უცხოეთი

კვლევა: Pfizer-ის ვაქცინის სამი დოზით აცრას „ომიკრონის“ განეიტრალება შეუძლია

კომპანიებმა Pfizer-მა და Biontech-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინის სამდოზიან კურსს კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ განეიტრალების შესაძლებლობა აქვს. კომპანიებში აცხადებენ, რომ ვაქცინის სამდოზიან კურსს ახალი შტამის მიმართ დაცვის ისეთივე შესაძლებლობა აქვს, როგორიც ორდოზიან კურსს კორონავირუსის სხვა ვარიანტების წინააღმდეგ. ამასთან, კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კორონავირუსის ახალი შტამის გართულებებისგან მაინც იქნებიან დაცულები. კომპანიებმა ასევე განაცხადეს, რომ ახალ შტამზე მორგებული ვაქცინის წარმოებას 2022 წლის მარტში შეძლებენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მზადაა, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლობა გასწიოს

"თურქეთი მზადაა, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლობა გასწიოს", – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი იმედოვნებს, რომ დაძაბულობა არ გაიზრდება და რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდება. „ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ დიალოგის არხის ჩამოყალიბებას. ორივე მხარის თანხმობით, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მხარდაჭერა ფასილიტაციაში, მედიაციაში ან ნებისმიერ სხვა სასურველ ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენ უყოყმანოდ გავაკეთებთ ყველაფერს რეგიონის მშვიდობისთვის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ვლადიმერ პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს. ამის შესახებ განცხადება ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „ჩვენი შეშფოთება არის ის, რომ პუტინი მემკვიდრეობის პროექტად სინამდვილეში შეიძლება მიისწრაფვოდეს საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთიანობა აშშ-ში, ერთიანობა უკრაინის საკითხზე, NATO-ს მოკავშირეებთან, პარტნიორებთან ერთიანობა. არავის სურს ომი, ყველაზე ნაკლებად კი, რუს ხალხს. რუსი ხალხი იმსახურებს უკეთეს სკოლებს, საავადმყოფოებს, ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას. სწორედ ამაზე უნდა იხარჯებოდეს რუსეთის სიმდიდრე და არა რუსი ბიჭების უკრაინის ფრონტის ხაზზე გასაგზავნად“ – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

კენიაში პოლიციის ოფიცერმა 6 ადამიანი მოკლა

კენიაში პოლიციის ოფიცერმა 6 ადამიანი მოკლა, მათ შორის საკუთარი ცოლი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის თქმით, პოლიციის ოფიცერმა, ბენსონ იმბასიმ ავტომატური იარაღის გამოყენებით ჯერ საკუთარი ცოლი მოკლა, შემდეგ ქუჩაში გავიდა და შვიდ ადამიანს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამ ეტაპზე, ადგილობრივი პოლიცია მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს.

გიორგი ღიბრაძე: საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ამის შესახებ გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოც განაცხადა. არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს, „რა მოხდა საბჭოზე, არ მაქვს პასუხი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება - ხოლმე,“- განაცხადა ღიბრაძემ.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო: პეკინის ოლიმპიადის მიმართ აშშ-ის ბოიკოტი პოლიტიკური მანიპულაციაა

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო აცხადებს, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიადის მიმართ შეერთებული შტატების ბოიკოტი „პოლიტიკური მანიპულაცია“ და „ყოყოჩური ქმედებაა“. „არავის აინტერესებს ეს ხალხი მოვა თუ არა და ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის წარმატებით ჩატარებაზე,“- აღნიშნა საელჩოს პრესსპიკერმა. მისი თქმით, ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის მიწვევა არ გაუგზავნიათ და "ასე რომ ეს დიპლომატიური ბოიკოტი უბრალოდ არსაიდან მოდის". შეგახსენებთ, შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, აშშ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს და ოლიმპიადაზე მთავრობის წარმომადგენლებს არ გააგზავნის.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს საფრანგეთში, პორტუგალიაში, იორდანიასა და ტანზანიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აშშ-ის მოქალაქეებს საფრანგეთში, პორტუგალიაში, იორდანიასა და ტანზანიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს ამჟამად 83 ქვეყანა აქვს შეტანილი სამოგზაუროდ „ძალიან მაღალი რისკის“ ქვეყნებში. მიმდინარე კვირის დასაწყისიდან აშშ-ში საერთაშორისო საჰაერო გზით ჩასულმა მგზავრებმა ბოლო ერთი დღის განმვლობაში გაკეთებული ნეგატიური კოვიდტესტი უნდა წარადგინონ. აქამდე მოქმედი რეგულაციებით, აშშ-ში საჰაერო გზით ჩასულ ვაქცინირებულ საერთაშორისო მოგზაურს უნდა წარედგინა ბოლო სამი დღის განმავლობაში გაკეთებული ტესტის პასუხი. ამასთან, 29 ნოემბრიდან აშშ-ში აიკრძალა რვა სამხრეთაფრიკული ქვეყნიდან მოგზაურების ჩასვლა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება.

საშობაო წვეულებაზე დასწრების შემდეგ, ესპანეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს 70-მდე თანამშრომელს COVID19 დაუდასტურდა

ესპანეთში, საშობაო წვეულებაზე დასწრების შემდეგ, ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების 70-მდე ექთანსა და ექიმს COVID19 დაუდასტურდა. ამის შესახებ უცხოური მედია ესპანეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ეტაპზე ყველა ინფიცირებულს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. ანდალუსიის რეგიონული მთავრობის ცნობით, COVID19-ით ინფიცირებულია მალაგას საუნივერსიტეტო რეგიონული ჰოსპიტლის 68 მედიკოსი. ინფექციის წყარო ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა რეგიონული ხელისუფლება აღნიშნავს, რომ 68-ვე მედიკოსი პირველ დეკემბერს საშობაო წვეულებას ესწრებოდა, სადაც სულ 173 ადამიანი იმყოფებოდა. წვეულებაზე დასწრებამდე ყველა მედიკოსს გაკეთებული ჰქონდა ანტიგენტესტი ან ვაქცინის ბუსტერდოზა. ინფიცირების კიდევ ერთ შესაძლო წყაროდ ხელისუფლება საავადმყოფოს პერსონალისთვის მომზადებულ სადილს განიხილავს.

დიმიტრი პესკოვი: რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები რუსეთის საზღვრებისკენ NATO-ს გაფართოების საკითხს განიხილავენ

"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 7 დეკემბერს დაგეგმილ ვიდეო კონფერენციაზე უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობასა და რუსეთის საზღვრებისკენ NATO-ს გაფართოების საკითხს განიხილავენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „რა თქმა უნდა, საჭირო იქნება იმის განხილვა, თუ როგორ სრულდება ჟენევაში მიღწეული შეთანხმებები, რა ხორციელდება სრულად და რა მოითხოვს დამატებით ძალისხმევას. სხვა განსახილველ თემებს შორისაა დაძაბულობა უკრაინის გარშემო, ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ და რუსეთის ლიდერის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, - აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, ორი პრეზიდენტის კომუნიკაციის შემდეგ ერთობლივი განცხადებები არ იგეგმება. ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე ხვდებიან. ასევე, ლიდერები განიხილავენ ჟენევაში, შვეიცარიაში, წინა შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხს, ავღანეთში, ირანში, ლიბიასა და სირიაში არსებულ სიტუაციებს, ასევე უკრაინის კრიზისს. რუსი ოფიციალური პირის თქმით, დღის წესრიგში შესაძლოა, იყოს ნავთობის ბაზარი, კლიმატის ცვლილება და COVID19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციას უკრაინის საზღვრებთან სერიოზულ საფრთხედ აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს მის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციას და აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალ აგრესიას მოსკოვისთვის სერიოზული შედეგები ექნება. ამასთან, ბლინკენი მიიჩნევს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ეფექტური საშუალებაა დიპლომატიური მუშაობა და მინსკის შეთანხმების შესრულება. ამ საკითხებზე სახელმწიფო მდივანმა ილაპარაკა შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, SVT-სთან ინტერვიუში, რომელიც ბლინკენმა ტელეარხს მისცა სტოკჰოლმში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან გასულ კვირაში გამართული შეხვედრის შემდეგ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი იყო პირდაპირი და სერიოზული.

მიანმარის სასამართლომ ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მიანმარის სასამართლომ ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბუნებრივი კატასტროფების შესახებ კანონის მიხედვით, აუნ სან სუ ჩი დამნაშავედ იქნა ცნობილი განსხვავებული აზრის წაქეზებისა და COVID19-ის წესების დარღვევისთვის. ამასთან, მედიის ინფორმაციით, მიანმარის ყოფილ ლიდერს სავარაუდოდ ბრალს 11 საქმეზე წაუყენებენ, რის გამოც შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა დაემუქროს. მიანმარის სამხედრო ხუნტამ თებერვლის შემდეგ 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს 1 303 ადამიანი დაიღუპა.

იტალიაში დღეიდან, COVID19-ის შეჩერების მიზნით, შეზღუდვები მკაცრდება.

იტალიაში დღეიდან, COVID19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, შეზღუდვები მკაცრდება. კერძოდ, დახურული ტიპის კვების ობიექტებში, კლუბებსა და კინოთეატრებში მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ შესვლის უფლება, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულები არიან. ამასთან, მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას გეგმავენ, მოუწევთ წარადგინონ „მწვანე პასპორტები“ იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინირებულები ან გამოჯანმრთელებულები არიან, ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ. გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, იტალიაში მოსახლეობის 74.8 % სრულადაა ვაქცინირებული.

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ნდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. Reuters-ის ინფორმაციით, ვულკანი „სემერუ“ მოქმედებას აგრძელებს და 6 დეკემბრის დილას კიდევ ორჯერ ამოიფრქვა. იავას პროვინციაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია შეფერხდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანია დაშავებული, რომელთა უმეტესობას დამწვრობა აღენიშნება. მოსახლეობამ სახლებში დაბრუნება დაიწყო, ინდონეზიის ხელისუფლება კი მათ მოუწოდებს, რომ ვულკანური მთიდან დისტანცია დაიცვან. ამასთან, ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსულმა ლავამ სახლები და ხიდები დააზიანა.

ინგლისში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის წესები კვლავ გამკაცრდა

ინგლისში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის წესები კვლავ გამკაცრდა. კერძოდ: არსებულ რეგულაციებს 7 დეკემბრის 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) დაემატა ინგლისში გამომგზავრებამდე 48 საათით ადრე PCR ტესტის, ან სწრაფი ტესტის (Lateral Flow Test) გაკეთება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამასთან, სრულად ვაქცინირებული პირების შემთხვევაში კვლავ სავალდებულოა: ინგლისში ჩამოსვლამდე PCR ტესტის დაჯავშნა და ფორმა ლოკატორის (Locator Form) შევსება; ინგლისში ჩამოსვლის შემდეგ არაუგვიანეს მე-2 დღის ბოლომდე, PCR ტესტის გაკეთება და უარყოფითი პასუხის მიღებამდე თვითიზოლაცია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჩამოსვლის დღე ითვლება 0 დღედ; არავაქცინირებული (ერთი ვაქცინის დოზა) პირებისთვის იგივე წესები მოქმედებს.

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBCავრცელებს. ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანი სემერუ ამოიფრქვა. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ვულკანთან ახლოს მდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს. ამ ეტაპზე, მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გარდა ამისა, ადგილობრივმა სააგენტოებმა ავიაკომპანიები გააფრთხილეს, რომ ვულკანიდან ამოფრქვეულმა ფერფლის ღრუბელმა შესაძლოა, 15 ათას მეტრს მიაღწიოს.

თურქეთის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, რადგან ის ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ლირა რეკორდულად გაუფასურებას, ინფლაციის მაჩვენებელი კი მკვეთრად ზრდას განაგრძობს. ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13.73 თურქულ ლირას შეადგენს, ქვეყანაში ინფლაციის დონე კი 20%-იან ნიშნულს აღწევს. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დოლარის კურსი 7.98 ლირას შეადგენდა. მიუხედავად ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა, ერდოღანი ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის წინააღმდეგია. Reuters-ის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის, ლუთფი ელვანის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი მისი ერდოღანთან უთანხმოება იყო, ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის მსგავსად, ევანიც ინფლაციის გასაკონტროლებლად საპროცენტო განაკვეთის ზრდას უჭერდა მხარს. ამასთან, ნოემბერში ერდოღანმა პირობა დადო, რომ მიუხედავად მაღალი ინფლაციის დონისა, ის ყველანაირად შეეცდებოდა ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. სწორედ ამ მიზნით მან ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნურედინ ნებათი დაინიშნა, რომელიც ერდოღანის მოსაზრებებს იზიარებს.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი 2022 წლის პირველ კვირებში უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება

რუსეთი 2022 წლის პირველ კვირებში უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. ამის შესახებ ამერიკულ დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Associated Press-ი წერს. დაზვერვის ინფორმაციით, საბრძოლო ქმედებებში 175 ათასამდე რუსი სამხედრო შეიძლება იყოს ჩართული, რომელთა ნახევარი უკვე უკრაინის საზღვრებთან იმყოფება. არსებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში რუსეთი უკრაინის საზღვართან კიდევ 100 ბატალიონური ტაქტიკური ჯგუფის, ჯავშანტექნკის, არტილერიისა და სხვა ტექნიკის გადასროლას გეგმავს. ამასთან, პირველ დეკემბერს, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებები დაგეგმა. 2 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება.

მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 265 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 265 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, ვირუსს დღემდე მსოფლიოში 5.25 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 49.8 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.6 მილიონზე მეტი შემთხვევით.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ​მედიის ცნობით, პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ამასთან, მედია იტყობინება, რომ პრეზიდენტებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებული მოვლენები, ასევე ლიბისათან, სირიასთან და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ნორვეგიაში „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევების გამო ახალი შეზღუდვები დაწესდება

ნორვეგიაში „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევების გამო ახალი შეზღუდვები დაწესდება. ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საშობაო წვეულებაზე 120 ადამიანი დაინფიცირდა. ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ მათი უმრავლესობა „ომიკრონის“ შტამითაა ინფიცირებული. „ომიკრონის“ გავრცელების გამო, ორშაბათიდან ოსლოსა და მის შემოგარენში მოქალაქეებს კვლავ დისტანციურად მოუწევთ მუშაობა. დახურულ შენობებში წვეულებებზე დასწრება მხოლოდ 100 სტუმარს შეეძლება. რესტორნებსა და ბარებს მომხმარებელთა რეგისტრაცია მოუწევთ. ამასთან, ნორვეგიის მთავრობამ ასევე გასცა რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადეები ატარონ.