ძებნის რეზულტატი:

მისურის შტატის სკოლაში, სროლის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის სკოლაში, სროლის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა, 7 კი დაშავდა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელსაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. ამასთან, თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

აშშ უკრაინისთვის HAWK-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემების მიწოდებას გეგმავს - Reuters

აშშ განიხილავს უკრაინაში უფრო ძველი, HAWK-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას, რათა კიევს რუსეთის მიერ გაშვებული დრონების და ფრთოსანი რაკეტების თავდასხმისგან დაიცვას. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. HAWK სისტემა თავდაცვის სისტემა PATRIOT-ის წინამორბედია. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის პირობა მისცა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მოწინავე საჰაერო სისტემებს მიაწვდის მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისიდან რუსეთიდან დამანგრეველი სარაკეტო თავდასხმები მიმდინარეობს, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მივიჩნევ - ანა აბაშიძე

მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მივიჩნევ, - ამის შესახებ ასე უპასუხა სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ანა აბაშიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეკითხვას. "მე შემიძლია, ბევრი შემთხვევა გავიხსენო. უფრო მეტიც, მე ვმუშაობდი მაშინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთ-ერთ საქმეზე, როდესაც მან სრულიად სამარცხვინოდ პარლამენტის ტრიბუნიდან პატარა ბიჭს, მიხეილ ალექსიძეს, რომელიც იყო 53-ე სკოლის მოსწავლე, მერვე კლასელი, აი ამ ადამიანს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა "ხულიგანი" ეძახა. მათ შორის, მე ვიყავი ავტორი ამ ბავშვის საქმის პრაქტიკულად გამოძიების", - განაცხადა აბაშიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ.  

უკრაინა: რუსეთის ძალებმა 10 კამიკაძე-დრონი უკრაინის მიმართულებით ბელორუსიდან გაუშვეს

რუსმა ოკუპანტებმა ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით „კამიკაძე“ უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს. კიევსა და რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ, უკრაინულ მედიას, უკრაინის საჰაერო ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პოლკოვნკი იური იგნატმა განუცხადა. მისივე თქმით, ბელორუსის ტერიტორიიდან, უკრაინის მიმართულებით 10 „კამიკაძე“ დრონი გაუშვეს. როგორც იური იგნატმა განმარტა, თუ საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდება, მაშინ არსებობს დარტყმის საფრთხე. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

ქართველი ძალოსანი, ზაზა ლომთაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი ძალოსანი, ზაზა ლომთაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ალბანეთში მიმდინარე კონტინენტის 23-წლამდე პირველობაზე 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლომთაძემ ორჭიდის ჯამში 369 კილოგრამი დაძლია. ცნობისთვის, დღეს საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე კიდევ სამი სპორტსმენი, მიხეილ ადამია, თორნიკე ტაბატაძე და ოთარ ზაბახიძე იასპარეზებს.  

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ორსულთა ჩართულობა დაბალია - გაბუნია

"გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ორსულთა ჩართულობა დაბალია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი ვაქცინა იყო შეძენილი. პროცესი დავიწყეთ და აქტიურად მიმდინარეობს ყველა რეგიონში. მონაწილეობა მეტად აქტიურია ხანდაზმულებში, ქრონიკული დაავადების მქონე პირებში, თუმცა, ძალიან დაბალია ორსულების მხრიდან მონაწილეობა, რაც ძალიან საყურადღებოა. მაქსიმალურად ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია. ჯერ გრიპის ვირუსის ცირკულაცია მინიმალურია, ერთეული შემთხვევები გამოვლინდა", -აღნიშნავს გაბუნია. კორონავირუსით ინფიცირებული პირი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. კორონავირუსის ეპიდემია პირველად ჩინეთის პროვინციის ქალაქ უხანში დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში. 2020 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.  

პრეზიდენტი: ქვეყანაში სწორი ინკლუზიური პოლიტიკის ფორმირებისას მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დღეს საერთაშორისო კონფერენცია „ინკლუზიური ტურიზმი სოციალური ჩართულობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“ გახსნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  კონფერენცია თბილისის მერიის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისათვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და საქართველოში შესაბამისი პოლიტიკის ფორმირების პროცესზე. პრეზიდენტის განცხადებით, ინკლუზიური ტურიზმი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ტურისტულმა ბიზნესმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ პოზიტიური მოგზაურობის გამოცდილება შესთავაზოს სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს, ქვეყანაში სწორი ინკლუზიური პოლიტიკის ფორმირების პროცესში კი, მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. „საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ტურისტული ქვეყანაა თავისი მდიდარი ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობით და თანამედროვეობით. ვიზიტორებისთვის მიმზიდველია თავისი მრავალფეროვნებით - როგორც ბუნებით, ასევე გასტრონომიული, არქეოლოგიური, სპორტული, სამთო და საპილგრიმო მარშრუტებით, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჯეროვნად განვითარებული. ასევე, აღსანიშნავია სამკურნალო ტურიზმი. ქვეყნის მასშტაბით უამრავი საკურორტო ზონაა. მისასალმებელია, აღნიშნული საკურორტო ზონების რეაბილიტაციისა და სერვისების გაუმჯობესების პროცესი. ამ ჩამონათვალში მნიშვნელოვანია ინკლუზიური ტურიზმის პოტენციალის და პერსპექტივის დანახვა. „ზრდასრული შშმ პირთა მოგზაურობის შესახებ“ ევროკომისიის ორგანიზაციის - Open Doors მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შშმ პირთა მოგზაურობის ეკონომიკური გავლენა მსოფლიო დონეზე 58.7 მილიარდ დოლარს აღწევს. ესეიგი, ეს არის უზარმაზარი ბაზარი, თუ ჩვენ ამას მხოლოდ ბაზრის კუთხით შევხედავთ. ევროკომისიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტურიზმის სექტორი ყოველწლიურად ასობით მილიონ ევროს კარგავს არამისაწვდომი ინფრასტრუქტურის, სერვისების და შშმ მოგზაურთა მიმართ არასწორი დამოკიდებულებების გამო. ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად ფიზიკური გარემოსა და სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რომლებიც მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი ადამიანის საჭიროების გათვალისწინებას და სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ცოდნა და გაზიარება. საქართველოში ტურისტულმა ბიზნესმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ პოზიტიური მოგზაურობის გამოცდილება შესთავაზოს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, არამედ ის უნდა გახდეს ინკლუზიური სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის. საქართველოს რატიფიცირებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომლის 30-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპორტული ღონისძიებების, რეკრეაციული და ტურისტული ობიექტების მისაწვდომობის უზრუნველყოფას. ამასთან, მიმდინარეობს ტურიზმის კანონმდებლობის დახვეწის და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი, ცხადია, ჩვენ ამ კუთხით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ეს ის მიმართულებაა, რომელიც უთუოდ ჩვენი ქვეყნისთვის სწორი და მზარდი მიმართულებაა. სწორი ინკლუზიური პოლიტიკის ფორმის პროცესში, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იქნას ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. მათი ინტერესების მიხედვით, მოქალაქეების ჩართულობა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომელიც გვაძლევს ზრდის საშუალებას და ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, საინტერესო იქნება მუნიციპალიტეტებში მოვახდინოთ ინკლუზიური ტურიზმის პოპულარიზაცია და მაგალითად, შესაძლებელია ელჩების შერჩევა, რადგან მსგავსი წარმატებული პრაქტიკა უკვე აქვთ სხვა ქვეყნებს, ამით შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ გამოცდილების გაზიარების პროცესს, რაც დაგვეხმარება მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაში და რაც თავისთავად დაეხმარება მუნიციპალიტეტებს. დღევანდელი კონფერენცია სწორედ იმის საშუალებას მოგვცემს, რომ გავიზიაროთ დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ჩინეთის, ისრაელის და იტალიის და სხვა ქვეყნების გამოცდილება ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაში. მოხარული ვარ, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი კონფერენციის მასპინძლობა გვერგო წილად. მინდა, მადლობა მოვახსენო თბილისის მერიას კონფერენციის თანაორგანიზებისათვის“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციის გახსნისას. შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სიმონ პეტრიდისის განცხადებით, საქართველოს მართლაც ბევრი აქვს გასაკეთებელი ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისა და ამავდროულად, პოზიტიური მოგზაურობის გამოცდილების შესაქმნელად. „ეს ნაბიჯები ევროპის ქვეყნებში რამდენიმე წლის წინ უკვე გადაიდგა და მე მახსოვს, როდესაც ჩავდიოდი ევროპაში, თუ მხვდებოდა ბარიერი, ის ყოველთვის პოზიტიური გამოცდილებად მრჩებოდა. მაგალითად, მახსოვს რამდენიმე ადაპტირებული ლოკაცია, რაც ქართული რაობისათვის ცოტა რთულად წარმოსადგენია. მახსოვს სპეციალური გადასასვლელები ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, რომელიც სრულ ერთი კვირაში მოეწყო. ეს იყო ჩემთვის მართლაც პოზიტიური შეგრძნება, რადგან ვხვდებოდი, რომ რაღაც იცვლებოდა ჩვენთვის და იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც მოხდება“, - განაცხადა სიმონ პეტრიდისმა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და საერთაშორისო ექსპერტები.  

ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა თემები, რომლებიც ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს განიხილეს

ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ Twitter-ზე წერს. მისივე განცხადებით, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი. „მოხარული ვარ პრეზიდენტ ალიევის მასპინძლობით. განვიხილეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი. ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. წაიკითხეთ Europetime-ის ინტერვიუ ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ - გია არაბიძე  

უკრაინის რეკონსტრუქციას €350 მილიარდი და საერთაშორისო კოორდინაცია სჭირდება - ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, დღეს ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციას €350 მილიარდი და საერთაშორისო კოორდინაცია დასჭირდება.  „ახლა არის დრო, რომ ეს პლატფორმა (უკრაინის რეკონსტრუქციაზე - რედ.), საერთაშორისო დონორებთან და ბიზნესთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით ამოქმედდეს. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, ნგრევის მაჩვენებელი შემაძრწუნებელია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ზარალის ოდენობამ შესაძლოა, €350 მილიარდს მიაღწიოს. ეს რა თქმა უნდა, იმაზე მეტია, ვიდრე ერთ ქვეყანას ან ერთ გაერთიანებას შეუძლია, დამოუკიდებლად შეძლოს. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება დახმარება ყველასგან -G7-დან, ევროკავშირიდან, ევროპიდან. პროცესში უნდა ჩაერთონ ამ ორგანიზაცების ძლიერი პარტნიორები, როგორიცაა შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და მრავალი სხვა“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რა საკითხებზე ესაუბრნენ მარკ მილი და ენტონი რადაკინი ვალერი გერასიმოვს

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსს ენტონი რადაკინს და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის თავმჯდომარეს, მარკ მილის ტელეფონით ესაუბრა.გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა უარყო რუსეთის ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა კონფლიქტის ესკალაციის მიზნით მოქმედებებს გეგმავს. ოლექსი რეზნიკოვი: ტყუილი „ბინძური ბომბის“ შესახებ კრემლის ნაცნობი ტაქტიკის ელემენტია „სამხედრო ლიდერები შეთანხმდნენ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის ღია არხების შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რათა მართონ არასწორი გათვლების რისკი და ხელი შეუწყონ დეესკალაციას“, - აღნიშნულია ბრიტანული მხარის ტექსტში. რუსული მხარის მტკიცებით, სატელეფონო საუბრების დროს, გერასიმოვმა უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებაზე ისაუბრა.  ამერიკული მხარის პოზიციით, სატელეფონო საუბრის მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი და შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციის ხაზები შენარჩუნდება. „მარკ მილიმ ასევე გამართა მოლაპარაკებები უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ ვალერი ზალუჟნისთან. მათ ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და მიმდინარე შეჭრის შესახებ და გაცვალეს შეფასებები. თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა“, - განაცხადა გაერთიანებული შტაბის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა. ერთობლივ განცხადებაში, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარყვეს „რუსეთის ცრუ ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა ემზადება ბინძური ბომბის გამოსაყენებლად საკუთარ ტერიტორიაზე“.

ბურკინა ფასოში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას, 10 ჯარისკაცი დაიღუპა

ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში, ჯიბოს რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, 10 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. ამასთან, ბურკინა ფასოს არმიის განცხადებით, ორმხრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 18 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოხერხდა. ცნობისთვის, ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში თავდასხმები 2015 წლიდან გახშირდა, თავდასხმების უკან ძირითადად ალ-ქაიდასა და ე.წ. ისლამურ სახილმწიფოსთან კავშირში მყოფი ისლამისტი მებრძოლები დგანან.  

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრია

ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.  BBC-ის ცნობით, პრემიერის ოფისთან, სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ღრმა ეკონომიკური კრიზისის" წინაშე დგას და ის აირჩიეს ლიზ ტრასის მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გამოსასწორებლად. „ერთად ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ წარმოუდგენელ შედეგებს. მე ქვეყნის საჭიროებებს პოლიტიკაზე მაღლა დავაყენებ, - აღნიშნა სუნაკმა.  ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 20  ოქტომბერს დატოვა. ტრასს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ხუთი კვირის განმავლობაში ეკავა.

მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ემინ ამრულაევთან, რომლის დროსაც მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. "მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, რაც ითვალისწინებს საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების, აზერბაიჯანში კი, ქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას. ასევე დადებითად შეფასდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისათვის საგნის გამოცდის დავალებები შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობის შედეგად, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა მიეცათ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას. მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში 2022 წლის თებერვალში გაფორმებულ მემორანდუმზე, რომელიც თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში. დოკუმენტი ხელს უწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას, აგრეთვე, ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო საფეხურზე. თავის მხრივ, ემინ ამრულაევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მხარდაჭერისათვის სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით, რაც მათ საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლისა და საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას

უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეგიონები რუსეთს აქვს ოკუპირებული, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა. დასავლეთში ბევრისთვის ეს შეიძლება, მოულოდნელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლდოველებს და უკრაინელებს ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი. ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ისე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვიხილეთ, რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს. ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან; ხოცვა-ჟლეტას და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები თვეებისა და წლების მანძილზე როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას. რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას. 2008 წელსა და 1990-იან წლებში მიღებულმა გამოცდილებმა სამი რამ გვასწავლა: პირველი – აუცილებელია აგრესიის ყველა დანაშაულის დოკუმენტირება, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს მართლმსაჯულების აღსრულებისა და სხვა მსგავსი აგრესიის მცდელობის ჩანასახშივე მოსასპობად (რომის სტატუტთან მიერთება-არმიერთების მიუხედავად). საქართველო არის უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამოძიების მიზნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენილი განცხადების თანაავტორი. იურიდიული ბრძოლების მოგება მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში. მეორე – საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნება აუცილებელია როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მიერ დარღვეული სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენამდე. სხვა შემთხვევაში, რუსეთი არ შეწყვეტს სამხედრო თავგადასავლებს მეზობელ ქვეყნებსა და მის მიღმა. ჩვენ უკრაინის მიმართ სოლიდარობა ყველა ძირითად საერთაშორისო ორგანიზაციაში გავახმოვანეთ და ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც. ამავე დროს, საქართველო არ დაუშვებს, რომ საკუთარი ტერიტორია და ფინანსური სისტემა გამოყენებულ იქნას 24 თებერვლის შემდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების, ძირის გამოთხრის ან თავიდან არიდების მიზნით. და მესამე – საერთაშორისო თანამეგობრობამ დაჟინებით უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა. ძალის გამოყენებით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევა მიუღებელია და მხოლოდ აზიანებს საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ წარსულში მსგავსი აგრესიის უგულვებელყოფამ საერთაშორისო სისტემაში ახალი ბზარები გააჩინა, რაც უკვე გაცილებით რთული გასამკლავებელი აღმოჩნდა. უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციური საფრთხის წინაშე, რამეთუ ჩვენი ისტორიული რეგიონები დიდი ხანია, რუსეთს აქვს ოკუპირებული. ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის და მათი სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას. უკრაინას ვუსურვებ გამძლეობას და გამარჯვებას ამ ისტორიულ ბრძოლაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება. დიდება უკრაინას!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ბრიტანელი მრჩეველი დააჯილდოეს

NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლის, ბრიტანელი მრჩეველის, კაპიტან ჯეკ ბეკეტის გაცილების ცერემონია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა კაპიტან ჯეკ ბეკეტს JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. "თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიტანელი მრჩეველი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. კაპიტანი ჯეკ ბეკეტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) 2022 წლის გაზაფხულიდან იყო მოვლენილი და ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა. მედალი „ღირსეული პარტნიორი“ Noble Partner უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სამხედრო თუ სამოქალაქო პირებს გადაეცემათ, რომლებმაც საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ფინეთმა რუსეთთან სარკინიგზო გადაზიდვები შეაჩერა

ფინური სახელმწიფო კომპანია VR Group-ი საქონლის ტრანსპორტირებას რუსეთის მიმართულებით, წლის ბოლომდე მთლიანად შეაჩერებს. ფინეთის პარლამენტმა, რუსეთის საზღვარზე დამცავი ღობის აშენებას მხარი დაუჭირა ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზა მარკულამ დღეს განაცხადა. მისი თქმით, „აღმოსავლეთის მიმართულებით სატვირთო მიმოსვლა არაუგვიანეს ამ წლის ბოლომდე შეწყდება“. სექტემბრის ბოლოსთვის კომპანიამ რუსეთში ტვირთების 65%-ის გადაზიდვა შეაჩერა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 28 მარტს VR Group-მა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ჰელსინკისა და სანკტ-პეტერბურგის დამაკავშირებელი ალეგროს სამგზავრო მატარებლების მოძრაობა.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი მიზანია რუსული აქტივების არამხოლოდ გაყინვა, არამედ, ჩამორთმევაც

ევროკავშირმა უკვე ბევრი გააკეთა რუსული აქტივების გაყინვის თვალსაზრისით და რუსული „ომის მანქანის“ დაფინანსების შესაზღუდად, თუმცა საჭიროა ამ საკითხის იურიდიულად დამუშავება, რომ ეს რესურსი უკრაინის აღსადგენად გამოვიყენოთ. მარიო დრაგი: ოლიგარქების აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, იტალიას მიბაძეთ ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს ბერლინში უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენი მიზანია რუსული აქტივების არამხოლოდ გაყინვა, არამედ, ჩამორთმევაც, მაგრამ ამისვის საჭიროა სამართლებრივი საფუძველი. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან ექსპერტები ყველა წევრი ქვეყნიდან, არიან საერთაშორისო ექსპერტებიც.  ჯგუფს ეწოდება „გააჩერე და გაყინე“. ჯგუფის მიზანია არამხოლოდ აქტივების იდენტიფიცირება, რომლებიც გაყინულია, არამედ, სამართლებრივი წინაპირობების განსაზღვრა, რომლის საფუძველზე შესაძლებელია ამ აქტივების ჩამორთმევა და გამოყენება უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.  

Bloomberg: სექტემბერში ჩინეთმა რუსეთისგან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა

სექტემბერში, ჩინეთმა რუსეთიდან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა. ამის შესახებ Bloomberg ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ამრიგად, სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან კოქსინგის ნახშირის იმპორტი 2,5 მლნ ტონამდე გაიზარდა. რუსული LNG-ის შესყიდვები გასულ წელთან შედარებით მესამედით გაიზარდა და 819 000 ტონამდე შეადგინა. ამავდროულად, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტმა გასულ თვეში 7,5 მილიონი ტონა შეადგინა, აგვისტოში - 8,3 მილიონი ტონა და ერთი წლის წინ - 6,1 მილიონი ტონა.  „რუსული ენერგორესურსების, მათ შორის ნავთობპროდუქტების მთლიანი შესყიდვები, გასულ თვეში $7,5 მილიარდამდე შემცირდა აგვისტოს რეკორდული - $8,4 მილიარდი დოლარიდან, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს - $4,7 მილიარდს.  ამრიგად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან შვიდ თვეში ჩინეთმა რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებში $51 მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა. 2021 წლის იმავე პერიოდში, ჩინეთმა რუსეთიდან $30 მილიარდის ენერგომატარებლები შეისყიდა“, - წერს Bloomberg.   

43 900 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

43 900 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ყირგიზეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 43 900 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7723 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7723 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7723 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7578 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0145 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7329 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7076 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0253 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.