ახალი ამბები

შვედეთი ლოკდაუნს განიხილავს

შვედეთში ქვეყნის ჩაკეტვისკენ მოწოდებები იზრდება მაშინ, როდესაც ქვეყანამ პანდემიასთან გამკლავების ყველასგან განსხვავებული გზა აირჩია. წერს The Hill. ქვეყნის მაღალჩინოსნები, ამ ეტაპზე ჩაკეტვის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. რეგიონული ჯანდაცვის დირექტორის, ბიორნ ერიკსენის თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. სკანდინავიის ქვეყანამ, წლის დასაწყისში პანდემიასთან გამკლავების ალტერნატიულ გზას მიმართა, ქვეყნის მასშტაბით თითქმის არც ერთი ბიზნესი ან სასწავლო დაწესებულება არ დახურულა. მათ შორის მუშაობდა სკოლებიც მხოლოდ 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის. შვედეთის პრემიერის, სტეფან ლოფვენის განცხადებით, ექსპერტებმა ვირუსის მეორე ტალღა სათანადოდ ვერ შეაფასეს. ორშაბათს, ოფიციალურმა პირებმა გაგზავნეს შეტყობინებები, რომლითაც გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ საშობაოდ არ შეიკრიბონ.

დავით ლოლაძე: კოვიდგადატანილობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჯავშანჟილეტი გვაცვია

"კოვიდგადატანილობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჯავშანჟილეტი გვაცვია და არაფერი მოგვეკარება", - განაცხადა ექიმმა დავით ლოლაძემ გადაცემაში "ჯანმრთელობის ფორმულა გისმენთ". ამავე გადაცემაში ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა აღნიშნა, რომ covid-ის გადატანის შემდეგ უსაფრთხოების ზომების დაცვა მნიშვნელოვანია. "მიუხედავად იმისა, რომ covid-19-ით განმეორებით ინფიცირების შემთხვევები არის უკიდურესად იშვიათი, ეს უფლებას არ გვაძლევს, რომ covid-ის გადატანის შემდეგ სიფრთხილის ზომები აღარ დავიცვათ. ისევე რჩება სიფრთხილის ზომები - ნიღაბი, დისტანცია, ხელის ჰიგიენა - ძალაში, როგორც მანამდე" - აღნიშნა ბუწაშვილმა.

ინფექციონისტი Covid19-ით რეინფიცირების სტატისტიკას აღწერს

"საბედნიეროდ, Covid-19-ით ხელახლა დაინფიცირების მასიური შემთხვევები არ გვაქვს" - აღნიშნა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გადაცემაში "ჯანმრთელობის ფორმულა გისმენთ" "ჯერჯერობით პანდემია ერთი წლის არის და შესაბამისად, გამოცდილებაც გვაქვს ერთწლიანი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, უკიდურეს იშვიათობას წარმოადგენს რეინფექცია, ანუ კოვიდ-19-ით თავიდან ინფიცირება. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა არის აღწერილი. ზოგადად ანტისხეულები ძალიან დიდხანს არ მიჰყვება ადამიანს, შეიძლება მხოლოდ 3 თვე, ან 6 თვე გაჰყვეს, მაგრამ ამოსავალი წერტილი ეს არ არის, იმუნიტეტის კიდევ სხვა მექანიზმი არსებობს. საბედნიეროდ, ხელახლა დაინფიცირების მასიური შემთხვევები არ გვაქვს და ხელახლა ინფიცირება არის ძალიან იშვიათი'. - განაცხადა მაია ბრუწაშვილმა.

რომელია საუკეთესო პერიოდი Covid19-ზე ტესტირებისთვის

პაციენტებმა, რომლებსაც Сovid19-ის სიმპტომები უვითარდებათ, იზოლაცია სიმპტომების დასრულებიდან სამი დღის ვადაში უნდა დაასრულონ. ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, შესაძლოა, გემო და ყნოსვა ზოგიერთ პაციენტს კვირების განმავლობაში ჰქონდეს დაკარგული, ამიტომ იზოლაციის დასასრულებლად ამ სიმპტომის დასრულებას არ ელოდებიან. „მთავარ ნიშნულად ითვლება ცხელება. ვისაც Сovid-19 დაუდასტურდება, იზოლაციის ათვლა უნდა დაიწყონ სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღე და სიმპტომების დასრულებიდან 3 დღე. ორივე უნდა იყოს ამ ვადაში. ამის გამო პაციენტები ხშირად ტესტირების დაჩქარებას ითხოვენ. ვთხოვ ნუ იჩქარებენ, რადგან ტესტირების საუკეთესო პერიოდი ზუსტი პასუხის მისაღებად არის მე-3, მე-4, მე-5 დღე. რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, დადებითი პასუხის მიღებიდან 10 დღე უნდა დარჩნენ იზოლაციაში“, -განაცხადა ინფექციონისტმა გადაცემაში "ჯანმრთელობის ფორმულა გისმენთ".

ინფიცირებულთან კონტაქტის გამო მაიკ პომპეო კარანტინში გადავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კარანტინში გადავიდა მას შემდეგ, რაც მას კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი. ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონის პრესსამსახური ავრცლებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დააკონკრეტა ზუსტად ვისთან ჰქონდა პომპეოს შეხება, თუმცა მათი თქმით, სახელმწიფო მდივანს ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი აჩვენა. „სახელმწიფო მდივანს კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელმაც კოვიდზე დადებითი პასუხი მიიღო. ამერიკის დაავადებათა კონტროლის სამმართველოს რეკომენდაციის შესაბამისად, ის კარანტინში გადადის“, - განაცხადეს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, მაიკ პომპეო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

პროკურორი: ბაჩალიაშვილის საქმე პრაქტიკულად დასრულებულია

დღეს პროკურატურის წარმომადგენლები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შხვედნენ. შეხვედრის შემდეგ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურას კვლავ უნდობლობა გამოუცხადა. მისი თქმით, პროკურატურას საქმის თვითმკვლელობის ვერსიით დახურვა უნდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა, ექსპერტიზის დასკვნა იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დასრულებულია. მისი თქმით, საქმეზე დაკითხულია 600-ზე მეტი მოწმე, ჩატარებულია 40-ზე მეტი ექსპერტიზა. ყველა კითხვას, რაც ოჯახს ჰქონდა, საქართველოს პროკურატურამ პასუხი გასცა. „ბაჩალიაშვილთან მიმართებაში რომელიმე სუბიექტის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დგინდება. ოჯახის წევრებს რიგ გარემოებებთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. საქმეზე ჩატარებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზის დასკვნებით, მიგვაჩნია, რომ ამ საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ბაჩალიაშვილების ადვოკატი ბატონი მიხეილ რამიშვილი გარკვეულ გარემოებებს არასწორად აცნობდა ოჯახის წევრებს და ექსპერტიზის გარკვეულ დასკვნებსაც არასწორად აფასებდა. დღევანდელ შეხვედრაზეც კი, წარდგენილი იქნა ეს ექსპერტიზა. რაზეც ბატონი მიხეილი ოჯახის წვერებს უთითებდა აღმოჩნდა, რომ არასწორად იყო აღქმული. საუბარია, ექსპერტიზის დასკვნაზე, რაზეც ბატონი მიხეილი ოჯახთან აპელირებდა, რომ გარკვეულწილად ისეთი გარემოებები ეწერა, რაც რეალურად დასკვნაში ასახული არ იყო. “,- აღნიშნა პროკურორმა. ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის მაინც ბოლომდე მიიყვანს საქმეს და დაამტკიცებს რომ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს. „დასრულდა არჩევნები? დასრულდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ობიექტური გამოძიება, მაგრამ იცოდნენ, რომ ბევრ რაღაცას მივაგნებ. თამარ ბაჩალიაშვილს იმდენი ტვინი და ნიჭი ჰქონდა, ბევრი მინიშნება აქვს დატოვებული და საქმეს ბოლომდე მივიყვან", - აღნიშნა რამიშვილმა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი არ ეთანხმება. 23 წლის ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს თეთრიწყაროს რაიონში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

107 წლის მინესოტელმა covid-19 დაამარცხა

107 წლის ასაკში მინესოტელმა ტილი დიბინგმა covid-19 დაამარცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც დიბინგმა CNN– ის შვილობილ კომპანიას KARE– ს განუცხადა, ეს არ იყო პირველი პანდემია, რომელიც მან გამოიარა. 1918 წელს, როცა ის 5 წლის იყო, ჩრდილოეთ დაკოტაში მისი ოჯახის წევრები გრიპით დაავადნენ. "ჩემი ოჯახის წევრები ავად გახდნენ, საწოლში იწვნენ, მეც ჩავვარდი. მაშინ მამაჩემმა თქვა, რომ გასაქცევი ადგილი ვერ იპოვეს." - აღნიშნა დიბინგმა. როგორც ცნობილია, დიბინგის 95 წლის დაუდგინა საშვილოსნოს კიბო, მაგრამ ამ დაავადებასაც გადაურჩა. დიბინგის თქმით, ერთადერთი სიმპტომი, რომელიც Covid-19-ს უკავშირდება, დაღლილობა იყო.

მიხეილ სააკაშვილი: ვაშაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკით დაიღალა, ის ბრწყინვალე დიპლომატია. პარტია უნდა გარდაიქმნას

" გრიგოლ ვაშაძეს ბევრჯერ უთქვამს, რომ პოლიტიკით დაიღალა და წასვლას აპირებდა. ის იყო და არის ბრწყინვალე დიპლომატი. ნაციონალური მოძრაობა უნდა გარდაიქმნას" - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფორმულას" პირდაპირ ეთერში. "გრიგოლ ვაშაძეს არა მარტო ჩემთვის, საჯაროდაც ბევრჯერ უთქვამს, რომ პოლიტიკით დაიღალა და პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა. გრიგოლ ვაშაძე იყო და არის ბრწყინვალე დიპლომატი. ასეთი დიპლომატი ჩვენ იშვიათად გვყავს. ის მოვიდა პარტიაში მაშინ, როცა პარტია არ იყო პრივილეგირებული და ამისთვის მადლობის ღირსია. ახლა ნაციონალური მოძრაობა გადადის იმ ეტაპზე, როცა ბევრად სხვა ტიპის ბრძოლა არის საჭირო, ბრძოლა, რომელიც იქნება უფრო შემტევითი, უფრო შორს წამსვლელიც, ბევრად უფრო თავგანწირული და ასეთი დრო მოითხოვს ახალ გამოწვევებს, ახალ ხალხს. ნაციონალური მოძრაობა უნდა გარდაიქმნას." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია გუშინ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება საკუთარ facebook გვერდზე გააკეთა.

ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანის არმიამ რუსი სამშვიდობოები ალყაში მოაქცია

სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის ჰადრუთის რაიონში, აზერბაიჯანის არმიამ რუსი სამშვიდობოები ალყაში მოაქცია. რადიო „თავისუფლების“ სომხური რედაქციის ცნობით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რამდენიმე ათეული სამხედროტყვედ აიყვანა. აღნიშნული ინფორმაცია რადიო „თავისუფლებას“ ნიკოლ ფაშინიანმა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა დაუდასტურეს. მათი ცნობით, სომეხი ჯარისკაცები აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტყვედ სოფელ ხცაბერდთან აიყვანეს. „ამჟამად თავდაცვის სამინისტრო არკვევს ვითარებას. მე პირადად მივაქცევ ყურადღებას, რომ პასუხისგებაში მიეცენ ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლები“, განაცხადა ჰარუთიუნიანმა. მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის, არტაკ ბეგლარიანის ქმით, „უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ქვედანაყოფი, რომელშიც 60 სომეხი სამხედრო მოსამსახურე იყო.“ მედიის ცნობით, ტყვედ ჩავარდნილთა უმრავლესობა სომხეთის შირაქის ოლქის მაცხოვრებელია. სამხედროების ნათესავებმა გადაკეტეს გიუმრი-ერევნის დამაკავშირებელი ავტოტრასის მონაკვეთები. ისინი საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ.

მერიის წინ გამართულ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

აფრიკის დასახლებაში შენობის დემონტაჟის გაპროტესტების მცდელობისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, ამ წუთებში, თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გუშინ დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლებას და მიწების დაკანონებას ითხოვენ. აფრიკის დასახლებაში, შენობების დანგრევის გაპროტესტების დროს, გუშინ დაკავებულ ერთ-ერთ მოქალაქეს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ლევან ხაბეიშვილის მისვლას დემონსტრანტების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა, რაც პოლიტიკოსთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა წინა და ახალი ხელისუფლება მათი პრობლემების მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულეს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის აქციიდან გაყვანა, ფიზიკური შეხებით სცადეს. აქციაზე მივიდა ლაშა ჩხარტიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებამ არამარტო ამ ხალხს უნდა დაუკანონოს ბინები, არამედ ვისაც არ აქვს, მათთვისაც უნდა გაითვალისწინოს სახლების აშენება თბილისის ბიუჯეტიდან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. შსს-ს პირველადი ცნობებით, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში დაკავებული იყო 13 ადამიანი. სისხლის სამართლის მუხლით საქმე მხოლოდ ერთ მათგანზეა აღძრული.

„გირჩის“, „მოქალაქეების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, მანდატების გაუქმება ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა

სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით, დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა. დეპუტატის მანდატები ოფიციალურად გააუქმეს პარტიებმა - „ნაციონალური მოძრაობა“ „რესპუბლიკური პარტია“ „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებლი“ . რაც შეეხება „ლეიბორისტულ პარტიას“, მან პარლამენტს 15 დეკემბერს მიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში შესვლის მანდატი ჯამში 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა მოიპოვეს. ამ დრომდე სამ პარტიას: „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საკანონმდებლო ორგანოსთვის, მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ჯერ არ მიუმართავთ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში პროპორციული სიით 36 დეპუტატი ჰყავს, „ევროპულ საქართველოს - 5, „სტრატეგია აღმაშენებელს “-4, „ლელოს“-4, „გირჩს“ - 4, „პატრიოტთა ალიანსს“- 4 „მოქალაქეებს“ - ორი , „ლეიბორისტულ პარტიას“ კი - ერთი. დეპუტატებს შვიდდღიანი ვადა აქვთ საკუთარი გადაწყვეტილების შესაცვლელად და მიმართვების უკან გასაწვევად. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების, ასევე „ევროპული საქართველოს“, საარჩევნო ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ ლიდერების შესაბამისი განცხადებების საფუძველზე, პარტიული სიები უკვე გააუქმა და კანდიდატები რეგისტრაციიდან მოხსნა. ოპოზიციური პარტიები ხელიუსფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს

საპენსიო სააგენტოს დირექტორად გიორგი დანელია დაინიშნა. სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. სააგენტოს ცნობით, გიორგი დანელია ეკონომიკის დოქტორის ხარისხს ფლობს. ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით მაგისტრის წოდება მიიღო მაგდებურგის უნივერსიტეტში. აქვს, საფინანსო სექტორში საინვესტიციო პროექტების მართვის რვაწლიანი სამუშაო გამოცდილება. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, „საპარტნიორო ფონდში“ მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე მათ შორის: საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორად და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ საინვესტიციო მიმართულებით. საინვესტიციო დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში, ორ მილიარდ დოლარზე დიდი პორტფელის მართვის გამოცდილება აქვს. წლების მანძილზე სს მუშაობდა, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაიში“ რეპორტინგის ოფიცერის და საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში“ ანალიტიკოსის პოზიციაზე. გიორგი დანელია დღესაც ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, არის CFA ინსტიტუციის მონაწილე, ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში. „ მე დღეს შემოვუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს და ჩვენი ამოცანაა სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საპენსიო სქემა მოგეხსენებათ, რომ არის გრძელვადიანი დივიდენდი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - აცხადებს გიორგი დანელია. 2020 წლის 10 აგვისტოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 88 კანდიდატმა გამოთქვა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად რეზიუმეები შეფასდა და მიღებული რეზიუმეებიდან, ვაკანსიით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭომ 5 კანდიდატი შეარჩია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან გასაუბრების შემდეგ, არჩევანი გიორგი დანელიაზე შეჩერდა და 15 დეკემბერს საპენსიო სააგენტოს დირექტორად 5 წლის ვადით ოფიციალურად დაინიშნა.

გიორგი რურუას ცემის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ორი თანამშრომელი დააკავეს

გიორგი რურუას ცემის საქმეზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ №8 პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი დააკავა. დაკავების შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი შ. მ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი ლ. გ. დააკავა. გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში 2020 წლის 16 ნოემბერს დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ. რ.-ს ჯგუფურად ცემა და რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.შესაბამისად, 2020 წლის 16 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ №8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები: შ. მ. და ლ. გ.აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.საქმეზე გრძელდება გამოძიება", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. გიორგი რურუას ფიზიკური დაზიანებები 2 ნოემბერს მიაყენეს. პენიტენციური სამსახური განმარტავდა, რომ ცემის გამო რურუას სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ 2020 წლის 7 ივლისს ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილი წამების საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნო

არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულები, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ დაუსწრებლად ცნო. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს სასამართლომ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. პროკურატურის განცხადებით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ი.პ., ლ.ქ. ზ.გ. და ე.გ. იმყოფებოდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ. საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით - ი.პ., ლ.ქ., ზ.გ. და ე.გ. გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, საიდანაც არჩილ ტატუნაშვილი წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში. საქართველოს პროკურატურის განცხადების მიხედვით, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

დიდ ბრიტანეთში 140 000-მდე ადამიანი Covid-19-ის ვაქცინით აიცრა

აცრების დაწყებიდან პირველ კვირაში, ქვეყნის მასშტაბით 140,000-მდე ბირტანელი აიცრა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. ვაქცინის საკითხებში მინისტრმა, ნადიმ ზაჰავმა განაცხადა, რომ ინგლისში 108,000 ადამიანს გაუკეთდა ვაქცინა, შოტლანდიაში -18,000, უელსში - 7,897 და ჩრდილოეთ ირლანდიაში კი 4,000 ადამიანი აიცრა. ჯამში, შვიდი დღის განმავლობაში, 137 897 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 50 საავადმყოფოში დაიწყო და მომავალი კვირიდან ოჯახის ექიმებსა და მოხუცთა თავშესაფრებსაც დაურიგდება. დიდი ბრიტანეთს მარაგში აქვს 357 მილიონი დოზა.შვიდ მომწოდებელ კომპანიასთან, მათ შორის Pfizer-BioNTech-თან თანამშრომლობს და რამდენიმე კომპანიისგან მოწოდებული ინექციის კომბინირებულად გამოყენებას გეგმავს.

რას ითვალისწინებს რეზოლუცია, რომელსაც პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ მიიღებს

მეათე მოწვევის პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ 14-პუნქტიან რეზოლუციას მიიღებს, რომელიც ბიუროს, სავარაუდოდ, 21 დეკემბრის სხდომაზე წარედგინება. პარლამენტი შემდეგი შინაარსის რეზოლუციის მიღებას აპირებს. “საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებს; ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით; ხელმძღვანელობს საქართველოს მოსახლეობის ნებით და საგარეო-პოლიტიკური კურსით, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით; ითვალისწინებს რა “საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის და „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ 2016 წლის 29 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებულ რეზოლუციებში ასახულ ძირითად მიდგომებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა; აღიარებს რა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს და ეწინააღმდეგება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას; აღიარებს რა დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლურ ღირებულებებად; აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტებს: 1) საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. 2) საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრება. ტრანსატლანტიკური ერთობა მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ხელისუფლება გამოიყენებს ნატოში ინტეგრაციის ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და ინსტიტუციურ მექანიზმს, გააგრძელებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოსთან თავსებადობის სრულყოფას, რათა უზრუნველყოს ნატოში წევრობისთვის სტრატეგიული მზადყოფნა, ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. 3) საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების და დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და საქართველოს ევროკავშირთან თანმიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას, რათა 2024 წელს საქართველომ განაცხადი შეიტანოს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე. ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების გარდა, საქართველო აქტიურად გამოიყენებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პლატფორმას თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საქართველო, როგორც ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, განამტკიცებს ტრადიციულ მეგობარ ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან - გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან - პოლიტიკური, უსაფრთხოების და სექტორული მიმართულებებით ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას და ევროპის უსაფრთხოებისათვის ზრუნვას. ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების სრულად გამოყენება და ევროპული ინვესტიციების მოზიდვა, აგრეთვე ევროპასთან კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაფართოება. 4) საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის გეოსტრატეგიულ არეალში აშშ-ის ჩართულობის გაზრდის მიზნით, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევა, თავდაცვისა და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცება და საქართველოში ამერიკული ინვესტიციის მოზიდვა. 5) ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკის გატარებით, მათ შორის, მეზობლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მიისწრაფვის შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ. საქართველოსთვის პრიორიტეტულია თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობისა და სომხეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება, ასევე რუმინეთთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან ურთიერთობებში არსებული სტრატეგიული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება. 6) საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია, ოკუპირებული რეგიონების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარების უკან გაწვევა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა და რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება. 7) საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და კორეასთან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საგარეო-ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. 8) საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატში, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ურთიერთობების განვითარებას და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის უზრუნველყოფას. 9) საქართველოსთვის პრიორიტეტულია ქვეყნის, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარება, განათლების, ციფრული, ლოგისტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. 10) საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობით აღსავსე წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ხელშეწყობას სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გზით. აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძობს გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასა და პანდემიასთან ბრძოლას. 11) საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებისთვის საქართველო წაახალისებს ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლისა და კავშირების განვითარებას. 12) საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, სამშობლოსთან მათი კავშირის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავებასა და მათი კულტურული და საგანმანათლებლო კერების ხელშეწყობას. 13) საქართველოს პარლამენტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და წარმართვაში პოლიტიკის ფუნდამენტური მიმართულებებისა და პრინციპების შემუშავებით, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესრულებითა და საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გააქტიურებით. 14) საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ თანამონაწილეობას.

ქუთაისში კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისში კოვიდინფექციით ექიმი გარდაიცვალა. გენადი ესაკია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უროლოგად მუშაობდა. ის COVID-19-ით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა. მისი კოლეგების ცნობით, ესაკიას თანმდევი დაავადება ჰქონდა, რამაც მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. ბოლო კვირების განმავლობაში ქუთაისში, Сovid-19-ის დიაგნოზით რამდენიმე ექიმი გარდაიცვალა.

მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა

81 წლის ასაკში, მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა. რუსლან მიქაბერიძე საქართველოს დამსახურებული არტისტი იყო. სხვადასხვა წლებში, მოზარდ მაყურებელთა, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში მუშაობდა. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი. მას ასევე გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული.

მომხარებლების მონაცემების უნებართვო შეგროვებისთვის ავსტრალია Facebook-ს უჩივის

მომხმარებლების მონაცემების უნებართვოდ შენახვის გამო, ავსტრალიის მარეგულირებლები Facebook-ის დაჯარიმებას მოითხოვენ. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისიის თქმით, ისინი ითხოვენ სოციალური მედიის გიგანტისგან კომპენსაციას, რადგან Facebook-ი საკუთარ კომპანიას ასაღებს როგორც უსაფრთხო ვირტუალურ პლატფორმას, სინამდვილეში კი, მოქალაქეების მონაცემებს უნებართვოდ ინახავს“. facebook-ისთვის მსგავსი ბრალდება უცხო არ არის. გასულ წელს კომპანიას მსგავსი პრობლემა აშშ-ის მარეგულირებლებთანაც ჰქონდა. მაშინ საქმის განხილვა სენატამდეც კი მივიდა. კომპანიის სპიკერის თქმით, კომპანია „განიხილავს ACCC - ის (ავსტრალიის კონკურენციის სააგენტო) საჩივრებს და განაგრძობს საკუთარი პოზიციის დაცვას“. ავსტრალიას Facebook-ის გარდა, Google-თან აქვს სადავო საქმეები, რომელიც ასევე დაკავშირებულია მომხმარებლების მონაცმების „არასწორი“ გზით შენახვასთან. აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის სარჩელისგან განსხვავებით, ავსტრალიის სარჩელმა შესაძლოა, კომპანია აიძულოს მომხარებლებთან კომუნიკაციის პრინციპები შეცვალოს.

ღია სივრცეში, პირბადის წესის დარღვევისთვის, ჯარიმა 20 ლარი იქნება

პანდემიის დროს, ღია სივრცეში, პირბადის წესის დარღვევისთვის, ჯარიმა 20 ლარი იქნება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ აისახება, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველივე სხდომაზე წარედგინა. პირბადის ტარების წესს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო დაადგენს. მოქმედი კანონი, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მხოლოდ დახურულ სივრცეში პირბადის წესის დარღვევაზე ითვალისწინებს.