ახალი ამბები

მამა-შვილს, რომელთა ფოტომაც დღეს სოციალური ქსელი მოიცვა, თბილისის მერმა ბინა აჩუქა

"გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის" - ამ შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა თბილისი მერმა კახა კალაძემ facebook-ის პირად გვერდზე. "ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო- მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო.... მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ. ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ, ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს.ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? - ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია. მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის.ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი." - წერს კახა კალაძე.

კახა კალაძე: შენობებში, რომლის დემონტაჟიც მოხდა, ადამიანები არ ცხოვრობდნენ

"იმ შენობა-ნაგებობებში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. "ეს არ იყო საცხოვრებელი სახლები, ეს იყო მშენებარე შენობა-ნაგებობები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმ შენობა-ნაგებობებში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები. იმ შენობებს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ არავინ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ აქვთ დატაცენული მიწები და უკანონოდ აქვთ აშენებული სახლები" - აღნიშნა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. თბილისის მერია აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ნაგებობის დემონტაჟი უკანონო მშენებლობებს უკავშირდება.

"რესპუბლიკელი" ირაკლი ჩავლეიშვილი პარტიას ტოვებს და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის

"რესპუბლიკელი" ირაკლი ჩავლეიშვილი პარტიას ტოვებს და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის. ამის შესახებ მან განცხადება თავისი facebook-ის გვერდზე სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. "მეგობრებთან ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშორებით. 1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ.სამწუხაროდ, ჩემი და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია" - წერს ირაკლი ჩავლეიშვილი. ის ასევე შეეხო ელჩების საკთხს და აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია ელჩების კრიტიკა. "დასავლური პოლიტიკური ფასეულობები ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედია. ამიტომაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ევროკავშირის და აშშ-ს ელჩების დაუმსახურებელი და დაუფიქრებელი კრიტიკა. ყოველივე ზემოთ გამოთქმულიდან გამომდინარე, იძულებული ვარ შევაჩერო საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში ჩემი წევრობა.ვრჩები ოპტიმისტად და იმედს ვიტოვებ, რომ დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს!დროა ყველაზე კარგი მსაჯული და იმედია გამოაჩენს, ვისი პოზიციაა ჩვენს შორის სწორი." - წერს ირაკლი ჩავლეიშვილი თავის facebook გვერდზე. როგორც თავად აღნიშნავს, ამ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას მედიასთან არ აპირებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო 22-მა საარჩევნო სუბიექტმა პროპორციული არჩევნებისათვის, ხოლო 46 კანდიდატმა მაჟორიტარული არჩევნებისათვის. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 314 889. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 186 205-მა ამომრჩეველმა. (59, 13%). პროპორციული წესით 31 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 2-მა საარჩევნო სუბიექტმა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,“ (45.9%-ით) და საარჩევნო ბლოკმა: ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’ (34.% - ით). არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართა N28 და N30 მაჟორიტარულ ოლქებში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (243 892) 30%-მა, 73 833-მა ამომრჩეველმა.

BBC: ევროპის ქვეყნები შობის წინ შეზღუდვებს ამკაცრებენ

ევროპის რამდენიმე ქვეყანა, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, შობის წინ შეზღუდვებს ამკაცრებს. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნიდერლანდებში ხუთკვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა. ყველა მაღაზია, თეატრი და სპორტული დარბაზი დაიხურა. შეზღუდვები უფრო გაამკაცრა გერმანიამ და მკაცრი ლოკდაური გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულ დონეს მიაღწია. დაიხურა სკოლები და მაღაზიები. ნოემბრიდან უკვე გაჩერებულია რესტორნები, ბარები და დასასვენებელი ცენტრები. შეზღუდვები 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე გაგრძელდება, მაგრამ შობის დღე მცირე შეღავათი იქნება. ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) 21 დეკემბერს აპირებს შეკრებას, რათა განიხილონ, გერმანიის მიერ Pfizer-BioNTech ვაქცინის შემოტანის საკითხი. ეს ვაქცინა უკვე დამტკიცებულია დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მარეგულირებლის მიერ. საფრანგეთშიც რთული სიტუაციაა, ამიტომ დაიხურა თეატრები, კინოთეატრები, ბარები და რესტორნები. 20:00 საათიდან 06:00 საათამდე დაწესდება ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათიც. კომენდანტის საათი გაუქმდება შობის ღამეს, მაგრამ არა ახალი წლის ღამეს. რაც შეეხება იტალიას, იტალიაში დღიურად დაღუპულთა რიცხვი 500-ს უახლოვდება. მთავრობა შობასთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებას განიხილავს. ჯერ ზუსტი დეტალები არ არის ცნობილი, მაგრამ შეზღუდვები გამკაცრდება შობისა და ახალი წლის ღამის მონაკვეთში. პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ პოტენციური ჩაკეტვა აღწერა როგორც "ახალი შესუსტება". ვირუსის ინფექციის ზრდის გამო, შეზღუდვებს ამკაცრებს ესპანეთის მთავრობაც. შეზღუდვები გამკაცრდება 23 დეკემბრიდან 6 იანვრამდე. დაშვებული იქნება მხოლოდ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სტუმრობა. ხოლო სოციალური შეხვედრები შემოიფარგლება მხოლოდ 10 ადამიანით.

FDA აცხადებს, რომ Moderna-ს ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა

Moderna-ს ვაქცინა უსაფრთხო და 94% ეფექტურია - აცხადებენ ამერიკელი ექსპერტები. ამის შესახებ ინფორმაციას კი BBC ავრცელებს. როგორც სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ეს შეიძლება გახდეს კორონავირუსის მეორე ვაქცინა, რომელიც დაშვებული იქნება აშშ – ში. ეს ხდება ერთი დღის შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ამერიკელებმა დაიწყეს Pfizer-BioNTech ვაქცინის გამოყენება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურებიან

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პარტიიდან წასვლა ენმ-სთვის დიდი დანაკლისია. ამის შესახებ სამადაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. „თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება“, - წერს სალომე სამადაშვილი. ხატია დეკანოიძე ვაშაძის განცხადებას შეცდომას უწოდებს და აღნიშნავს, რომ „გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ“. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. „ნამდვილად არ შემიძლია ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა მოვუწონო, რადგან კარგი იქნებოდა, მანამდე პარტიასთან და პარტიის პოლიტსაბჭოსთან კომუნიკაცია ჰქონოდა. არც ერთ განცხადებაში ენმ-ს, არც ერთი ლიდერის მიერ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. არ ვიცი, ვის მოიხსენიებს ის ოდიოზურ ფიგურებად. ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ აქებდნენ მის ამ ნაბიჯს, შეგვიძლია მმართველ პარტიაში ვნახოთ“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ სურვილი, სხვა რომელიმე წევრს ჯერ არ გამოუთქვამს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირეძე ვაშაძეს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება, ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი, მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში. მადლობა ბატონო გრიგოლს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის“, - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე. ნუგზარ წიკლაური ხატია დეკანოიძის აზრს იზიარებს და აცხადებს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სტრატეგიული გეგმის წარდგენას ვაშაძისგან ელოდა. „თუ ფიქრობდა, რომ ან ტაქტიკური ან სტრატეგიის თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა რაიმე სახის პრობლემები, პირიქით, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდა მისგან სტრატეგიული გეგმის წარმოდგენას. რაც შეეხება ვაშაძის განცხადებას, რომ პარტიაში ოდიოზური ფიგურები გამოჩნდნენ, ჩემთვის უცნობია, ოდიოზურ ფიგურებში ვის გულისხმობს ბატონი გრიგოლი. მე დღეს ვნახე ოდიოზური ფიგურები - თეა წულუკიანი და სხვა წევრები, რომლებიც იწონებდნენ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. წიკლაურის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს არ დასხმია თავს არც ერთ დიპლომატს. „ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად ე.წ. პარლამენტში არ შევალთ და ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ. შეიძლება, ჩვენი ზოგიერთი განცხადება განსხვავდებოდა პოზიციისგან, რომელიც ზოგიერთ დიპლომატს ჰქონდა, მაგრამ არ გადაგვილახავს ზღვარი, რომელსაც ჰქვია კეთილი თანამშრომლობა ჩვენს უცხოელ მეგობრებთან“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობა“ დღეს დატოვა.

ე.წ კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურაში თავდაცვის მინისტრი გამოიკითხა

ე.წ. დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. მისი დაკითხვის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი საზღვრის დამდგენი კომისიის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა.ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვას ამ საქმის ბრალდებულის ივერი მელაშვილის დაცვის მხარე თვეზე მეტია, ითხოვს. ისინი თავდაცვის მინისტრის გარდა ასევე ითხოვენ მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვასაც.პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით 2020 წლის 17 აგვისტოს დაიწყო. სექტემბერში, კი სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულებმა საზღვარი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და „საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს“.პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს.

სოზარ სუბარი ვარაუდობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი ადამიანი დატოვებს

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ვარუდობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი ადამიანი დატოვებს. როგორც ჟურნალისტებს სუბარმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრის განცხადებაში გამოჩნდა, რომ პარტიაში მყოფ ადამიანებს „ერთმანეთის ატანა და ერთანაირი ღირებულება არ აქვთ“. „მათ აქვთ აბსოლუტურად სხვადასხვა მსოფლმხედველობა. ბუნებრივია, რომ ეს დაშლა გაგრძელდება. თავისთავად, ამ პარტიას რომ მომავალი არ აქვს, ალბათ, მისი წევრებიც ხედავენ. ეს პროცესი გაგრძელდება, რაშიც მხოლოდ დადებითს ვხედავ“, - აღნიშნა სუბარმა. შეგხსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დღეს პარტია დატოვა.

კელი დეგნანი: საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს

ფაქტია, საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, ოპოზიციის მხიდან გამოხატული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. "ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს, თუმცა არსებობს განსხვავება მოსაზრებასა და ფაქტს შორის, ფაქტია, რომ საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. აშშ-ის საელჩო 30 წელია, ძალიან ბევრს მუშაობს, რათა საქართველოს, ჯანდაცვისა და თავდაცვის განვითარებაში დაეხმაროს. სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა. ეს არის სიმართლე, მიუხედავად იმისა, ვის ექნება ძალაუფლება აქ თუ თეთრ სახლში, ჩვენი ვალდებულება საქართველოს წარმატების მიმართ არ შეიცვლება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ელჩმა "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძის წასვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის გამორჩეული ქართველია, თავისი ქვეყნის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერით. "ის იყო თავისი პარტიისა და ქვეყნის ინტერესების ძლიერი დამცველი. მე ძალიან ვამაყობ, რომ ვიცნობ ბატონ ვაშაძეს და ვწუხვარ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ვფიქრობ, საქართველო ძალინ უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს გრიგოლ ვაშაძის მსგავსი გამორჩეული და ერთგული ლიდერები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

200-ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება

200-ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. "მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ დაახლოებით 125 000 ადამიანს დავეხმარეთ 1 200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტით ექვსი თვის განმავლობაში და შევპირდით ჩვენს მოსახლეობას, ბიზნესს, რომ ამას გავაგრძელებთ იანვრიდან. შესაბამისად, იანვრიდან მოხდება ამ ინფორმაციის როგორც მოგროვება, ისევე შესაბამისი გადარიცხვები და ტრანზაქციები", - განაცხადა მაჭავარიანმა. რაც შეეხება 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას, მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 50 000 განცხადებაა დარეგისტრირებული. "ვვარაუდობდით, რომ 100 000 ადამიანამდე ავა ეს რიცხვი. საკომპენსაციო პაკეტით თანხის გადახდა დაიწყება და დამთავრდება მიმდინარე წლის ბოლომდე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ევროკავშირის ელჩი გრიგოლ ვაშაძეს მადლობას უხდის

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრს, გრიგოლ ვაშაძეს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარია. ელჩი მიიჩნევს, რომ ვაშაძემ საკუთარ განცხადებაში გადადგომის მიზეზებზე საკმაოდ ნათლად ისაუბრა. „ვფიქრობ, განცხადებაში მან საკმაოდ ნათლად ისაუბრა გადადგომის მიზეზებზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარი. ჩვენ ძალიან დიდი დრო გავატარეთ წინა მოლაპარაკებების დროს, რომელმაც წარმატებულ 8 მარტის შეთანხმებამდე მიგვიყვანა, სადაც მისი კონტრიბუცია იყო ძალიან დიდი. ვწუხვარ, რომ ის ტოვებს, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას ვნახავთ მომავალში. მადლობა გრიგოლს გასული თვეებისთვის“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დღეს, 15 დეკემბერს დატოვა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს და მის ეკონომიკას ასეთ მძიმე პერიოდში ვაძლიერებთ

„ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ საქართველოს და მის ეკონომიკას, ასეთ მძიმე პერიოდში, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, ვაძლიერებთ“, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ბანკის საქმიანობაზე. „როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს და მის ეკონომიკას, ასეთ მძიმე პერიოდში, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, ვაძლიერებთ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი რესურსი დაეხმარება როგორც საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე მის ფინანსურ სექტორს. ასევე, პანდემიის მიუხედავად მისცემს მათ საქმიანობის გაგრძელებისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს. საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში მყოფ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვჯერა საქართველოს წარმატებული და მდგრადი მომავლის“, - აღნიშნა ტერეზა ჩერვინსკამ. ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საკრედიტო ხაზს ზრდის.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში COVID19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საკრედიტო ხაზს ზრდის

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 25 მილიონ ევროს ამატებს და მის საერთო ოდენობას 75 მილიონ ევრომდე ზრდის, რათა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. ამ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, მხარდაჭერა ვრცელდება საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებზეც. „ეს ინვესტიცია წარმოადგენს პანდემიაზე „ევროპის გუნდის“ მყისიერი რეაგირების ნაწილს, რომლის მიზანია, დაეხმაროს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და საქმიანობის შენარჩუნებას და ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. 2007 წლიდან ევროკავშირის ბანკმა უზრუნველყო დაახლოებით 2 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების, ჯანმრთელობის დაცვის და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად. ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, უზრუნველყოფს 25 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებისთვის საქართველოს ბანკში არსებული საკრედიტო ხაზის გასაზრდელად. აღნიშნული რესურსი ქვეყნის ეკონომიკას COVID-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის - ლარში. „როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ საქართველოს და მის ეკონომიკას, ასეთ მძიმე პერიოდში, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, ვაძლიერებთ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი რესურსი დაეხმარება როგორც საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე მის ფინანსურ სექტორს, და პანდემიის მიუხედავად მისცემს მათ საქმიანობის გაგრძელებისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორიდან, გვჯერა საქართველოს წარმატებული და მდგრადი მომავლის“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ბანკის საქმიანობაზე. „ევროპის გუნდი“ ქართულ კომპანიებს ეხმარება ევროკავშირის გარანტიით, ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი სესხი საქართველოს ბანკს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს საკუთარი საკრედიტო საქმიანობა, საქართველოს საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად. საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ხაზი კიდევ უფრო მიმზიდველია COViD19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს „ევროპის გუნდის“ ძალისხმევის ნაწილს, რომელიც მიმართულია პანდემიის პერიოდში პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს დასახმარებლად. ეს არის ევროპის განვითარების ბანკსა და საქართველოს ბანკს შორის დადებული მესამე ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას. საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალი კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების საკრედიტო ხაზებში ევროკავშირის ბანკის მიერ დღემდე განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა 330 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყანაში 54 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

კარლ ჰარცელი: პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა

„პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საკრედიტო ხაზის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. მის კომენტარს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ევროკავშირმა საქართველოსთვის covid-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დახმარების უპრეცედენტო პაკეტის - 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა წარმოადგენს. ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსი ამ კომპონენტს აძლიერებს და ადგილობრივი ბანკების საშუალებით მეტი დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეთანხმების წყალობით, საქართველოში მოქმედ უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ექნება წვდომა ფინანსებზე, რაც მათ ამ რთული პერიოდის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნა ელჩმა.

კარლ ჰარცელი: ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი. „ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. პარლამენტის გახსნის შემდეგ, ჩვენ ახალ ფაზაში გადავედით. როგორც ფასილიტატორები, ჩვენ კვლავ მზად ვართ, ისევ ვეცადოთ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა პარტიებს შორის საერთო პოზიციის პოვნას. ამ შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. თუმცა ჯერ ადრეა რამის თქმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ეს იქნება რთული პროცესი, რომელსაც სჭირდება უზარმაზარი ლიდერობა მხარეებისგან, რომლებსაც ნამდვილად სურთ, რომ ფართო შეთანხმება შესაძლებელი იყოს. ჩვენ ვეცდებით, გავაგრძელოთ მათი დახმარება. ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, თუმცა შანსი ნამდვილად არის“, - განაცხადა ჰარცელმა. შეგახნებებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

ირაკლი კობახიძე: მთავრობის შემადგენლობაში არსებითი ცვლილება არ მოხდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ სამთავრობო გუნდში ძირეული ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის განმარტებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ, პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი. „არსებითად რჩება იგივე შემადგენლობა, რომელიც აქამდე მუშაობდა. ამ ეტაპზე იუსტიციის მინისტრის ნაწილშია ცვლილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდებით პრემიერის პოზიციას. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში, ჩვენ არ ველოდებით. პრემიერთან გვექნება შეხვედრა უახლოეს დღეებში. მისგან მოვისმენთ პირველ რიგში მის შეხედულებას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე გაიმართება განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს „ქართული ოცნების" ოფისში არიან შეკრებულები.

„ქართული ოცნების“ ლიდერები „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძის წასვლას აფასებენ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ოდიოზურმა ლიდერებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს. „ეს არის ძალიან კარგი პროცესი. ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან პირველ რიგში სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, შეიძლება ვაშაძე მერაბიშვილს და სხვებსაც გულისხმობდა. ისინი შლიან დღეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიებიც. ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ძალიან გვეხმარებიან ამაში სწორედ ის ე.წ. ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს რეალურად შლიან ოპოზიციას. ოპოზიციაში ჯანსაღი პროცესები მიდის და ცვლილებების შემდეგ ქვეყანა ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს მიიღებს. ამაში რომ ეს ოდიოზური ფიგურები გვეხმარებიან ძალიან კარგია“, - განაცხადა კობახიძემ. გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა დღეს დატოვა. სოციალურ ქსელში ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია. მან პარტიის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად, პარტიაში ოდიოზური ფიგურების არსებობა დაასახელა.

ქაბულში ავტომობილზე თავდასხმას გუბერნატორის მოადგილე ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, პროვინციის გუბერნატორის მოადგილის ავტომობილზე თავდასხმისას პროვინციის გუბერნატორის მოადგილე დაიღუპა. მაჰბობულა მოჰიბის დაჯავშნილი მანქანაზე ბომბი იყო დამაგრებული. აფეთქების შედეგად მისი მდივანიც დაიღუპა. აფეთქების შედეგად ასევე დაშავდნენ უსაფრთხოების ორი თანამშრომელი. ბოლო თვის განმავლობაში რამდენიმე მსგავს შეტევას ჰქონდა ადგილი ავღანეთის მასშტაბით. გასულ კვირას, ცეცხლსასროლი იარაღით პროკურორი მოკლეს. მთავრობასა და თალიბანის მეამბოხეებს შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, ავღანეთში ვითარება არ სტაბილურდება.

რა ვიცით კორონავირუსის ახალი ტიპის შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახლი ვარიანტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრის, მეტ ჰენკოკის თქმით, სულ მცირე 60-მა სხვადასხვა ადგილობრივმა უწყებამ დააფიქსირა ამ ვარიანტის მიერ გამოწვეული ინფექციები. ჰენკოკი აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელი ან ვაქცინებისადმი რეზისტენტული იქნება, თუმცა შესაძლოა, ის უფრო გადამდები იყოს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე ინფორმირებულია ამ ვირუსის შესახებ და ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად უკვე მუშაობენ, რათა დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ. ბირმინგემის უნივერსიტეტის ექსპერტმა, პროფესორმა ალან მაკნალიმ BBC- ს განუცხადა, რომ თვალი უნდა მივადევნოთ ცვლილებებს. ბრიტანელი სამედიცინო მკლევარი, ჯერემის ფარარის თქმით, როდესაც ვირუსის ახალი ვარიაცია ჩნდება, საჭიროა გავითვალისწინოთ ერთი რამ - შეიცვალა თუ არა ვირუსის ქცევა? მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვირუსები ყოველთვის იცვლებიან. „ეს მათ ბუნებაშია, ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ საშიში ისტორიები მოვისმინეთ, ხოლო პასუხები ჯერ კიდევ არ ჩანს“, - აღნიშნა პროფესორმა. ხვალიდან ლონდონსა და სამხრეთ ინგლისის დიდ ნაწილში ლოკდაუნის მკაცრი, მე-3 დონე ამოქმედდება.

იაპონიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

იაპონიის საელჩო ახალი ელჩის მისასალმებელ სიტყვას ავრცელებს. იმამურა აკირა საქართველოში 2020 წლის 6 დეკემბერს ჩამოვიდა. „საქართველოს ბოლოს 1999 წელს ვეწვიე. მას მერე სულ მქონდა სურვილი, რომ კვლავ ჩამოვსულიყავი კავკასიონის ულამაზეს მთებთან, ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარე ამ მომხიბვლელ ქვეყანაში, სადაც უნიკალური კულტურაა. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ როგორ გაუმკლავდა ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე სხვადახვა გამოწვევას ახალგაზრდა ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. იაპონია და საქართველო იზიარებენ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. 1992 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ჩვენ განვავითარეთ მეგობრული ურთიერთობები სხვადახვა სფეროში: პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მოიცავს აზრთა გაცვლას როგორც რეგიონულ საკითხებზე, ასევე თანამშრომლობას საერთაშორისო ასპარეზზე, კერძო ბიზნესისა და ჩვენი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კულტურების გაცვლას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, იაპონია მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას საგრანტო დახმარების სხვადასხვა ფორმით. კერძოდ კი, ჩვენ ხელს ვუწყობთ დასავლეთ-აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის დაკავშირებას დანარჩენ სამყაროსთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებით. ასევე საქართველოში, სხვადასხვა ადგილას ვახორციელებთ პროექტებს ტექნიკური თანამშრომლობით კადრების გაზრდის, საგრანტო დახმარების თუ გრასრუტების და ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამების ფარგლებში, რათა აიწიოს მოსახლეობის ცხოვრების დონე. ჩვენ განვახორციელეთ პროექტები სხვადასხვა სფეროში, რასაც ქართველი ხალხი დადებითად აფასებს. მე ძალისხმევას არ დავიშურებ ამ პროგრამების მხარდასაჭერად მომავალშიც. გარდა ამისა, შთამბეჭდავია წარმატებები ბიზნესის მიმართულებით, რის შედეგადაც იზრდება იაპონური კომპანიების ინტერესი. ამ წლის დასაწყისში, იაპონურმა კომპანიამ გადაწყვიტა, ინვესტიცია განახორციელოს საქართველოს ჰიდროელექტრო სადგურში. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს „ნახშირბადისგან თავისუფალი საზოგადოებისკენ“, 2050 წლისთვის, რის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა 2020 წლის ოქტომბერში. როგორც იაპონიის მთავრობა აქტიურად დაუჭერს მხარს ასეთი ტიპის ბიზნესის განვითარებას საინვესტიციო და საგადასახადო საკითხებზე ხელშეკრულებების გაფორმებით. ამასთან ერთად, ქართული კულტურა უფრო და უფრო პოპულარული ხდება იაპონიაში. ქართველი სუმოისტები აქტიურ როლს თამაშობენ სუმოს სამყაროში, შქმერულიდან დაწყებული, ქართული კერძები და იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქართული ღვინო უფრო და უფრო მეტ იაპონელს შორის სარგებლობს პოპულარობით. ასევე, საქართველოშიც ძალიან უყვართ იაპონია, ქართველების ინტერესიც იაპონიისადმი, იაპონური ენისადმი და კულტურისადმი იზრდება. მე ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ „ომოტენაშის“ (სტუმართმასპინძლობა) მაზიარებელ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო გაძლიერდეს და გავუზიარო საქართველოს ხალხს იაპონიის სილამაზე და ინიციატივები. ბოლო დროს, საქართველოში მოგზაური იაპონელი ტურისტებისა და აქ ხანგრძლივი პერიოდით მცხოვრები იაპონელების რიცხვი იზრდება. იაპონელი რეზიდენტების უსაფრთხოება იაპონიის საელჩოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩვენ აღმოვუჩენთ საჭირო თანადგომას იაპონელ მოქალაქეებს, მათ შორის ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით. COVID-19-ის გავრცელების შესაკავებლად, დამატებით, ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოს ჯანდაცვისა და სამედიცინო სისტემის გაძლიერებას (შესაბამისი მასალისა და აპარატებისმიწოდებით). 2022 წელს, ჩვენ აღვნიშნავთ იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს. ამ ღირსშესანიშნავ წელს რომ უკეთესი შედეგებით შევხვდეთ, მე მთელი ძალით გავაგრძელებ მუშაობას ჩვენი ხალხების ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად. თქვენი მხარდაჭერის, თანამშრომლობის და კეთილგანწყობის იმედი მაქვს! დასასრულს კი, მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს პანდემიის ასეთ რთულ დროს“, - აღნიშნულია ელჩის მიმართვაში.