ახალი ამბები

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 6351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 306 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 896 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 410 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 16.58%, ბოლო 14 დღის - 10.90% ხოლო 7 დღის - 11.73%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 043 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 946 255. ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 582 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარა - 903, იმერეთი - 510, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 238, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 211, კახეთი -187, მცხეთა-მთიანეთი - 130, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 080 საიდანაც: 4 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 912, აჭარაში - 612, იმერეთში - 809. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 010 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 427, აჭარაში - 133, იმერეთში - 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 276 პაციენტი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 48, იმერეთში - 21. 1 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 006 - თბილისში, 554- აჭარაში. 54 891 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.

თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ორ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით კონკურსი კიდევ ორ თეატრში ცხადდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც აღინიშნა, ამჯერად, სამინისტრომ კონკურსი სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის და სსიპ თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოაცხადა. თეა წულუკიანმა კონკურსის პირობებსა და ვადებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით. მინისტრის განმარტებით, კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც მან, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას, თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის, თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას, ასევე, თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვ. როგორც აღინიშნა, თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც ის ვალდებულებას იღებს სახელმწიფოს წინაშე. „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიმდინარე წლის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს ახალი დებულება ( https://cutt.ly/cYbYx8Z.). დებულების თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში კონკურსს აცხადებს კულტურის სამინისტრო, ხოლო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. დებულების თანახმად, სამინისტრო წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ ორ და არაუმეტეს სამ კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის წინაშე წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს. სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ საბჭოსთვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად. სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, მისთვის კანდიდატურის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში მინისტრს წარუდგინოს შერჩეული კანდიდატი. საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge, ელექტრონული ფორმით. ინფორმაცია კონკურსის ვადებსა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ აქ: https://cutt.ly/EYOmnVc ", - აღნიშნულია ინფორმაიცაში.

სენატორი თომ თილისი: ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „მწვანე შუქი“ აუნთო

"ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „მწვანე შუქი“ აუნთო", – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა თომ თილისიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. „სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შესაჭრელად, სანამ ეს არის „მცირე შეჭრა“, დაშოშმინების პოლიტიკა ყოველთვის წარუმატებელია“, - წერს სენატორი. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა

აშშ-ის პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა

"ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ გვაქვს რამდენიმე ხელშეკრულება, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ევროპაში, რომელთა თანახმადაც შეგიძლია აირჩიო, თუ ვისთან ერთად გსურს ყოფნა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, მცირეა იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი დემოკრატიისა და იქ არსებული სხვა ბევრი საკითხის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, დაუჭერენ თუ არა მხარს მსხვილი დასავლელი მოკავშირეები ახლა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა

იენს სტოლტენბერგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა. იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე დაწერა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ჯოზეფ ბორელთან განიხილა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების განთავსების და ევროპულ უსაფრთხოებაზე მისი გავლენის საკითხები. მანამდე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა მხარდაჭერა. ასევე წაკითხეთ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გზას აირჩევს, აშშ რუსეთის ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს „ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, გამოვხატე NATO-ს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც არის რუსეთის საფრთხის წინაშე. მოკავშირეები რუსეთს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. მზად ვართ, ჩავერთოთ რუსეთთან შემდგომ დიალოგში, თუმცა ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავალთ“, - აღნიშნულია იენს სტოლტენბერგის Twitter პოსტში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-ში განაცხადეს, რომ ალიანსი მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც გასულ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

პაატა იმნაძე: „ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით

„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით - უფროსი თაობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში. NCDC-ის დირექტორის მოადგილის თქმით, „ომიკრონი“ ახალგაზრდა ადამიანებსა და ვაქცინირებულებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, თუმცა კვლევების მიხედვით, ეს შტამი „უჯრედულ იმუნიტეტის სისტემას ურტყამს, რამაც შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს“. „ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით. მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ომიკრონი“ ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და სადაც საჭიროა, ყველგან, პირბადე ვატაროთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. რამდენად არის საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების წარმოქმნის შესაძლებლობა, იმნაძე ამბობს, რომ ამის ალბათობა დაბალია. „საქართველოში ახალი მუტაციების წარმოქმნის შანსი დიდი არ არის იმიტომ, რომ ჩვენი პოპულაცია საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ ახალი მუტაცია წარმოიშვას. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის ალბათობა დაბალია. მთავარია, რომ აცრილები ვიყოთ, რათა კორონამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მოგვაყენოს და რაც მთავარია, მივაღწიოთ იმ პერიოდამდე, როდესაც ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება ანტივირუსული საშუალებები. ახალიც უკვე იქმნება და კიდევ მიდის მუშაობა. მთავარია, რომ ადამიანები არ იღუპებოდნენ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

„წითელმა ჯვარმა" საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქეები მოინახულა

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს სამი მოქალაქე, მამუკა ჩხიკვაძე, ვალერი კანიაშვილი და კახაბერ ნათაძე „წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. მათ ოჯახებიდან გაგზავნილი წერილები გადასცეს. ორგანიზაცია უკანონოდ დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას არ ავრცელებს. მათ დე ფაქტო სასამართლოს მხრიდან წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მათ ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებას უყენებენ. 14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის, რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს უნდა მიეწოდებინა, თუმცა რუსულმა მხარემ დამატებით 20 დღე ითხოვა. 20 იანვარს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე და ბოლო დროს განახლებულ „ბორდერიზაციის“ პროცესზე იმსჯელებენ. ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება.

ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის ახალი მინისტრი დანიშნა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მურათ ბექტანოვი, რომელიც თანამდებობაზე გასული წლის 31 აგვისტოს დაინიშნა, პრეზიდენტის განკარგულებით გათავისუფლდა. „იმის გამო, რომ მათი ხელმძღვანელობა იყო არამყარი და ინიციატივის ნაკლებობა შეინიშნებოდა მათ ქმედებებში, შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს, მათთვის დაკისრებული ამოცანები ღირსეულად შეესრულებინათ“, - ასე ახსნა პრეზიდენტმა თოყაევმა გადაწყვეტილება. ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა თავდაცვის მინისტრად რუსლან ჟაკსილიკოვის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ყაზახეთში არეულობის დროს, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებისას 225 ადამიანი გარდაიცვალა.

თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი

Europetime საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით ექსკლუზიურად ესაუბრა. როგორც ელჩის კომენტარიდან ირკვევა, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც თურქულმა მხარემ საქართველოს ოფიციალურ პირებს პლატფორმის ფარგლებში განხილული თემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „პლატფორმის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე და მის შემდეგაც ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობას და ასევე ვაწვდით ინფორმაციას განსახილველი საკითხების შესახებ. კერძოდ, ჩვენ შევხვდით საგარეო საქმეთა მინისტრს და ვაცნობეთ, თუ რაზე ვისაუბრეთ. სხვა შეხვედრებიც იქნება. ამ პლატფორმასთნ დაკავშირებით, რაიმეს თავსმოხვევაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნა თურქეთის ელჩმა. რაც შეეხება საქართველოს უარს „3+3“ ფორმატში მონაწილეობაზე, ელჩი აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს გადაწყვეტილება, რომელსაც თურქეთი პატივს სცემს. ამასთან, ფატმა ჯერენ იაზგანი განმარტავს, რომ ამ ფორმატში საქართველოს არყოფნის პირობებში, საქართველოს შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ; თურქეთს სურს, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი 3+3“ პლატფორმაში, მაგრამ „ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობისა და ხალხის სურვილზე“. „ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან როგორც ორმხრივად, ასევე, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ფორმატში“,... - განუცხადა თურქეთის ელჩმა Europetime-ს. დიპლომატის თქმით, ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა, რომელიც რეგიონის ქვეყნებს აერთიანებს, რომ განიხილონ ზოგიერთი პროექტი, სადაც სარგებლის მიღება ყველას შეუძლია. „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, კარგი იდეაა, მაგრამ შეიძლება იყოს სხვა ფორმატები, რომლებზეც შეიძლება, ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა. ფატმა ჯერენ იაზგანთან ინტერვიუს თემა ასევე იყო NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრა და ის, თუ რა პოზიცია აქვს NATO-ს წევრ თურქეთს რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გულისხმობს ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმას. „დიალოგი და დიპლომატია მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არსებობს NATO-ს ერთიანი პოზიცია იმ ქვეყნების თავისუფალი ნების თაობაზე, რომლებიც ირჩევენ უსაფრთხოების ზომებს და ეს არ შეიძლება, განხილული იყოს მესამე მხარესთან. თურქეთის პოზიცია NATO-ს ერთიან პოზიციაში გამოიხატება. საქართველო ერთგულია რა ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ეს საქართველოს მთავრობისა და ხალხის არჩევანია, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას“, - აღნიშნა თურქეთის ელჩმა. შეგახსენებთ, "3+3" ფორმატში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება. ცნობილია, რომ მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს. ამავე თემაზე: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს ვთხოვეთ, საქართველოს "3+3" ფორმატის სარგებელი აუხსნან ცნობისთვის, "3+3" ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ასევე ექსკლუზიურად ჩაწერა. პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. აშშ-ის პოზიცია 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს "3+3" ფორმატთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა პირველ რიგში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. როგორც ცნობილია, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება "3+3" ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა. ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. შესაბამისი ინფორმაცია უკვე აისახა შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებგვერდზე, საქართველო იმ 30-მდე ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელთა კოვიდპასპორტებსაც ქვეყანა აღიარებს. ამასთან, უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ კვლავ სავალდებულოა ქვეყანაში შესვლისას კოვიდტესტის ჩატარება და მხოლოდ კოვიდსერტიფიკატი არ იძლევა ქვეყანაში შესვლის უფლებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი: აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება უკრაინის არმიის შესაძლებლობებს ზრდის

"აშშ-ის დახმარება გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული გეგმების მიმართ, რაც შეეხება უკრაინის NATO-ს ალიანსში გაწევრიანებას", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება უკრაინის არმიის შესაძლებლობებს ზრდის. „მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტ ბაიდენს და აშშ-ის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, ამ დახმარების გაზრდისთვის, იმ დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენ უკვე ვიღებთ და მხარდაჭერისთვის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება. ეს დახმარება არა მხოლოდ გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული გეგმების მიმართ, რაც შეეხება უკრაინის NATO-ს ალიანსში გაწევრიანებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ზრდის ჩვენი არმიის დონეს და ჩვენი არმიის რესურსების შესაძლებლობებს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია რეაქციის გარეშე დარჩება, ეს მთელ მსოფლიოში დემოკრატიის შერყევას გამოიწვევს ენტონი ბლინკენი: რუსეთს შეუძლია, უკრაინაზე თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გზას აირჩევს, აშშ რუსეთის ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტი ენტონი ბლინკენისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის გზას აირჩევს, აშშ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთის ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს". „უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ რუსეთის მუდმივი და არაპროვოცირებული სამხედრო აქტიურობის ფონზე, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის გზას აირჩევს, აშშ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთის ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, გააძლიერებს ნატოს წარმომადგენლობას ფრონტის ხაზზე მყოფ მოკავშირე ქვეყნებში და გაზრდის თავდაცვით დახმარებას უკრაინისთვის. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის ერთიანობის აუცილებლობას რუსეთის საფრთხის წინაშე. მან ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაადასტურა პრინციპი, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევში ჩავიდა ენტონი ბლინკენი: რუსეთს შეუძლია, უკრაინაზე თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია რეაქციის გარეშე დარჩება, ეს მთელ მსოფლიოში დემოკრატიის შერყევას გამოიწვევს

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გაეროში მუშაობის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გაეროში მუშაობის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გერმანიის მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან სატელეფონო საუბარი გამართა და განაცხადა, რომ შეთავაზებაზე უარს ამბობს. ცნობისთვის, მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 16 წლის განმავლობაში იკავებდა. ის 2021 წელს ამ თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატმა ოლაფ შოლცმა შეცვალა.

ინფექციონისტი: თებერვლის შემდეგ წესით პროგნოზი უკეთესია, თუ უფრო აგრესიული შტამი არ გამოჩნდა

"თებერვლის შემდეგ წესით პროგნოზი უკეთესია, თუ ახალი, უფრო აგრესიული შტამი არ გამოჩნდა" - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კოვიდინფიცირების შემთხვევები რეალურად უფრო მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკა ასახავს. „ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში რეკომენდაციაა იზოლაცია. თუ ოჯახის ერთ წევრს დაუდასტურდა, ზოგიერთი ადამიანი ტესტირებას აღარ იტარებს. ეს ხალხი სტატისტიკის მიღმა რჩება და ცხადია კიდევ უფრო მეტია შემთხვევები ვიდრე რეალურადაა დადასტურებული.აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა. არ შეცვლილა წესები, მთავარია ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება, იმიტომ რომ ეს ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება“, - განაცხადა ბუწაშვილმა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს

NATO-ს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. რიაბკოვმა მოუწოდა ვაშინგტონს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა უკრაინას მინსკის შეთანხმების შესრულება აიძულოს. „მოსკოვი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას დაემუქრება. ჩვენ მხოლოდ ვატარებთ წვრთნებს და ვაწარმოებთ ჯარების რეგულარულ გადაადგილებას საკუთარ ტერიტორიაზე. ასე ვაპირებთ მოქმედებას მომავალშიც. ნატოს გაფართოებაზე გარკვეული ვადით დაწესებული მორატორიუმი რუსეთისთვის მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება იურიდიულად გაფორმებული სამართლებრივი გარანტიები: ორმხრივი შეთანხმების ფორმით აშშ-თან და მრავალმხრივი შეთანხმების ფორმით - NATO-სთან“, - აცხადებს სერგეი რიაბკოვი. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინას, საქართველოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი, გახდნენ NATO-ს წევრები

პეტრო პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

კიევში, პეჩორის რაიონულ სასამართლოსთან უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერებს არ მისცა საშუალება, გათბობის მიზნით ცეცხლის დასანთებად კასრები დაედგათ. ცნობისთვის, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. თავად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს. ასევე წაიკითხეთ: სასამართლო პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პირადი თავდებობით გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პირადი თავდებობით გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, სასამართლომ პეტრო პოროშენკოს პირველი მოთხოვნისთანავე სასამართლოში ან დაკითხვაზე გამოცხადების ვალდებულება დაუწესა. გარდა ამისა, სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზისდენტს პასპორტის ჩაბარება დაავალა. ცნობისთვის, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. თავად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს. ასევე წაიკითხეთ: პეტრო პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველოს იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4 000 კვ.მ მიწა გადაეცა

საქართველოს, იორდანიაში მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4 000 კვ.მ მიწა გადაეცა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა იორდანიის მეფესა და მის უმაღლესობა პრინც ღაზის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის უდიდესი მოვლენა, როდესაც 300 წლის შემდეგ, საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება. ამასთან, მიწის მდებარეობისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა მიაწოდა. ელჩის თქმით, მდინარე იორდანესთან ახლომდებარე 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს, გენერალ აჰმედ ნასერ ალ-რაისის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ წაყენებულ ბრალდებაზე არ ვრცელდება დიპლომატიური იმუნიტეტი, რომლითაც ინტერპოლის ხელმძღვანელები 2008 წლიდან სარგებლობენ. ცნობისთვის, აჰმედ ნასერ ალ-რაისი 1980 წლიდან აბუ-დაბის პოლიციაში მსახურობდა, 2005 წლიდან პოლიციის ცენტრალური ოპერაციების გენერალური დირექტორი, 2015 წლიდან კი არაბთა გაერთიანებული საამიროების შსს-ს გენერალური ინსპექტორი იყო. ინტერპოლის პრეზიდენტად ალ-რაისი 2021 წლის ნოემბერში აირჩიეს.

ენტონი ბლინკენი: რუსეთს შეუძლია, უკრაინაზე თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს

"რუსეთს შეუძლია, უკრაინაზე თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის ჯარების მობილიზაცია ყოველგვარი პროვოკაციის და მიზეზის გარეშე ხდება. „ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გეგმები უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გაზრდის შესახებ, ეს პრეზიდენტ პუტინს აძლევს შესაძლებლობას, ასევე ძალიან მოკლე დროში, განახორციელოს შემდგომი აგრესიული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევში ჩავიდა