ახალი ამბები
პრეზიდენტი: ვმუშაობ პროექტზე, რომ თბილისმა უმასპინძლოს ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფერენციას კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხზე
საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს წევრი ქვეყნების ქალ ელჩებთან შეხვედრა გამართა და გამოფენა „ქალები მშვიდობისათვის“ დაათვალიერა, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალს, ავსტრიის სამშვიდობო საზოგადოების დამფუძნებელსა და მწერალს, ბერტა ფონ ზუტნერს ეძღვნებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს გენერალურ მდივანს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა და ქალ ელჩებს საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული საფოსტო მარკა „ბერტა ფონ ზუტნერი" საჩუქრად გადასცა და სიტყვით მიმართა: „საკმაოდ სიმბოლურია დღეს აქ ყოფნა, რადგან ეუთოს ჰყავს ქალი გენერალური მდივანი, ამავდროულად, ჩვენ ვიხსენებთ ნობელის მშვიდობის პრემიის პირველ ლაურეატ ქალს, ბერტა ფონ ზუტნერს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, რადგან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჩვენს ქვეყანაში. მე ვმუშაობ პროექტზე, რომ თბილისში ეუთოს მხარდაჭერით ჩატარდეს კონფერენცია ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ეს არის ის, რასაც ქალთა საზოგადოებისა და კავშირებისაგან მეტი ძალისხმევა სჭირდება. ბერტა ფონ ზუტნერი იყოს ამ მიმართულებით ჩვენთვის, როგორც ქალი ლიდერებისათვის ჩვენი მუშაობის სიმბოლო და მოდელი, რომელიც ინსპირაციას მოგვცემს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ეუთოს გენერალური მდივნმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის და ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენის მოწყობისათვის. „მოხარული ვარ თქვენი მასპინძლობით, რადგან თქვენ ხართ ქალი ლიდერისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ქალთა ჩართულობის ნათელი მაგალითი. მადლიერი ვარ ამ გამოფენისათვის, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ გავიხსენოთ ლიდერი ქალი“, - განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდმა. ამავე თემაზე: სალომე ზურაბიშვიული ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დასტურის შემდეგ მულტიფუნქციური ჯგუფი მუშაობას დაიწყებს
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის პირადი ექიმი შეხვდა ექსპერტთა ჯგუფს, თუმცა, მათთვის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუზიარებია, რადგან მას სააკაშვილი თანხმობა არ ჰქონდა. „ექსპერტთა ჯგუფი შევახვედრეთ პაციენტის პირად ექიმს, რათა მომხდარიყო მათ შორის კომუნიკაცია და ამ შეხვედრით მიგვეღო დასტური, რომ ეს ექსპერტები მისაღები არიან პირველ რიგში, პაციენტის პირადი ექიმისთვის. ამ ეტაპისთვის ველოდებით პაციენტისგან თანხმობას, რომ შესაძლებელია მან გაუზიაროს ექსპერტებს ჯანმრთელობის ის მონაცემები, რაც პაციენტის პირად ექიმს გააჩნია. იმის შემდეგ კი, როცა დასტურს მივიღებთ პაციენტისგან უკვე ჩაერთვებიან ექსპერტები ამ მოცემული ჯგუფის სამუშაო რეჟიმში. გვიჭირს ხოლმე კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რაც კონფიდენციალურია. ხშირად აღვნიშნავთ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ. მის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის გაეზიარებინა. ველოდებით პაციენტისგან თანხმობას და ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას როგორც არსებულ მდგომარეობაზე, ასევე საჭირო ყველა გამოსავალზე, რაც შემდგომში შეიძლება საჭირო გახდეს. მე არ მაქვს მისი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა საჭიროება იქნება გამოკვეთილი, შეირჩევა ჯგუფის მუშაობის ინტენსივობაც და ფორმატიც. ამ ეტაპზე მუშაობს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო ჯგუფი, რომელიც არის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის. ყოველივე ამის შეჯერება მათთან ერთად მოხდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგს ომბუდსმენის აპარატი რეგულარულად განახორციელებს. ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ დრომდე პატიმრის უფლებრივი მდგომარეობა მხოლოდ ერთხელ, პენიტენციური სამსახურისა და პრემიერ-მინისტრის მიერ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მივესალმები, რომ ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა მულტიფუნქციური ჯგუფი. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც იყო ჩართული ამ ჯგუფის შექმნაში და ახლა ველოდებით თავად პატიმრის თანხმობას, რომ ამ ჯგუფმა იმუშაოს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პატიმრის პირადი ნდობა ექიმების საქმიანობის მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუკი იქნება თანხმობა, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი რეგულარულად განახორციელებს ჯანმრთელობის მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდიან მისი ჯანმრთელობის დინამიკის თაობაზე ობიექტურ ინფორმაციას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ამავე თემაზე: იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნას ითხოვს ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებზე განცხადებას ავრცელებს
პატრიარქი: პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, უნდა დავაფასოთ პიროვნება და შევუწყოთ მას ხელი
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვის ტექსტი გამოქვეყნდა. „გილოცავთ სვეტიცხოვლობას! საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყვნენ, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით?! ღმერთმა წყალობა მისცა, მართლაც, და ეს წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას... სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა. მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავთ საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო! ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად.
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ: ყველამ უნდა იფიქროს შერიგებასა და ქრისტიანულ მიტევებაზე
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველამ უნდა იფიქროს შერიგებაზე და ქრისტიანულ მიტევებაზე. „მის მიმართ ასეთი გზავნილი მქონდა - ვფიქრობ, ჩვენ ყველანი და მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი ერთმანეთისთვის. ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან იწყება, კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ პირველი პრეზიდენტი, მძიმე 90-იანი წლები და დღესაც ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი. ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა ასე წინ ვერ წაიწევს. ვუთხარი ბატონ მიხეილს, რომ ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, უნდა შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს... მე ეს ვთხოვე ბატონ მიხეილს და მან თავის მიმართვაში ჩაწერა, რაც იმედი მაქვს, გამოქვეყნდება. მინდა თქვენც მოგიწოდოთ, რომ შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმით, რომ მოქმედი და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. „თვითონ ვკითხე და მისი პოზიციაც არის ზუსტად ასეთი, სრული თანხმობა, არავითარი არცერთი სიტყვა არ შემოუბრუნებია, თქვა, რომ თვითონაც ზუსტად ასე ფიქრობს, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი”, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ჯანმომ ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნა
ჯანმოს ახალი სამუშაო ჯგუფი კორონავირუსის წარმოშობას შეისწავლის. ეს იქნება მუდმივი ორგანო იქნება, რომელიც მომავალი პანდემიის დროსაც იმუშავებს. „ეპიდემიებისა და პანდემიების გამოწვევის პოტენციალის მქონე ახალი ვირუსების გაჩენა ბუნების ფაქტია. SARS-CoV-2 უახლესი ასეთი ვირუსია, თუმცა ის ბოლო არ იქნება“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა. ეპიდემიის მიზეზის დასადგენად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დანიშნულმა გუნდმა აგვისტოში განაცხადა, რომ პროცესი შეჩერებულია, შემდგომმა დაგვიანებულმა პროცესმა კი შეიძლება მნიშვნელოვანი კვლევები გახადოს შეუძლებელი. სამეცნიერო ჟურნალ Nature- ში გამოქვეყნებულ სტატიაში ისინი პოლიტიკურ და სამეცნიერო სფეროს ლიდერებს მოუწოდებენ, დააჩქარონ ეს კვლევები, ვიდრე ჯერ კიდევ დროა". ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ COVID19-ის წარმოშობის დადგენის მიზნით ჩატარებული გამოძიების პირველმა ფაზამ ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობა ვერ დაადასტურა. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ჩინეთმა პანდემიის საწყის ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ წარადგინა.
ლაშა დარსალია: ჟენევის დისკუსიების 54-ე რაუნდზეც, დევნილთა დაბრუნების თემაზე მსჯელობისას, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა
ჟენევის მოლაპარაკებების როგორც ყველა რაუნდისას, ამ რაუნდზეც დევნილთა დაბრუნების თემაზე მსჯელობის დროს, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე დისკუსიის დასრულება ვერ ხერხდება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ლაშა დარსალის თქმით, ჰუმანიტარული საკითხების უსაფრთხოების საკითხებთან მიბმის მცდელობაა. „თუმცა, აქვე ხაზი უნდა გავუსვა, რომ ჩვენი პარტნიორებისა და თანათავმჯდომარეების პრინციპულმა, კონსტრუქციულმა მიდგომებმა შესაძლებელია, მოგვცეს იმის საშუალება, რომ თანდათანობთ მოხდეს ამ ორი საკითხის გამიჯვნა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა, უსაფრთხოების საკითხებისთვის მათი მიბმის გარეშე“, - აღნიშნა ლაშა დარსალიამ. რაც შეეხება კითხვას ე.წ. გადასასვლელების და თავისუფალი მიმოსვლის თემაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ქართველები უნდა ჩამოყალიბდნენ, სად შეიძლება მათთვის სიარული და სად არა, მინისტრის მოადგილე ამას თემის პოლიტიზების მაგალითად მიიჩნევს. „ეს არის სწორედ ის მაგალითი, როდესაც ხდება თემის პოლიტიზება და ჰუმანიტარული საკითხების გამოყენება ზეწოლისთვის. როდესაც პირობა დგება, რა შემთხვევაში გაუმჯობესდება ჰუმანიტარული მდგომარეობა. კონკრეტულად თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით ისინი ცდილობენ, რომ საქართველომ აღიაროს ე.წ. საზღვარი, რაც, რა თქმა უნდა, არ და ვერ იქნება. ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ მოხდეს თემების განცალკევება და თავისუფალ გადაადგილებაზე ვისაუბროთ, როგორც ჰუმანიტარულ თემაზე და არა პოლიტიკურ თემაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტატუს-ნეიტრალური მიდგომებით არის შესაძლებელი ამ საკითხების გადაჭრა“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ. დღესვე რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ინიციატივით გამოდის, „დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით“. „ამაში მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს სოხუმსა და ცხინვალს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა„ საქართველოს დესტრუქციული ხაზის კონტრპროდუქტიულობაზე“. ცნობისთვის, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
პატრიარქი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, პელას მთავარეპისკოპოსი ფილომენი და იერუსალიმის წმინდა იოაკიმესა და ანას ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მელეტიოსი მიიღო. „შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია. ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა მის უწმინდესობას იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის მოკითხვა და საჩუქარი გადასცა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯვრის მონასტერში არსებულ სიტუაციას და ისრაელში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. მეუფე ფილომენმა აღნიშნა, რომ ქართველები ხშირად დადიან ჯვრის მონასტერში, აქტიურად მონაწილეობენ ღვთისმსახურებაში და თვითონაც ცდილობს, მათ თავი ისე აგრძნობინოს, როგორც საქართველოში. მთავარეპისკოპოსმა ფილომენმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მადლიერებით აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს წმინდა მიწაზე ქართველების დასახმარებლად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა სტუმრებს, დალოცა ისინი და სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვაზე მიიწვია“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
ელჩი დეგნანი კოლეგებსა და მაღალი თანამდებობის პირებს კლიმატის ცვლილებების საფრთხეზე ესაუბრა
გაეროს კლიმატის ცვლილების მოახლოებულ კონფერენციამდე, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი თავის კოლეგებსა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს კლიმატის ცვლილებების საფრთხესა და მწვანე განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. კლიმატის ცვლილება მსოფლიო მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას სერიოზულ გამოწვევებს უქმნის, თუ მას არ დავუპირისპირეთ კონკრეტული, ერთიანი ქმედება. 2021 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების მოახლოებულ კონფერენციამდე ელჩი დეგნანი თავის კოლეგებსა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს კლიმატის ცვლილებების საფრთხესა და მწვანე განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა“, - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვიული ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვიული ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდტს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებასა და ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეუთო იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ ქალები მეტად იყვნენ ჩართულნი ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურ, ასევე საფინანსო, მიმართულებებში. ისაუბრეს ასევე ეუთოს მუშაობაზე ქალთა ჩართულობის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით იმ სფეროებში, სადაც კაცების როლი უფრო მეტად დომინანტურია, მაგალითად, როგორიცაა პოლიცია და საინფორმაციო ტექნოლოგიები. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, არჩევნებში ქალი კანდიდატების რაოდენობა კვლავ მცირეა. შეხვედრისას განიხილეს ასევე რეგიონში საქართველოს როლის მნიშვნელობა. „ვმუშაობ პროექტზე, რომ თბილისში ეუთოს მხარდაჭერით ჩატარდეს კონფერენცია ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მამუკა ხაზარაძე: არამარტო გახარიას პარტიის კანდიდატს, არამედ ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის თუნდაც, მეჭიაური თიანეთში
არამარტო გახარიას პარტიის კანდიდატს, არამედ ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის თუნდაც, მეჭიაური თიანეთში, - განაცხადა „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მედიასთან, მამუკა ხაზარაძის თქმით, სხვადასხვა პარტიასთან აქვთ მოლაპარაკებები კოალიციურ მართვასთან დაკავშირებით, რათა ერთიანი კაბინეტით წარდგნენ თბილისში არამარტო ადამიანები, არამედ - განვითარების კონკრეტული ხედვაც, თუ რისი გაკეთება აქვს გადაწყვეტილი კოალიციურ მართვას თბილისისთვის. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია „მარშალის გეგმის„ იმპლემენტაცია დაიწყოს“, - განაცხადა ხაზარაძემ. კითხვაზე, თანამდებობებზე თუ მოხდა შეთანხმება, ხაზარაძე პასუხობს, რომ „კონსულტაციები მიმდინარეობს". „თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გახარიას მიმართ, როგორც სახელმწიფო მოღვაწის და ყოფილი პრემიერის მიმართ. მას აქვს საკმაოდ ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემი, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ, თუ ისინი თავს თვლიან ოპოზიციად, რაც შეიძლება მეტი ხმა წამოიღოს თავის ყულაბაში, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოვაშოროთ მმართველობას. აქედან გამომდინარე, არამარტო გახარიას, არამედ ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის თუნდაც, მეჭიაური თიანეთში. აქ არის სახელმწიფოებრივი თემა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქში გაიმართება. აქედან 17 ქალაქში "ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების“ კანდიდატები იქნებიან მეტოქეები. მხოლოდ ცაგერში გაიმართება მეორე ტური გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" კანდიდატის ბესარიონ ბენდელიანის მონაწილეობით. ორ ქალაქში კი, თიანეთსა და ოზურგეთში "ქართული ოცნების" კონკურენტები, დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე იქნებიან.
თამარ გაბუნია: ინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებით კახეთში გაიზარდა, რაც სავარაუდოდ, რთველს უკავშირდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა კახეთში, რაც სავარაუდოდ, რთველს უკავშირდება. მისი თქმით, გარკვეული მატება აღინიშნება ახალგაზრდა ჯგუფებში, შესაძლებელია, სტუდენტებშიც იყოს ინფექციის უფრო აქტიური გავრცელება, ვიდრე აქამდე იყო. "მათი მცირე ნაწილია ვაქცინირებული და აკადემიურ გარემოში ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს. ვფიქრობთ, კახეთში ეს უკავშირდება რთველის სეზონს. შესაძლოა, გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა იყო. წვიამიანი სეზონი იყო და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შენობებში ხდებოდა, რამაც ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი. “, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. გაბუნიას განმარტებით, მილიონამდე ადამიანი სულ მცირე ერთი დოზითაა აცრილი. „ ბოლო ორი დღეა, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი ხუთი ათასს აღწევს. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატებას ჯერ ვერ ვაფიქსირებთ, რაც არის იმედისმომცემი ნიშანი, შეიძლება, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტიც კი, რადგან არსებობს ინფიცირებულთა მცირე ჯგუფი, რომლებიც ბინაზე რჩებიან და მცირე სიმპტომი აქვთ.ამ შემთხვევაში, ამ ამბავს მეხუთე ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან ჩვენთვის მეოთხე ტალღა არ დასრულებულა. შემთხვევების რაოდენობა ისედაც მაღალი იყო, ეს არის გარკვეული მატება მეოთხე ტალღის პერიოდში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმების ჯგუფი დააკვირდება
იუსტიციის სამინისტროს განცხადებიდან რამდენიმე საათში, ჯანდაცვის მინისტრმა და მისმა მოადგილემ იმ მედიკოსებთან გამართეს შეხვედრა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩაერთვებიან. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც იმყოფებოდა. „საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად, ასევე თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის დაცვით. დღეს, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტების ჩამონათვალს მივაწოდებთ. პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გავაგრძელებთ საქმიანობას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. საჭიროების შემთხვევაში კონსილიუმის წევრები იქნებიან: ზურაბ ფაღავა - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი კარდიოლოგიის დარგში;დავით მეტრეველი - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ენდოკრინოლოგიის დარგში;ალექსანდრე ცისკარიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ნევროლოგიის დარგში;ნინო შარაშენიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიის დარგში;ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი. როგორც ადვოკატები აცხადებენ, სააკაშვილი დაპატიმრების შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, რის გამოც მისი მდგომარეობა რთულდება. იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნას. სამინისტრომ მონიტორინგის ჯგუფში ჩართვა სახალხო დამცევლ ნინო ლომჯარიასაც სთხოვა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.
უკრაინა ევროკავშირისა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში შეხვედრის უახლოეს მომავალში გამართვის ინიციატივით გამოდის
უკრაინას სურს, რომ ევროკავშირისა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართოს, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე. დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს განიხილება უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის ევროკავშირთან ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის საკითხი, „მწვანე შეთანხმების“ და ციფრული ტრანსფორმაციის კონტექსტში. „ჩვენს ქართველ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთობლივი ვიზიტების პრაქტიკას, რათა ევროპელ პარტნიორებს დეტალურად გავაცნოთ ასოცირებული ტრიოს ინიციატივისა და ურთიერთობების ახალი სფეროების განვითარების შესახებ“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ. მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტის შემდგომ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში „ასოცირებული ტრიო“ პირველად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ: გზავნილები უკრაინა-ევროკავშირის სამიტიდან კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტი დაიწყო „ჩვენ დიდი ხანია, დაჟინებით ვითხოვთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში იმის დიფერენციაციას, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა აღიქმებოდნენ, როგორც სპეციალური პარტნიორები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ამბიციები და პერსპექტივები ევროკავშირთან ურთიერთობაში. ჩვენ შევძელით სკეპტიციზმის დაძლევა და ამ იდეის მხარდაჭერა უკრაინისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების დონეზე “, - დაამატა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამასთან, მინისტრის განცხადებით, უკრაინის უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან საფრთხე არ ემუქრება. დმიტრო კულებას თქმით, ეს საკითხი არც გუშინ განხილულა ევროკავშირი-უკრაინის სამიტის მიმდინარეობისას. „გარკვეული პოლიტიკური ძალების უმოტივაციო პოლიტიკურ განცხადებებს იმის შესახებ, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა კრიზისშია და მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ფაქტობრივად, რეალობასთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. ცნობისთვის, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი კიევში, 17 მაისს გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანია სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანა აღიარებს, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. თავის მხრივ, ტრიოს ქვეყნები განახორციელებენ ასოცირების შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, ევროინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად. ამავე თემაზე: რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ანდრიუს კუბილიუსი: საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული რეფორმები უნდა დააჩქარონ საქართველოს პრემიერმა, მოლდოვისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობა და ამ კუთხით პოლონეთის როლი განიხილეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ერთობლივი ბრძოლის სტრატეგია ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ტომას პეტრიჩეკი: მივესალმები ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, როცა რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ევროინტეგრაციის პროცესში საერთო ამოცანების რეალიზაციაზე ისაუბრეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები: "ასოცირებული ტრიოს" შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრები რა შემდგომი ნაბიჯებია საჭირო და რაზეა დამოკიდებული „ასოცირებული ტრიოს“ გეგმის განხორციელება „ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს
დმიტრო კულება: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში არ ვტოვებთ საზღვარგარეთ
„უკრაინა სწავლობს საქმის იურიდიულ მხარეს რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრომ კულებამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. „მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში საზღვარგარეთ. ამიტომ, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, რა გზით შეიძლება წავიდეთ, ამის შესახებ ჩვენ გაცნობებთ. ეს შეიძლება, არ იყოს მხოლოდ ექსტრადირება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მუდმივ კონტაქტზეა მიხეილ სააკაშვილთან. „ადვოკატებს აქვთ მასთან კონტაქტი, კონსულს აქვს შეუფერხებელი წვდომა, ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვესაუბრეთ მას, ვიცით მისი პოზიცია და ადვოკატების პოზიცია“, - დაამატა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია. ამავე თემაზე: უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, უფლებამოსილება შეუჩერდა ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის: მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე შესაძლოა, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გამოიკითხოს
ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხოს. კერძოდ, საუბარია ცალკე წარმოებად გამოყოფილ გამოძიებაზე, რომელიც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს. „რთული და კომპლექსური პროცესია, ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა, ამ ეტაპზე, დამაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. სახელებთან და გვარებთან მიმართებით ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ ის გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე ფორმით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გეტყვით, რომ გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა მიხეილ სადრაძემ. ამავე თემაზე: ივერი მელაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე: ეცდებიან, დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირონ
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ყოფილა შემთხვევები, როცა გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო ქვეყანამ გრანტის ნაწილიც ვერ მიიღო
„ყოფილა შემთხვევები, როცა გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო ქვეყანამ გრანტის ნაწილიც ვერ მიიღო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დღეს, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომაზე, როდესაც დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჰკითხა ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშთან დაკავშირებით. „გრანტი შედარებით ცოტაა, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც 5,7,10 მლნ გრანტი სრულდ ვერ მივიღეთ, რადგან გარკვეული რეფორმები ვერ გატარდა. „რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, არა იმიტომ რომ ქვეყანამ გრანტი დავკარგეთ, არამედ იმიტომ, რომ რეფორმები ვერ მივიყვანეთ ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მანვე დაამატა, რომ ევროკავშირთან გრძელდება თანამშრომლობა, რომ რეფორმებზე დაფუძნებული რესურსი მიიღოს ქვეყანამ. ამავე თემაზე: ფინანსთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის მაროფინანსურ ტრანშზე: უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა
ეკონომიკის მინისტრი: ქართული ექსპორტის ზრდამ 24% შეადგინა
" პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის სამი მილიარდი დოლარის ექსპორტი გავიდა და მიმდინარე წლის ცხრა თვეში ქართული ექსპორტის ზრდამ 24 პროცენტი შეადგინა", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის სექტემბრისა და იანვარ-სექტემბრის ექსპრესმონაცემების შესახებ კომენტარისას განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, საგარეო ვაჭრობის მონაცემებში, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა, ქვეყანას საკმაოდ კარგი დინამიკა აქვს. „ასევე, თუ შევადარებთ პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, ცხრაპროცენტიანი ზრდა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პროდუქტებზე ინფორმაცია ჯერ არ ქვეყნდება, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ სექტემბერში, ისევე როგორც წინა პერიოდში, ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი დარგი იყო დამამუშავებელი მრეწველობა, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება, ქართული ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები და ასევე, სამრეწველო პროდუქტები. ასევე, მთავარ ექსპორტიორ დარგებს შორისაა პირველადი სოფლის მეურნეობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის პროდუქცია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12.8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 373.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. სექტემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში ექსპორტი 2019 წლის სექტემბრის ექსპორტს 22.3 პროცენტით, 68.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება. სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1 პროცენტით გაიზარდა და 1,299.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2020 წელს, ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის 254 საქმეზე დაიწყო გამოძიება
2020 წელს, ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ექსპლუატაციის 254 საქმეზე დაიწყო გამოძიება. ამის შესახებ "კოალიცია თანასწორობისთვის" ანგარიშში წერია. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში დასაქმებული სოციალური მუშაკების საქმიანობაში არსებული სისტემური პრობლემებიც. ორგანიზაციამ "კოალიცია თანასწორობისთვის" სტამბოლის კონვენციის შესრულების მონიტორინგის ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინა. მათი თქმით, ეს კონვენცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობას. ასევე დღეს მოხდა ჩრდილოვანი ანგარიშის გაგზავნა, რომელშიც საკუთარი პოზიციები წარუდგინეს აღნიშნულ კომიტეტს. წარუდგინეს პრობლემები და საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.
ჟოზფ ბორელი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. ბორელი აშშ-ში დღეს გაემგზავრა. მისი ვიზიტი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. "ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, ასევე თავდაცვის მდივნის მოადგილესთან ქეტლინ ჰიქსთან. აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დაწყებიდან ეს, ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვაშინგტონში. როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, აშშ-ში ვიზიტისას ჟოზეფ ბორელი ხაზს გაუსვამს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის ძლიერი ალიანსის არსებობა მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური გამოწვევების გადასალახად, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური აღდგენა, კლიმატური ცვლილებები, დემოკრატიის უკუსვლა, საერთო ღირებულებების დაცვა, გლობალური საფრთხეებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
ივერი მელაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე: ეცდებიან, დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირონ
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო სხდომები დღეიდან განახლდება. როგორც სასამართლოში შესვლამდე საქმეში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა, დღევანდლ პროცესზე ეცდებან დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირონ, რადგან საქმე პოლიტიკურია და მისი გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. „საქმეზე საკმაოდ დიდხნიანი წყვეტა გვქონდა. დაახლოებით ივნისის შემდეგ სხდომა არ ყოფილა. სტრატეგია გვაქვს იგივე და აქ ეჭვგარეშეა, რომ აბსოლუტურად ყველა ბრალდება არის საფუძველს მოკლებული. განახლდება ახლა უკვე მოწმეთა გამოკითხვა. საერთოდ, ზოგადად არ ვარ გათვითცნობიერებული, ალბათ ხდება ასეთი სასამართლოთა ისტორიებში, რომ პროცედურულად რაღაც გადაიდოს. მართლაც და ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, როდესაც დაგვაკავეს და საქმე აღიძრა, ახლაც წინასაარჩევნო პერიოდია და მაქვს საფუძველი, რომ ეს საქმე პოლიტიზირებულია. თქვენ წარმოიდგინეთ, მე შეგნებულად არ მაქვს შეხება დემარკაციის საკითხებთან და ვერიდები, რამდენადაც ვიცი, პროკურატურას აქვს მეორე გამოძიება გამოცხადებული, შეგნებულად ვერიდები კონტაქტებს. ამიტომ, პრესიდან თუ რამე ვიცი, ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე წინგადადგმული ნაბიჯები არ მომხდარა. რომ გითხრათ, რაიმე გარღვევა ყოფილიყო, ასეთი არ მომხდარა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მე სამსახურებრივადაც ჩამოცილებული ვარ სფეროს. მცდელობა, რომ ექნებათ სააკაშვილის ამ საქმესთან დაკავშირების, ეს ეჭვგარეშეა და ეს მცდელობა თავიდანვე იყო. უნდოდათ, წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, თითქოს რაღაც მოხდა. შესაძლოა, ჰქონდეთ მცდელობა, პრეზიდენტზე გავიდნენ, რომ წინა ხელისუფლების დროს მოხდა ტერიტორიების გადაცემა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა. დავით გარეჯის საქმეზე საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე შეიცვალა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია. სხდომას, რომელიც 13 ოქტომბერს 14:00 საათზეა ჩანიშნული, მოსამართლე ნინო ნაჭყებია გაუძღვება. "მთავარი აქცენტი ამ გამოძიების არის ის, რომ დავალების გამცემი პირის მიმართულებით ხორციელდება აქტიური მოქმედებები. სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე, რომ აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ყველა პირი გამოიკითხება, ვისაც შემხებლობა აქვს ამ საქმესთან და ეს შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი,"- აცხადებს საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. 2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არ გამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.