ახალი ამბები

პენტაგონი: თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა, რათა წაახალისოს უფრო ფართო რეგიონული თანამშრომლობა შავ ზღვის რეგიონში

პენტაგონი თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ევროპული ტურნეს დეტალებს ავრცელებს, რომელიც ასევე მოიცავს ვიზიტს საქართველოსა და უკრაინაში. განცხადების თანახმად: თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯეი ოსტინი III, ამ კვირაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში, ასევე ეწვევა ბელგიას NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად. თავდაცვის დეპარტამენტი ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე. თავდაცვის მდივანი მოუთმენლად ელის კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრას, რათა განამტკიცოს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული ევროპის მიმართ. საქართველოში, სახელმწიფო მდივანი ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით. ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში. უკრაინაში, მდივანი შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანს, რათა დაადასტუროს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ უკრაინის თავდაცვისა და თავდაცვის ინდუსტრიის რეფორმების განხორციელების პროგრესს, რომელიც აუცილებელია ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და შავის ზღვის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რეგიონული თანამშრომლობის განსამტკიცებლად. რუმინეთში, მდივანი ოსტინი შეხვდება პრეზიდენტ კლაუს იოჰანისსა და ეროვნული თავდაცვის მინისტრ ნიკოლაე ჩუკას, რათა დაადასტუროს ერთგულება ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის მიმართ, აღნიშნოს რუმინეთის ლიდერობა ალიანსში პასუხისმგებლობის განაწილების კუთხით და გაუზიაროს მოსაზრებები შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე. თავდაცვის მდივანი ასევე ეწვევა აშშ-ის როტაციულ ძალებს მიჰაილ კოგალნიჩანუს საჰაერო ბაზაზე. ბელგიაში, მდივანი ოსტინი პირველად დაესწრება პირადად NATO-ს თავდაცვის მინისტერიალს, სადაც ის შეხვდება მოკავშირე კოლეგებსა და გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. სახელმწიფო მდივანი ოსტინი ყურადღებას გაამახვილებს NATO- ს სამხედრო ადაპტაციის განვითარებაზე და სამომავლო გამოწვევებისთვის ალიანსის მზადყოფნის უზრუნველყოფაზე. ის განამტკიცებს შეერთებული შტატების ერთგულებას NATO-ს მიმართ და ხაზს გაუსვამს შტატების ფუნდამენტურ როლს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში. გარდა ამისა, მდივანი ოსტინი გამოიყენებს შესაძლებლობას, ვიზიტის დროს მოინახულოს თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყანაში, გაეცნოს მათ როლს რეგიონში, მადლობა გადაუხადოს მათ და მათი ოჯახის წევრებს თავდაცვის დეპარტამენტის მისიასა და ქვეყნის თავდაცვაში შეტანილი წვლილისთვის“, - აღნიშნულია პენტაგონის ინფორმაციაში. პირველად 12 ოქტომბერს დააანონსა პენტაგონმა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა. ამავე თემაზე: თავდაცვის სამინისტრო: აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ისტორიულ ვიზიტად შეიძლება შეფასდეს

თენგიზ ცერცვაძე: ძალიან ბევრია კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში

კორონავირუსის შემთხვევების ასეთ ნახტომისებურ ზრდას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე „მეხუთე ტალღის“ დასაწყისად მიიჩნევს. თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომდევნო დღეებში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს. „სამწუხაროდ, ბოლო დღეებში დაფიქსირდა ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევების. სულ რაღაც 3-4 დღეში 2 ათასიდან 5 ათასამდე აიწია. მართალია, დღეს 3200-ია, მაგრამ სავარაუდოდ, გუშინდელი დასვენების დღის გამო. მოსალოდნელია, რომ შემდეგ დღეებში ისევ მოიმატოს. ვართ არა მეხუთე ტალღის ზღვარზე? - ამ სახელების დარქმევა გარკვეულწილად პირობითია. ზუსტად არავინ იცის, სად დამთავრდა „მესამე ტალღა“, სად დამთავრდება მეოთხე და როდის დაიწყება „მეხუთე ტალღა“. დიახ, მე ვიტყოდი, რომ რამდენადაც „მეოთხე ტალღის“ შემდგომ იყო მნიშვნელოვანი კლება, როდესაც 1000-დან 2000-მდე შემთხვევა იყო, სიკვდილობის მაჩვენებელი კი, 80-დან 23-26-მდე ჩამოვიდა, ჩავთვალოთ, რომ „მეოთხე ტალღა“ გადავიარეთ მაშინ და ახლა ასეთი ნახტომისებური ზრდა არის „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისივე თქმით, ძალიან ბევრია ახალი შემთხვევების რაოდენობა: „ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში. კლინიკური სექტორის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ვახერხებთ იმას, რომ ყველა პაციენტი იყოს მართული, არცერთი არ დარჩეს ჰოსპიტალური საწოლის გარეშე და ყველამ მიიღოს მომსახურების სრული პაკეტი, რაც სჭირდება. „სიკვდილობას ვინარჩუნებთ ამ რაოდენობისთვის ძალიან დაბალ ნიშნულზე - 20-სა და 30-ს შორის. ამის ფონზე, როდესაც ასეთი დიდი ალბათობაა სიკვდილობის მატების და ახალი შემთხვევები მკვეთრად იზრდება, შეიძლება, გადავაჭარბოთ „მეოთხე ტალღას“. ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის და აცრილთა რაოდენობა დღეში მერყეობს 4 ათასიდან 6 ათასამდე. ეს არის ერთი მხრივ, სრულიად აუხსნელი რამ, საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი. ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს, რომ მხოლოდ 4 ათასი კაცი აიცრას, როდესაც დღეში 40-50 ათასი ადამიანის აცრის საშუალება გვაქვს, თან მაქსიმალური კომფორტით, ბინებში გაკითხავენ, მეტი რაღა უნდა ქნან?! გვაქვს მაგალითი, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მოახერხეს ორჯერ აცრა და ისრაელმა უკვე სამჯერ აცრა თავისი მოსახლეობის უმრავლესობა, ძალიან შეამცირა როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე სიკვდილობის რაოდენობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან. ვიდეოს „პალიტრანიუსი“ ავრცელებს. თენგიზ ცერცვაძემ პირველად 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ მეხუთე ტალღის დასაწყისი იგრძნობა. განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომელმაც განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ასეთი მატება უჩვეულოა და ის უნდა შეისწავლონ. რაც შეეხება აცრების დღიურ მაჩვენებელს, ის დღეს განსაკუთრებით დაბალი იყო და მხოლოდ 3 843 შეადგინა. 13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.

ელჩის ინფორმციით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ახალ სტრატეგიაში საქართველოს ერთ-ერთ პარტნიორად მოიაზრებს

საქართველოს პრეზიდენტი, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ თავმჯდომარეს, კლაუს შვაბს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები განიხილა. როგორც შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა რევაზ ლომინაძემ განაცხადა, ნაყოფიერი და პერსპექტივაზე ორიენტირებული შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და მსოფლიო ეკონომიკური გორუმის დამფუძნებელს, პროფესორ კლაუს შვაბს შორის. შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე ძირითადი მიმართულება, მათ შორის, პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები. ,,პროფესიული განათლების მხარდაჭერას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უკვე დიდი ხანია, ახორციელებს. საუბარი შედგა ამ ძალიან მნიშვნელოვანი დარგის სამომავლო მხარდაჭერაზე, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკაში გრძელვადიანი კონტრიბუციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება. გარდა ამისა, კლაუს შვაბმა მიმოხილვა გააკეთა მათი ახალი ხედვის შესახებ, რაც ევროპასა და აზიაში ეკონომიკის განვითარებას გულისხმობს და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ამ ახალ სტრატეგიაში საქართველოს ერთ-ერთ პარტნიორად მოიაზრებს. ეს ახალი ხედვა სულ მალე გახდება ცნობილი", - აღნიშნა რევაზ ლომინაძემ.

აზერბაჯანის გენერალური პროკურორი თბილისშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო. „ხაზი გაესვა ორ ქვყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე უსაფრთხოების მიმართულებით და ხაზი გაესვა ამ კუთხით ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბრიტანელი დეპუტატი ეკლესიაში თავდასხმის დროს მოკლეს

ბრიტანელი დეპუტატი, ქალაქ ლეი-ონ-სის ეკლესიაში, ესექსის საგრაფოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას დაჭრეს. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიის წევრი, 69 წლის დევიდ ემესსი ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო. თავდამსხმელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია. დანაშაულის მოტოვი ჯერ უცნობია. პარლამენტის წევრის კოლეგების თქმით, დევიდ ემესსი რეგულარულად მართავდა შეხვედრებს თავის ამომრჩევლებთან. დევიდ ემესსი პირველად 1983 წელს აირჩიეს პარლამენტში. 2015 წელს მას დედოფალმა ელისაბედმა რაინდის ჯილდო გადასცა.

საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა ნაკრები ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა ნაკრები ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს. ქართველმა მსჯავრდებულმა მოჭადრაკეებმა რუსეთის გუნდი დაამარცხეს. საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდებულთა შორის პირველ მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დიდი წარმატებით იასპარეზა. დასკვნით ასპარეზობაზე, 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდადი და ტობაგო. ორ წრედ გამართული ფინალური შეჯიბრი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. შეჯიბრება ონლაინრეჟიმში გაიმართა.

რატი ბრეგაძე: გუშინდელი საღამო მოცული ვიყავით იმით, რომ არცერთი პატიმარი არ დაშავებულიყო, ციხეში ყოფილიყო სიმშვიდე და ამ შედეგს მივაღწიეთ

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების გარდაცვალების საკითხზე კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტის დადასტურებისთანავე მოხდა მათი ოჯახის წევრების დაუყოვნებლივ ინფორმირება. ,,ჩვენ დადგენილი წესის შესაბამისად, როგორც კი დადასტურდა ამ პირების გარდაცვალების ფაქტი შევატყობინეთ მათი ოჯახის წევრებს. ეს არის დადგენილი ფაქტი. გუშინვე ძალიან მალე გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შემდეგ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ,,რუსთავი2-ის“ ეთერში. მთავარი პრიორიტეტი ყველა მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და დაწესებულებაში სიმშვიდის შენარჩუნება იყო და ეს შედეგი მიღწეულია. მისი განცახდებით, სწორედ ამის გამო არ გავრცელდა გუშინვე ოფიციალური განცხადება გარდაცვალების ფაქტის შესახებ. გუშინ მთელი საღამოს განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, ასევე ციხის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება არ იყო, შეგნებულად, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შემდეგ ეტაპ-ეტაპ დაიწყო ელექტროენერგიის აღდგენა. ჩვენ თავიდან ბოლომდე დაკავებული ვიყავით თითოეული პატიმრის უსაფრთხოებით. ამ დროს მეც პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე, სადაც ვითარებას ციხის ადმინისტრაციასთან ერთად ვაკვირდებოდი. ჩვენ მთელი გუშინდელი საღამო მოცული ვიყავით იმით, რომ არც ერთი პატიმარი არ ყოფილიყო დაშავებული, ციხეში ყოფილიყო სიმშვიდე და ამ შედეგს მივაღწიეთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს გამოძიებას, რათა გაირკვეს სიმართლე და ხანძრის გამომწვევი რეალური მიზეზი დადგინდეს. მე როგორც იუსტიციის მინისტრი პირადად ვარ დაინტერესებული რომ დადგინდეს სიმართლე და დარწმუნებული იყავით ჩვენგან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება გამოძიებას, იმისთვის, რომ საზოგადოებამ და პირველ რიგში, მისმა ოჯახის წევრებმა გაიგონ სიმართლე“, - განაცახდა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში გუშინდელი ხანძრისას ორი ადამიანი დაიღუპა. ამავე თემაზე: პენიტენციური სამსახური გარდაცვლილი პატიმრების ვინაობას ასაჯაროებს ადვოკატი: ერთ-ერთი პატიმარი მეორეს გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ კვამლის გამო გარეთ ვეღარ გამოაღწიეს

სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა

შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს გი პარმელინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო შვეიცარიის როლი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდგომ პერიოდში. „მე, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე ბატონ პრეზიდენტს, შვეიცარიის მიერ საქართველოს მიმართ სოლიდარობისათვის, ეს არის სოლიდარობა ორ პატარა ქვეყანას შორის და რომელიც პირველ რიგში, შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მუდმივ მხარდაჭერაში გამოიხატება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც იცით, ბევრად უფრო რთულ რეგიონში ვართ, ვიდრე შვეიცარია იმყოფება. ჩვენთვის ეს მხარდაჭერა, ერთი მხრივ, არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ძალიან პრაქტიკულიცაა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 2009 წლიდან, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდგომ და ჩვენი რეგიონების ოკუპაციის შემდგომ, შვეიცარია შუამავალია ჩვენსა და რუსეთს შორის და ასრულებს ამ როლს მოსკოვში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში გი პარმელინის როლს. საქართვლოს პრეზიდენტმა შვეიცარიასთან ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში შვეიცარიის გამოცდილების გამოყენება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რაც შვეიცარიას აქვს. ეს იქნება ტურიზმის სექტორში, ენერგეტიკაში, ეკოლოგიაში, სოფლის მეურნეობის დარგში, სამთო ტურიზმსა და სპორტში და იმ დარგში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკური განვითარებისათვის - პროფესიული განათლების დარგი. ასევე ტექნოლოგია, ინოვაცია, ყველაფერი ის, რაც პატარა ქვეყნისთვის იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი ეკონომიკური განვითარება უფრო სრულყოფილი და ადვილი იქნება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები: მარიანა კრაიერი, ბარბარა შელევალდი და სირილ ჰერინგი. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შვეიცარიის კონფედერაციის Lohn Manor-ის სასახლეში გაიმართა.

პორტუგალიაში აშენდა მზის ელექსტროსადგური, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესია

პორტუგალიის უკიდურეს სამხრეთით მდებარე, ალგარვის რეგიონში, ალკოუტიმის მუნიციპალიტეტში აშენდა მზის ელექტროსადგური, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უდიდესია და ასევე, ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში. პროექტი WElink Energy/Solara4-ის და China Triumph International Engineering Company-ის (CTIEC) მიერ განხორციელდა. დეველოპერების თქმით, 219 მგვტ-იანი ელექტროსადგური გამოირჩევა დიდი მწვანე ფართობებით და მწვანე დერეფნებით, რომელიც ელექტროენერგიით 200,000 სახლს უზრუნველყოფს. ამასთან, ნახშირბადის გამონაბოლქვი წელიწადში 326,000 ტონით შემცირდება. გარემოს დაცვის მინისტრ ჟოაო პედრო მატოს ფერნანდესის თქმით, რომ პორტუგალია ერთ -ერთი ქვეყანაა, რომელსაც ელექტროენერგიის ყველაზე დაბალი საფასური აქვს მსოფლიოში და ამიტომაც არის უკეთ მომზადებული იმ ენერგეტიკული კრიზისის წინაშე, რომელიც ამჟამად გავლენას ახდენს ევროპაზე. პროექტში $196.6 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა.

მიხეილ სააკაშვილი: გუშინდელმა დღემ დამარწმუნა, რომ მეც თავისუფალი ვიქნები და არჩევნების მეორე ტურსაც მოვიგებთ

„გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები, ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული", - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის თავის მიმართვაში წერს, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატებმა გააცნეს. ექსპრეზიდენტი წერილში ქართველ ემიგრანტებსაც მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში და აცხადებს, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ "სასწაულებს მოახდენენ". "თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა. რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით ყველგან საქართველოში. ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები. ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, გარეთ რომ ვიქნები ერთად სასწაულებს მოვახდენთ, ზუსტად ვიცი. ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებში გამარჯვებისთვის. გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები, ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული. ასევე მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის, სიტუაცია მომწიფებულია და ახლა მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. გუშინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხალხმრავალი აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტი ექსპრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

კოვიდინფიცირების შემთხვევების გამო, 108 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, 98 ბაღი დახურულია

კოვიდინფიცირების შემთხვევების გამო, 108 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით კი, ამ დროისთვის, პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის COVID19-ის შემთხვევების დადასტურების გამო, ბაღების ნახევარზე მეტი, სულ 98 ბაღია დახურული. განათლების სამინისტროს ცნობით, სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ამ ეტაპისთვის მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%-ია აცრილი. ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. „კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს - მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდება. Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

FAO-ს გენდირექტორი: მსოფლიოში მოშიმშილეთა რაოდენობამ 811 მილიონ ადამიანს მიაღწია

"შიმშილის პრობლემა მსოფლიოში პანდემიამდეც მწვავედ იდგა, მაგრამ ბოლო დროს მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა და 811 მილიონს მიაღწია", - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი კუ დონჟუ ავრცელებს. ოფიციალურ წერილს FAO-ს გენერლური დირექტორი მსოფლიო სურსათის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს, რომელიც დღეს აღინიშნება. „ეს წარმოუდგენელი მონაცემია იმ ფონზე, როდესაც რეალურად, მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის სურსათი იწარმოება. სამწუხაროდ, მსოფლიოში წარმოებული სურსათის 14% წარმოების პროცესში იკარგება, 17% კი - მოხმარებისას. .ამას ემატება მავნებლებისა და დაავადებების ზემოქმედება, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების განადგურება, კონფლიქტები - და ჩვენ ვხედავთ რამხელა გამოწვევაა მსოფლიო მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა, გარემოზე და კლიმატზე მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის გარეშე. COVID-19-ით გამოწვეული პანდემია გლობალურ პრობლემად რჩება, ენით აღუწერელი სირთულეებითა და დანაკარგებით. უკვე აშკარად ვგრძნობთ კლიმატის ცვლილების შედეგებს. ზოგან მოსავალი ნადგურდება, ზოგან სახლები ინგრევა. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული კატასტროფების გამო. უკვე წლებია, სურსათის უსაფრთხოების პრობლემა არ ყოფილა ასეთი მწვავე. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენ ვიბრძვით. ვსახავთ ახალ გეგმებს და ვეძებთ ახალ გზებს - საკვების წარმოების, შენახვის, განაწილებისა და მოხმარების გასაუმჯობესებლად. ჩვენ დავიწყეთ პრობლემებთან დაპირისპირება. გასულ თვეში ჩავატარეთ სურსათის სისტემების მსოფლიო სამიტი, სადაც შევთანხმდით, რომ მსოფლიომ უნდა გარდაქმნას აგროსასურსათო სისტემები. ჩავატარეთ ახალგაზრდული ფორუმები და ამ საკითხით ახალგაზრდები დავაინტერესეთ, თუმცა ცხადია, გლობალური სისტემები მხოლოდ ახალგაზრდებმა არ უნდა გარდაქმნან. FAO-მ, როგორც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ლიდერმა ორგანიზაციამ, გარკვეული გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, გვჯერა, შევძლებთ ამ კომპლექსური პრობლემების დაძლევას.ჩვენი მიზნები ამ დევიზში გავაერთიანეთ: უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი სიცოცხლე. ჩვენ დავსახეთ მომავალი 10 წლის სტრატეგიული გეგმა, გავწერეთ კონკრეტული ქმედებები, რომ დევიზი რეალობად ვაქციოთ. არსებობს მრავალი დაბალბიუჯეტიანი და მაღალეფექტიანი პროექტი, რომლთა წყალობითაც შესაძლებელია ასობით მილიონ ადამიანს საკვებზე უკეთესი წვდომა ჰქონდეს. FAO-მ გამოითვალა, რომ 40-დან 50 მილიონ აშშ დოლარამდე ყოველწლიური, მიზნობრივი ინვესტიციაა საჭირო, რათა 2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბე აღმოვფხვრათ. ასევე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მეცნიერები, ფერმერები და მწარმოებლები მარტო ვერაფერს გახდებიან, თუ ამ პროცესში საკუთარ როლს თითოეული მომხმარებელი არ გაიაზრებს. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ - სურსათის შერჩევა და ყიდვა, შეფუთვა, საკვების გაფუჭება და გადაყრა - გავლენას ახდენს აგროსასურსათო სისტემებზე და ჩვენი პლანეტის მომავალზე. ყველა ჩვენგანს შეუძლია გახდეს სურსათის გმირი. ჩვენი ქმედებები ჩვენი მომავალია. აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნის პროცესი - შიმშილის დამარცხება, უკეთესი კვება, გარემოს შენარჩუნება - თქვენ და მე უნდა დავიწყოთ“, - აღნიშნულია FAO-ს გენერალური დირექტორის წერილში.

თბილისის ცენტრში გამართულ აქციას „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ

14 ოქტომბერს, თბილისის ცეტრში გამართულ აქციას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. აქციის ორგანიზატორი, „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი გუნდის დასასრულის დასაწყისზე მიუთითებს, „ქართულ ოცნებას“ კი იგივე შეფასება აქვს თავად ამ პოლიტიკურ გუნდზე. დედაქალაქის ცენტრში პროტესტის დაშლის შემდეგ, პირველი ვინც ამ აქციას სატელევიზიო ეთერიდან გამოეხმაურა მმართველი გუნდის სახელით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო და სწორედ აქ განაცხადა, რომ: „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისს ვხედავთ, რასაც საზოგადოება უკვე წლებია ელოდება“. თავად, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა აქციის ყველა მონაწილესა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მისი პოზიცია მედიას „ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა წითლიძემ გააცნო. „მან მითხრა, რომ მისთვის ძალიან ემოციური იყო ამდენი ხალხის ნახვა. მე ვკითხე, რამდენი ადამიანი იყო „ვარდების რევოლუციაზე“ და მას არ ახსოვს რაოდენობა, მაგრამ თქვა, რომ „ვარდების რევოლუციაზე“ არ ყოფილა ამდენი ხალხი“, - განაცხადა ანა წითლიძემ. „სააკაშვილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს აქტუალობას ციხეში“, - აღიარებს მმართველი პარტია, თუმცა ამას იმით ხსნის, წინასაარჩევნო პერიოდია: „მაგრამ როგორც კი დასრულდება არჩევნები, არა თუ საააკაშვილი ციხეში, „ნაციონალური მოძრაობაც“ არ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი კოლეგა, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აქციის კომენტირებისას, რუსული მედიის პროპაგანდაზე საუბრობს. „რუსეთის მედიის პროპაგანდა პირდაპირ იყო დაკავშირებული სააკაშვილის მხარდაჭერასთან - თქვეს, რომ 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქვე საოკუპაციო ხაზთან, დამატებით ღობეს აშენებენ ზუსტად იმ წუთში და იმ დროს, როცა სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები საქართველოში აქტიურობენ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. „აქციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი დამანახა - არსებობს გაცილებით მეტი რაოდენობის ადამიანი, რომელთაც ფეხი დააბიჯეს ღირსებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და სისხლი ადინეს“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა. რაც შეეხებათ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც გუშინდელ პროტესტში არ მონაწილეობდნენ, „ბრძოლა უნდა დასრულდეს კოალიციური მმართველობით, რომელიც რეალურად შეცვლის ქვეყანაში ვითარებას“, - მიიჩნევს „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი. „პირველიდან მეორე ტურამდე არსებული პერიოდი ერთიანი ბრძოლის ეტაპს შეადგენს და ეს ბრძოლა უნდა დასრულდეს კოალიციური მმართველობით, რომელიც რეალურად შეცვლის ქვეყანაში ვითარებას და დაანახებს ამომრჩეველს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენად განსხვავებულია დაბალანსებული და ურთიერთკონტროლის მექანიზმზე დაფუძნებული მმართველობა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისთვის ნათელია, რომ „ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია და ამის მრავალი ნიშანია სახეზე, დაწყებული არჩევნების შედეგებით, ძალიან ღია გზავნილით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ გაუგზავნა, გაგრძელებული საზოგადოებრივი განწყობებით და იმით, რაც გუშინ ხდებოდა მიტინგზე. „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე კი თვლის: „როდესაც პანდემიის პერიოდში ამდენი ადამიანი იკრიბება, ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებები უნდა - გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია. აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება „თვალს იბრმავებს“. ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" დეპუტატ ხათუნა სამნიძისთვის ამ აქციამ აჩვენა, რომ „ქვეყანაში ძალიან დიდია ოპოზიციური ამომრჩევლის მუხტი - ეს არის ერთგვარი გაფრთხილება „ქართული ოცნებისთვის“, არ გაბედოს, იგივე მაქინაციებს მიმართოს, რაც გამოიყენა 2 ოქტომბერს. დეპუტატის თქმით, სჯობს, ხელისუფლება დაფიქრდეს, ვიდრე მეორე ტურში გაყალბებას დაგეგმავს. მისივე თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი გზავნილიც გუშინდელ აქციაზე. უცხოური მედიის ცნობით, გუშინდელ აქციაში 50 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მასალაში გამოყენებულია AFP-ის ფოტო ამავე თემაზე: ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს

ირაკლი კობახიძე: რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, ეკონომიკური ზრდა ნულიდან 12%-ზე ავიდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის“ შესახებ აცხადებს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რაც გახდა, ეკონომიკური ზრდა 12%-იან მაჩვენებელზე ავიდა. „ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მთავარია ეკონომიკური განვითარება, რაც სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ნიშნავს. აქ გვაქვს კონკრეტული გეგმები და არა მხოლოდ გეგმები. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, დღეს უკვე 9 თვის მონაცემებით, პლუს 12%-ია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ანუ ღარიბაშვილის პირობებში ჩვენ მინუსიდან ავედით პლუს 12%-იან მაჩვენებელზე, რაც არის უპრეცედენტო ზრდა. საზოგადოებისთვის მთავარია, ეკონომიკის სწრაფი განვითარება გაგრძელდეს. პროგნოზებიც ძალიან კარგია. სიღარიბის ნულამდე დაყვანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად - ეს არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზადაა, ტყვეების ნაცვლად აზერბაიჯანს დანაღმული ველების რუკები გადასცეს

"სომხეთის რესპუბლიკა მზად არის, ტყვეების ნაცვლად აზერბაიჯანს გადასცეს დანაღმული ველების შესახებ რუკები",- აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. სომხეთის პრემიერის თქმით, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მე-8 პუნქტის გათვალისწინების მიუხედავად, აზერბაიჯანულ მხარეს ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებია ყველა სომეხი პატიმარი. საუბარია ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეული ტერიტორიის დანაღმული ველების რუკებზე. ყარაბღის ომის დროს და მომდევნო პერიოდში აზერბაიჯანმა არაერთი სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანა.

ავღანეთის შიიტურ მეჩეთში "ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი ააფეთქა

ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა. ტელეკომპანია Al jazera-ს ცნობით ქ. ყანდაარის შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, სადაც შიიტები ტრადიციულ პარასკევის ლოცვას ასრულებდნენ. დაიღუპა და დაიჭრა ათობით ადამიანი. ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორე თავდასხმაა შიიტებზე. 8 ოქტომბერს ქ. ყუნდუზის შიიტურ მეჩეთზე განხორციელებული მსგავსი თავდასხმის შედეგად 100-მდე ადამიანი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის ორგანიზატორი ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" იყო, რომელსაც კონფესიური (სუნიტურ-შიიტური) დაპირისპირების დაწყება სურს ავღანეთში. „ყანდაარის შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის გამოც დაღუპა და დაშავდა ჩვენი მრავალი თანამემამულე. დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად, რეგიონში „თალიბანის“ სპეციალური ძალები შევიდნენ“, - წერს თალიბანის შინაგან საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენელი ყარი საიდ ხოსტიმი.

საარსებო მინიმუმი 216 ლარი გახდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 32 ლარით მეტია

საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სექტემბრის განმავლობაში შრომისუნარიანი კაცის საარსებო მინიმუმი 216.3 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით, მთელი 32 ლარით მეტია. ეს კი თავის მხრივ, ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებულ ღირებულებაზე მეტყველებს. საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული. ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში სექტემბრის თვეში ყველაზე მაღალი - 12.3%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა დიმიტრი ხუნდაძე: 20 ლარიდან 320 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდა სამუშაო ადგილებს შეამცირებს

შსს აქციის დროს საკრებულოს შენობაში განთავსებულ აპარატურაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკრებულოს შენობაში განთავსებულ აპარატურაზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ტექნიკა პოლიციასთან რადიო და მობილური კომუნიკაციის გამართული მუშაობისთვის გამოიყენება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ტექნიკური საშუალება მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას და აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით. "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით. აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ გუშინ, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, საკრებულოს მესამე სართულზე ინტერნეტის ჩამხშობი და მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს.

პოლონეთის სეიმის წევრი: ევროპის საბჭოს კომისარს და ევროკავშირის წარმომადგენელს მივმართეთ, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სააკაშვილის გასათავისუფლებლად

პოლონეთის სეიმის წევრის, მალგოჟატა გოშიევსკა პარლამენტის წევრების შეხვედრაზე წერს, რომელიც პოლონეთში დღეს გაიმართა და რომლის დროსაც მიმართეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეამონა გილმორეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, ჩემი ინიციატივით შედგა პოლონეთის პარლამენტის წევრების შეხვედრა, რომლის დროსაც აპელაციით მივმართეთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეამონა გილმორეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი“, - წერს პოლონეთის პარლამენტის წევრი Facebook-ზე. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, დაახლოებით ორი კვირაა, შიმშილობს.

შს მინისტრის მოადგილე: თუ გიგი უგულავამ კარანტინის წესები დაარღვია, დაჯარიმდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოდგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შესაძლოა, გიგი უგულავა დაჯარიმდეს. "რაც შეეხება გიგი უგულავას, თუ მან დაარღვია კარანტინის წესები, თავისუფლად დაჯარიმდება ამისთვის,"- განაცხადა დარახველიძემ. გიგი უგულავას 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ მას ამის ნება ექიმებმა დართეს.