ახალი ამბები

ვენდი შერმანი NATO-რუსეთის საბჭოს შემდეგ: აშშ-მ და NATO-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ დაიხურება

აშშ-მ და NATO-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ დაიხურება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი მნიშვნელოვან საერთაშორისო პრინციპს, რომ ყველა ქვეყანას საგარეო პოლიტიკის საკუთარი კურსის არჩევა უნდა შეეძლოს. „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს პოლიტიკას, რომლის თანახმად, უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებებს უკრაინის გარეშე არ მივიღებთ. ეს ევროპასა და NATO-საც ეხება. NATO-რუსეთის საბჭოს სხდომაზე აშშ-მ და NATO-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ დაიხურება. ეს პოლიტიკა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო NATO-ს ალიანსისთვის. როგორც თავდაცვითი ალიანსი, NATO-ს მიზანი მისი წევრი სახელმწიფოების დაცვაა. NATO-ს არასდროს გაფართოებულა ძალის გამოყენებით. ეს ქვეყნების სუვერენული არჩევანია, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ. ალიანსი კონფრონტაციას არ ეძებს და რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

აშშ-ის სენატის კანონპროექტის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, პერსონალური სანქციები ვლადიმერ პუტინსაც დაუწესდება

აშშ-ის სენატმა კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის წინააღმდე დაწესებას ითვალისწინებს. სანქციები ქონების დაბლოკვასა და აშშ-ში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისთვის $500 მილიონიან დახმარებას. კანონპროექტი სენატორმა რობერტ მენენდესმა წარადგინა. სანქციების სამიზნეები მის გარდა შეიძლება გახდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. სანქციები არამხოლოდ რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში, არამედ მოსკოვისა და მის მიერ კონტროლირებადი ძალების მხრიდან შემდგომი ესკალაციის შემთხვევაშიც შეიძლება დაწესდეს. კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის ხელისუფლებამ ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვიდან იმ პირებისა და კომპანიების სია უნდა განსაზღვროს, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ. გარდა ამისა, კანონის მიღებიდან 180 დღეში, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა და ეროვნული დაზვერვის სამსახურმა დეტალური ანგარიში უნდა გამოაქვეყნონ ვლადიმერ პუტინის, მისი ახლობლებისა და ახლო გარემოცვის ქონების შესახებ.

კელი დეგნანი: აშშ ცდილობს, საქართველოს ინოვაციური სფეროს განვითარების კუთხით დაეხმაროს

"აშშ ცდილობს, საქართველოს ინოვაციური სფეროს განვითარების კუთხით დაეხმაროს. რაც საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ათასწლეული ინოვაციის კონკურსის დასწრების შემდეგ განაცხადა. "მოხარული ვარ, რომ ვესწრები ათასწლეული ინოვაციის კონკურსს. ეს უკვე მეშვიდე წელია, რაც ტარდება. ამ ყველაფრის მიზანი გახლავთ, საქართველოში STEM განათლების ხელშეწყობა, ასევე ქართველი ახალგაზრდებისთვის ნოვატორული იდეების გაცვლის შესაძლებლობას. ეს კონკურსი მონაწილეების მიღებას ითვალისწინებს 13-დან 18 წლამდე. აქ მართლაც, გასაოცარი იდეები ვიხილე. ეს გახლავთ საოცარი მაგალითი იმის, თუ როგორ ცდილობს აშშ, დაეხმაროს საქართველოს ინოვაციური სფეროს განვითარების კუთხით. რაც საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. აქ 7 წლის მანძილზე დაახლოებით 2 000-მა კონკურსანტმა მიიღო მონაწილება", - განაცხადა კელი დეგნანმა.

იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტის შემდეგ: მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან

რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში და ეს ძალები იქ ამ ქვეყნების მთავრობების თანხმობის გარეშე იმყოფებიან, არავის მიუწვევია და მათი იქ ყოფნა არავის სიამოვნებს, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. NATO-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან. „დღევანდელ შეხვედრაზე NATO-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიყვანოს ეს ძალები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ყველა ქვეყნის საზღვრების პატივისცემა. NATO-ს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგში ჩაერთონ, მაგრამ ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ევროპის რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ წავალთ დათმობაზე ქვეყნების უფლებებთან დაკავშირებით, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის საკუთარი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ ასევე არ წავალთ დათმობაძე, მოკავშირეების უფლებასთან მიმართებით, დაიცვან ერთმანეთის უსაფრთხოება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება და რომ თითოეულ ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა უსაფრთხოების ზომები. „მხოლოდ მოკავშირეების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის გაწევრიანდება ქვეყანა NATO-ში, რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. მოკავშირეები მზად არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინას გაწევრიანების გზაზე, რეფორმების გზით“, - დაამატა ალიანსის გენმდივანმა.

იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტის შემდეგ: ჩვენი უთანხმოების გადალახვა მარტივი არ იქნება

NATO-ს მოკავშირეებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს უკრაინაში და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო და მოუწოდეს რუსეთს სიტუაციის დაუყონებლივი დეესკალაციისაკენ. მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს, თავი შეიკავოს მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებისაგან და დაიცვას ყველა საერთაშორისო ვალდებულება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-რუსეთის სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალიანსის გენმდივნის თქმით, ეს დიალოგი რთულია, მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელი. მისივე განცხადებით, NATO-ს მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ძალისხმევას გამოიყენებენ, რათა იპოვონ წინსვლის პოლიტიკური გზა. „ახლახან ვუძღვებოდი NATO-რუსეთის საბჭოს სხდომას. ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში. ეს არ იყო მარტივი დისკუსია. მაგრამ სწორედ ამიტომ იყო ეს შეხვედრა ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა აზრთა ძალიან სერიოზული და პირდაპირი გაცვლა უკრაინაზე, მის გარშემო არსებულ ვითარებასა და მის გავლენებზე ევროპის უსაფრთხოებაზე. ყველა ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ჩვენი უთანხმოების გადალახვა მარტივი არ იქნება. მაგრამ პოზიტიური ნიშანია, რომ ყველა მოკავშირე და რუსეთი ერთ მაგიდასთან ისხდნენ და არსებით საკითხებზე ისაუბრეს ორი წლის შემდეგ, იმ პირობებში, როდესაც ასეთი შეხვედრების ორგანიზება ვერ ხერხდებოდა. დღეს რუსეთმა წამოაყენა წინადადებები, რომლებიც მათ დეკემბერში გამოაქვეყნეს და მიზნად ისახავს უსაფრთხოების საკითხზე მათი შეშფოთების მოგვარებას. ეს მოიცავს მოთხოვნებს NATO-ში ახალი წევრების მიღების შეწყვეტის შესახებ და ძალების გაყვანას აღმოსავლელი მოკავშირეების ტერიტორიიდან. თავის მხრივ, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება და რომ თითოეულ ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი უარს არ იტყვიან ერთმანეთის დაცვაზე მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჯარების არსებობით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ამავდროულად, მისი თქმით, რუსეთმა და NATO-ს მოკავშირეებმა დააფიქსირეს დიალოგის განახლებისა და მომავალი შეხვედრების დაგეგმვის აუცილებლობა. „NATO-ს მოკავშირეები მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს უფრო დეტალური დისკუსიის გასამართად, ონკრეტული წინადადებების წამოსაწევად და კონსტრუქციული შედეგების მოძიების მიზნით. კერძოდ, მოკავშირეებს სურთ, განიხილონ სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები, საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილება და კოსმოსური და კიბერ საფრთხეების შემცირება. მოკავშირეებმა ასევე სურთ შეიარაღების კონტროლის, განიარაღების და ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ საკითხების განხილვა, რაკეტებზე ორმხრივი შეზღუდვის და ბირთვული პოლიტიკის ჩათვლით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ერთი თვით გადაიდო

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ერთი თვით გადაიდო. სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელი არ ესწრებოდა. დღევანდელ სხდომას 21 დეპუტატი ესწრებოდა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სხდომის ერთი თვით გადადებას არ დაეთანხმნენ პარტია „გახარია - საქართველოსთვის" წევრები. პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ დროის გაყვანა აწყობს ორივე პარტიას და განსაკუთრებით მმართველ გუნდს. „საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ ნახა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პარტიების, რომ პირველი სხდომიდან დღემდე, მეხუთე ჯერზე ვერ დგება კვორუმი“, - განაცხადა გიგა ფარულავამ. მმართველ გუნდის წევრმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ არ შედგა კვორუმი და აქედან გამომდინარე სხდომა უნდა გადაედოთ. „ვნახოთ, შეიძლება ოპოზიცია გაერთიანდეს და აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ ვითანამშრომლებთ. საღი აზრი გაიმარჯვებს, მე ასე მგონია",- განაცხადა გოგოხიამ.

ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარის მოადგილედ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ კანდიდატი აირჩია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14 წევრმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ კანდიდატი დავით შენგელია ფარული კენჭისყრით აირჩია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო შემდეგნაირად დაკომლპექტდა: შოთა წურწუმია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ( პარტია ,,გახარია-საქართველოსთვის") რამაზი თოლორდავა - საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ( პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ) კორნელ წურწუმია - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ( პარტია ,,ლელო საქართველოსთვის" ) დავით შენგელია-საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (პარტია „გახარია-საქართველოსთვის"). „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ჯანო პერტაია აცხადებს, რომ „პარტია არ მონაწილეობს იმ ძალთა გადანაწილებაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი დომინანტური ძალა“. „ქართული ოცნება“ შეგნებულად არ ესწრებოდა სხდომას გამომდინარე იქედან, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთთან არიან შეკრებილნი, მოძრაობა „ლელოსთან“ ერთად აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩაატარონ სხდომა და აირჩიონ თანამდებობის პირები“, - აცხადებს ჯანო პერტაია. ბრალდებებს უარყოფენ მისი ადრესატები. „ნაციონალური მოძრაობის” წევრი რამაზ თოლორდავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰქონდეს თანამდებობები მუნიციპალიტეტში და ეს არ ნიშნავს ალიანსში შესვლას, უბრალოდ, ეს არის „პოლიტიკური მორიგება“. რაც შეეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ წევრს, შოთა წურწუმიას თქმით, მათი მთავარი მოტივია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამკვიდრდეს კოალიციური მთავრობა.

ჯოზეფ ბორელი: რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს საქართველოში გააკეთა

"რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს საქართველოში გააკეთა", – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვნელი ჟოზეფ ბორელი თავის ბლოგზე წერს. მისივე თქმით, რუსეთის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა იყოს მტკიცე, ერთიანი და ყველაზე მთავარია, რომ უნდა იმოქმედოს. „რუსეთმა გაუგზავნა აშშ-ს და NATO-ს წინადადებები ევროპის მომავალ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პრინციპებს. ორი რამ ცხადია: ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროკავშირის ერთიანი პოზიციით, რომელიც განმტკიცებული იქნება კონკრეტული ქმედებებით“, – წერს ბორელი. ასევე წაიკითხეთ: ჯოზეფ ბორელი: უკრაინა უკვე ძალიან ახლოს არის ევროკავშირთან

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი 13 იანვარს მის სასამართლო პროცესს დაესწრება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესს პირადად დაესწრება. „ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს. შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე". ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად „ფეიკ“ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი „განსასჯელებს“ და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი. მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო „სასამართლომ„, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. "მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო“ - ასეა ზუსტად ამ „მთავრობის" და მისი სასამართლოს საქმე", - წერს სააკაშვილი. 13 იანვარს სასამართლო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს

ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებას დაესწრო და ბოდიშს იხდის

ბრიტანეთის პრემიერმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს ერთ-ერთ წვეულებას დაესწრო. ბორის ჯონსონის თქმით, ღონისძიებაზე 25 წუთი დაჰყო, რის გამოც ბოდიშს იხდის. 2020 წლის 20 მაისს ქვეყანაში სოციალური ღონისძიებების გამართვა შეზღუდული იყო. მაშინდელი რეგულაციების მიხედვით, ნებადართული იყო მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო შეკრებები. ადამიანებს სახლის დატოვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლოთ. ამიტომ, ოპოზიციამ ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა. ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა ზოგიერთი თვითმხილველის მტკიცებას, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლეც 2020 წლის მაისში, პრემიერის ოფისის ბაღში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, სადაც 30-მდე ადამიანი შეიკრიბა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პირადმა მდივანმა ღონისძიებაზე მისაწვევი წერილი კოლეგებს ელ-ფოსტით გაუგზავნა, თუმცა ჯონსონი აღნიშნავს, რომ ეს წერილი არ უნახავს და ეგონა, რომ ეს იყო სამსახურთან დაკავშირებული ღონისძიება, რომლის შესახებაც რეზიდენციაში დაბრუნების დროს შეიტყო. „მესმის იმ ადამიანების აღშფოთების, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება თავისივე დადგენილ წესებს არ იცავს. მე მივედი ამ წვეულებაზე, მადლობა გადავუხადე თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის და 25 წუთში საკუთარ ოფისში დავბრუნდი. “, - განაცხადა ჯონსონმა პარლამენტში მიმდინარე მოსმენის დროს.

საქალაქო სასამართლო ინსპექტორის სამსახურს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია/მოსაზრებები, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი. „თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 იანვარის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივარი და გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე. საქმის განხილვის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს; შესაბამისად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა არ დადგინდა. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, კერძოდ: მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული – ერთი თვე; საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 11 იანვარს; ამდენად, საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში. ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი იყო ორი სხვადასხვა დაწესებულების მიმართ, რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანება შეაფერხებდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს – გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია/მოსაზრებები“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესება

13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 იანვრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. „საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: რუსეთსა და NATO-ს შორის ომი თითქმის წარმოუდგენელია

რუსეთსა და NATO-ს შორის ომი თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი მსოფლიო ომი, მაგრამ NATO მზად არის ცუდი სცენარისთვის, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა. „კარგი ამბავი არის ის, რომ დასავლური სამყარო ერთიანია და ეს ძალიან კარგია ჩვენთვის. რუსეთს და ნატო-ს შორის ომი თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი მსოფლიო ომი. თუ ომი იქნება, მაშინ ნატო მზად არის“, – აღნიშნა კრიშიანის კარინშმა. ცნობისთვის, ბრიუსელში NATO-რუსეთის სამიტი მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ: სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტზე: დაძაბულობა მაღალია. ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტილულად მნიშვნელოვან პერიოდში დიალოგი დროულია

დავით ზალკალიანი: ჩვენი პარტნიორები რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ NATO-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება

"დარწმუნებული ვარ, დღესაც, რუსეთი-NATO-ს კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვებზე, ჩვენი NATO-ელი პარტნიორების პოზიცია იქნება უცვლელი. კიდევ ერთხელ ეტყვიან რუსეთის ფედერაციას, რომ NATO-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალიტებს განუცხადა. მისივე თქმით, ქართულ მხარეს ბოლო დღეების განმავლობაში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა. „ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან, ასევე NATO-სთან. მოგეხსენებათ, სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანთან. ის გახლავთ მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან უსაფრთხოების დიალოგის მიმართულებით. ასევე სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან და ორივე საუბრის შინაარსი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი პარტნიორების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ურყევი, შეუცვლელი. მიუხედავად იმ მოთხოვნებისა და ძალიან მძაფრი რიტორიკისა, რომელიც ჩვენ გვესმის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მყარი. მათ რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მკაფიოდ განუმარტეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსების არჩევანი არის იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, რომელსაც სურს NATO-ში გაწევრიანება", - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, ბრიუსელში NATO-რუსეთის სამიტი მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ: სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტზე: დაძაბულობა მაღალია. ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტილულად მნიშვნელოვან პერიოდში დიალოგი დროულია

მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში - გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები (ქვეყნდება წელიწადში ორჯერ), რომელშიც წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონალური, ისე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროგნოზები. „საქართველოს ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ შენელდება 2022 და 2023 წლებში პოტენციური ზრდის 5-5.5. პროცენტიან მაჩვენებლამდე, შედარებით უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკის და დასტაბილურებული ადგილობრივი მოთხოვნის პირობებში. პროგნოზი ემყარება პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების შეზღუდვას, რასაც ხელს უწყობს ვაქცინაციის სფეროში მიღწეული პროგრესი და მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდა. რისკები საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებით კლებისკენ რჩება გადახრილი, რომელთა შორის აღსანიშნავია: (i) ინფლაციის ზეწოლა, რომელიც იწვევს დაფინანსების პირობების შემდგომ გამკაცრებას და (ii) COVID-19-ის ინტენსიური გავრცელება, განსაკუთრებით ახალი ვარიანტებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების კონტექსტში“, - აღნიშნულია ანგარიშში. მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ უახლესი ანგარიშის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ძლიერი აღმასვლის შემდეგ გლობალური ეკონომიკა მკაფიოდ გამოხატული შენელების ფაზაში შედის. COVID-19 -ის ახალი ვარიანტების და ინფლაციის, ვალის და შემოსავლების უთანასწორობის ფონზე, ამას ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებადი ქვეყნებისთვის. მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის სიჩქარის შემცირება 5.5. პროცენტიდან (2021 წელს) 4.1 პროცენტამდე (2022 წელს) და შემდეგ 3.2 პროცენტამდე (2023 წელს), მსოფლიოს მასშტაბით დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის შემცირების და ფისკალური და მონეტარული მხარდაჭერის ზრდის პარალელურად. „ვარიანტ „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება მიუთითებს, რომ პანდემია ახლო მომავალში სავარაუდოდ გააგრძელებს ეკონომიკური საქმიანობის ხელის შეშლას. ამასთან ერთად, წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდის მნიშვნელოვანი დამუხრუჭება, აშშ-ს და ჩინეთის ჩათვლით, უარყოფით გავლენას იქონიებს საგარეო მოთხოვნაზე ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში. იმ დროს, როდესაც ბევრ განვითარებად ქვეყანაში მთავრობებს არ აქვთ მანევრირების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, COVID19 -ის ახალი შტამების გამოჩენას, მიწოდების ჯაჭვში არსებულ პრობლემებს, ინფლაციის წნეხს და მომატებულ ფინანსურ მოწყვლადობას მსოფლიოს დიდ ნაწილში ვარდნის რისკის ზრდა შეუძლია. „მსოფლიოს ეკონომიკა ერთდროულად დგას COVID19-ის, ინფლაციის და დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობის წინაშე, ხოლო მთავრობებს სახელმწიფო ხარჯებისა და მონეტარული პოლიტიკის წარმართვა მანამდე უცნობი, ახალი გარემოებების გათვალისწინებით უწევთ. უთანასწორობის ზრდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები განსაკუთრებით საზიანოა განვითარებადი ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა. მისივე თქმით, „უფრო მეტი ქვეყნის დაყენება განვითარების ხელშემწყობ გზაზე, მოითხოვს შეთანხმებულ საერთაშორისო მოქმედებას და ეროვნული პოლიტიკიდან გამომდინარე საპასუხო ღონისძიებებათა ყოვლისმომცველ პაკეტს.“ მოწინავე ქვეყნებში მოსალოდნელია ზრდის შემცირება 5 პროცენტიდან (2021 წ) 3.8 პროცენტამდე (2022 წელს) და 2.3 პროცენტამდე (2023 წელს), რაც კლების მიუხედავად საკმარისი იქნება აღნიშნულ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის და ინვესტიციების მოცულობის დასაბრუნებლად პანდემიამდე არსებულ დონეზე. თუმცა, ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ვარდნა 6.3 პროცენტიდან (2021) 4.6 პროცენტამდე (2022 წელს) და 4.4 პროცენტამდე (2023 წელს). მოწინავე ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანა 2023 წლისთვის წარმოებული პროდუქციის მოცულობის აღდგენას მიაღწევს; ხოლო ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეზე 4 პროცენტით ნაკლები იქნება. ბევრი მოწყვლადი ქვეყნისთვის ჩამორჩენა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი აღმოჩნდება: წარმოებული პროდუქციის მოცულობა ქვეყნებში, რომლებიც კონფლიქტის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, პანდემიამდელ მაჩვენებელზე 7.5 პროცენტით ნაკლები იქნება, ხოლო მცირე კუნძულ სახელმწიფოებში კი 8.5 პროცენტით ნაკლები. მზარდი ინფლაცია, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე ტვირთად აწევს დაბალი შემოსავლის მქონე მშრომელებს, ზღუდავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. გლობალურად და მოწინავე ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი უმაღლეს დონეს აღწევს 2008 წლიდან მოყოლებული. ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში მან უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია 2011 წლის შემდეგ. აღნიშნული ქვეყნებიდან ბევრმა შეწყვიტა ინფლაციის შეკავების ღონისძიებების გამოყენება, ეკონომიკის აღდგენის პროცესის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე. „საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ითვლებოდა 2021 წელს 10.5 პროცენტიანი სავარაუდო ზრდით, რაც ასახავს ადგილობრივი მოთხოვნის ძლიერ მატებას, ფისკალური პოლიტიკის ზემოქმედებას და საგარეო სიტუაციის გაუმჯობესების დადებით გავლენას.

პიტერ სტანო: კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, ევროკავშირი სომხეთთან და აზერბაიჯანთან მუშაობს

აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარზე მომხდართან დაკავშირებით, ევროკავშირმა პოზიცია დააფიქსირა. პრესსპიკერ პიტერ სტანოს თქმით, მიღებული ცნობები კიდევ ერთხელ ადასტურებს ნდობის აღდგენის ღონისძიებების აუცილებლობას. „ცეცხლის განახლების, დაჭრილებისა და გარდაცვლილის შესახებ ცნობები კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალების დისტანცირებისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების აუცილებლობას. ევროკავშირი კონფლიქტის ყოვლისმომცველი დარეგულირების ხელშეწყობისთვის ორივე მხარესთან მუშაობს“, - წერს პიტერ სტანო Twitter-ზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ქალბაჯარის, ზეილიკის და თოვუზის რაიონებში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაცხრილეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში პროვოკაციული ქმედებები აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. თავდაცვის უწყებაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შედეგად მესამე ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადეს.

დავით ზალკალიანი: საზოგადოებაში არის კონსენსუსი, ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, NATO-სკენ

"პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მთლიანად ქართულ საზოგადოებაში არის კონსენსუსი, ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, NATO-სკენ", – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა. ამასთან, ზალკალიანის თქმით, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სცენარისთვის არის საჭირო მზადყოფნა. „რუსეთის ფედერაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ნებისმიერი სცენარისა და განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად. საერთო საგარეო გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე, ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი. აქ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მთლიანად ქართულ საზოგადოებაში არის კონსენსუსი, რადგანაც ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, ჩვენ მივისწრაფვით NATO-სკენ. ეს არის ის წითელი ხაზები, რომელთა გადალახვასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულად განვიხილავთ, თუკი ამის მცდელობა იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვდგავართ იმ წითელ ხაზებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი CSTO-ს ძალების გაყვანის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებას მიესალმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებას, რომ ქვეყნიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება. ამ პროცესის დასრულებამდე, დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა CSTO-ს მოუწოდა პატივი სცენ საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს და შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, დაუყონებლივ დატოვონ ყაზახეთი, როგორც ეს ყაზახეთის მთავრობამ მოითხოვა. „მივესალმებით პრეზიდენტ თოყაევის განცხადებას იმის შესახებ, რომ CSTO-ს კოლექტიურმა სამშვიდობო ძალებმა დაასრულეს თავისი მისია. ამ პროცესის დასრულებამდე და CSTO-ს სამშვიდობო ძალების გაყვანამდე, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, კოლექტიურ სამშვიდობო ძალებს, პატივი სცენ საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს და შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, დაუყონებლივ დატოვონ ყაზახეთი, როგორც ეს ყაზახეთის მთავრობამ მოითხოვა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ცნობისათვის, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა. ამავე თემაზე: ყაზახეთის პრეზიდენტი: ქვეყნიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება ასევე წაიკითხეთ: ყველა ქვეყანაში, სადაც დიქტატურა ან ავტოკრატიული მმართველობაა, ყაზახეთის მსგავსი სიტუაციის გადადების ალბათობა არსებობს - ზურაბ ბატიაშვილი მეთიუ ბრაიზა: ყაზახეთის პრეზიდენტი დასავლეთთან რისკავს

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციის მოწყობაში სდებენ ბრალს

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციის მოწყობაში სდებენ ბრალს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ქალბაჯარის, ზეილიკის და თოვუზის რაიონებში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაცხრილეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში პროვოკაციული ქმედებები აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. თავდაცვის უწყებაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შედეგად მესამე ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადეს. ასევე წაიკითხეთ: სომხეთის პრემიერ-მინისტრი: სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ იზოლაციის წესები დაარღვია

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც 16 დეკემბერს კოვიდ 19 დაუდასტურდა, იზოლაციის წესები დაარღვია. ამის შესახებ ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ვაღიარებ, რომ შეხვედრა სხვა დროისთვის უნდა გადამედო“, - წერს სპორტსმენი. შეგახსენებთ, ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა, კორონავირუსზე აუცრელობის გამო გაუუქმა. ცნობისთვის, 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლდა. ასევე წაიკითხეთ: ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და მის დეპორტაციას გეგმავს