თეგი: მარკ რუტე

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროინტეგრაცია და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილ განაცხადებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება წარდგენილ განაცხადებთან დაკავშირებით, დამატებითი სტიმული იქნება რეფორმების წარმატებით გაგრძელებისთვის და ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა ექნება. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და შედეგად რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას ვითარების დეესკალაციისა და ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. მარკ რუტემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ნიდერლანდების სამეფოს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერს უმასპინძლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს უმასპინძლა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნიდერლანდები უკრანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის კუთხით, ათეულშია. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ირპენში ჩავიდა. ირპენის მერმა, ალექსანდრე მარკუშინმა ომის შედეგად განადგურებული ქალაქის აღდგენაში მარკ რუტეს დახმარება სთხოვა. „მე ახლახან ველაპარაკე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს, რომელიც ეწვია ირპენს, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. წარვუდგინე პრეზენტაციები ჩვენი ქალაქის შესახებ და მის ქვეყანას ვთხოვე დახმარება ირპენის დანგრეული სახლების აღდგენაში“, - განაცხადა მერმა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ირპენში ჩავიდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ირპენში ჩავიდა. ირპენის მერმა, ალექსანდრე მარკუშინმა ომის შედეგად განადგურებული ქალაქის აღდგენაში მარკ რუტეს დახმარება სთხოვა. „მე ახლახან ველაპარაკე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს, რომელიც ეწვია ირპენს, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. წარვუდგინე პრეზენტაციები ჩვენი ქალაქის შესახებ და მის ქვეყანას ვთხოვე დახმარება ირპენის დანგრეული სახლების აღდგენაში“, - განაცხადა მერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

რუტეს თქმით, უკრაინისთვის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე ტაბუ არ არსებობს

ნიდერლანდები პარტნიორებთან ერთად განიხილავს უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების ვარიანტებს, ამ საკითხში არანაირი ტაბუ არ არსებობს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ჰააგაში განაცხადა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრ, ალექსანდრ დე კროოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. კერძოდ, რუტეს თქმით, უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე ტაბუ არ არსებობს. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან - ბელგიასთან, დიდ ბრიტანეთთან, დანიასთან და სხვებთან, რათა ეს დისკუსია დასრულებამდე მივიყვანოთ. ეს სენსიტიური საკითხია. დრო გვჭირდება საერთო დასკვნამდე მისასვლელად, მაგრამ ჰაუბიცები ახლა უკრაინაშია და ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკები უკრაინას უკვე მიეწოდება", - განაცხადა რუტემ.  

ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა

საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი მარკ რუტეს რეიკიავიკში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა და საქართველოში მოიწვია. „საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას. ირაკლი ღარიბაშვილმა მარკ რუტეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობა დინამიკურად ვითარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ნიდერლანდის მთავრობა გადადგა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მაკრ რუტემ მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომის შესახებ წერილით მეფეს უკვე მიმართა. მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მმართველ კოალიციაში საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა და, შესაბამისად, გადაწყდა, რომ სამთავრობო კოალიცია დაიშლება. მისივე თქმით, მიგრაცია ნიდერლანდებისთვის მთავარი სოციალური პრობლემაა და მისთვის სამწუხაროა, რომ კონსენსუსი ვერ მოიძებნა. „ამ საკითხის იგნორირებას ვერ მოვახდენთ. მთავრობა გადადგება“, – განაცხადა რუტემ. მან ასევე განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელებს თუ არა საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობას. ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. ქვეყნის მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ კანონმდებლობაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.  

ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემენ - მარკ რუტე

ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კვირას, 20 აგვისტოს განაცხადა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა. რუტე ზელენსკის ჰოლანდიის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. ლიდერებმა ბაზაზე ორი F-16 დაათვალიერეს. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.  

უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. შესაბამისი პოსტი ზელენსკის Twitter-ზე განთავსდა. უკრაინის პრეზიდენტი დღეს, 20 აგვისტოს ნიდერლანდების პრეზიდენტს, მარკ რუტეს ეინთჰოვენში, ნიდერლანდების საჰაერო ბაზაზე შეხვდა. „დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უკრაინის საჰაერო ფარის გასაძლიერებლად. F-16-ის ტიპის თვითმფრინავები გამოყენებული იქნება რუსი ტერორისტებისგან უკრაინის ქალაქებისა და დაბების დასაცავად. მარკ რუტემ და მე მივაღწიეთ შეთანხმებას F-16-ების რაოდენობაზე, რომლებიც გადაეცემა უკრაინას, როგორც კი ჩვენი მფრინავები და ინჟინრები სწავლებას დაასრულებენ. 42 თვითმფრინავი. და ეს მხოლოდ დასაწყისია,“ - წერს ზელენსკი. შეკითხვას, თუ რამდენი თვითმფრინავი მიეწოდება უკრაინას, თავის მხრივ, მარკ რუტემ უპასუხა, რომ ნიდერლანდებს ამჟამად F-16-ის ტიპის 42 თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ იტყვის, რამდენი მათგანი გადაეცემა უკრაინას. ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემენ - მარკ რუტე თავის მხრივ, ნიდერლანდებმა და დანიამ ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს, რომ უკრაინას F16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადასცემენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა არც ამ განცხადებაშია მითითებული.  განცხადების თანახმად, დანია იმუშავებს სხვა ქვეყნებთან, შეუერთდნენ კოალიციას და წვლილი შეიტანონ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.  

ერდოღანმა რუტეს NATO-ს გენმდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის დამტკიცების პირობები წარუდგინა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, რომლის დროსაც, NATO-ს ახალი გენერალური მდივნის არჩევის პროცესი განიხილეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა. თურქეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც შეიძლება, იენს სტოლტენბერგის შემცვლელად რუტეს დამტკიცებისთვის დაბრკოლება გახდეს. სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალმა გენერალურმა მდივანმა „უკეთესად უნდა ემსახუროს“ ალიანსის წევრების უსაფრთხოებასა და ინტერესებს ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებთან ბრძოლაში, ასევე, უნდა გააძლიეროს ალიანსის ერთიანობა და უპირატესობა მიანიჭოს NATO-ს ძირითად როლს. „ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ პრინციპების გათვალისწინებით, თურქეთი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე (ახალი გენერალური მდივნის არჩევა - რედ.) სტრატეგიული სიბრძნისა და სამართლიანობის ფარგლებში,“ - ნათქვამია ოფისის განცხადებაში. ბოლო დროს არაერთი დედაქალაქიდან მიიღეს სიგნალები, რომ მხარს უჭერენ რუტეს კანდიდატურას ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე. მათ შორისაა ისეთი ძირითადი სახელმწიფოები, როგორიცაა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია.   

NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე სტოლტენბერგს მარკ რუტე შეცვლის - POLITICO

NATO-ს 32-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე, წერს Politico. მარკ რუტე ალიანსის მოქმედ ხელმძღვანელს, ნორვეგიელ იენს სტოლტენბერგს შეცვლის. ოფიციალური დანიშვნა სავარაუდოდ, ივლისში გაიმართება ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე. რუტეს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება. ბოლო ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებოდა რუტეს, იყვნენ სლოვაკეთი და უნგრეთი. მათ მისი კანდიდატურა სამშაბათს, 18 ივნისს დაამტკიცეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რამდენიმე თვის განმავლობაში არ თანხმდებოდა რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერას, მაგრამ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრისგან მიიღო დაპირება, რომ ბუდაპეშტი შეძლებს, უარი განაცხადოს უკრაინის მხარდასაჭერად NATO-ს საქმიანობაში მონაწილეობაზე. თავად ორბანმა მოგვიანებით დაადასტურა სტოლტენბერგთან ადრე მიღწეული შეთანხმებები და იმედი გამოთქვა, რომ რუტე გააგრძელებს ასეთ პოლიტიკას. ბრატისლავის მხარდაჭერა რუტემ უზრუნველყო დაპირებით, რომ NATO სლოვაკეთს მისი საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმარება, ვიდრე ის საკუთარ შესაძლებლობებს გაზრდის. რუტეს გარდა პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ კანდიდატურას ხსნის. NATO-ს ახალი ხელმძღვანელი თავისი მოვალეობის შესრულებას 2 ოქტომბერს შეუდგება. მისი მთავარი ამოცანა იქნება სამხედრო ალიანსის ყველა ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ს 2%-მდე. Politico წერს, რომ ნიდერლანდებმა ამ მიზანს მხოლოდ წელს მიაღწია, თუმცა ასეთი მიზნის მიღწევაზე დაპირება 10 წლის წინ გაკეთდა. NATO-ს შეფასებით, ორგანიზაციის 32 ქვეყნიდან 23-მა მიაღწია სამხედრო ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს.  

მარკ რუტე: ვღელავ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ - იმედი გვაქვს, საქართველო ევროკავშირის გზაზე დაბრუნდება

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და NATO-ს მომავალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში, სადაც ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღეა,  მედიას განუცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება. მისი თქმით, ღელავს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. „შეიძლება, აქ მოკლედ [განვიხილოთ საქართველოს საკითხი], მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვღელავთ ევროკავშირზე, ვღელავ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ბოლო დროის გადაწყვეტილებების გამო. მოკლედ ვესაუბრე [საქართველოს] პრეზიდენტს, ვფიქრობ, ის შესანიშნავი ლიდერია, მაგრამ მან ვერ შეძლო, ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეულ იქნა, სამწუხაროდ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით მას [საქართველოს] და იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება, მაგრამ ნატოსთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, მეამაყება, რომ ამირჩიეს [გენერალურ მდივნად], მაგრამ ნატოზე კომენტარებს 1-ელ ოქტომბრამდე არ გავაკეთებ,” - განაცხადა რუტემ. ჟურნალისტის კითხვას, თუ რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლოდინი პირველ რიგში არის საქართველოს მთავრობისგან. „პირველ რიგში საქართველოსგან უნდა ველოდოთ, მთავრობისგან, ეს ახლა თქვენზეა დამოკიდებული,” - აღნიშნა რუტემ. სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე კი რუტემ უპასუხა: “ვნახავთ, ვნახავთ, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ თქვენ, საქართველო, დაბრუნდებით [ევროკავშირის გზაზე].”  

NATO მრავალეროვნული თანამშრომლობის ხუთ ახალ ინიციატივას იწყებს

NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა პარასკევს, 18 ოქტომბერს ორდღიანი მოლაპარაკებები დაასრულეს - მათ დაადასტურეს საკუთარი ვალდებულება უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის, აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებისა და ალიანსის შეკავებისა და თავდაცვითი ძალების გაძლიერების შესახებ. „ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერება ამ ალიანსის მთავარი პრიორიტეტია, რადგან ჩვენი ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება NATO-ს ყველაზე წმინდა მოვალეობაა,“ - განაცხადა NATO-ს  გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ შეხვედრის შემდეგ. ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გენერალურმა მდივანმა დაასახელა თავდაცვის უფრო დიდი სამრეწველო შესაძლებლობები, უფრო უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვები და ახალი ტექნოლოგიები.  ხუთშაბათს (17 ოქტომბერს) NATO-ს თავდაცვის მინისტრებს პირველად შეუერთდნენ მათი კოლეგები ავსტრალიიდან, იაპონიიდან, კორეის რესპუბლიკიდან და ახალი ზელანდიიდან, რათა დისკუსია გაემართათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევებზე, მათ შორის, უკრაინის კონტექსტში და იმაზე, რომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის საომარ ძალისხმევას. NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ თანამშრომლობა ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან და ასევე, გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. „ორდღიანი შეხვედრის პირველ სესიაზე თავდაცვის მინისტრები გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ, რომელშიც პირველად შედიოდნენ პარტნიორები - ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და სამხრეთ კორეა, ასევე, ევროკავშირი. ეს იყო ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების აშკარა ნიშანი საერთო გამოწვევების ფონზე,“ განაცხადა მარკ რუტემ. მინისტრებმა განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა კიბერთავდაცვის, თავდაცვის წარმოებისა და ინოვაციების გასაძლიერებლად; დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, მათ შორის - ხელოვნური ინტელექტის. ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ერთად უკრაინის მხარდასაჭერად. „უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ევროპაში არასტაბილურობას შეიძლება, ჰქონდეს შორსმიმავალი შედეგები მთელ მსოფლიოში, და რომ ათასობით მილის მოშორებით მდებარე ქვეყნები - ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეაც კი - შეიძლება, იქცნენ უსაფრთხოების გამოწვევად ჩვენ ირგვლივ. ჩვენი სამყარო მჭიდროდ არის დაკავშირებული - და ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება,“ - აღნიშნა რუტემ, რომელიც ამ თვის დასაწყისში თანამდებობის დაკავების შემდეგ, NATO-ს თავდაცვის მინისტრების პირველ შეხვედრას ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-უკრაინის საბჭოზე შეუერთდა მინისტრებს და ომის დასრულების გეგმა წარმოადგინა. თავდაცვის მინისტრებს შორის დისკუსია ფოკუსირებული იყო უკრაინის ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებზე, მათ შორის, აღჭურვილობასა და წვრთნაზე. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ კარგად მიმდინარეობს მუშაობა NATO-ს ახალი სარდლობის შესაქმნელად, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უსაფრთხოების დახმარებას და წვრთნას უკრაინაში და შეასრულებს დაპირებას 40 მილიარდი ევროს სახით სამხედრო დახმარების სახით. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის გზა NATO-ში გაწევრიანებისკენ, შეუქცევადია. „უკრაინა NATO-ს წევრი იქნება, ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს და ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რაც მას სჭირდება გამარჯვებისთვის,“ - განაცხადა რუტემ. გენერალური მდივანი უკრაინის მხარდაჭერის განსახილველად ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები ადასტურებენ ერთგულებას, შეასრულონ თავიანთი ფინანსური დაპირება 40 მილიარდი ევროს ოდენობით უკრაინის უსაფრთხოებისთვის დახმარების შესახებ, რაც გამოიხატება 20,9 მილიარდი ევროს გამოყოფაში ამ წლის პირველ ნახევარში. რუსული თვითმფრინავების მიერ მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა ალიანსის პრიორიტეტად რჩება. მან ყურადღება გაამახვილა 17 ოქტომბერს რუმინეთში საჰაერო სივრცის დარღვევაზე და დაადასტურა  NATO-ს სოლიდარობა რუმინეთისადმი, შეაქო ბუქარესტის ხელისუფლება "მათი სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისთვის." ეს ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ NATO მის აღმოსავლეთ ფლანგზე აძლიერებს მეთვალყურეობას. რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები ასობით თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავსა და საჰაერო თავდაცვის სისტემას ყიდულობენ. 17 ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ NATO ხუთ ახალ მრავალეროვნული თანამშრომლობის ინიციატივას იწყებს. მისი მიზანი შეკავების და თავდაცვის გაძლიერებაა. NATO-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს მოკავშირეებმა ხელმოწერის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. პირველი ინიციატივის მიზანია, დააჩქაროს ახალი თაობის დისტანციური პილოტირებადი თვითმფრინავების სისტემების (RPAS) მიწოდება - როგორიცაა, ალიანსის სახმელეთო ზედამხედველობა (AGS) - მრავალეროვნული თანამშრომლობის გზით. პროექტი ცამეტმა მოკავშირემ (ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, თურქეთი. გაერთიანებული სამეფო) დაიწყო. NATO ზახს უსვამს, რომ RPAS ფლოტები აუცილებელია მთელი რიგი როლებისა და მისიებისთვის, მათ შორის ერთობლივი დაზვერვის, სათვალთვალო და დაზვერვისა და ელექტრომაგნიტური ომის ჩათვლით. მეორე ინიციატივა მიზნად ისახავს მოკავშირეთა ძირითადი საარტილერიო საბრძოლო მასალის თავსებადობის გაზრდას. 15 მოკავშირის - ჩეხეთის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სლოვაკეთის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების პირველადი წვლილით პროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული ხანძარსაწინააღმდეგო ტესტირებისა და სერტიფიცირების მექანიზმების ჰარმონიზაციას. ის ასევე ხელს შეუწყობს შესაბამისი სტანდარტების განახლებას და ხელს შეუწყობს მათ მიღებას. Distributed Synthetic Training Environment პროექტი აყალიბებს ჯარისკაცებისთვის მოწინავე და მრავალეროვნული მომზადების შესაძლებლობების ქსელს. NATO-ს თვრამეტი ქვეყანა შეუერთდა პროექტს: ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები. მრავალეროვნული მიზნებისთვის ეროვნული სიმულირებული ტრენინგის შესაძლებლობების გამოყენებით, პროექტი მოიტანს უზარმაზარ საოპერაციო სარგებელს. NATO ორი ახალი პროექტით კიდევ უფრო აძლიერებს ძალისხმევას მოკავშირეთა მიერ კოსმოსური ტექნოლოგიების მიწოდების მხარდასაჭერად. NORTHLINK-ის მეშვეობით 13 მოკავშირე - კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და შეერთებული შტატები შეისწავლიან უსაფრთხო, გამძლე და საიმედო მრავალეროვნული არქტიკული თანამგზავრული კომუნიკაციების შესაძლებლობას. STARLIFT-ის ინიციატივით კი, 14 ქვეყანა - ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები გამოიკვლევენ NATO-ს კოსმოსში წვდომისა და გამოყენების გზებს, რათა გაუმკლავდნენ მთელ რიგ გამოწვევებს, რომლებიც მოდის კოსმოსიდან. STARLIFT შეიძლება, დაეხმაროს მოკავშირეებს აქტივების გაშვებაში მოკლე დროში, წინასწარ განლაგებული სათადარიგო ხომალდის მანევრირებაში და კრიზისის ან კონფლიქტის დროს კომერციული პარტნიორებისგან მონაცემების შეძენაში. შემდგომი ნაბიჯები ასევე გადაიდგა ორ პროექტზე მუშაობის წინსვლისთვის, რომელიც უკვე დაწყებულია: შემდეგი თაობის Rotorcraft Capability-სა (NGRC) და NATO-ს ტრანსსასაზღვრო საჰაერო სივრცეში თანამშრომლობის მიმართულებით. NGRC ინიციატივა, რომელიც 2020 წელს დაიწყო და NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) მიერ ხორციელდება, მიზნად ისახავს, შეცვალოს საშუალო მრავალფუნქციური შესაძლებლობები, რომელიც მათ სასიცოცხლო ციკლს 2035 წელს და მის შემდგომ ასრულებს. ამ მიმართულებით ვალდებულებას საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი იღებენ. NATO-ს ტრანსსასაზღვრო საჰაერო სივრცის ინიციატივას დანია, გერმანია, ისლანდია და პორტუგალია შეუერთდნენ. საერთო ჯამში, მათი რაოდენობა 20 წევრ ქვეყნამდე გაიზარდა. პროექტი, რომელიც პირველად 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობას NATO-ს წვრთნების, ტრენინგებისა სხვა საჰაერო აქტივობებისთვის ევროპის რამდენიმე რეგიონში.  

„მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“ - მარკ რუტემ ბლინკენი მიიღო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე, რუტესთან პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაარწმუნა NATO, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე და შეეცდება, გააძლიეროს ალიანსი. მარკ რუტესთან შეხვედრაზე ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგება რუსეთის დასახმარებლად უკრაინის ომში, „ითხოვს მტკიცე პასუხს და ეს პასუხი იქნება გაცემული.“ ბლინკენი პირობას დებს, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს. „ამერიკის ლიდერობის წყალობით, რუსეთმა უკრაინაში ვერ გაიმარჯვა. ცხადია, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა დარჩება ბრძოლაში და შეძლებს რაც შეიძლება მეტად უკან დახიოს რუსული შეტევა და თავიდან ავიცილოთ პუტინის წარმატება უკრაინაში. კერძოდ, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ასევე ვისაუბრეთ დღეს დილით, რადგან ახლა [რუსები] ჩრდილოეთ კორეელებთან ერთად აქტიურობენ უკრაინის წინააღმდეგ [ომში]. ამას ფასი აქვს. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დამატებით საფრთხეს უქმნიან უკრაინას. ეს არ არის მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა. ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების გზით, ომის ძალისხმევას ეხმარება. რა თქმა უნდა, ირანი ამას აკეთებს რუსეთისთვის თვითმფრინავების და სხვა ტექნოლოგიის მიწოდებით. რუსეთი იხდის ფულს და ეს ეხმარება ირანს, გააგრძელოს ძალისხმევა დესტაბილიზაციისთვის ახლო აღმოსავლეთში და ახლო აღმოსავლეთის მიღმაც კი. და ის, რაც უკრაინაში ხდება, ახლა ამას გლობალურად აქვს გავლენა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კურსი, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის წარმოება აშშ-ის მხრიდან აქ, ევროპაში. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ დანახარჯების კუთხით და რომ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს,“ აღნიშნა თავის მხრივ, რუტემ.  

NATO-ს გენერალური მდივანი: საქართველოს მოვუწოდებთ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს

„საქართველოს მოვუწოდებთ ევროატლანტიკურ სივრცეში მეტი ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს მოვუწოდებთ ევროატლანტიკურ სივრცეში მეტი ინტეგრაციისკენ თავის გზას დაუბრუნდეს, მათ შორის, ევროკავშირთან დაახლოებაზე მათი ამბიციების ჩათვლით,“ - განაცხადა მარკ რუტემ.