ანალიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი: ოქტომბრის არჩევნების შედეგი და შემდგომი მოვლენები დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას
Europetime-მა ევროპარლამენტარ, საგარეო კომიტეტის წევრ, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გერმანელი პოლიტიკოსი (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები) ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი საქართველოს ვიზიტით ბოლოს ივლისში, მას შემდეგ ეწვია, რაც მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ გამოაცხადა. Europetime ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. _ბოლო დროის განვითარებები რას ნიშნავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში და საერთოდ, რაზე მიუთითებს? ვფიქრობ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ნამდვილად ყოფილა უკეთესი პერიოდებიც. სამწუხაროდ, ახლა ვხედავთ ძლიერ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, ევროკავშირისადმი საზოგადოების მხარდაჭერა შეაფერხოს. ევროპარლამენტში ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. მსგავსი დეზინფორმაციის კამპანიები უკრაინასა და მოლდოვაშიც მიმდინარეობს და კვალს რუსეთამდე მივყავართ. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, უკან გაეწვია ევროკავშირისა და პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელშიც ამდენი ენერგია ჩავდეთ, კიდევ უფრო დააზარალა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები. ევროკავშირი ნდობას, როგორც სტაბილური პარტნიორობის საფუძველს განიხილავს და დაპირებების გატეხვა ამ ნდობას სერიოზულად არღვევს. _როგორ აფასებთ აშშ-ის პოლიტიკას რეგიონის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ? ევროკავშირი და აშშ ერთსა და იმავე ღირებულებებს და ინტერესებს იზიარებენ, ეს განსაკუთრებით იგრძნობა საქართველოში. ჩვენ ასევე გვაქვს საერთო მიზნები: მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, გავაძლიეროთ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია. ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა თავიანთი უდიდესი ძალისხმევით მოამზადეს საფუძველი 19 აპრილის შეთანხმებისთვის. შეთანხმება კვლავ ძალაშია „ქართული ოცნების“ ხელმოწერით თუ მის გარეშე. რაც შეეხება რეგიონს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, უახლესი ფაზის განმავლობაში, ევროკავშირი და აშშ დიდწილად არ მონაწილეობდნენ პროცესებში. სამწუხაროდ, ამ ფაქტმა რუსეთს საშუალება მისცა, გაეძლიერებინა თავისი პოზიციები კავკასიაში. სამწუხაროდ, ასეთი განვითარება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს კიდევ უფრო ართულებს. _რა შეგიძლიათ გვითხრათ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე? მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია. მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას. ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები
რას ითვალისწინებს ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმი და რა წერია დოკუმენტში
რას ითვალისწინებს ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმი და რა წერია დოკუმენტში, რომელსაც თბილისში, 2020 წლის 10 სექტემბერს მოეწერა ხელი. ამ საკითხით Europetime დაინტერესდა. მემორანდუმის თანახმად, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ 2020 წლის 25 მაისს მიიღეს გადაწყვეტილება, სამეზობლოს ქვეყნებისთვის გამოეყო მაკროფინანსური დახმარება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფარგლებში. კერძოდ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა სულ 150 მლნ ევრო. თავის მხრივ, იმ პერიოდში გავრცელებულ პრესრელიზში, ევროკავშირი აღნიშნავდა შემდეგს: „მაკროფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერა“: „საქართველოსთვის ევროკავშირისგან ხელმისაწვდომი იქნება კიდევ 150 მილიონი ევროს ოდენობის ახალი გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების სესხები ძალზე პრივილეგირებული პირობებით, გადაუდებელი, სასწრაფო ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“. მემორანდუმის თანახმად, დახმარება ხელმისაწვდომი იქნებოდა ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლის დღიდან ერთი წლით“. მეორე ნაწილის ჩარიცხვა კი გარკვეულ პირობებთან იყო დაკავშირებული. „დახმარება ჩაირიცხება ორ ნაწილად - თითოეული 75 მლნ ევრომდე ოდენობით. პირველი ნაწილი ხელმისაწვდომი გახდება ხელმოწერის ძალაში შესვლის შემდეგ და დამოკიდებული იქნება ქვეყნისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (შემდგომში IMF) მიერ შეთანხმებული ვალდებულებების დამაკმაყოფილებლად განხორციელების პირობებზე. დახმარების მეორე ნაწილის ჩარიცხვა პრინციპში არ განხორციელდება პირველი ნაწილის ჩარიცხვიდან სამ თვემდე ვადაში. დახმარების მეორე ნაწილის ჩარიცხვა დამოკიდებული იქნება IMF-თან შეთანხმებული ვალდებულებების დამაკმაყოფილებლად განხორციელებაზე და ევროკომისიიდან ევროკავშირის სახელით დადებით შეფასებაზე, რომელიც დაკავშირებულია მაკროეკონომიკური და სტრუქტურული ზომების გაუმჯობესებასთან. ამ დახმარებასთან თანდართული პოლიტიკის პირობები დაფუძნებულია ეკონომიკურ სტაბილიზაციაზე და ქვეყნის ხელისუფლების მიერ დამტკიცებული რეფორმების პროგრამაზე და შეესაბამება ქვეყანასა და IMF-ს შორის მიღწეულ შეთანხმებას. შესაბამისად, ამ დახმარების ხელმისაწვდომად გახდომამდე, კომისია ხელისუფლების წევრებთან და IMF-ის თანამშრომლებთან ერთად გადაამოწმებს, რომ ზემოხსენებულ დახმარებასთან თანდართული პირობები ადეკვატურად შესრულებულია ან მიღწეულია ახალი შეთანხმება. „კომისიის მიერ თანხის მეორე ნაწილის ჩარიცხვამდე საქართველოს უფლებამოსილი ორგანოები მიაწვდიან მასთან დაკავშირებული პირობების შესრულების შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამ დოკუმენტის მიღებისთანავე კომისია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კონსულტაციებზე დაყრდნობით შეაფასებს პირობების შესრულების პროგრესს. ამ შეფასებაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეფორმებს საჯარო ფინანსების მართვაში, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბიზნესგარემოს მიმართულებით და ასევე, სექტორულ რეფორმებს, სახელმწიფო საწარმოების ჩათვლით. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში კომისიას შეუძლია, უარი თქვას დახმარების თანხის ნაწილების ჩარიცხვაზე, ვიდრე ქვეყანა უზრუნველყოფს პირობების შესაბამისობას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს პუნქტები, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი Europetime-თან განმარტავს. „მეხუთე პუნქტში საუბარია სასამართლო რეფორმაზე, დაკონკრეტებულია მოსამართლეთა დანიშნვნის წესი, რომ ის უნდა შეიცვალოს და ეს ვალდებულება მთვრობამაც აიღო. უფრო კონკრეტულად, ვენეციის კომისიის 2019 წლის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა მოხდეს მოსამართლეთა არჩევა, მაგრამ ეს შეთანხმება ასევე ჩაიდო ინტერპარტიული შეთანხმების მემორანდუმში, რომელიც ასევე მალე დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“ და მოსამართლეები ძველი წესით აირჩია. ნახეთ ბმული: ევროკომისია მოსამართლეების არჩევაზე: ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს ამ შემთხვევაში ევროკავშირი თვლის, რომ ეს პუნქტი არ არის თანხვედრაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ამიტომ აპირებდნენ შეჩერებას. ამაზე საუბრობდნენ კიდეც ევროკავშირის წარმომადგენლები, ევროპარლამენტის წარმომადგენლები. ევროპარლამენტს არ აქვს უფლებამოსილება, ასეთი დახმარებები შეაჩეროს, მაგრამ მათ აქვთ გავლენა და შესაბამისად, მთავრობამ უბრალოდ დაასწრო მოვლენებს. იცოდნენ, რომ მაინც შეუჩერებდნენ. რახან კრედიტი პირობითია, არ შეასრულებ არ გირიცხავენ, შეასრულებ - გირიცხავენ. ამას სანქციას ვერ დავარქმევთ, ეს არის უარყოფითი პასუხი მოთხოვნაზე, ეს ხომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნის შედეგად ხდება გრანტის გამოყოფა. ნებისმიერი დონორი ფულს ისე არ გამოყოფს, თუ არ არის ბენეფიციარი მთავრობისგან. მოვიდა მომენტი, როგორც მინიმუმ ერთი პირობა არ არის შესრულებული და მთავრობამ თქვა, რომ გრანტი არ სჭირდება. ეს ნებისმიერ შემთხვევაში შეთანხმების დარღვევაა, ევროკავშირს არაფერი დაურღვევია“, - განმარტავს კახა გოგოლაშვილი. ასევე წაიკითხეთ: ვენეციის კომისიის დასკვნის ავტორი: პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა რიგი საკითხის გადაჭრა ჯერ კიდევ საჭიროა ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მიესალმება, თუმცა რიგ საკითხებზე გაუმჯობესების საჭიროებაზე მიუთითებს შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება და ამის მიზეზად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. ნახეთ ბმული: ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა ანდრიუს კუბილიუსი: მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ ტრანშს შარლ მიშელი: მაკრო ფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.
მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს
Europetime-მა ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროპარლამენტარმა ევროკავშირის დახმარების ირგვლივ პერიპეტიებზე Europetime-თან პირველი კომენტარი გააკეთა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მოითხოვოს ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ეს ტრანში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება ჩვენ ასევე გვესმის ის ეკონომიკური არგუმენტები (ანუ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა), რომლითაც ამ გადაწყვეტილებას ამართლებენ. მიუხედავად ამისა, მაშინაც კი, თუ საქართველო არ ითხოვს დარჩენილ ტრანშს, ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ეს ტრანში ითვალისწინებს, მათ შორის, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების სექტორის რეფორმა, რომელიც ასევე მითითებულია 19 აპრილის შეთანხმებაში“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა. ამავე თემაზე: ექსკლუზივი: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული
Europetime-მა ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროპარლამენტარმა, რომელიც მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მუშაობს, ევროკავშირის დახმარების ირგვლივ პერიპეტიებზე პირველად Europetime-თან გააკეთა კომენტარი. ასევე საიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება „რასაკვირველია, დაფინანსება განპირობებული იყო პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით, მათ შორის არის დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა, ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ საქართველოს მიმართულება არ შეიცვლება. მაგრამ მათი გადაწყვეტილება გასაგებია, რადგან პანდემიის დროს საგარეო ვალმა მშპს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 60%-ს მიაღწია. რაც კანონიერი ზღვარია. მესმის, რომ მათ სჭირდებათ, დაიწყონ ამის შეცვლა “, - განუცხადა Europetime-ს მარკეტა გრეგოროვამ.
ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან
„როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან“, - ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ისაუბრა. ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის დახმარების ირგვლივ პერიპეტიებზე პირველად Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა კომენტარი. ანდრიუს კუბილიუსი ასევე საუბრობს ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე, რეგიონის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასა სხვა აქტუალურ საკითხებზე. _როგორ შეაფასებთ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების ირგვლივ არსებულ ვითარებას. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, მანამდე, საქართველოს მთავრობას, როგორც ევროკომისიამ, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენეს პირობების შესრულების აუცილებლობა. მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ სესხს. უპირველეს ყოვლისა, პირობები ეხება მოსამართლეების შერჩევას და ასევე შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელებას. ეს პირობები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. როდესაც მთავრობამ ხელი მოაწერა 19 აპრილის დოკუმენტს და დაჰპირდა შეთანხმების განხორციელებას, კომისიის ექსპერტების მხრიდან გაჩნდა კრიტიკა, რომ მთავრობა არ ასრულებს იმ შეთანხმების ნაწილს, რომელიც ეხებოდა სასამართლო სისტემის რეფორმას და ახალ მოსამართლეთა დანიშვნას. ეს იყო ის, რაც გააკეთა მთავრობამ, ეს ეწინააღმდეგება შეთანხმებას. რასაკვირველია, ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ალბათ მკაფიო გზავნილია საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის მიმართ, რომ თუ ამ გზით წახვალთ, ვერ მიიღებთ ევროკომიის დაპირებულ სესხს. ახლა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ არ აპირებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც სესხს ახლავს თან. საქართველოს მთავრობა კვლავ კარგავს საერთაშორისო ნდობას, რაც აზარალებს საქართველოში სიტუაციას. საქართველოს ეკონომიკას სჭირდება ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ჩაიდოს ინვესტიცია ისეთი სფეროების განვითარებაში, რაც საჭიროა ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ არ სურს ამ სესხის აღება, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც უბრალოდ უფრო მეტად დააზარალებს ქართველ ხალხს. ისინი ვერ მიიღებენ ამ ფინანსურ შესაძლებლობას, რომელიც ასე საჭიროა საქართველოსთვის. მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა უარყოფს ევროკავშირის იმ მოთხოვნის შესრულებას, რასაც ევროკავშირი მისგან ელოდება. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ მზად იყოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. თუ საქართველო არ განახორციელებს იმ რეფორმებს, რასაც ევროკავშირი ელის სასამართლო სისტემის რეფორმასთან და მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ ეს მთავრობა არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. როდესაც მთავრობა სასამართლო სისტემაში რეფორმის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტების თხოვნას უარყოფს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობას არ აქვს ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა, ევროპული ტიპის გამჭვირვალობა სასამართლოში, რაც სამწუხაროდ ნიშნავს, რომ ქართველ ხალხი უარს ამბობს შესაძლებლობაზე, ჰქონდეს კანონის უზენაესობის უფრო ეფექტური, ბევრად უფრო გამჭვირვალე სისტემა საქართველოში. _რა სურათია ეს ევროკავშირისთვის და რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? სამწუხაროდ, ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია, ვღელავთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე; იმაზე, თუ რამდენად მყიფეა ქართული დემოკრატია. რა თქმა უნდა, ევროპული ინსტიტუტები ბევრ ძალისხმევას ხარჯავენ ქართული პოლიტიკური პარტიების დასახმარებლად, მათ შორის იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ სიტუაციის სტაბილიზაცია მოახდინოს. შარლ მიშელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ როგორც ვხედავთ, პირველ რიგში, მმართველი პარტია არ სცემს პატივს მათ ძალისხმევას და ეს არის ის, რაც მართლაც უფრო მეტ პრობლემას ქმნის. საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი გააკეთებენ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობისთვის. იმისთვის, რომ ეს განაცხადი პოზიტიური შედეგით იყოს განხილული ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიბრუნოს საერთაშორისო ნდობა, პატივისცემა. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთელი კრიზისით, ყველა ბოლოდროინდელი მოვლენით, 19 აპრილის შეთანხმების მიმართ უპატივცემულობით, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ზიანს აყენებენ ამ საერთაშორისო ნდობას საქართველოს მიმართ და ის შეიძლება, გახდეს რეალური დაბრკოლება, რეალური პრობლემა 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარმატებული განხილვებისთვის. _ამ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებს ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება? ჩვენ ველით, რომ ეს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ეს იყო კიდეც შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეასრულოს ეს შეთანხმება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არჩევნები მართლაც გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. მმართველმა პარტიამ გასცა დაპირება, რომ თუ ადგილობრივი არჩევნების დროს მიიღებდა 43%-ზე ნაკლებს, დაინიშნებოდა საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მმართველმა პარტიამ შეასრულოს ეს დაპირება და ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოში, რომლის მოგვარებაც ძალიან რთული იყო ევროკავშირის ლიდერების ჩართულობითაც კი. 19 აპრილის დოკუმენტი იყო კარგი შეთანხმება კრიზისის მოსაგვარებლად, მაგრამ ამ შეთანხმების განხორციელებას ყველაზე დიდი ზიანი მმართველმა პარტიამ მიაყენა, როდესაც განაცხადა, რომ არ აპირებენ ამ შეთანხმების განხორციელებას. რასაკვირველია, ალბათ უდიდესი ოპოზიციური პარტიის (ნაციონალური მოძრაობის) შეცდომაც იყო, რომ არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას. ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა, არ არსებობს მკაფიო გზა, თუ როგორ შეიძლება საქართველო გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენ კვლავ შეგვიძლია, მოვუწოდოთ მმართველ პარტიას, რომ შეასრულოს ის, რისი პირობაც დადო. ამგვარად, ადგილობრივი არჩევნები გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ხდება არამხოლოდ მუნიციპალური არჩევნებისთვის, არამედ, როგორც შესაძლო ნაბიჯი გამოსავლისკენ. შეიძლება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყოს კარგი და ეფექტური გამოსავალი ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან; ასეთმა ნაბიჯმა შესაძლებელია, დააბრუნოს დემოკრატიისკენ სვლა, რომელიც ასე საჭიროა საქართველოსთვის და ეს საქართველოს ნამდვილად სჭირდება 2024 წელს, რომ სერიოზულად შეფასდეს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. აქვე აღვნიშნავ, რომ იგეგმება ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა, თუმცა ეს პანდემიაზე დამოკიდებული. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ დამკვირვებლები ჩამოვლენ. _ამის პარალელურად, როგორ აფასებთ ასოცირების ტრიოს ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ძალისხმევას. მათ ხაზი გაუსვეს ერთიან სტრატეგიას, ჯერ კიევში, შემდეგ კი ბათუმში გაფორმებულ დეკლარაციებზე ხელმოწერით. მე მხარს ვუჭერ ასოცირების ტრიოს ფორმატს, რადგან ჩვენ, ევროპარლამენტიდან, ჯერ კიდევ 2019 წლიდან ვსაუბრობდით ამ ინიციატივაზე. ახლა კი, ეს წინსვლა კარგია. ეს ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა იმსახურებენ ბევრად უფრო ამბიციურ გზას ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მოლდოვა და განსაკუთრებით საქართველო, ყველანაირად ცდილობდნენ, ინდივიდუალურად აჩვენონ, რომ რეალურად ახორციელებენ რეფორმებს, დემოკრატიის პროგრესს, რადგან სამეულის სტრატეგია არ გადაჭრის იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ. ასე რომ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ უნდა შეასრულონ საშინაო დავალება. არჩევნების შემდეგ, მოლდოვას აქვს კარგი შესაძლებლობები, ბევრად უფრო სწრაფად წაიწიოს წინ. სამწუხაროდ, საქართველო, როგორც ჩანს, ხელიდან უშვებს იმ რეფორმების შესაძლებლობებს, რომლის ჩვენებაც პოლიტიკურ კრიზისამდე შეეძლო. 2030 წლამდე, შეიძლება გადამწყვეტი იყოს ამ ქვეყნებისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიონ, მაგრამ ეროვნული სახელმწიფოების დონეზე შეცდომა არ შეიძლება იყოს დაშვებული. სამწუხაროდ, საქართველო აჩვენებს ცუდ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება საქმეები მართლაც ძალიან გართულდეს. ასოცირების ხელშეკრულება იყო კარგი ინსტრუმენტი საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის წინსვლისთვის. ფინანსური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორების, განსაკუთრებით ამ სამი ქვეყნის მიმართ უფრო მკაფიო და ამბიციური პოლიტიკა, რომელიც უნდა იყოს მსგავსი იმისა, რასაც ევროკავშირი ახორციელებდა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მკაფიოდ აქვთ გაწერილი თარიღი, როდის უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. მკაფიო ხედვა ნამდვილად ეხმარებათ პირველ რიგში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თავიანთი მოტივაციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაში. სამწუხაროდ, ეს არ ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობას. ევროკავშირს ჯერ კიდევ არ შეუძლია, წარმოადგინოს უფრო მკაფიო ხედვა, თუ რა იქნება შემდეგ. ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ, ევროპარლამენტის მხრიდან შევთავაზოთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით უახლოესი სამიტის განმავლობაში, რომ გვქონდეს ბევრად უფრო ამბიციური, მკაფიო ენა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ასოცირების ტრიოს ქვეყნების ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯები. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყნებს მივცეთ მკაფიო გზა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება მომავალში. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა სცენარს, თუ როგორ შეიძლება წინსვლა, ერთ-ერთი სცენარი არის „შუალედური სტატუსის“ შეთავაზება, მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად (ნორვეგია შვეიცარია), რომლებიც არ არიან ევროკავშირის ნაწილნი. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნებს, როგორიც არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ წევრობის ბენეფიტები, რომელიც ასევე გულისხმობს საერთო ბაზრითა და სხვა სიკეთეებით სარგებლობას.
რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას?
რატომ ადარებენ თალიბანის ქაბულში გამარჯვებას საიგონის დაცემას? ამ თემაზე BBC-მ სტატია მოამზადა, რომლის თარგმანსაც Europetime გთავაზობთ. როცა აშშ ავღანეთის დედაქალაქიდან ჯერ კიდევ გასვლას განაგრძობს, სოციალური მედია მოიცვა ფოტოებმა ვერტმფრენის, რომელსაც ქაბულში ამერიკის საელჩოდან ხალხი გამოჰყავს. ეს ზოგისთვის ნაცნობი ფოტოა. ცოტა ხნით დავუბრუნდეთ 1975 წელს, როდესაც ფოტოგრაფმა ჰუბერტ ვან ესმა გადაიღო ახლა უკვე პორტრეტი ადამიანებისა, რომლებიც საიგონში, ვიეტნამის ომის დასასრულს ვერტმფრენში მოხვედრას ცდილობდნენ. ანალიტიკოსები და ამერიკელი კანონმდებლები, „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ადარებენ საიგონის ე.წ. დაცემას „თალიბების“ მიერ ქაბულის აღებას. რას ნიშნავს საიგონის დაცემა? ვიეტნამის ომი იყო კონფლიქტი ჩრდილოეთ ვიეტნამის კომუნისტურ მთავრობასა და სამხრეთ ვიეტნამს და მის მთავარ მოკავშირეს, აშშ-ს შორის. ცივი ომის ფონზე ჩრდილოეთს მხარს უჭერდნენ საბჭოთა კავშირი და სხვა კომუნისტური მოკავშირეები, ხოლო სამხრეთი მხარს უჭერდა დასავლეთის ძალებს - მათ შორის იყო ასობით ათასი ამერიკელი ჯარისკაცი. ეს იყო ხანგრძლივი ომი აშშ-სთვის, რომელიც გაგრძელდა თითქმის 20 წელი და უკიდურესად გაჰყო ამერიკელები. ფრაზა „საიგონის დაცემა“ აღწერს სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქის დაპყრობას 1975 წლის 30 აპრილს ვიეტნამის სახალხო არმიისა და ვიეტ კონგის კომუნისტური ძალების მიერ. („ვიეტ კონგს“, ასე ამერიკელები მოიხსენიებდნენ სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტის ნგო დინჰ დიემის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, რომელთა შორის უმრავლესობა კომუნისტი იყო). ამერიკამ გაიყვანა თავისი სამხედროები სამხრეთ ვიეტნამიდან 1973 წელს და ორი წლის შემდეგ ქვეყანამ გამოაცხადა კაპიტულაცია მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთის ძალებმა დაიკავეს საიგონი და მოგვიანებით მას დაარქვეს ჰოშიმინი. სამართლიანია ქაბულთან შედარება? დასასრულს, ვიეტნამის ომი გახდა მეტად არაპოპულარული აშშ -ში და მას არამარტო მილიარდობით დოლარი დაუჯდა ეს ომი, არამედ 58,000 ამერიკელის სიცოცხლე დაკარგა. საიგონის დაცემა ზოგისთვის დარტყმა იყო ამერიკის პოზიციებზე მსოფლიო სცენაზე. მას შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში გაჩნდა ტერმინი ვიეტნამის სინდრომი - რომელიც აღნიშნავს ამერიკელი ამომრჩევლების არაკეთილგანწყობას საზღვარგარეთ, სამხედრო ოპერაციებისადმი. საიგონსა და ქაბულს შორის ბევრმა პოლიტიკოსმა გაავლო პარალელი. თუმცა გასულ თვეს, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ უარყო ეს შედარება და აღნიშნა, რომ თალიბანი არ არის ჩრდილოეთ ვიეტნამის არმია. „ეს სხვა სიტუაციაა“, - აღნიშნა გენერალმა. და როდესაც ჩვენ ვაცოცხლებთ საიგონის დაცემის ამბავს, არის ერთი ფურცელი, რომლის გადამეორება ისევ ღირს - მიიჩნევს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდილიზა რაისი, რომლის წერილიც The Washington Post-ში გამოქვეყნდა. „ჩვენ გადავარჩინეთ ათასობით სამხრეთ ვიეტნამელი, რომლებიც დაგვეხმარნენ განადგურების პირას მყოფნი. ჩვენ არ მივიღეთ ისინი და ბევრი დაზარალდა ჩრდილოეთის ხელით. თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა გადაადგილებაც უზრუნველვყავით და დღეს, მათი შვილები და შვილიშვილები, ყოველდღიურად უწყობენ ხელს ამერიკის გაძლიერებას. ისინი არიან ბიზნესმენები, განმანათლებლები, მთავრობის წარმომადგენლები და ჯარისკაცები, რომლებიც 11 სექტემბრის შემდეგ ჩაირიცხნენ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში“.
კონდოლიზა რაისი: ავღანელ ხალხს არ აურჩევია „თალიბანი“. ისინი იბრძოდნენ და დაიღუპნენ ჩვენ გვერდით
ავღანელ ხალხს არ აურჩევია „თალიბანი“. ისინი იბრძოდნენ და დაიღუპნენ ჩვენ გვერდით - ამ სათაურით აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის სტატია Washington Post-ში გამოქვეყნდა. Europetime წერილს უცვლელად გთავაზობთ. კონდოლიზა რაისი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2005 - 2009 წლებში. ავღანეთში, გასული წლები რთული იყო ყველა პრეზიდენტისთვის ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მათთვის, ვინც იქ მსახურობდნენ და ვინც დაიღუპნენ - ისინი სამუდამოდ დარჩებიან ჩვენს მეხსიერებაში. თითოეულმა ჩვენგანმა, ვისაც იმ წლების განმავლობაში ეკავა ავტორიტეტული თანამდებობები, დაუშვა შეცდომები - არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვცდილობდით ან ვერ ვხედავდით გამოწვევებს. შეერთებულ შტატებს არ შეეძლო, უგულებელყო ის თაღლითური სახელმწიფო, რომელიც თავშესაფარს აძლევდა მათ, ვინც ჩვენზე თავდასხმა მოახდინა 11 სექტემბერს. მოვა დრო იმის შესაფასებლად, თუ სად არ ვიყავით წარმატებულნი და რას მივაღწიეთ. თუმცა, ქაბულის დაცემის პარალელურად ჩნდება კოროზიული და ღრმად უსამართლო ნარატივი: ავღანელების დადანაშაულება იმაში, თუ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა მარცხი განიცადა. ავღანეთის მთავრობამ მარცხი განიცადა. ავღანელმა ხალხმა მარცხი განიცადა. „ჩვენ მათ მივეცით ყველა შანსი, განესაზღვრათ საკუთარი მომავალი”, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა ორშაბათს თავის მიმართვაში - თითქოს ავღანელებმა აირჩიეს „თალიბანი“. არა - მათ ისინი არ აურჩევიათ. ისინი იბრძოდნენ და დაიღუპნენ ჩვენ გვერდით და გვეხმარებოდნენ ალ-ქაიდას შესუსტებაში. ავღანელებთან და ჩვენს მოკავშირეებთან მუშაობით შევქმენით კონტრტერორისტული წარმომადგენლობა მთელ მსოფლიოში და კონტრტერორისტული აპარატი შინ, რამაც დაგვიცვა. საბოლოო ჯამში, ავღანელებმა ვერ შეძლეს საკუთარი ქვეყნის დაცვა ჩვენი საჰაერო ძალების და ჩვენი მხარდაჭერის გარეშე. გასაკვირი არ არის, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა დაკარგეს ბრძოლის სურვილი, როდესაც „თალიბანმა“ გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატები მიატოვებდა მათ და ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა, ოჯახებს დაუხოცავდნენ. არა - მათ არ აირჩიეს „თალიბანი“. მათ ააშენეს ახალი დემოკრატია არჩეული ლიდერებით, რომლებიც ხშირად მარცხდებოდნენ, მაგრამ თავიანთი ხალხის მიმართ სისასტიკეს არ იჩენდნენ, როგორც ამას აკეთებს რეგიონში მრავალი რეჟიმი. ოცი წელი არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ დასრულებულიყო მოგზაურობა მე -7 საუკუნის „თალიბანის“ მმართველობიდან და 30- წლიანი სამოქალაქო ომიდან სტაბილურ მთავრობამდე. ოცი წელი შეიძლება ასევე არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მიღწევები ტერორიზმის წინააღმდეგ და უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენ, მათ - ორივეს მეტი დრო გვჭირდებოდა. ტექნიკურად, ჩვენი ყველაზე გრძელი ომი არ არის ავღანეთი: ეს არის კორეა. ეს ომი გამარჯვებით არ დასრულებულა; ის ჩიხში დასრულდა - დროებითი ზავით. სამხრეთ კორეამ ათწლეულების განმავლობაში ვერ მიაღწია დემოკრატიას. სამოცდაათი წლის შემდეგ, ჩვენ იქ გვყავს 20,000 -ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იმის აღიარებით, რომ სამხრეთ კორეის გამოცდილ არმიასაც კი არ შეუძლია ჩრდილოეთის მარტო შეკავება. აი, რას მივაღწიეთ: სტაბილური ბალანსი კორეის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ კორეის ღირებული მოკავშირეობა და ძლიერი წარმომადგენლობა ინდო-წყნარ ოკეანის ზონაში. ავღანეთი არ არის სამხრეთ კორეა. მაგრამ ჩვენ შეიძლებოდა, მიგვეღწია გონივრული შედეგისთვის გაცილებით მცირე ვალდებულებებით. მეტ დროს შეიძლებოდა შეენარჩუნებინა ამერიკული სადაზვერვო და კონტრტერორისტული აქტივები ადგილზე, რათა დაგვეცვა ჩვენი მოკავშირეები და ჩვენი სამშობლო ტერორისტული თავშესაფრის ხელახალი გაჩენისგან. ასევე მეტ დროს შეეძლო, შეგვენარჩუნებინა ბაგრამის საჰაერო ბაზა სახიფათო რეგიონის შუაგულში, რომელიც მოიცავს პაკისტანს და ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთის ყველაზე საშიშ ქვეყანას - ირანს. მეტი დრო ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს მოემსახურებოდა. ჩვენ არ მივეცით მეტი დრო საკუთარ თავს და ავღანელებს. ეს გასაგებია, მაგრამ ისე ვიჩქარეთ, რომ დავტოვეთ საბრძოლო სეზონის შუაგულში. ჩვენ ვიცით, რომ „თალიბანი“ ზამთარში უკან იხევს. იქნებ მანამდე ლოდინი და ავღანელებისთვის ცოტა მეტი დროის მიცემა შესაძლებელი იყო, რათა შემუშავებულიყო სტრატეგია ქაბულის ქაოსური დაცემის თავიდან ასაცილებლად? ახლა ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ სიჩქარისგან გამოწვეული შედეგებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რეგიონული მოკავშირეების და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის „თალიბანის“ მმართველობის ბუნების შესამსუბუქებლად. იმედი გვქონდეს, რომ „თალიბანის“ ლიდერები ამას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ მოსახლეობას სასტიკად არ მოეპყრობიან, როგორც ამას იქამდე აკეთებდნენ. და როდესაც ჩვენ ვაცოცხლებთ საიგონის დაცემის ამბავს, არის ერთი ფურცელი, რომლის გადამეორება ისევ ღირს. ჩვენ გადავარჩინეთ ათასობით სამხრეთ ვიეტნამელი, რომლებიც დაგვეხმარნენ განადგურების პირას მყოფნი. ჩვენ არ მივიღეთ ისინი და ბევრი დაზარალდა ჩრდილოეთის ხელით. რატომ ადარებენ თალიბანის ქაბულში გამარჯვებას ვიეტნამში, საიგონის დაცემას? თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა გადაადგილებაც უზრუნველვყავით და დღეს, მათი შვილები და შვილიშვილები, ყოველდღიურად უწყობენ ხელს ამერიკის გაძლიერებას. ისინი არიან ბიზნესმენები, განმანათლებლები, მთავრობის წარმომადგენლები და ჯარისკაცები, რომლებიც 11 სექტემბრის შემდეგ ჩაირიცხნენ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში. თუ სხვას არაფერს ვაკეთებთ, სასწრაფოდ უნდა მივცეთ თავშესაფარი ავღანელებს, რომლებსაც სჯეროდათ ჩვენი. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ კვლავ გვჯერა მათი.
ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა
ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდასა და „თალიბანის“ დამარცხებიდან 20 წლის შემდეგ, რომელიც ევროატლანტიკური სივრცის გარეთ, NATO-ს ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას მოჰყვა, დაჯგუფება „თალიბანი“ ძალაუფლებას იბრუნებს. ამერიკელი სამხედროების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ, ქვეყანამ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავად ვერ შეძლო. 70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის დასკვნაში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, აღნიშნული იყო, რომ ამერიკელი სამხედროების გასვლიდან 6 თვეში, შესაძლოა, ავღანეთის მთავრობა დაშლილიყო. დასკვნაში ეწერა, რომ „თალიბანმა“ ათეულობით რაიონი დაიკავა. ხშირ შემთხვევაში კი, ავღანეთის თავდაცვის ძალები ბრძოლის გარეშე ნებდებოდნენ, უკან იხევდნენ და ტოვებდნენ ამერიკელების მიერ მიწოდებულ შეიარაღებასა და ტექნიკას. ავღანეთის ხელისუფლება მოსალოდნელზე სწრაფად ჩამოიჩალა. ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ჯარების გაყვანას არ ვნანობ, ავღანელებმა თავად უნდა იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისთვის დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის გადადგომას ითხოვს ავღანეთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა საერთაშორისო საზოგადოებამ და ქვეყანამ ეს ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო - აცხადებს ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე Europetime-თან ინტერვიუში. „როდესაც ავღანეთზე ვსაუბრობთ, მთავარი რაც უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე და ავღანეთისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მათ შეძლებოდათ. შეერთებულმა შტატებმა ჩადო უზარმაზარი რესურსი, მათ შორის ფინანსური, დაახლოებით 2 ტრილიონი დახარჯა. გუშინ, ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს ფული წავიდა სასახლეების მოწყობაში, პირად კომფორტსა და კორუფციაში. რეალობა ისაა, რომ ქვეყანაში აღმოჩნდა ხელისუფლება, რომელმაც ეს დახმარება ვერ მიიტანა ხალხამდე, ვერ გამოიყენა სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და სახელმწიფოს წარმატებისთვის. დაახლოებით 10 წელი აფრთხილებდნენ ავღანეთის ხელისუფლებას, რომ ჩვენ ნელ-ნელა გავალთ და ქვეყანაზე პასუხისმგებლობა თქვენ აიღეთო. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ ეს დახმარება ვერ გამოიყენეს. ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის უნდა იყოს მაგალითი, რომ დახმარება ვერ იქნება მუდმივი და მუდმივად არავინ არაფერს გაჩუქებს. დახმარება უნდა გამოიყენო ეფექტიანად და საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა შენ უნდა აიღო“, - აღნიშნავს ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე Europetime-თან ინტერვიუში. აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძეც იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ელემენტალური წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოხერხდა იმ ჯარების მხრიდან, რომელიც გაწვრთნა და თანამედროვე იარაღით აღჭურვა შეერთებულმა შტატებმა. როგორც Europetime-თან ინტერვიუში ილიას უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, საერთო აზრი არსებობდა, რომ ადრე თუ გვიან, „თალიბები“ მოახერხებდნენ ძალაუფლების ხელში აღებას, თუმცა არ ელოდნენ, რომ ეს ყველაფერი მარტივად და სწრაფად განხორციელდებოდა. გიორგი სანიკიძე: მოსალოდნელი მოულოდნელობა“ , - ასე შეიძლება „მოვნათლოთ“ ის, რაც მოხდა. დონალდ ტრამპის დროს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ, საერთო აზრი არსებობდა, რომ ადრე თუ გვიან, „თალიბები“ მოახერხებდნენ ძალაუფლების ხელში აღებას, თუმცა მეორე მომენტია, რომ არ ელოდნენ, თუ ეს ყველაფერი მარტივად და სწრაფად განხორციელდებოდა და იმ ჯარების მხრიდან, რომელიც გაწვრთნა და თანამედროვე იარაღით აღჭურვა შეერთებულმა შტატებმა, ელემენტალური წინააღმდეგობის გაწევა არ იქნებოდა. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ექსპერტის დასკვნით, „თალიბანი“ არ არის ისეთი ძალა, რომლის მოთოკვაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეეძლო“. თენგიზ ფხალაძე: ეს არის პარტიზანულ ომებში გამოვლილი ხალხი, რომელზეც ვერ იტყვი, რომ რეგულარული ჯარი და ისეთი ძალაა, რომლის მოთოკვაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეეძლო, მაგრამ სწორედ უავტორიტეტობის გამო, „თალიბანს“ სხვებზე მეტი ნდობა და ძალა აღმოაჩნდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავღანური საზოგადოება არის ძალიან რთული, რაც გამოიხატება მის სიჭრელეში. იქ არის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, ძალიან სერიოზული თემური ინსტიტუტები, უხუცესთა საბჭოები... იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო“. როგორი იქნება „თალიბების“ პოლიტიკა, გიორგი სანიკიძე აქ ორ ვარიანტს განიხილავს: შემზარავი და საშინელი რეჟიმის დამყარება, რომელიც საერთაშორისო ინტერვენციამდე იყო. მეორე ვარიანტი - როგორც თავად აცხადებენ, ლოიალურად იქნებიან განწყობილნი მოსახლეობის იმ ნაწილისადმი, რომლებიც „თალიბებს“ არ უჭერენ მხარს. თუმცა ძველი გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ტალღა მეზობლებისა, მიაწყდება მეზობელ ქვეყნებს და უფრო შორსაც, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. ტერორიზმთან ბრძოლის 20 წელი და მოსალოდნელი საფრთხეები თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი დაიწყო ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი მიიჩნევს, რომ „თალიბანის“ გაძლიერება ქმნის ტერორიზმის გაძლიერების საფრთხეს. ასევე იზრდება ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ალბათობაც. ეს შეიძლება, არ იყოს სამხედრო ოპერაცია ავღანეთში, მაგრამ სპეცსამსახურები აქტიურად უნდა იყვნენ კოორდინაციაში იმისთვის, რომ ამ საფრთხეების ლოკალიზება მოხდეს და არა მისი გადმოდინება და გაზრდა. თენგიზ ფხალაძე: ეს მისია რომ არ ყოფილიყო, გაცილებით უარესი ვითარება იქნებოდა. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ტერორიზმის საფრთხე აღმოფხვრილია. სამწუხაროდ, ყოველთვის ის შედეგი არ მოაქვს ძალისხმევას, როგორიც გვინდა. თუნდაც ის, რომ ბინ ლადენის წინააღმდეგ ჩატარდა ოპერაცია, და კიდევ ბევრი სხვა ოპერაცია, მნიშვნელოვანი იყო. თავისთავად ცხადია, რომ ავღანეთი პრობლემად რჩება. იქ არის ორი ძირითადი თემა: ტერორიზმი და ნარკოტიკები. სამწუხაროდ, ერთიც და მეორეც, დღეს აქტუალურია. თუმცა, ამაზე ძალიან აქტიურად უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რადგან „თალიბანის“ გაძლიერება ქმნის ტერორიზმის გაძლიერების საფრთხეს. ასევე იზრდება ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ალბათობაც. ეს შეიძლება, არ იყოს სამხედრო ოპერაცია ავღანეთში, მაგრამ სპეცსამსახურები აქტიურად უნდა იყვნენ კოორდინაციაში იმისთვის, რომ ამ საფრთხეების ლოკალიზება მოხდეს და არა მისი გადმოდინება და გაზრდა. ანალოგიურ საფრთხეზე საუბრობდა Europetime-თან (ივლისში გამოქვეყნებულ ინტერვიუში) პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია: თუ „თალიბანი“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ და გარკვეული კოორდინაცია მეზობელ ქვეყნებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოხდეს ინფორმაციის გაზიარება, რადგან მარტო საქართველო ვერ გაუმკლავდება ნარკოტრაფიკის საშიშროებას. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა, თუნდაც ინტერპოლის და სხვა ორგანიზაციების ეგიდით. ასევე მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა, რომლებიც ასევე იგივე გამოწვევის წინაშე არიან. გიორგი სანიკიძე: რა შეიძლება ითქვას საქართველოსთან დაკავშირებით, ავღანეთთან ტერიტორიულად ახლოს არ ვართ და არც საზღვარი გვაქვს, თუმცა ცენტრალური აზიის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მომხდარი ცვლილებები მიმდებარე რეგიონებზეც აისახება და ეს არც თუ ისე სასურველი ცვლილებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის. რაიმეს პროგნოზი დღეს რთულია. რადიკალური იდეოლოგიის შესაძლო ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში გიორგი სანიკიძე: ეს იედოლოგია საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა ასეთი ტიპის გარდაქმნებისა და ცვლილებების მოწინააღმდეგეებიც ახლო აღმოსავლურ საზოგადოებებში ბევრად მეტნი არიან, ვიდრე „თალიბების“ ტიპის მოძრაობის მომხრეები. რას წარმოადგენს „თალიბანი“ „თალიბანი“ სამხრეთ ავღანეთში პუშტუნთა ტომის (აღმოსავლეთ ირანული ეთნიკური ჯგუფის ხალხი, რომელიც ცხოვრობს ძირითადად ავღანეთსა და პაკისტანში) წევრმა, მულა მოჰამედ ომარმა დააფუძნა, რომელიც შემდეგ მოჯაჰედის (ისლამის თანახმად, რელიგიური მოტივებით საბრძოლო მოქმედებების მონაწილე) მეთაური გახდა. მან 1989 წელს, ხელი შეუწყო ქვეყნიდან საბჭოთა კავშირის გაძევებას. 1994 წელს, ავღანეთში სამოქალაქო ომის დროს, მულა ომარმა ყანდაარში, დაახლოებით 50 მიმდევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოაყალიბა. „თალიბანი“ ანუ სტუდენტები - ასე დაერქვა სახელი მულა ომარის მიერ დაფუძნებელი ჯგუფის წევრებს. მულა ომარის „სტუდენტებმა“ სწრაფად დაიპყრეს ყანდაარი და დაიკავეს დედაქალაქი ქაბული, 1996 წელს, როდესაც ავღანელები იმედგაცრუებულნი იყვნენ ქვეყნის დაუცველობით. „თალიბანმა“ სასწრაფოდ დააწესა მკაცრი ისლამური წესები, რომლებიც კრძალავდა ტელევიზიას და მუსიკას, გოგოების სკოლაში სიარულს და აიძულებდნენ ქალებს ბურკის (ბურკა - ფართო ქსოვილი, რომელიც ქალს მთლიანად, სახის ჩათვლით ფარავს) ტარებას. „თალიბანი“ თანამშრომლობდა ბინ ლადენთან, როდესაც მან 11 სექტემბრის ტერაქტი დაგეგმა. 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტებმა აშშ-ში განლაგებული სამიზნეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღად სამგზავრო თვითმფრინავები გამოიყენეს. მეორე დღეს კი, პირველად ალიანსის ისტორიაში, მოკავშირეებმა აამოქმედეს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი (NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მუხლი) და ამით დაადასტურეს, რომ NATO-ს ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა წარმოადგენს თავდასხმას ალიანსის ყველა წევრზე. შესაბამისად, ალიანსმა მიიღო ზომები ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად. როდესაც „თალიბანმა“ უარი თქვა აშშ-ის მოთხოვნაზე, გადაეცათ ბინ ლადენი, ამერიკული ძალები ავღანეთში შევიდნენ და მულა ომარის მთავრობა სწრაფად დაამხეს. მოლა ომარმა და „თალიბანის“ სხვა ლიდერებმა თავშესაფარი მეზობელ პაკისტანში იპოვეს. 2020 წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა და „თალიბანმა“ ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ადგენს 14- თვიან ვადას, ამერიკის მიერ ავღანეთიდან თავისი ძალების გაყვანის შესახებ და იმავდროულად, „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებებს, რომლებიც ომის დასრულებას გულისხმობდა. დიპლომატიური აღიარება „თალიბანმა“ მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი და საუდის არაბეთი. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. „თალიბანს“ აშშ-ში არ აქვს ტერორისტული ორგანიზაციის ოფიციალური სტატუსი. სტატიაში „თალიბანის“ შესახებ მასალა მომზადებულია ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის და BBC-ის მიხედვით. ამავე თემაზე: The Wall Street Journal-ი: ქაბულის აეროპორტში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა თურქულმა მხარემ დაადასტურა მზაობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანენ ქაბულის აეროპორტში
რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ერთობლივი ბრძოლის სტრატეგია ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ
სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო საშუალებებისა და კონვენციური, არარეგულარული (პარტიზანული და ასიმეტრიული), ტერორიზმის, კრიმინალური და კიბერ ბრძოლის მეთოდების ერთობლივი, კოორდინირებული, ღია და ფარული გამოყენება - ეს ჰიბრიდული ომია, რომელსაც რუსეთი რიგი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად იყენებს: შეიტანოს განხეთქილება და დაასუსტოს NATO, ძირი გამოუთხაროს პროდასავლურ მთავრობებს, შექმნას ომის წინაპირობა, მოახდინოს ტერიტორიების ანექსია მისთვის დიდწილად დაკეტილ ევროპის ბაზრებზე - ვკითხულობთ სტრატეგიული კვლევებიც ცენტრის პუბლიკაციაში (Understanding Russian Hybrid Warfare). აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ მუქარას, ძალის გამოყენებით და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების აქტიური გამოყენებით ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სამინისტრომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გაავრცელა. 2008 წლის ომის პარალელურად, რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი კიბერშეტევა, შეიარაღებულ კონფლიქტებში კიბერსივრცის გამოყენების პირველ პრეცედენტად ითვლება. „უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირებისას კი, რუსული კიბერშეტევები კიდევ უფრო გაძლიერდა: გარდა ტრადიციული შედეგებისა, რუსეთმა გამოიყენა მსხვილი მობილური ოპერატორების შესაძლებლობა აბონენტების ფარული მოსმენებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის, მოპოვებული მონაცემებით ადგილმდებარეობისა და საარტილერიო დარტყმის კოორდინატების განსასაზღვრად. 2015 წელს, რუსეთის მიერ ორგანიზებულმა კიბერშეტევამ გამოიწვია კინეტიკური ეფექტი: თავდასხმისას მაღალტექნოლოგიური მალვეარის გამოყენებამ მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინული ენერგოსისტემის ნაწილი“, - ვკითხულობთ კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებლის ანდრია გოცირიძის სტატიაში, რომელიც რონდელის ფონის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამავე სტატიაშია მოყვანილია ესტონეთისა და ლიეტუვის მაგალითები. კერძოდ: 2007-2008 წლებში ესტონეთისა და ლიეტუვის წინააღმდეგ განხორციელებული DdoS კიბერშეტევები სადამსჯელო ოპერაციას და ერთგვარ პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენდა, რომლის მიზანიც სამოქალაქო მღელვარებისა და მასობრივი არეულობის გამოწვევა იყო, თუმცა არ უკავშირდებოდა ამა თუ იმ სამხედრო ამოცანის შესრულებას და არც საომარი მოქმედებების ინფორმაციულ უზრუნველყოფას ემსახურებოდა. ლიეტუვის მაგალითზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მარინა კალიურანდმა ისაუბრა: „ჩვენ, ესტონელებს იგივე ამოცანები გვაქვს, ჩვენ ვიყავით რუსეთიდან კიბეროპერაციების სამიზნეები და აქ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა შეგვიძლია საქართველოსთან. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს. 2008 წლის ომის დროს, მე ვიყავი კიბერსაკითხებში ექსპერტი და გვაქვს შემუშავებული თანამშრომლობის პროექტები, საქართველო ამ კუთხითაც ჩვენი პრიორიტეტია. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა საქართველოს კარგი მეგობარია. 2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში (2007-2011), მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში 2007 წელს, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა ჩემს ქვეყანაზე. ასე რომ, მე არ ვარ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებით, არც ჰიბრიდულ გამოწვევებსა და საინფორმაციო ოპერაციებზე. მე ეს პირადად წლების განმავლობაში განვიცადე, როგორც ესტონეთის ელჩმა რუსეთში. სხვათა შორის, როდესაც საქართველო რუსეთის ნომერ პირველი მტერი იყო და მე ესტონეთის ელჩი ვიყავი მოსკოვში, ჩემს საელჩოში მიგვქონდა ქართული ღვინო, ქართული ღვინო აკრძალული იყო მოსკოვში, ტალინის სუპერმარკეტიდან ჩამოვიტანეთ და ასე ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს. 2008 წელს მე ამას „ღვინის პატარა დიპლომატია“ ვუწოდე“, - ასე იხსენებდა ევროპარლამენტარი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარინა კალიურანდი Europetime-თან ინტერვიუში 2007-2008 წლის რუსული აგრესიის პერიპეტიებს. ცნობისათვის, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობაზეა საუბარი NATO-ს 14 ივნისის სამიტის კომუნიკეში. კერძოდ, მასში აღნიშნულია: „მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის თვალსაზრისით, ტრენინგებით და წვრთნებით უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. ჩვენ ველით NATO-საქართველოში მორიგ სწავლებებს 2022 წელს“, - აღნიშნულია კომუნიკეში. ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეგახსენებთ, 19 ივლისს, ბათუმში, პეტრას ციხეზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ დეკლარაციის გაფორმებით, სხვა საერთო მიზნების დასახვის გარდა, პირობა დადეს, რომ ჰიბრიდულ საფრთხეებს, დეზინფორმაციას ერთობლივად დაუპირისპირდებიან, გააძლიერებენ მედეგობას კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ და ეს მიიღწევა ევროკავშირთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაზე (CSDP) თანამშრომლობით. რას გულისხმობს ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების თანამშრომლობას პრიორიტეტულად მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი. „ასოცირებულ ტრიოს“ ძალიან ბევრი რამ აქვს ერთად გასაკეთებელი, ევროკავშირთან თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა კი ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ევროკავშირი პოლიტიკურად აფიქსირებს სამივე ქვეყნების მიმართ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ვიცით, რომ სამივე ქვეყანას აქვს პრობლემა რუსეთთან და რუსეთი ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა სივრცის დემოკრატიზაციას, ევროპეიზაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და სწორედ ამ ქვეყნებს შეუქმნა რუსეთმა პრობლემა, პირველ რიგში ტერიტორიული, ამასთან, აწარმოებს დეზინფორმაციულ პროპაგანდას, კიბერთავდასხმებს, სხვა სახის ჰიბრიდულ ომს სამივე ქვეყნის წინააღმდეგ, აგენტურულ მოქმედებებსა და ძირგამომთხრელ საქმიანობას. თავის დროზე, ევროკავშირი არ ფიქრობდა, რომ რუსეთი გაბედავდა ჰიბრიდული ომის წარმოებას მის წინააღმდეგ, მაგრამ ასე მოხდა და 2015 წლიდან ევროკავშირმა უკვე სერიოზული ბრძოლა დაიწყო რუსეთის ჰიბრიდული ომის გამოწვევების წინააღმდეგ ზომების მიღება. ევროკავშირს აქვს კიდევაც თავის სტრატეგიაში. 2016 წელს მიიღო ეს გლობალური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტნიორების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის მედეგობა ხელშეწყობილი უნდა იყოს. ეს ხაზს უსვამს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების განვითარებას, თავისთავად, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას, გათვალისწინებულია ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობა ერთმანეთთან ამ საფრთხეების წინააღმდეგ, რასაც თავის მხრივ, ევროკავშირიც ალბათ ხელს შეუწყობს“, - აცხადებდა კახა გოგოლაშვილი Europetime-თან ინტერვიუში. დაეხმარება თუ არა „ასოცირებული ტრიოს“ ერთიანი სტრატეგიული გეგმა ამ ფორმატში შემავალ ქვეყნებს, შეამცირონ რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა და უფრო ქმედითი გახადონ თავიანთი სვლა ევროინტეგრაციისკენ. უფრო ადრე, დეკლარაციაზე ხელმოწერამდე, ამ საკითხზე Europetime-მა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ექსკლუზიურად ჩაწერა, როდესაც ის სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში თბილისს კოლეგებთან ერთად სტუმრობდა. „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდნენ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს. სრულიად ვიზიარებ იმ გარემოებას, რომ მათ შეუძლიათ, უფრო ეფექტიანი გახადონ თავიანთი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმები „ასოცირების ტრიოს“ იდეას“, - განუცხადა ლანდსბერგისმა Europetime-ს. ჯოზეფ ბორელი ჰიბრიდულ საფრთხეებზე დასავლეთის რეაგირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ტომას პეტრიჩეკმა Europetime-თან ექსკლუზიური ინტერვიუში. ჩეხი პოლიტიკოსი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ივლისში იმყოფებოდა. „მე ხაზგასმით აღვნიშნავდი დასავლეთის რეაგირებას, რომელიც მიმართულია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ, გარე ზეწოლასთან, მათ შორის ახალ საფრთხეებთან (როგორიცაა ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია) გასამკლავებლად. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მდგრადობის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ტომას პეტრიჩეკმა. გაანეიტრალებს თუ არა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საერთო ძალისხმევა რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხეებს, მაგალითად დეზინფორმაციას, რუსულ ნარატივებს და საბოლოოდ წინ წასწევს თუ არა ამ ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, ეს შეკითხვა Europetime-მა ანალიტიკოს თეონა ლავრელაშვილს დაუსვა. ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამის ხელმძღვანელის შეფასებით, ასოცირებული ტრიოს აქვს პოტენციალი, გაზარდოს ქვეყნების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართაც. „ეს არის კარგი პლატფორმა, რომელიც შეიძლება და უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს უკრაინის და მოლდოვის მიერ, რათა უკეთ განსაზღვრონ რუსეთის მავნე ზეგავლენა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაონ და მოახდინონ ერთობლივი რეაგირება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ დეკლარაციაში ნათლად არის ნახსენები ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერმედეგობა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიფიქროთ ქვეყნის მასშტაბით ქმედებებზე რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ ტრიოს ფორმატში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ექსპერტების რჩევები, რათა ამ პლატფორმის პოტენციალი კონკრეტულ პოლიტიკურ ქმედებებში აისახოს“, - აღნიშნავს თეონა ლავრელაშვილი. რა გზები არსებობს ჰიბრიდული ომის გამოწვევების გასამკლავებლად, ამ საკითზებზე საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა, გვანცა აბდალაძემ Europetime-თან ისაუბრა. „როდესაც დეზინფორმაციას საზოგადოება მიჰყავს ამ მდგომარეობამდე, იქ უკვე მარტივდება რეალური პოლიტიკური მიზნების მიღწევა. ანუ დეზინფორმაცია ეფექტურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის მექანიზმად და დადგა სასურველი შედეგი. რა შეიძლება ჩავთვალოთ რეაგირების ეფექტურ მექანიზმად? - სახელმწიფოში ინსტიტუციური მდგრადობა (როდესაც რეალური მიღწევები და წარმატებები აღარ ტოვებს სივრცეს, მოქალაქე დაკავდეს შეთქმულების თეორიებით), მედია-პროფესიონალიზმი, მოქალაქის მომზადება ახალი გამოწვევებისთვის (მედიაწიგნიერების დანერგვა განათლების სისტემაში დაწყებითი განათლების ეტაპიდანვე), დეზინფორმაციასთან და მტრულ პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პრიორიტეტად ქცევა. დეზინფორმაციას ქმნიან და ავრცელებენ პროფესიონალები და ჩვენთვისაც პროფესიონალიზმის ზრდა სხვადასხვა სეგმენტში ერთადერთი სწორი გამოსავალია ჰიბრიდული ომის გამოწვევებთან გასამკლავებლად“. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: კიბერთავდასხმებს, შესაძლოა, ,,ნამდვილი ომი" მოჰყვეს ექსკლუზივი: ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია კელი დეგნანი: ყველამ იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია არეულობის გამოწვევისკენ
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს
Europetime-მა ევროპარლამენტარ (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვასთან ექსკლუზიური ვიდეოინტერვიუ ჩაწერა. ჩეხმა პოლიტიკოსმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესები შეაფასა და პოლიტიკურ აქტორებს მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრებისკენ მოუწოდა. ამ მოწოდებას წინ უძღვის მისი კოლეგების გაფრთხილება მიკროფინანსური ტრანშის შესაძლო შეჩერებაზე. „პროცედურებსა და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მარკეტა გრეგორევა გახლავთ ამაზე პასუხისმგებელი, რომელიც მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მუშაობს. სხვა ნაბიჯებიც არსებობს, თუ არ შესრულდება ხელშეკრულება, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით სინქრონიზაცია მოვახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილებებისა აშშ-სთან“, - ეს განცხადება ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე 30 ივლისს გააკეთა. Europetime-მა მარკეტა გრეგორევას ამ საკითხზეც დაუსვა შეკითხვები. _როგორ შეაფასებთ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე და მის გავლენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე? ეს ძალიან სამწუხაროა. არ მინდა, მკაცრი ვიყო, თუმცა გულწრფელად აღვნიშნავ, ბატონი შარლ მიშელი ბათუმში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და მთელ დროს უთმობდა ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ევროკავშირისთვის სახეში სილის გაწვნას გავს, რადგან ეს ითვლება ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებად, ამიტომ, მისი გაუქმება აჩვენებს, რას ფიქრობს „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან ურთიერთობაზე. ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს. _თქვენმა კოლეგამაც აღნიშნა თბილისში ვიზიტისას, რომ ევროპარლამენტში, სერიოზულად ფიქრობენ მიკროფინანსური ტრანშის შეჩერებაზე. ასევე გვახსოვს ევროკომისიის განცხადებაც. ამ მიმართულებით თავად მუშაობთ და რა შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ ამ საკითხზე და მასთან დაკავშირებულ პროცედურებზე. რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა და მიკროსაფინანსო დახმარება აშკარად ერთ -ერთი მათგანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც ხორციელდება ევროკავშირის სტანდარტული საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში. ასე რომ, ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ, ახლა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოხდება და როდესაც საკანონმდებლო პროცედურა იწყება, ჩვენ შეგვიძლია როგორღაც ის სისრულეში მოვიყვანოთ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის კომისიასა და საბჭოს შორის განსახილველი საკითხი. პრობლემა ის არის, რომ საბჭოს და კომისიის თანამშრომლების უმრავლესობა ახლა შვებულებაშია, რადგან აგვისტოს განმავლობაში ევროკავშირის ინსტიტუტები შვებულებაში არიან. ასე რომ, ეს ართულებს სწრაფ რეაქციას. ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ მათთან კონტაქტს და ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ რასაც მე ვხედავ, ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებული ატმოსფეროდან გამომდინარე, აუცილებლად იქნება ძლიერი რეაქცია ევროკავშირისგან. რა თქმა უნდა, თუ ისინი შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სასარგებლო იქნება შექმნილ ვითარებისთვის, მაგრამ პირადად მე ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს, რომ ეს მოხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამას არ ვისურვებ. _უკვე მოვისმინეთ მმართველი პარტიის განცხადებებიც, რომ არ აპირებენ გადაწყვეტილების გადახედვას. ამ შემთხვევაში, საჭიროა პასუხი ევროკავშირიდან. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ მხოლოდ ინსტრუმენტი, რომელიც მაშინ გამოიყენება, როდესაც ეს მოსახერხებელია. _როგორც ცნობილია, გადაწყვეტილებების სინქრონიაზაცია მოხდება აშშ-სთან, რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები? ვნახე მათი განცხადებები, აშშ რეალურად უფრო იმედგაცრუებული და გაბრაზებულია. დიახ, მოლაპარაკებები ევროკავშირის ინსტიტუტებსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ვერ გეტყვით, რა იქნება შედეგი, რადგან მათ ჯერ თავადაც არ იციან ეს შედეგი. მაგრამ თანამშრომლობით, ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ სიტუაციის მოგვარებას, მაგრამ ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ ვერ ვაიძულებთ საქართველოს, თუ მთავრობა ამას არ მოისურვებს. ასე რომ, საჭიროა, არსებობდეს ორმხრივი ან სამმხრივი ნება სიტუაციის შესაცვლელად. _ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური აქტორებისადმი თქვენი რჩევა რა იქნებოდა? დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ქმნის უფრო მეტ პრობლემას და განხეთქილებას. ვფიქრობ, რომ მათ უნდა გადალახონ ეს პრობლემა, რადგან ეს არ ეხებათ მხოლოდ მათ, ეს ეხება ქვეყანას და მათ მოქალაქებს. ისინი უნდა დასხდნენ ერთ მაგიდასთან („ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა სხვა) და შეთანხმდნენ, რაც დაეხმარება ქვეყნის სტაბილურობას, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვწონს პანდემიურ ვითარებაში ცხოვრება, პრობლემები, და უკვე არსებობს სხვა პრობლემები დემოკრატიული სისტემის არსებობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს. _როგორ უყურებთ 2024 წლის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის პერსპექტივას არსებული ვითარებიდან გამომდინარეც, როდესაც გვესმის ევროპარლამენტარების მხრიდან განცხადება, ქვეყანა ევროკავშირს დაშორდა, ვიდრე ეს იყო თუნდაც 3 თვის წინ. შეიძლება ასეც ჩანდეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ რაღაც შეიცვალა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფიქრობენ მთავრობა და პოლიტიკური აქტორები ევროკავშირსა და ევროპაზე. ასე რომ, ალბათ ამის თქმა ძნელი იქნება, მაგრამ ის ფაქტი, რომ მთავრობა განაცხადით მოითხოვოს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას, ვფიქრობ, გულწრფელი ამბიცია არ არის. შეიძლება, არ ვარ მართალი და გამიხარდება, რომ არ ვიყო მართალი, მაგრამ ჯერჯერობით ასე ჩანს. ეს არის ქაღალდზე, მაგრამ არ ჩანს მათ ქმედებებში. რა თქმა უნდა, 2024 წლამდე არის სამი წელი. ასე რომ, შეიძლება შეიცვალოს ვითარება, ჩვენ ვნახეთ, რომ მოვლენები სულ რაღაც რამდენიმე თვეში იცვლება. მაგრამ პოლიტიკა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს, რომ ევროკავშირმა რეალურად დაიჯეროს, რომ მათ გულწრფელად სურთ, შეუერთდნენ ევროკავშირს.
ანდრიუს კუბილიუსი: იმედი მაქვს, ყველა მხარეს ესმის, რომ გაზრდილი დაძაბულობა სასწორზე დებს ქვეყნის მომავალს და ევროპული რეფორმების პროგრესს
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება იყო რთულად მოპოვებული გამარჯვება და მმართველი პარტიის მხრიდან ამ შეთანხმებიდან გასვლა ცუდი სიგნალია. Europetime-თან კომენტარში კუბილიუსი იმედოვნებს, რომ ყველა მხარეს ესმის, გაზრდილი დაპირისპირება სასწორზე დებს ქვეყნის მომავალს და ევროპული რეფორმების პროგრესს. „იმედი მაქვს, იპოვიან გზას უთანხმოების გადასალახად“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ კარგავს საერთაშორისო ნდობას და, სამწუხაროდ, იგივე ხდება საქართველოზეც. ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება არჩევნებისთვის მოსამზადებლად კარგი საფუძველი იყო, ახლა კი გაუქმებულია ეს შეთანხმება. „ვერ გეტყვით, რამდენად შეუძლია ამ ნაბიჯს, ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას და უზრუნველყოს პოლიტიკური დიალოგი. საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, დაეხმარონ საქართველოს ევროპული რეფორმების გზაზე და ევროკავშირმა ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი ჩართულობით აჩვენა“, - აღნიშავს ანდრიუს კუბილიუსი. ცნობისთვის, 29 ივლისს, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ მისია ამოწურა. „ქართული ოცნების“ განცხადებით ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“. ამავე თემაზე: ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ
საფრანგეთის ელჩი: სასამართლო რეფორმა, პრესის თავისუფლება, უმცირესობების დაცვა - 5 ივლისის შემდეგ, ეს საკითხები ყველაზე მეტად იპყრობს ჩემს ყურადღებას
Europetime-მა საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ექსკლუზიურად ჩაწერა. დიპლომატმა 19 აპრილის შეთანხმების დატოვებაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება შეაფასა. დიეგო კოლასის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმების მხარდაჭერა, საუკეთესო გზას გვთავაზობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. „დიდად არ ვარ დაინტერესებული, მომდევნო ადგილობრივი არჩევნების შედეგების სპეკულირებით, ან იმის განხილვით, თუ რა რეზულტატი შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ შედეგს ამ არჩევნებზე. ვეთანხმები შარლ მიშელს, რომ 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის, განსაკუთრებით სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერა, საუკეთესო გზას გვთავაზობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. 5 ივლისის შემდეგ, საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად იპყრობს ჩემს ყურადღებას, ეს არის პრესის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება, უმცირესობების დაცვა ძალადობისგან და დაშინებისგან; ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესრიგს; სასამართლო რეფორმა. ეს ის საკითხებია, სადაც იმედი მაქვს, რომ დაწყებული ხელისუფლებიდან, ყველასგან დავინახავ ევროპული, დასავლურ ფასეულობებისადმი ერთგულების ძლიერ ნიშნებს“, - აღნიშნა დიეგო კოლასმა. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმება გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები
ჯეიმს აპატურაი: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა
Europetime-მა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ექსკლუზიურად ჩაწერა. უსაფრთხოების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება განსაზღვრავს რეფორმების საუკეთესო გზას, რაც საქართველოს მოუტანს სარგებელს და ეხმარება საქართველოს, წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ძალიან სამწუხაროა. 19 აპრილის შეთანხმება არის საუკეთესო გზა იმ რეფორმების მისაღწევად, რომლებიც სარგებელს მოუტანს და ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური გზისკენ სწრაფვაში; ამიტომაც შეიტანა საქართველომ ამ შეთანხმების განხორციელება თავის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანას, მომემზადოს NATO-ს წევრობისთვის. ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, მხარი უნდა დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად“, - განუცხადა ჯეიმს აპატურაიმ Europetime-ს. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამავე თემაზე: შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმება გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები ამერიკის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით
ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ
რას მოუტანს ქვეყანას მმართელი გუნდის მხრიდან, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გასვლა და როგორ აისახება ის ევროინტეგრაციის პროცესზე. გამომდინარე იქედანაც, რომ შეთანხმების შესრულების აუცილებლობა სხვა დოკუმენტებთან ერთად დაფიქსირდა NATO-ს სამიტის დასკვნით კომუნიკეში, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ ასეთი დონის შეთანხმების უგულვებელყოფა და გვერდზე გადადება თავისთავად ცხადია, რომ დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ამაზე მეტყველებს ის შეფასებებიც, რომლებიც უკვე მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან. ექსკლუზივი: NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბრობს შეთანხმების ანულირებაზე ჯეიმს აპატურაის განცხადებით: 19 აპრილის შეთანხმება განსაზღვრავს რეფორმების საუკეთესო გზას, რაც საქართველოს მოუტანს სარგებელს და ეხმარება, წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამიტომაც შეიტანა საქართველომ შეთანხმების განხორციელება თავის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში (Annual National Programme), რომელიც ეხმარება საქართველოს, მოემზადოს NATO-ში საბოლოო წევრობისთვის. „ცხადია, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას, რადგან ეს არ არის რიგითი ფარატინა ქაღალდი, ეს არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი, რომლის უკან ევროკავშირი და პირადად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დგანან. ამიტომ, ასეთი დოკუმენტის იგნორება არაფრით არ შეიძლება. მის მნიშვნელობაზე ჩვენს პარტნიორებს არაერთხელ გაუსვამთ ხაზი, ეს არის დოკუმენტი, რომლის შესრულების აუცილებლობა სხვა დოკუმენტებთან ერთად დაფიქსირდა NATO-ს სამიტის დასკვნით კომუნიკეში. ასე რომ, ასეთი დონის შეთანხმების უგულვებელყოფა და გვერდზე გადადება თავისთავად ცხადია, რომ დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ამაზე მეტყველებს ის შეფასებებიც, რომლებიც უკვე მოვისმინეთ“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Europetime-თან საუბრისას. პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია კი მიიჩნევს, რომ მთლიანობაში, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა და ქვეყანა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა გზაჯვარედინზე ბოლო 30 წლის განმავლობაში. „ეს კონფრონტაციის გზა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, საერთაშორისო იზოლაციისკენ გზაა და პირველი გამოხმაურებებიც ამაზე მიუთითებს. მთალიანობაში ეს ხელს უშლის როგორც დემოკრატიულ განვითარებას, ასევე სტაბილურობას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო შარლ მიშელის შეთანხმების. ამას შეიძლება, მოჰყვეს ძალიან სერიოზული გართულებები საქართველოს ხელისუფლებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის იქედან გამომდინარე, რომ შესაძლოა, ევროკავშირი პირდაპირ სანქციებზე არ გადავიდეს, მაგრამ პირობითობის პრინციპი, რომელზეც იყო საუბარი, შესაძლოა, აუცილებლად გამოიყენოს და მათ შორის შეაჩეროს ფინანსური და სხვა ტიპის დახმარებები, რომლებსაც საქართველოს წლების განმავლობაში უწევს. ევროკომისია მოსამართლეების არჩევაზე: ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს თუ ასე მოხდა (როგორც ერთ დროს მოლდოვის შემთხვევავში), ეს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. ამას ემატება კოვიდპანდემია, რომელსაც ქვეყანა ვერ უმკლავდება. არჩევნებში დამარცხების და როგორც ხშირად ხდება ქართულ პოლიტიკაში, ქართული ვენდეტის შიში, იმდენად დიდია, რომ არც ევროკავშირს უწევენ ანგარიშს და აშშ-ს. თუ გავითვალისწინებთ ამერიკის საელჩოს დღევანდელ განცხადებებს, არ არის გამორიცხული, პერსონალურ სანქციებზე იყოს ლაპარაკი, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხისტ პოზიციებზე უარი არ თქვა. მცდელობა, როგორღაც, ქვეყნისთვის საფრთხედ წარმოაჩინონ მრავალპარტიული მმართველობა, მიუღებელია საზოგადოებისთვის, რადგან კოალიციური მმართველობა არა საფრთხე, არამედ ევროპის წამყვან ქვეყნებში სტაბილურობის და მედეგობის გარანტია. ბუნებრივია, მარტივი არ არის ოპოზიციის რადიკალურ ინსტიქტებთან გამკლავება, მაგრამ ხელისუფლების ვალდებულებაა, მიაღწიონ ამ სტაბილურობას. ბოლო წლების განმავლობაში გადაწვეს ხიდები როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისე ოპოზიციასთან და ახლა უკვე მედიასთან. ამის ფონზე ჩანს, რომ ხელისუფლებაში დარჩენას ყველანაირად ცდილობენ, მათი თვითგადარჩენის ინსტიქტი უფრო ძლიერია, ვიდრე ევროკავშირის ან აშშ-ის სავარაუდო სანქციები“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია Europetime-თან ინტერვიუში. ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი Europetime-თან აღნიშნავს, რომ შეთანხმების ანულირება კიდევ უფრო ამძაფრებს პოლარიზაციას და უფრო მეტად რთული გახდება კონსენსუსის და თანამშრომლობის მიღწევა პარტიებს შორის. „ალბათ, ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვით, რომ შეთანხმების ანულირება კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენი ქვეყნის პოლარიზაციას და უფრო მეტად რთული გახდება კონსენსუსის და თანამშრომლობის მიღწევა პარტიებს შორის. თუ დააკვირდით, შარლ მიშელის რეაქცია იყო კვლავ შემრიგებლური და არ იყო მიმართული მხოლოდ ერთი მხარის დადანაშაულებისკენ (აშშ-სგან განსხვავებით). მგონია, რომ ბრიუსელს კარგად აქვს გააზრებული, რომ ტანგოს ცეკვავს ორი, რომ თუკი შეთანხმებაა, ის უნდა შესრულდეს ყველა მხარის მხრიდან, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან“, - აცხადებს ანალიტიკოსი. რა გავლენა ექნება მომხდარს პროდასავლურ კურსზე, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევრის, თენგიზ ფხალაძის დასკვნით, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ეხებოდა იმ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების შესრულებას, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს შექმნისათვის და ზოგადად, ქვეყანაში ევროპული პოლიტიკის კულტურის დამკვიდრებისათვის და თუ ქვეყანა ამას არ გაითვალისწინებს, ვერ იქნება საუბარი ინტეგრაციაზე იმ გუნდსა და ბლოკში, რომლებიც დასავლურ სტანდარტებს განსაზღვრავენ. გაერთიანებული სამეფო: ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს თბილისი პრაიდის დროს, ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე თენგიზ ფხალაძე: მოდით, განვსაზღვროთ, რა არის პროდასავლური კურსი. ეს არის ქვეყნის მშენებლობა დასავლური სტანდარტებით და რაც ახლა ჩვენთან ხდება, ეს არ არის დასავლური სტანდარტი. ეს დოკუმენტი ეხებოდა იმ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების შესრულებას, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს შექმნისათვის და ზოგადად, ქვეყანაში ევროპული პოლიტიკის კულტურის დამკვიდრებისათვის. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, რომელ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეზეა ლაპარაკი. თუ ჩვენ არ გვექნება ამ სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო და ზოგადად, ასეთი სტანდარტების პოლიტიკური ურთიერთობები, ვერანაირად ვერ ვილაპარაკებთ ინტეგრაციაზე იმ გუნდსა და ბლოკში, სადაც ეს ყველაფერი არის არამხოლოდ აუცილებელი, არამედ განსაზღვრული. ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია გადის შიდა რეფორმებსა და იმ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც პირველ რიგში ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა პარტიულ კონიენქტურას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პოლიტიკურ აქტორებთან მორიგ კონსულტაციებს აანონსებს. შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმება გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები კონსულტაციების განახლებაზე განცხადება ექსპერტებისთვის ცხადს ხდის, რომ შარლ მიშელს თავისი მისია დასრულებულად არ გამოუცხადებია. თეონა ლავრელაშვილი: ვფიქრობ, ევროკავშირს აქვს კვლავ იმედი, რომ მოლაპარაკებებები იქნება შესაძლებელი და ამიტომ გადაწყდა კონსულტაციების გაგრძელება. როგორც ჩანს, შარლ მიშელს თავისი მისია არ გამოუცხადებია დასრულებულად. არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირის სანქციების დაწესებას ან რაიმე მსგავს ქმედებაზე იფიქრებს. ევროკაშირი შეეცდება, მისი „რბილი ძალა“ გამოიყენოს და მოლაპარაკებების და დარწმუნების გზით დაეხმაროს საქართველოს ჩიხიდან გამოსასვლელი გზის მოძიებაში. თუმცა ცხადია, რომ `Сonditionality` (პირობითობის) პრინციპი უფრო გაძლიერდება ევროკავშირთან ურთიერთობაში“, - განუცხადა თეონა ლავრელაშვილმა Europetime-ს. თენგიზ ფხალაძე: ჩვენი პარტნიორებისა და შარლ მიშელის მხრიდან არის მცდელობა, რომ ეს პროცესი დასრულდეს კონსტრუქციულ ფარგლებში და არ გადაიზარდოს რადიკალიზმსა და იმ დაპირისპირებაში, რომლებიც ქვეყანას კიდევ უფრო დააზარალებს. რამდენად გავიგებთ ამას, გავითავისებთ და მივხვდებით, რომ არასწორი გზით მივდივართ და უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას მისცემს ნორმალური, დემოკრატიული ფუნქციონირების საშუალებას, ეს უკვე მეორე საკითხია. რაც უფრო მალე მივხვდებით ამას, უკეთესი იქნება. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შეთანხმების ჩაშლაზე, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა იმით განსხვავდება სხვა ყველა დანარჩენის პასუხისმგებლობისგან, რომ აქ პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია. თენგიზ ფხალაძე: ამაზე ნათლად იყო მინიშნებული ყველა განცხადებაში. შეიძლება, ყველას პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ და ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორს თავისი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნა იმით განსხვავდება სხვა ყველა დანარჩენის პასუხისმგებლობისგან, რომ აქ პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, ათმაგი და ასმაგია. ასე რომ, არაფრით არ შეიძლება თანაბარ პინაზე დაყენება ხელისუფლების და სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. კორნელი კაკაჩია: ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან ხელისუფლება აგებს ქვეყნის სტაბილურობაზე პასუხს. რა თქმა უნდა, არც ოპოზიციის ის წევრები არიან ანგელოზები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ ხელშეკრულებას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევიდა, რამაც მეტ-ნაკლებად შეანელა დაპირისპირება. თან, 5 ივლისის მოვლენების ფონზე, ხელისუფლებას დაკარგული ჰქონდა საერთაშორისო პრესტიჟი და ახლა ამ განცხადების გაკეთება აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ 43%-ის მიღებას შეძლებენ არჩევნებზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია აჰყვეს რადიკალურ ქმედებებში. პირიქით, მან უნდა გააკეთოს საპირისპირო და დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ ისინი არიან კეთილგონივრული აქტორები და შეიძლება, ამ ხალხს არჩევნების მოგების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს დასავლეთმა. ხელისუფლება რომ დისკრედიტებულია, არ ნიშნავს, რომ რადიკალურ თამაშში უნდა აჰყვე. თუ სურთ, რომ სიმპათია დაიმსახურონ საერთაშორისო საზოგადოების და ასევე, საზოგადოების ქვეყნის შიგნით, უფრო სოლიდურები უნდა იყვნენ და ნაკლებად ემოციური გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც ქვეყნის და არა ვიწროპარტიულ ინტერესებს მოემსახურება. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „ქართული ოცნების“ განცხადებით ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“. „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო აქტორების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, ევროპარლამენტარებმა „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების გაუქმებისკენაც მოუწოდეს. მმართველი პარტიის გადაწყვეტილების საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ განაცხადეს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ. თავად შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი: უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია ბრიუსელთან და ვიფიქროთ ასოცირებული ტრიოს პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფის შექმნაზე
ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი, რომელსაც ევროსტრუქტურებში მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს და ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამას ხელმძღვანელობს, Europetime-თან ინტერვიუში, ევროკავშირთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებისა და ასოცირებული ტრიოს პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. თეონა ლავრელაშვილის შეფასებით, ასოცირებულ ტრიოს ასევე აქვს პოტენციალი, გაზარდოს ქვეყნების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართაც. რას გულისხმობს ეს ინიციატივები, უფრო კონკრეტულად, ინტერვიუდან შეიტყობთ. _როგორ შეაფასებდით საქართველოში, ბათუმში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრას და ე.წ. პეტრას მემორანდუმს? ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ევროკავშირთან უფრო ამბიციური და ღრმა თანამშრომლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასოცირებული ტრიოს დეკლარაციით - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ცალმხრივად და ერთობლივად გამოვიდნენ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებული ინიციატივით. ასოციაცირებული ტრიოს პოლიტიკური დაბადება აშკარა სიგნალია ბრიუსელისთვის, რომ ეს სამი ქვეყანა არამხოლოდ მზადაა, განაგრძოს ინტეგრაცია ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღმა, არამედ ერთად განაგრძონ სრულფასოვანი წევრობის მიზნისკენ სწრაფვა. ეს ბრიუსელს აყენებს ისეთ პოზიციაში, რომ ასოცირებული ტრიოს მოთხოვნას რაიმე ფორმით უპასუხოს. მაშინაც კი, თუკი ევროკავშირი შესაძლოა და ალბათ გარკვეულწილად ყოყმანობს ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის წევრობის პერსპექტივის მინიჭებაზე, ველი, რომ ასოცირებული ტრიოს ფორმატის საშუალებით, ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერებული ინტეგრაციის შესახებ კიდევ უფრო მკაფიო პერსპექტივები გამოჩნდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც, ჩემი აზრით, დავიწყებულია ასოცირებული ტრიოს დღევანდელ ფორმატში, ეს არის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობის აღიარება თავად ამ ქვეყნებს შორის. თუ გვსურს ავირიდოთ ის, რომ ასოცირებული ტრიო მხოლოდ პოლიტიკურ ან დიპლომატიურ ინიციატივად რჩება, უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ინტეგრაცია ამ სამ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სექტორულ სფეროში. ამისათვის საჭიროა კოორდინაცია ხელისუფლების შტოებთან ასევე პარლამენტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. _ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საერთო ძალისხმევა გაანეიტრალებს თუ არა რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხერბს, მაგალითად დეზინფორმაციას, რუსულ ნარატივებს და საბოლოოდ წინ წასწევს თუ არა აღნიშნული ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს? ასოცირებული ტრიოს აქვს პოტენციალი, გაზარდოს ქვეყნების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართაც. ეს არის კარგი პლატფორმა, რომელიც შეიძლება და უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს უკრაინის და მოლდოვის მიერ, რათა უკეთ განსაზღვრონ რუსეთის მავნე ზეგავლენა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაონ და მოახდინონ ერთობლივი რეაგირება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ დეკლარაციაში ნათლად არის ნახსენები ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერმედეგობა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიფიქროთ ქვეყნის მასშტაბით ქმედებებზე რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ ტრიოს ფორმატში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ექსპერტების რჩევები, რათა ამ პლატფორმის პოტენციალი კონკრეტულ პოლიტიკურ ქმედებებში აისახოს. რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი ტრიოს განიხილავს, როგორც საფრთხეს, რომელმაც შეიძლება შეამციროს მისი გავლენა შესაბამის ქვეყნებში. გასაკვირი არ არის, რომ დუმის ზოგიერთმა წევრმა უკვე შეაფასა ასოცირებული ტრიო, როგორც მცდელობა, „შექმნას კიდევ ერთი „„სანიტარული კორდონის“ ხაზი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ის ბრძანებით შეიქმნა“. პრორუსულმა ძალებმა, მაგალითად, იგორ დოდონმა მოლდოვაში, მას ძალიან საშიში დოკუმენტი უწოდა. გასაკვირი არ იქნება, თუ რუსეთი მხოლოდ განაგრძობს და გააძლიერებს ძალისხმევას, სანდუს გამარჯვების ფონზე, მავნე გავლენის პრაქტიკის გამოყენებით. _თქვენ აღნიშნეთ, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის, ექსპერტების რჩევა ასოცირებული ტრიოს ფორმატის განვითარებისთვის, შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ ამის შესახებ. აშკარაა, რომ საჭიროა და ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციის ძალისხმევა ბრიუსელთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ევროპარლამენტარი კუბილიუსი ასევე ხშირად იმეორებს ერთობლივი სტრატეგიული საკომუნიკაციო გეგმის შექმნის აუცილებლობის შესახებ. ფრაგმენტული მიდგომის თავიდან ასაცილებლად, უნდა ვიფიქროთ ასოცირებული ტრიოს პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფის შექმნაზე. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ასევე იყენებენ ამ ტიპის პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფს ერთმანეთთან, რათა კოორდინაცია გაუწიონ თავიანთ ძალისხმევას, ხედვის ჩამოყალიბების საფუძველზე. ვფიქრობ, რომ ასეთი რამ შეიძლება გაკეთდეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც, როდესაც პოლიტიკის ექსპერტებსა და აკადემიურ გაერთიანებებს აერთიანებთ თავიანთი ძალისხმევა კონცეპტუალური ანალიზისა და სტრატეგიული სიღრმის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. _თქვენი აზრით, ევროკავშირის ასეთი ჩართულობა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უკვე მესამე ვიზიტი საქართველოში რითია გამოწვეული და რა მოლოდინები აქვს ევროპას საქართველოდან? მახსოვს, როდესაც ევროკომისიაში ვმუშაობდი - ჩემმა დიდმა უფროსმა, იოჰანეს ჰანმა, რომელიც იმ დროს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითებში ევროკომისარი იყო, გაიმეორა, რომ „ჩვენ არ გვინდა არასტაბილურობის შემოტანა, ჩვენ გვინდა სტაბილურობის ექსპორტი“. ეს აქტუალური რჩება დღესაც. ევროკავშირს სურს და სჭირდება სტაბილური საქართველო ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუტებით. რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური ზეწოლის ფონზე, საქართველო რჩება ევროკავშირის არსებით მოკავშირედ არამხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ბევრ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, ტექნიკური თანამშრომლობა და ბრიუსელმა ასევე კარგად იცის, რომ საქართველოში ევროკავშირი უზარმაზარი მხარდაჭერით სარგებლობს. ეს აძლევს ევროკავშირს არამხოლოდ უფლებამოსილებას, შეასრულოს როლი ქვეყნის სტაბილიზაციაში, არამედ ამარაგებს მას ტრანსფორმაციის ძალით, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, როგორც ჩვენი მხრიდან შესაძლებლობა. ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
„თალიბანი“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილის, ტაჯიკეთის საზღვრის კონტროლს აძლიერებს
„თალიბანი“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ტაჯიკეთის საზღვარს უკვე აკონტროლებს. ექსპერტები ამბობენ, რომ სამთავრობო ჯარების მდგრადობაც არ არის მაღალი. ავღანეთის მთავრობის შესაძლებლობებში, რომ ის „თალიბანის“ შეტევებისგან თავს დაიცავს, მათ ეჭვი შეაქვთ. ამის საფუძველს კი გავრცელებული ცნობები იძლევა. „თალიბანი“ ტაჯიკ მებრძოლებს ნაწილობრივ ავღანეთის ჩრდილოეთით საზღვრის გასაკონტროლებლად გზავნის. იუწყება დღეს რადიო თავისუფლოების ევროპის ბიურო. მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ თვეს, როდესაც „თალიბებმა“ ავღანეთი-ტაჯიკეთის საზღვართან, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საგუშაგო დაიპყრეს, ტაჯიკ მებრძოლებს „თალიბანის“ დროშის აღმართვა დაავალეს. ტაჯიკი მაჰდი არსალონი, რომელიც მებრძოლთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, განალაგეს ხუთ რაიონში, რომლებიც „თალიბებმა“ ტაჯიკეთის საზღვართან, ბოლო თვეების განმავლობაში ხელში ჩაიგდეს. ავღანეთში არსალონს და სხვა ტაჯიკ მებრძოლებს „ტაჯიკური თალიბანის“ სახელით იცნობენ. სინამდვილეში ისინი ჯამაათ ანსარულას წევრები არიან, რაც ტაჯიკეთში, როგორც ტერორისტული დაჯგუფება აკრძალულია. ანსარულა ამრიდინ ტაბაროვმა 2010 წელს დააარსა, რომელიც ანტისამთავრობო ძალების საველე მეთაური იყო ტაჯიკეთის 1992-97 წლების სამოქალაქო ომის დროს. ტაბაროვი, იგივე მოლა ამრიდინი, 2015 წელს ავღანეთის სამთავრობო ძალებმა მოკლეს. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურების ოფიცერი რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროსთან საუბრისას ადასტურებს, რომ არსალონი ახლა უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი ავღანეთის ხუთ რაიონში, ტაჯიკეთის მოსაზღვრედ, რომლებიც ამჟამად „თალიბების„ მიერ კონტროლდება. ის ასევე ამბობს, რომ არსალონმა „თალიბანს“ წარუდგინა" დაახლოებით 200 ტაჯიკი მებრძოლი. სავარაუდოდ, მათ ავღანეთის ჩრდილოეთ ბადახშანის პროვინციაში, „თალიბანის“ მიერ ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებულ შეტევაში მიიღეს მონაწილეობა, როდესაც შეიარაღებულმა ჯგუფმა დიდი ტერიტორიები დაიპყრო. სხვადასხვა წყარო ასევე ადასტურებს, რომ „თალიბანს“ ტაჯიკეთის რამდენიმე მოქალაქე შეუერთდა. შარიფოვი დაჯგუფებას 7 წლის წინ შეუერთდა. მისმა დედამ მედიას განუცხადა, რომ არსალონი რუსეთში წავიდა 2015 წელს. ექვსი თვის შემდეგ, შარიფოვმა დედას ტელეფონით უთხრა, რომ მან „ტყეში დაიწყო მუშაობა, სადაც მობილური ტელეფონის სიხშირე მიუწვდომელია“. ბოლოს ის შვილს 20 ივლისს ესაუბრა, მანამდე კი მასთან სახლში მივიდნენ ტაჯიკეთის ოფიციალური პირები და უთხრეს, რომ ის ავღანეთშია. მედია არსალონის მეგობარსაც ესაუბრა, რომელიც ირწმუნება, რომ შარიფოვი სთხოვდა, შეერთებოდა ჯიჰადს. ტაჯიკეთის ხელისუფლებამ მეამბოხეთა შორის სულ მცირე 10 ადამიანი გამოავლინა. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მუჰამედ შარიფოვი (მეტსახელად არსალონი) ამ ჯგუფში ირიცხებოდა. ტაჯიკმა მებრძოლებმა ბადახშანში ავღანეთის ხელისუფლების ყურადღება 2020 წლის ნოემბერში მიიპყრეს, როდესაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ აჯანყებულები ავღანეთის არმიის ფორმიანებს სასტიკად კლავენ. ბოევიკების ნაწილი ტაჯიკური აქცენტით საუბრობდა. „თალიბანის“ სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა მედიას განუცხადა, რომ თალიბები მხარს უჭერენ ტაჯიკეთთან კარგ ურთიერთობებს და ავღანეთში არცერთ დაჯგუფებას შუა აზიის რომელიმე ქვეყნის მოსაზღვრედ თავდასხმის უფლებას არ მისცემენ. მისი თქმით, პირიქით, „თალიბანი“ ამის პრევენციას ახდენს. თუმცა ამ დაპირების არ სჯერა ტაჯიკეთის ხელისუფლებას. პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა ავღანეთის საზღვარზე 20,000 დამატებითი ჯარისკაცის განლაგების ბრძანება გასცა. ტაჯიკეთმა ასევე ჩაატარა სამხედრო წვრთნები ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 230,000-მა ჯარისკაცმა. ტაჯიკეთის მთავრობის წარმომადგენელი,, რომელმაც მედიასთან ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნავს, რომ „ჯერჯერობით ნამდვილად არ ყოფილა არანაირი მტრული ქმედება თალიბების მხრიდან ტაჯიკეთის მიმართ. "მათ თქვეს, რომ ეს ზიანს არ მიაყენებს ტაჯიკეთს. ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ანსარულამ, რომელიც ამჟამად ემსახურება „თალიბანს“, არაერთხელ შეცვალა თავისი პოზიცია და მიზნები. ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ მომავალში ის თავს არ დაესხმება ტაჯიკეთს ”, - დაამატა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ცნობისათვის, ექსპერტების მოლოდინი, რომელიც მათ Europetime-თან დააფიქსირეს, გამართლდა და დუშანბემ ასევე სთხოვა დახმარება მის მოკავშირე, რუსეთს, სამხრეთ საზღვრების დასაცავად. ხომ არ გაიზრდებოდა რუსული გავლენები ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ესპერტები ამაზეც თანხმდებიან, რომ ეს გავლენა ისედაც მაღალია, თუმცა ფაქტია, რუსეთი ამ გავლენის გაფართოებას შეეცდება. ამ თემაზე საუბრისას კი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა შეძლონ მშვიდობის უზრუნველყოფა, რადგან თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი იღებდნენ ინვესტიციებს, მხარდაჭერას და გადიოდნენ წვრთნებს ISAF ძალების დახმარებით. ამასთან, ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ ავღანეთის მთავრობამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რის გაკეთებას აპირებენ და რა ტიპის სახელმწიფოდ სურთ ჩამოყალიბება. თავის მხრივ, პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთ დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია Europetime-თან საუბრისას აცხადებს, რომ „ტაჯიკეთი ვერც და არც ახერხებდა, გაეკონტროლებინა საზღვარი და ამიტომაც იყო იქ რუსეთის ნაწილი. (ინფორმაციისთვის: რუსული მედიის ცნობით, ტაჯიკეთის ტერიტორიაზე 201-ე რუსული სამხედრო ბაზა მოქმედებს. ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო ობიექტი მის საზღვრებს გარეთ) „ახლა საუბარია დამატებით ძალებზე, რაც ბუნებრივია, გააძლიერებს რუსეთის პოზიციას, რადგან თუ რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხე რეალური გახდა, შეიძლება, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ავღანეთს ესაზღვრებიან, რუსეთს მიმართონ, რადგან უზბეკეთშიც იყვნენ რადიკალური ელემენტები, რომლებიც უზბეკეთს 10-15 წლის წინ უქმნიდნენ პრობლემებს და რომლებიც ავღანეთში NATO-ს ეგიდით მისიის პირობებში გაანეიტრალეს. „ახლა კი, თუ კავშირები აღადგინეს „თალიბანთან“, რომელიც მათი მხარდამჭერი იყო, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, ამან შესაძლოა, გარკვეული დესტაბილიზაციის ელემენტი შემოიტანოს რეგიონში, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ეს ქვეყნები დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას და რუსეთისგან ითხოვონ დახმარება... უამრავი შეკითხვა ისმის, რა მიზანი ჰქონდა მისიას. მიზანი გასაგებია აშშ-სთვის და დასავლეთის ქვეყნებისთვის: არ ყოფილიყო „ალ-ქაიდა“, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანას შეღავათი არ ექნება, თუ იგივე რეჟიმი დაბრუნდა და ასეთ შემთხვევაში არ ვიცით, როგორი ურთიერთობა ექნება მას ისლამურ სამყაროსთან, მეზობლებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია. თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა ამასთან, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ Europetime-თან განაცხადა, რომ „არავის ინტერესშია, ავღანეთი კვლავაც გადაიქცეს ტერორიზმის ბუდედ. „ასე რომ, ეს გამოწვევა ნამდვილად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მეკავშირეები კვლავაც სერიოზულ დახმარებას გაუწევენ ავღანეთს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს დადგა ის ეტაპი, როდესაც ქვეყანამ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა აიღოს“. ამავე თემაზე: აშშ ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად ავიადარტყმებს განაგრძობს გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას ექსკლუზივი: ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს აშშ-ის არმიის ბოლო ოთხვარსკვლავიანი გენერალი ავღანეთში, ქაბულიდან გააცილეს აშშ-ისა და NATO-ს ძალებმა ბაგრამის ავიაბაზა დატოვეს აშშ-მა და NATO-მ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს ჰილარი კლინტონი: ერთი საკითხია ჯარების გაყვანა ავღანეთიდან, თუმცა შესაძლო შედეგებისგან თავი შორს არ უნდა დავიჭიროთ ამავე თემაზე: თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა
ვარშავის ინსტიტუტის პრეზიდენტი ტომას კიჟევსკი: ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია დაჩქარდეს
Europetime-მა ვარშავის ინსტიტუტის პრეზიდენტი ტომას კიჟევსკი ექსკლუზიურად ჩაწერა. ის მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა დიპლომატად, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკაში. ტომას კიჟევსკის, როგორც ექსპერტის საქმიანობა შემდეგ სფეროებს მოიცავს: ჰიბრიდული ომი და ასიმეტრიული კონფლიქტები, ანტიტერორიზმი და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ტომას კიჟევსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა და Europetime-ს ის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებსა და ასოცირებული ტრიოს, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ესაუბრა. _რა მოლოდინები გაქვთ კონფერენციისგან? ჩვენ გვსურს, რომ ამ კონფერენციის საშუალებით კიდევ უფრო მეტი გავიგოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია საქართველოს უფრო სწრაფად წაიწიოს წინ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და უფრო გაარღმაოს თანამშრომლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან. მე ვფიქრობ, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველო ევროინტეგრაციისკენ ისწრაფვის, თუმცა ამ გზაზე უამრავი გამოწვევა არსებობს. _რა მთავარი გამოწვევებია ეს? მთავარი გამოწვევები ყოველთვის შიდა პოლიტიკას და ინტეგრაციის გზაზე განვითარების შესაძლებლობას უკავშირდება. ამიტომ, ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა ასევე ძირითადი საკითხებია. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ უფრო ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა არსებობს სხვა საფრთხეებიც, მათ შორის ჰიბრიდული, თუმცა გარე აქტორების მიმართ მეტი ყურადღების ნაცვლად, უნდა გავაძლიეროთ ინსტიტუციები ქვეყნებს შიგნით, გავაძლიეროთ საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირის და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან. _ამ მიზნით აწერენ ხელს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერები დეკლარაციას, როგორ აფასებთ მათ საერთო ამოცანებს? მათი ერთობლივი ძალისხმევა მისასალმებელია. მე ვფიქრობ, რომ სამი ქვეყანა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველაზე მოწინავე ქვეყნები არიან, რომლებმაც ევროინტეგრაციის გზა აირჩიეს. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე არიან. ვაკვირდებით რა ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტს, უნდა დავაჩქაროთ ევროინტეგრაციის ეს პროცესი, რადგან სხვადასხვა პოლიტიკური ცვლილება შეიძლება მოხდეს. ეს ის დროა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ევროპულ სტრუქტურებთან საქართველოს დაახლოების პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო. ვფიქრობ, ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს. ეს უნდა გააკეთოთ ევროკავშირთან თანამშრომლობით. ამავე დროს, ჩემი აზრით, ევროკავშირი და დასავლეთის სხვა ქვეყნები უნდა იყვნენ მეტად მოქნილები, როდესაც საქმე ეხება კულტურული განსხვავებების პატივისცემას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, პოლონეთი და სხვა. დემოკრატიზაციის სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანია და მას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ საქართველოს მსგავს ქვეყნებს, შექმნან დემოკრატიის მხოლოდ ერთი მოდელი ამ გაგებით. ასე რომ, ვფიქრობ, კულტურულ და პოლიტიკურ მიდგომებში განსხვავებები უნდა შენარჩუნდეს და ეს არ უნდა იყოს დაბრკოლება ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ამავე თემაზე: ექსკლუზივი. ტომას პეტრიჩეკი: მივესალმები ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, როცა რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება
აშშ: სასამართლო რეფორმა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას
სახელმწიფო დეპარტამენტშის ანგარიშში, რომელიც საქართველოში საინვესტიციო გარემოს ეხება, საქართველოს მთავრობის მიერ, ანაკლიის პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან კონტრაქტის შეწყვეტის საკითხიც მოხვდა. როგორც ტექსტშია აღნიშნული, მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ინვესტორებს და ადგილობრივი ბიზნესის ლიდერებს ამაში ეჭვი შეაქვთ. მთავრობამ ანაკლიის პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან, რომელთა შორის ამერიკული კომპანიაც იყო, 2016 წელს კონტრაქტი დადო, თუმცა 2020 წელს, ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების შესახებ კონტრაქტი შეწყვიტა. ინვესტორთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ მთავრობის ქმედებებმა, რომლებიც მიმართული იყო პროექტის წინააღმდეგ, შექმნა ფინანსური სირთულეები და გამოიწვია კონტრაქტის საბოლოო გაწყვეტა. მიუხედავად მთავრობის მიერ მტკიცებისა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ერთგულია, ინვესტორები და ადგილობრივი ბიზნესლიდერები ამას ეჭქვეშ აყენებენ. პარალელურად, ლოგისტიკურმა და პორტების მმართველმა კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს ლოგისტიკური კომპანიები დაასრულებენ ორი ახალი ტერმინალის პროექტს და მესამე კი, მულტიმოდალური ტერმინალი ბათუმში კვლავ მშენებლობის პროცესში იქნება", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე Europetime-თან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ფილიპ რიკერმა განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. „შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს. ასევე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში „რესპუბლიკელმა“ სენატორმა რობ პორტმანმა ხაზი გაუსვა უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიციის წახალისების მნიშვნელობას საქართველოში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პორტებში. „ინფრასტრუქტურული პროექტები, განსაკუთრებით პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა“, - აღნიშნა რობ პორტმანმა Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიში ასევე ამახვილებს ყურადღებას სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორისთვის. „საერთო ჯამში, ბიზნესის და ინვესტიციისთვის გარემო ჯანსაღია. მიუხედავად ამისა, არსებობს მზარდი ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობიადმი, რომელიც განიხილოს კომერციული დავები დამოუკიდებლად, ან დროულად, კომპეტენტურად, ზოგიერთ ასეთ საქმეზე სასამართლო სისტემა წლების განმავლობაში იწელება. სხვა კომპანიები ჩივიან გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესის გამო, მუნიციპალურ დონეზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხარვეზებზე, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობაზე, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის კომერციული კანონების და ასევე კერძო საკუთრების შესახებ დავების მოგვარების დროს გამოვლენის სირთულეებზე“, - აღნიშნულია ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა ასევე ხაზი გაუსვა სასამართლო რეფორმის მნიშვნელობას, რათა ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია, რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია, რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ. სასამართლო სისტემის მიმართ ინვესტორების მხრიდან გამოთქმულ შეშფოთებაზე გაამახვილა ყურადღება Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში „რესპუბლიკელმა“ სენატორმა რობ პორტმანმა. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ განახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს“, - აღნიშნა რობ პორტმანმა. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატზე ანგარიში გამოაქვეყნა
ტომას პეტრიჩეკი: მივესალმები ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, როცა რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება
Europetime-მა ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ტომას პეტრიჩეკთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მან ეს პოზიცია სამი თვის წინ დატოვა. ტომას პეტრიჩეკი არის ჩეხი პოლიტიკოსი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2018 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აპრილამდე ეკავა. საერთაშორისო მედია წერს, რომ ტომას პეტრიჩეკი ჩეხეთის მთავრობაში, რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილ ერთ-ერთი გამორჩეულ მინისტრად ითვლებოდა. არქივი საქართველოსთან დაკავშირებით მის განცხადებებსაც ინახავს. მისი ერთ-ერთი ასეთი შეფასების თანახმად, რუსეთი ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას უკრაინაში, აზოვის ზღვასა და საქართველოში თავისი აგრესიითა და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით. ჩეხეთის პირველ დიპლომატობამდე, ტომას პეტრიჩეკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა, უფრო ადრე კი - სოციალური დაცვის საკითხებში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. იყო ჩეხეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ტომას პეტრიჩეკი გახლდათ ევროპარლამენტში უფროსი მრჩეველიც. ამ პოზიციებამდე კი პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ლექტორი იყო. ტომას პეტრიჩეკი ახლა გლობალური პოლიტიკური ეკონომიკის ცენტრში უფროსი ანალიტიკოსია და ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა. Europetime მასთან ინტერვიუს გთავაზობთ. _კონფერენცია - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც შედგა სესია - „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. რა არის ის მთავარი საკითხები, რომლებზეც ყურადღება გაამახვილეთ განხილვებისას? კონფერენციის მსვლელობისას მივესალმე იმ ფაქტს, რომ სამის ქვეყნის, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებმა ურთიერთობების უფრო დაახლოების შესახებ განაცხადეს, რათა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ამ ქვეყნების ინტეგრაცია დაჩქარდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია და მივესალმეთ რეგიონულ თანამშრომლობას და ჩვენ ამისკენ მოვუწოდეთ კიდეც. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და დანარჩენი ქვეყნების ამბიციებს, რომ გახდნენ ევროკავშირისა და NATO-ს წევრები. ასევე უნდა აღინიშნოს ის რეფორმების დღის წესრიგი და მისი განხორციელების მნიშვნელობა, რომლებიც სამივე ქვეყანას აქვს. ეს საკითხი მაღალ დონეზეა როგორც ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობებში, ასევე აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში. _რა მთავარი გამოწვევის წინაშე არიან ასოცირებული ქვეყნები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმები, კარგი მმართველობა, მართლმსაჯულება - ეს ის სფეროა, რომელზეც ბევრი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის და ეს ეხება სამივე ქვეყანას. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური განვითარების კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობების გაჩენა. ევროკავშირმა ახლახან გამოაცხადა ინციატივის შესახებ, რომელსაც შეუძლია, გაზარდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ინფორმაციისთვის: ევროკავშირი ეკონომიკური გარღვევის პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 2,3 მილიარდი ევროთი დაეხმარება _გარე საფრთხეებზე საუბრისას, ექსპერტებიც ამახვილებენ ყურადღებას სამი ქვეყნის საერთო გამოწვევაზე. როდესაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ვსაუბრობთ, თქვენ როგორც ჩეხეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რა რჩევა გექნებოდათ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მიმართ? მე ხაზგასმით აღვნიშნავდი დასავლეთის რეაგირებას, რომელიც მიმართულია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ, გარე ზეწოლასთან, მათ შორის ახალ საფრთხეებთან (როგორიცაა ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია) გასამკლავებლად. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მდგრადობის გასაძლიერებლად. _როდესაც ვსაუბრობთ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების თანამშრომლობაზე, როგორ უყურებთ საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას და შესაძლებლობას? ინფორმაციისთვის, ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მე მხოლოდ მივესალმები ტრიოს ქვეყნებს შორის რეგიონულ თანამშრომლობას. ეს არის კარგი ნაბიჯი, რაც დაეხმარება მათ, გაიზიარონ ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილება რეფორმების განხორციელებაზე სფეროებში, სადაც ჩვენ დავინახეთ, რომ რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება. ამავე თემაზე: რას გულისხმობს ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ზელენსკი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ტერიტორიებზე გამყოფი ხაზები აღარ გქვონდეს მაია სანდუ: გვაქვს პოტენციალი, ევროკავშირი უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი წევრობით და ეს კავშირი იყოს ინოვაციური და ყველასთვის სასარგებლო სალომე ზურაბიშვილი: შავი ზღვა მშვიდობის, თანამშრომლობის და ევროპასთან მიახლოების ზღვაა მოლდოვის პრეზიდენტი: ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა, ჩემი ქვეყანა და ბრიუსელი აცნობიერებდა, რომ აღარ ვიყავით წარმატებული შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს: მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი
მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ აშშ-ის და ევროკავშირის პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს - ლაშა დარსალია
„მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ ამერიკის და ევროკავშირის პარტნიორებს, საქართველოს, უკრაინას და ყველა სხვა პარტნიორს. ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს პარტნიორების ურთიერთობებს რუსეთთან. მივესალმებით იმას, რომ საქართველოს, ისევე როგორ სხვა პარტნიორების საკითხები, დღის წესრიგში მაღალ დონეზეა. საქართველოსთვის რეგიონულ პროცესებში ნებისმიერ ფორმატებში მონაწილეობა, სადაც არის რუსეთის ფედერაცია, წარმოუდგენელია, ვიდრე კონფლიქტების გადაწყვეტა არ მოხდება“, - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე, დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად ცოტა ხნის წინ შექმნილი სამთავრობო კომისიის მიზნებზე, რეგიონში გეოპოლიტიკური გარემოს შეცვლასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. _რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, უკანონო პატიმრები ტყვეობაში არიან. მათგან ერთ-ერთი, ზაზა გახელაძე ოკუპანტების მიერ გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ გათავისუფლდა. ვრცელდება ცნობები, რომ მისი გაცვლა მოხდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია? მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის პროცესები საკმაოდ რთულია. ადრეც გვქონდა წარმატებული შემთხვევები, როდესაც დავაბრუნეთ ჩვენი მოქალაქეები. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაიწელა. მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საკითხების ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაწყვეტა მოხდეს, რადგან მისი პოლიტიზება კიდევ უფრო ართულებს ხოლმე ასეთი ნაბიჯების გადადგმას. კიდევ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს დარჩენილი და ამაზე მუშაობა გრძელდება. დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, ვიდრე არ დასრულდება ყველა ეს პროცესი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის ფორმატები, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები და ყველა მექანიზმი, მათ შორის ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა, ეს არის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ხოლმე პროცესის წარმატებით დასრულებას. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მთავარია საკითხის ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაჭრა. _დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად, ცოტა ხნის წინ, სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიის პირველი საინაუგურაციო სხდომა კი რამდენიმე საათის წინ გაიმართა. რაზე გამახვილდა ყურადღება პირველ შეკრებაზე და უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ მიზნებსა და ამოცანებზეც. მოგეხსენებათ, სამთავრობო კომისია არის შექმნილი ამ მიმართულებით. დღეს იყო პირველი შეხვედრა და პრაქტიკულად, დღეს დაიწყო პროცესი. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანაა კომისიის წინაშე. მე ვიტყოდი, საკმაოდ ამბიციური ამოცანებია. პირველ რიგში, ეს არის უწყებათაშორისი პროცესის წარმართვა და მეორე მხრივ, ერთიანი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბება. აქ იგულისხმება ის, რომ არამარტო სახელმწიფო უწყებების, არამედ საზოგადოების ერთიანი ხედვა ჩამოყალიბდეს ამ მიმართულებით. საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და მერამდენე ათეული წელია, ეს საკითხი საქართველოს წინაშე დგას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე იყოს საერთო ეროვნული კონსენსუსი და ყველა აქტორი, ვინც მეტ-ნაკლებად ჩართულია ამ საკითხში, კომისიის მიერ მოიაზრება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და როგორღაც შევძლოთ ერთიანი ეროვნული ხედვის ჩამოყალიბება ამ საკითხებზე. _როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის განხორციელება? მოიაზრება ექვსთვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მეტ-ნაკლებად საერთო ხედვაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ და რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოვიაზრებთ ყველა აქტორთან, არამარტო სახელმწიფო აქტორთან, არამედ არასამთავრობო სექტორთან, Think-Tank-ებთან ჩართულობას სხვადასხვა პროცესის ფარგლებში, რომ ერთიანი აზრი ჩამოყალიბდეს. დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი, რადგან ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პრეროგატივა. მასზე უნდა არსებობდეს საერთო ეროვნული კონსენსუსი თავად საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ ყველა დაინტერესებული ჯგუფი, ვინც არის ჩართული პროცესებში, იყოს ამ პროცესის ნაწილი. _ამის პარალელურად, აღსანიშნავია, რომ აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებული ერთობლივი განცხადების თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ. როგორ უყურებთ ამ საკითხს და აქვს თუ არა რაიმე კავშირი იმ სტრატეგიასთან, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ? პირდაპირი ბმა არ არსებობს ამ ორ საკითხს შორის. რაც შეეხება პარტნიორების სტრატეგიას, მთავარია, რომ მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ ამერიკის და ევროკავშირის პარტნიორებს, საქართველოს, უკრაინას და ყველა სხვა პარტნიორს, და რომ ჩვენი საკითხები იქნება მაღალ დონეზე საერთაშორისო დღის წესრიგში. საქართველოსთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვა ქვეყნისადმი ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც გულისხმობს ჩვენი პარტნიორების და რუსეთის ურთიერთობებს, ჩვენთვის ამ მხრივ მნიშვნელოვანია და მივესალმებით იმ საკითხს, რომ საქართველოს, ისევე როგორ სხვა პარტნიორების საკითხები, დღის წესრიგში მაღალ დონეზე არის შენარჩუნებული. _რეგიონში ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სადაც გეოპოლიტიკურად შეცვლილი ვითარება მივიღეთ, საქართველოს როლი პარტნიორების დიდი ძალისხმევით საკმაოდ პოზიტიურად გამოიკვეთა. აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფოებიდან მადლობა მიიღო ქვეყანამ მისი მედიატორობით განხორციელებული შედეგისთვის. რას გვეტყოდით ამ როლზე და ამ პროცესებზე უფრო მეტს? მით უფრო, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ამერიკელი სენატორების ვიზიტი თბილისში და ასევე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ვიზიტი რეგიონის ქვეყნებში. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად, ჩვენს რეგიონში, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური გარემოც კი შეიცვალა. საკმაოდ რთული პროცესები განვითარდა. ეს ხდებოდა ჩვენს რეგიონში და თავისთავად, გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზეც. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პოზიციონირება, მოგეხსენებათ, სხვადასხვა აქტორის მიერ სხვადასხვა ფორმატზე იყო საუბარი. ცალსახად, ხაზი შეიძლება გაესვას, რომ საქართველოსთვის რეგიონულ პროცესებში ნებისმიერ ფორმატებში მონაწილეობა, სადაც არის რუსეთის ფედერაცია, წარმოუდგენელია, ვიდრე კონფლიქტების გადაწყვეტა არ მოხდება. რაც შეეხება თვითონ ფორმატებს, საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ ჩვენთვის მთავარია რეგიონული თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და სომხეთთან. მოგეხსენებათ, ჩვენ, ორივე მეზობელთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს, აზერბაიჯანთან გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები, სომხეთთან გვაქვს საკმაოდ კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეს არის საფუძველი რეგიონული თანამშრომლობისთვის. სწორედ ამას ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის არსებული სამშვიდობო პროცესების პარალელური პროცესი. პირიქით, ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ დაძაბულობის შემცირებას მთლიანად რეგიონში და ჩვენს მეზობლებს შორის, რაც დადებითად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესებზე რეგიონში. შესაბამისად, აქედანაც გამომდინარეობდა საქართველოს ინიციატივები, მათ შორის წარმატებული შემთხვევა, რომელიც თქვენც ახსენეთ, როდესაც საქართველოს შუამავლობით, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, უშუალოდ პრემიერ-მინისიტრის ჩართულობით მოხერხდა გარკვეული შედეგის მიღწევა და 15 ტყვის გათავისუფლება, მეორე მხრივ, აზერბაიჯანისთვის დანაღმული ველების რუკების გადაცემა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უსაფრთხოების გარემო ადგილზე. ეს ერთ-ერთი მაგალითია, მომავალში კი მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ნებისმიერ პროცესს, რომელიც ჩვენს მეზობლებს შორის დაძაბულობას შეამცირებს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რადგანაც დაძაბულობის შემცირება მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას იწვევს და აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ფორმატი, სადაც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჩვენი პარტნიორები. ამიტომ, როდესაც ფორმატებზეა საუბარი, საქართველო მხოლოდ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს განიხილავს უშუალოდ ბაქოსთან და ერევანთან. თუ თანამშრომლობაზეა საუბარი, საქართველო რა თქმა უნდა, ამ კუთხით განაგრძობს თანამშრომლობას ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან, პირველ რიგში, აშშ-სთან და ევროკავშირთან.