ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე: მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს, რომ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს, რომ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეუთო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს უპირობო მხარდაჭერას უკრაინაში ეუთო-ს მონიტორინგის სპეციალური მისიის მიმართ. ასევე, აღსანიშნავია თბილისის შეთავაზება, დახმარება აღმოეჩინა ეუთო-ს წარმომადგენელთათვის ევაკუაციის პროცესში“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.

მისი თქმით, რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამანადგურებელი ქმედებები სხვა რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ ეუთო-ს არეალში, სადაც საქართველო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ხილვადი მაგალითი, მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს მცდელობა, ძალისმიერი მეთოდებით მოხდეს საზღვრების ცვლილება ევროპაში.

„ტანკებისა და მავთულხლართების ენა არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს. ის მიმართულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა ან მოლდოვა, არამედ იგი მიმართულია ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზბიგნევ რაუმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანი: სამხრეთ კავკასიაში არსებულმა სიტუაციის ესკალაციამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად რეგიონზე და უსაფრთხოებაზე

ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს.

ასევე წაიკითხეთ:

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ

24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.

24 თებერვალს, გვიან ღამით:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 

26 თებერვალი

SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.

27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები.

აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს

პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.

ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს

2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის:

ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა

ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა

3 მარტი

აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა