ძებნის რეზულტატი:
კიბოს პირველი ვაქცინა შესაძლოა, მალე ხელმისაწვდომი გახდეს
ახალი ვაქცინის ვარიანტი კანის კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. ამ დროისთვის მე-2 ფაზის კლინიკურ კვლევებში 157 პაციენტი მონაწილეობს. თუ ცდები წარმატებით დასრულდება, ეს ვაქცინა შესაძლოა, მალე გახდეს ხელმისაწმდობი. Moderna-ს პრეპარატის ვერსიას ამჟამად, ფარმაცევტული კომპანია Merck&Co ფლობს. კიბოს ვაქცინის (PCV) შესაქმნელად, მეცნიერები პაციენტის მუტაციური მელანომის უჯრედების ნიმუშებს იღებენ. მათ შეუძლიათ, დაადგინონ, რომელი ანტიგენები გამოიწვევს იმუნურ პასუხს. ამ ინფორმაციის საშუალებით მეცნიერებს შეუძლიათ, შექმნან პერსონალიზებული mRNA ვაქცინა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანის სხეულს, ებრძოლოს სიმსივნეებს და კიბოს პროგრესი შეაჩეროს. კომპანია Merck-ი და Moderna კიბოს ვაქცინაზე მუშაობის შესახებ 2016 წელს შეთანხმდნენ. ასევე წაიკითხეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: დიაბეტისა და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მართვაში ალბათ ვაქცინა მოიკიდებს ფეხს
პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით - “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მიიღო. კანონპროექტით, დგინდება შემდეგი საკითხები – „ოლიგარქის“ ცნების განმარტება; პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, საკითხი ისეთ ფენომენს შეეხება, რომელთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო რეგულირება ერთადერთ ქვეყანას - უკრაინას აქვს. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ (No9487/19), გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საქმეში, სამართალწარმოება მთლიანობაში არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი არ დარღვეულა მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში. ამასთან, სასამართლო ორი პუნქტის დარღვევაზე მიუთითებს. კერძოდ: სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო; სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას; (უდანაშაულობის პრეზუმფცია) კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, მოპასუხემ, სახელმწიფომ განმცხადებელს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9418 ლარი. ასევე, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, დეკანოზ მამალაძეს ხარჯის სახით დაეკისროს. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) პუნქტების შესაძლო დარღვევაზე დავობდა. ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლება დაადგინა იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია რას ცვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ჯანდიერის განცხადებით, მსჯავრდებულს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უფლება აქვს, შესაბამის სამსახურს მიმართოს, რათა მისი მსჯავრი უფრო მსუბუქი სასჯელით შეიცვალოს. ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შესაძლებლობას იძლევა, რომ სტრასბურგის სასამართლოს საფუძველზე მოხდეს საქმის წარმოების განახლება იმ ნაწილში, რაც მის მსჯავრდებას უკავშირდება და რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში გამოიწვიოს განაჩენის გაუქმება. ასევე, პრეზიდენტს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება აქვს“, - განაცხადა გიორგი ჯანდიერმა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, იურისტმა უპასუხა: „მე-6 მუხლი არის მხოლოდ პროცედურული ნაწილი, სხვა არაფერს ეხება. სასამართლო არ ამბობს ვინმე დამნაშავე არის, თუ არ არის. საუბარია, პროცედურა რამდენად არის დაცული. სასამართლომ თქვა, მტკიცებულებების მოპოვების ნაწილში, ის კონვენციის დარღვევას ვერ უყურებს, რაც შეეხება პროცედურას, იმ ნაწილში, რაც უკავშირდება სხდომის საჯაროობის განხილვას და გამოძიების ნაწილს, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებით, აქ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი“. რამდენად კანონიერად შეიძლება, ჩაითვალოს გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გიორგი ჯანდიერის განმარტებით, როცა საკითხი უკავშირდება კონვენციის დარღვევას, მაშინ განაჩენი არ არის კანონიერი. „მტკიცებულებებთან ნაწილში სასამართლოს შემდეგი აქვს ნათქვამი. პირველი, ის, რომ ის არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო, რომელსაც შეუძლია, გადააფასოს კანონიერად მოხდა თუ არა მტკიცებულებების მოპოვება. ანუ, სტრასბურგის სასამართლო არ აფასებს კანონიერების საკითხს შიდა კანონმდებლობასთან მიმართებით“. შესაძლოა, თუ არა, რომ ეს გარემოებები ხელახალი გამოძიების საფუძველი გახდეს იურისტის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი საფუძველია საქმის წარმოების განახლების. „სასამართლო ხარჯები დაკმაყოფილებულია, რაც შეეხება სხვა ნაწილს, მორალური ზიანი არ დაუკმაყოფილებია, ეს არ არის გამონაკლისი. როცა სასამართლო ამბობს, რომ კონვენციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, ის მიიჩნევს, რომ კონვენციის დარღვეულად აღიარება საკმარისი საფუძველია და აღარ საჭიროებს თანხობრივი კომპენსაციის განსაზღვრას“, - აღნიშნავს გიორგი ჯანდიერი. გიორგი მამალაძე მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, (შემოსავლის დაკარგვის გამო) 376 304 ლარს და 150 000 ევროს მორალური ზიანისთვის ითხოვდა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. დეკანოზი ასევე ითხოვდა 6360 ლარს, სასამართლოში მისი იურიდიული წარმომადგენლობისთვის და 3058 ლარს დოკუმენტების თარგმნის, საფოსტო და სხვა ხარჯებისთვის, რომელიც დაკმაყოფილდა. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პრემიერ-მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. „მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კავშირებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე. ყურადღება დაეთმო ტურიზმს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. აგრეთვე, აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა ორი ქვეყნის დარგობრივ სამინისტროებსა და პარლამენტებს შორის, მათ შორის, ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან, ორმხრივ შეთანხმებას. საუბარი შეეხო იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება. ირაკლი ღარიბაშვილნა ჰადას მეიცადს წარმატება უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: 2022 წლის ოქტომბერში, საქართველოში 498,477 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოქტომბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 498,477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით +125.9%-ია. "2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 344,595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +82.6%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 78.5% აღდგენილია. 2022 წლის 10 თვეში საქართველოში 4,391,082 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +188.5%-ს შეადგენს. 2019 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 54.8%-ია. 2022 წლის 10 თვეში საქართველოში 3,048,728 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +137.9%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი კი 68.8%-ია. საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. მათივე ცნობით, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე (განსაკუთრებით გურია-აჭარის რეგიონში) წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
უკრაინის აღმოსავლეთით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის აღმოსავლეთით, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინის ჯარები იგერიებენ მტრის შეტევებს და ინარჩუნებენ პოზიციებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა. უკრაინა: ოკუპანტებმა 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს "მიმდინარეობს პოზიციური ომი, არის გარკვეული მოძრაობა, მაგრამ მცირე შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი ჩვენი ჯარები ცდილობენ გაათანაბრონ ფრონტის ხაზი", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მარცვლეულის ბირჟებზე რყევების შემდეგ, გაძვირდება თუ არა საქართველოში ფქვილი და პური
რუსეთის განცხადებას, მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის განახლების შესახებ, მსოფლიო ბაზარსა და ბირჟებზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბალზე დეკემბრის გარიგების ფასები 6,32%-ით დაეცა და ბუშელზე (მოცულობის საზომი ერთეული - 36,4 ლიტრი) $8,45 შეადგინა. ამასთან, ფასის ზრდა 5,55%-მდე შენელდა და ერთ ბუშელ ხორბალზე ფასმა $8,52 შეადგინა. სიმინდზე დეკემბრის გარიგებების ფასი ბუშელზე 2,4%-ით, $6,8-მდე დაეცა. შემცირდა შვრიის ფასიც 2,61%-ით და ბუშელზე $3,89 შეადგინა. რა გავლენას მოახდენს მარცვლეულის მსოფლიო ბაზრის რყევები და მოსალოდნელია თუ არა ხორბალსა და ფქვილზე ფასის ცვლილება? Europetime-თან ინტერვიუში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი ამბობს, რომ ბოლო დღეებში მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია, რადგან ეს მსოფლო ბაზარზე, მარცვლეულის ფასების დინამიკას განაპირობებს. „რა თქმა უნდა, ის ტენდენცია, რომ მარცვლეულის დერეფანი ისევ მუშაობს და მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული ხორბლის ექსპორტი განხორციელდება, ძალიან კარგია. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი - მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდების შედეგად, უკრაინა დამატებით შემოსავლებს მიიღებს. მეორე - ხორბლის მსოფლიო ბაზარზე გასვლა მარცვლეულის მიწოდებასა და ამავე დროს, ფასებს დაასტაბილურებს. მოსალოდნელია ხორბალზე ფასების შემცირება. რუსეთის განცხადებას რომ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს, მსოფლიო ბირჟებზე ხორბალზე ფასის დაახლოებით, 6%-იანი ვარდნა მოჰყვა. ამ მოვლენების შემდეგ, ხორბალზე ფასის ზრდის კუთხით, მკვეთრ დინამიკას არ ველოდებით, რადგან მსოფლიო მარაგები არის და ამასთან, საკმაოდ კარგი მოსავალია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ, ხორბლისა და ფქვილის მარაგებთან დაკავშირებით, პრობლემა არ შეგვექმნება“, - აცახდებს ხანიშვილი. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის საკმარისი მარაგია. „ეს მარაგები შეიქმნა ადგილობრივი მოსავლით და დაახლოებით, 160-170 ათას ტონას შეადგენს. ამ ბოლო სამ თვეში, ექსპორტის გადასახადისა და ხორბალზე ფასის შემცირების პირობებში, იმპორტიორებმა ქვეყანაში ხორბლის ინტენსიურად შემოტანა დაიწყეს. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, მხოლოდ ფქვილი შემოდიოდა. ბოლო სამი თვეა, საქართველოში, თვეში 25-30 ათასი ტონა ხორბალი შემოდის. მარაგები საკმარისია, თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებასაც, რომ პარალელურად, ხორციელდება ხორბლის ფქვილის იმპორტი, რაც თვეში დაახლოებით, 15 ათასი ტონას შეადგენს. ადგილობრივი მოხმარება 20 ათასი ტონაა. ვფიქრობთ, რომ ხორბლისა და ფქვილის მარაგების თვალსაზრისით, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. რაც შეეხება ფასებს, პურსა და პურ-პრდუქტებზე, ხანიშვილი ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში, მარაგების არსებობის ფონზე, ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. შემდგომში კი, ეს საკითხი მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულს ფასების მიმდინარე ტენდენციაზეა დამოკიდებული. „ადგილობრივ ბაზარზე პურ-პროდუქტების ფასზე გავლენას, მსოფლიო ბაზარზე განვითარებული მოვლენები მყისიერ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან არსებობს მარაგები. ფასის ცვლილება შემდგომ ტენდენციაზეა დამოკიდებული. მთავარია, საქართველოში გვაქვს ხორბლისა და ფქვილის მარაგები. ხორბალზე არის ლოგისტიკური ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნავს ხანიშვილი. რაც შეეხება, იმას, რომ საქართველოსთვის ხორბლისა და ფქვილის ერთად-ერთი მომწოდებელი რუსეთია, სოფლის მეურნეობის მინისტრი აქ პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, „თუ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში იქნება უფრო მიმზიდველი ფასები, ბიზნესი ამ ბაზარზე გადაერთვება“. ცნობილია, რომ საქართველოში 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 105 ათას ტონაზე მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მეტი ხორბალი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც საერთო იმპორტის დაახლოებით 92 პროცენტია. ამასთან, პურსა და პურ-პროდუქტებს, საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო კალათში, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. საქსტატის მონაცემებით, ამ ქვეჯგუფს მნიშვნელოვანი წილი აქვს ინფლაციის ფორმირებაში. ერთი წლის განმავლობაში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 15.8 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ერთ წელიწადში, პური და პურპროდუქტები 26.1 პროცენტით გაძვირდა. საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში, 2022 წლის ოქტომბერში 10.6 პროცენტი შეადგინა. ასევე წაიკითხეთ რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება
ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა გვარამიას შესახებ, აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - ამერიკის საელჩო „გუშინ ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. მე სხვა შეფასებას ამას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, - განაცხადა კობახიძემ. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.
შვეიცარია უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის $106 მილიონს გამოუყოფს
შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო სამოქმედო გეგმა, რომელიც უკრაინელებზე მომავალი ზამთრის გავლენის შემსუბუქებას გულისხმობს. გეგმა მოიცავს უკრაინისთვის თითქმის 106 მილიონი დოლარის გამოყოფას უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სასწრაფო რეაბილიტაციისთვის.ქვეყანა უკრაინას გენერატორებით, ტუმბოებითა და წყლის გამწმენდი დანადგარებით დაეხმარება.
იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გიორგი მამალაძე დაობდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მტკიცებულებების („ნატრიუმის ციანიდის“) მოპოვების გარემოებების გამო. იგი, აგრეთვე, ასაჩივრებდა მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესის სრულად დახურვის საკითხს და ამტკიცებდა, რომ გენერალური პროკურატურისა და თანამდებობის პირების განცხადებების საფუძველზე დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია. რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების „ჩადება“, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის განაჩენი ეფუძნება საქმეში არსებულ არაერთ სხვა მტკიცებულებას, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, აუდიო და ვიდეომასალა, კომპიუტერული მონაცემები და სხვა. რაც შეეხება მომჩივნის სხვა მოთხოვნებს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ წარმოებული საქმის სხდომების სრულად დახურვა არ იყო მკაცრად აუცილებელი. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, შიდა სასამართლოების მიერ სათანადოდ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ შეიძლებოდა სხდომის ნაწილის საჯაროდ ჩატარება. ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია ერთობლიობაში მომჩივნის წინააღმდეგ ცალკეული საჯარო განცხადებების გაკეთება და პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიმართ გამოყენებულ იქნა ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმისწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია“, - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. თავის მხრივ, პროკურატურის შეფასებით, რომელსაც IPN ავრცელებს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია.
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის ერთიანი წერილით მიმართავენ. "დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე... ამ მიზნით სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები და ოპოზიციონერი დეპუტატები მოაწერენ ხელს შესაბამის წერილს ქალბატონი პრეზიდენტის სახელზე... ჩვენ ასევე მზად ვართ მას შევხვდეთ პირადად და პირადად გავაცნოთ საკუთარი არგუმენტები", - თქვა "ლელოს" ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში. დოკუმენტზე უკვე არის ანა ნაცვლიშვილისა და სალომე სამადაშვილის ("ლელო"), ხატია დეკანოიძის ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), კახა ოქრიაშვილის ("პროგრესი და თავისუფლება"), თამარ ჩარკვიანის ("კანონი და სამართალი"), ნატო ჩხეიძისა და როსტომ ჩხეიძის ("სახელმწიფო ხალხისთვის"), უპარტიო დეპუტატების თამარ კორძაიას, შალვა შავგულიძის, არმაზ ახვლედიანისა და დავით ბაქრაძის ხელმოწერები. იმავე თხოვნით პრეზიდენტს საჯაროდ უკვე მიმართა მედიის ადვოკატირების კოალიციამაც. "სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია ყველა პოლიტიკოსის ვინაობა. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.
სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება თბილისში იგეგმება. ეს შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მოხდეს. ამის შესახებ სომხური გაზეთი Hraparak-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი Hraparak-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სამშვიდობო ხელშეკრულების ე.წ. „დასავლურ ვერსიას“ მოაწერენ ხელს. ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების ადგილად თბილისი შემთხვევითი არ არის შერჩეული, რადგან ამ დოკუმენტის ხელმოწერით „მთელი სამხრეთ კავკასია თურქეთის გავლენის ზონაში მოექცევა“, ხოლო საქართველო „ამ რეგიონში, დასავლეთის ინტერესების მთავარი ოპერატორია“. „ამ შეთანხმების ხელმოწერით სომხეთი ოფიციალურად და საბოლოოდ იტყვის უარს არცაზე (მთიანი ყარაბაღი - რედ.). შეწყვეტს არამხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების, არამედ მთელი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დაფინანსებას - ადგილობრივი თვითმმართველობებიდან დაწყებული საპრეზიდენტო აპარატით დამთავრებული. ერევანს მხოლოდ გარკვეული საქველმოქმედო პროგრამების განხორციელების უფლება ექნება, მაგალითად, საბავშვო ბაღების გარემონტება“, - წერს გაზეთი. მანამდე, ბაქო და ერევანი არ გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმებულიყო. სად შეიძლება, ხელი მოეწეროს ხსენებულ დოკუმენტს, მხარეები ჯერჯერობით არ საუბრობენ. გაზეთ Hraparak-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ერევნის, ბაქოსა და თბილისის ოფიციალურ სტრუქტურებში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, თბილისში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი გამოვიდა ინიციატივით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმა - აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი შეიქმნას და მოალაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაიმართოს. ასევე წაიკითხეთ: სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე
CNN: პაკისტანის ექსპრემიერზე თავდასხმა მოხდა
პაკისტანის ექსპრემიერ ირმან ხანზე თავდასხმა განხორციელდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ირმან ხანს, მიტინგზე უცნობმა პირმა იარაღიდან ესროლა. პაკისტანის ექსპრემიერი ფეხში დაიჭრა და კლინიკაში გადაჰყავთ.
ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლება დაადგინა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ სამიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილა და მე-6 მუხლის ანუ სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლება დაადგინა. ადოკატის თქმით, ევროპული სასამართლოს წინაშე სამი ძირითადი მოთხოვნა იყო დაყენებული. „ერთი - ეს უკავშირდებოდა მტკიცებულებების მოპოვებასა და გამოყენებას. მეორე საკითხი იყო დაკავშირებული საქმის განხილვასთან დახურულ რეჟიმში, მთელი პროცედურის განმავლობაში და მესამე უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევას. პირველ ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას არ ჰქონია ადგილი. სხვა დანარჩენ ნაწილებში კი სასამართლომ თქვა რომ დარღვევა დაფიქსირდა“, - აღნიშნა ჯანდიერმა. ამასთან ადვოკატმა განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია საქმის წარმოების განახლება. ასევე შესაძლებელია მამალაძეს, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასჯელი შეუმსუბუქდეს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენოს. ჯანდიერის განცხადებით, თუ რა მიმართულებით იმოქმედებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ამ საკითზე ის დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს. რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ელჩი დეგნანი: ყველაფერი, რასაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს
ამერიკის ელჩის განცხადებით, ყველაფერი, რასაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახეც კი აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის საქმეზე ჰკითხეს. ელჩს აშშ-ის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის კომენტარზეც დაუსვეს შეკითხვა. „თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, ასევე, ევროკავშირის და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადება. ყველაფერი, რაც აშშ-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში გააკეთა საქართველოსთვის, მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდაჭერას, უსაფრთხო, დემოკრატიული მომავლისათვის. ამ მომავლის მისაღწევად, მიუკერძოებელი სასამართლოს ცენტრალური ადგილი უკავია და ყველაფერი, რასაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახეც კი აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. საქართველოს ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, ქართველ ხალხს დაჰპირდა საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ან თუნდაც რისკის ქვეშ აყენებს ამას, ღრმად შემაშფოთებელია. შეერთებულ შტატებში ჩვენ ვაფასებთ და ვიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი. ეს არის ის, რასაც მოაქვს მედეგობა, სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვისაც, რომელმაც არაერთხელ დააფიქსირა, რომ სურს ძლიერი დემოკრატია, ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების განხორციელებისთვის, ეს არის ის, რასაც 30 წელია, ვაკეთებთ და ამის გაკეთებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ მართლაც გვჯერა საქართველოს წარმატების და გვსურს, რომ ეს ქვეყანა ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა ქართულ მედიას. შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა. ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - ამერიკის საელჩო ამერიკის საელჩოს განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა, სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირ ჩარევად შეაფასა.
ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის
ექსკლუზივი „ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“, ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით განუცხადა. „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. კომისიის დასკვნის მიხედვით, საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მისცა. კომისიის მოსაზრების შემდეგ, საბჭო ასევე გამოვიდა რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები შესრულდება. ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ამ პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ქვეყანა მის ევროპულ გზაზე წინ წავიდეს. სამუშაოს სია მკაფიოა და ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს (როგორც ყოველთვის) ამ პროცესში. წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, სამი ქვეყნის სიტუაციის შესახებ დეტალურ ანალიზს მოიცავს. 2023 წლიდან, გაფართოების ყოველწლიური პაკეტი სამ ქვეყანას შეეხება, ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე ანგარიშს მოიცავს. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ამას აკეთებდა დამოუკიდებლობის შემდგომი წლების განმავლობაში. ჩვენ, როგორც მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკაში ინვესტიციებს მუდმივად ვახორციელებთ“, - განუცხადა Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
ფინანსთა სამინისტრო: თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი" სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ვერცხლი (საერთო წონა 8500 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13670.42 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, საქონლის საბაჟო ღირებულების 100 %-ის ოდენობა, 13 670,42 ლარი შეეფარდა.
ევროკავშირი, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, სუფთა ტექნოლოგიებში €3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს
ევროკავშირი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, სუფთა ტექნოლოგიებში €3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ამ მიზნით, ევროკომისიამ „სუფთა ენერგიის“ ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, მესამე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ვადა 2023 წლის 16 მარტამდეა. პროექტების წარდგენა ევროკავშირის ტერიტორიაზე, ისლანდიასა და ნორვეგიაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ. „მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ დეკარბონიზაციის საერთო მიზნებზე, ინოვაციებზე სამრეწველო ელექტრიფიკაციასა და წყალბადის წარმოებაში, ასევე, სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაზე სამრეწველო წარმოებაში“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ოლაფ შოლცი: რუსეთის სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რუსეთის სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს. „რუსეთის სასტიკი აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ გვიბიძგებს ჩვენ, ერთად დავდგეთ ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ახლა დროა, გადავლახოთ რეგიონული კონფლიქტები, რომლებიც დიდი ხანია, გრძელდება. კონფლიქტებმა გაგყოთ თქვენ და შეაფერხა თქვენი ქვეყნების სვლა ევროპულ გზაზე. კერძოდ, სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი უნდა დაჩქარდეს. მოდით, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის,გერმანიის კანცლერი დღეს ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის ლიდერებს მასპინძლობდა.