პოლიტიკა

რა საკითხები განიხილა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დავით ზალკანიანთან შეხვედრაზე

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე წერს. როგორც ირკვევა, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. „დღეს შევხდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. გავცვალეთ მოსაზრებები, რათა წინ წავიწიოთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება“, - წერს ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე.

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაშია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს არაერთი პროფილის პერსონალი და არაერთი კონკრეტული ექიმი, მათ შორის სხვადასხვა ბრიგადიდან მივლენილი. მდინარაძის თქმით, ჯერჯერობით ვერცერთმა ადამიანმა ვერ გასცა კითხვაზე პასუხი, რა საჭიროება არსებობს დღეს სამედიცინო თვალსაზრისით, რა სერვისის გაწევის საჭიროებაა, რის გამოც უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში. „გვესმის მოწოდებები, რომ მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანეთ, ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში. ასევე - რომ გადაიყვანეთ საავადმყოფოში, ის არის საავადმყოფოში. ისე ხმოვანდება მათი „ფეიკ“ მესიჯები თითქოს ის არ არის საავადმყოფოში. კატე სჭირდება? - არის. შესაძლოა, დასჭირდეს და შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც დასჭირდეს, ამაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის იღებს მკურნალი ექიმი ან ორგანო. ექიმები და პირადი ექიმი არის იქ და მაინცდამაინც კონსილიუმი არ არის საჭირო. როგორც ვიცი კონსილიუმი დასჭირდა იმიტომ, რომ ის იყო ციხის ისეთ დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამედიცინო, დღეს ის არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში. 13 ნოემბერს, მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ის ლოგინიდან ვერ დგება. ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს. აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილზე: არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა მედიცინის სფეროს წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ

ზუგდიდში საკრებულოს ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო

ზუგდიდში, ახლად არჩეული საკრებულოს ხუთმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მაია კალანდიამ, ირაკლი სორდიამ, ხათუნა შამუგიამ, დარიკო არქანიმა და მალხაზ ჯალაღონიამ სამოქალაქო საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოითხოვეს. დღესვე შიმშილობა რუსთავის საკრებულოს 6-მა დეპუტატმა დაიწყო. ანალოგიური მოთხოვნით, 14 ნოემბერს, შიმშილობა 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გამოაცხადა. იმავე დღეს, პროტესტის ამავე ფორმას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გია ბარამიძემ მიმართა. მე-14 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში ასევე შიმშილობს ელენე ხოშტარია. ამასთან, 13 ნოემბერს, „გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა, იმედა კლიდაშვილმა სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში. ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს.

ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ევროდეპუტატების დაინტერესების საგანს ამჯერად საქართველოში სახალხო დამცველის აპარატის როლი წარმოადგენს. ,,ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის ოფისის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი იმსახურებენ შექებას. თავდასხმები მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ყოველთვის შეშფოთებას იწვევს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის“ , - აღნიშნულია განცხადებაში. მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის გაცხადებებს ეცნობიან, მოვლენების განვითარებას მონიტორინგს უწევენ და ელიან, რომ მისი უფლებები დაცული იქნება. „ქალბატონი ნინო ლომჯარია, 2017 წლიდან, ძალისხმევას არ იშურებს და სამაგალითოდ ასრულებს თავის მოვალეობას ადამიანის უფლებების დასაცავად, კარგი მმართველობის შესანარჩუნებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად საქართველოში. სწორედ ეს პრინციპებია ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების ბირთვი. თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სასამართლოს დამოუკიდებლობას ეხება“, - აღნიშნულია განცხადებაში. წერილის ავტორები მხარს უჭერენ სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც მათი შეფასებით, საკუთარი მოვალეობების შესრულებით საქართველოს დასავლური გზის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათი თქმით, სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ნდობითაც სარგებლობს. ,,ეჭვგარეშეა, მათ უნდა აქებდნენ და არა აკრიტიკებდნენ საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულებისთვის“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები. კელი დეგნანი: სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს თეა წულუკიანი: სახალხო დამცველი არ არის თავისუფალი პოლიტიკისგან. კეთილშობილური საქციელია, რომ ჩვენ ვენდეთ ნინო ლომჯარიას ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი და იმავე დღის წესრიგი აქვთ

მიხეილ სააკაშვილი: გამარჯვება ახლოსაა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს. მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ თითქმის 3 დღეა, საწოლიდან ვერ დგება. „ჩემო თავდადებულო გმირო მეგობრებო, დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით. 3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, თქვენი შეძახილების განსაკუთრებით „საქართველო, საქართველო" გამგონე (რა თქმა უნდა, მადლობელი ვიყავი ჩემი სახელის სკანდირებაზეც), ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ. დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა. დიდება თავისუფლებას!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მისივე Facebook-ზე ვრცელდება. ამავე თემაზე: პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები: ლუკაშენკოს მთავრობამ ადამიანით ვაჭრობისთვის პასუხი უნდა აგოს

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელარუსი მიგრანტებს ევროკავშირთან საზღვრების დარღვევას აიძულებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობამ ადამიანით ვაჭრობისთვის პასუხი უნდა აგოს. განცხადების ავტორები გმობენ „ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის ინსტრუმენტალიზაციას“. ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერები, სურათები და სხვა მტკიცებულებები, კრიზისის გაღვივებაში ბელარუსის ოფიციალური პირების და რუსეთის მონაწილეობას ადასტურებს. თავის მხრივ, ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა აღნიშა, რომ NATO-მ უნდა შეცვალოს თავისი სტრატეგია და სამხედრო გეგმები. ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ევროკომისიას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილებები ევროკავშირის კანონმდებლობაში, რაც გულისხმობს თავშესაფრის მიღების შესაძლებლობის გამკაცრებას.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა

ედუარდ სააკაშვილი, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ესმის ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეების პრეტენზიები ექსპრეზიდენტის მიმართ, სჯეროდა, რომ მას ღირსეულად მოეპყრობოდნენ. ის მიიჩნევს, რომ რაც ახლა ხდება, გასცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებასაც და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად. „მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ახლაც მოგმართავთ, როგორც შვილი, შვილი, რომელიც ხედავს, რომ მამამისს ემუქრება საფრთხე. როდესაც მამაჩემი დააკავეს, მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მას შეუქმნიდნენ სათანადო პირობებს. მოექცეოდნენ ღირსეულად და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ვნახეთ ის, რაც ვნახეთ. მე პირადად დავრჩი გაოგნებული, ჯერ კლინიკაში არგადაყვანით, შემდეგ უკვე ღირსების შელახვით და იმ საზარელი კადრებით, რომელიც ალბათ, წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. მინდა მივმართო ხელისუფლების მომხრეებს, მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თავს ჰუმანისტად მიიჩნევს და ისიც მესმის, რომ გაქვთ სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ. გულწრფელად მინდა, რომ მოვიდეს დრო, როდესაც საზოგადოება ერთად, ობიექტურად, დაბალანსებულად შეაფასებს წარსულს. მაგრამ, ის რაც ახლა ხდება, გასცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად. სახეზეა, საუკეთესო შემთხვევაში, გულგრილობა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი განზრახ მკვლელობა. ხელისუფლებას შეუძლია, რამდენიმე მარტივი ნაბიჯით, გადაჭრას არსებული პრობლემა და მოხსნას ის საფრთხეები, რომელიც მამაჩემის ჯანმრთელობას ემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა ან აწყობს, ამიტომ ჩემი სახელით, ჩემი ძმის სახელით და დედაჩვენის სახელით გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში“, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მისივე Facebook გვერდზე გავრცელდა.

დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარებას ელის

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარებას ელის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში უნდა იყოს გაჟღერებული მკაფიო პოზიცია ჩვენს ევროპულ მისწრაფებასა და არჩევანთან დაკავშირებით, აღიარებული იყოს ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით. ჩვენი მოლოდინია ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირის პოზიციები რეგიონის უსაფრთხოების კუთხით იყოს მკაფიოდ დაფიქსირებული, ევროკავშირის როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში გამოკვეთილი, მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ასევე ის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა რაც არის განპირობებული დაკავშირებადობით, ასევე ჩვენი ფიზიკური ინტეგრაციით და სექტორული კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსა და მასთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისარ ვარჰეის მიერ წარმოდგენილი ევროკავშირის პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ინტეგრაციის პროცესებთან უნდა ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში და ეს იქნება მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთი დადასტურება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომ მიუხედავად პრობლემებისა გარკვეულ ქვეყნებთან მიმართებით, არიან ასოცირებული ქვეყნები, ასოცირებული ტრიო - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რომელთაც აქვთ დიდი პროგრესი და ამიტომ პრინციპი მეტი მეტისთვის იყოს უზრუნველყოფილი.

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამომავლო გეგმები დასახეს

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა, დმიტრო კულებამ და ნიკუ პოპესკუმ შეხვედრაზე მიმოიხილეს ასოცირებული ტრიოს სამომავლო გეგმები, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გათვალისწინებით და ხაზი გაუსვეს სამიტზე ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპული მისწრაფების აღიარების და პრინციპის მეტი-მეტისთვის გათვალისწინების მნიშვნელობას. მინისტრებმა ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის გააქტიურების, ასევე ევროკავშირთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო კოორდინაციის საკითებზე. საუბარი შეეხო კონკრეტულ ნაბიჯებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობის ასევე ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის დიალოგის შემდგომ განვითარებას, ისეთი პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა. ხაზი გაესვა ტრიოს ფარგლებში მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ორგანიზების მნიშვნელობას

დმიტრო კულება: უკრაინა აძლიერებს საზღვარს ბელარუსთან, კოორდინაციაში ვართ პოლონეთთან და ლიეტუვასთან

„უკრაინა ბელარუსთან საზღვარს აძლიერებს და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნილი, „მიგრანტების კრიზისის“ გათვალისწინებით, კოორდინაციაშია პოლონეთისა და ლიეტუვის ქმედებებთან“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გასულ კვირას, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უწყებების ლიდერები შეხვდნენ ქალაქ ლუცკში, ბელარუსის საზღვრიდან არც თუ ისე შორს, და მოიწვიეს პოლონეთისა და ლიეტუვის ელჩები, რადგან ჩვენ გვჭირდება კოლექტიური რეაგირება ბელარუსში არსებულ ვითარებაზე. დღეს ჩვენ ხელოვნურად შექმნილ კრიზისზე გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ ხვალ რა მოხდება, არ ვიცით. სამი ქვეყანა დღეს უნდა გაუმკლავდეს ამ კრიზისს და გვახსოვდეს, რომ ეს ამით არ დასრულდება, რუსეთი ხვალ რაღაც ახალს გააკეთებს. სამივე ქვეყანა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, უკრაინა ამჟამად აძლიერებს საზღვარს ბელარუსთან. „ჯერჯერობით არ გვინახავს მიგრანტების შემოდინება ჩვენს ქვეყანაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს კრიზისი ხელოვნურია, ეს მიზანმიმართულად ხდება პოლონეთისა და ლიეტუვის წინააღმდეგ, რათა მათი პროვოცირება მოახდინოს და საზოგადოებებში დათესოს უთანხმოება ამ კრიზისის მოსაგვარების გზებზე“, - განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, კრიზისი ივნისის ბოლოდან გრძელდება. ლიეტუვა, პოლონეთი და ლატვია ბელარუსს მიგრანტებზე მიზანმიმართულ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი ბელარუსს ასევე ადანაშაულებენ ამ ქვეყნებსა და მთლიანად ევროკავშირზე „ჰიბრიდულ თავდასხმაში“. ევროკავშირი საზღვარზე არსებული ვითარების გამო, ბელარუსისთვის სანქციების მეხუთე პაკეტს ამზადებს. შეგახსენებთ, 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსი „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა. ბელარუსს რუსეთი მხარს უჭერს. 10 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა Ту-22М3-ის კლასის ბომბდამშენებმა საჰაერო პატრულირება ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაიწყეს. Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, NATO-ს ოფიციალური პირი მიგრანტთა ხელოვნურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბელარუსს აკისრებს. NATO-ს შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება უკანონო, მიუღებელი და არაჰუმანურია. „NATO-ს ელჩებმა ამ კვირაში განიხილეს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება. NATO-ს მოკავშირეები პოლონეთის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ. ალიანსი ასევე დგას სხვა მოკავშირეების გვერდით, რომლებზეც გავლენა მოახდინა ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციამ. ბელარუსს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების, როგორც „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანური, უკანონო და მიუღებელია. NATO სიტუაციის ახლოდან მონიტორინგს განაგრძობს. გენერალური მდივანი ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია მოკავშირე მთავრობებთან. NATO მზადაა, შემდგომი დახმარება გაუწიოს ჩვენს მოკავშირეებს და განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: ჩვენი შეშფოთება რუსეთსა და ბელარუსს გავაცანით

დმიტრო კულება: უკრაინამ და NATO-მ რუსეთის შესაკავებლად და უარესი სცენარის თავიდან ასაცილებლად კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზად უნდა იყოს რუსეთის ყველა სცენარისთვის. დმიტრო კულებამ ხაზი გაუსვა კოორდინირებული ქმედებების მნიშვნელობას. „რთული სათქმელია, რა იქნება რუსეთის სცენარი. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა, უკრაინმა და NATO-ს მოკავშირეებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ რუსეთის შესაკავებლად და უარესი სცენარის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა კულებამ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ამავე თემაზე: იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან, მეზობლების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების სურვილი უკვე ვნახეთ

დავით ზალკალიანი: რიგის სამიტზე უკრაინასთან ერთად საქართველოს მიწვევა პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა

"რიგის სამიტზე უკრაინასთან ერთად საქართველოს მიწვევა იმ ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა, რომელიც საქართველოსა და უკრაინას, როგორც ასპირანტ ქვეყნებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე გააჩნიათ", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, მანამდე, კერძოდ, 2018 წელს, NATO-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა მოკავშირეთა შეხვედრაში სახელმწიფო მეთაურების და მთავრობის დონეზე, რომელიც ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატში გაიმართა. ამის შემდგომ, საქართველო და უკრაინა სხვა მინისტერიალებზეც მიიწვიეს ერთობლივად. „რაც შეეხება დეკემბერში საქართველოს მინისტერიალზე მიწვევას, ეს არის ძალიან პოზიტიური და სერიოზული გზავნილი ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან" - აღნიშნა ზალკალიანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ რიგის მინისტერიალზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს საქართველოს ინიციატივებს, მათ შორის, არსებით ღონისძიებათა განახლებულ პაკეტს, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში NATO საქართველოს თანამშრომლობასა და სხვა პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერებას. ვიცე-პრემიერის თქმით, ურთიერთქმედების ის მტკიცე მექანიზმები, რომლებიც NATO-სა და საქართველოს შორის არსებობს, ქვეყანას საბოლოო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან მიიყვანს.

კულებამ NATO-ს მოუწოდა, შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ალიანსის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევა შავ ზღვაში უაღრესად დროული და სასარგებლო იქნება“. „უნდა გვახსოვდეს ძალიან დაძაბული და საშიში ვითარება შავი ზღვის რეგიონში. მოვუწოდებ ალიანსის წევრებს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კუთხით. ალიანსის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევა შავ ზღვაში უაღრესად დროული და სასარგებლო იქნება“, - განაცხადა კულებამ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: სიტუაცია საქართველოში შეუმჩნეველი ვერ დარჩება. ეს დებატების საგანი იქნება

„სიტუაცია საქართველოში შეუმჩნეველი ვერ დარჩება, ეს დებატების საგანი იქნება“, - განუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში. ამასთან, ლანდსბერგისმა ასოცირების ფორმატს, რომელშიც გაერთიანებულები არიან, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, მნიშვნელოვანი გზა უწოდა ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად, თუმცა აღნიშნა, რომ ფორმატის შიგნით ვხედავთ განსხვავებებს, რაც ასევე უნდა აღინიშნოს. „სიტუაცია საქართველოში შეუმჩნეველი ვერ დარჩება - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მთავრობის რეაქცია მისთვის დახმარების აღმოჩენის მიმართულებით, დებატების საგანი იქნება”, - განაცხადა ლანდსბერგისმა. შეგახსენებთ, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში დღეს იმართება. ცნობისთვის, მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში. იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანეს. ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს. 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნოთ, პარლამენტში შიმშილობა 14 ნოემბერს დაიწყო. მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. შიმშილობა 14 ნოემბერს ასევე გამოაცხადა გიორგი ბარამიძე. შიმშილობს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი იმედა კლდიაშვილიც. 13 ნოემბერს, სააკაშვილის პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ის ლოგინიდან ვერ დგება. სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან, მეზობლების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების სურვილი უკვე ვნახეთ

NATO რუსეთს მოუწოდებს, გამჭვირვალე იყოს სამხედრო აქტივობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების უჩვეულო კონცენტრაციას ვხედავთ. ჩვენ, რუსეთის მხრიდან მეზობლების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალის გამოყენების დემონსტრირების სურვილი უკვე ვიხილეთ. რუსეთს მოვუწოდებთ, გამჭვირვალე იყოს სამხედრო აქტივობასთან დაკავშირებით, შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს ესკალაცია. ეს მკაფიო გზავნილია NATO-ს ყველა მოკავშირისგან და ეს საკითხი განვიხილეთ დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა ასევე უპასუხა შეკითხვას შავი ზღვის რეგიონში NATO-ს ყოფნაზე. NATO-ს შავი ზღვის რეგიონში წარმოდგენილია ნაწილობრივ იმიტომ, რომ შავი ზღვის სამი სახელმწიფო NATO-ს წევრია. გარდა ამისა, შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ორი ახლო პარტნიორია საქართველო და უკრაინა. შავი ზღვის რეგიონში ვმოქმედებთ და წარმომადგენლობა გვაქვს. თუმცა, ეს რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

კახა კუჭავა: ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა მთხოვა, სააკაშვილის გადაყვანაზე მეშუამდგომლა

"რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა მთხოვა, პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა სააკაშვილის გადაყვანაზე და გორის ჰოსპიტალზეც იყვნენ თანახმა. ზუსტად მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და შემდეგ ოსებზე გადაცემასო", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ტრაგედიაა, როდესაც ფაქტებით მანიპულირება ხდება. „მდგომარეობა რაც არის შექმნილი, ნამდვილად საჭიროებს სწორ ანალიზს და სწორ პასუხებს. ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროა განცხადებები, მათ შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან, არა მხოლოდ ექიმებისგან. ერთი დღე იყო ძალიან მძიმედ, ცუდად, ვერ დადიოდა, რამდენიმე საათში გახდა კარგად, რადგან სასამართლოზე უნდოდათ მონაწილეობის მიღება. სიმართლე სადაა ვეღარ გავიგე. აი, ესაა რეალური ტრაგედია. ასევე ტრაგედიაა, როდესაც მანიპულირება ხდება ფაქტებით. სამწუხაროდ, საერთოდ დაკარგულია გულწრფელობა, როდესაც მით უმეტეს ჩემთან მოდიან, მთხოვენ დახმარებას. მაგალითისთვის, როდესაც მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს, პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა გადაყვანაზე და გორის ჰოსპიტალზეც იყვნენ თანახმა, ზუსტად მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და შემდეგ ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ცდილობენ ამავე საკითხებით მანიპულირებას და წინსწრებით, გარკვეული სპეკულაციებით უფრო დაძაბონ მდგომარეობა. ფაქტი ერთია, არიან ექიმები, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და არა პოლიტიკოსებმა. ერთია, გვინდა საკითხის მოგვარება, მეორეა, ყველა მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ გულწრფელები იყოთ, როდესაც ცდილობთ, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულწილად მივიღო გადაწყვეტილება, ვიშუამდგომლო“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ აქციის პარალელურად პოლიციის მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის პარალელურად პოლიციის მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება. ამის შესახებ სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „პოლიცია აქ არის იმისთვის, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. შსს-მ გააკეთა განცხადება ამ ყველაფრის თაობაზე და ყველას განუმარტა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონი. ამასთან განუმარტა ისიც, თუ რა არის სამართალდარღვევა და რა არ არის. სწორედ ამისთვისაა აქ პოლიცია და პოლიცია სამართალდარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ, შესაბამის, მყისიერ ზომებს მიიღებს. არავის მივცემთ შესაძლებლობას მოახდინოს ქალაქის პარალიზება და კოლაფსი“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ. ცნობისთვის, შს მინისტრის მოადგილის, ლექასანდრე დარახველიძის განცხადებით, თუკი ხელოვნურად მოხდება გზის გადაკვეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებული იქნება ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსმა წევრმა შიმშილობა დაიწყო

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსმა წევრმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ფრაქციის წევრმა ჯუბა მგელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შიმშილობა გაგრძელდება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. „აქციას ფრაქციის ოთახში მოვაწყობთ“, თქვა მგელაძემ. ორი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავის საკრებულოში 16 მანდატი მოიპოვა, თუმცა საკრებულოს უფლებამოსილება ჯერ არ არის ცნობილი. სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ათმა პარლამენტარმა. მანამდე აქცია დაიწყო პარლამენტარმა ელენე ხოშტარიამ. ის მე-13 დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.განსხვავებულია სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და მისი თანაპარტიელის, ეკა ხერხეულიძის მიერ გავრცელებული ცნობები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება და ციხეში, სადაც იმყოფება, ვერ იღებს იმ სამედიცინო სერვისს, რომელიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.

NATO-მ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია

NATO-მ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 30 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მადლობას გიხდით NATO-ს მოკავშირეების გადაწყვეტილებისთვის, რომ მე და ჩემი ქართველი კოლეგა რიგაში, NATO-ს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად მიგვიწვიეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შს მინისტრის მოადგილე: თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკვეტვა, პოლიციას აქვს უფლება, იმოქმედოს კანონის შესაბამისად

"თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკვეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებულია ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად" , - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექასანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად გეგმავს გზის გადაკეტვას. "ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, რომ ხელოვნურად გეგმავენ გზის გადაკეტვას და განზრახ დაბრკოლებების შექმნას ტრანსპორტისთვის. თუკი მონაწილეები არღვევენ კანონის მოთხოვნებს, პოლიციას აქვს უფლებამოსილება გამოიყენოს შესაბამისი მექანიზმები და სწორედ ამის თაობაზე იყო საუბარი, როცა შსს- მ გაავრცელა განცხადება. იმ შემთხვევაში, თუკი "ნაციონალური მოძრაობა" არ დაარღვევს კანონს და არ გასცდება შეკრებისა და მანიფესტაციის დაშვებულ იმ ფარგლებს, რაც არის განსაზღვრული კანონით, ბუნებრივია, მათ ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირს, აქვთ უფლება შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის. კანონში პირდაპირ ჩაწერილია, რომ თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკვეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებულია ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად, ეს არის პირდაპირ კანონში განსაზღვრული, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს არის მიღებული", - განაცხადა დარახველიძემ.