ძებნის რეზულტატი:

Reuters: G7-ის ქვეყნები, რუსული ნავთობის ფასის ფიქსირებულ ზღვარზე შეთანხმდნენ

G7-ის ქვეყნები და ავსტრალია, რუსული ნავთობის ფიქსირებულ ფასზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით წერს. ქვეყნები იმედოვნებენ, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, ბაზრი უფრო სტაბილური გახდება, რაც მონაწილეებისთვის ტვირთს, მინიმუმამდე შეამცირებს. Reuters-ის ცნობით, ფიქსირებული ფასი ჯერ დადგენილი არ არის. სავარაუდოდ, ის ნოემბრის ბოლოს დამტკიცდება. რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის შემოღების სამართლებრივი საფუძველი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში დადგინდა, რომელიც ევროკავშირმა ოქტომბრის დასაწყისში დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, მექანიზმი ნედლ ნავთობზე 5 დეკემბრიდან, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან ამოქმედდება. შეერთებული შტატები რუსეთისგან ნავთობს ფასის ზღვრის გარეშე 19 იანვრამდე შეიწყიდის, შემდეგ კი, ზღვრულ ფასს შემოიღებს. „ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს რუსული ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით, $60 დოლარამდე შეაფასოს“, - წერს Bloomberg. კრემლში განაცხადეს, რომ ენერგორესურსებს არ მიაწვდიან იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის რესურსებზე ზღვრულ ფასებს დააწესებენ.   

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა

Reuters-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ოლაფ შოლცი უკვე შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს.  Reuters-ის ცნობით, ოლაფ შოლცი და სი ძინპინი შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომსა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე იმსჯელებენ.  ვიზიტამდე გერმანიის კანცლერმა Deutsche Welle-ს განუცხადა, რომ სი ძინპინთან მოლაპარაკების მთავარი თემა გერმანიასა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალური სასურსათო კრიზისი და კლიმატის ცვლილება იქნება.  გერმანიის კანცლერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელიც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ჩინეთში ჩავიდა. შოლცი პეკინში გერმანულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.   

დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 4 პირს, მათ შორის პატრულ-ინსპექტორს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს შესთავაზეს მის კომპანიაზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების შემცირების, საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისა და კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში დახმარება, რისთვისაც მას მოსთხოვეს 10 000 აშშ დოლარის გადახდა, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თითქოსდა ქრთამის სახით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს გადასცემდნენ. დაზარალებულმა ჯგუფის წევრებს 6 500 აშშ დოლარი გადასცა, რასაც ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ. „მოგვიანებით, თაღლითობის თაობაზე ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორისთვის. ამ უკანასკნელმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან მეგობრული და საქმიანი კავშირების გამო, არ მოახდინა სამართლებრივი რეაგირება ჩადენილ დანაშაულზე, რამაც დაზარალებული პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, დაზარალებულის მხრიდან სამართალდამცველებისთვის შეტყობინების შიშით, თაღლითური ჯგუფის წევრებმა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, ხსენებულ პატრულ-ინსპექტორს დაზარალებულისთვის დასაბრუნებლად 6 200 აშშ დოლარი გადასცეს, საიდანაც მან დაზარალებულს 4 800 აშშ დოლარი მისცა, ხოლო 1 400 აშშ დოლარი მიითვისა. დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, ბრალდება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

Pfizer-ი COVID19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინის კანდიდატის კვლევას იწყებს

აშშ-ის წამლის მწარმოებელმა Pfizer Inc-მა (PFE.N) და მისმა გერმანელმა პარტნიორმა BioNTech SE-მ COVID19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინის შესაფასებლად კვლევა დაიწყეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ცდები შეერთებულ შტატებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 18-დან 64 წლამდე ასაკის 180 მოხალისე მიიღებს. ადრეული სტადიის კვლევა, რომელსაც BioNTech-ი აფინანსებს, მიზნად ისახავს, შეაფასოს კომბინირებული ვაქცინის უსაფრთხოება, იმუნოგენურობა, ან იმუნური პასუხის წარმოქმნის უნარი.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური ტვიტერზე წერს, საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. „ბოლოდროინდელ არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ბენიამინ ნეთანიაჰუს! ვუსურვებ მას ყოველივე საუკეთესოს და დიდ წარმატებას ახალი ვადით ისრაელის მსახურებისას. ჩვენ მეგობრობას ღრმად არის გადგმული ფესვები წარსულში და ახლაც მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის“, - აღნიშნავს პრემიერი. ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი სავარაუდოდ, 62 ადგილს მიიღებს  

2022 წლის ოქტომბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა

2022 წლის ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადს 17%-ით აღემატება, ხოლო 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, 67%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას, „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. "ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ოქტომბერში 52 536 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 17%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11%-ით აღემატება", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

NATO-ში ათი ქვეყნის ელჩები, უკრაინაში ჩავიდნენ

NATO-ში ათი ქვეყნის ელჩები კიევში არიან უკრაინას ათი ქვეყნის წარმომადგენელი ეწვია. კერძოდ, კიევში ჩავიდნენ: ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის მუდმივი, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლები. მათთან შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინისთვის დახმარების დაგეგმვას. მხარეებმა განიხილეს უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებები და NATO-ში მისი გაწევრიანების საკითხი. უკრაინელების 92% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 79% კი, NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა - კვლევა სტეფანიშინას თქმით, უკრაინას სჭირდება სამხედრო დაგეგმვა მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ასევე მოითხოვს მოკავშირეების შესაბამის მხარდაჭერას. მან ასევე ისაუბრა უსაფრთხოების დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ 31 ოქტომბერს მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივის შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ვოლოდიმერ ზელენსკიმ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს შეიტანს. 2 ოქტომბერს, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ევროპის ცხრა ქვეყანამ ერთობლივ განაცხადს ხელი მოაწერა. NATO-მ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადი 4 ოქტომბერს მიიღო.

თურქეთმა შესაძლოა, ახალი გაზსადენი ააშენოს

გაზის ჰაბის შექმნის ფარგლებში, თურქული ნაკადის გაფართოებისთვის, არ არის გამორიცხული კიდევ ერთი მილსადენი აშენდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, იბრაჰიმ კალინმა განაცახდა.  აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი „ახლა ფუნქციონირებს „თურქული ნაკადი“, შესაძლოა, მისი გაძლერება და კიდევ ერთი გაზსადენის აშენება. ამის შემდეგ კი, შეიქმნება სრულიად ახალი ენერგეტიკული რუკა აღმოსავლეთიდან - დასავლეთისკენ, ჩრდილოთიდან-სამხრეთისკენ. ეს თუ მოხდება, მაშინ თურქეთი არ იქნება მხოლოდ გაზის სატრანზიტო ქვეყნა, არამედ აქ შესაძლებელი იქნება გაზის მარშრუტების განსაზღვრა “, -  განაცხადა კალინმა.  რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის  

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა აქცია გამართეს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები "ღირსეულ ხელფასს” ითხოვენ. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი ამირანაშვილის ინფორმაციით, გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, პერსონალი იძულებული იქნება უკიდურესი ზომა მიიღოს. “ჩვენ მოვისმინეთ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ხელფასები იანვრიდან 10%-ით გაიზრდება. მოთხოვნა, რომ ხელფასი მეტით გაზრდილიყო, თურმე არარელევანტური ყოფილა და 10%-იანი ზრდით უნდა დავკმაყოფილებულიყავით. ყველამ კარგად ვიცით, რომ ინფლაცია 10%-ზე მეტია, შესაბამისად, ეს 10% სასწრაფოში დასაქმებულებისთვის საკმარისი არ არის. იქნებ დამსაქმებლებმაც და ჯანდაცვის სამინისტრომაც მიიღოს ზომები იმისათვის, რომ მორიგე მედპერსონალი და მძღოლები მოვიდნენ არა აქციაზე, არამედ ოჯახთან გაატარონ თავისუფალი დრო. ჩვენი მოთხოვნა ხელფასის 100%-იანი ზრდა იყო, თუმცა ახლა ეტაპობრივ ზრდაზეა საუბარი”, - განაცხადა ირაკლი ამირანაშვილმა.  

ევროკავშირი უკრაინის აღსადგენად, ჩამორთმეული რუსული აქტივების გამოყენებას განიხილავს - Bloomberg

ევროკავშირი რუსული ცენტრალური ბანკის მილიარდობით ევროს ღირებულების აქტივების გამოყენების საკითხს განიხილავს. საუბარია აქტივებზე, რომლებიც უკვე გაყინულია წევრი ქვეყნების მიერ. შესაბამისი განცხადება წყარომ Bloomberg-თან გააკეთა. Bloomberg-ის ცნობით, ბრიუსელი იკვლევს გზებს, რათა სამუდამოდ შეწყვიტოს პუტინს წვდომა ევროკავშირში დარჩენილ აქტივებზე. Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ეს საკითხი უკვე დაისვა აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, გადადგამს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ნაბიჯებს დოლარში არსებული რუსული რეზერვების დასაკავებლად. უკრაინის მთავრობა თვეების განმავლობაში ითხოვდა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინის აღდგენისთვის. ომში მყოფი ქვეყნის რეკონსტრუქციის ღირებულება 750 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. უკრაინული მხარე ასევე იმედოვნებს გაეროს მეშვეობით კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედებას. ევროკავშირის ქვეყნებმა ამ დრომდე დაახლოებით, 17,5 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინეს.

ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს

ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია, - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა „პრეზიდენტი სი ძინპინი  და მე ვთანხმდებით: ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია. ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი გადაკვეთს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავლებულ ხაზს“, – განაცხადა შოლცმა. ამასთან, შოლცის თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება მსოფლიოში მშვიდობაზე პასუხისმგებლობა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ოლაფ შოლცი უკვე შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს.  Reuters-ის ცნობით, ოლაფ შოლცმა და სი ძინპინმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე იმსჯელეს. გერმანიის კანცლერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელიც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ჩინეთში ჩავიდა. შოლცი პეკინში გერმანულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ოლაფ შოლცმა ჩინეთში ვიზიტისას ტაივანის საკითხზე ისაუბრა

გერმანიის კანცლერი და ჩინეთის პრეზიდენტი პირობას დებენ, რომ გლობალური მშვიდობისთვის იმუშავებენ. ამის შესახებ Anadolu წერს. შოლცი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პეკინს მას შემდეგ ეწვია, რაც სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამედ აირჩიეს. ჩინეთში ეს მისი პირველი ვიზიტია კანცლერის რანგში. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შოლცის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ორ მხარეს შორის ურთიერთგაგებასა და ნდობას და გააღრმავებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ასევე შესაძლებლობას მისცემს მხარეებს, ორმხრივი კავშირების გაძლიერება , დაგეგმონ. „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აჩვენებს, რომ ვიდრე მხარეები ერთმანეთის პატივისცემის პრინციპებს იცავენ, ეძებენ საერთო ბაზისებს განსხვავებების მიუხედავად და განაგრძობენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, ორმხრივი კავშირები მთლიანობაში სწორი მიმართულებით გაგრძელდება და სტაბილური პროგრესი მიიღწევა“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს თავის მხრივ, Reuters-ის ცნობით, დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა განაცხადა, რომ მან ტაივანის საკითხი წამოჭრა. „აშშ-ს და სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენ ვემხრობით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. მაგრამ მე თანაბრად მკაფიოდ განვაცხადე, რომ ტაივანის სტატუს კვოს ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს მშვიდობიანი ან ურთიერთშეთანხმებით“, - განაცხადა შოლცმა. „ისტორიული ინფლაციისა და გერმანიაში მოსალოდნელი რეცესიის ფონზე, შოლცი შეეცდება, ხაზი გაუსვას ჩინეთთან თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას. მის ვიზიტს ევროკავშირისა და გერმანიის სამთავრობო კოალიციის შიგნით, ძირითადად მწვანეთა პარტიისა და ლიბერალების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა“, - წერს Reuters-ი.

იაპონური ავტომწარმოებელი Infiniti რუსეთის ბაზარს ტოვებს

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Infiniti-მ განაცხადა, რომ რუსეთის ბაზრიდან გადის. რუსეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 63%-ით შემცირდა იაპონურმა ბრენდმა, ახალი ავტომობილების მიწოდება რუსეთის ბაზარზე 9 მარტს შეაჩერა. კომპანიამ განაცხადა, რომ რეგულარულად აკვირდება რუსეთში არსებულ ვითარებას და აანალიზებს სანქციების გავლენას ბრენდსა და ბიზნესზე.  უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციების გამო, რუსული ბაზარი ბევრმა ავტომწარმოებელმა დატოვა.  Ford-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს მათ შორისაა General Motors-ი, Volvo, Mitsubishi, Harley-Davidson-ი, Ford-ი, BMW, Jaguar Land Rover-ი, Volkswagen-ი, Skoda, Mercedes-Benz-ი და სხვები, მათ შორის პრემიუმ ბრენდები Porsche, Ferrari და Lamborghini. Mercedes Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს ევროპული ბიზნესის ასოციაციის (AEB) მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით აგვისტოში, რუსეთში ავტომობილების გაყიდვები 62,4%-ით შემცირდა.  ამასთან, რუსეთის მოქალაქეებმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2022 წლის ცხრა თვეში 20,7%-ით ნაკლები მეორადი ავტომობილი შეიძინეს.   

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა, ჯამში 98 850 აშშ დოლარი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში 98 850 აშშ დოლარი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 274 675 ლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში 27 467 ლარით დაჯარიმდნენ.  

უკრაინა: რუსულმა ძალებმა მიკოლაივი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ მიკოლაივი S-300 რაკეტებით კიდევ ერთხელ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ბიჭები წინ მიიწევენ, რუსები კი ხომალდების გზას მიუყვებიან „წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, სხდომაზე განიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი. აღსანიშნავია, რომ წელს, თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვერსია მზად იყო პარლამენტისთვის წარსადგენად, მაგრამ მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მიმდინარეობს დოკუმენტის უსაფრთხოების არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა. პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის განახლების მიმართულებით, რომლებშიც აგრეთვე აისახება შეცვლილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. სხდომის მონაწილეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობასა და კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესზეც იმსჯელეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სექტორული ნუსხების შედგენის პროცესზე. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი“, - იუწყება საქართველოს მთავრობა.  

ეროვნული ბანკი: არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა დაფიქსირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს. ეროვნული ბანკის ცნობით, სხვადასხვა ლოკაციაზე არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები დაფიქსრიდა. „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა. მოვუწოდებთ მეწარმე სუბიექტებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის გვერდის ავლით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოებისგან. ამავდროულად, ვთხოვთ, მომხმარებლებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ვალუტა გადაცვალონ მხოლოდ რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ყოველთვის მოითხოვონ ქვითარი, ხოლო ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწერონ - cp@nbg.gov.ge“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რომის პაპი: პოლიტიკური ლიდერები კვლავ ცეცხლითა და რაკეტებით თამაშობენ, ჩვენი საერთო სახლი ფერფლითა და სიძულვილით იფარება

რომის პაპმა ფრანცისკემ, ბაჰრეინის რელიგიათაშორის სამიტზე გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მსოფლიოში ომების შედაგეად შექმნილ ვითარებას მიუძღბვნა. ამის შესახებ Vatican News-ი იტყობინება.  რომის პაპმა აღნიშნა, რომ სამყაროს, რომელსაც „ვიწრო ინტერესები და ომები ამოძრავებს, რელიგიურმა ლიდერებმა კარგი მაგალითი უნდა მისცენ და ვალდებულნი არიან ომით დაზარალებულ ადამიანებსა და ოჯახებს დაეხმარონ“. მისივე თქმით, ორი მსოფლიო ომის შემდეგ, სამყარო მაინც კატასტროფული კონფლიქტების წინაშეა.  „საშინელი ორი მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აჩერებდა სამყაროს, კატასტროფული კონფლიქტები მიმდინარეობს მსოფლიოს ყველა კუთხეში. ბრალდებების, მუქარისა და დაგმობის ფონზე, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით დელიკატური უფსკრულის ზღვარზე და არ გვსურს დაცემა“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ. ამასთან, ფრანცისკემ აღნიშნა, რომ „პოლიტიკური ლიდერები კვლავ ცეცხლითა და რაკეტებით თამაშობენ და ჩვენი საერთო სახლი ფერფლითა და სიძულვილით იფარება“.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა საბერძნეთიდან ჯავშანტექნიკის პირველ პარტიას იღებს

კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრეზიდენტს კატერინა საკელაროპულუს, ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტიის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა. საკელაროპულუს თქმით, საბერძნეთი პირველივე დღიდან უკრაინის გვერდით დგას. „ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გადაწყვეტილებას, დაიცვათ თქვენი ტერიტორიული მთლიანობა და დაგეხმარებით, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა საბერძნეთის პრეზიდენტმა. საბერძნეთის პრეზიდენტი და ეროვნული თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საკელაროპულუმ ასევე განაცხადა, რომ საბერძნეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას.  

მიხეილ სააკაშვილის კოვიდტესტის პასუხი ცნობილია

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. "ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის დიაგნოსტიკა. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმება არის მოსალოდნელი. ტემპერატურის მატებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სადღაც არის ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი, ეს ჩემი მოსაზრება გახლავთ. საჭიროა სასწრაფოდ გადაყვანა, სწორი დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია",-განაცხადა ჯიშკარიანმა. მისი თქმით, სიცხის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის. რაც შეეხება კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტს, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ტესტი უარყოფითია და მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ აქვს.