რუსეთმა ოდესის პორტზე თავდასხმა აღიარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსეთის მხრიდან ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა დაადასტურა.

მისი თქმით, ქალაქზე პორტის მახლობლად, სადაც მარცვლეული ინახებოდა ექსპორტისთვის, თავდასხმა „მაღალი სიზუსტის“ რაკეტით განხორციელდა.

ზახაროვას მტკიცებით, დარტყმების სერიის სამიზნე, სავარაუდოდ, ნავი იყო და არა მარცვლეულის საწყობები.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის პორტის დაბომბვას უწოდა „უხეში რუსული ბარბაროსობა“. კალიბრის რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე მაღალი სიზუსტით დარტყმით", - წერს ზახაროვა.

რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.


შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა.

„აშშ მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ოდესის პორტზე დღეს. ეს გაჭირვებულ ადამიანებამდე საკვების მიტანის ძალისხმევას და გუშინ დასრულებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულების სანდოობას ძირს უთხრის“, - წერს ენტონი ბლინკენი.

სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები.

რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.