ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრია ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა. „ბატონ რიში სუნაკს ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა. ჩემს ბრიტანელ კოლეგას ვუსურვებ წარმატებებს და მოუთმენლად ველოდები თანამშრომლობას საერთო ინტერესების ყველა შესაძლო სფეროში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა. BBC-ის ცნობით, პრემიერის ოფისთან, სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ღრმა ეკონომიკური კრიზისის" წინაშე დგას და ის აირჩიეს ლიზ ტრასის მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გამოსასწორებლად.
ზელენსკი: ყირიმის პლატფორმამ ბიძგი უნდა მისცეს სხვა პლატფორმების ამოქმედებას, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის დეოკუპაციასაც
ყირიმის პლატფორმა შეიძლება, იყოს დასაწყისი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სხვა ტერიტორიების დეოკუპაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდის ინიციატივით, რომ დიპლომატიური პლატფორმები სხვა ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლადაც შეიქმნას. ზელენსკი ასეთი წინადადებით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტზე, ონლაინ მიმართვისას გამოვიდა. „ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ საყრდენად სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების ასამოქმედებლად, რომელიც ხელს შეუწყობს სხვა ტერიტორიების დეოკუპაციას, დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთის ტერიტორიებამდე“. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, როცა უკრაინა თავის კანონიერ სახელმწიფო საზღვრებში დაბრუნდება და ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს, მას დასჭირდება საერთაშორისო საზოგადოების გამოცდილება ყირიმისთვის სრული სიცოცხლის დასაბრუნებლად. მისივე აზრით, იგივე გამოცდილება შეიძლება, გამოადგეს სხვა ქვეყნებს, რომელთა ნაწილები ოკუპირებულია. ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს სთხოვა, აუცილებლად ეწვიონ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინულ, მშვიდობიან ყირიმს, როგორც კი ადგილზე უკრაინის დროშა აღიმართება. ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს, შეინარჩუნონ და გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა. ხორვატიის ქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტი დაიწყო. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ყირიმს სხვა სახელმწიფოებთან კონსულტაციების გარეშე დააბრუნებს, რადგან ის უკრაინის ტერიტორიაა. ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
პუტინის ომმა მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა - რიში სუნაკი
პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ განაცხადა. „ახლა ჩვენი ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. კოვიდის შედეგები ჯერ კიდევ გრძელდება. პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა. ამ მთავრობის დღის წესრიგის ცენტრში დავდებ ეკონომიკურ სტაბილურობასა და ნდობას“, - განაცხადა რიში სუნაკმა. ცნობისთვის, ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.BBC-ის ცნობით, პრემიერის ოფისთან, სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ღრმა ეკონომიკური კრიზისის" წინაშე დგას და ის აირჩიეს ლიზ ტრასის მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გამოსასწორებლად.
რომის პაპმა ემანუელ მაკრონს უმასპინძლა
რომის პაპმა ფრანცისკემ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვატიკანში მიიღო. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინას, კავკასიას და ახლო აღმოსავლეთს. წმინდა საყდრის პრესსამსახურის მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჰუმანიტარულ ვითარებას. „განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმო კავკასიას, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რეგიონს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. პაპთან აუდიენცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.
პელოსი: აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას გამარჯვებამდე
ვლადიმერ პუტინი დამარცხდება, შეერთებული შტატები უკრაინას მხარს დაუჭერს გამარჯვემადე, ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტზე განაცხადა. მისივე განცხადებით, პუტინი მიზნად ისახავს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენებას და ანადგურებს უკრაინის ელექტროსადგურებს, ცდილობს, უკრაინელები გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს. „პუტინის ბოლო თავდასხმამ ესკალაცია მოახდინა ომისა, რომელიც მან დაიწყო და რომელსაც ის წააგებს“, - განაცხადა პელოსიმ. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ცივილიზებული სამყაროს ქვეყნები უკრაინას დაჰპირდნენ მხარდაჭერას. „ყველამ დავდეთ პირობა, რომ დავდგებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, ვაღიარებთ მათ გამბედაობას და გავაგრძელებთ ორპარტიულ მხარდაჭერას მათ გამარჯვებამდე“, - აღნიშნა პელოსიმ.
თამბაქოს შეფუთვაში ცვლილება, პირველი იანვრიდან სავალდებულო იქნება
რაიმე საფუძველი, რომ თამბაქოს სტანდარტიზებულად შეფუთვის გადაწყვეტილების გადავადებაზე ვისაუბროთ - თამბაქოს შეფუთვაში ცვლილება პირველი იანვრიდან სავალდებულო იქნება, გადაწყვეტილების გადავადებაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ტარდება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით, რათა მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება თამბაქოს კონტროლს, რაც არის უკვე დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, შესრულდეს. ეს ასევე გვაახლოებს ევროკავშირის მოთხოვნებთან, ევროდირექტივებთან და არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა პრევენციული ზომები, რაც უკავშირდება თამბაქოს მოწევის შეწყვეტას და თამბაქოს მოწევით გამოწვეულ მთელ რიგ დაავადებებს, თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან თამბაქო ახალი შეფუთვით გაიყიდება. სტანდარტიზებულმა ანუ სადა შეფუთვამ პროდუქტი ისე უნდა გარდაქმნას, რომ თამბაქოს მიმზიდველობა შეამციროს და მომხმარებელმა ერთი ბრენდის ნაწარმი მეორესგან მარტივად, ერთი შეხედვით ვერ გაარჩიოს.
სალომე ზურაბიშვილმა თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის კლასიკოსს, დიმიტრი დიმიტრიადის უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის კლასიკოსს, მწერალ დიმიტრი დიმიტრიადისსა და რეჟისორ მიხეილ მარმარინოსს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. ბერძენი მწერლები და დრამატურგები საქართველოში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც წელს საქართველო – საბერძნეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად, საბერძნეთის თანამედროვე დრამატურგიასა და თეატრს მიეძღვნა. დიმიტრი დიმიტრიადისმა პრეზიდენტს საჩუქრად ქართულ ენაზე თათია მთვარელიძის მიერ ნათარგმნი საკუთარი ნაწარმოები „ვკვდები როგორც ქვეყანა“ გადასცა. „საქართველოსთვის დიდი პატივია უმასპინძლოს თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის კლასიკოსს. მოხარული ვარ, რომ ეს შემოქმედებითი ურთიერთობები საქართველოსთან გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ფესტივალის დირექტორმა და რეჟისორმა ქეთი დოლიძემ პრეზიდენტს მომავალი წლის ფესტივალის გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ფესტივალის მასშტაბმა წელს მის ხარისხზე გავლენა ვერ მოახდინა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსთვის, როგორც მონათესავე კულტურისთვის შთამაგონებელია ის მუდმივი განახლებისა და შემოქმედებითი ენერგიის გენერირების უნარი, რომლის მეშვეობითაც „უმკლავდება“ თანამედროვე ბერძნული კულტურა უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის სიმძიმეს. მიხეილ მარმარინოსმა საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთში კულტურული პროგრამის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ქალაქ ელევსინში მიიწვია. ელევსინი 2023 წელს ევროპის კულტურულ დედაქალაქადაა გამოცხადებული.
გერმანიის პრეზიდენტს უკრაინაში საჰაერო განგაშის დროს, თავშესაფარში გადასვლა მოუწია
უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ამასთან, გერმანიის პრეზიდენტი მედიასთან საუბრობდა რა დროსაც საჰაერო განგაშის ხმა გაისმა. ცნობისთვის, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში დღეს ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში შტაინმეირი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ქვეყანაში გერმანიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. ამასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში გასულ კვირას უნდა ჩასულიყო, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვიზიტი გადაიდო.
ISW: უკრაინა ხერსონს სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს დაიკავებს
რუსული ჯარები ემზადებიან ქალაქ ხერსონის დასაცავად და სრულად არ ტოვებენ ოლქის ჩრდილოეთ ნაწილს, ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო შეფასებაში, რომელიც ორგანიზაციის გვერდზე გავრცელდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა, 2022 წლის ბოლოსთვის გაათავისუფლონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონის ჩათვლით, რადგან რუსეთის პოზიციები იქ „სავარაუდოდ, დაუცველია", - განაცხადა ორგანიზაციის ანალიტიკოსმა. რუსი სამხედრო ბლოგერის თანახმად, რომელსაც ციტირებს ISW, „რუსეთის მიერ ხერსონის ქალაქის დათმობაც კი დაგვიანებულია, რადგან ქალაქის დაკავების მცდელობა სავარაუდოდ, დამარცხებას გამოიწვევს“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირი 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას განიხილავს
ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უკრაინისთვის 1,5 მილიარდი ევროს ყოველთვიურად გამოყოფას, რაც მთელი წლის განმავლობაში 18 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 25 ოქტომბერს განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას ყოველთვიურად დაახლოებით 3-5 მილიარდი დოლარი სჭირდება მიმდინარე ბიუჯეტის ხარჯების დასაფარად. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, დღეს ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციას €350 მილიარდი დასჭირდება.
სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე
24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანის პირველმა პირმა დიდი ყურადღება დაუთმო ეკონომიკურ კავშირებსა და ენერგოპროექტებს. თუმცა, ამ ვიზიტს აქვს პოლიტიკური კონტექსტიც. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. რა არის ილჰამ ალიევის ვიზიტის პოლიტიკური კონტექსტი და ახალ რეალობაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რა როლი ექნება საქართველოს. ამ თემაზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. ET: რა არის საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტისას გაჟღერებული მთავარი პოლიტიკური გზავნილი? საქართველოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სადაც შუამავლები ევროკავშირის წარმომადგენლები არიან. ცნობილია, რომ ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე ჩავიდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. იმისთვის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის მექანიზმები ჩამოყალიბდეს, აზერბაიჯანის სურვილია, რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით, არამხოლოდ ორმხრივი, არამედ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობისთვის სამმხრივი პლატფორმა შეიქმნას. ET: ილჰამ ალიევმა ღიად განაცხადა სამმხრივი პლატფორმის შექმნის სურვილზე, თუმცა საქართველო, როგორც შესაძლო ერთ-ერთი მედიატორი „პრაღის შეთანხმების“ მიღმა დარჩა. გასაგებია კითხვის მიმართულება, თუმცა, ილჰამ ალიევი კარგად აცნობიერებს, რომ საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობები, როგორც აზერბაიჯანთან ასევე სომხეთთან. საქართველოს ჩართვა სამმხრივ პლატფორმასა და სხვადასხვა თანამშრომლობის მექანიზმში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით შეცვლის გეოპოლიტიკურ სურათს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამ შემთხვევაში, ერთობლივი ძალებით, შესაძლებელი იქნება რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის შესუსტება და სამი რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცება. შესაძლოა, ალიევს სურდეს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი შუამავლის როლი შეასრულოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემების მოგვარების კონტექსტში. ჩვენ ვიცით, რომ გასულ წელს საქართველო ჩაერთო პროცესებში და შედეგად, აზერბაიჯანულმა მხარემ 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა. ET: „პრაღის შეთანხმების“ შემდეგ რიგმა ექსპერტებმა გააკეთეს შეფასება, რომ საქართველომ გარკვეულწილად დაკარგა ლიდერის ფუნქცია სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანის როლი იზრდება და ძლიერდება რეგიონში თურქეთის გავლენები. თურქეთის გავლენა იზრდება ბუნებრივია, და აზერბაიჯანისაც, იქიდან გამომდინარე, რომ მან განიმტკიცა თავის პოზიციები მთიან ყარაბაღში. ასევე გამოიკვეთა თურქეთის, როგორც შუამავლის როლი, რადგან ამ ქვეყნის სამხედრო დამკვირვებლები იმყოფებიან მთიანი ყარაბაღის ზონაში. აქ ერთი პოზიტიური (შედეგი, რედ.) ისაა, რომ მცირდება რუსეთის გავლენა, ამიტომაც, ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე საერთო ჯამში დადებითად აისახება. ET: ილჰამ ალიევმა თქვა, რომ „ახალი რეალობა იქმნება“ და „მომზადებული უნდა დავხვდეთ“. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში, ახალ რეალობაში საქართველოს მნიშვნელობა გაიზარდოს? საქართველო მჭიდროდ ითანამშრომლებს აზერბაიჯანთან და თურქეთთან საერთო პროექტებში. იგივე „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი“, „ბაქო-სუფსა“. ამ პროექტებში საქართველოს როლი არის მნიშვნელოვანი, თუმცა აუცილებელია დაუახლოვდეს დასავლურ სტრუქტურებს. თუ სამხრეთ-კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანის როლი იზრდება სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს, როგორც მოწინავე დემოკრატიული ქვეყნის როლი გაიზარდოს. ამ შემთხვევაში საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს. ამასთან, თუ შეიქმნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს გზას გაუხსნის დასავლურ ინვესტიციებს ქვეყანაში და საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. ასევე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობა. საერთო ჯამში, იდეალური ვარიანტია, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსება, რომ საქართველოს როლი კიდევ უფრო გაიზარდოს. ET: ე.ი. საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა აწარმოოს? საქართველო ერთი მხრივ, უნდა დაუახლოვდეს აზერბაიჯანსა და თურქეთს, რითაც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციებს დააბალანსებს გეოსტრატეგიული და ეკონომიკური პროექტების თვალსაზრისით, მაგრამ ღირებულების თვალსაზრისით, საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს, ამისთვის საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასა და ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ET: რომ შევაფასოთ, რა არის ილჰამ ალიევის ვიზიტის მთავარი გზავნილი და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სამხრეთ კავკასიაში ამ ვიზიტის შემდეგ? საქართველოში ალიევის ვიზიტის ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტი, ერთმანეთთანაა კავშირში. ახალი რეალობიდან გამომდინარე, ერთი კონტექსტია აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგეტიკული პროექტების გააქტიურება. ორივე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება ხელს შეუწყობს, მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას. რაც შეეხება პოლიტიკას, აქ საუბარია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. იგივე სამმხრივი პლატფორმის შექმნა - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა ძალზედ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, თუ სამივე კავკასიური ქვეყანა ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკის კონტექსტში, თავისი ამბიციების დაკმაყოფილებას იმ დოზით ვეღარ შეძლებს. აზერბაიჯანს სჭირდება საქართველო. ალიევი ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას, პირდაპირ არ უპირისპირდება რუსეთს, თუმცა სურს, რომ რეგიონში მისი გავლენა შემცირდეს. რუსეთი აფერხებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას. ცალსახაა, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი სანქციების საბოლოო მიზანია კრემლის შესაძლებლობების დაქვეითება, რათა ვეღარ შეძლოს აგრესიული ომების წარმოება ახლა და მომავალში
აშშ-ის სანქციების საბოლოო მიზანი კრემლის შესაძლებლობების დასუსტებაა, რათა რუსეთმა აგრესიული ომების წარმოება ვეღარ შეძლოს. ამისთვის შტატები სანქციების სამიზნეებს დიდი სიფრთხილით საზღვრავს, ისე, რომ მინიმუმანდე შემცირდეს მისი გავლენა შეერთებულ შტატებზე, მის პარტნიორებსა და სხვა ქვეყნებზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რითაც სააგენტოს შეკითხვას უპასუხა უკრაინის მიერ, 20 სექტემბერს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. „ჩვენი სანქციების საბოლოო მიზანი არის კრემლის შესაძლებლობების დაქვეითება, რათა ვეღარ შეძლოს აგრესიული ომების წარმოება ახლა და მომავალში. ჩვენ გულმოდგინედ და ყურადღებით ვმუშაობთ ამ მიზნების წინსვლისთვის და მინიმუმამდე ვამცირებთ მის გავლენას შეერთებულ შტატებზე, ჩვენს პარტნიორებსა და სხვა ქვეყნებზე. უკრაინის მთავრობას მიმართეთ მათი სანქციების შესახებ“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 24 ოქტომბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ტრადიციული ბრიფინგის დროს, პრესსპიკერ ნედ პრაისს ჰკითხეს უკრაინის მიერ, 20 ოქტომბერს დაწესებული სანქციების შესახებ. როგორც ცნობილია, სანქცირებულთა სიაში არიან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები. ჟურნალისტი დაინტერესდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა აშშ-ს რაიმე კონსულტაცია უკრაინელებთან. „ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. მათ მივანდობდი საუბარს ნებისმიერ სანქციებზე, რომლებიც შესაძლოა, დააწესეს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, რადგან ისინი ახორციელებენ იმ რეფორმებს, რომლისკენაც ევროკავშირმა და ამ შემთხვევაში ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე და მისი უფრო ფართო ევროპული მისწრაფების მიმართულებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები 20 ოქტომბერს დაუწესა.
მედიის ცნობით, ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს
უკრაინა მიწვეულია NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ნოემბრის ბოლოს რუმინეთში გაიმართება. ამის შესახებ RBC-Ukraine რუმინულ გამოცემა Аgerpres-ზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გარდა, მოწვეული არიან მოლდოვა, საქართველო, ფინეთი, შვედეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა. სამიტი 29 და 30 ნოემბერს ბუქარესტში გაიმართება. შეხვედრა მოიცავს ოთხ სესიას, NATO-სამიტზე, მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით. სამიტის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა უკრაინის ომი და ენერგეტიკული უსაფრთხოება.
მოლდოვის ხელისუფლება ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ზომებს იღებს
მოლდოვის ხელისუფლება ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ზომებს იღებს. მოლდოვას საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომისიამ დაამტკიცა ზომები ელექტროენერგიის დაზოგვისთვის კრიზისის დროს - ხალხს სთხოვეს, არ გამოიყენონ ლიფტები გარკვეულ საათებში, შეამცირონ ტემპერატურა ოთახებში, შეზღუდონ ესკალატორების მუშაობა და შეამცირონ სახლების განათება. კერძოდ, მოლდოველებს ურჩევენ, არ გამოიყენონ ლიფტები 7:00 საათიდან 11:00 საათამდე და 18:00 საათიდან 23:00 საათამდე, ჰაერის ტემპერატურა კი კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში სამუშაო დღეებში 19 °C-მდე, ხოლო შაბათ-კვირას 15 °C-მდე შეამცირონ. ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას მოუწოდებენ, შეისწავლონ ელექტროენერგიის დაზოგვის შესაძლებლობები, რათა დენის გათიშვამ არ შეუქმნას საფრთხე მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას. ასევე რეკომენდებულია გარე განათების გათიშვა დღის საათებში. ამავე პერიოდში უნდა აიკრძალოს კრიპტოაქტივების მოპოვება და კრიპტოვალუტების მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის იმპორტი. ამავდროულად, აკრძალულია კრიპტოვალუტების მაინინგისთვის სპეციალიზებული აღჭურვილობის იმპორტი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილმა იერიშებმა მოლდოვის ენერგომომარაგებასაც შეუქმნა პრობლემა. მოლდოვაში, რომელიც ელექტროენერგიის დეფიციტს 24 ოქტომბრიდან განიცდის, ელექტროენერგიის ეროვნული მიმწოდებელი, Energocom-ი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებას 7:00 საათიდან 23:00 საათამდე.
ნორვეგიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს - მედია
ნოვრეგიაში, ტრომსეში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. კაცი ამტკიცებს, რომ ტრომსეს უნივერსიტეტში მკვლევრად მუშაობდა. „ჩვენ მოვითხოვეთ ტრომსეს უნივერსიტეტის ბრაზილიელი მკვლევრის გაძევება ნორვეგიიდან, რადგან მიგვაჩნია, რომ ის საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს“, - განუცხადა პოლიციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ჰედვიგ მოემ საზოგადოებრივ მაუწყებელს NRK-ს. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი კვირით არის დაკავებული. ხსენებული პერიოდის განმავლობაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მისი დეპორტაცია. რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია.
ზელენსკი: უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება $17 მილიარდი რეკონსტრუქციისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ოქტომბერს, უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინას სჭირდება თანხები გადარჩენისთვის". მან პარტნიორებს სწრაფი აღდგენის მიმართულებით უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა. „მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება „ფინანსური რამშტეინის“ დაარსების შესახებ, რათა შევინარჩუნოთ საერთო სტაბილურობა, თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მსგავსი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს. „ჩვენი სწრაფი აღდგენის გეგმის ხარჯები 17 მილიარდი დოლარია, რაც გამიზნულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისთვის. ეს არის საავადმყოფოები, სკოლები, სასიცოცხლო ტრანსპორტი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინის კონფერენციაზე ონლაინ ჩართვისას. ზელენსკის თქმით, უკრაინას ამ გეგმის განხორციელებისთვის „ერთი ცენტიც არ მიუღია“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზურაბ აზარაშვილი: პირველი ნოემბრიდან, ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ
ჯანდაცვის მინისტრ, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პირველი ნოემბრიდან, DRG მეთოდოლოგიით საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. მინისტრის თქმით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებშიც არის დანერგილი. „დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეხება სამედიცინო სერვისების ყველაზე სამართლიანი, სწორი და აპრობირებული სისტემის დაფინანსებას. ეს არის დიაგნოზთან შეჭიდებული ჯგუფებისთვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება და ის ათიათასობით სერვისები, რომელთათვისაც ტარიფები იყო განსაზღვრული, დღეს უკვე DRG მეთოდოლოგიით დაითვლება და გამოყვანილი საბაზისო ტარიფის და DRG-ის წონის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. ეს მეთოდი არის ყველაზე პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებში დანერგილია. წელს იანვრიდან გავააქტიურეთ ეს საკითხი და როგორც გვქონდა დაანონსებული, უკვე პირველი ნოემბრიდან მზად ვართ, რომ ეს სისტემა გავუშვათ. ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ გარდა იმისა, რაც განსაზღვრული იქნება ჩვენი ბრძანებით. ყოველწლიურად ჩვენ რასაც რეფერალის სისტემიდან ვაფინანსებდით ონკოლოგიურ შემთხვევებს, ესეც საყოველთაო ჯანდაცვაზე გადაგვაქვს და ყოველწლიურ ლიმიტს 20 000-დან 25 000 ლარამდე ვზრდით. ეს მომართვიანობის მინიმუმ 90%-ს დაგვიფარავს. აღნიშნული მოდელით ჩვენი მხრიდან მკაცრი კონტროლი იქნება და ამ კუთხით კლინიკას ფინანსური მოტივაციაც აღარ ექნება. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტს სჭირდებოდა ჩარევები და ფინანსური მოტივაციის გამო ხდებოდა იმაზე მეტი ჩარევა პაციენტის სამკურნალოდ, ვიდრე საჭირო იყო. DRG სისტემა ამ ყველაფერს გადააზღვევს, რადგან ერთი DRG კოდით დაგენერირდება და ცალ-ცალკე სერვისებად გადახდა აღარ მოხდება. რაც შეეხება პაციენტს, მისი ჯიბიდან გადახდის დაზღვევა მკაცრად გაკონტროლდება. პირველი შემთხვევის დროს იქნება ჯარიმა, ხოლო მეორე შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კლინიკას შეეზღუდება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება და ის ამ პროგრამიდან ჩაეხსნება. ეს იმაზე მკაცრი სანქციაა, ვიდრე ფულადი ჯარიმა კონკრეტულ შემთხვევაზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად აპირებენ
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი ყალბ ცნობებს ავრცელებს იმის შესახებ, რომ თითქოს, უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე რადიოლოგიური „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად ემზადება. NATO-ს მოკავშირეები უარყოფენ ამ აშკარად ცრუ ბრალდებას. „რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად აპირებენ. ჩვენ ამის მაგალითი ადრე ვნახეთ. სირიიდან უკრაინაში. რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ცრუ საბაბი შემდგომი ესკალაციისთვის. მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს არსებულ ვითარებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება. რა საკითხებზე ესაუბრნენ მარკ მილი და ენტონი რადაკინი ვალერი გერასიმოვს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა. ერთობლივ განცხადებაში, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარყვეს „რუსეთის ცრუ ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა ემზადება ბინძური ბომბის გამოსაყენებლად საკუთარ ტერიტორიაზე“.
იენს სტოლტენბერგი: არცერთი ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს აგრესორს უკანონო ომში
NATO-ს გენერალური მდივანი ირანის წინააღმდეგ ძლიერ სანქციებს მიესალმება. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის, ირანის მხრიდან გარებული სამხედრო დახმარება მიუღებელია. „ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ, რომ ირანი სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთის ომის ძალისხმევას. ეს მიუღებელია. არცერთი ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს აგრესორს უკანონო ომში. ამიტომ, მივესალმები, რომ მოკავშირეები და ევროკავშირი ახორციელებენ ძლიერ სანქციებს თეირანის წინააღმდეგ. NATO არ არის უკრაინის ომის მონაწილე, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მათი თავდაცვის ფუნდამენტური უფლების მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც დასჭირდებათ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO- ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ადრიატიკის ზღვაში აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდს (USS George H.W.) ეწვია. ხომალდი ამჟამად ხელმძღვანელობს გადამზიდავ დამრტყმელ ჯგუფს NATO- ს მეთაურობით, რომელსაც სტოლტენბერგმა აშშ-ის შესაძლებლობებისა და ალიანსისადმი ერთგულების დემონსტრირება უწოდა. „ეს გადამზიდავი ყოველდღე აგზავნის შეკავების მძლავრ გზავნილს მოკავშირეების მხრიდან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან განაცხადა, რომ შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, მათ შორის გაეროში და ეს თანამშრომლობა მოიცავს ირანის მიერ რუსეთში იარაღის სახიფათო გავრცელების საწინააღმდეგო ქმედებებს. აშშ ასევე აგრძელებს ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა.
„ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ დაფუძნდა
25 ოქტომბერს „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ დაფუძნდა. ფონდის ძირითადი მისია იქნება სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამით ქართული სიმღერისა და გალობის სფეროში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვების ხელშეწყობა, რომლებიც გამორჩეულები იქნებიან თავიანთი ინტერესებითა და უნარებით. ფონდის დამფუძნებლები არიან ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე, ბიზნესმენები, „სმარტ კაპიტალ ჯგუფისა“ და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ივანე ჩხარტიშვილი და „ასკანელი ჯგუფის“ დამფუძნებელი, გოჩა ჩხაიძე. ფონდს ჟურნალისტი, ანსამბლ „მართვეს" აღზრდილი ლევან ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს. უცებ, „შენ ხარ ვენახი“ შეასრულეს და ჩვენ ცრემლებით დუმილში ვუსმენდით - ოთარ პატარიძე საფრანგეთში ანზორ ერქომაიშვილთან შეხვედრას იხსენებს ღონისძიება გაიმართა ანზორ ერქომაიშვილის საცხოვრებელ სახლში, რომელიც სამუზეუმოდ მზადდება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა „რუსთავი“ და „მართვე“.