ძებნის რეზულტატი:

ლიბიის პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და შენობის ნაწილს ცეცხლი წაუკიდეს

ლიბიის პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და შენობის ნაწილს ცეცხლი წაუკიდეს.  დემონსტრანტები არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის, ფასების მატებისა და ჩიხში შესული პოლიტიკური ვითარების გამო მიმდინარეობს. ლიბიაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟენევაში გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებზე პროგრესს ვერ მიაღწიეს.  

ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს დეიმონ ვილსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან მრავალწლიან პარტნიორობას. ხაზი გაესვა NED-თან აქტიურ თანამშრომლობას, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის მხარდაჭერის მიმართულებით. გამოითქვა მზადყოფნა, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული მჭიდრო თანამშრომლობისა და სამომავლო პარტნიორობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე გაატარა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის შედეგები აისახება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მიაღწიოს შემდგომ პროგრესს იმ რეფორმების მიმართულებით, რაც, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პროგრამის ოფიცერი იან მაკგინითი და პროგრამის ოფიცრის ასისტენტი ენდრიუ ლინდერი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.    

დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება

დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება. ვილსონთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: პარტია "გირჩის", "დროას" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ასევე პარტია "ლელოს" ლიდერები: ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი.  „საუბარი 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაგვანახეს, რომ პრობლემას ხედავენ საქართველომ ეს მნიშვნელოვანი შანსი გაუშვას, ეს 6 თვე მნიშვნელოვანი დროა. არ აქვს წარმოდგენა ხალხი რას ვაპირებთ, თითქოს ყველა ველოდებით, რომ ადგება ამერიკის შეერთებული შტატები და საოცრებებს იზამს, რაც გვიშველის. მან გვაგრძნობინა, რომ ჩვენი საომარია, ჩვენი პრობლემაა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ პრობლემის გასაღები. აინტერესებდა ჩვენი წარმოდგენები",- განაცხადა "გირჩის" წევრმა, ცოტნე კობერიძემ.  

დიდ დიღომში, ასაკოვანი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ასაკოვანი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. გავცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 35 870 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1582 ტანკი, 3737 ჯავშანმანქანა, 800 საარტილერიო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 105 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 186 ვერტმფრენი, 653 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2614 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 61 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. დღეს, 2 ივლისს, თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია პრაიდის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია, ასევე, პარალელურად ერთ-ერთ იზოლირებულ სივრცეში იგეგმება პრაიდ კვირეულის დასკვნითი, დახურული ღონისძიება. პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. მიმდინარე წლის 1 ივლისს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა.  

თეა წულუკიანი: ზოგიერთი ოპონენტს ევროპა საერთოდ არ სურს

პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა გვესმის ზოგიერთი ოპონენტის უარი მონაწილეობაზე, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არ სურთ ევროპა, –  ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა „ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და შესაბამისად, ვალდებული ვართ, გვქონდეს გეგმა, ხედვა და ჩვენ გუშინ გეგმაც წარვადგინეთ და ხედვაც. პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთი ოპონენტი უარს აცხადებს მონაწილეობაზე. კითხვა თუ ისმის, ასე რატომ აკეთებენ, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არც სურთ ევროპა და სურთ უბრალოდ ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოცილება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი, იაროს ევროპისკენ, ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს

ვისაც აქვს სურვილი, იაროს ევროპისკენ, ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს. ასეთი მცდელობა „ქართულ ოცნებას“ არაერთხელ ჰქონია, რომ შეეთავაზებინა კონსტრუქციული დიალოგი, მათ შორის რიტორიკის კუთხითაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. „​გუშინ ჩვენ საკმაოდ დეტალური გეგმა წარმოვადგინეთ, როგორც პასუხისმგებლობის კუთხით, არის გაწერილი და გადანაწილებული, ისე დროში გრაფიკის კუთხით. შინაარსით გარკვეულწილად მთავარი კომისიის რეკომენდაციაშიც მოცემულია. დეტალებს სამუშაო ჯგუფები, რომელიც პარლამენტში შეიქმნება ამავე დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობითაც, სხვადასხვა თემის მიხედვით ისინი შეათანხმებენ და საბოლოო ჯამში, პარლამენტი წარდგენილი გრაფიკის მიხედვით საშემოდგომო სესიაზე მიიღებს. ახლა საკითხი დგას ასე, ვის სურს ევროპა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობასა და თანხმობას. სწორედ, აქეთ მოგვიწოდეს ჩვენ, მათ შორის ევროკომისიამ, რომელიც საუბრობს დეპოლარიზაციაზე, ევროპამ, რომელიც გულისხმობს კონსტრუქციულ კამათს, მაგრამ ამავე დროის ამ დემოკრატიული კამათის ფარგლებში დარჩენასა და თანხმობისკენ სვლას. ეს არის ჩვენი ნაბიჯი და შეთავაზება“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

დეიმონ უილსონი: ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის გამო

თბილისში, შეკრებილი ადამიანები აცხადებდნენ: „ჩვენ გვსურს, ევროპის ნაწილი ვიყოთ, ჩვენი მომავალი ევროპაშია.“ არაჩვეულებრივი იყო ქართველი ხალხის ნების ხილვა, რომ მათ სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ, - ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დეიმონ უილსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა. „ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, შევიტყოთ, როგორ განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური აქტორები ქართველი ხალხის ნებას, ევროპის ნაწილი იყოს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის გამო, მათი ძლიერი მხარდაჭერის გამო ევროპაში დემოკრატიული მომავლის მიმართ. ვფიქრობ, ლიდერებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა განსაზღვრონ, როგორ განახორციელონ ქართველი ხალხის სურვილი,“- აღნიშნა დეიმონ უილსონმა. ასევე წაიკითხეთ: დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება  

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 12:28 საათზე, ლაგოდეხთან, სოფელ ზემო ხეჩილთან 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ასევე, დღეს თბილისის დროით 12:24 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 1 კმ-ში 4.0 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.  

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსული ძალები ლისიჩანსკის გარშემო უმნიშვნელო წინსვლას აღწევენ

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსული ძალები ლისიჩანსკის გარშემო უმნიშვნელო წინსვლას აღწევენ.  მათივე ცნობით, უკრაინაში საჰაერო და საარტილერიო დარტყმები გრძელდება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ინფორმაციით, რუსეთი განაგრძობს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებას სახმელეთო სამიზნეებისთვის. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „რუსეთი აგრძელებს საჰაერო ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებას სახმელეთო სამიზნეებისთვის, სავარაუდოდ, უფრო ზუსტი თანამედროვე იარაღის მარაგების ნაკლებობის გამო“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ნიგერია მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს

ნიგერიის პრეზიდენტი მოჰამედ ბუჰარი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს, რომელიც რუსეთი-უკრაინის ომის გამო შეიქმნა. ამის შეახებ, მან ლისაბონში, თავის პორტუგალიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო ბუჰარის განცხადებით, ნიგერიის მოსახლეობა 200 მილიონს შეადგენს და მისი ძირითადი ნაწილი ახალგაზრდა თაობაა. ამასტან, ნიგერია აფრიკის კონტინენტზე თავისუფალი ვაჭრობის ზონას (AFCFTA) წარმოადგენს. ნიგერიის პრეზიდენტმა პორტუგალიას მოუწოდა, რომ მისი ქვეყანა საიმედო პარტნიორად განიხილოს, იმ დროს როცა მსოფლიოში დაძაბული და რთული ვითარებაა. ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება ევროპაში სარემონტო სამუშაოების გამო შეაჩერა. შედეგად, ევროპის ბაზარზე, 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი $1 600-ის ნიშნულს გადაცდა.  

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, ექვს თვეში 1,4 ტრილიონი დაკარგეს - Bloomberg

მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა, 2022 წლის 6 თვეში $1,4 ტრილიონი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს. Tesla-ს მფლობელის, ილონ მასკის ქონება 6 თვეში $62 მილიარდით შემცირდა, ჯეფ ბეზოსის კი, დაახლოებით $63 მილიარდით. მარკ ცუკერბერგის - $64,4 მილარდით. წლის დასაწყისიდან, ყველაზე მეტი კაპიტალი Binance კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებელმა, ჩანგპენგ ჟაომ დაკარგა. მისმა ზარალმა $85,6 მილიარდს გადააჭარბა „ეს არის მკვეთრი გადახვევა წინა ორი წლისგან, როდესაც სუპერმდიდრების ქონება განუხრელად იზრდებოდა. მთავრობებმა და ცენტრალურმა ბანკებმა შემოიღეს უპრეცედენტო სტიმულირების ზომები Covid-19 პანდემიის ფონზე, რაც ტექნიკური კომპანიებიდან კრიპტოვალუტამდე ყველაფრის ღირებულებას ზრდის. ამ მოვლენების მთავარი მიზეზია ცენტრალურ ბანკებში დისკონტის განაკვეთების სწრაფი ზრდა მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც გავლენას ახდენს მაღალი რისკის აქტივებზე, მათ შორის კომპანიის აქციებზე“, - წერს Bloomberg.  ცნობისათვის, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 64 პროცენტი აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთსა და გერმანიაში ცხოვრობს. 

თავდაცვის სამინისტროში 29 წლის წინ ტამიშის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 29 წელი გავიდა. ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ჭიჭინაძემ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ტამიშის გმირების ხსოვნის პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ომის მონაწილეები. 1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.  

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. ესკო-ს ოპერატიული მონაცემებით, ივნისში ექსპორტზე 350.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა. მიწოდება ძირითადად თურქეთისთვის მოხდა - 295.4 მლნ კვტ.საათის მოცულობით, დანარჩენი 54.67 მლნ კვტ.სთ - სომხეთში გავიდა. ექსპორტის მაჩვენებელი ახლოსაა ელექტროენერგიის ბალანსის ბოლო ცვლილებებთან. 15 ივნისს ბალანსში განხორციელებული ცვლილებით, ივნისში ექსპორტი 347 მლნ კვტ.სთ უნდა ყოფილიყო. ეკონომიკის სამინისტროს აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელს ექსპორტზე 667,6 კვტ.სთ ელექტროენერგია გავა. მათ შორის, ივლისში 48.5 მლნ კვტ.სთ-ს გატანაა ნავარაუდევი, თუმცა მოლოდინია, რომ მიმდინარე თვეში ექსპორტის მაჩვენებელი დაგეგმილს გადააჭარბებს.  

შალვა პაპუაშვილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებზე: როცა შსს წინასწარ გაწერილი გეგმით მოქმედებს, შეუძლია ღონისძიების უსაფრთხოება სრულად უზრუნველყოს

როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, შეუძლია სრულად უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა. „ვხედავთ, რომ ეს დღეები უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა მიმდინარეობს. თუ გავიხსენებთ შარშანდელ ღონისძიებებსაც, მაშინაც ყველა ღონისძიებაზე, რომელიც 5 ივლისამდე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უბრალოდ, იცით, რომ 5 ივლისი იყო ექსტრაორდინალური სიტუაცია, რომელსაც არავინ ელოდა, მოულოდნელად აგრესია წარიმართა ჟურნალისტების მიმართ. ამიტომ, ვხედავთ, რომ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, შეუძლია სრულად უზრუნველყოს ამ ღონისძიების უსაფრთხოება“, - განაცხადა პაპუაშვილმა. დღეს, 2 ივლისს თბილისში ,„პრაიდ კვირეულის“ ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი იმართება. ღონისძიება დახურულია. ამის მიუხედავად, პარალელურად, „ალტ-ინფოსა" და „კონსერვატიული მოძრაობის" მოწოდებით, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 12:00 საათისთვის მოქალაქეების ჯგუფები შეიკრიბნენ. აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები. მათ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება გააპროტესტეს და ლგბტ დროშა დაწვეს. შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან გადაინაცვლეს და NATO-სა და ევროკავშირის დროშები დაწვეს. მანამდე კი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და ლგბტ დროშები დაყარეს. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მთაწმინდაზე 17 ადამიანი დააკავეს, რომლებიც "თბილისი პრაიდის" ორგანიზებული ფესტივალის გამართვას აპროტესტებდნენ და ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ტერიტორიზე შესვლაში ხელს უშლიდნენ. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყების თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

აზერბაიჯანი, აგვისტოდან ნავთობის დღიური მოპოვების გაზრდას გეგმავს

აგვისტოში, აზერბაიჯანში ნავთობის დღიური მოპოვება 11 000 ბარელით გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნედლი ნავთობის მოპოვება  OPEC+-ის ქვეყნებში 648 ათასი ბარელით გაიზრდება. „ნედლი ნავთობის მოპოვების შეზღუდვის ვალდებულება აგვისტოში იწურება და OPEC+-ის ქვეყნებში ნედლი ნავთობის მოპოვების დღიური მაჩვენებელი 648 000 ბარელით გაიზრდება, აზერბაიჯანში კი 11 000 ბარელით“, - წერს შაჰბაზოვი. „OPEC+-მა მიიღო სწრაფი ზომები ნედლი ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად და წარმატებით დაასრულა თავისი ისტორიული მისია“, - წერს აზერბაიჯანული მედია. ფასის ზრდის შესამცირებლად OPEC+ ნავთობის წარმოებას ზრდის ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება $117-მდე გაიზარდა. ანალიტიკოსთა აზრით, წარმოების რეალური ზრდა უმნიშვნელო იქნება, რადგან ქვეყნები, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს გარდა, უკვე ამუშავებენ საკუთარი რესურსის მაქსიმუმს.  OPEC+-ის წევრია რუსეთიც, რომლის ყოველდღიური წარმოებაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო 1 მილიონ ბარელამდე დაეცა.  

ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის ფარგლებში, პირველი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა

პაკისტანის პროვინცია პენჯაბში ექსპლუატაციაში პირველი ჰიდროელექტროსადგური „კატორი“ შევიდა. პროექტი ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის ფარგლებში განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰესი, ჩინურმა კომპანიამ ააშენა და მისი სიმძლავრე 720 მეგავატია. ჰიდროელექტროსადგურის პოტენცალი, ელექტროენერგიაზე 5 მილიონი ადამიანის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის მიზანია, ჩინეთის სინცზიან-უიგურსკის ავტონომიური რაიონი პაკისტანის პორტებთან „გვადართან“ და „ყარაჩთან“ დააკავშიროს, რომლებიც არაბეთის ზღვაზე გადიან. მედიის ცნობით, პროექტი არის ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთ გზა“ ფლაგმანი. პროექტის ფარგლებში შენდება ავტომაგისტრალი, ელექტროსადგური, პორტები და თავისუფალი ეკონომიკური ზონები. პროექტის მიზანია, პაკისტანი საკვანძო ლოგისტიკურ ბაზად იქცეს და მსოფლიოს ჩინური პროდუქცია მიაწოდოს.  

დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე კულმინაციური სწავლება ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებმა სადაზვერვო კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. საველე სიტუაციური შეკრება კოჯორში, ახალი ტექნოლოგიური ელემენტების გამოყენებით წარმატებით განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  დაზვერვის ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფები აღმოაჩინეს და დაკავების ოპერაცია შეასრულეს. კულმინაციურ სწავლებას ადგილზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დააკვირდა. „სწავლების განმავლობაში სადაზვერვო ქვედანაყოფებმა საველე, პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები გაიარეს, რაც რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად იყო მიახლოებული. სიმულაციური სცენარის მიხედვით შესრულდა სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანა, მათ შორის: კონტაქტზე რეაგირება, საპატრულო ბანაკის დაკავება, რეიდი და ჩასაფრება. სწავლების მიზანს დაზვერვის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება და ტაქტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს. სწავლებაში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდია, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება. ირანი და ყაზახეთი ერთობლივ კომერციულ დოკს აშენებენ ყაზახეთის აქტაუს პორტის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა მისი თქმით, 2022 წლის 5 თვის მონაცემებით, ამ მარშრუტით ყაზახეთმა 2,5-ჯერ მეტი ტვირთი გადაზიდა. ხოლო კასპიის ზღვის ქვეყნებთან ტვირთბრუნვა 9%-ით გაიზარდა. „საზღვაო ტვირთების მოცულობის გაზრდის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და საზღვაო ფლოტის გაფართოება. მჯერა, რომ  კასპიის აუზის ქვეყნებთან ერთად, დროულად მოგვიწევს გადაუდებელი ორგანიზაციული საკითხების მოგვარება", - განაცხადა თოყაევმა.