პოლიტიკა
კონოლის განცხადებით, NATO-მ უნდა განაგრძოს რუსული ოკუპაციის დაგმობა და მხარი დაუჭიროს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას
14 – 17 მაისს შვედეთის ორგანიზებით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ონლაინ ფორმატში იმართება. სესიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველ დღეს, სესიას სიტყვით მიმართა ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ, სადაც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა. "კონგრესმენის განცხადებით, NATO-მ უნდა განაგრძოს რუსული ოკუპაციის დაგმობა, მხარი დაუჭიროს ქართველ მეგობრებს, საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ მიესალმება მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს სრულად შეასრულონ მიღწეული შეთანხმება. მან ასევე ისაუბრა ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ს სამიტისგან საქართველოს და უკრაინას აქვთ დიდი მოლოდინი. გამოთქვა იმედი, რომ NATO-ს მოკავშირეების ლიდერები აღიარებენ საქართველოსა და უკრაინის პროგრესს, მიღწევებს და საბოლოოდ, ორივე ქვეყანა გახდება ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. დისკუსიის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრმა გიორგი ხელაშვილმა, ასამბლეის პრეზიდენტ დაუსვა კითხვა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის ალიანსის მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით პრაქტიკული ნაბიჯების შემუშავების შესახებ. ქართველი პარლამენტარის კითხვაზე პასუხად, კონგრესმენმა კონოლიმ განაცხადა, რომ იგი საქართველოს, უკრაინასა და ალიანსს შორის ინსტიტუციონალური ინტეგრაციის მომხრეა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს NATO-ს ოპერაციებში და წვრთნებში და შესაბამისად, მოელის მეტ ინტეგრაციას NATO-სთან. მისი თქმით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა შეძლებს საქართველოსთან ერთად იმუშაოს იდეებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში NATO-ს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა შვედეთის თავდაცვის მინისტრი პეტერ ჰულტკვისტი, რომელმაც ასევე მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საქართველოს მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების შესახებ მიღებული დაპირების შესრულებას ითხოვს
უკრაინა დაჟინებით მოითხოვს დაპირების შესრულებას, რომელიც 2008 წელს, ბუქარესტში, NATO-ს სამიტის დროს, ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიიღო და ელოდება, რომ ივნისის სამიტზე MAP-სთვის გზა ხსნილი ექნება. ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ უსაფრთხოების თემაზე ონლაინ-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "13 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, რომელზეც გადაწყდა, რომ უკრაინასა და საქართველოს მომავალში წევრობას მიანიჭებენ. ახლა, ასეთ ვითარებაში, ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ ამ დაპირების შესრულებას", - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა. სტეფანიშინამ ხაზი გაუსვა, რომ NATO-მ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს ალიანსში. ოლგა სტეფანიშინა იმედს გამოთქვამს, რომ NATO-ს მომავალ სამიტზე დაპირება დადასტურებული იქნება და სამიტის განცხადება წევრობის სამოქმედო გეგმის, იგივე MAP-ის მინიჭების გზას დასახავს.
ISFED: ცესკოში სტრუქტურული რეორგანიზაცია ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად მიმდინარეობს
"ცესკოში 2021 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს 5-მარტიდან - 14 მაისის პერიოდში, რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება", - ''სამართლიანი არჩევნები'' (ISFED) ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. 2021 წლის 4 მარტს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საარჩევნო კომისიის აპარატის რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. 2021 წლის 5 მარტს, რეორგანიზაციის მიზნით, ცესკოს რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ჯამში, განისაზღვრა 11 დეპარტამენტი. ISFED-მა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლებით დაიწყო მიმდინარე რეორგანიზაცია, თუმცა ცესკომ დასაბუთებული არგუმენტები ამ შემთხვევაშიც ვერ წარმოადგინა. "სამართლიანი არჩევნები" იმთავითვე დაინტერესდა ცესკოს აპარატში მიმდინარე რეორგანიზაციით. შესაბამისად, მიმართა ცესკოს და გამოითხოვა ინფორმაცია რეორგანიზაციის საჭიროებისა და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევის მიზნით. ასევე, დაინტერესდა საკადრო ცვლილებების საკითხით. საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული პასუხი არ შეიცავდა სრულ ინფორმაციას დასმულ საკითხებთან დაკავშრებით და ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლებოდა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ISFED-ი გავრცელებულ განცხადებაში ეხმიანება "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის გაფორმებულ შეთანხმებასაც, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირებასაც მოიცავს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, შესაძლოა, ცესკოში კიდევ ერთხელ დადგეს უფრო ფართო რეორგანიზაციის საჭიროება. " საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ცესკოს ახლებურ დაკომპლექტებასა და გარკვეული საკითხების სხვაგვარად მოწესრიგებას ისახავს მიზნად, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და პილოტირება, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება და სხვა. ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ საარჩევნო რეფორმის კვალდაკვალ, საარჩევნო ადმინისტრაციაში უფრო ფართო სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების საჭიროება გაჩნდეს. გარდა ამისა, რეფორმის დასრულებამდე, ცესკოს არასრული შემადგენლობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მოკლებული იქნება მაღალ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, საზოგადოების ნდობას, მით უფრო, ოპოზიცური პარტიების მიერ დანიშნული წევრების არარსებობის პირობებში", - აღნიშნულია განცხადებაში. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მიზანშეუწონელია ცესკოს აპარატის სტრუქტურული ცვლილებები. "ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეაჩეროს მიმდინარე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, რადგან ეს, ერთი მხრივ, გაუგებარია მიმდინარე რეფორმის ფონზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულია ლეგიტიმაციას ცესკოს სრულად დაკომპლექტებამდე",- ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში.
საბერძნეთში ლოქდაუნი სრულდება: „ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიას მთელი მსოფლიოსთვის ვხსნით“ - საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი
საბერძნეთში ლოქდაუნი სრულდება. ქვეყანა მზად არის უცხოელი ტურისტების მისაღებად და საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყოველდრიურად ინფიცირების 2000 შემთხვევა ფიქსირდება, ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომ მთავრობამ არსებული შეზღუდვების უმრავლესობა გააუქმა. „ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიას მთელი მსოფლიოსთვის ვხსნით“, - განაცხადა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ჰარის თეოჰარისმა. აღსანიშნავია ის, რომ საბერძნეთში ჯერ კიდევ რჩება ძალაში რამდენიმე შეზღუდვა, თუმცა, მოსახლეობას აღარ მოუწევს საცხოვრებლის დატოვების დროს გაგზავნოს სპეციალური შეტყობინება "ცხელ ხაზზე", რომ ისინი სახლიდან გასვლას და მაგალითად საყიდლებზე წასვლას აპირებენ. ასევე ნებადართულია რეგიონებს შორის გადაადგილება. "კომენდანტის საათი" კი ღამის 00:30 საათიდან დილის 5:00 საათამდე შემცირდა. ტურისტებმა გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური აპლიკაცია, სადაც მიუთითებენ, თუ სად აპირებენ დარჩენას და წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა, რომელშიც ეწერება, რომ კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა და გამოჯანმრთელდა.
აშშ-ის წარმომადგენელი ისრაელში ჩავიდა
აშშ-ის წარმომადგენელი, ისრაელისა და პალესტინის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჰედი ამრი, კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰედი ამრი ისრაელის, პალესტინისა და გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმედით. ისრაელში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ჰედი ამრი უკვე თელ-ავივშია. "ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. ისრაელისა და პალესტინის ხალხი იმსახურებს თავისუფლების, უსაფრთხოების, ღირსების და კეთილდღეობის თანაბარ უფლებებს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის დროშა აღიმართა
ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის დროშა აღიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია Twitter-ში ავრცელებს. „ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის გადაწყვეტილებით, ისრაელის სახელმწიფოს დროშა პრეზიდენტის სასახლეში აღიმართა, როგორც ისრაელის ცალსახა მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულება“, - ნათქვამია ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ცნობისთვის, ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, მთავრობის შენობის თავზე ისრაელის დროშა ავსტრიამაც აღმართა.
უკრაინამ ე.წ. კანონიერ ქურდებს სანქციები დაუწესა
უკრაინის ეროვნული ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 557 ე.წ. „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. „კანონიერ ქურდებზე“ შემდეგი სახის შეზღუდვები გავრცელდება: აქტივების დაბლოკვა, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, ვიზისა და ბინადრობის უფლების გაცემაზე უარის თქმა, უკრაინაში ყოფნის გახანგრძლივებაზე უარის თქმა, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შეუძლებლობა და ქვეყნიდან იძულებითი გაძევება. „კანონიერი ქურდების“ შესახებ კანონის მიღებისა და ცხრათვიანი მუშაობის შემდეგ, მიღებულია პერსონალური სანქციები მსოფლიოში ცნობილი 557 „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ. ბევრი მათგანი უკვე უკრაინაში არ იმყოფება, ხოლო იმ პირების რიცხვი, ვინც ახლა უკრაინაშია, უკვე განახევრდა და 17 ადამიანს შეადგენს. ჩვენ დღეს ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ციფრი ნულამდე დავიდეს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ისრაელის მიმართულებით სირიიდან რაკეტები გაუშვეს
სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმია ავრცელებს. ისრაელის არმიაში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ინფორმაცია დაშავებულების ან დაზიანების შესახებ არ ვრცელდება.
სომხეთმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა
სომხეთმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სომხეთის მოქმედმა პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, თხოვნა 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას ეფუძნება. ფაშიანიანმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა უმაღლესი დონის შეთანხმებების შემდეგ, რომლის თანახმად, აზერბაიჯანს უნდა გაეყვანა თავისი ჯარი სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან, თუმცა ბაქომ შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.
რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნების" სია დაამტკიცა
რუსეთის მთავრობამ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების სია დაამტკიცა. ინფორმაციას usnews ავრცელებს. როგორც ცნობილია, ოფიციალურმა მოსკოვმა ამ სიაში აშშ და ჩეხეთი შეიყვანა. 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს. 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აშშ-ს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს.
რუსეთში აშშ-ის საელჩომ საკონსულო მომსახურება დროებით განაახლა
რუსეთში აშშ-ს საელჩომ საკონსულო მომსახურება დროებით განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს. საელჩომ 14 მაისს განაცხადა, რომ ის დროებით, 16 ივლისამდე განაახლებს აშშ-ის მოქალაქეების მომსახურებას - პასპორტებთან, დაბადების მოწმობებსა და სანოტარო საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშულს საფუძვლად რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უდევს, რომლის მიხედვითაც, უნდა გადაიდოს უცხო ქვეყნების მოქალაქეთა სამსახურში აყვანის აკრძალვა. ცნობისთვის, 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს. რამდენიმე კვირის წინ, მოსკოვში აშშ-ს საელჩო იტყობინებოდა, რომ 12 მაისიდან, საელჩო მომსახურებების რაოდენობასა და საკონსულო განყოფილების პერსონალს 75%-ით შეამცირებდა.
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: დემოკრატია გასაჭირშია
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ მოხსენებაში დემოკრატიის უკუსვლის შემაშფოთებელ ხარისხზე მიუთითა. მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ჩვენი დემოკრატიის კულტურა სრულად ვერ აღდგება. "წევრი ქვეყნები ახლა არჩევანის წინაშე დგანან. მათ შეუძლიათ, დაუშვან დემოკრატიის უკუსვლა, ხელი შეუწყონ მას, ან ერთობლივად იმოქმედონ ვითარების მკვეთრად შეცვლაზე, განამტკიცონ და განაახლონ ევროპული დემოკრატია და შექმნან გარემო, რომელშიც ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა დაცულია“, - ნათქვამია ანგარიშში. ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნებზე დაყრდნობით, გენერალური მდივნის მოხსენება აფასებს ბოლოდროინდელ მოვლენებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკური ინსტიტუტები და სასამართლო დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ღირსება, ანტიდისკრიმინაცია და დემოკრატიული ჩართულობა. „ეროვნული მთავრობები უნდა დაუბრუნდნენ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს, ევროსაბჭოს სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების ჩათვლით. წევრმა სახელმწიფოებმა სრულად უნდა გამოიყენონ მულტილატერალიზმი, რომელიც 70 წელზე მეტია, ევროპის საბჭოს აქვს ჩამოყალიბებული. ეროვნულმა მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ დემოკრატიის კულტურა, გააცნობიერონ, სად შეასუსტა ეს კულტურა მათმა სიტყვებმა, საქმიანობამ ან კანონმდებლობამ სამოქალაქო სივრცის შემცირებით, ინდივიდების, ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების ან მათთვის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების, ან საზოგადოებრივ საქმიანობაში ხალხის სრულფასოვანი მონაწილეობის აკრძალვით“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშში. ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 28 ევროკავშირის წევრია. ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას ხელი მოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი ქვეყანა 1999 წლის 27 აპრილს გახდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დანიას, ისლანდიასა და გრენლანდიას ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 16 მაისიდან 20 მაისამდე პერიოდში დანიას, ისლანდიასა და გრენლანდიას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რეიკიავიკში ყოფნისას ენტონი ბლინკენი 19-20 მაისს არქტიკული საბჭოს მინისტერიალს დაესწრება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანს სომხეთიდან ჯარის გაყვანისკენ სომხურ ენაზე მოუწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანს სომხეთიდან ჯარის გაყვანისკენ სომხურ ენაზე მოუწოდა. მან Facebook-ზე სომხურ ენაზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ჯარები სომხეთში შეიჭრნენ. "აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ სომხეთის ტერიტორიაზე. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ. მე სომეხ ხალხს კვლავ ვეუბნები, რომ საფრანგეთი გაერთიანებულია თქვენთან და ასეთად დარჩება," - წერს მაკრონი.
ჯო ბაიდენმა ამერიკულ ნავთობსადენზე თავდასხმაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკულ ნავთობსადენზე თავდასხმაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა. ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაკერები არ არიან დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან. ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის აქვს მყარი მტკიცებულებები, რომ კიბერდამნაშავეები რუსეთში ცხოვრობენ. ცნობისთვის, ნავთობსადენ „ქოლონიალ ფაიფლაინზე“ კიბერთავდასხმა 8 მაისს განხორციელდა, რის გამოც აშშ-ის უდიდესი საწვავის მილსადენი - რომელიც საწვავს აღმოსავლეთის სანაპიროს დაახლოებით ნახევარს აწვდის - იძულებული გახდა მთელი ქსელის მუშაობა შეეჩერებინა. ამერიკული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ნავთობსადენს თავს ჰაკერული დაჯგუფება „დარქსაიდის“ წევრები დაესხნენ თავს. ჰაკერებმა დაბლოკეს ინფორმაცია და მისი გახსნის სანაცვლოდ გამოსასყიდი მოითხოვეს. სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება, რომ ნავთობსადენის მფლობელმა კომპანიამ ჰაკერებს ხუთი მილიონი დოლარი გადაუხადა. აშშ-ის ხელისუფლება ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. ამჟამად ნავთობსადენმა მუშაობა უკვე განაახლა. „ქოლონიალ ფაიფლაინი“ ნავთით ამარაგებს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე შტატების ნახევარს. როგორ ხორციელდება კიბერთავდასხმა მილსადენზე
ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 3 ქვეყანას COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს
ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ლიეტუვას მთავრობა აღმოსავლეთის პარტნიორობის 3 ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზას გამოუყოფს. როგორც ცნობილია, ლიეტუვა 100 000 ვაქცინას უკრაინას, 15 000 ვაქცინას საქართველოს, 11 000 ვაქცინას კი მოლდოვას გადასცემს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერს, ლიეტუვას, კოვიდ პანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია," - წერს მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე. ლიეტუვა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას გამოუყოფს ლანდსბერგისი: ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია შეუფერხებელია, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაცულები, სანამ ჩვენი მეზობლებიც არ იქნებიან უსაფრთხოდ
ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ავსტრიამ მთავრობის შენობის თავზე ისრაელის დროშა აღმართა
ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ავსტრიის მთავრობის შენობაზე ისრაელის დროშა აღიმართა. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა Twitter-ში განაცხადა. "დღეს, ისრაელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად დროშა აღიმართა ფედერალური კანცელარიის შენობის სახურავზე. ისრაელზე ტერორისტული თავდასხმები უმკაცრეს დაგმობას იმსახურებს. ჩვენ ერთად ვდგავართ ისრაელის გვერდით“, - წერს ავსტრიის კანცლერი.
ლიეტუვა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას გამოუყოფს
ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ლიეტუვას მთავრობა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზას გამოუყოფს. ლიეტუვა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას გამოუყოფს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ში წერს. "ლიეტუვას მთავრობამ ახლახან დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 200 000 ვაქცინა. 100 000 ვაქცინა უკრაინას, 15 000 ვაქცინა საქართველოს, 11 000 ვაქცინა მოლდოვას. ეს ლიეტუვას რესპუბლიკისგან პატარა ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ ევროპაში ჩვენი პარტნიორები სოლიდარობას შემოუერთდებიან". - წერს ლანდსბერგისი. გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვას მთავრობა აღნიშნულ ქვეყნებს ვაქცინებს სექტემბრამდე გამოუყოფს. "დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვაჩვენოთ ლიეტუვას სოლიდარობა. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა უკრაინაში შექმნილ ვითარებას. ქვეყანა ერთდროულად გაუმკლავდა ორ გამოწვევას: პანდემიას და კრემლის სამხედრო აგრესიას. ვაქცინაციის პროცესი ევროკავშირის ქვეყნებში არის სწრაფი და შეუფერხებელი, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაცულები, სანამ ჩვენი მეზობლებიც არ იქნებიან უსაფრთხოდ", - თქვა ლანდსბერგისმა. ამ გადაწყვეტილებით ლიეტუვა მონაწილეობას მიიღებს Team Europe პაკეტში, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას კორონავირუსის პანდემიისა და მის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ევროკავშირი საქართველოს საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებაში დაეხმარა
საქართველო მზადაა, საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში არსებული კანონმდებლობა სრულად მოარგოს ევროკავშირის სტანდარტებსა და ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების მიერ განხორციელებული Twinning-ის ორწლიანი პროექტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“, მუშაობის მთავარი შედეგია. პროექტის მიღწევები 6 მაისს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე შეჯამდა. "პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული კანონები ევროკავშირის წესებს მოერგება. საქართველოს ეროვნული ბანკი კი თავისი ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების რეორგანიზებას მოახდენს და საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში საკუთარ ინსტიტუციურ შესაძლებლობებს გააძლიერებს. გაუმჯობესებული კანონმდებლობა, გაძლიერებული საზედამხედველო მექანიზმები და ევროკავშირის წესებისა და პრაქტიკის შესაბამისად მიღებული სტანდარტები უკეთ დაიცავს საბანკო სერვისების მომხმარებლებს და განავითარებს საქართველოს ფინანსურ ბაზარს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობას და ფინანსური ბაზრის მონაწილეების უსაფრთხოებას. Twinning-ის პროექტი 2019 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე გაგრძელდა და მისმა ბიუჯეტმა 1.75 მილიონი ევრო შეადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში პოლონეთისა და საქართველოს საზედამხედველო უწყებებმა არაერთი ერთობლივი ღონისძიება განახორციელეს", - ნათქვამია ინფორმაციაშია.
ისრაელის ელჩი: ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ და როდის დასრულდება კონფლიქტი
სამწუხაროდ, ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ და როდის დასრულდება კონფლიქტი, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა. ელშის შეფასებით, „ჰამასი“ გაჩერდება მაშინ, როდესაც პალესტინელებისგან მხარდაჭერას ვეღარ იგრძნობს. „ჰამასთან“ წინა სამი ომის გამოცდილებიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ წყნარდება სიტუაცია, როდესაც „ჰამასი“ მიიღებს საკმარის ზიანს, საკმარის დარტყმას, როდესაც ის მზად იქნება კომპრომისისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც დიდი ზიანი მოგვადგა, ისრაელი გაცილებით ძლიერია, ვიდრე „ჰამასი“ და პალესტინის მხარე მეტად ზარალდება ხოლმე მსგავსი კონფლიქტების დროს. ასე რომ, როდესაც „ ჰამასი“ ნამდვილად იგრძნობს, რომ მას აღარ აქვს პალესტინელების მხარდაჭერა, რადგან სწორედ მათ გამო ზიანდება, მაშინ გაჩერდება. უკვე მიმდინარეობს საერთაშორისო მედიაცია, რომელსაც სათავეში უდგას ეგვიპტე, ისევე როგორც წინა სამი ომის დროს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კომპრომისი და შეთანხმება დადგება მალე“, - აღნიშნა რან გიდორმა „დილის საუბრებში“.