თეგი: ჯიმ რიში
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი მოამზადეს
აშშ-ის სენატის რესპუბლიკელების უმრავლესობამ უკრაინის მხარდასაჭერად საკუთარი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა. „რესპუბლიკელების“ წინადადება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების გამო, სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი სანქციების დაწესებას და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითვალისწინებს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ხუთი დემოკრატისა და ხუთი რესპუბლიკელი სენატორისგან შემდგარი ჯგუფი კვირების განმავლობაში მონაწილეობდა კანონპროექტზე მოლაპარაკებებში, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწია. სენატორი რიში აქტიურად იყო ჩართული ორპარტიული გეგმის შესახებ მოლაპარაკებებში. მსგავსი კანონპროექტი „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს. „მიუხედავად იმისა, რომ „სამხედრო“ შეჭრა ჯერ არ მომხდარა, არსებობს სხვა გზები, რომლითაც რუსეთს შეუძლია, თავს დაესხას უკრაინას, რაც დამღუპველი იქნება უკრაინელებისთვის და ზოგადად ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა რიშმა. პაკეტი ასევე უზრუნველყოფს 500 მილიონი აშშ დოლარის საგარეო სამხედრო დაფინანსებას (FMF) უკრაინისთვის, მათ შორის არის 250 მილიონი აშშ დოლარი გადაუდებელი დაფინანსებისთვის, 100 მილიონი აშშ დოლარი გადაუდებელი დახმარებისთვის კრიტიკული შესაძლებლობებისთვის, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, ჯავშანტექნიკა და გემსაწინააღმდეგო შესაძლებლობები. წინადადებათა პაკეტი ასევე მოიცავს ევროპელი მოკავშირეეების თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.
ჯიმ რიში: შეშინებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას მხარს არ დაუჭერს
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის „რესპუბლიკელი“ წევრი ჯიმ რიში „იმედგაცრუებულია, რომ საქართველო უკრაინას მხარს არ დაუჭერს“. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა. „14 წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან ერთად იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ, ის გამბედაობა იპოვონ, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს“, - აღნიშნავს რიში. ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
სენატორმა ჯიმ რიშმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები დაგმო
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში Twitter-ზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. „უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლა და განადგურება სცადა პუტინმა. სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს იმ ორი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - წერს ჯიმ რიში. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დამარცხება აღიარა და „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატება უსურვა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი მონაცემები გამოაქვეყნა. ოქმების 18%-ის დათვლის შედეგად, ანატოლი ბიბილოვს - 2274 ხმა (37%) აქვს, ალან გაგლოევს - 3686 ხმა (59,22%), ყველას წინააღმდეგ - 236-მა მისცა ხმა (3,79%)“. ასევე წაიკითხეთ ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
სენატორი რიში: პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს
სენატორი ჯიმ რიში თვლის, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააკავეს. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა. „ქართული მედიასაშუალების - „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის“, - წერს ჯიმ რიში. შეგახსენებთ, 16 მაისს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
სენატორები: ელჩზე თავდასხმები უნდა შეწყდეს და პოლარიზაციის დასამთავრებალდ კეთილსინდისიერი დიალოგი გაიმართოს
შეერთებული შტატების სენატში ამერიკის ელჩ კელი დეგნანის წინააღმდეგ და ზოგადად, ბოლო დროს მიმდინარე ანტი-ამერიკულ კამპანიას სენატში ორივე პარტიის წარმომადგენელი სენატორები გამოეხმაურნენ. სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ ელჩ დეგნანზე და საელჩოს მთელ გუნდზე თავდასხმები უნდა შეწყდეს. სენატორი ასევე იმედგაცრუებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ დაპირისპრების და უნდობლობის კამპანიას მედია სივრცეში დიდი დრო და ძალისხმევა ეთმობა, რაც საქართველოში პოლარიზაციას აღრმავებს. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს. „იმედგამაცრუელებლია იმის მოსმენა, რომ პოლიტიკურად დატვირთული ასეთი რიტორიკა ქართულ მედიაში ამდენ დროს იკავებს. ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს“, - განაცხადა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმასთან“. რესპუბლიკელი სენატორის თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური უთანხმოება კეთილსინდისიერი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, რომლის მიზანიც საქართველოში პოლარიზაციის დამთავრება უნდა იყოს. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური უთანხმოება საქართველოში მედიაში საჯაროდ მიმდინარეობს. ამ ტიპის პოლიტიკური უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ კეთილსინდისიერი დიალოგით და არა მაპროვოცირებელი საჯარო რიტორიკით. ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს და იპოვოს საერთო საფუძველი რეალური პროგრესის მისაღწევად. მიზანმიმართული პოლიტიკური პოლარიზაცია ემუქრება ქართულ საზოგადოებას და მე სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი, თუ ის ამ დილემის გადალახვას ვერ შეძლებს“. დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი ანტი-ამერიკულ კამპანიას პრო-რუსულ ძალებს უკავშირებს და აცხადებს, რომ დეზინფორმაცია და გავლენის სხვა ოპერაციები, რუსული სახელმძღვანელოთი წარმოებული უკვე გამოცდილი მეთოდია. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრები უნდა იყვნენ ის წამყვანი ძალა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთბებში უნდობლობის დათესვის მცდელობებს შეეწინააღმდეგება. „სამწუხაროდ, ჩვენ ადრეც გვინახავს ამ ტიპის ტაქტიკა, რაც მიუთითებს რუსეთის მტკიცე ნებაზე, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და კონკრეტულად ხელი შეუშალოს საქართველოს საკუთარი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. მე მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ ამ საშიში დეზინფორმაციის გავრცელებას მათ მიერ, ვისაც სურს საქართველოში დემოკრატიის და მასთან ერთად, ქართველი ხალხის უფრო სამართლიანი და თანასწორი მომავლის შექმნის ჩავარდნა. ეს არის იგივე არაორიგინალური მეთოდები სახელმძღვანელოდან, რომელსაც პუტინი ხშირად იყენებს. საქართველოს კანონმდებლებმა უნდა შეასრულონ წამყვანი როლი უთანხმოების და უნდობლობის დათესვის მცდელობებთან ბრძოლაში. შეერთებული შტატები რჩება ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდაჭერის ერთგული, რათა საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
სენატორი რიში 2008 წლის ომზე: მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით ამბობს, რომ მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო და შეიჭრა უკრაინაში ორჯერ. „გუშინ გავიდა 14 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო და შეიჭრა უკრაინაში ორჯერ, დაეხმარა ასადს სირიაში, შექმნა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და ბელორუსზე დე ფაქტო კონტროლი დაამყარა“, - წერს ჯიმ რიში Ttwitter-ზე. ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
სენატორი რიში: პუტინი უკვე დამარცხდა
„უკრაინელებმა დაუმტკიცეს საკუთარ თავს, მსოფლიოს და რა თქმა უნდა, რუსებს, რომ არ დაუშვებენ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციას“, - ამის შესახებ სენატორი რიში უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში საუბრობს. „პუტინი უკვე წააგო. მე ამის ნამდვილად მჯერა. ვფიქრობ, უკრაინელმა ხალხმა აჩვენა, რომ პუტინი ვერასოდეს მიაღწევს თავის მიზანს, რომელიც იყო ქვეყნის ოკუპაცია. უკრაინელები სიკვდილამდე იბრძვიან, სანამ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციას დაუშვებენ. ამან მოახდინა მსოფლიოზე შთაბეჭდილება. ეს წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. პუტინი ვერასდროს მიაღწევს წარმატებას და ვერ მიაღწევს იმას, რის გაკეთებასაც აპირებს. უკრაინელებმა აჩვენეს საკუთარ თავს, მსოფლიოს, რა თქმა უნდა რუსებს, რომ არ დაუშვებენ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციას“, - განაცხადა სენატორმა რიშმა. მან აშშ-ის შემდგომი დახმარების და მათ შორის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლო გადაცემაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „უკრაინას ცოცხალი ძალის მიწოდებას არ ვაპირებთ. ეს უკრაინამ იცის. მათ მართლაც თქვეს: „ჩვენ არ გვჭირდება ამერიკელები აქ საბრძოლველად. ჩვენ თავად ვიბრძოლებთ. მოგვეცით ინსტრუმენტები“, - აღნიშნავს ჯიმ რიში.
ჯიმ რიში: ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა თავისუფალი ხალხი, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას რა უნდა გააკეთოს საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. „თქვენ მკითხეთ რა უნდა გააკეთონ? ნახეთ... ეს არ არის სარაკეტო მეცნიერება. თუ, მათ სურთ გახდნენ ევროპული ქვეყნების ჯგუფის წევრი, ამისთვის საჭიროა თავისუფალი ხალხი, რომელსაც აქვს წვდომა ისეთ თავისუფლებებზე, როგორიცაა პრესის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება... რაც მთავარია, და, რაც ქვეყანას ძალიან სჭირდება არის დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა. უნდა გქონდეთ კანონის უზენაესობა, უნდა გქონდეთ დამოუკიდებელი სასამართლო, უნდა გყავდეთ საზოგადოება, რომელიც აკვირდება იმას, რაც ხდება და ამბობს, რომ აი, ნახეთ, ეს არის ჩვენი კანონები, ეს არის სასამართლო, რომელიც მათ იცავს. ასევე, არ უნდა გქონდეთ კორუფცია. და თუ ისინი ამას გააკეთებენ, არავინ იქნება ჩემზე ბედნიერი, რომ ისინი ევროკავშირში გაწევრიანდნენ და დიდ წარმატებას მიაღწიონ“, - განაცხადა ჯიმ რიშმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ჯიმ რიში: თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, მაგრამ ამისთვის საჭიროა დემოკრატია
თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში - დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან. მაგრამ ამისთვის საჭიროა დემოკრატია, თავისუფალი დემოკრატია, რომელშიც ხალხს შეუძლია თავისუფლად ხმის მიცემა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, ჯიმ რიშმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თუ როგორი ლიდერი სურთ ქართველებს, ეს საკითხი თავად უნდა გადაწყვიტონ. „ეს გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ. ეს ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი თუ ვინმე სხვა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ისინი იქ ცხოვრობენ, ხედავენ რა ხდება... თავისუფალი კენჭისყრით და თავისუფალ არჩევნებში - ისეთში, როგორიც 2012 წლის ოქტომბერში ვნახეთ - ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა ჯიმ რიშმა. თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში - დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან. მაგრამ ამისთვის საჭიროა დემოკრატია, თავისუფალი დემოკრატია, რომელშიც ხალხს შეუძლია თავისუფლად ხმის მიცემა
სენატორი ჯიმ რიში: მთავრობამ უნდა იმოქმედოს და უარი განაცხადოს რუსეთისკენ მიდრეკილებაზე
სენატორი ჯიმ რიში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას მიესალმა. შესაბამისი განცხადება სენატორის Twitter-ზე განთავსდა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა პასუხობს თავის ხალხს და უარყოფს რუსეთის მიერ შთაგონებული „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონს. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ მათ სურთ, მათი მომავალი დაუკავშირდეს ევროპას და დასავლეთს. მთავრობამ უნდა იმოქმედოს და უარი განაცხადოს რუსეთისკენ მიდრეკილებაზე“, - წერს ჯიმ რიში Twitter-ზე. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ჯიმ რიში: დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა
სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა მისასალმებელი. „დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა. დღევანდელი გადაწყვეტილებები დიდი ხნით დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისასალმებელია. მე გავაგრძელებ ქართველი ხალხის სურვილების მხარდაჭერას, გადავიდნენ უფრო დემოკრატიულ და გამჭვირვალე მომავალზე”, - წერს ჯიმ რიში. ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნა საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის - სენატორების წერილი ბლინკენს
ამერიკის სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ 2024 წლის არჩევნებისთვის. სენატში ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში უმაღლესი რანგის რესპუბლიკელი ჯიმ რიში მოითხოვენ საქართველოში „გრძელვადიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შექმნას, რომელიც დააკვირდება საქართველოს მომავალ 2024 წლის არჩევნებს“ იმისთვის, რომ „მათი დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში მხარი დაუჭიროს საქართველოს და ქართველ ხალხს“. სენატორი შაჰინი საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე: ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და გავგზავნით დამკვირვებლებს USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოზე: ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ ორივე სენატორი 2012 წლის არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. მათი განცხადებით, „ამ ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის მოწმენი გავხდით და ვხედავთ მზარდ ნიშნებს, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა შეჩერდა“. 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სენატორებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულ ეტაპად მიაჩნიათ არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვისაც. „საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს, ადმინისტრაციას ვთხოვოთ საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს“, - აცხადებენ სენატორი რიში და სენატორი შაჰინი. სენატორები დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციას უკავშირებენ იმას, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა მაშინ, როცა ჩათვალა, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ. წერილში შაჰინი და რიში ევროკავშირის 12 პრიორიტეტზეც საუბრობენ, რომელთა შორისაა საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება. მათი აზრით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში შესული კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობა იყო, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს უფრო დააშორებდა. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და მისი დაჩქარების მცდელობა [პარლამენტის მიერ], გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის მიმანიშნებელი შემაშფოთებელი ნიშანია. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და იმის გამო, რომ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის წარმართვა მრავალთვიან მომზადებას მოითხოვს, სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შექმნან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში. ისინი ადმინისტრაციას ასევე მოუწოდებენ, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად. სენატორები ადმინისტრაციას სათანადო ფინანსური რესურსის მიმართვას სთხოვენ იმისთვის, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და სურვილები დააკმაყოფილოს. ამ ძალისხმევისთვის სენატორები რიში და შაჰინი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის ეროვნულ ფონდს (NDI) ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) „მჭიდრო კონსულტაციის ქონას სთხოვენ. წყარო - ამერიკის ხმა
სენატორები: საქართველო გზაჯვარედინზეა და მისი დემოკრატიის წარმატება აშშ-ის ინტერესებში შედის
საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის. ამის შესახებ ამერიკის სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა განაცხადეს, რომლებმაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ 2024 წლის არჩევნებისთვის. „საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს, ადმინისტრაციას ვთხოვოთ საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს“, - აცხადებენ სენატორი რიში და სენატორი შაჰინი. სენატორები დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციას უკავშირებენ იმას, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა მაშინ, როცა ჩათვალა, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ. წერილში შაჰინი და რიში ევროკავშირის 12 პრიორიტეტზეც საუბრობენ, რომელთა შორისაა საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება. მათი აზრით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში შესული კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობა იყო, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს უფრო დააშორებდა. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და მისი დაჩქარების მცდელობა [პარლამენტის მიერ], გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის მიმანიშნებელი შემაშფოთებელი ნიშანია. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და იმის გამო, რომ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის წარმართვა მრავალთვიან მომზადებას მოითხოვს, სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შექმნან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში. ისინი ადმინისტრაციას ასევე მოუწოდებენ, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად. სენატორები ადმინისტრაციას სათანადო ფინანსური რესურსის მიმართვას სთხოვენ იმისთვის, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და სურვილები დააკმაყოფილოს. ამ ძალისხმევისთვის სენატორები რიში და შაჰინი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის ეროვნულ ფონდს (NDI) ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) „მჭიდრო კონსულტაციის ქონას სთხოვენ.
WP: შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შეფერხების გამო, სენატორი რიში უნგრეთისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვას ბლოკავს
Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯიმ რიშმა 735 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის უნგრეთისთვის მიყიდვა დაბლოკა. როგორც გამოცემა წერს, ამით სენატორი რიში ცდილობს, ამ ზეწოლა მოახდინოს უნგრეთზე, რომელიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ბლოკავს. The Washington Post-ისთვის მიცემულ კომენტარში, რიშმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა უნდა დაუშვას შვედეთი NATO-ში, თუ მას სურს შეიარაღების პაკეტი, რომელიც მოიცავს 24 HIMARS სარაკეტო გამშვების ბატარეას და 100-ზე მეტ რაკეტას და სხვა აღჭურვილობას. რიშის განმარტებით, მან უნგრეთის მთავრობასთან პირდაპირ გამოხატა აღშფოთება. უნგრეთი და თურქეთი NATO-ს წევრი ერთადერთი სახელმწიფოები არიან, რომელთაც შვედეთის განაცხადის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ.
სენატორი რიში: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები.“ „15 წლის წინ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა, მოახდინა ოკუპაცია და დაარღვია ადამიანის უფლებები საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში.“ რუსეთი განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას და ათასობით უდანაშაულო ქართველის დევნას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები,“ - წერს ჯიმ რიში Twitter-ზე. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე
ამერიკელი სენატორები: მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს საკანონმდებლო წინადადება
ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი იმ კანონების მსგავსია, რომლებსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს. „წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად. საქართველოში დემოკრატიულ ხელისუფლებას ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს,“ - წერენ ამერიკელი სენატორები ერთობლივ განცხადებაში. ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აცხადებენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ, ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში. „ქართველმა ხალხმა 2023 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაციებით უარყო ეს შემოთავაზებული კანონი. ეს კანონპროექტი არამხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში. ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტი მაჩვენებელი იქნება. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს საკანონმდებლო წინადადება“. ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ხელახლა დააინიცირეს. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ჯიმ რიში: ეს დაშინება უნდა შეწყდეს
„შეშფოთებული ვარ იმის მოსმენით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნე გახდნენ საქართველოში ინიცირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტისადმი მათი წინააღმდეგობრივი პოზიციის გამო. ღია დემოკრატიაში ყველა ხმა უნდა იქნეს გაგონილი. ეს დაშინება უნდა შეწყდეს," - წერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე. ამასთან, ჰელსინკის კომისია წერს, რომ სარწმუნო ცნობები საქართველოში აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ საყოველთაოდ გავრცელებული დაშინების, შევიწროებისა და ძალადობის შესახებ მიუღებელია. „ამ რეპრესიული განვითარების შეთანხმებული ხასიათი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობაზე მიუთითებს და საყოველთაო დაგმობას მოითხოვს.“ 8 მაისს ღამით, ფიზიკურად გაუსწორდნენ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის კიდევ სამ მონაწილეს: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძესა და აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს. 9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ოთხი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი, მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. მოგვიანებით, თბილისში დაესხნენ თავს და სცემეს პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუასა და "ახლის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს. ღამის საათებში თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩნდა წარწერები და პოსტერები. დააზიანეს ჟურნალისტებისა და აქტივისტების ავტომობილები.
სენატორი რიში: საქართველოს მთავრობამ ნათლად განაცხადა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს
ამერიკელი სენატორი „ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღებას ეხმაურება. „დღეს სამოქალაქო საზოგადოების დამაზიანებელი კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ ცხადი გახადა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს. ეს უდიდესი სილის გაწვნაა ქართველთა 80%-ისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს,“ წერს რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ამერიკელი სენატორები: საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე, აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა
ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა. „მივესალმებით განცხადებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ მისი გადაწყვეტილების საპასუხოდ, აღასრულოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შევიწროებისთვის, რომლებიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ მოსკოვისგან დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალისხმევასა და რეფორმებს, მუშაობს მთავრობასთან მისი ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად 2008 წელს რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა. დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს,“ - ნათქვამია განცხადებაში. სენატორების განცხადებით, დახმარების შეჩერების გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ ტრანსატლანტიკური მომავლისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების ერთგული რჩება. „სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი კანონპროექტის, „ქართველი ხალხის აქტის“, დებულებას ასახავს, რომელიც საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების გადახედვას მოითხოვდა. ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას დააკისრებს და ქართველ ხალხს დემოკრატიული გზის გაგრძელებაში დაეხმარება. შეერთებული შტატები მზადაა ხელახალი ჩართულობისთვის მაშინ, როდესაც ხელისუფლება ჩვენი საერთო მიზნების მიმართ ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს,“ - აცხადებენ სენატორები.