ძებნის რეზულტატი:

იაკუტიელ შამანს, რომელიც პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა გაუხანგრძლივეს

რუსეთის პრიმორსკის მხარის უსურიისკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაკუტიელ შამან ალექსანდრე გაბიშევს, რომელიც პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა გაუხანგრძლივეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „12 ივლისს პრიმორსკის რეგიონული ფსიქიატრიული საავადმყოფოს სამედიცინო კომისიამ დაასკვნა, რომ მიზანშეწონილი იყო ალექსანდრეს გადაყვანა ზოგად საავადმყოფოში და სასამართლოს მიმართა შესაბამისი წარდგენით. მაგრამ უკვე 27 ივლისს, იმავე საავადმყოფოს კომისია, მაგრამ განსხვავებული შემადგენლობით, მოულოდნელად მივიდა დასკვნამდე ალექსანდრეს მდგომარეობის გაუარესებისა და სპეციალიზებულ საავადმყოფოში დატოვების აუცილებლობის შესახებ", - წერს გაბიშევის ადვოკატი. მისივე თქმით, ამ ახალი დასკვნის შესახებ არც დამცველებმა და არც თავად ალექსანდრე გაბიშევმა არაფერი იცოდნენ. იაკუტიელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი 2021 წლის იანვარში 50 პოლიციელისა და ცხრა მანქანის თანხლებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით ჰოსპიტალიზაციისთვის გადაიყვანეს. ალექსანდრე გაბიშევმა, თავის მომხრეებთან ერთად 2019 წლის გაზაფხულზე, იაკუტსკიდან მოსკოვში, „პუტინის განდევნის რიტუალის“ჩატარების მიზნით მსვლელობა მოაწყო. შამანი რამდენიმე კვირაში ბურიატიის და ირკუტსკის ოლქების საზღვარზე დააკავეს. შემდეგ ის ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში მოათავსეს და მის წინააღმდეგ ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით საქმე აღძრეს.  

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებისთვის სახელმწიფო 100 00 ლარს გამოყოფს

„სახელმწიფო გუდაურში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს მაქსიმალურად დაუდგება გვერდში, შსს თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, ექიმებისთვის გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტროც 100 000 ლარს გამოყოფს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახის წევრებს, კოლეგებს და საზოგადოებას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კარგად იცნობდა დაღუპულ მფრინავებს. „პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე, გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წლებია უკვე, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს. ასევე, დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ამ ტრაგედიამ და მინდა კიდევ ერთხელ, ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 000 ლარს, გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ექიმებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისათვის, 2015 წელს, მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო დაღუპული პოლიციელის ოჯახი ერთჯერადად 100 000 ლარს მიიღებს. შეგახსენებთ, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.   

ირაკლი ღარიბაშვილი: 2026 წლამდე, ყოველ წელს, საჯარო მოხელეების ხელფასები მინიმუმ 10%-ით გაიზრდება

2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები, ჯამში დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა და ამიტომ, სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირება მოხდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დამატებითი შემოსავლები უფრო მეტი პროექტის დაფინანსების საშუალებას მისცემს მთავრობას. „ჩვენ, სავარაუდოდ სექტემბრის თვეში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო და რა თქმა უნდა, უფრო მეტი თანხები გვექნება გასანაწილებელი უწყებების მიხედვით, უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება იზრდება. მინდა ასევე შევახსენო საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში, დაახლოებით 2017 წლიდან 2020 წლამდე პრაქტიკულად არც ერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩვენ თუ შევადარებთ კერძო სექტორში და საჯარო სექტორში არსებულ შრომით ანაზღაურებას, ჩამორჩენა არის საგრძნობი და ამას სჭირდება მოწესრიგება. 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება - ფინანსთა მინისტრი ამიტომ, ჩემი დავალებით, წელს, იანვარში დავიწყეთ ამის მოწესრიგება, იანვარში 10%-ით გაიზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელისთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტენდენციებს, პროცესს, დინამიკას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება სამინისტროებს, მეტი კარგი ინიციატივები, რომელსაც ძალიან მალე გავაჟღერებთ და დავიწყებთ სექტემბრიდან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, მთავრობამ, მმართველმა გუნდმა შევინარჩუნეთ ამ რთულ პერიოდში და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა

1-ელი აგვისტოდან ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა. აღნიშნული შეზღუდვები უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესდა. ევროპასა და აზიაში ნახშირის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია ამ სანქციის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2022 წლის აპრილში მიიღო.   რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 2021 წელს ქვეყანამ ევროპაში 48,7 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირი გაიტანა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა, რომ არსებული ვითარების პირობებში რუსულ კომპანიებს ალტერნატიული ბაზრების მოძებნა მოუწევთ.  ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს 

პრემიერი: 7 წლის წინ სუს-ის დაფუძნებით უმნიშვნელოვანესი რეფორმა გავატარეთ

7 წლის წინ სუს-ის ცალკე სტრუქტურად დაფუძნებით ჩვენ გავატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმა; შეიქმნა მას შემდეგ დამოუკიდებელი, ძლიერი სამსახური, რომელიც არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რომლის მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით. ამ პერიოდის განმავლობაში სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით და ამის თაობაზე ბატონმა გრიგოლმა ვრცლად ისაუბრა. იქნება ეს ანტიტერორისტული საქმიანობა, თუ შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენა, პრევენცია და აღკვეთა, კორუფციისა და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის და სუვერენიტეტის დაცვა. თქვენი საქმიანობის სპეციფიკა ისეთია, რომ თქვენი ყოველდღიური, ზოგჯერ მაღალ რისკებთან დაკავშირებული შრომა ხშირად შეუმჩნეველი რჩება ფართო საზოგადოებისთვის. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ძალზედ ვაფასებთ იმ უდიდეს წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი მოქალაქეების და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სახელით, სამშობლოსა და ხალხის მსახურებისთვის სუს-ის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. „პირადად ჩემი, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სახელით მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ამ შრომისათვის, ამ ერთგულებისთვის, ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისათვის, ჩვენი სამშობლოსა და ხალხის მსახურებისათვის. რა თქმა უნდა, გამოწვევები ძალიან ბევრია. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ თქვენი სამსახურის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, შიდა თუ გარე მტრების მიერ. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა თქვენ კიდევ უფრო გაგაძლიერებთ და ამის შემდეგ კიდევ უფრო მტკიცე, ძლიერ სამსახურად ჩამოყალიბდებით. მე ასევე მინდა, ძალიან მოკლედ შევეხო, რომ ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატიაა და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია გამოწვევები. მთავარი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და არ ვრცელდება ჩვენი კონტროლი ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ემატება ის საფრთხეები, რომელიც მიმდინარეობს შიდა დესტრუქციული ძალების მხრიდან. რა თქმა უნდა, ამაშიც მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თქვენი როლი, რომ დროულად ხდება როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ ყველას გვახარებს არის ის, რომ თქვენი პირადი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა არის გულანთებული პატრიოტი, რომელიც ემსახურება და იცავს ჩვენს სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის პრესსამსახურის ცნობით. მიწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თანამშრომლებს და გუდაურში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრებს, მაშველებსა და ექიმებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლისთავთან დაკავშირებით, სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა სამსახურის თანამშრომლები დააჯილდოვა.

9, 10 და 11 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, 9,10 და 11 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ. შეზღუდვა შეეხებათ სატვირთო მატარებლებსაც. მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მოძრაობა სრულად 12 აგვისტოდან განახლდება. „შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები. მიგეხსენებათ, რომ იცვლება საკონტაქტო ქსელი, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს. მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, მცირედით შემცირდება სამგზავრო მატარებლით გადაადგილების დრო. 12 აგვისტოდან მოძრაობა სრულად განახლდება", - ამბობს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ირინა ხიზანიშვილი.  

პროკურატურა: პირს, რომელმაც ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მძინარე თანასაკნელს დაზიანებები მიაყენა, სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პირს, რომელმაც ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მძინარე თანასაკნელს დაზიანებები მიაყენა, სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. „ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს, ქ, ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ) წარედგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მსოფლიო ბაზარზე სატვირთო ავიაგადაზიდვებს ქართული კომპანია შეასრულებს

აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკული ინვესტიციის მეშვეობით CAMEX-მა თვითმფრინავი „ბოინგ-737" შეიძინა და საქართველოში პირველი საჰაერო გადაზიდვების კომპანია გახდება, რომელიც ტრანსკონტინენტულ მარშრუტზე იმუშავებს. ამის შეახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „როდესაც მსოფლიო მომარაგების ალტერნატიულ მარშრუტებსა და ქსელებს ეძებს, ინვესტირება ისეთ ქართულ კომპანიებში, როგორიცაა CAMEX-ის ავიახაზები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკული ინვესტიციის მეშვეობით CAMEX-მა თვითმფრინავი „ბოინგ-737" შეიძინა და საქართველოში პირველი საჰაერო გადაზიდვების კომპანია გახდება, რომელიც ტრანსკონტინენტულ მარშრუტზე იმუშავებს“, - იტყობინება საელჩო. „ამ თვითმფრინავის დასავლეთში ფრენა სიმბოლურად საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დასავლურ მისწრაფებებსაც აღნიშნავს", - ამბობს თავის მხრივ, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

უზბეკეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ

უზბეკეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების, ინოვაციების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა განაცხადა. მისი თქმით, უზბეკეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სამინისტროების ხელმძღვანელები 2022 წლის 2 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ. „ეს არის თანამშრომლობის სრულიად ახალი მექანიზმი“, - აღნიშნა ასადოვმა. აზერბაიჯანის, უზბეკეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა ტაშკენტში 2022 წლის 2 აგვისტოს გაიმართება. უზბეკეთის მხარეს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ნოროვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჯამშიდ ჰოჯაევი და ტრანსპორტის მინისტრი ილჰომ მაჰკამოვი. აზერბაიჯანს, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და მთავრობის ეკონომიკური დარგების მინისტრები წარადგენენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 27 ივლისს განაცხადა, რომ აგვისტოს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაემგზავრება თურქეთ-აზერბაიჯან-უზბეკეთის საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე დასასწრებად.  

ზურაბ აზარაშვილი: დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება იზრდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება. როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ანაზღაურება საშუალოდ 50%-ით გაეზრდება ქვეყნის მასშტაბით 17 ამბულატორიაში მომუშავე მედპერსონალსაც. „დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება. საშუალო ანაზღაურება მთლიანად 1000 ადამიანს შეეხება. ექთნების შემთხვევაში 100%-ით გაიზარდა მათი ანაზღაურება და დღეიდან მიიღებენ გაორმაგებულ ანაზღაურებას. ეს არის ის მინიმუმი, რაც შეუძლია სახელმწიფოს მათი დაფინანსების ფარგლებში და შესაძლებლობა, რაც შეგვეძლო სამედიცინო პერსონალისთვის გაგვეკეთებინა პირველი აგვისტოდან. ვფიქრობ, ღირსეულ, ადეკვატურ ანაზღაურებამდე კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ეს არის ის, რაც დღეისათვის გავაკეთეთ. ეს ბევრ კერძო კლინიკასთნ მიმართებაში საკმაოდ კონკურენტულია და გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთ კერძო კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ, ისევ დარჩენილია დაბალი ანაზღაურება“, - განაცხადა აზარაშვილმა.  

მიანმარში საგანგებო მდგომარეობა ექვსი თვით გახანგრძლივდა

მიანმარის სამხედროებმა, რომლებიც სახელმწიფო ძალაუფლებას ფლობენ ქვეყანაში, რესპუბლიკაში კიდევ ექვსი თვით საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ განაცხადეს. წერს Bloomberg-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. ხელმძღვანელობის განცხადებით, ქვეყანას მეტი დრო სჭირდება სტაბილურობის დასაბრუნებლად და არჩევნებისთვის მოსამზადებლად. მიანმარში სამხედრო გადატრიალება 2021 წლის თებერვალში მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით არაერთხელ დაარბია. აქციებს სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა.  

გერმანიის მიერ გადაცემული MARS II ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინაშია

MARS II ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გერმანიიდან უკრაინაში ჩავიდა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა გერმანიას და პირადად მის გერმანელ კოლეგას ქრისტინე ლამბრეხტს. „ჩვენი არტილერისტები მიესალმებიან ჩვენს გერმანელ პარტნიორებს!“, - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II გადასცა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 15 ივლისს განაცხადა, რომ კიევმა პირველი შორი მანძილის M270 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები მიიღო. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯანდაცვის მინისტრი: უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით პოლიტიკოსებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ, უკრაინელ ლტოლვილებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს

"უკრაინელ ლტოლვილებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს და თითოეულ ოჯახს დახმარების სახით ყოველთვიურად 300 ლარს ურიცხავს. პოლიტიკოსებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ, დევნილების უდიდეს ნაწილს შესაბამისი დახმარებები უკვე დაერიცხათ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილის თქმით, რომ ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის „პოლიტიკურ თემებში“ გადაყვანა მიზანშეუწონელია. "მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროებისა და მათი მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ეხმარება 300 ლარით და თითოეულ ადამიანს, თუ ამის საჭიროება აქვს, 45 ლარით. მოკლედ მსურს განვმარტო, თუ საიდან მივედით ამ თანხებამდე და როგორი პრაქტიკაა დღეისათვის ეს. მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებული და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვყავს 300 000-მდე ჩვენი დევნილი თანამემამულე. ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულე დევნილებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეუწონელია და მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივათ გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს", - განაცხადა აზარაშვილმა. ცნობისთვის, გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. მათი განცხადებით 300 ლარი საკმარისი არ არის. უკრაინის მოქალაქეებთან, „ლელო“ აჭარის ორგანიზაციის წევრები მივიდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.    

ანატოლი ჩუბაისი ჰოსპიტალიზებულია - Reuters-ი

ანატოლი ჩუბაისი, რომელმაც კრემლის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა გასულ თვეს დატოვა, ევროპაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. ამის შესახებ Reuters-ს წყარომ განუცხადა. წყაროების თქმით, 67 წლის ჩუბაისი ფიქრობს, რომ გილენ-ბარეს სინდრომით არის დაავადებული. „მე არ ვფიქრობ, რომ ეს მოწამვლაა“, - განუცხადა Reuters-ს წყარომ, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.  

რომის პაპი ყაზახეთს ეწვევა

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა. იტყობინება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. რომის პაპი ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ-თოყაევის მიწვევით ჩადის. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, ასევე, მონაწილეობა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესში. ინფორმაცია თავის მხრივ, დაადასტურა წმინდა საყდრის პრესსამსახურმა. Pew Research Center-ის თანახმად, ყაზახეთში მოსახლეობის სულ მცირე 70% მუსლიმია და დაახლოებით 25% - ქრისტიანი, რომელთაგან 1%-ზე ნაკლები კათოლიკეა. იოანე პავლე II იყო პირველი პაპი, რომელიც ყაზახეთს 2001 წლის 22-25 სექტემბერს ეწვია დევიზით - „გიყვარდეთ ერთმანეთი“.      

ირაკლი კობახიძე: ნიკანორ მელიამ რეალურად გათქვა ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს - "ნაცმოძრაობაში" სერიოზული განხეთქილებაა

"ნაციონალური მოძრაობის" ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ რეალურად გათქვა ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს. ადვოკატების მხრიდან ტაქტიკური მანევრი გასაგებია, თუმცა საინტერესო ისაა, რატომ გათქვა საიდუმლოება ნიკანორ მელიამ", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალუსტებთან განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად „ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე. არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ისაა, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაციაა", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა - „მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს“. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და ადვოკატების განცხადებებს, დაცვის მხარის სტრატეგიას უწოდა. „სააკაშვილის დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.  

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 10 000 000 დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 დოლარი შეისყიდა. „პირველ აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7514 შეადგინა“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში. ამასთან, ეს არ არის პირველი შემთხვევა წელს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარი შეისყიდა. წინა სავალუტო აუქციონი 24 მაისს გაიმართა და მაშინაც სებ-მა ბაზრიდან 10 მილიონი დოლარი ამოიღო.  

ემ ქეი დი "კრედიტ სუისის" დავაზე: შვეიცარიაში არაერთ გამოცემას შევთავაზეთ სტატიის სახით პრობლემის აღწერის საკუთარი ვერსია, თუმცაღა, მზაობა არცერთი მათგანისგან არ მოგვისმენია

"პრაქტიკულად, აგერ უკვე ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში არაერთ გამოცემას შევთავაზეთ სტატიის სახით პრობლემის აღწერის საკუთარი ვერსია, თუმცაღა, მზაობა არცერთი მათგანისგან არ მოგვისმენია. ეს მით უფრო დამაფიქრებელია, თუკი მხედველობაში მივიღებთ პრობლემის სიმწვავეს, რაც ქვეყნის სისტემური ბანკის, მისი საფინანსო-საბანკო სისტემის ერთ-ერთ ფლაგმანს უკავშირდება", - ამის შესახებ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც "კრედიტ სუისის" შვეიცარიულ საბანკო ჯგუფთან მიმდინარე დავას ეხება.   მათივე ცნობით, ივანიშვილის ნებაა საბანკო ტრასტების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს მტკიცედ და ბოლომდე მიჰყვეს.   "ბატონი ივანიშვილის ამასწინდელ განცხადებაში, სადაც მან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, ითქვა, რომ „კრედიტ სუისის“ შვეიცარიულ საბანკო ჯგუფთან მიმდინარე დავაზე საჭირო განმარტებებს შემდგომში უკვე ადვოკატთა ჯგუფი გააკეთებს. ამდენად, გვსურს, მიმდინარე დავის რამდენიმე ასპექტზე მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება.   დავიწყებთ შვეიცარიულ მედიაში ჩვენი მასალის გამოქვეყნების უშედეგო მცდელობის აღნიშვნით. პრაქტიკულად, აგერ უკვე ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში არაერთ გამოცემას შევთავაზეთ სტატიის სახით პრობლემის აღწერის საკუთარი ვერსია, თუმცაღა, მზაობა არცერთი მათგანისგან არ მოგვისმენია. ეს მით უფრო დამაფიქრებელია, თუკი მხედველობაში მივიღებთ პრობლემის სიმწვავეს, რაც ქვეყნის სისტემური ბანკის, მისი საფინანსო-საბანკო სისტემის ერთ-ერთ ფლაგმანს უკავშირდება. აქვე დავძენთ, რომ ჩვენს მცდელობაზე ერთადერთი გამოხმაურება, ისიც ირიბი, „რადიო თავისუფლების“ საიტზე შვეიცარიული საგამოძიებო ჯგუფი „ტამედიას“ ჟურნალისტის, ბატონი ბერნარდ ოდენალისგან იყო, რომელმაც ჩვენ მიერ გაცხადებული ინფორმაცია მედია-შეზღუდვის შესახებ ეჭვქვეშ დააყენა. დასახელებულ ინტერვიუში მან საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება დააფიქსირა, რასაც პასუხად მოყვა ჩვენგან შეთავაზება და ხელშეწყობის მზაობა „კრედიტ სუისის“ ქმედებების ჟურნალისტის მხრიდან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიების მიზნით. ეს შეთავაზება ახლაც ძალაშია, თუმცა უშედეგოდ.   ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა საბანკო ჯგუფსა და ბატონ ივანიშვილს შორის წარმოებული დავისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების აქტუალურობას, განზრახული გვაქვს საგანგებო და ცალკე წესით მივმართოთ შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტს, საპალამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც „ფინმა“-ს - ქვეყნის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. მიმართვის საჭიროება გამოწვეულია როგორც დავისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, აგრეთვე, იმ ურთულესი მდგომარეობით, რომელშიც „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფი აღმოჩნდა. ისევე, როგორც შვეიცარიული მედიის შემთხვევაში, აქაც ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ ვეთანამშრომლოთ შვეიცარიელ პოლიტიკოსებსა და ქვეყნის შესაბამის უწყებებს.   ზემოთქმულთან ერთად, დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ განიხილება ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან საკვანძო მიმოწერის გამოქვეყნების საკითხი. ეს განზრახვაც მაღალი საჯარო ინტერესითაა განპირობებული. მეტიც: მიმოწერის გამოქვეყნების შემთხვევაში, საზოგადოება თავად შეაფასებს და დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს ბანკი, უზღუდავს რა კლიენტს წვდომას საკუთარ აქტივებზე. ამავე მოქმედებებით აშკარაა ისიც, რომ ბანკის ხელმძღვანელობა შეგნებულად იმყოფება რეპუტაციული და ფინანსური თვითდაზიანების რეჟიმში იმ დარღვევებით, რასაც იგი ავლენს ბატონი ივანიშვილის საქმეზე. გარდა ამისა, ასეთი ნაბიჯით ჩვენ საზოგადოებას უკვე მერამდენედ ვუჩვენებთ, რომ ყველა ჩვენი პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს. ამავდროლად, ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი მოწოდება მათდამი, ვინც განიხილავს, ან შესაძლოა მომავალში განიხილავდეს, „კრედიტ სუისთან“ საქმიან ურთიერთობაში შესვლას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.    მათივე ცნობით, ტრასტების მართვის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე ბატონი ივანიშვილის კუთვნილ აქტივს არაფერი აქვს საერთო „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ ბერბუდაზე, სინგაპურსა და საკუთრივ შვეიცარიაში მრავალ-მილიონიან სასარჩელო მოთხოვნებთან.   "დღემდე არაერთზგის განვაცხადეთ ბანკის სატრასტო სტრუქტურების მხრიდან შეზღუდვებზე, რაც ბატონი ივანიშვილის მიერ მისივე აქტივებზე წვდომასა და მათ განკარგვას შეეხება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ის თანხა, რაც ბატონი ივანიშვილის მიმართ „კრედიტ სუისში“ ჩადენილ დანაშაულს გადაურჩა, გადატანილ იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში, თუმცა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა და არსებობდა თანხის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების შეზღუდვა, თანხა კვლავ დარჩა „კრედიტ სუისის“ ტრასტის მართვის ქვეშ (გერნსის კუნძულის იურისდიქციაში დაფუძნებულ სატრასტო კომპანიაზე). ამდენად, ეს თანხა სადავო თანხა არ არის არც ბერმუდაზე, არც სინგაპურში და არც შვეიცარიაში. შესაბამისად, ყველა კანონით, ბენეფიციარს მისი განკარგვის სრული უფლება აქვს. სწორედ ასეთ, დანაშაულს გადარჩენილ თანხაზე შეუზღუდეს წვდომა ბენეფიციარს 2022 წლის 4 მარტიდან და მხოლოდ ერთი თვის თავზე, 4 აპრილს გადაურიცხეს თანხა, ხოლო აპრილიდან მოყოლებული მისი განგრძობადი თხოვნის, მოთხოვნისა თუ ინსტრუქციის მიუხედავად, სრულად აუკრძალეს წვდომა. საბანკო სტრუქტურაში შემავალი ტრასტის მხრიდან გაუგონარ დარღვევებზე და ბენეფიციარის ინტერესების წინააღმდეგ პირდაპირი მოქმედების გამო, გერნსის სასამართლოში უკვე აღძრულია სარჩელი, სადაც მოთხოვნილია სატრასტო კომპანიის პასუხისმგებლობის დადგენა.   აქვე მოგახსენებთ მეორე სატრასტო კომპანიაზეც (რომელიც დაფუძნებულია სინგაპურის იურისდიქციაში), რომელიც ასევე „კრედიტ სუისის“ სტრუქტურაშია, ხოლო მისი მართვის ქვეშ არსებული ბატონი ივანიშვილის თანხა „კრედიტ სუისშია“ (და არა სხვა შვეიცარიულ ბანკში). აღნიშნული სატრასტო სტრუქტურა და მართული თანხა განგებ იყო დატოვებული ტრასტის მოთხოვნით მანამ, სანამ ბერმუდაზე მიმდინარე დავა არ დასრულდებოდა. როდესაც დავის პირველი ეტაპი დასრულდა, ბანკმა თავად აღიარა და დაადასტურა, რომ თანხა იყო თავისუფალი და ბატონ ივანიშვილს უნდა ჰქონოდა საშუალება, რომ ტრასტის მოთხოვნით შენარჩუნებული თანხა განეკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ივანიშვილმა ისარგებლა თავისი უფლებით და მოითხოვა გათავისუფლებული თანხის განკარგვა, უკვე 2 თვეა ტრასტი მაინც დაუსაბუთებლად იკავებს თავს თანხის გადმორიცხვისგან, თუმცა კი ვერც უარის თქმას ბედავს ბოლომდე, იმდენად დაუსაბუთებელი იქნებოდა პირდაპირი უარი. აღნიშნული ტრასტის მიმართ განზრახულია დამატებითი სარჩელის აღძვრა სინგაპურში, რათა დადგეს ტრასტის პასუხისმგებლობა და აღდგეს ბენეფიციარის დარღვეული უფლებები. ჯამში, აშკარაა, რომ „კრედიტ სუისის“ ქვეშ არსებული ტრასტების მოქმედების ხელწერა „თანმიმდევრულია“. დიახ, ისინი თანმიმდევრულად უგულებელყოფენ ბენეფიციარის ინტერესებს და მოქმედებენ იმის დიამეტრალურად საწინააღმდეგოდ, ვიდრე მათ ევალებათ.   ყველა ზემოთ დასახელებულ შემთხვევაში, ბატონი ივანიშვილის ნებაა საბანკო ტრასტების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს მტკიცედ და ბოლომდე მიჰყვეს. აღნიშნული პროცესი დაწყებულია და კვლავაც გაგრძელდება. ამ განცხადებაში დასახელებული ტრასტების მხრიდან ბატონი ივანიშვილის მისამართით შექმნილ ხელოვნურ შეზღუდვებზე, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ შემდეგი: ტრასტების მართვის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე ბატონი ივანიშვილის კუთვნილ აქტივს არაფერი აქვს საერთო „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ ბერბუდაზე, სინგაპურსა და საკუთრივ შვეიცარიაში მრავალ-მილიონიან სასარჩელო მოთხოვნებთან. აქაც საზოგადოება სრულადაა ინფორმირებული იმ წარმატებებზე, რასაც ბერმუდაზე მივაღწიეთ და ვაღწევთ; ისევე როგორც იმ პოზიტიურ მოლოდინზე, რასაც სინგაპურში მიმდინარე დავას ვუკავშირებთ ზიანის ანაზღაურების ნაწილში. რასაკვირველია, ამ და სხვა საკითხებზე საზოგადოებისათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას მომავალშიც გავაგრძელებთ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აშშ-ის გაგზავნილი HIMARS-ის 4 ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, უკრაინაშია

უკრაინაში ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა HIMARS-ის ოთხი დამატებითი სისტემა ჩამოიტანეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მან მადლიერება გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, ლოიდ ოსტინისა და აშშ-ის მოქალაქეებთან მიმართებით, რომელთა ძალისხმევითაც უკრაინის არმია ძლიერდება. „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვიცით და შეგვიძლია ამ იარაღის გამოყენება. HIMARS-ის ზალპის ხმა, წელს მთავარი მუსიკალური ჰიტია“, -აღნიშნა რეზნიკოვმა. HIMARS-ი არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც შეიქმნა 1990-იან წლებში აშშ-ის არმიისთვის და დამონტაჟებულია M1140 საშუალო ტაქტიკური სატვირთო მანქანის შასიზე. რეზნიკოვი: HIMARS-ი უკრაინაშია, მადლობა ლოიდ ოსტინს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 39 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გამყარდა

1-ელი აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.68 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 10 000 000 დოლარი შეისყიდა სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.38 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8168 ლარი გახდა.0.01-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3649 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.11 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.33 თეთრი გახდა.