ახალი ამბები

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია

საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია, განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ და დაამატა, რომ ალიანსი მხარს უჭერს ყველა ერის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები“. „კარგი საუბარი მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. განვიხილეთ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების თავმოყრის საკითხი, NATO-რუსეთის საბჭოს წინ. საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია და ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ერის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები“, - აღნიშნულია მირჩა ჯოანას Twitter პოსტში. ამავე თემაზე: დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ნედ პრაისი: აშშ დიპლომატიის ერთგულია, თუმცა რუსეთის აგრესიის შემთხვევაში კოორდინირებული პასუხისთვის მზადაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვენდი შერმანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის შეხვედრაზე, სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარი გაკეთდა. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, ჟენევაში აშშ-ის დელეგაციამ მოისმინა რუსეთის შეშფოთება, თავის მხრივ დააფიქსირა თავისი შეშფოთება და წარმოადგინა თავისი იდეები ორმხრივ ქმედებებზე, სტრატეგიული სტაბილურობის გასაუმჯობესებლად. მდივნის მოადგილე შერმანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დიპლომატიური გზა რუსეთისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების პრობლემების ერთადერთ მტკიცე გადაწყვეტას იძლევა. „სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი ხელმძღვანელობდა აშშ-ის უწყებათაშორის დელეგაციას (სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტის, გაერთიანებული შტაბისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს) ჟენევაში, შვეიცარიაში აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის საგანგებო სესიაში მონაწილეობის მისაღებად. რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ხელმძღვანელობდა. დღეს ჟენევაში აშშ-ის დელეგაციამ მოისმინა რუსეთის შეშფოთება და თავის მხრივ დააფიქსირა თავისი შეშფოთება და წარმოადგინა თავისი იდეები ორმხრივ ქმედებებზე, სტრატეგიული სტაბილურობის გასაუმჯობესებლად. მდივნის მოადგილე შერმანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დიპლომატიური გზა რუსეთისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების პრობლემების ერთადერთ მტკიცე გადაწყვეტას იძლევა. მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ერთგულია დიპლომატიის მიმართ, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, აშშ მზადაა, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს გააძლიერებს, რუსეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასის გადახდა დააკისროს. მან ასევე გაიმეორა, შეერთებული შტატები არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მონაწილეობის გარეშე. მდივნის მოადგილე შერმანი 11 იანვარს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, სადაც NATO-ს შტაბ-ბინაში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წინაშე მოხსენებით გამოვა, ხოლო 11 იანვარს ის ასევე შეხვდება ევროკავშირის პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტს. მდივნის მოადგილე შერმანი უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას NATO-რუსეთის საბჭოს (NRC) სხდომაზე 12 იანვარს“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

ვენდი შერმანი: მკაფიოდ ვუთხარი სერგეი რიაბკოვს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა რუს კოლეგასთან შეხვედრის დეტალები ტელეკონფერენციის ფორმატში განიხილა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები დღევანდელ რიგგარეშე შეხვედრაზე მომზადებული მივიდა, რათა მოესმინა რუსეთის შეშფოთება და თავის მხრივ, აშშ-ის მხარეს გაეზიარებინა თავისი შეშფოთება. შერმანის პოზიციიდან ირკვევა, რომ დიალოგი კვლავ გაგრძელდება და ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება. ამასთან, შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელია პრინციპულ საკითხებთან მიმართებით - „არავის მივცემთ უფლებას, შეწყვიტოს NATO-ს „ღია კარის“ პოლიტიკა, რომელიც ყოველთვის ცენტრალური იყო NATO-სთვის“, - ეს პასუხია რუსეთის „მოლოდინებზე“, NATO არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით. „ცოტა ხნის წინ, ჟენევაში, ჩვენ დავასრულეთ ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის რიგგარეშე სესია რუსეთის დელეგაციასთან. ჩვენ გვქონდა გულწრფელი და პირდაპირი დისკუსია თითქმის რვა საათის განმავლობაში. ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი შეიკრიბა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი პუტინი შეხვდნენ გასული წლის ივნისში ჟენევაში. ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი გაიმართა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი პუტინი შეხვდნენ გასული წლის ივნისში ჟენევაში. შეერთებული შტატები დღევანდელ რიგგარეშე შეხვედრაზე მომზადებული მივიდა, რათა მოესმინა რუსეთის უსაფრთხოების შეშფოთება და ასევე გაგვეზიარებინა ჩვენი შეშფოთება. ჩვენ მოვედით მთელი რიგი იდეებით, რომლითაც ორ ქვეყანა შეძლებდა, გაეუმჯობესებინა სტრატეგიულ სტაბილურობა, რაც შეესაბამება ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს. შეერთებულმა შტატებმა რუსეთს შესთავაზა კიდევ ერთხელ შეხვედრა ორმხრივი საკითხების უფრო დეტალურად განსახილველად. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, შეწყვიტოს NATO-ს „ღია კარის“ პოლიტიკა, რომელიც ყოველთვის ცენტრალური იყო NATO-სთვის. ჩვენ უარს არ ვიტყვით ორმხრივ თანამშრომლობაზე სუვერენულ სახელმწიფოებთან, რომლებსაც სურთ შეერთებულ შტატებთან მუშაობა. ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ევროპაზე ევროპის გარეშე და NATO-ზე NATO-ს გარეშე. როგორც ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს - "შენ შესახებ შენ გარეშე არაფერი გადაწყდება“. შეერთებული შტატები მოწოდებულია რუსეთთან შინაარსიანი ორმხრივი დიალოგისკენ, ისევე როგორც ჩვენ ვართ მოწოდებული ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციებისა და კოორდინაციისკენ. ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მალე გავაგრძელოთ დისკუსია იმ ორმხრივ საკითხებზე, რომლებიც დღეს გამოვავლინეთ. ჩვენ გვექნება დისკუსიები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უახლოეს დღეებში და ამ კვირის ბოლოს, ამ დისკუსიებზე ინფორმირებულები, აშშ-ისა და რუსეთის მთავრობები განიხილავენ წინსვლის გზას. რუსმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ და პირადად განაცხადეს, რომ მათ სურთ სწრაფი წინსვლა და შეერთებული შტატები მზად არის ამისათვის. ამავდროულად, მოლაპარაკებები რთულ თემებზე, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი, არ შეიძლება, დასრულდეს რამდენიმე დღეში ან თუნდაც კვირაში. ეს არის ის, რაც ჩემს კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რიაბკოვს ძალიან კარგად ესმის. ჩვენ უნდა მივცეთ დიპლომატიას და დიალოგს დრო და სივრცე, რომელიც საჭიროა ასეთ რთულ საკითხებში პროგრესის მისაღწევად. ჩვენ ამას რიგგარეშე სხდომა ვუწოდეთ, რადგან ის ჩატარდა ორი საექსპერტო სამუშაო ჯგუფის წინასწარი შეხვედრის გარეშე, რომლის შექმნაზეც მხარეები შეთანხმდნენ ჩვენს ბოლო შეხვედრაზე სექტემბერში. მაგრამ ეს იყო ასევე არაჩვეულებრივი სესია იმ კონტექსტის გამო, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით. რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დააგროვა უკრაინის საზღვრებთან. იმავდროულად, მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინა ეძებს კონფლიქტს და იქცევა პროვოკაციულად და არა რუსეთი. სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს. სწორედ რუსეთი აგრძელებს ომს აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელმაც თითქმის 14000 უკრაინელი სიცოცხლე შეიწირა. ახლა კი რუსეთის ქმედებები განახლებულ კრიზისს იწვევს არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ძალით შეცვალოს მეორის საზღვრები, ან უკარნახოს სხვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პირობები, ან აუკრძალოს სხვა ქვეყანას საკუთარი ალიანსების არჩევა. ეს არის საერთაშორისო სისტემის ძირითადი პრინციპები და ეს არის პრინციპები, რომლებსაც რუსეთი წლების განმავლობაში არაერთხელ დათანხმდა. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით მკაფიო პოზიციაზე, რომ შეერთებული შტატები მიესალმება ნამდვილ პროგრესს დიპლომატიის გზით. ჩვენ ასევე გავიმეორეთ, რომ გვჯერა, ნამდვილი პროგრესი შეიძლება მიიღწეს მხოლოდ დეესკალაციის და არა ესკალაციის პირობებში. თუ რუსეთი დარჩება მაგიდასთან და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დაძაბულობის დეესკალაციისთვის, ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს მივაღწევთ. მაგრამ თუ რუსეთი დიპლომატიურ გზას დატოვებს, შეიძლება სრულიად აშკარა გახდეს, რომ ისინი სერიოზულად არც არასოდეს მიჰყვებოდნენ დიპლომატიის გზას. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, ამას ექნება მნიშვნელოვანი შედეგები. პრეზიდენტმა ბაიდენმა იგივე უთხრა პრეზიდენტ პუტინს თავის ბოლო სატელეფონო საუბრისას, მე კი ეს მკაფიოდ ვუთხარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიაბკოვს. რუსეთს მკაფიო არჩევანი აქვს გასაკეთებელი. ჩვენ, ყველა დონეზე ვართ კოორდინაციაში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და გავაგრძელებთ ამას მომავალ დღეებსა და კვირებშიც. ამ კვირაში რუსეთი მოისმენს თანმიმდევრულ გზავნილს შეერთებული შტატებისგან და ჩვენი მოკავშირეებისგან და პარტნიორებისგან - კერძოდ, რუსეთის ვალია, დაძაბულობის დეესკალაცია, რათა ჩვენ გვქონდეს რეალური დიპლომატიური გადაწყვეტილებების პოვნის შანსი“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი კლინიკაში გადაიყვანეს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი იმუნური სისტემის დისფუნქციის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. 65 წლის სასოლი სექტემბერში, პნევმონიის მძიმე ფორმით საავადმყოფოში მოხვდა. ავადმყოფობის გამო მან ბოლო პერიოდში რამდენიმე ღონისძიება გამოტოვა. დავიდ სასოლის ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე ვადა მიმდინარე თვეს ეწურება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ყაზახეთის ლიდერმა ონლაინშეხვედრა გამართეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ვიდეოშეხვედრა გამართა. „პრეზიდენტ თოყაევთან ერთად ყაზახეთში განვითარებული მოვლენები განვიხილეთ. მწუხარება გამოვთქვი დაღუპულთა გამო. ხაზი გავუსვით ევროკავშირისა და ყაზახეთის პარტნიორობის მნიშვნელობას. ასევე სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი მხარდაჭერას, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრული პატივისცემით“, - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე. თავის მხრივ, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებას გააგრძელებს. პრეზიდენტის თქმით, ყაზახეთი უპრეცედენტო აგრესიისა და სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმის წინაშე იყო და დაუყოვნებლივი ზომები მიიღო კონსტიტუციური წესრიგისა და კანონის უზენაესობის აღსადგენად. „ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია და არ გამოვიყენებთ შეიარაღებულ ძალას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ყველა ასეთი ბრალდება მცდარია. ყაზახეთი ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებას გააგრძელებს“, - აღნიშნულია თოყაევის Twitter პოსტში. შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.

ენტონი ბლინკენი: ვითხოვთ განმარტებებს ყაზახეთის ხელისუფლებისგან, რატომ მიმართეს ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს

აშშ- ყაზახეთისგან განმარტებებს ითხოვს იმის თაობაზე, თუ რატომ იყვნენ იძულებულნი, მიეწვიათ ის ორგანიზაცია, სადაც რუსეთი დომინირებს. საუბარია კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაზე, რომლის სამხედროებიც რუსეთის ხელმძღვანელობით ყაზახეთში განლაგდნენ. „ყაზახეთის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს, მშვიდობიანად გაუმკლავდეს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან, დარწმუნდნენ, რომ დაცულია მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა უფლებები, დაიცვან სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონი და წესრიგი, მაგრამ ეს გააკეთონ ადამიანის უფლებების პატივისცემით. ჩვენ გვაქვს რეალური კითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ იყვნენ იძულებულნი, მიეწვიათ ის ორგანიზაცია, სადაც რუსეთი დომინირებს. ვითხოვთ განმარტებებს. მაგრამ ახლა აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, პატივისცემით მათ მიმართ, ვინც ცდილობს თავისი ხმის მიწვდენას ჩვენ გვაქვს რეალური კითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ გრძნობდნენ თავს ვალდებულად, მიეწვიათ ის ორგანიზაცია, სადაც რუსეთი დომინირებს“, - აღნიშნა ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ მეთიუ ბრაიზა: ყაზახეთის პრეზიდენტი დასავლეთთან რისკავს

სერგეი რიაბკოვი: ბუქარესტის გადაწყვეტილება მადრიდის სამიტზე შეიცვალოს ფურმულირებით - უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან NATO-ს წევრები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ჟენევაში, აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებები „საქმიანი და პროფესიონალური" იყო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან გამართული შეხვედრის შემდეგ რიაბკოვმა განაცხადა, რომ NATO-ს არგაფართოების საკითხზე პროგრესს ვერ მიაღწიეს. ასევე წაიკითხეთ: ვენდი შერმანი: NATO-ს ღია კარის პოლიტიკის შეწყვეტის უფლებას არავის მივცემთ სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთს მყარი გარანტიები სჭირდება, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები არ გახდებიან. „გვსურს, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული ფორმულა შეიცვალოს შემდეგნაირად: უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან NATO-ს წევრები. იურიდიულად მნიშვნელოვანი გარანტიები გვჭირდება. ეს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

Pfizer-ის ცნობით, „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება

Pfizer-ი იუწყება, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად მარტისთვის იქნება. ამის შესახებ მან CNBC-თან ინტერვიუში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა. „ჩვენ უკვე ვიწყებთ მისი გარკვეული რაოდენობის წარმოებას“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ. მისივე ცნობით, ვაქცინა იმოქმედებს სხვა შტამების წინააღმდეგაც, რომლებიც ამ დროისთვის ცირკულირებს. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო.

ვენდი შერმანი: NATO-ს ღია კარის პოლიტიკის შეწყვეტის უფლებას არავის მივცემთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სერგეი რიაბკოვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. „NATO-ს ღია კარის პოლიტიკის შეწყვეტის უფლებას არავის მივცემთ, რომელიც ალიანსისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა CNBC-ის ჟურნალისტის ცნობით. ვენდი შერმანმა კვლავ გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, დასავლეთი კიევთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე არ მიიღებს. ჟენევაში მოლაპარაკებების პარალელურად, ბრიუსელში NATO-უკრაინის კომისიის სხდომაც ჩატარდა. ცნობისთვის, მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები აშშ-ს და NATO-ს „პროექტის“ სახით დეკემბერში წარუდგინა. რუსეთმა მოსკოვსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და NATO-სთან „შეთანხმების პროექტები“ გამოაქვეყნა და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტები 15 დეკემბერს გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდს, რომელიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა. პუტინი გარანტიებს ითხოვს, გამოირიცხოს ალიანსის გაფართოება და საკუთარ პირობებს აყენებს. შეგახსენებთ, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. აშშ, NATO და ევროკავშირი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის განახლების შემთხვევაში, მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებენ. ასევე წაიკითხე: ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს ენტონი ბლინკენი: პრეზიდენტ პუტინს ორი გზა აქვს. ვაპირებთ, გავიგოთ, რომელს აირჩევს იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-რუსეთის მოლაპარაკებების წინ, ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს მართავს თავის პარტნიორებთან

საგარეო უწყება: გენერალური მდივნის მოადგილემ მინისტრ ზალკალიანს დაუდასტურა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება

ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბრისას განიხილეს რუსეთსა და NATO-ელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები ე.წ.უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით შეიცავს დებულებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის NATO-ს ფუნდამენტურ პრინციპებთან და ფასეულობებთან და რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მესამე ქვეყნების მსგავსი ჩარევის მცდელობები. ასევე გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წვერი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციებს და პოზიციების კოორდინაციას დიპლომატიური არხების მეშვეობით და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ შეთანხმებული მიდგომები. ცნობისთვის, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ NATO-რუსეთის სამიტის წინ, ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. ამავე თემაზე: დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა რა თემები განიხილა ვენდი შერმანმა მინისტრ ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ტელეფონით ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, მირჩა ჯოანასთან გამართული სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან შემდგარი სატელეფონო საუბრის ლოგიკური გაგრძელებაა. მისი თქმით, საუბრისას დეტალურად განიხილეს რუსეთსა და NATO-ეს მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ზალკანიანის განცხადებით, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან სატელეფონო საუბარი საქართველოს მიმართ პარტნიორების მხრიდან მუდმივი ყურადღების დასტურია. „მე დღეს კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან, რომ NATO არ აპირებს პოზიციების გადახედვას საქართველოსთან მიმართებით, რომ ის არის თანმიმდევრული მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და რომ ევროპული უსაფრთხოება დაფუძნებულია პარტნიორების უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მინისტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია პარტნიორებთან და უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემდგომი აქტივობა. „ის ფაქტი რომ, საქართველოს თემატიკა მუდმივად ჟღერდება მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის საჯარო გამოსვლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც არაერთხელ ახსენა საქართველო უსაფრთხოების საერთო, გლობალურ კონტექსტში, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი საკითხების აქტუალიზაცია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დღის წესრიგში არის უაღრესად პრიორიტეტული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ NATO-რუსეთის სამიტის წინ ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. რა თემები განიხილა ვენდი შერმანმა მინისტრ ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ყველა ქვეყანაში, სადაც დიქტატურა ან ავტოკრატიული მმართველობაა, ყაზახეთის მსგავსი სიტუაციის გადადების ალბათობა არსებობს - ზურაბ ბატიაშვილი

ყაზახეთში არეულობის და მოქალაქეების მღელვარების კერად წლების განმავლობაში დაგროვილი შიდა პრობლემები იქცა. ამაზე აქტიურად მიუთითებენ ის ანალიტიკოსები და სხვა ქვეყნების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც რაიმე ფორმით კავშირი ჰქონიათ ცენტრალური აზიის ამ ქვეყანასთან, ადგილზე საქმიანობდნენ კიდეც და კარგად იცნობენ მოსახლეობის განწყობებს. თუმცა ტრადიციულად, რუსეთს მიზეზის და საბაბის საკუთარი ვერსია აქვს, რომლის მტკიცებას და გამყარებასაც ცდილობს, აქ მას მხარს უჭერს ყაზახეთის დღევანდელი პრეზიდენტი თოყაევიც, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც გაიგზავნა ჯარი ყაზახეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სახელით და რუსეთის ხელმძღვანელობით. ორივე - რუსეთიც და ყაზახეთიც ამას გარე საფრთხეებით ხსნიან. ყაზახეთიდან ზუსტი ინფორმაციის მიღება დღესაც პრობლემაა, სხვადასხვა წყარო, ოფიციალური თუ არაოფიციალური ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებს, მათ შორის შეტაკებების შედეგად მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაც ამ დრომდე უცნობია. ბოლოს, ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იტყობინებოდა მედია, რომ 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით, ეს ტექნიკური შეცდომით ახსნეს. თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ არეულობის დღეს, ადამიანები დაიღუპნენ. მაინც, მოვლენების რა განვითარებას უნდა ველოდოთ, და არის თუ არა დასავლეთი პასიურ პოზიციაში, ამ საკითხებთან და ყაზახეთის ირგვლივ არსებულ სურათთან დაკავშირებით, Europetime-მა შეკითხვებით მიმართა რონდელის ფონდის ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილს. ის მიიჩნევს, რომ ყაზახეთში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები ახლა ერთიანად ამოიფრქვა. „ყველა ქვეყანა, სადაც არ არის დემოკრატიული წყობა და ინსტიტუტები არ მუშაობს, განწირულია პროცესების ასეთი განვითარებისთვის და ეს ვნახეთ ყაზახეთის შემთხვევაშიც. ამას აქვს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო განზომილება, იმიტომ, რომ პუტინი უფრთხის მის გარშემო გამოსვლებს, რომლებსაც თავისი რეჟიმისთვის პირდაპირ საფრთხედ განიხილავს. მას ეშინია, საპროტესტო აქციების ტალღა არ გადაედოს“... ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, მსგავსი არეულობა ხდება იქ, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს; სადაც არ არის დემოკრატიული წყობა; შესაბამისად, ყველა ქვეყანაში, სადაც დიქტატურა ან ავტოკრატიული მმართველობაა, მსგავსი ტალღის გავრცელების ალბათობა არსებობს. „პუტინს იმდენად არ ეშინია NATO-ს ჯარების და ატომური იარაღის, რამდენადაც მსგავსი გამოსვლების, რადგან მასაც არადემოკრატიული რეჟიმი აქვს, სადაც ხალხს არ აქვს საშუალება, გამოხატოს საკუთარი ნება; სადაც პიროვნებები წყვეტენ ყველაფერს და არა - ინსტიტუტები; არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომ, ასეთი საფრთხე ასეთ ქვეყნებში ყოველთვის არსებობს და ძალზედ მოჩვენებითია ხოლმე ერთგვარი სტაბილურობა გარედან, ყაზახეთის შემთხვევაში დავინახეთ, რომ ქვეყნის შიგნით სულ სხვა მუხტია. საწვავზე ფასის მატება საბაბი უფრო გახლდათ, ვიდრე მიზეზი. ქვეყანაში გამეფებული იყო კორუფცია. მოგეხსენებათ, ყაზახეთი ნავთობითა და გაზით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა და, მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ შემოსავლები არასამართლიანად ნაწილდება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. ზურაბ ბატიაშვილის თქმით, თუ რუსეთი დაინახავს, რომ კარგავს ყაზახეთს, დემონსტრანტებსაც დაარბევს და უარს არ იტყვის უხეში ძალის გამოყენებაზე. „ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს. პუტინის იდეის განხორციელება, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, შეუძლებელია ყაზახეთის გარეშე. ყაზახეთი თუ არ იქნება, ის კარგავს შუა აზიის სხვა რესპუბლიკებსაც, გასასვლელი ეკეტება დანარჩენ რესპუბლიკებში. ყაზახეთი მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ პროექტისთვის, რომელსაც შეგვიძლია, ვუწოდოთ „საბჭოთა კავშირი2“, სადაც მოიაზრებს: ბელარუსს, უკრაინს, ყაზახეთს, კავკასიის ქვეყნებს... რუსეთი არღვევს ყველანაირ ხელშეკრულებას, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულება გულისხმობს გარე საფრთხისგან დაცვას, ყაზახეთის შემთხვევაში კი გარე საფრთხე არ ყოფილა, შიდა გამოსვლები იყო. რუსეთი და ყაზახეთი კი ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს, ეს გარედან იყო ორგანიზებული. ხან ვაშინგტონისკენ იშვერენ ხელს, ხან - კიევისკენ... ეს რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, აქ უნდა გამოვრიცხოთ გარე ჩარევა, რადგან ეს იყო ათწლეულების განმავლობაში ხალხში დაგროვილი უკმაყოფილების გამოვლინება“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი. შეგახსენებთ, ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მხრიდან სამხედროების გაგზავნის ცნობა ყველასთვის ცნობილი გახდა სომხეთის პრემიერის განცხადებიდან, რომელიც ახლა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ითავსებს. რას ნიშნავს ჩვენთვის ეს გარემოება, ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით სომხეთთან და რა სურათს ქმნის ის რეგიონისთვის. ზურაბ ბატიაშვილი ამ საკითხსაც განიხილავს Europetime-თან ინტერვიუში. „ნიკოლ ფაშინიანი მძევლად იქცა, თითქოს, დემოკრატიული იდეებით გამოდიოდა, ახლა სამწუხაროდ, პუტინის „რუპორად“ ჩამოყალიბდა. სომხეთი გახლავთ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა და ბედის ირონიაა, რომ ფაშინიანს მოუწია ამ განცხადების გაკეთება. რეგიონში რუსეთის ნებისმიერი გაძლიერება სახარბიელო და არასასურველია. თუმცა ჩვენზე ამ შემთხვევაში ნაკლებად არის დამოკიდებული, რა მოხდება ყაზახეთში. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, ისააა, რომ ჩვენი სვლა დასავლეთის მიმართულებით შეუქცევადი გავხადოთ. ქვეყანაში, სადაც ამდენი პრობლემა დაგვიგროვდა, უნდა ვეცადოთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გავაძლიეროთ, და ყველაფერი გავაკეთოთ დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით, მათ შორის სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომელიც ხელისუფლებამ რატომღაც დაიქვემდებარა და თავის მომსახურე ორგანიზაციად აქცია. მაშინ, როდესაც დასავლეთის რჩევებს უნდა ვითვალისწინებდეთ, ლამის ყოველ მეორე დღეს, „ქართულ ოცნების“ ლიდერები დასავლეთს, მის ინსტიტუტებს და დასავლელ ელჩებს ლანძღავენ. ეს ყველაფერი კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და საქართველოს არ წაადგება დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. არის თუ არა დასავლეთი პასიური ყაზახეთთან მიმართებით, ზურაბ ბატიაშვილი საკითხის ასეთ ანალიზს გვთავაზობს: „ინფორმაციის ნაკლებობაა, ასევე ოპოზიცია ფიზიკურად არ არსებობს ყაზახეთში. იქ სახალხო მღელვარებას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევდნენ პროცესებს. შესაბამისად, დასავლეთს დრო სჭირდება ვითარებაში გასარკვევად. თუმცა ვნახეთ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, რა თქმა უნდა, არავის მოსწონს, ასეთი აგრესიული ჩარევა მეზობლების შიდა საქმეებში, მაშინ, როდესაც რუსეთი სხვებს ადანაშაულებს ამაში. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს მეთიუ ბრაიზა: ყაზახეთის პრეზიდენტი დასავლეთთან რისკავს კარგია, რომ დასავლეთი ამ დროისთვის კონცეტრირებულია უკრაინის საკითხზე, რადგან უკრაინის თემას რუსეთის ამბიციებისთვის საციცოხლო მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, დასავლეთმა აქ უკან არ უნდა დაიხიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალურად დგება საბჭოთა კავშირის აღდგენის საკითხი... და, ამას ჩვენზეც პირდაპირი გავლენა ექნება, ამიტომ, ის რომ, დასავლეთი ჯერ ბოლომდე ვერ არის გარკვეული ყაზახეთის საკითხებში, ძალზედ ბუნებრივია, თუმცა იმედის მომცემია, რომ უკრაინაზეა კონცეტრირებული და მკაფიო პოზიცია აქვს“. ცნობისათვის, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ შეცვალა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ შეცვალა. გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება ზაალ უდუმაშვილი და ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ნიკა მელია განაგრძობს. ამასთან, პარტიის გენერალურ მდივნის პოზიცია კობა ნაყოფიას ნაცვლად პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა. როგორც ნიკა მელიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება.

ენტონი ბლინკენი: NATO არ შეჭრილა უკრაინაში, NATO არ შეჭრილა საქართველოში, ეს რუსეთმა ჩაიდინა

„მოდით, ცალსახად ვთქვათ: NATO არ შეჭრილა უკრაინაში, NATO არ შეჭრილა საქართველოში, NATO-ს არ განუთავსებია ძალები მოლდოვაში თავისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სხვა მრავალ ქმედებასთან ერთად, ეს ყველაფერი რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიდინა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. „გასული ოცი წლის განმავლობაში რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნების არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტების განადგურების მცდელობისთვის, თანაც, უცხო ქვეყნის მიწაზე, დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებები, უკან დაიხია დიდი ხნის წინ შეთანხმებული ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომების მიღებაზე. შესაბამისად, მომდევნო დღეებსა და კვირებში ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში რუსეთთან“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. სახელმწიფო მდიფნის განცხადებით, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, უკვე ათწლეულზე მეტია, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განმეორებით ჩადის: „საქართველოში, მოლდოვასა და 2014 წელს უკრაინაში. ახლა კი ამ უკანასკნელის გამეორების საშიშროება დგას. ამავდროულად, ეს საკითხი უფრო დიდია, ვიდრე თავად უკრაინა. საუბარია საერთაშორისო ურთიერთობების საბაზისო პრინციპებზე, რომლებიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია. ეს არის პრინციპი, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ძალის გამოყენებით უბრალოდ შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები, პრინციპი, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, უბრძანოს მეორეს თავისი არჩევანი ან ვისთან იქონიოს კავშირი, პრინციპი, რომ არ შეიძლება, ქვეყნებმა თავისი მეზობლების დასამორჩილებლად გავლენის სფეროები გამოიყენონ. ეს წარსულის გადმონაშთია. ეს ყველაფერი დევს ახლა სასწორზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას დავუჭიროთ მხარი, არამედ ამ საბაზისო პრინციპებსაც“, - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი.

ირაკლი ღარიბაშვილი: იმედს გამოვთქვამთ, რომ ყაზახეთში ვითარების საბოლოო დეესკალაციის მისაღწევად ყველა ზომა იქნება მიღებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა ყაზახეთის პროცესებს. „მინდა, გამოვეხმაურო ყახაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რაც ყაზახეთში განვითარდა და რომლის შედეგადაც დაიღუპა ათობით ადამიანი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბოლოო დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით. გვსურს, რომ ქვეყანამ ძალიან მალე შეძლოს შედეგების დაძლევა. ვუსურვებთ სვლის გაგრძელებას შემდგომი განვითარების მიმართულებით ჩვენ მოძმე ყაზახეთს და ყაზახ ხალხს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან ყაზახეთში, ქვეყანაში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. „რაც შეეხება ყაზახეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა შესაძლებლობის ფარგლებში ხაზზე იყო მათთან და უწევდა შესაბამის დახმარებას ადგილზე. მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, მათი ნაწილი დაბრუნდა საქართველოში. საქართველოს იმ მოქალაქეებთან, ვინც რჩებიან ადგილზე, საელჩო აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში უწევს დახმარებას. მათი საქართველოში დაბრუნება უახლოეს დღეებში მოხდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.

მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში გასვლის ინიციატივას ვეთანხმები

"მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში გასვლის ინიციატივასა და ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას ეთანხმება", - ამის შესახებ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც სააკაშვილის აღნიშნავს, "ივანიშვილის პრემიერის" დღევანდელი ცინიზმი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: "მათ მთლიანად აქვთ დაკარგული რეალობის გრძნობა და მათგან მხოლოდ ცუდს უნდა ველოდოთ". „ივანიშვილის პრემიერის დღევანდელი ცინიზმი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - მათ მთლიანად აქვთ დაკარგული რეალობის გრძნობა და მათგან მხოლოდ ცუდს უნდა ველოდოთ. რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ ივანიშვილის „რაც გინდა ის უწოდეები“, რომ ქვეყანაში არჩევნები არ იქნება, მით უფრო სწრაფად ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ქართველმა ხალხმა უკვე ბოლო სამ არჩევნებზე გასცა რეჟიმს პასუხი და ვინაიდან არჩევნები, როგორც ინსტიტუტი გაუქმებულია, ამჯერად უპასუხებს ძალიან მძლავრი, სამოქალაქო პროტესტით ქუჩაში - 14 ოქტომბერი ამის მხოლოდ პირველი მერცხალი იყო. ხალხის გატაცებასა და ძარცვას ბოლო მოეღება და საქართველო ისევ დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას. ქართველები შეძლებენ თავიანთ ქვეყანაში ღირსეულ, მაღალანაზღაურებად დასაქმებას. ბოლო მოეღება უსამართლობას და არავის არასდროს დაისვამენ თავზე. ამ უმძიმესი კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს, ერთადერთი სწორი გამოსავალია საზოგადოების გაერთიანება და რიგგარეშე არჩევნების, რაც შეიძლება სწრაფი დანიშვნა. ვეთანხმები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში გასვლას და ასევე, საერთო ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას, რომლის მთავარი მიზანი იქნება შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და მე არ შემეძლება უკანონო ტყვეობიდან გარეთ გასვლა. საარჩევნო კამპანიაში ჩემი მონაწილეობის და ხალხის მობილიზების პირობებში (რასაც ჩვენ ვგეგმავთ) საქართველოს საზოგადოება დიდი უპირატესობით მოიგებს რიგგარეშე არჩევნებს. დღევანდელი დღის შემდეგ მთელ საქართველოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გზავნილში.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-რუსეთის მოლაპარაკებების წინ, ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს მართავს თავის პარტნიორებთან

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-რუსეთის მოლაპარაკებების წინ, ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს მართავს თავის პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში NATO-უკრაინის კომისიის სხდომამდე განაცხადა. „მივესალმები, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას მიმდინარე კვირას ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვის შესახებ. ეს არის პოზიტიური სიგნალი. ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე. ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შეშფოთებებს, თუმცა ნებისმიერი შინაარსიანი დიალოგის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთებებიც. ეს უნდა გაიმართოს უკრაინასთან კონსულტაციით, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავთ სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებებზე მხარეებს წარმოადგენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შემანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: პრეზიდენტ პუტინს ორი გზა აქვს. ვაპირებთ, გავიგოთ, რომელს აირჩევს

13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება

13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი თოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამასთან, 10-11 იანვარს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით +13, +18 გრადუსამდე გათბება. ხოლო, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +8, +13 გრადუსი იქნება. თბილისში 10-11 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 10-12 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება, ხოლო 13 იანვრიდან აცივდება, მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებებზე მხარეებს წარმოადგენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. ამასთან, მოლაპარაკებები რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების მობილიზების ფონზე მიმდინარეობს. აშშ რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს. მოლაპარაკებებზე რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, მიიღოს გარანტიები, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და რუსეთის საზღვართან რაკეტებს არ განათავსებს. თუმცა, აშშ-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების დროს „არავითარი მტკიცე ვალდებულება“ არ იქნება და განიხილება მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები. ცნობისთვის, რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებები 12 იანვარს გაგრძელდება, რა დროსაც ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება. 13 იანვარს კი ვენაში მოლაპარაკებები ეუთოს ფარგლებში გაიმართება. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: პრეზიდენტ პუტინს ორი გზა აქვს. ვაპირებთ, გავიგოთ, რომელს აირჩევს

ვლადიმერ პუტინი: ყაზახეთში „მაიდანის" ტექნოლოგიები, მათ შორის საინფორმაციო მხარდაჭერა, გამოიყენებოდა

"კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები ყაზახეთში დარჩება შეზღუდული პერიოდით, იმდენ ხანს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის ყაზახეთის პრეზიდენტი", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ყაზახეთზე თავდასხმა და აგრესიული აქტი უწოდა. „ჩვენ გვესმის, რომ ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის წინაშე საფრთხე სულაც არ არის გამოწვეული საწვავის ფასის გამო დაწყებული სტიქიური საპროტესტო აქციებით, არამედ გამოწვეულია იმით, რომ სიტუაციით ისარგებლეს დესტრუქციულმა შიდა და გარე ძალებმა. ამასთან, აქტიურად გამოიყენებოდა პროტესტების ძალოვანი და საინფორმაციო მხარდაჭერის ელემენტები, რაც „მაიდანის“ ტექნოლოგიებისთვის არის დამახასიათებელი. გამოიყენებოდა მებრძოლების კარგად ორგანიზებული და მკაფიოდ მართული ჯგუფები“, – განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტი: სამშვიდობო ჯარები ყაზახეთში სიტუაციის სტაბილიზაციამდე დარჩებიან რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა