თეგი: პორტუგალია
პორტუგალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, პორტუგალიელ კოლეგას ჟოაო გომეშ კრავინიოს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული თანამშრომლობა და გამოთქვეს მზაობა, იმუშაონ საქართველოსა და პორტუგალიას შორის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების და სხადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისთვის, მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომლის მიმართაც შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა პორტუგალიის სრული მხარდაჭერა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პროგრესს ამ გზაზე, მათ შორის ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებასა და შესაბამისი თვითშეფასების კითხვარის შევსებას. „აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ქვეყნების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. პორტუგალიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას პორტუგალიასთან ლუზოფონური ქვეყნების გაერთიანების ფარგლებში, ასევე შესაბამისი ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს ჩართულობას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეზე, აღინიშნა რომ საიუბილეო თარიღი არის კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, კულტურა და ხალხთაშორისი კონტაქტები. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის კავშირების ურთიერთგაცვლას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პორტუგალია უკრაინას 250 მილიონ ევრომდე დახმარებას გამოუყოფს
პორტუგალია უკრაინას 250 მილიონ ევრომდე ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს. მემორანდუმს ხელი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ კიევში მოაწერეს. „უკრაინამ წელს უნდა მიიღოს პირველი ტრანში 100 მილიონი ევროს ოდენობით. ეს თანხა უკრაინას დაეხმარება, შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა ომის დროს და საშუალებას მისცემს მას, უფრო სწრაფად აღდგეს ჩვენი გამარჯვების შემდეგ. მადლობა პორტუგალიას ამ მხარდაჭერისთვის!“, - განაცხადა შმიგალმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პორტუგალია ექვსთვიანი სამუშაო ვიზების გაცემას იწყებს და საიმიგრაციო კვოტებს ამცირებს
პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანა კატერინა მენდესის განცხადებით, უცხოელები ახალი სამუშაო ვიზით, პორტუგალიაში დარჩენას ექვსი თვე შეძლებენ. „უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის ხელშეწყობისა და მუშახელის დეფიციტის წინააღმდეგ საბრძოლველად, შეიქმნა ახალი ტიპის ვიზა. კერძოდ, ესაა სამუშაოს ძიების ვიზა, რომლითაც უცხოელები პორტუგალიაში შესვლას 180 დღით შეძლებენ“, - განაცხადა მენდესმა. მისი თქმით, მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით აღმოფხვრა „დიდი ხნის ანაქრონიზმი, როგორიცაა სამუშაო ვიზების გაცემის კვოტირების რეჟიმი“. ახალ ზომები შესულია მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში უცხოელთა შემოსვლის, ყოფნის, გასვლისა და ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივი რეჟიმის ცვლილების შესახებ.
პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა
პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის არიან მეხანძრეები და ადგილობრივი მცხოვრებლები. მაღალი ტემპერატურისა და გვალვის გამო გაჩენილ ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ვერ აქრობენ. ხანძრის შედეგად, დაახლოებით 2 500 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ხანძრის საფრთხის გამო, ცხრა დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, ხანძრის ჩაქრობაში 3 000-ზე მეტი მეხანძრე და 60 ერთეული საჰაერო ტექნიკაა ჩართული.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია 23 : 14 დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ზაფხულის სერიების ბოლო მატჩში პორტუგალია 23:14 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა. შეგახსენებთ, 10 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში იტალია 28:19 დაამარცხა.
ესპანეთსა და პორტუგალიაში 40 გრადუსიანი სიცხის გამო 600-მდე ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში სიცხის გამო, რომელიც თითქმის ერთი კვირა გრძელდება, 360 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters კარლოს III-ის ჯანმრთელობის სახელმწიფო ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. მეზობელ პორტუგალიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა 40 გრადუსს გაუტოლდა. პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ 7-დან 13 ივლისამდე, არანორმალური სიცხის გამო 238 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის უმეტესობა ხანდაზმული იყო. დიდ ბრიტანეთში, მოსალოდნელი სიცხის გამო, 15 ივლისს მოსახლეობისთვის მაქსიმალური - წითელი - განგაშის დონე პირველად გამოცხადდა. სინოპტიკოსების თქმით, 18 და 19 ივლისს რეგიონში, რომელიც ლონდონს, მანჩესტერსა და იორკს მოიცავს, ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს, იტყობინება BBC News.
ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. დაიღუპა ერთი ადამიანი
ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთი ტყის მრავალრიცხოვან ხანძრებთან ბრძოლას განაგრძობენ. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი განადგურებულია ათასობით ჰექტარი ტერიტორია. ესპანეთში ტყის ხანძარს მეხანძრე ემსხვერპლა. ესპანეთში 30-ზე მეტი აქტიური ხანძარია ექსტრემადურას, კასტილიისა და ლეონის, გალიციის, ანდალუსიისა და კატალონიის რეგიონებში. ხანძრის შედეგად დაახლოებით 20 000 ჰექტარი ტერიტორია დაზიანდა. კასტილიისა და ლეონის რეგიონში ერთი მეხანძრე გარდაიცვალა კვირას და მისი ორი დაშავებული კოლეგა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაახლოებით 2 300 ევაკუირებული კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, რადგან საფრთხე არსებობს. კვირას ესპანეთში ზედიზედ მეშვიდე დღეა 44º C-ზე მეტი დაფიქსირდა. სამშაბათიდან მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა. პორტუგალიაში, Publico-ს ცნობით, დაახლოებით 800 მეხანძრე ებრძვის ოთხ აქტიურ ხანძარს. ქვეყნის 80-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ხანძრის ულტრა მაღალი საშიშროება რჩება. კვირას ორი მეხანძრე საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს. France Bleu-ს ცნობით, საფრანგეთში, ჟირონდის დეპარტამენტში სამხრეთ-დასავლეთით, ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან, ხანძარი მეექვსე დღეა მძვინვარებს. ორშაბათი ძალიან რთული იქნება ჰაერის ტემპერატურის 44°C-მდე მატებისა და ქარის მიმართულების მუდმივი ცვლილების გამო. ხანძარმა გაანადგურა 14 ათასი ჰექტარი ტერიტორია, აქედან 9 800 ჰექტარი ქალაქ ლანდირასის მიდამოში.
ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი გაზის მოხმარების შემცირებაზე ბრიუსელის გეგმას არ ეთანხმებიან
ესპანეთის, საბერძნეთისა და პორტუგალიის ხელისუფლება, ევროკავშირის შეთავაზებას გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ, არ ეთანხმებიან. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ „ხელისუფლება პრინციპში არ ეთანხმება ევროკომიისის წინადადებას გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე“, - განაცხადა საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა იანის ეკონომ პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე. ანალოგიურ მკვეთრ პოზიციას აფიქსირებენ ესპანეთი და პორტუგალია. პორტუგალიის ენერგეტიკის მინისტრმა ჟოაო გალამბამ თქვა, რომ მისი ქვეყანა „მტკიცედ ეწინააღმდეგება“ ევროკავშირის არაპროპორციულ და არამდგრად წინადადებას. მისი თქმით, წინადადება არ ითვალისწინებს ესპანეთისა და პორტუგალიის ჰიდროენერგეტიკულ საჭიროებებს. ამჟამინდელი გვალვის გამო ორივე ქვეყანა იძულებულია მეტი ელექტროენერგია აწარმოოს გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან. ესპანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტერეზა რიბერამ ასევე განაცხადა, რომ არ სურს მომხმარებლებს უკარნახოს გაზის მოხმარების შეზღუდვა. 20 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, ყველა წევრმა სახელმწიფომ შეამციროს გაზზე მოთხოვნა 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას.
ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელმაც ევროპა ბოლო დღეებში მოიცვა, 1700-ზე მეტი ადამიანი უკვე დაიღუპა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი „გასული ათწლეულების განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელსაც ხშირად თან ახლდა ტყის ხანძარი. წელს უკვე მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში 1700-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის მომსწრე გავხდით “, - ნათქვამია კლუგეს განცხადებაში. ირლანდიის დედაქალაქში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა შეგახსენებთ, რომ ესპანეთში, პორტუგალიაში და საფრანგეთში ტყის მრავალრიცხოვან ხანძრებს ებრძვიან, რომლის შედეგადაც ათასობით ჰექტარი ტერიტორია განადგურდა.
პორტუგალიაში ტყის ხანძრებმა იფეთქა. კვამლი მადრიდს აღწევს
სამშაბათს ცენტრალურ პორტუგალიაში გაჩენილი მასიური ხანძრის კვამლმა მადრიდი მოიცვა. ცათამბჯენები, რომლებიც ცნობილია, როგორც „ოთხი კოშკი", მადრიდში მდებარეობს და ხანძრის კერიდან 400 კილომეტრის დაშორებითაა, თუმცა კვამლშია გახვეული. ევროპაში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა ესპანეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები წვით გამოწვეულ მძაფრ სუნს უჩივიან. პორტუგალიის სერა და ესტრელას ეროვნულ პარკში ხანძარი, 6 აგვისტოს გაჩნდა და ძირითადად კვირას ჩაქრა. ორშაბათს ცეცხლი ისევ გაძლიერდა, რამაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გამოიწვია. 1100-ზე მეტმა მეხანძრემ 13 თვითმფრინავის მხარდაჭერით ჩააქრო ხანძარი, რომელმაც 17 000 ჰექტარზე მეტი დააზიანა.
საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ხმელთაშუა ზღვაში, „მწვანე ენერგიის მილსადენის“ შექმნაზე შეთანხმდნენ
საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ხმელთაშუა ზღვაში „მწვანე მილსადენის“ შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება ბუნებრივი აირის, სამომავლოდ კი წყალბადის ამოტუმბვა. ამის შესახებ ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ისაუბრეს. ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ პროექტი, სახელწოდებით BarMar, საუკეთესო გზაა იბერიის ნახევარკუნძულისა და ცენტრალური ევროპის დასაკავშირებლად. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის თქმით, იდეა არის იბერიის ნახევარკუნძულის დანარჩენ ევროპასთან დაკავშირება (ხმელთაშუა ზღვის ქვეშ), მილსადენი ზედაპირზე მარსელში უნდა გამოვიდეს. მისი გამოყენება შეიძლება დროებით ბუნებრივი აირის, შემდეგ კი წყალბადის ამოსატუმბად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პროექტი შესაძლოა, ასევე მოიცავდეს ელექტროგადამცემი ქსელისთვის დამატებითი ინტერკონექტორების შექმნას. შეთანხმება ასევე მოიცავს პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გაზის დამაკავშირებელი ხაზების დასრულებას.
პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაცია მტკიცედ უჭირს მხარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას - პაპუაშვილი
საქართველო გამოხატავს მადლიერებას პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაციის მიმართ, ვისთანაც მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობა გვაკავშირებს. ორგანიზაცია მტკიცედ უჭირს მხარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მათი ხედვა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში ცალსახაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან, ზაქარიას და კოსტასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა აღმასრულებელ მდივანს მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მკაფიო პოზიციისთვის არაღიარების პოლიტიკის მიმართ. „მადლობა მსურს მოვახსენო აღმასრულებელ მდივანს მასპინძლობისთვის. ვიცით, რომ არაჩვეულებრივად ართმევთ თავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის საკითხს და ამასთან, ბევრს შრომობთ არაღიარების პოლიტიკის გასატარებლად. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტი ორმხრივი ვიზიტი შედგება ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებაზე მუშაობას და ეს თანამშრომლობა საპარლამენტო ფორმატში მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. აღნიშნული, მათ შორის, ლუანდაში მუდმივმოქმედი სამდივნოს გახსნით იქნება დამოწმებული, სადაც საქართველოსაც, როგორც ასოცირებულ დამკვირვებელს, შეეძლება მონაწილეობის მიღება. პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელების კუთხით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პორტუგალიამ €18 მილიონის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა
პორტუგალიის ხელისუფლებამ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, სანქცირებული პირების დაახლოებით 18 მილიონი ევროს აქტივები გაყინა. ამის შესახებ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი, პარტნიორებთან ერთად, გეგმავს შეიმუშაოს „გაყინული რუსული აქტივების“ კონფისკაციის გეგმა, რათა მოგვიანებით ეს თანხა უკრაინის აღდგენაზე დაიხარჯოს და აანაზღაუროს რუსეთის ომით მიყენებული ზიანი.
პორტუგალია უკრაინას Leopard2-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ 4 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. კოშტამ განაცხადა, რომ პორტუგალია ამჟამად გერმანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას ნაწილების მოძიებისთვის, რომლებიც პორტუგალიის არსენალში არსებული Leopard-ის ტიპის რამდენიმე ტანკის შესაკეთებლადაა საჭირო. „არ ვიცი რამდენი ტანკი გაიგზავნება, ამას შესაბამის დროს გამოვაცხადებთ" - თქვა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისათვის, პორტუგალიის არმია 37 Leopard 2A6 ტიპის ტანკს ფლობს, რომელიც გერმანული ტანკის ერთ-ერთი თანამედროვე მოდიფიკაციაა.
უკრაინამ პორტუგალისგან Leopard 2-ის ტიპის სამი ტანკი მიიღო
უკრაინამ პორტუგალიიდან Leopard 2A6-ის ტიპის სამი ტანკი მიიღო. ამის შესახებ პორტუგალიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „პორტუგალია აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერას რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
პორტუგალია უკრაინელ პილოტებს F-16-ებზე მომზადებას სთავაზობს
პორტუგალიას შეუძლია უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენების მიზნით, მაგრამ ახლა ვერ გაგზავნის თავის თვითმფრინავებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა, იუწყება Ukrinform Euractiv-ზე დაყრდნობით. „პორტუგალია ღიაა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პილოტები და ტრენერები და ისინი მზად არიან, იმუშაონ სხვა ქვეყნების კოლეგებთან, რომლებსაც ასევე ჰყავ F-16-ები უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად“, - განაცხადა კრავინიომ. იტალია განიხილავს უკრაინელი სამხედრო მფრინავების მომზადების შესაძლებლობას - მელონი მან დაამატა, რომ პორტუგალიას არ ჰყავს თვითმფრინავების შეუზღუდავი რაოდენობა. „ჩვენ გვყავს მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც გვჭირდება ჩვენი ეროვნული ვალდებულებების შესასრულებლად და ასევე - NATO-ში“, - განაცხადა მინისტრმა. 19 მაისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პორტუგალია შეუერთდა მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციას და მზად არის უკრაინელი მფრინავებისა და ინჟინრების მომზადებისთვის. ანალოგიური მზადყოფნა დააფიქსირა დანიამაც. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 23 მაისს. F-16-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე, უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია - ბორელი უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ს პოლონეთის მთავრობის წყარომ F-16-ებზე წვრთნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. წყაროს თქმით, ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება. ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.
პორტუგალია 23-ე ქვეყანაა, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა
პორტუგალია ხდება 23-ე ქვეყანა, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა. ამასთანავე, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიო კოსტამ შაბათს სატელეფონო საუბრისას გაამახვილეს ყურადღება. მისი განმარტებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ პორტუგალია მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაში და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას NATO-ში მომავალი გაწევრიანების გზაზე, ამასთან, მხარს უჭერს უკრაინას, გახდეს ალიანსის წევრი, როცა პირობები ამის საშუალებას მისცემს. „უკრაინა და პორტუგალიის რესპუბლიკა მოუთმენლად ელიან, რომ ყველა ამ საკითხს NATO-ს მომავალ სამიტზე, ვილნიუსში განიხილავენ“, - ნათქვამია დეკლარაციაში. NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ.
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიას ეწვევა
20-21 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვდება პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟოაო გომეშ კრავინიოს, პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს აუგუშტუ სანტუშ სილვას და პორტუგალიის სახელმწიფო მდივანს ევროპის საკითხებში ტიაგო ანტუნეშს. ასევე გაიმართება შეხვედრები ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLC) აღმასრულებელ მდივანთან. ცნობისთვის, ილია დარჩიაშვილი მანამდე ბრიუსელში იმყოფებოდა.
პორტუგალიის პრეზიდენტი უკრაინაში პირველად ჩავიდა
უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელო რებელუ და სოუზა ჩავიდა. ის ომის შედეგად განადგურებულ ქალაქ ბუჩას ეწვია. ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში ეს პორტუგალიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. მარსელო რებელუ და სოუზას თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს წელი უკრაინისთვის განსაკუთრებულია იმიტომ, რომ გრძელდება კონტრშეტევა, რომელიც მისი სუვერენიტეტის დასტურია. პორტუგალიის პრეზიდენტი კიევში რკინიგზით ჩავიდა. მის დელეგაციაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა თანამდებობების პირები შედიან. უკრაინას პარლამენტის წევრები 14 ქვეყნიდან ეწვევიან
პორტუგალია უკრაინელ მფრინავებს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის გაწვრთნის
პორტუგალია თანახმაა, უკრაინელი მფრინავები თანამედროვე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე მოამზადოს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელუ და სოუზასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „პორტუგალია ჩვენი სატანკო და საავიაციო კოალიციის წევრია. დღეს პორტუგალიამ დაადასტურა მზადყოფნა, შეუერთდეს უკრაინელი მფრინავების და ინჟინრების მომზადებას F-16 თვითმფრინავებზე," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინისა და პორტუგალიის პრეზიდენტებმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და ტერიტორიის ნაღმებისგან გამწმენდი აღჭურვილობის მიწოდებაზე ისაუბრეს. და სოუზა უკრაინაში 23 აგვისტოს ჩავიდა. ეს პორტუგალიის ლიდერის პირველი ვიზიტია უკრაინაში ბოლო 25 წლის განმავლობაში. მარსელო რებელუ და სოუზა, ვიზიტის ფარგლებში, ირპინში, ბუჩაში და მოშჩუნში იმყოფებოდა. პორტუგალიის ლიდერი ყირიმის პლატფორმის სამიტშიც მონაწილეობდა.
ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა
პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ასევე ღრმად შემაშფოთებელია.“ მისი თქმით, „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ აღნიშნავს გადახრის მომენტს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბდა. „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის უგუნური ქცევის მორიგი მსხვერპლი ეუთო არ გახდეს. პორტუგალიას სჯერა, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს შემართებას, გავაგრძელოთ კიევის მხარდაჭერა, როდესაც უკრაინა იყენებს თავდაცვის უფლებას. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და უზრუნველვყოფთ სამხედროების სწავლებას, რადგანაც დღეს სწორედ ეს გახლავთ ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებელობას, რათა ვუთხრათ რუსეთს, რომ შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან დაუყოვნებლივ, რადგანაც მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ საშინელ ომზე. რუსეთის აგრესიის გავრცელების საფრთხე ჩვენს რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებზე რეალურია. მთიან ყარაბაღში, ეთნიკური სომხების ტრაგიკული მდგომარეობა, რომლებსაც ჰქონდათ რუსების ჩაურევლობის იმედი, რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ასევე ღრმად შემაშფოთებელია,“ – განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სკოპიეში, ეუთოს მინისტერიალზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. „ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით უკიდურესად რთულ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი არამხოლოდ უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, არამედ, არამედ ასევე იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებზეც ევროპის უსაფრთხოებაა აგებული. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა ამ ძირითადი პრინციპების დარღვევას, მათ შორის საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლიდან დაწყებული. ეს პრინციპები კი არ ექვემდებარება გადახედვას. რუსეთის მოსაზრებას, რომ უნდა არსებობდეს გავლენის სფეროები, ადგილი არ აქვს ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებში. ომი რუსეთის არჩევანია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსკოვს მისი დასრულება ნებისმიერ დროს შეუძლია. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმაზეც, რაც ახლა ხდება. რუსეთი, რომელსაც სწრაფი გამარჯვების იმედი ჰქონდა, ვერ დაამარცხებს უკრაინას,“ განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა „მთავარი არხის“ ცნობით.
პორტუგალია უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად 100 მილიონ ევროს გამოყოფს
პორტუგალია უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად, 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ პორტუგალიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს. პორტუგალია აღნიშნულ თანხას ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში გამოყოფს. თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ პორტუგალიამ უკრაინას Leopard 2A6-ის ტანკები მიაწოდა; ასევე გადასცა 40-ზე მეტი M113-ის ჯავშანტრანსპორტიორი; საარტილერიო საბრძოლო მასალა და მსუბუქი საბრძოლო მასალა; ჰაუბიცები და სხვადასხვა იარაღი; ჩქაროსნული კატარღები და უპილოტო საფრენი აპარატები; სამედიცინო და ჯანდაცვის ობიექტები, ასევე კომუნიკაციები; ელექტროენერგიის წარმოების გენერატორები; ტანსაცმელი, ფორმა და ინდივიდუალური საბრძოლო აღჭურვილობა.
ისტორიული გამარჯვება პორტუგალიასთან- საქართველოს ნაკრები "ევრო 2024-ის" მერვედფინალში გავიდა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა მეორე წუთზე. მეორე გოლი კი ორმოცდამეჩვიდმეტე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს, 30 ივნისს დაუპირისპირდება.