ის გარდამავალი პერიოდი მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს. „ელჩებმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 2021 წლის 1-ლი იანვრიდან დროებით გამოყენებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. შემდეგი ეტაპი ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებას მოიცავს, რაც ხვალ 15:00 საათისთვის უნდა დასრულდეს“, - დაწერა სებასტიან ფიშერმა Twitter-ზე. დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სხდომა 30 დეკემბერისთვისაა ჩანიშნული, რომელიც განიხილავს და ხმას მისცემს კანონპროექტს.

საუდის არაბეთის სასამართლომ ქალთა უფლებადამცველს ხუთი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საუდის არაბეთის სასამართლომ გამოჩენილ ქალთა უფლებადამცველ ლუჟაინ ალ-ხათლულს, ხუთი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას Reuters- ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალ-ხათლულს ბრალად ედება საუდის არაბეთის პოლიტიკური სისტემის შეცვლასა და ეროვნული უსაფრთხოების დაზიანებაში. 31 წლის ხათული და მასთან ერთად, ათამდე ქალთა უფლებადამცველი, 2018 წლიდან არიან დაკავებულნი. გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა ამ ბრალდებას ყალბი უწოდეს. გადაწყვეტილება ასევე გააკრიტიკეს აშშ-სა და ევროპაში.

ბელგიამ ვაქცინაცია დაიწყო

ბელგიაში COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი ბელგიელი, ვინც ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინით აიცრა 96 წლის ჯო ჰერმანსია. ვაქცინაციის დასაწყებად პურსი სიმბოლურად შეარჩიეს. პურსშია ფაიზერის ევროპული ჰაბი და სწორედ პურსის ფაიზერის საწარმოდან მიიღებს ევროკავშირის ყველა სახელმწიფო ევროპაში პირველ ავტორიზებულ ვაქცინას. ელგიის იმუნიზაციის სტრატეგიის მიხედვით, პირველ ეტაპზე მოხუცთა თავშესაფრებში მყოფ ხანდაზმულებს და ამ სახლების სამედიცინო პერსონალს აცრიან. პირველი ფაზის დასრულებას ბელგიაში თებერვლის ბოლოს გეგმავენ და მარტიდან საავადმყოფოებში მედპერსონალის იმუნიზაცია დაიწყება. დღესდღეობით ბელგიაში კორონავირუსის 600 000 აქტიური შემთხვევაა. კრიტიკულია 492 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ქვეყანაში კოვიდ19-მა 19 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Pfizer– მა ესპანეთში კორონავირუსის ვაქცინის დამატებითი დოზების მიწოდება გადადო

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის სალვადორ ილას თქმით, ლოგისტიკური პრობლემის გამო, ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ, ახალი პარტიის მიწოდება ქვეყანაში ერთი დღით გადადო. მინისტრის თქმით, კომპანიას ტემპერატურის კონტროლის პრობლემა შეექმნა, როდესაც ვაქცინას ტვირთავდნენ. მინისტრის თქმით, პრობლემა უკვე მოგვარებულია. „ვაქცინა 29 დეკემბერს, დილიდან იქნება ხელმისაწვდომი აცრის პუნქტებში“, - განაცხადა მედიასთან ინტერვიუში, სალვადორ ილამ. მისი ვარაუდით, მოსახლების 70% -მდე ზაფხულისთვის აცრილი იქნება.