ახალი ამბები
NATO-ს სამი ქვეყანა სუვალკის დერეფნის სიახლოვეს სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს
16-დან 26 ივნისის ჩათვლით, სუვალკის დერეფნის მახლობლად, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე გაიმართება საერთაშორისო წვრთნები „Gallant Boar 2026“, რომელშიც ლეიტუველი ჯარისკაცები პოლონეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალებთან ერთად ჩაერთვებიან. საერთაშორისო წვრთნების მთავარი მიზანი ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება და მოკავშირე ძალებს შორის მოქმედებების კოორდინაციაა. წვრთნების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ქვეყნების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას. ასევე, განავითარებენ ამ გეოგრაფიულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიის სწრაფ და ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო უნარებს. შეგახსენებთ, 10 ივნისს გამოცხადდა, რომ ლიეტუვაში განლაგებული ახალი გერმანული სატანკო ბრიგადა ბალტიისპირეთის ქვეყანაში პირველ საბრძოლო წვრთნებს ატარებს. მაისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალია, რუმინეთში დაახლოებით 100 ჯარისკაცს და რამდენიმე გამანადგურებელს გზავნის მისიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რუმინელი ჯარისკაცების მომზადებას რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად. ლიეტუვა და პოლონეთი სუვალკის დერეფნის დასაცავად წვრთნებს ატარებენ
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: ვქმნით სტრატეგიულ სარკინიგზო დერეფანს, რომელიც თურქეთს კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ აცხადებს, რომ სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის ჩქაროსნული რკინიგზის პროექტის შედეგად, მთლიანად შავი ზღვის სანაპირო ქალაქები ერთიან სწრაფ სარკინიგზო ქსელში გაერთიანდებიან. ტრაპიზონსა და სამსუნს შორის მგზავრობის დრო კი, 2 საათამდე შემცირდება. „ჩვენ სამსუნიდან დაწყებული ორდუს, გირესუნს, ტრაბზონს, რიზესა და ართვინს — ყველა ჩვენს ქალაქს ერთმანეთთან დავაკავშირებთ,“ - აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. აბდულკადირ ურალოღლუმ შავიზღვისპირეთში მასშტაბური სარკინიგზო პროექტის მშენებლობაზე ჯერ კიდევ თებერვალში ისაუბრა. ურალოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის რკინიგზის პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს შავი ზღვის სანაპირო პროვინციებსა და ქალაქებს შორის ტრანსპორტირებას. პროექტი შექმნის სტრატეგიულ სარკინიგზო დერეფანს, რომელიც თურქეთს კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს. „ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს რეგიონში როგორც სამგზავრო, ასევე, სატვირთო გადაზიდვებში. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება არსებული საგზაო მოძრაობის საცობები,“ - განაცხადა ურალოღლუმ. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ აღნიშნა, რომ ამ ხაზის მეშვეობით შავი ზღვის სარკინიგზო ქსელი შიდა რეგიონებთან (ჰინტერლანდთან) იქნება დაკავშირებული და საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში ინტეგრირდება. ურალოღლუმ ასევე განაცხადა, რომ ერზინჯან–ტრაბზონის სარკინიგზო პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თურქეთის ინტეგრაციაში საერთაშორისო სარკინიგზო ქსელებთან, რომლებიც ცნობილია სახელწოდებით — „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და „შუა დერეფანი.“ „სარკინიგზო ხაზის სიგრძე 513 კილომეტრი იქნება. პროექტი მოიცავს 14 სადგურის მშენებლობას. ყოველწლიურად, 12 მილიონი მგზავრისა და 14 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის.
ჰაკან ფიდანი: თურქეთი-ბულგარეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს ენერგეტიკული დერეფანი უმნიშვნელოვანესია რეგიონული უსაფრთხოებისთვის
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. თურქმა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ენერგეტიკა თურქეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი სფეროა: „ჩვენი ურთიერთობები ყოველწლიურად ფართოვდება, დივერსიფიცირდება და ღრმავდება.“ „გასულ წელს ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით ხელი მოეწერა მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც უდიდესი მნიშვნელობისაა ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, ელექტროენერგიისა და ენერგოეფექტურობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გასულ წელს ხელმოწერილი მემორანდუმი ახალ იმპულსს სძენს ბულგარეთთან ჩვენს ენერგეტიკულ პარტნიორობას,“ - აღნიშნა ფიდანმა. 2025 წლის აპრილში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს, რითაც დაიწყო აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის ენერგეტიკული დერეფნის შექმნის პროექტი. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის მომზადება 2026 წელს დაიწყება. ახალი დერეფანი უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებას კასპიის რეგიონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის, კერძოდ, ბულგარეთისთვის, ასევე, რუმინეთისთვის და უნგრეთისთვის. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა წელს დაიწყება
ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერია
ამერიკელი მილიარდერი, კომპანიების Tesla-ს, Space X-ის და სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერია. მასკი კიდევ ხუთი კომპანიის თანადამფუძნებელია, მათ შორისაა გვირაბების გაყვანის სტარტაპ „ბორინგ ქომფანი“ და ტვინის იმპლანტების მწარმოებელი „ნეურალინკი.“ Reuters-ის გამოთვლებით, მისი წმინდა ქონება 12 ივნისს აქციებით ვაჭრობის დაწყებისას 1.1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს მაჩვენებელი მოიცავს აქციებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მფლობელობაში გადავა. მასკის ქონების უმეტესი ნაწილი ამჟამად Space X-შია მობილიზებული, სადაც დაახლოებით 866 მილიარდი დოლარის ღირებულების წილი ეკუთვნის. 54 წლის მასკი სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში დაიბადა, კანადელი დედისა და სამხრეთ აფრიკელი მამის ოჯახში. სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც 1997 წელს დაამთავრა. ცნობისთვის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების საწყისი საჯარო შეთავაზება (IPO) განახორციელა. IPO-ს ფარგლებში ბირჟაზე გაიტანეს 555,6 მილიონი ჩვეულებრივი აქცია თითო 135 დოლარად. IPO-ს შემდეგ SpaceX-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1,77 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. Reuters-ის ცნობით, SpaceX-ის IPO უდიდესია მსოფლიო ისტორიაში. წინა რეკორდი ეკუთვნოდა საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს, რომელიც 2019 წელს გავიდა ბირჟაზე.
ზელენსკი: ევროკავშირი თავის სიტყვას ასრულებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა უკრაინისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს. „უკრაინა საკუთარ თავს და ამასთან, მთელ ევროპას იცავს. უკრაინა იმას აკეთებს, რაც აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ თავის სიტყვას ევროკავშირიც ასრულებს. პირველი კლასტერის გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა,“ - წერს ზელენსკი X-ზე. „ასევე, მოლდოვასაც ვულოცავთ ამ ნაბიჯს, რომელსაც ერთად ვდგამთ,“ - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. ევროკავშირმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნა.
47 წლის ასაკში გარდაიცვალა ტაილანდის პრინცესა, რომელიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში კომაში იყო
ტაილანდის პრინცესა ბაჯრაკიტიაბჰა, რომელიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში კომაში იყო, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრინცესა ბაჯრაკიტიაბჰამ 2022 წლის დეკემბერში ძაღლების ვარჯიშის დროს გონება დაკარგა, რაც ექიმების ინფორმაციით, ეს გულში მიკოპლაზმური ინფექციით იყო გამოწვეული. პრინცესა ბაჯრაკიტიაბჰა მეფე ვაჯირალონგკორნის შვიდი შვილიდან უფროსი იყო და მისი გარდაცვალებით, ტაილანდის სამეფო ოჯახმა დაკარგა ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ეთამაშა სამეფო ტახტის ჯერ კიდევ გაურკვეველ მემკვიდრეობაში. პრინცესა ბაჯრაკიტიაბჰა პროფესიით იურისტი იყო. ის გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ტაილანდის მისიაში. შემდეგ კი ტაილანდში დაბრუნდა და ბანგკოკსა და ქვეყნის სხვა ადგილებში გენერალური პროკურორის ოფისებში მუშაობდა. 2012 წლიდან 2014 წლამდე ის იყო ტაილანდის ელჩი ავსტრიაში, სადაც მან ურთიერთობა დაამყარა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან (UNODC). ტაილანდში დაბრუნების შემდეგ, ის გახდა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულებების კომისიის ელჩი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კანონის უზენაესობის საკითხებში და განაგრძო ტაილანდის სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა. 2021 წელს მამამისმა ის პირადი დაცვის შტაბის უფროსად დანიშნა და გენერლის წოდება მიანიჭა. 73 წლის მეფე ვაჯირალონგკორნს ჯერ მემკვიდრე არ დაუსახელებია. ტაილანდური ტრადიციის მიხედვით, მემკვიდრე მამაკაცი უნდა იყოს, თუმცა კონსტიტუციაში 1974 წელს შეტანილი შესწორებით ტახტზე ქალის ასვლაა შესაძლებელი გახდა.
უკრაინამ და მისმა სამმა ევროპელმა მოკავშირემ სამართლიანი მშვიდობის ხუთი პირობა შეათანხმეს
უკრაინისა და მისი ახლო ევროპელი მოკავშირეების - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა რუსეთთან ომის დასრულების „სამართლიანი და მდგრადი“ შეთანხმების მისაღწევად ხუთი პირობა წამოაყენეს. ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ განცხადებაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადეს, რომ ისინი „მტკიცედ დარჩებიან უკრაინის გვერდით.“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 ივნისს ლონდონში შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ხუთი პირობა მოიცავს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მოლაპარაკებების დაწყებას ამჟამინდელი პოზიციიდან, ასევე უკრაინისთვის „მტკიცე“ უსაფრთხოების გარანტიებს. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის პროცესის ნაწილის ყოფნის აუცილებლობა იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყურადღება ირანთან ომზეა გადატანილი. შეხვედრის შემდეგ ლიდერების მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, პუტინს მოუწოდეს, დასთანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ და სრულად შეწყვეტას. მოლაპარაკებებისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ფრონტზე ამჟამად არსებული ე.წ. შეხების ხაზი. საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს. სრული პატივისცემა უკრაინის სუვერენული უფლების, თავად აირჩიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და შექმნას ალიანსები. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საიმედო, იურიდიული გარანტიები, რაც მოიცავს უკრაინაში საერთაშორისო ძალების განთავსებასაც. რუსეთის აქტივები გაყინული იქნება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს და უკრაინას მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციას არ გადაუხდის. შეთანხმებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოების ინტერესები. ნებისმიერ მოლაპარაკებას, რომელიც ევროკავშირს და ნატოს ეხება, სჭირდება მხოლოდ ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების და ნატოელი მოკავშირეების თანხმობა. შაბათს, 6 ივნისს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქი, სანქტ-პეტერბურგი, დაბომბეს, როდესაც ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფორუმის ბოლო დღეს მასპინძლობდა - თავდასხმას რუსეთის ხელისუფლება „უპრეცედენტოდ“ მიიჩნევს. ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა
ფაშინიანი: დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, აშშ-სა და საქართველოს შორის შერიგებით
„როგორ შეიძლება, არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე.“ ჟურნალისტების ამ შეკითხვას უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ გაიმარჯვა. „დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით და ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება, ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
გაეროს გენასამბლეამ კვლავ დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დაბრუნების უფლება
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეზოლუციას, რომელიც ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში მიიღო, 107 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი 8 ქვეყანა წავიდა. „რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე. რეზოლუცია, ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. რეზოლუციის თანაავტორთა რაოდენობა წელს 4-ით, 68-მდე გაიზარდა. რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, დომინიკის თანამეგობრობა, ესპანეთი, ესტონეთი, ვანუატუ, გერმანია, გვატემალა, საქართველო, თურქეთი, ტონგა, ტუვალუ, უკრაინა, უნგრეთი, ახალი ზელანდია, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, კაბო-ვერდე, კირიბატი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პაპუა-ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, სიერა-ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, ტრინიდადი და ტობაგო, ფიჯი, ფინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, შვედეთი, ჯიბუტი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. „გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეკორდული 107 ხმით მიიღო რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სტატუსის შესახებ. მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას“, – დაწერა მაკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ახალი ვაქცინა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს
მკვლევრები აცხადებენ, ვაქცინის „ფუნდამენტურად ახალი“ ტიპის შესაქმნელად, რომელსაც ვირუსების დიდი რაოდენობითგან დაცვა და პანდემიების პრევენცია შეუძლია, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდი აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაქცინის ძირითადი კომპონენტი მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და რომელიც შემდეგ ადამიანებზე გამოსცადეს. ვაქცინა ყველა კორონავირუსის წინააღმდეგ არის შექმნილი, მათ შორის, Covid-ის ყველა ვარიანტზე, ასევე ვირუსებზე, რომლებიც ამჟამად აინფიცირებს ცხოველებს, მაგრამ აქვთ შემდეგი პანდემიის დაწყების პოტენციალი. მუშაობა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ გუნდი უკვე ავითარებს ცალკეულ ვაქცინებს, რომლებსაც გრიპის და ებოლას წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლიათ.
ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მოუწოდა, შეწყვიტოს ომი და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები. ზელენსკი გამოდის წინადადებით შეხვედრა გაიმართოს პიდაპირი ფორმით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით. “უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ. "არ შეგეშინდეთ ომიდან გასვლის გზის არჩევის - ეს არის მთავარი, რაც ახლა თქვენგან საჭიროა." ყველამ გაიგონა თქვენი წარმომადგენლები ღიმილით როგორ ამბობდნენ, რომ მოსკოვში უნდა ჩავიდე, მაგრამ 26 წლის შემდეგ, თქვენს დედაქალაქში უკრაინის ლიდერს არაფერი ესაქმება, ისევე, როგორც — რუსეთის ლიდერს კიევში. არიან ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები - ბევრს შეუძლია და სურს ასეთი შეხვედრის მასპინძლობა. ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს — ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. გთავაზობთ შეხვედრის კონკრეტული თარიღის ჩანიშვნას," - წერს ზელენსკი. ომის დასრულების მოლაპარაკებები "გავიგეთ, ალასკაში როგორ დადეთ პირობა უკრაინასთან და ევროპასთან დაკავშირებით რაღაც საკითხების მოგვარებაზე. მაგრამ როგორც ხედავთ, უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება. სხვა გარკვეულ მონაწილეებს შეეძლებათ ჩვენს შორის დაწყებული ორმხრივი მოლაპარაკებებისადმი შეერთება. ვინაიდან ომი ევროპაში მიმდინარეობს, და ჩვენ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება და თქვენ თქვენთვის გინდათ უსაფრთხოების გარანტიები, ლოგიკურია მათი მოწვევა, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება. გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა საჭიროა — მათი, ვისაც გავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. . ჩვენ გვჯერა, რომ აშშ უნდა იყოს პროცესში, და ამას შეუძლია მსოფლიოს ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების ახალი კონფიგურაციის განსაზღვრა,” - ნათქვამია ზელენსკის წერილში. უკრაინის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ თუ ვლადიმერ პუტინი არ მივა იდეამდე, რომ ომის დასრულების დროა, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს არსებობისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს გაცილებით რთული ბრძოლა მოუწევს, არა რუსეთის, არამედ, პერსონალური არსებობისთვის. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ეს მუქარა არ არის, არამედ, ფაქტია რუსეთის ისტორიიდან. „გვჭირდება იმის განსაზღვრა, თუ როგორი მომავალი ექნებათ უკრაინელებსა და რუსების მომავალ თაობებს. თუ თქვენ პერსონალურად თქვენს აზრებში არ მიხვალთ იმ იდეამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა გააგრძელებს თავისი არსებობისთვის ბრძოლას. გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ ასევე მოგიწევთ გაცილებით უფრო რთული ბრძოლა თქვენი არსებობისთვის — არა რუსეთის, არამედ პირადად თქვენი. და ეს მუქარა არაა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს რუსეთის ისტორიის ფაქტებია, რომლებიც კარგად იცით: რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება,” - ნათქვამია ზელენსკის წერილში. უკრაინის პრეზიდენტი ომზე პასუხისმგებლობას აკისრებს პირადად პუტინს და აცხადებს, რომ კონფლიქტი იყო მისი შეგნებული არჩევანი. "რასაც უნდა ამბობდეთ NATO-ზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი არის თქვენი პირადი არჩევანი — ომი — რეალური მიზეზის გარეშე," — წერს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის საზოგადოება სულ უფრო მეტად იღლება ომის შედეგებით. მისი თქმით, რუსეთის ხალხს "არ მოსწონს ჩვენი დრონები და რაკეტები", "არ მოსწონს ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა", ასევე, "არ მოსწონს, რომ პუტინის ომს ბოლო არ უჩანს." უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ფრონტზე. "გუშინ ჩავიბარე ანგარიში ფრონტზე თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ, უკრაინაში, მაისის თვეში. ის კვლავ აჭარბებს 30 ათას მოკლულ და მძიმედ დაჭრილ რუსს," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი ამავე წერილში წერს, რომ რუსეთის მიერ ომის 2027-28 წლებამდე გაჭიანურების გეგმების შესახებ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია აქვს. „ჩვენ ასევე ვიცით, რომ იმედოვნებთ, ბალისტიკური იარაღი შეძლებს იმას, რაც სხვამ ვერ შეძლო. გსურთ, ბელარუსი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრიოთ ომში და ახლა ჩვენც იძულებული ვართ, ამისთვის მოვემზადოთ. ვხედავთ, რომ რაღაც თამაშს თამაშობთ დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. თქვენი პროპაგანდისტები ამა თუ იმ ფორმით რუსეთის ყველა მეზობელს ემუქრებიან. მართლა გსურთ ამ ყველაფრის გავლა? არჩევანი ახლა თქვენზეა. საკმარისია ომი. უკრაინას ამ ომის დასრულების შეთავაზება აქვს. ეს უნდა გავაკეთოთ გულწრფელად, ღირსეულად და უზრუნველვყოთ, რომ ახალი ომი არ დაიწყება.“
აზოვის ზღვაში ორ სატვირთო გემზე დრონით თავდასხმისას, ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა — ბაქო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზოვის ზღვაში ორ უცხოურ სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად, ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის აიხან ჰაჯიზადას თქმით, ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის სამიზნე ორი უცხოური სატვირთო გემი გახდა, რომლებზეც სულ 25 აზერბაიჯანელი მოქალაქე იმყოფებოდა. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული გემები აზერბაიჯანის სახელმწიფოს არ ეკუთვნის. რუსული მხარისგან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად, სულ ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. დაშავებულები იესკის საქალაქო საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ამჟამად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით კოორდინაციას უწევს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს, ასევე შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს. რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი ადგილზე გაემგზავრა. მოქალაქეების მდგომარეობასთან, მათ ქვეყანაში დაბრუნებასთან და საჭირო საკონსულო დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებით კონტროლდება,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გემებ თურქეთიდან დონის როსტოვში მარცვლეულის ჩასატვირთად მიემართებოდნენ.
უნგრეთმა სამი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა
უნგრეთის მთავრობამ სომხეთის, საქართველოსა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა. Reuters-ის ცნობით, მთავრობის პრესსპიკერმა ვანდა შონდიმ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება უცხოელი მუშახელის დასაქმების რეგულაციების გამკაცრების მცდელობის ნაწილია, იმ შეშფოთების ფონზე, რომ უცხოელი მუშახელის შემოდინებამ შესაძლოა, უნგრელი თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდოს. მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში უცხოელი მუშახელის შემოდინების რეგულირებისკენ მიმართული უფრო ფართო პოლიტიკის პირველ ნაბიჯად შეაფასა. ამავდროულად, უნგრეთში უკვე მომუშავე უცხოელი მოქალაქეები კვლავ შეძლებენ ნებართვების გახანგრძლივებას, ხოლო ახალი წესების ამოქმედებამდე წარდგენილი განაცხადების დამუშავება არსებული პროცედურებით გაგრძელდება.
ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ ცეცხლი შეწყდება, თუ „ჰეზბოლა“ თავდასხმებს შეწყვეტს
ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის ვაშინგტონში, 2-3 ივნისს გამართული მოლაპარაკების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის, ლიბანისა და ისრაელის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. შეთანხმების დაცვის პირობაა „ჰეზბოლას“ მიერ ცეცხლის სრულად შეწყვეტა და მისი შეიარაღებული ჯგუფების გასვლა მდინარე ლიტანიდან სამხრეთში მდებარე სექტორიდან. განცხადების თანახმად, ლიბანი და ისრაელი აშშ-ის შუამავლობით შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანში დაიწყება შექმნა საცდელი ზონების, რომლებსაც მხოლოდ ლიბანის არმია გააკონტროლებს არასახელმწიფო ძალების მონაწილეობის გარეშე. აშშ ლიბანის სამთავრობო ძალებს მხარდაჭერას ჰპირდება. ამ ნაბიჯებმა ხელი უნდა შეუწყოს პროგრესს ლიბანსა და ისრაელს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება 22 ივნისის კვირიდან. ისრაელსა და ლიბანს შორის მომავალი ურთიერთობების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ორმა სუვერენულმა მთავრობამ და კატეგორიულად უარყოფილია სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო სუბიექტების მცდელობები, მძევლად აიყვანოს ლიბანის მომავალი. ლიბანის, ისრაელის და აშშ-ის ერთობლივ განცხადებას ჰეზბოლა 3 ივნისს არ გამოხმაურებია. ცნობისთვის, „ჰეზბოლას“ სამხედრო ფრთა ისრაელს, აშშ-ს და ევროკავშირს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. ვაშინგტონის შეფასებით, „ჰეზბოლა“ არამხოლოდ აშშ-ისა და ისრაელის, არამედ, ლიბანის მტერიც არის. ლიბანის შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ კატეგორიულად უარყო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. მკაცრი ფორმულირებით გაკეთებულ განცხადებაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ლიდერმა ნაიმ კასემმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ლიბანისთვის „უშედეგო“ და „დამამცირებელი“ იყო.
მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი საგზაო რუკას ქმნიან
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის დასაჩქარებლად საგზაო რუკა მომზადდება. „სტამბოლში ჩავატარეთ მესამე მინისტერიალი „აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ შესახებ. შევთანხმდით, რომ მოვამზადოთ საგზაო რუკა, რომელიც დააჩქარებს პროექტის განხორციელებას. ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც მწვანე ენერგეტიკულ კავშირებს ეფუძნება,“ - წერს შაჰბაზოვი X-ზე.
რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, ევროკავშირმა სომხეთს მხარდაჭერა აღუთქვა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ამზადებს ზომებს სომხეთის მხარდასაჭერად რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის პირობებში. ეს მოიცავს 50 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის საგანგებო ფინანსურ დახმარებას. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის საქონელზე საექსპორტო შეზღუდვების გაფართოებით, მოსკოვი ეკონომიკურ კავშირებს იყენებს იარაღად პოლიტიკური ზეწოლისთვის. „ჩვენ ეს სცენარი ძალიან კარგად ვიცით. და ევროპა ამიტომაც დგას მტკიცედ სომხეთის მხარეს," - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. ხუთშაბათს, 4 ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ლაიენმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. „პაკეტი ითვალისწინებს გამარტივებულ სავაჭრო პირობებს რიგი სომხური საქონლისთვის, განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის, ასევე, პრაქტიკულ მხარდაჭერას დაზარალებული სექტორებისთვის, როგორიცაა, ყვავილების მოყვანა,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. მანვე განაცხადა, რომ 5 ივნისს, ლატვიაში 10 000 სომხური ყვავილის პარტია ჩავა და მას კიდევმეტი მიჰყვება. ლაიენმა ასევე გამოთქვა ევროკავშირის მზადყოფნა, დაეხმაროს სომხეთს „ინფრასტრუქტურისა და სასაზღვრო გადასასვლელების განვითარებაში, რეგიონული სატრანსპორტო კავშირების აღდგენის პარალელურად“, განსაკუთრებით — თურქეთთან. „ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრიორიტეტებზე ერთად მუშაობას ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის პლატფორმის მინისტერიალზე, რომელიც 23 ივნისს გაიმართება,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რუსეთმა სომხეთის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერევნიდან ელჩი გაიწვია
ამერიკულმა კომპანიებმა აზერბაიჯანთან $8 მილიარდ დოლარზე მეტის კომერციულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი
აშშ-ის დელეგაციამ და აზერბაიჯანმა 8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კომერციულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი და ვაშინგტონი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს, განაცხადა სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კალებ ორმა. ბაქოში ვიზიტით მყოფმა ორმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აზერბაიჯანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებში უფრო ფართო როლის შესრულებას ცდილობს. „ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტულ ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში,“ - განაცხადა ორმა Reuters-ის კითხვის საპასუხოდ. „ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ დავეხმაროთ აზერბაიჯანს, გააძლიეროს თავისი როლი, როგორც შუა დერეფნის ცენტრალურმა ჰაბმა ევროპისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების მიმართულებით ენერგეტიკული ტრანზიტისთვის,“ — განაცხადა ორმა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა იზრდება და ფართოვდება. „ჩვენ ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს ვაორმაგებთ. თუმცა ამ საფუძველს ბევრად უფრო მასშტაბურ თანამშრომლობად ვაქცევთ. მხოლოდ ამ კვირაში ვიხილეთ, რომ აშშ-ის კომპანიებმა 8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეთანხმებები გააფორმეს,“ — განაცხადა ორმა.
DFC $2.5 მილიარდის ინვესტიციას ამტკიცებს, რაც TRIPP კომპანიის შექმნასაც მოიცავს
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ახალი სტრატეგიული ინვესტიციების სერია, რომლის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია, მათ შორისაა „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) განვითარების კომპანიის შექმნის მხარდაჭერა. TRIPP-ის განვითარების კომპანიის, აშშ-სა და სომხეთს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნა მიზნად ისახავს ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას, ამავდროულად, საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას. ეს საწარმო ეფუძნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ისტორიულ სამშვიდობო დეკლარაციას და „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერას, რათა მხარი დაუჭიროს ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, სარკინიგზო ხაზებს, მილსადენებს, ბოჭკოვან ოპტიკას და სხვა. TRIPP-ის განვითარების კომპანიაში ამერიკულ მხარეს 74%-იანი წილი ექნება, ხოლო სომხურ მხარეს 26%-იანი წილი ერგება.
აზერბაიჯანი შუა დერეფნის ციფრულ ინტეგრაციაზე ჩინეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
აზერბაიჯანი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინეთთან ტვირთების გადაზიდვის სფეროში მონაცემთა პირდაპირი გაცვლის სისტემის შექმნაზე, განაცხადა ციფრული ლოგისტიკური პლატფორმის (DLP) პროექტის ხელმძღვანელმა, ეთირამ გულიევმა, ბაქოში გამართული კასპიის ზღვის მე-2 საერთაშორისო ტრანსპორტის, ტრანზიტისა და ლოგისტიკის ფორუმზე. აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ერთობლივად მოამზადეს და ჩინურ მხარეს წარუდგინეს შესაბამისი გზამკვლევი. პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველო რჩება შუა დერეფნის ერთადერთ მთავარ ქვეყნად, რომელიც ჯერ არ შეერთებია ამ ციფრული ინტეგრაციის პროცესს. თუმცა მისი მონაწილეობა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. ეთირამ გულიევის თქმით, სისტემასთან საქართველოს მიერთება ერთიანი ციფრული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნის დასრულებას და მთელი მარშრუტის გასწვრივ მონაცემთა შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველყოფას შესაძლებელს გახდის.
სომხეთმა და აშშ-მ TRIPP-ის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას TRIPP-ის პროექტის შესახებ, რომლის პარაფირებაც 26 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დოკუმენტს ხელს აწერს.„ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წამის წინ, თქვენს თვალწინ ხელი მოვაწერე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ჩარჩო შეთანხმებას TRIPP-ის შესახებ. როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ჩემსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ, მისი სომხეთში ვიზიტის დროს, მოხდა დოკუმენტის პარაფირება. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას, დოკუმენტი სომხეთში გამოიგზავნა და ახლა სომხურმა მხარემაც მიიღო დოკუმენტი. ამით დისტანციური ხელმოწერის პროცესი დასრულებულია და შეთანხმება რატიფიცირებისთვის მზად არის,“ - განაცხადა არარატ მირზოიანმა.