თეგი: ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი: რუსეთი შეიძლება, რამდენიმე დღეში შეიჭრას უკრაინაში

რუსეთი შეიძლება, რამდენიმე დღეში, ან კვირაში შეიჭრას უკრაინაში, მაგრამ მაინც შეუძლია, აირჩიოს დიპლომატიური გზა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. "თუ ომი დაიწყება, ეს უკრაინას უზარმაზარ ადამიანურ საფასურად დაუჯდება, თუმცა ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს სტრატეგიული საფასურის გადახდა მოუწევს", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. ჯეიკ სალივანის განცხადებით, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის დასავლეთის ბერკეტი და არა – ვლადიმერ პუტინის, ხოლო თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გაზსადენის პროექტი აღარ განხორციელდება.

ჯეიკ სალივანი: საგანგებო სიტუაციაში ვართ. არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. სალივანის თქმით, თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს, რამაც აშკარად შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი. „ჩვენ აშკარად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდება. მაგრამ რისკი ახლა საკმაოდ მაღალია და საფრთხე ახლა საკმაოდ მყისიერია, რაც მოითხოვს წინდახედულებას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ ჩვენ საკმარისი დონის შეშფოთება გვაქვს იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავთ ადგილზე და რა მონაცემები მიიღეს ჩვენი დაზვერვის ანალიტიკოსებმა. ჩვენ ამ მკაფიო მესიჯს ვაგზავნით. ეს საგანგებო გზავნილია, რადგან ჩვენ საგანგებო სიტუაციაში ვართ. მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა. ამავე თემაზე: ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა 48 საათის განმავლობაში დატოვონ

ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა 48 საათის განმავლობაში დატოვონ

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა რუსული საფრთხის გამო 48 საათის განმავლობაში დატოვონ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. „ნებისმიერმა ამერიკელმა უკრაინა უნდა დატოვოს რაც შეიძლება მალე და ნებისმიერ შემთხვევაში მომდევნო 24-დან 48 საათამდე", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს, რამაც აშკარად შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი. „ჩვენ აშკარად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდება, მაგრამ რისკი ახლა საკმაოდ მაღალია, რაც მოითხოვს წინდახედულებას“, -აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა. „ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ვამბობთ, რომ საკმარისი დონის შეშფოთება გვაქვს იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავთ ადგილზე და რა მონაცემები მიიღეს ჩვენი დაზვერვის ანალიტიკოსებმა. ჩვენ ამ მკაფიო მესიჯს ვაგზავნით. ეს საგანგებო გზავნილია, რადგან ჩვენ საგანგებო სიტუაციაში ვართ. მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - დაამატა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს

აშშ პეკინს აფრთხილებს, რომ ჩინეთი დადგება შედეგების წინაშე, თუ ის რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება. ამასთან, აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს. ამ უკანასკნელ ცნობამდე, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის რომში შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს.  ცნობისთვის, 13 მარტს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ სანქციების აცილების მცდელობებს შედეგები მოჰყვება. „ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რუსეთისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულოს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.  პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters

ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია ჩინეთიდან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი. „წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ პრეზიდენტების საუბრის შემდეგ, სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა და ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად დააფიქსირა სი ძინპინთან საუბრისას ამერიკის პოზიცია და ის შედეგები, რაც სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას მოჰყვება და ვფიქრობ, ისინი ამას ძალიან კარგად იგებენ“, – განაცხადა სალივანმა. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს  

ჯეიკ სალივანი: მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში

მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „ჩვენი ყურადღება უახლოეს დღეებში გამახვილდება თავის არიდებაზე. ვფიქრობ, რომ მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში, როგორც რუსეთის ფედერაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ისინი გახდებიან ჩვენი სამიზნე“, – თქვა სალივანმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა - CNN

ჯეიკ სალივანის თქმით, პუტინი ვერ მიაღწევს თავის მიზანს უკრაინაში

პუტინის ყველა სტრატეგიული გეგმა ჩაიშალა და კრემლი აშკარად ვერ შეძლებს სხვა მიზნების მიღწევას უკრაინელების სიმამაცის, შეერთებული შტატების და დასავლეთის დახმარების წყალობით, რომელიც მხოლოდ გაიზრდება. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „რუსეთმა უკვე არსებითად ვერ მიაღწია თავის სტრატეგიულ მიზნებს უკრაინაში. კიევი დგას. ხარკოვი დგას. ოდესა დგას. უკრაინის დიდი ქალაქები უკრაინის ხელშია და უკრაინელი სამხედროები ძლიერად და გაბედულად იცავენ მათ შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების მხარდაჭერით მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა სალივანმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინას ეწვია

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი დღს, 4 ნოემბერს კიევში ჩავიდა, რითაც უკრაინასთან მიმართებით, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა, ჯეიკ სალივანთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა. „ჩვენ განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრის საკითხები. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. მოხარული ვარ, რომ მივესალმები ბატონ სალივანს უკრაინაში. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და ჩვენი გამარჯვებისკენ მივდივართ“, - განაცხადა ერმაკმა. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა უკრაინელ სამხედროებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალსა და სხვადასხვა სექტორის მეთაურებს, ასევე შედგა შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების საკითხზე - ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე შევეხეთ ჩვენი ტყვეების გაცვლის საკითხს", - განაცხადა ერმაკმა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სალივანთან შეხვედრებზე ასევე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელების საკითხი.    

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯეიკ სალივანს, იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანს, უკრაინის მხარდასაჭერად იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინას ეწვია ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე განაცხადა, იტყობინება Ukrinform. „მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანს, იმითვის რომ უკრაინას ჩვენთვის რთულ პერიოდში მხარი დაუჭირა“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

WSJ: პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი კრემლის წარმომადგენლებს კონფიდენციალურად ესაუბრა

ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის თანაშემწე იური უშაკოვთან და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან კონფიდენციალური მოლაპარაკებები გამართა. ამერიკული გამოცემის წყაროების ცნობით, ამ საუბრების მიზანი იყო უკრაინის გამო, გაცილებით ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკის შემცირება. კერძოდ, მოსკოვი გააფრთხილეს, რომ ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი არ გამოიყენოს და ამასთან, მოხდეს კავშირის ღია არხების შენარჩუნება. ამერიკისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაზეთთან, სალივანის უშაკოვთან და პატრუშევთან ფარული მოლაპარაკებების შესახებ ცნობებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. გაზეთის წყაროები ასევე ადასტურებენ Washington Post-ის მიერ გავრცელებულ მონაცემებს, რომ ვაშინგტონმა სთხოვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, „მშვიდობისათვის მზადყოფნა საჯაროდ გამოეხატა“. „აშშ არ უბიძგებს უკრაინას მოლაპარაკებებისკენ“, - აცხადებენ ოფიციალური პირები. პუტინის განცხადებების შემდეგ, რომ ის მზადაა, რუსეთის დასაცავად, „მის ხელთ არსებული ყველა საშუალება“ გამოიყენოს, დასავლურმა მედიამ ამერიკისა და რუსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის არაფორმალურ კონტაქტებზე, ინფორმაცია გაავრცელა.  პრესის ცნობით, ამ საუბრების დროს ვაშინგტონმა მოსკოვს მიანიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა. თუმცა, მანამდე არ იყო ცნობილი, ვის შორის მიმდინარეობდა ასეთი მოლაპარაკებები.  

აშშ ადასტურებს, რომ რუსეთთან კომუნიკაციის არხები ღიაა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ომის მიუხედავად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კომუნიკაციის არხები ღია რჩება. WSJ: პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი კრემლის წარმომადგენლებს კონფიდენციალურად ესაუბრა 7 ნოემბერს, ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების „ინტერესშია“ კრემლთან კონტაქტის შენარჩუნება. მისივე თქმით, მოსკოვთან კონტაქტი რისკების შესამცირებლადაა საჭირო. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა მაგალითად მოიყვანა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით მოსალოდნელი კატასტროფის რისკის შემცირება.  მანამდე ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის თანაშემწე იური უშაკოვთან და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან კონფიდენციალური მოლაპარაკებები გამართა.   

სალომე ზურაბიშვილი ჯეიკ სალივანს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს ხვდება. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

სალომე ზურაბიშვილი: მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მისი ერთგულებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს შეხვდა. აუდიენციის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. „მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, ასევე, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მისი ერთგულებისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.  

ჯონ კირბი: მოხარული ვართ, რომ კანონპროექტი გაწვეულია, საჭიროა მეტი რეფორმა

„მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანს შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს გამოცემა The Hill-ის ჟურნალისტი. მისი ინფორმაციით, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს და ჯეიკ სალივანს ჰქონდათ შესაძლებლობა, განეხილათ ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონმდებლობის წინააღმდეგ პროტესტი. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა „ძლიერი შეშფოთება, რომ ეს კანონმდებლობა დამაზიანებელ გავლენას მოახდენდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე“. „მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, - განაცხადა კირბიმ და აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი რეფორმა. „ჯეიკ სალივანმა ნათლად განუცხადა პრეზიდენტს, რომ ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მათთან ამაზე მუშაობა“, - განაცხადა ჯო კირბიმ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.  

ერმაკმა და ჯეიკ სალივანმა სამხრეთ უკრაინაში პორტების დაცვის მიზნით, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, სამხრეთ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინის თავდაცვის პრიორიტეტულ საჭიროებებზე, კერძოდ, სამხრეთში პორტის ინფრასტრუქტურის დასაცავად, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ასევე, უკრაინის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ შესრულების მიმართულებით, ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ. განიხილეს ვილნიუსის NATO-ს სამიტის შედეგები და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯები.   რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა, რის შემდეგაც უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევები გააძლიერა.  

აშშ ჩინეთს ეკონომიკური „გამჭვირვალობის შემცირების“ გამო აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს ბოლო თვეების განმავლობაში ძირითადი ეკონომიკური მონაცემების შესახებ ანგარიშების გამჭვირვალობის შემცირებისთვის აკრიტიკებს.  აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის მიერ გამჟღავნებულ მონაცემებში ნაკლები გამჭვირვალობა დაინახა. მისი განმარტებით, ჩინეთის მთავრობის მიერ მოწოდებული მონაცემების ღიაობისა და გამჭვირვალობის დონე ახალგაზრდების უმუშევრობისა და სხვა მაჩვენებლების შესახებ შემცირდა, ხოლო კერძო ფირმებს ჩინეთის ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება არ შეუძლიათ. სალივანმა ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზის“ საშუალებით „იძულებითი" დაკრედიტების პრაქტიკაზე მიანიშნა. მისი თქმით, ინდოეთში „დიდი ოცეულის“ ლიდერთა მომავალი სამიტის დროს, ბაიდენი ხელს შეუწყობს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საკრედიტო შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოს „სანდო ალტერნატივა."  აღსანიშნავია, რომ ეს კომენტარი ვაჭრობის საკითხებში მდივან, ჯინა რაიმონდოს პეკინში ვიზიტამდე კეთდება. ეს იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის მესამე ვიზიტი ჩინეთში ბოლო თვეების განმავლობაში. სალივანმა განმარტა, რომ პეკინში ვიზიტის დროს რაიმონდო მკაფიოდ განაცხადებს, რომ აშშ არ ისწრაფვის ჩინეთთან დაპირისპირებისკენ. სალივანის განმარტებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და მდგრადი მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფა ვიზიტის დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხი იქნება. შეგახსნებთ, სახელმწიფო მდივან, ემტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.  

ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველსჯეიკ სალივანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციასაქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.  

რა საკითები განიხილეს პრემიერმა და ბაიდენის მრჩეველმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა პრემიერი აღნიშნავს, რომ განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა. „სასიამოვნო იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრა. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზაში მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს

აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზას მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. „ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს კონსულტაციები. მაგრამ არის დეტალები, რომლებიც დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება და მე არ მსურს მათ შესახებ ამ დროისთვის საჯაროდ ვისაუბრო“, - განუცხადა სალივანმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს.  

ჯეიკ სალივანი: მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს

ეროვნულ უსართხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა. „ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებისკენ. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს და ვაგრძელებთ დასავლეთ ბალკანეთის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას,“ - განაცხადა სალივანმა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია  

ჯეიკ სალივანი: უკრაინისთვის დახმარების ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება უნდა მოხდეს.„უკრაინისთვის დახმარების ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამაზეა კონცენტრირებული,“ - განმარტა სალივანმა. „უნდა შეგვეძლოს უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება იარაღისთვის, რომელიც მას სჭირდება, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიაღწიოს შედეგებს, რომლებიც მას სჭირდება. ამისთვის საჭიროა ორპარტიული მხარდაჭერის მობილიზება, რომელიც გვაქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე - სენატში, რათა ის რეალურ ხმებად ვაქციოთ. პრეზიდენტი ბაიდენი სრულიადაა ამაზე კონცენტრირებული. ვცდილობთ, ეს უახლოეს კვირებში მივიღოთ. ვაგრძელებ რწმენას, რომ ამდენი პერიპეტიების შემდეგ, ჩვენ საბოლოო ჯამში მივაღწევთ ამას,” - განაცხადა სალივანმა. მანვე აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის ფონზე უკრაინამ ეკონომიკური რეფორმები გაატარა, საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზა გააძლიერა და დასავლეთთან ინტეგრაცია დააჩქარა. „რა თქმა უნდა, ბრძოლა არ დასრულებულა. რუსეთმა მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ხშირი დანაღმული ველები მოაწყო, რაც უკრაინის მიერ დიდი ტერიტორიული დაბრუნების მიღწევას ართულებს. ჩინეთის დახმარებით პუტინი სამხედრო-სამრეწველო ბაზის მობილიზებას ახდენს და ეკონომიკა სამხედრო დროის რელსებზე გადაჰყავს. რუსეთი უფრო მეტ იარაღს ეძებს როგორც ჩრდილოეთ კორეისგან, ასევე ირანისგან, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციას არღვევს, რომელთა მიღებასაც თავად მოსკოვმა მისცა ხმა,” - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

პეკინსა და ვაშინგტონს შორის „ნაყოფიერი მოლაპარაკებები“ გაიმართა - რაზე შეთანხმდნენ ჯეიკ სალივანი და ჩინელი დიპლომატი

პეკინის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან ი-მ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გამართა. Reuters-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სალივანი და ვან ი აშშ-სა და ჩინეთის უთიერთობებში მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხების მოგვარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართა. „ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ი-ის გულწრფელი, არსებითი და ნაყოფიერი სტრატეგიული კომუნიკაცია ჰქონდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეინარჩუნებენ რეგულარულ კონტაქტს ორმხრივი ურთიერთობებისთვის,“ - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. თავის მხრივ, France 24-ის ცნობით, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ხსენებული შეხვედრა „საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნებისა და ორ ქვეყანას შორის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის მცდელობის ნაწილია.“ მისივე თანახმად, მაღალი დონის დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, ბაიდენისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის უზრუნველყოფის მიზნით, ორივე მხარე იმუშავებს. სალივანმა „ხაზგასმით აღნიშნა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა,“ ნათქვამია ასევე თეთრი სახლის ინფორმაციაში, რომელიც ამ საკითხზე დამატებით დეტალებს არ ამჟღავნებს. მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთის, უკრაინის, ჩრდილოეთ კორეის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის და სხვა საერთაშორისო საკითხები - განაცხადა ორივე მხარემ. ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა სამხედროებს შორის კომუნიკაციის აღდგენის კუთხით პროგრესი აღიარეს და ამ არხების შენარჩუნების მნიშვნელობა აღნიშნეს. ცნობისთვის, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი სამხედრო სფეროში შორის კონტაქტების აღდგენაზე გასული წლის ნოემბერში შეთანხმდნენ.  

სალივანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევით შეშფოთებულია

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ შეშფოთება რა თქმა უნდა, არსებობს. მისი თქმით, „ეს ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს ეხება უცხო ქვეყანას, უცხო მოწინააღმდეგეს, რომელიც ცდილობს, მანიპულირება მოახდინოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასა და დემოკრატიაზე." მან ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება "ფხიზლად" არჩევნებში ჩარევის თავიდან ასაცილებლად. ჯეიკ სალივანმა განმარტა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია "კონგრესთან ერთად იმუშავებს ორპარტიულ საფუძველზე, რადგან ეს პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს." შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

„აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესში პროგრესი გადამწყვეტი იქნება რეგიონის კეთილდღეობისთვის“ - შეხვედრა ვაშინგტონში

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახელის მრჩეველს ჯეიკ სალივანს ვაშინგტონში შეხვდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი, ისრაელ - „ჰამასის“ კონფლიქტი, სირია, ერაყი - ამ საკითხების გარდა, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს. კერძოდ, თურქული მედიის ცნობით, განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ კუთხით პროგრესი გადამწყვეტი იქნება კავკასიის რეგიონის კეთილდღეობისთვის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვან როლს კავკასიის რეგიონის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. სომხური მედია კი, წერს, რომ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ფიდანმა და სალივანმა ისაუბრეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე და აღნიშნეს, რომ სამშვიდობო პროცესში წარმატება ხელს შეუწყობს კავკასიის საერთო კეთილდღეობასა და სტაბილურობას. შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებების მიზნით, ბერლინში შეხვდნენ. ცნობისთვის, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

ჯეიკ სალივანი კიევში: დარწმუნებული ვარ, უკრაინის დახმარების პაკეტი დამტკიცდება

რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. აშშ-ის აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს თუ ამ ომიდან თავისუფალ, დემოკრატიულ, სუვერენულ ქვეყნად გამოვა.  სალივანმა აღნიშნა, რომ კონგრესის მიერ შეჩერებული დახმარების პაკეტი უკრაინაში აუცილებლად მოხვდება, თუმცა გაგზავნის ზუსტი დრო არ დაუსახელებია. მისი განცხადებით, ჯო ბაიდენი ყველაფერს აკეთებს, რათა სენატის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული 60 მილიარდი დოლარის დახმარება წარმომადგენელთა პალატაშიც დამტკიცდეს. „ვთქვი, რომ დღეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. და რას ნიშნავს ეს? -ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვა სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ, სამომავლო აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მქონე ქვეყნად, ძლიერი, დონამიური დემოკრატიით, ღრმა დემოკრატიული ინსტიტუტებით, ეკონომიკით, რომელიც იზრდება არა მხოლოდ ტრადიციულ დარგებში, არამედ, მაღალი ტექნოლოგიების სფეროშიც, სფეროში, რომელშიც თქვენ ინოვაციებს ნერგავთ, და რუსული თავდასხმების ფონზეც ინოვაციებს ნერგავთ. აი რას ნიშნავს გამარჯვება,” - განაცხადა სალივანმა.

„ქართული ოცნების“ რიტორიკა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები შექმნილია ქართველების იზოლაციისთვის აშშ-სა და ევროპისგან - ჯეიკ სალივანი

„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით - „ქართული ოცნების“ უკანასკნელი პერიოდის რიტორიკა, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და შექმნილია საქართველოს იზოლაციისთვის აშშ-სა და ევროპისგან,“ - შესაბამისი განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა სოციალურ პლატორმა X-ზე გაავრცელა. სალივანის თქმით, საქართველოს პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე, ან მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ან გაიტანონ „კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონი.“ „ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით. საქართველოს პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონი, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს. „ქართული ოცნების“ უკანასკნელი პერიოდის რიტორიკა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და შექმნილია ქართველების იზოლაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპისგან. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით,“ - განაცხადა სალივანმა. ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს  

ჯეიკ სალივანი თბილისის პროტესტზე: დაშინება ხალხს ვერ აკავებს

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე პროცესებს. 11 მაისს თბილისში გამართულ "ევროპულ მარშსა" და ევროპის მოედანზე ხალმრავალ აქციასთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა პროტესტისთვის. „ქართველი ხალხი თავის შეხედულებებს გამოხატავს. ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის გაწვევა მოეთხოვა,“ - წერის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სოციალურ პლატფორმა X-ზე. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებას გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.  მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს  

ჯეიკ სალივანი: საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. ჯეიკ სალივანმა ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, აშშ-ის საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი გამოაქვეყნა. მან ისაუბრა სტრატეგიული ინვესტიციების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე სუფთა ენერგეტიკაში, ხელოვნურ ინტელექტში, მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და კრიტიკულ მინერალებში. სალივანსა ასევე ჰკითხეს აშშ-ჩინეთის ეკონომიკური კონკურენციისა და ბაიდენის ადმინისტრაციის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ. საქართველოსთან დაკავშირებით კი, სალივანმა ქართველი ჟურნალისტის შემდეგ შეკითხვას უპასუხა: „როგორია თქვენი ხედვა ჩინეთის ინტერესთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, ააშენოს პორტი შავ ზღვაზე და ასევე - საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობთ, სამ დღეში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია, წინასაარჩევნო პერიოდი კი, მძიმე ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე წარიმართა. როგორია თქვენი მოლოდინი." „საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესთან და დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით და ძალიან შეშფოთებულები ვართ ამით. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. ვფიქრობ, საქართველოში არავის არ სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის, ჩინეთისთვის,“ - განაცხადა სალივანმა შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას. აშშ-ის წარმომადგენლის ამ კომენტარს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. „საქართველო 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანაა და 3 000 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის არა თუ დაგირავება უკადრია არავის, არამედ, არც ამ ტერმინებით უსაუბრია - მას შემდეგ, რაც არჩევნები გადაივლის და უკრაინაში ომი დასრულდება, აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება და ვერავინ აკადრებს საქართველოს იმაზე საუბარს, რომ საქართველო პარტიზანულად ტყეში უნდა გავიდეს და გლობალური ინტერესებისათვის იქედან იომოს!“ განუცხადა კობახიძემ მედიას. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა. 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა. ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბჭომ ასევე დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ.