ძებნის რეზულტატი:
ირანის ეროვნული ვალუტის კურსი ისტორიულ მაქსიმუმამდე დაეცა
ირანში, ეროვნული ვალუტის კურსმა აშშ დოლართან მიმართებით, კვლავ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. bonbast.com-ის ცნობით, ისლამურ რესპუბლიკაში ფინანსური ტრანზაქციების ისტორიაში პირველად, დოლარი თავისუფალ ბაზარზე 34 920 რიალად იყიდება. ევროს ფასმა 34 155 ათას რიალს გადააჭარბა. ირანის ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ დადგნენ ვალუტის გაცვლის პუნქტებთან. ცენტრალურმა ბანკის განცხადებით, უცხოურ ვალუტაში მეწარმეებისა და მოსახლეობის საჭიროებები დაკმაყოფილდება.
უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში რამდენიმე საგუშაგო მიატოვეს
რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს საგუშაგოები ხერსონის ოლქში ჩორნობაივკაში, სტეპანივკასა და ბილოზერკაში, ხერსონში რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა შემცირდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის ჯარებმა მიატოვეს საგუშაგოები შემდეგ დასახლებებში: ჩორნობაივკა, სტეპანივკა და ბილოზერკა. თავად ქალაქ ხერსონში სამხედრო პერსონალის რაოდენობა შემცირდა", - აცხადებს ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკის მერი, ევგენი რიშჩუკი. მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ 3 ნოემბერს, ხერსონში „ადმინისტრაციის“ შენობიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ჩორნობაივკას აეროდრომიდან მთელი თავისი სამხედრო ტექნიკა გაიყვანეს.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა 278 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს - ზალუჟნი
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში, ათწლიანი ომის დროს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ განაცხადა. „სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში, 10-წლიანი ომის დროს - 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში - 118 საბჭოთა თვითმფრინავის წინააღმდეგ ავღანეთში", - წერს ზალუჟნი. უკრაინული მხარის ცნობით, 24 თებერვლიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით, 74 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და 258 მტრული ვერტმფრენი გაანადგურეს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7491 ლარი გახდა
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7491 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.05 თეთრი შეადგინა."გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.6760 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7309 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.49 თეთრი შეადგინა.გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1476 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.0925 ლარი ეღირება.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 ნოემბრიდან შევა ძალაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს
იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სახლი გაქურდეს. ინფორმაციას Corrieredellosport-ი ავრცელებს. მძარცველებმა ნეაპოლის შემოგარენში, კუმეს დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს. გამოცემა წერს, რომ ამ დროის ფეხბურთელი სახლში იმყოფებოდა, თუმცა ვერაფერი შეამჩნია. „ქართველმა ტალანტმა პოლიციაში საჩივარი უკვე შეიტანა, დღეს კი, გუნდთან ერთად ვარჯიშზე წავიდა“, - წერს იტალიური მედია.
უკრაინა: ტყვეობიდან 107 დამცველი გათავისუფლდა
დღეს რუსეთის ძალების ტყვეობიდან 107 უკრაინელი დამცველი გათავისუფლდა, რომელთაგან 74 აზოვსტალს იცავდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე წერს. „სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტყვეები სახლებში დაბრუნდნენ“, - წერს ერმაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: ეჭვი რომ შემპარვოდა, მართალი იყო, ჩავერეოდი, უსამართლოდ არ დავაჩაგვრინებდი კაცს
ეჭვი რომ შემპაროდა, რომ მართალი იყო ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი, უსამართლოდ არ დავაჩაგვრინებდი კაცს, - ასე გამოეხმაურა ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას. რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ,,მე, რაც წავიკითხე იქ წერია, რომ სამართლიანი სასამართლოს შესახებ არ დარღვეულა არაფერი. პირდაპირ გეტყვით, მე საერთოდ ის მიკვირს მაინცდამაინც პოლიტიკოსი უნდა იყოს ადამიანი ან ეკლესიის წინააღმდეგი უნდა იყოს, რომ დაინტერესდეს. ამდენი ადამიანი ციხეში ზის. ვისურვებდი ყველა საერთოდ გამოუშვან, თუ არის შესაძლებელი. ჩემს სურვილზე, რომ იყოს მე ყველას გამოვუშვებდი. ქალბატონი პრეზიდენტი თუ გამოუშვებს, მას აქვს დისკრეცია მიცემული და ვეღარ ჩაერევი. მე არ ვიცი ნიკა გვარამია, რის გამო ზის ციხეში”, - განაცხადა მეუფემ. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს ერინ მაქიის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიმართ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერაზე ყველა ძირითად სფეროში. ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღინიშნება და გასული 30 წლის განმავლობაში აშშ-მა, სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკური ზრდისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის და დარჩება რეგიონში აშშ-ის უახლოეს და საიმედო პარტნიორად და საქართველო მზად არის ეს მტკიცე პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექს სოკოლოვსკი, ადმინისტრატორის მოადგილის სპეციალური თანაშემწე ფილიპ ჯოტევსკი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე აარონ რუპერტი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან, შეხვედრას ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
უკრაინა: გათავისუფლებულ რაიონებში 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი
ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქების დასახლებებში, უკრაინის ტერიტორიების რუსული ჯარებისგან განთავისუფლების დაწყებიდან, პოლიციამ და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 868 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, მათგან 24 ბავშვია. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 14 ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ დღეს, ეროვნული პოლიციის ორგანიზაციული, ანალიტიკური მხარდაჭერისა და სწრაფი რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი სერგეევმა უწყების ბრიფინგზე განაცხადა. მანამდე დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკვე ნახეს ათასზე მეტი ცხედარი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში კონტრშეტევის დაწყების შემდეგ იპოვნეს. უკრაინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები რუსული ოკუპაციის დროს დაიღუპნენ. ალექსეი სერგეევის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ მუშაობა 375 დეოკუპირებულ დასახლებაში განაახლა. 43 პოლიციის პუნქტი დონეცკის ოლქში, 244 ხარკოვსა და 88 ხერსონში გაიხსნა.
„მარცვლეულის დერეფნით“ ერთ კვირაში, მილიონ ტონაზე მეტი სურსათის ექსპორტი განხორციელდა
გასულ კვირას უკრაინამ, მარცვლეულის დერეფნით 1,1 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანა. ამ დერეფნით ექსპორტზე, 309 ათასი ტონა ხორბალი გავიდა. რუსეთი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმების შესრულებას ისევ განაახლებს ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო იტყობინება, იუწყება Ukrinform. „მარცვლეულის დერეფნის ბოლო ერთი კვირის სტატისტიკა ასეთია: უკრაინამ გაიტანა თითქმის 0,5 მილიონი ტონა სიმინდი და 309 ათასი ტონა ხორბალი. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჯამური ტონაჟი კვირაში 1,1 მილიონი ტონაა“, - ნათქვამია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს ანგარიშში. მარცვლეულის დერეფნის ფარგლებში, საზღვაო გზით ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანმა მოცულობამ 10 მილიონ ტონას გადააჭარბა. დიდი ოდესის პორტებიდან ჯამში 430 გემი გავიდა, აქედან 279 სიმინდითა და ხორბლით იყო დატვირთული. ასევე წაიკითხეთ: რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება
ზელენსკი: უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ მას პუტინიც დაესწრება
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მისი პოზიცია უცვლელია, უკრაინა G20-ის სამიტს არ დაესწრება, თუ ბალიზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი ჩავა. ამის შესახებ მან კიევში, საბერძნეთის პრეზიდენტ კატერინა საკელაროპულესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩემი პირადი პოზიცია და უკრაინის პოზიცია იყო, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, მასში უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას. ვნახოთ, როგორ იქნება მომავალში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება.
ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაუშვა
ბულგარეთის პარლამენტმა, 3 ნოემბერს რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ The Sofia Globe იტყობინება. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 175-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 49, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. კენჭისყრამდე პარლამენტის დარბაზში ოთხსაათიანი დებატები გაგრძელდა. პარლამენტის „მწვანე შუქის“ შემდეგ ბულგარეთის მთავრობას ერთ თვეს აქვს იმისთვის, რათა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური დახმარების შესახებ გადაწყვეტილების პროექტი მოამზადოს.
ბექა ძამაშვილი მამალაძის საქმეზე: მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილი სასამართლომ საერთოდ არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს ამ ნაწილში ნული თეთრის გადახდა მოუწევს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მთავრობისთვის დაკისრებულ კომპენსაციაზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მისვე თქმით, გიორგი მამალაძის საქმეში ერთმანეთისგან ორი საკითხი უნდა გაიმიჯნოს. „ერთი არის, როდესაც მომჩივანი ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ეს ზიანი შეიძლება იყოს მატერიალური ან მორალური. კონკრეტულად ზიანის ნაწილში მომჩივანი ითხოვდა დაახლოებით 450 ათასი ლარით ოდენობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას და 150 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას. ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლება დაადგინა ამ ნაწილში სასამართლომ საერთოდ არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს ამ ნაწილში ნული თეთრის გადახდა მოუწევს, ანუ საერთოდ არაფერს გადაიხდის. და მეორე მხარე არის, როდესაც სტრასბურგში საქმის წარმოება უწევს ადამიანს, იქ აქვს მას გარკვეული ხარჯები. ეს არის იურიდიული მომსახურების ხარჯები თუ სხვა. სწორედ ამ ნაწილში, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 9400 ლარის ოდენობით აუნაზღაუროს ეს ხარჯები. არა ზიანის ნაწილში, არამედ ხარჯების. ეს ხარჯები იქნება იგივე ადვოკატისთვის გადასახდელი თანხა და ა.შ. შესაბამისად, ყველასთვის რომ გასაგები იყოს, სასამართლომ ჩათვალა, რომ ის პროცედურული დარღვევები, ის მცირედი, არ ყოფილა ისეთი არსებითი ხასიათის, რომ რაიმე კომპენსაცია, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მთავარი მოთხოვნა რაც იყო მომჩივნის, ის არ დაკმაყოფილდა. განაჩენის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა და შესაბამისად, ამიტომაც არ ჩათვალა სასამართლომ საჭიროდ, რომ მომჩივანს რაიმე განსაკუთრებული მორალური ზიანი მიადგა ამის გამო“- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
თბილისში, ცურტაველის ქუჩაზე სახლის ნაწილი ჩამოინგრა
თბილიში, ცურტაველის 3-ში მდებარე ორსართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც Europetime-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. „სახლის ამ ნაწილში ოთხი ოჯახი ცხოვრობდა. მათი ევაკუაცია უკვე განხორციელდა. მერია მათ ალტერნატიულ საცხოვრებელს შესთავაზებს და ქირასაც დაუფარავს“, - აცხადებენ თბილისის მერიში. რაც შეეხება სახლის ნაწილის ნგრევის მიზეზს, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამას ექსპერტიზა დაადგენს. პეტრიწის 3-ში მდებარე სახლის მცხოვრებთა თქმით, მათ თბილისის მერიას რამდენჯერმე წერილობით მიმართეს, თუმცა სახლის ჩამონგრევამდე, მათთან არავინ მისულა.
სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლებულია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ამის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ნონა მამულაშვილი პარლამენტს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
ნონა მამულაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს პარლამენტს ტოვებს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. „მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს და "ნაციონალურ მოძრაობას" ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად. გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად ტანჯავს ქვეყანას, როცა ციხეში პოლიტიკური პატიმრები არიან, ოლიგარქიულმა სისტემამ კი ევროპული მომავალი ხელიდან გამოგვგლიჯა - საქართველოს პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება. მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამას საზოგადოების მხოლოდ 16 პროცენტიანი ნდობაც ადასტურებს. ამ პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს. მე დღესაც, როგორც 2020 წელს იგივე და მარტივი მიზანი მაქვს - მოქმედება. ვხედავ, რომ დღეს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა პარტიული პოლიტიკის გარეთ უფროა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ვუერთდები გიორგი ხვედელიანისა @Giorgi Khvedeliani და ბექა ყორშიას მიერ თანამოაზრეებთან ერთად შექმნილ ინოვაციურ პლატფორმა "გამზირს" გამზირი • Gamziri გიორგის პარტიაში ყოფნისას, ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გამოცდილება, მისი ხედვები იყო და რჩება ყველაზე საინტერესო ხედვებად, რაც გარშემო მომისმენია. ჩვენ ერთად, “გამზირის” პლატფორმაზე მალე დავიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს - “რეისი” გარდა ამისა, მე და გიორგი, ჩვენს ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ვმუშაობთ მასშტაბური, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საერთაშორისო პროექტის დასაწყებადაც. რისი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის დასავლური მომავლისთვის ბრძოლა იქნება”, - წერს მამულაშვილი.
უკრაინა: რუსეთის ძალებმა, ნიკოლაევის პორტში ჩინეთის საზღვაო ტერმინალი გაანადგურეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთმა ნიკოლაევის საზღვაო პორტში, ჩინური კორპორაციის მიერ დაქირავებულ ტერმინალზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად $26 მილიონის ღირებულების 17,000 ტონა მზესუმზირის ზეთი განადგურდა. მისივე თქმით, ჩინეთის მიერ იჯარით აღებული კიდევ ერთი ტერმინალი ასევე დაბომბვის საფრთხის ქვეშ რჩება. „ჩვენ მოვუწოდებთ ჩინურ მხარეს, მოსკოვს მომხდარზე პასუხი მოსთხოვოს, ასევე მოუწოდოს, რომ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეწყვიტოს“, - აცხადებს ოლეგ ნიკოლენკო.
დმიტრო კულებამ G7-ის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ირანული დრონის ნაწილები წარმოადგინა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა ხელმძღვანელების შეხვედრისას წარმოადგინა ირანული წარმოების თვითმფრინავის ნამსხვრევები. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის 40%-მდე განადგურდა ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ზე დაწერა. „დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩემი დღევანდელი გამოსვლისას მათ ვაჩვენე ირანული წარმოების თვითმფრინავის ნაწილი, რომელიც ახლახან დაესხა თავს კიევს. ირანმა უნდა შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც უკრაინელების მოსაკლავად იყენებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრი გლობალური ზეწოლისა და შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან“, - წერს კულება. უკრაინის საჰაერო ძალები: ჯამში 300-ზე მეტი ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოვაგდეთ 3-4 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი იმართება. შეგახსენებთ, ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
პრეზიდენტი: ძალიან უცნაურია დღეს, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებით თუ ტრადიციების გადარჩენის ლოზუნგებით, ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება
„ძალიან უცნაურია დღეს, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებით თუ ტრადიციების გადარჩენის ლოზუნგებით, ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება. იმ ევროპას, რომელიც ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, მებრძოლისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის უალტერნატივო მიზანს წარმოადგენდა. ეს ბრძოლა არ მთავრდება, გამოწვევები რთულდება და იზრდება მოთხოვნები“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, რამეთუ ქვეყნის ინტერესების დაცვა დღეს ბევრად მეტი მიმართულებით მიმდინარეობს - დიპლომატია ცხადია, პოლიტიკა, კულტურა, ეკონომიკა, მაგრამ ასევე ტექნოლოგია, მეცნიერება, გარემო დაცვა, ენერგეტიკა, კიბერუსაფრთხოება და კიდევ ბევრი სხვა რამის საჭიროება არსებობს ამ ყველა მიმართულებით ჩვენს დიპლომატიურ სამსახურში. ეს დღე ეკუთვნის ასევე საზოგადობას, ყველას, რამეთუ მსოფლიო რუკაზე საქართველოს დამკვიდრება და საკუთარი სახის და იდენტობის პოპულარიზაცია მოითხოვს ყველას ჩართულობას. საქართველოს დღეს იცნობენ ჩვენი დიპლომატების მეშვეობით, ჩვენი სტუდენტების მეშვეობით, ჩვენი დიასპორის მეშვეობით, მაგრამ ასევე იცნობენ იმდენად, რამდენადაც იცნობენ სუხიშვილებს, ხატია ბუნიათიშვილს, ნინო ხარატიშვილს, დემნა გვასალიას, ხვიჩა კვარაცხელიას, ლაშა ტალახაძეს თუ ოთარ იოსელიანს და კიდევ ბევრ სხვას. ცხადია, ალბათ, ბევრი სახელი გამომრჩა და გამომრჩებოდა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მთლიანად საზოგადოების საქმეა. პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც უაღრესად სჭირდება დიპლომატია და პროფესიონალური დიპლომატია, მას ასევე სჭირდება ყოველივე მისი მოქალაქის, მისი თანამემამულის ჩართულობა ამ დიდ საქმეში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ყველგან, შიგნით, გარეთ და მუდამ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ორბელიანების სასახლეში დღეს დიპლომატის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ელჩები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები ესწრებოდნენ. სასახლეში ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტაციის გამოფენა „ქართული დიპლომატიის მეხსიერება“ გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. „არ მინდა, ამ დღის აღნიშვნა ისე დავიწყოთ, რომ არ გავიხსენო ორი ადამიანი: ერთი, დიპლომატიის დღის დაარსების იდეის ავტორი, იმ დროისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, გოგა გომიაშვილი და მეორე ადამიანი გურამ შარაძის შვილი, გიორგი შარაძე, რომელიც ამ დღის შექმნაში მონაწილეობდა, რომელმაც ეს ღონისძიება ჩვენი პირველი რესპუბლიკის დიპლომატების პორტრეტების არაჩვეულებრივი გამოფენით გააფორმა. საქართველოს დიპლომატიის ისტორია პრაქტიკულად საქართველოს ისტორიაა. ეს დღე ნამდვილად ეკუთვნის ყველას იმათ, ვინც საქართველოს ინტერესების დასაცავად შეიტანეს თავიანთი წვლილი ამ დიპლომატიის ისტორიაში. ეს ეხება, ქართველ მეფეებს და მეფის ემისრებს, თავადებსა თუ რელიგიურ პირებს, რაც იყო ასევე ჩვევა იმდროინდელი ისტორიისთვის. მათ დიპლომატიით და შორსმჭვრეტელობით გადაარჩინეს ხშირ შემთვევაში საქართველო მეზობელი იმპერიების შემოსევების ჟამს და შექმნეს საქართველო. ეს იყო გარე დიპლომატია, როგორც ეს იყო შიდა დიპლომატია. შეგვიძლია, გავიხსენოთ შიდა დიპლომატიის კუთხით კრავაი ჯაყელი და გარე დიპლომატიის კუთხით ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, რომ არაფერი ვთქვათ სულხან-საბაზე. ეს დღე ასევე ეკუთვნის პირველი რესპუბლიკის სწორედ პირველ დიპლომატებს. ესენი არ იყვნენ ასე, რომ ვთქვათ, პროფესიონალი დიპლომატები, მაგრამ იყვნენ უფრო მეტნი, ვიდრე პროფესიონალები, იყვნენ პროფესიონალი პატრიოტები, განათლებული ადამიანები და მათ ჰქონდათ ის, რაც ყველაზე დიდი ძალაა დიპლომატიაში - როცა იცი რა გინდა შენი ქვეყნისთვის და ამ ადამიანებმა შესანიშნავად იცოდნენ, რა უნდოდათ საქართველოსთვის, რას იცავდნენ, რა იყო მათი მომავლის ხედვა. მათ წილად ერგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი საზღვრების დაცვა ორმხრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა 21 წელს ეს პირველი ეტაპი. ეს დღე ეკუთვნის ასევე, 91 წელს ახლად შექმნილ, აღდგენილ ჩვენს დიპლომატიას და ეს უკვე პროფესიონალური კორპუსია, რომლებიც ძალიან რთულ პირობებში და ძალიან მწირი რესურსებით იყვნენ, პრაქტიკულად არანაირი შესაძლებლობით არც შიგნით და არც გარეთ - მაგრამ მათაც ძალიან კარგად იცოდნენ რისთვის მოდიოდნენ და მათი ღვაწლი და მათი მეხსიერება შემდგომში მთელ დიპლომატიას გამოჰყვა. შემიძლია, პირადად ვთქვა, რომ იმ დროისთვის, მთავარი მოლაპარაკებები, რაც ჩავატარე რუსეთთან სამხედრო ბაზების გასაყვანად არ იქნებოდა, თუ არა ის მეხსიერება, ის გამოცდილება, რაც იყო იმ ჯგუფის, რომელიც ამ საკითხებზე პირველი დღიდან მუშაობდა. მათ შეძლეს მთავარი - ჩვენი სხვადასხვა პარტნიორებისგან დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევა, საქართველოს ცნობადობის გაზრდა, რომელიც საკმაოდ დაბალი იყო; გარე საფრთხეების და ომების პირობებში, ჩვენი უსაფრთხოების დაცვა და იმ დროისთვის, სასიცოცხლო დახმარების მოპოვება. ამდენად, პირველი თაობის დამსახურება უდიდესია. ეს დღე არანაკლებად ეკუთვნის იმ თაობას, რომელიც შემდეგ მოვიდა. ზოგი კიდევ იყო იმ ძველი დროიდან და რომლებმაც საქართველო ხელახლა დააყენა სულხან-საბა ორბელიანის ევროპულ გზაზე და მიგვიყვანა ახლო მეზობლობიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობამდე, ვიზალიბერალიზაციიდან და ასოცირების გაზი დღევანდელ, უკვე ყველასგან აღიარებულ ევროპულ პერსპექტივამდე და ხვალინდელ კანდიდატურამდე. ვისაც ამ ევროპული გზის საწყისი ეტაპები ახსოვს, იმას კარგად ესმის, თუ რა შრომის, რა თავდადებული, მიზანმიმართული ღვაწლის შედეგია დღევანდელი მიღწევა და ხვალინდელი კიდევ უფრო სერიოზული მიღწევა სწორედ დიპლომატების ფასდაუდებელი შრომის შედეგია. ამიტომ სრულიად გამართლებულია ამ დღისადმი სულხან-საბას პატრონაჟი, რამეთუ თუ თვითონ წარმატებული ვერ დაბრუნდა თავისი ევროპული მისიიდან, მან მაინც დაგვიტოვა სწორი გეზი და სწორი მიმართულება, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება დამოუკიდებლობის მამებს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურებს, სახელმწიფო მოღვაწეებს და დიპლომატებს ხვდათ წილად. დღეს იქ ვართ, სადაც ვართ, სწორედ იმიტომ, რომ ჯერ იყო სულხან-საბა და შემდეგ იყვნენ ჩვენი გულანთებული პატრიოტები, დიპლომატები და იმათ ესმოდათ, რომ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ, რაც არ უნდა რთული იყოს, ალტერნატივა არ გააჩნია და არ გააჩნდა მაშინაც“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ელჩი დეგნანი: გვსურს, რომ საქართველო ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული
„ქართველმა ხალხმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ სურს ძლიერი დემოკრატია, ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების განხორციელებისთვის, ეს არის ის, რასაც 30 წელია, ვაკეთებთ და ამის გაკეთებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ მართლაც გვჯერა საქართველოს წარმატების და გვსურს, რომ ეს ქვეყანა ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიას 3 ნოემბერს განუცხადა. მას დღეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე ჰკითხეს. ელჩს აშშ-ის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის კომენტარზეც დაუსვეს შეკითხვა. ელჩი დეგნანი: ყველაფერი, რასაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს „თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, ასევე, ევროკავშირის და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადება. ყველაფერი, რაც აშშ-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში გააკეთა საქართველოსთვის, მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდაჭერას, უსაფრთხო, დემოკრატიული მომავლისათვის. ამ მომავლის მისაღწევად, მიუკერძოებელი სასამართლოს ცენტრალური ადგილი უკავია და ყველაფერი, რასაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახეც კი აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. საქართველოს ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, ქართველ ხალხს დაჰპირდა საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ან თუნდაც რისკის ქვეშ აყენებს ამას, ღრმად შემაშფოთებელია. შეერთებულ შტატებში ჩვენ ვაფასებთ და ვიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი. ეს არის ის, რასაც მოაქვს მედეგობა, სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვისაც, რომელმაც არაერთხელ დააფიქსირა, რომ სურს ძლიერი დემოკრატია, ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების განხორციელებისთვის, ეს არის ის, რასაც 30 წელია, ვაკეთებთ და ამის გაკეთებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ მართლაც გვჯერა საქართველოს წარმატების და გვსურს, რომ ეს ქვეყანა ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა ქართულ მედიას.