ახალი ამბები
ბოლო 24 საათში, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა
ბოლო 24 საათში, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა. ექიმების თქმით 4 681 ადამიანიდან უმტესობა მეორე დოზით აცრა, რაც იმას ნიშნავს რომ ბოლო კვირებში, პირველი დოზით აცრის სურვილს სულ უფრო ცოტა ადამიანი გამოთქვამს. 17 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 911 877 აცრა. აქედან 1 დოზით ვაქცინირებულია 1 010 739 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6 % სრულად ვაქცინირებულია 900 916 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.5%. 15 ოქტომბერს, 6 673 ადამიანი აიცრა, 14 ოქტომბერს მხოლოდ - 3842. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 123 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი, 28 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.93% ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 359 საიდანაც 5 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 193. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 266 ინფიცირებული. ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღა მაღალი ნიშნულიდან დაიწყო ამირან გამყრელიძე: ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება ტვინდემია- გრიპის და კორონას დატყუპება, სამწუხაროდ გვექნება ძალიან რთული ნოემბერი
არქეოლოგებმა ისრაელში ბიზანტიური პერიოდის ღვინის უზარმაზარი მარანი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა ისრაელში 1500 წლის წინანდელი ბიზანტიური პერიოდის ღვინის უზარმაზარი მარანი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იუწყება. არქეოლოგების ცნობით, ის ყველაზე დიდი ბიზანტიური მარანია მსოფლიოში, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ. გიგანტურ მარანში წელიწადში, დაახლოებით 2-3 მილიონი ლიტრი ღვინო იწარმოებოდა. მარანი ღაზას სექტორის ტერიტორიაზე მდებარეობს. არქეოლოგებმა ადგილზე საწნახელის დიდი კომპლექსები, ღვინის 4 დიდი საწყობი, თიხის ჭურჭლის საშრობი ღუმელი და ათიათასობით დოქის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის ფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცს ორ სეტში მოუგო, ანგარიშით 7:6, 6:3 და ქართული ჩოგბურთის ისტორიაში პირველმა შეძლო ამ რანგის შეჯიბრების ფინალის საგზურის მოპოვება. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეთექვსმეტე ადგილზე მყოფ ბასილაშვილს საჩემპიონო ტიტულს ბრიტანელი კამერონ ნორის ძლევა აშორებს. ამ ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ბულგარელ გრიგორი დიმიტროვს აჯობა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსზე სულ ხუთი მატჩი ჩაატარა. ფრიცთან შეხვედრამდე მან მოუგო ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს, რუს კარენ ხაჩანოვსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს. 2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ჩინეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა
Deutsche Welle-ს ცნობით, ჩინეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა. ჩინეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე იარაღი აგვისტოში გამოსცადა, თუმცა როგორც Deutsche Welle იტყობინება, აშშ-ის დაზვერვამ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ზებგერითმა რაკეტამ დედამიწას გარშემო შემოუარა და სამიზნის გასანადგურებლად დაეშვა, თუმცა სამიზნეს ასცდა. ცდომილებამ 32 კილომეტრი შეადგინა. ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი რაკეტა მიზანს ასცდა, ზებგერითი იარაღის წარმოების კუთხით, ჩინეთი აშშ-ზე წინ წავიდა მედიის ცნობით, ჩინეთის მთავრობას ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ არ განუცხადებია , როგორც საერთაშორისო ნორმებით მიღებულია, რამაც ამერიკელი ექსპერტების გაკვირვება გამოიწვია.
ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღა მაღალი ნიშნულიდან დაიწყო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეხუთე ტალღა მაღალი ნიშნულიდან დაიწყო. მისი თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესებულია სიტუაცია სამ რეგიონში კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, რადგან აღნიშნულ რეგიონებში აცრის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, შედარებით უკეთესია სიტუაცია აჭარასა და თბილისში, რადგან ორივე რეგიონში აცრით მოცვის მაჩვენებელი უკეთესია. "მილიონი ადამიანია აცრილი, სულ მცირე კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს. რაც შეეხება სხვადასხვა შემზღუდველ ღონისძიებებს, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო.შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად მომატებულია და ამიტომ აუცილებელია, რომ ყველამ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. მხოლოდ აცრას შეუძლია ეპიდემიის შეჩერება“, – განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეხუთე ტალღა საკმაოდ მძიმე იქნება, ამიტომ ვაქცინაცია აუცილებელია. "რა იქნება ჩემი რეკომენდაცია ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, ამას მე აქ, ღიად ვერ განვაცხადებ, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო. აღსანიშნავია, რომ იწყება ვაქცინაციის მარათონი და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს, 160 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს ამ 49 სოფელში, სადაც ჩვენ მარათონს გავმართავთ და ვნახოთ როგორი იქნება დამყოლობა და აქტივობა, ბევრი რამე მათზეა დამოკიდებული. უნდა გავითავისოთ კარგად, რომ ამ ეპიდემიას მხოლოდ აცრა აკავებს. ის 40-50 ქვეყანა, რომელიც დღეს წარმატებულია და რომლებმაც ასე თუ ისე შეამსუბუქეს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებმაც 70% მოსახლეობის აცრა. თუ ჩვენ არ ავიცრებით საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის, მაშინ გვექნება ყოველ ორ თვეში ასეთი ტალღა. ხაზს ვუსვამ, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს და ავიცრებით ახალ წლამდე ჩვენ 2 000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. ისეთი ტალღა მოდის, რომ თუ შესაბამისი შემაკავებელი ღონისძიებები არ გატარდა, ძალიან მძიმე იქნება ეს ნოემბერი. შემაკავებელ ღონისძიებებში ისევ რეკომენდაციების დაცვას და ვაქცინაციას ვგულისხმობ“, – განაცხადა გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში, ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 28 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
გვანცას ბაბლი
ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე ქარის ხმა, ქარიზმა ქარიზმატულიაო ჩვენში ისე იტყვიან ხოლმე, თითქოს უდაოდ რაღაც დადებითს გულისხმობენ... გვიყვარს ქართველებს ქარიზმატული პიროვნებები, რაც უფრო შორს არიან ჩვენგან, მით უფრო გვიყვარს - ყველა ჩვენი ისტორიული გმირი ხომ ქარიზმატული ლიდერი იყო, იმიტომ რომ ყველა გმირი ქარიზმატულია... ქარიზმატული ლიდერები მაშინ ჩნდებიან, როდესაც ცვლილებები გარდაუვალია - მათ კარგად ეხერხებათ დრომოჭმულის დანგრევა... ქარიზმატული ლიდერები მაშინ ჩნდებიან, როდესაც ხალხში ემოციური მუხტი იზრდება - მათ კარგად ეხერხებათ ადამიანური ემოციების ენერგიად გარდაქმნა... ქარიზმატული ლიდერები მაშინ ჩნდებიან, როდესაც დაგვჭირდება ახალის შექმნა - მათ ეხერხებათ გაუკვალავი გზებით სიარული... ქარიზმატული ლიდერები მზად არიან, თავი გასწირონ საკუთარი იდეებისთვის და ამიტომაც მათ გმირებს ვუწოდებთ, თუკი ვეთანხმებით მათ იდეებს... ქარიზმატული ლიდერები უკომპრომისოები არიან საკუთარ მტრებთან და ჩვენ ეს მოგვწონს, სანამ მტრების სიაში ჩვენც არ აღმოვჩნდებით... ქარიზმატული ლიდერები ან ძალიან გვიყვარს, ან ძალიან გვძულს - თავიდან გვიყვარს, მერე შეგვძულდება... ქარიზმატული ლიდერები ხშირად კარგავენ რეალობის შეგრძნებას, მაგრამ არასდროს თავის ქარიზმას... ისინი აშენებენ და ისინი ანგრევენ, და ჩვენ მათ შევაფასებთ იმისდა მიხედვით, აშენებულთან უფრო ახლოს აღმოვჩნდებით თუ დანგრეულთან... ქარიზმატულ გმირებს ისტორია ეპოქის შემქმნელებს დაარქმევს ხოლმე, მათი თანამედროვე ადამიანები კი თავს დაკარგულად გრძნობენ მათ გვერდით... პირადად მე არ მიზიდავენ ქარიზმატული ადამიანები - მღლის მათი ენერგეტიკა და მაბრაზებს მათი სიჯიუტე... მშვიდი და სტაბილური ადამიანები მიყვარს ჩემს გარშემო... მშვიდ და სტაბილურ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც ქვეყნის ლიდერებს არც შეუსაბამო ძალაუფლება აქვთ და არც შეუსაბამო ფუფუნება, ველოსიპედებით დადიან სამსახურში და რიგითი პატრული აჯარიმებს მოძრაობის წესების დარღვევისთვის... ასეთ საზოგადოებებს ადამიანები ქმნიან ათეულობით ან სულაც ასეულობით წლების მანძილზე... ადამიანები, რომლებიც ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ სახელმწიფოს, როგორც დედა თავის ახალშობილს... ასეთ საზოგადოებებს აღარ სჭირდებათ ქარიზმატული ლიდერები... *** "მეზობელმა არ დაგინახოს“ - როგორი ჯადოსნური სიტყვებია საქართველოში... მეზობლებს თუ არამკითხე მამიდა-ბიცოლებს ყოველთვის აინტერესებთ რა გაცვიათ, დილით თუ ილოცეთ, ფულს რამდენს შოულობთ, სადილად რა გაქვთ, სარეცხი თუ გაქვთ სწორად გაფენილი საკუთარ აივანზე... ნაცნობ-უცნობი ციციკორეები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან თქვენს პირად ცხოვრებას და გაიძულებენ მათი დაუწერელი ფსევდომორალისტური კანონებით იცხოვროთ... მაგრამ ამ ყველაფერს, არაფერი აქვს საერთო სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან - საქართველოში არ გაგკიცხავენ თუ ფულს კორუფციით შოულობთ, პირიქით, დაგიმეგობრდებიან და შეგაქებენ... საქართველოში არ გამოიძახებენ პოლიციას თუ მეგობარს ან ოჯახის წევრს მიასიკვდილებთ - პირიქით, სხვისი პირადი ცხოვრება რა ჩვენი საქმეაო, იტყვიან... საქართველოში არ განგსჯიან ქურდობისთვის, ხულიგნობისთვის, ბულინგისთვის, ძველბიჭობისთვის, თაღლითობისთვის, არაპროფესიონალიზმისთვის, შანტაჟისთვის, გაყალბებისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე საკუთარი კორპუსის კედლების დანგრევაც კი არავის ადარდებს, სანამ ნანგრევები ბავშვებს არ იმსხვერპლებს... საქართველოში მთავარია რა გაცვიათ, სექსი ვისთან გაქვთ და როგორი თანმიმდევრობით გაფენთ თეთრეულს საკუთარ აივანზე... რამდენჯერ ვიფიქრე ამ პრობლემაზე და პასუხი ვერ გავეცი - უპასუხისმგებლოები ვართ და გვეშინია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების? ინფანტილურები ვართ და ვერ ვანსხვავებთ მნიშვნელოვანს უმნიშვნელოსგან? მშიშრები ვართ და მხოლოდ სუსტებთან გვაქვს დიდი გული? გაუნათლებლები ვართ და არ გვესმის რა არის კრიმინალი? თუ თავადაც კრიმინალები ვართ ან კრიმინალობაზე მეოცნებეები? სანამ ამ შეკითხვებზე დასაფიქრებლად ზოგს სულ არ სცალია და ზოგიერთი კი ჩვენს ბაბლებში ჭორაობით „რაიმე სასარგებლოს კეთების“ ილუზიას ვუქმნით საკუთარ თავს, სახელმწიფოს ფუნქციონირებას თავისი ლოგიკა აქვს - მას ადამიანების უპასუხისმგებლობა საძირკველს უთხრის და ნელი-ნელ ანგრევს... მისი ნანგრევები თავში არ დაგვეცემა დღეს, მაგრამ სახელმწიფოს ნგრევა ხვალინდელ დღეს აუცილებლად დაასამარებს... და როგორც კი გააცნობიერებ ამ საფრთხეს, უკვე გვიანია უარი თქვა სარისკო ოპერაციაზე და გამოჯანმრთელება ჯანსაღი ცხოვრების წესს დაუკავშირო... უკვე გვიანია უარი თქვა ქარიზმატული ლიდერების ენერგიაზე და ციციკორეების იმედად დარჩე, რომლებმაც თქვენი მართვა ფსევდომორალისტური კანონებით საკუთარი ავკაცობების გადასაფარად გამოიგონეს... *** არ გვინდა ქარიზმა და ქარიზმატულებიო - არც მე მინდა, მართლა არ მინდა, მშვიდ და სტაბილურ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც ქვეყნის ლიდერები ველოსიპედებით დადიან სამსახურში და რიგითი პატრული ჯარიმას უწერს მოძრაობის წესების დარღვევისთვის... მაგრამ ასეთ საზოგადოებებს ადამიანები ქმნიან და თუ ვერ ქმნიან, არჩევანი არც ისე ბევრია... სახლის ბზარებში თუ ქარის ხმა ისმის, დროა შეეშვა უდარდელობას და ციციკორეების ფსევდომორალისტური წესებით ცხოვრებას... ქარის ხმა ნიშანია ახალი ქარიზმის დაბადების... ახალი ქარიზმის დაბადება ნიშანია, რომ დროა შევძლოთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად ჩამოყალიბება, რომელიც ქარიზმას ქმნადობისთვის გამოიყენებს და მუდმივი კონტროლით მოთოკავს მის ნაკლოვანებებს... წლების წინ ერთმა ჩემთვის საპატივსაცემო უცხოელმა გვითხრა, ქართველები საკუთარი უდარდელობით ღუპავთ საკუთარ ლიდერებს, თავად მიგყავთ იქამდე, რომ შემდეგ ჩამოსაგდები გაგიხდეთო... ახლახან ჩემთვის საპატივსაცემო მოძღვარმა ფეისბუქ სტატუსით გვითხრა, უდარდელობა დიდი ცოდვააო... უდარდელები და ციციკორეების მიმდევრები სულ ტყუილად დააბრალებენ ყველა ბოროტებას ვიღაც სხვას...
პრემიერი: ვეტერანებისთვის ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება
ქვეყანაში დღეს ვეტერანთა დღე აღინიშნება. როგორც პრემიერმა საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება. "ჩვენი მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვეტერანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება," - განაცხადა პრემიერმა.
ამირან გამყრელიძე: მშობლები და მასწავლებლები არ არიან აცრილნი, ამიტომ გადადის ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კლასი ონლაინ სწავლებაზე
"მშობლები და მასწავლებლები არ არიან აცრილნი, ამიტომ გადადის ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კლასი და სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაცია ჩატარებული უნდა ჰქონდეს ყველა მშობელს და მასწავლებელს, მაშინ არ დაგვჭირდება სკოლების გადაყვანა დისტანციურ რეჟიმზე. "მასწავლებლების მხოლოდ 52%-ია ორჯერადად აცრილი. ვაქცინირებული უნდა იყოს ყველა მასწავლებელი და სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი. ყველამ კარგად ვიცით, სწავლის საკლასო ფორმას ბავშვის განათლებასა და განვითარებისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით დაბალ კლასებში, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ავიცრათ. კიდევ ერთხელ მივმართავ პედაგოგებს, ავიცრათ, თუ გვინდა, რომ სწავლა იყოს უსაფრთხო და ბავშვებმა ისწავლონ სკოლაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
პოლიციამ ბათუმში ჩადენილი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი პირი - 1974 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს - 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ტ.კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ა.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს რ.გ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) დაუსწრებლად ბრალი წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.დაკავებული რ.გ. პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
Reuters-ის ცნობით, ეკატერენბურგში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად ბოლო მონაცემებით 18 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გარდაცვლილებს მეთილის სპირტი ჰქონდათ დალეული. მათ ალკოჰოლი 7-დან 14 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში ადამიანთა გარკვეული ჯგუფებისგან შეიძინეს. ის ადამაიანები, რომლებიც მეთილის სპირტს ჰყიდნენ პოლიციამ დააკავა.
12 წლის შემდეგ ჯიქი საქართველოში დაბრუნდა
12 წლიანი თავდაუზოგავი ძებნის შემდეგ, მაშინ, როცა ყველა იმედი გადაწურული იყო, ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა ჯიქი, იგივე ლეოპარდი კვლავ საქართველოში დააფიქსირა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ფოტო აგვისტოშია გადაღებული. " საქართველოში ჯიქის, ანუ ლეოპარდის (Pantera pardus) აგვისტოში გადაღებული ფოტო, დღეს აღმოვაჩინეთ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჩვენს მიერ ორი თვის წინ დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის შემოწმებისას.ამ რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა; როგორც წინა, ისე ეს მცდელობაც აწ განსვენებული ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილის მეოხებით განხორციელდა და ამ წარმატებას სწორედ მას ვუძღვნით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მისი ბოლო ნაკვალევი იქნა ნაპოვნი", - აღნიშნვენ ორგანიზაციაში.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თურქეთს ეწვევა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით 18-19 ოქტომბერს ქ. ანკარას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ყოველწლიური სამმხრივი შეხვერა, სადაც მხარეები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებილ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებს, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს და ამ პროცესში საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობის გზებს. ასევე, ორმხრივი შეხვედრები გაიმართება თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან, სადაც განხილება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი - გრიგოლ ვაშაძე. აღნიშნული ფორმატის შეხვედრა უკვე მე-9 ტარდება და სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მნიშვნეოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ განიხილონ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის.
საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ეწვევა
17-19 ოქტომბერს, საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ ეწვევა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 18 ოქტომბერს, ლაზარ კომანესკუ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. შეხვედრაზე განიხილება შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ისევე როგორც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტში შეხვედრას გამართავს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველო BSEC- ის თავმჯდომარე ქვეყანაა. პენტაგონი: თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა, რათა წაახალისოს უფრო ფართო რეგიონული თანამშრომლობა შავ ზღვის რეგიონში
17-18 ოქტომბერს, საქართველოს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 17-18 ოქტომბერს სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან. სლოვაკეთის პირველი დიპლომატი ასევე შეხვდება ქართველ კოლეგას, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ამასთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. „აღსანიშნავია, რომ სლოვაკ მინისტრთან ერთად, საქართველოს ეწვევა სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და საპატიო წიგნში ჩანაწერს გააკეთებს“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა, 28 გარდაცვლილი და 1 193 მძიმე პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 123 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი, 28 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.93% ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 359, საიდანაც 5 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 193. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 266 ინფიცირებული. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 662 334-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.93%, ბოლო 14 დღის - 8.31% ხოლო 7 დღის - 8.99%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 612 481. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 468 ინფიცირებული ემსხვერპლა. 984 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 34 038 პაციენტი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 16 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 258 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 25 871 ადამიანი.
ცესკო: თვითმმართველობის არჩევნების თბილისის შემაჯამებელ შედეგებს აქვეყნებს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქალაქ თბილისის მერისა და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა. ამასთან, ცესკო-მ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესახებ. თბილისის საკრებულოს 40 პროპორციული მანდატი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" – 19; "ნაციონალური მოძრაობა" – 13; "საქართველოსთვის" – 4; "ლელო" – 2; ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი-მეტი თავისუფლება" – 1; ანა დოლიძე - "ხალხისთვის" – 1. ცესკომ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესახებ.30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება 5 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. მეორე ტური ასევე გაიმართება 15 თვითმმართველ თემში. ამასთან, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში. "ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები მიიღო; ასევე მიიღო დადგენილებები, რომელთა თანახმადაც, არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი, მეორე ტურისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესიც განისაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებით, მეორე ტურზე მოდიფიცირებული, განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები იქნება გამოყენებული, ასევე განხორციელდება ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება. კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები ისევ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები კვლავ შეძლებენ, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია სპეციალური უბნები. მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები," - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ში სპორტული შეჯიბრის მაყურებელს და მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს
აშშ-ში, ალაბამას შტატში, შეირაღებული პირები ხალხს თავს დაესხნენ. სპორტული შეჯიბრის მაყურებელს და მონაწილეებს, შეიარაღებულმა უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს. CNN-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. დაჭრილთაგან ორი არასრულწლოვანია. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცველებს დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ. არსებული ინფორმაციით, ორი შეიარაღებული სპორტული კომპლექსის გარედან ისროდა.
თეა წულუკიანი: აბსურდის პროცედურაა, როდესაც სააკაშვილი სტრასბურგში ჩივის, რადგან სტრასბურგის სასამართლომ გირგვილიანი საქმეზე თქვა, რომ ის ანტიკონვენციურად მოიქცა
აბსურდის პროცედურაა, როდესაც სააკაშვილი ახლა სტრასბურგში ჩივის, რადგან სტრასბურგის სასამართლოს ეუბნება, გვირგვილიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები რომ შევიწყალე, მე ვიყავი მართალი და არა თქვენო, – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე განაცხადა. მისი თქმით, თავის დროზე, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი მოიქცა ანტიკონვენციურად, როდესაც გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა. „როდესაც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ესა თუ ის საქმე წარმოებაში მიიღო, ამაში გულისხმობს მოპასუხისთვის, ანუ საქართველოს მთავრობისთვის გარკვეული კითხვარის გამოგზავნას და საქართველოს მთავრობა ამ დროს, ამზადებს ხოლმე შესაგებელს. ეს არის ჩვეულებრივი შეჯიბრებითობის პრინციპი და ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილმა ამ საქმეებზე გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ იგივე გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგში უჩივის, თავად სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი მოიქცა ანტიკონვენციურად, როდესაც გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა. შესაბამისად, აბსურდის პროცედურაა, როდესაც სააკაშვილი ახლა სტრასბურგში ჩივის, რადგან სტრასბურგის სასამართლოს ეუბნება, ის მსჯავრდებულები რომ შევიწყალე, მე ვიყავი მართალი და არა თქვენო. ეს მისი უფლებაა, კონსტიტუციური და კონვენციური, რომ იჩივლოს, მაგრამ მე არ მაქვს არავითარი მოლოდინი, რომ მისი ეს ჩივილი წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა წულუკიანმა. .
მოძრაობა - „მიშას თავისუფლებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს
ახლად დაფუძნებული მოძრაობა - „მიშას თავისუფლებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს. „მთავარი გასაღები იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს ქვეყანაში და პოლიტიკური დევნა დასრულდეს, არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ამიტომაც ვაარსებთ მოძრაობას „მიშას თავისუფლებისთვის“, რომლის გარშემოც ვერთიანდებით მოძრაობა საქართველოსთვის, მოძრაობა 20 ივნისი, მოძრაობა თავისუფალი ზონა და ასევე სხვა ორგანიზაციები. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება სხვადასხვა აქტივობა“, - აცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი. ცნობისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტივისტებისგან შემდგარი მოძრაობის მთავარი მიზანი საქართველოს ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება. მათი შტაბი მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში განთავსდა. შეგახსენებთ, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.
მედიის ინფორმაციით, ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას მართავენ
მედიის ინფორმაციით, ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს სასტურმო „რუმსში“ ხვდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. „ეს იყო დახურული შეხვედრა. მე ვერ ვასაჯაროებ ინფორმაციას, თუ ვის შევხვდით და ბუნებრივია, ვერც იმას, თუ რაზე ვისაუბრეთ კონკრეტულად. ამ დახურულ შეხვედრაზე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი გავაცანით, რაც დღის წესრიგში დგას ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ეს ეხება მეორე ტურს, წინასაარჩევნო გარემოს, ვისაუბრეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ. „ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის ქომაგებს შევხვდით, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს და, რა თქმა უნდა, ყველა აქტუალურ საკითხზე ვისაუბრეთ დეტალურად, დაწვრილებით. ძირითადად, საკითხი ეხებოდა 30 ოქტომბრის არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და სხვა დანარჩენ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში აქტუალურია. მინდა, გულწრფელად გითხრათ ერთი რამ, რომ ელჩები არიან ძალიან ინფორმირებული, დეტალურად ინფორმირებული, არა ნაკლებ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი“, - განაცხადა ნიკა მელიამ. შემდეგი შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ წევრებთან მიმდინარეობს.