უცხოეთი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მასშტაბით კვლავ კოვიდ შეზღუდვებს აანონსებს

„ჩვენი დაცვის კედლები უნდა ავწიოთ“, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კრომ განაცხადა და აღნიშნა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდის გამო, სხადასხვა სახის შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება. წინასწარი ინფორმაციით, ქვეყანაში 29 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება, ასევე მოსახლეობამ პირბადეები უნდა ატარონ კაფეების, რესტორნებში. ცნობისთვის, ბელგიაში, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ბოლო კვირის განმავლობაში 75%-ით გაიზარდა.

სტიქია იტალიაში: წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს ისევ ეძებენ

იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ კატანიას ძლიერი შტორმის გამო სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა. მათგან ერთი კაცი ავტომობილის ქვეშ იპოვეს. მაშველები კვლავ ეძებენ მის 54 წლის მეუღლეს, რომელიც კვირას, ასევე კატანიასთან ახლოს, ქალაქ სკორდიაში წყალმა წაიღო. უშუქობის გამო სახლები და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, სკოლები კი ქალაქსა და მიმდებარე ქალაქებში დაკეტილია. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია. „რამდენჯერმე მოგვიწია უკან დაბრუნება და ალტერნატიული მარშრუტების პოვნა, როცა ქუჩები მდინარეებად და ტბებად გადაიქცა. ზოგიერთი სანიაღვრე სისტემა კვლავ გადაფარულია ახლომდებარე ეტნას ვულკანური ფერფლით, რომელიც წელს 52-ჯერ ამოიფრქვა. რაც შეიძლებოდა, მალე დავბრუნდი სახლში, ვნერვიულობდი ჩემს საყვარელ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობდნენ კატანიის ცენტრში. ვიცი, რომ ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა უსაფრთხოდ დარჩენა სამუშაო ადგილზე, სამუშაო საათების შემდეგაც კი, დაელოდა ქარიშხლის გავლას“, - იხსენებს Reuters-თან ადგილობრივი მცხოვრები. BBC-ის ცნობით, რამდენიმე დღეა, რაც კუნძულზე სტიქიურ უბედურებას აქტიურად ებრძვიან. იტალიის მთავრობა მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სიტუაცია ძალიან რთულია ქალაქ კატანიაში, წყალდიდობამ საავტომობილო გზები და სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა. კატანიაში ყველა ბიზნეს ობიექტი დაიხურა, გარდა ძირითადი სერვისებისა, ზომა 27 ოქტომბრის შუადღემდე მოქმედებს. „მოვუწოდებ მოსახლეობას, გადაუდებელი მიზეზების გარდა, სახლიდან არ გავიდნენ, რადგან გზები წყალმა გადაფარა“, - წერს ქალაქის მერი სალვო პოგლიესი. იტალიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება მთელი კვირის განმავლობაში, ხუთშაბათსა და პარასკევს კი უფრო ძლიერ წვიმას და წყალდიდობას პროგნოზირებენ.

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 2.9 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 2.9 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 413 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 4%-ით, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. "ევროპის რეგიონში უკვე მეოთხე კვირაა დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ამ კვირაში 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით აფრიკის რეგიონში შემცირდა, დაახლოებით 21%-ით, მას მოჰყვება დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონი 17%-იანი კლების მაჩვენებლით", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კოვიდ-19-ის სიტუაციის ანალიზი დადებითი არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი ჩანს, კოვიდ-19-ის კრიზი ჯერ არ დასრულდება. მათივე ცნობით, არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზი დადებითი არ არის. „მიუხედავად იმისა, რომ პროგრესს მივაღწიეთ ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენების გაზრდის გზით, არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზირები იმაზე მიუთითებს, რომ პანდემია დასრულებისგან შორს არის“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებაში.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინით აცრას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინით აცრას მხარი დაუჭირეს. როგორც ცნობილი გახდა, გადაწყვეტილებას მხარი კომიტეტის 17 წევრმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მიზანია აშშ-ში რაც შეიძლება მალე აიცრას 5-დან 11 წლამდე ასაკის 28 მილიონი ბავშვი, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს. ამასთან, „ფაიზერმა“ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) საკუთარი ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების მიზნით დამტკიცების თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა.

ნიგერიაში, მეჩეთში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 16 ადამიანი მოკლეს

ნიგერიაში, მეჩეთში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 16 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ათობით შეიარაღებულმა პირმა მაშეგუს რაიონის სოფელ მაზა-კუკაში მდებარე მეჩეთი დაიკავა და ცეცხლი გახსნა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის რეგიონის მახლობლად, ქალაქ ფიზულში საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს. ამასთან, ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი 8 თვეში აშენდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი პრეზიდენტი გახდა, რომლის თვითმფრინავიც ამ აეროპორტში დაეშვა. აეროპორტს ერთი ასაფრენი ბილიკი აქვს და 200 მგზავრს მოემსახურება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტების სიაში შეიტანა. როგორც ცნობილია, ქალაქი ფიზული ბაქოს კონტროლქვეშ გადავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რეგიონში ომის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ასევე წაიკითხეთ: ბაქომ ფიზულიში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო ექსკლუზიურად Europetime-სთვის - ექსკლუზიური რეპორტაჟი ყარაბაღიდან ყარაბაღში ბოლო საბრძოლო მოქმედებები ერთი წლის წინათ, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა. 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. ხანქენდი, რომელსაც სომხებმა სტეფანაკერტი უწოდეს და მთინი ყარაბაღის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა, აზერბაიჯანის ფაქტობრივი კონტროლის მიღმაა. მის შესასვლელებს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ, რომელთაც სამშვიდობოების სტატუსი აქვთ.

რუსეთში ჯამში, ვირუსს 232 775 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 36 446 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 316 019-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. რუსეთში, ბოლო 24 საათში, ვირუსს კიდევ 1106 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ქვეყანაში ჯამში, ვირუსს 232 775 ადამიანი ემსხვერპლა.

ერდოღანი დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩზე: მჯერა, განცხადებების დროს უფრო ფრთხილები იქნებიან

"მჯერა, რომ ეს ელჩები თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებულ განცხადებებში უფრო ფრთხილი იქნებიან", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 დასავლელ დიპლომატთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა ქვეყნიდან გაძევებას დაპატიმრებული ბიზნესმენის გათავისუფლების მოწოდების გამო აპირებდა. როგორც თურქეთის პირველმა პირმა აღნიშნა, კრიზისის შექმნა ქვეყნის ინტერესებში არ შედის. "კრიზისის შექმნა არასდროსაა ჩვენი მიზანი. ჩვენი ქვეყნის უფლებების, სამართლის, ღირსებისა და სუვერენიტეტის დაცვა გვსურს. საელჩოების დღევანდელი განცხადებით, მათ უკან გადადგეს ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისა და ერის ცილისწამებისგან. მჯერა, რომ ეს ელჩები თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებულ განცხადებებში უფრო ფრთხილად იქნებიან", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. გუშინ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი მიესალმა დასავლეთის ქვეყნების რამდენიმე საელჩოს, მათ შორის შეერთებული შტატების განცხადებას დადებითად შეხვდა, რომლის მიხედვითაც ისინი დიპლომატიურ კონვენციას იცავენ და მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევიან. ამასთან, განცხადებები გაკეთდა თითქმის ერთდროულად, როდესაც ერდოღანი შევიდა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რათა განეხილათ 10 ელჩის გაძევების საკითხი, ეს იქნებოდა ნაბიჯი, რომელიც გახსნიდა თურქეთის ღრმა დიპლომატიურ უთანხმოებას დასავლეთთან ბოლო 19 წლის განმავლობაში. „შეერთებული შტატები აღნიშნავს, რომ იცავს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს”, - ვკითხულობდით აშშ-ის საელჩოს Twitter-ზე. ექსკლუზივი: მეთიუ ბრაიზა: ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებაზე მიუთითებს აშშ ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხზე თურქეთისგან განმარტებებს ითხოვს

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ Moderna-ს ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა

„მოდერნას“ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის აცრის რეკომენდაცია ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უკვე გასცა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, მესამე დოზით აცრა მეორე დოზის მიღებიდან 6-8 თვეში უნდა მოხდეს. „ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მედიკამენტების კომიტეტმა დაასკვნა, რომ Spikevax-ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის მიღება შეიძლება განიხილებოდეს 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში", - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

ჩინეთი 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას აანონსებს

ჩინეთში 3 წლის ასაკიდან ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამასთან, ადგილობრივმა მთავრობამ 5 პროვინციაში უკვე გამოაცხადა, რომ 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს ვაქცინაციას ჩაუტარებენ. როგორც ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიამ განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ოთხი განსუში, სადაც დღეიდან ყველა ტურისტული ადგილი დაიხურა.

ჯო ბაიდენმა საერთაშორისო სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განკარგულებას საერთაშორისო სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის შესახებ ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ აცრილი უცხოელი მოგზაურებისთვის შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან მოხსნის. თეთრმა სახლმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყველა ქვეყნიდან ჩასული მგზავრისთვის ვაქცინაცია მოთხოვნა იქნება. სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ. მგზავრებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის მტკიცებულება და აჩვენონ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი. უცხოელ ვიზიტორებს, რომლებიც გადაკვეთენ სახმელეთო საზღვარს, არ სჭირდებათ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. მგზავრები აცრილი უნდა იყვნენ ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს, ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინით. „სრულად აცრილი მოგზაურები ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაინფიცირდნენ და გაავრცელონ SARS-CoV-2 და ახლა უკვე შეუძლიათ, დაბალი რისკის ქვეშ იმოგზაურონ შეერთებულ შტატებში. ნიღბის ტარება საჭიროა თვითმფრინავებში, ავტობუსებში, მატარებლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აეროპორტებსა და სადგურებში. მოგზაურებს არ მოეთხოვებათ ნიღბის ტარება სატრანსპორტო საშუალების გარე პერიმეტრზე (მაგალითად, ბორანის ღია გემბანზე ან ავტობუსის ზედა ღია გემბანზე). სრულად აცრილ ავიამგზავრებს, რომლებიც ჩამოდიან შეერთებულ შტატებში საზღვარგარეთიდან, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს, კვლავ მოეთხოვებათ, ჰქონდეთ SARS-CoV-2 ვირუსული ტესტის უარყოფითი პასუხი ან COVID19-სგან გამოჯანმრთელების დოკუმენტაცია. შეერთებული შტატები ჩასულ საერთაშორისო მოგზაურებს კვლავ ურჩევს, გაიკეთონ კოვიდტესტი მოგზაურობიდან 3-5 დღის შემდეგ, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა. სრულად აცრილ მოგზაურებს არ სჭირდებათ თვითიზოლაცია შეერთებულ შტატებში საერთაშორისო მოგზაურობის შემდეგ“, - წერს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. შეგახსენებთ, Washington Post-ი წერდა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს გარდა, შესაძლოა, ჩინური Sinovac-ი და Sinopharm-იც იყოს მისაღები ვაქცინა შეერთებულ შტატებში. თუმცა Europetime-მა CDC-ის განახლებულ სახელმძღვანელოს გადახედა, რომელშიც ჯერჯერობით, შემდეგი მითითებაა წარმოდგენილი: ადამიანები განიხილებიან სრულად ვაქცინირებულად: Pfizer-BioNTech-ის ან Moderna-ს მეორე დოზის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ, ან Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრები მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წელიწადნახევრით იყო ჩაკეტილი. აშშ-ს საქართველო, წითელ, მეოთხე დონის კატეგორიაში, რისკის ზონაში ჰყავს შეყვანილი. „მოერიდეთ ამ მიმართულებებით მოგზაურობას. თუ თქვენ უნდა იმოგზაუროთ ამ მიმართულებებით, დარწმუნდით, რომ სრულად ხართ აცრილი მოგზაურობამდე“, - აღნიშნულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებაში ქვეყნების შესახებ, რომელთა სიაში საქართველოც არის. ცნობისთვის, თუ საქართველოს მოქალაქე უკვე აცრილია ორი დოზა Sinopharm-ით ან Sinovac-ით და მისთვის სასურველი ქვეყანა არ აღიარებს ამ კონკრეტულ ვაქცინას, შეუძლია, დამატებით აიცრას, მაგალითად, Pfizer-ით.

სუდანში ჯარისკაცებსა და ქუჩის მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"სუდანში ჯარისკაცებსა და ქუჩის მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, სუდანში განვითარებულ მოვლენებს "თვალს დიდი შეშფოთებით ადევნებს". „ევროკავშირი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს და რეგიონალურ პარტნიორს, გარდამავალი პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნონ“, - ვკითხულობთ ბორელის განცხადებაში. ამასთან, სუდანში სამხედროებმა გარდამავალ მთავრობას ძალაუფლება წაართვეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭო სუდანის საკითხზე დღეს, დახურულ კარს მიღმა იმსჯელებს.

მარკ ცუკერბერგი: „ფეისბუქის“ შესახებ ცრუ სურათის შესაქმნელად კოორდინირებულად მუშაობენ

კომპანია „ფეისბუქის“ დამფუძნებელის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, „ფეისბუქის“ შესახებ ცრუ სურათის შესაქმნელად კოორდინირებულად მუშაობენ. ამის შესახებ ცუკერბერგი სოციალურ ქსელში წერს. ცუკერბერგი მსხვილი ორგანიზაციების შემოწმების აუცილებლობას ეთანხმება. „მსურს, განვიხილო ჩვენი კომპანიის გარშემო ბოლო დებატები. მჯერა, რომ მსხვილი ორგანიზაციები უნდა შემოწმდეს და მე ვისურვებდი, რომ მეცხოვრა ისეთს საზოგადოებაში, სადაც ეს ხდება. კეთილსინდისიერი კრიტიკა გვეხმარება, რომ გავხდეთ უკეთესები. თუმცა, არის გაჟონილი დოკუმენტების შერჩევითად გამოყენების კოორდინირებული ძალისხმევა ჩვენი კომპანიის შესახებ ცრუ სურათის შესაქმნელად“, - წერს ცუკერბერგი.

ავღანელი მინისტრი გერმანიაში პიცის დამტარებლად მუშაობს

ეს მამაკაცი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ 50 წლის აჰმად შაჰ სადაათია. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ის შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, ძვირადღირებული მანქანითა და პირადი დაცვით გადაადგილდებოდა ქაბულის ქუჩებში. ახლა ნარინჯისფერი სპეციალური ტანსაცმლითა და ველოსიპედით ლაიფციგის ქუჩებში დადის და კლიენტის გამოძახებული პიცა დანიშნულების ადგილზე დროულად მიაქვს. ამ სამსახურში აჰმადს საათში 15 ევროს უხდიან. ჯერჯერობით გერმანული ენა არ იცის, მაგრამ ამბობს, რომ სწავლობს. სადაათი თითქმის ერთი წელიწადია, ლაიფციგში პატარა ბინაში ცხოვრობს, რომელიც 400 ევროდ აქვს ნაქირავები. ის ერთ-ერთია იმ ავღანელებიდან, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაექცა ქვეყნიდან ტერორისტებს. "მე აქ თავს დაცულად ვგრძნობ, მდიდარი ადამიანი აღარ ვარ, მაგრამ მსიამოვნებს ეს სამსახური და ეს ფული საკმარისია იმისათვის, რომ ვიცხოვრო” - ამბობს სადაათი. 50 წლის მამაკაცი, რომელიც ავღანეთში დაიბადა, ჯერ კიდევ წლების წინ მშობლებთან და შვიდ ძმასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. ბრიტანეთში ელექტროტექნიკის შესწავლის შემდეგ მობილური კომუნიკაციების ინდუსტრიაში მუშაობდა. 2016 წელს სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მაშინდელმა მმართველმა კარგი განათლების მქონე თანამემამულეს კომუნიკაციების მინისტრის პოსტი შესთავაზა. "მე იქ გაცილებით ნაკლები გამოვიმუშავებდი, მაგრამ მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის მემსახურა", - განმარტავს სადაათი. მინისტრს ორი წლის წინ კოსმოსში თანამგზავრის გაშვებაც კი სურდა… ყოფილი პოლიტიკოსი მსოფლიოს სთხოვს, რომ გააგრძელონ მისი სამშობლოს დახმარება: ”მსოფლიო ახლა ავღანელი ხალხის გვერდით უნდა იყოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ არსებული პრობლემები ასევე იქცევა ჩვენ პრობლემად, აქ, გერმანიაში. ” - ამბობს აჰმად შაჰ სადაათი.

სტოლტენბერგმა NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავდაცვითი ხარჯების გაზრდა გააგრძელონ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავდაცვითი ხარჯების გაზრდა გააგრძელონ. ამის შესახებ მან ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. სტოლტენბერგმა ქვეყნებს ალიანსის წევრ მოუწოდა ინვესტიციები ჩადონ თანამედროვე შესაძლებლობებში და გააძლიერონ შეიარაღებული ძალების მზადყოფნა გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, როგორიცაა რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმი და ჩინეთის აღზევება. „ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა უზრუნველყვეს ის, რომ ჯანდაცვის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისად არ იქცა, თუმცა ჩვენი დემოკრატია, ჩვენი ღირებულებები და წესებზე დაფუძნებული წესრიგი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომაც, მზად უნდა ვიყოთ მომავალი პრობლემების წინაშე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან თანამშრომლობას მოუთმენლად ელოდება, რადგან აშშ და ევროპა უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, როდესაც ერთად დგანან.

29 იანვრიდან პორტუგალია ბრაზილიასთან ფრენებს აჩერებს

კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 29 იანვრიდან, პორტუგალია ბრაზილიასთან ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას, პორტუგალიის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს. „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ფრენები ბრაზილიიდან და ბრაზილიის მიმართულებით პორტუგალიაში SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდისა და ვირუსის ახალი სახეობების გამოვლენის გამო“, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიასთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, სულ მცირე, 14 თებერვლამდე დარჩება ძალაში. შეზღუდვა ყველა კომერციულ და კერძო ფრენას ეხება, გამონაკლისია ჰუმანიტარული მიზნის მქონე ფრენები. 14 თებერვლამდე გახანგრძლივდა ფრენების აკრძალვა პორტუგალიასა და დიდ ბრიტანეთს შორისაც.

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ რესპუბლიკური პარტია 30 000-ზე მეტმა წევრმა დატოვა

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ რესპუბლიკური პარტია 30 000-ზე მეტმა წევრმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, იმ შტატებში, რომლებიც ამომრჩეველთა მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმას აფიქსირებენ, რესპუბლიკური პარტიის რიგები 30 000-მა ადამიანმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე იყოს, ვინაიდან შტატების ნაწილი ამ მონაცემებს არ ასაჯაროებს. The Hill-ის ინფორმაციით, პარტიის წევრთა ასეთი გადინება გამოწვეულია საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მარცხით და კონგრესის ორივე პალატაზე დემოკრატების მიერ კონტროლის მოპოვებით. შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.

მედია: მოსკოვში ალექსეი ნავალნის ძმა და მისი თანამოაზრეები დააკავეს

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ძმა და მისი თანამოაზრეები დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა ალექსეი ნავალნის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. დაკავებულები 23 იანვრის აქციაზე სანიტარული და ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი. დაკავებულთა შორისაა ლუბოვ სობოლი, რომელიც თავდაპირველად პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით წაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათით დარჩებიან. პოლიციელებმა ნავალნის 20-მდე თანამოაზრის სახლიც გაჩხრიკეს. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხე შექმნეს და ამასთან, აქციაში კოვიდინფიცირებულებიც მონაწილეობდნენ. სამინისტროს განმარტებით, აქციის ზოგიერთი მონაწილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ორ რუს ჩოგბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

ორ რუს ჩოგბურთელს სოფია დმიტრიევას და ალია მერდეევას სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. როგორც ცნობილია, რუსი ჩოგბურთელები შეჯიბრებებში ვეღარასოდეს მიიღებენ მონაწილეობას, ვერც სპორტსმენის და ვერც მწვრთნელის რანგში. ჩოგბურთში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სტრუქტურის -Tennis Integrity Unit-ის ინფორმაციით, სამუდამო დისკვალიფიკაციის მიზეზი ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის მიღებაა. გავრცელებული ინფორმაციით, მერდეევა - ორ უკანონო გარიგებაში მონაწილეობდა. ორივე შემთხვევაში დმიტრიევასთან ერთად გავიდა კორტზე, წყვილთა შორის. თავად დმიტრიევას კი ექვს გარიგებულ შეხვედრაში მონაწილეობაზე ედავებიან. ამასთან, მის ბრალდებას დაემატა ისიც, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.