ძებნის რეზულტატი:
კრემენაია ჯერ არ არის გათავისუფლებული, მაგრამ რუსეთის ძალების სარდლობა უკვე ევაკუირებულია რუბეჟნოეში - გაიდაი
რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა, უკრაინის არმიის ინტენსიური ზეწოლის შედეგად, კრემენაიადან გავიდა და რუბეჟნოემდე მიაღწია, კერძოდ, ფრონტის ხაზის სამხრეთით, 15 კილომეტრში. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა. „ცნობები იმის შესახებ, რომ ჩვენმა სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს კრემენაია ან მის შემოგარენში მაინც განიცადეს პროგრესი, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქთან ახლოს და შემიძლია ვთქვა, რომ კრემენაიაში განლაგებული გარკვეული ეშელონის სარდლობა ახლა ევაკუირებულია რუბეჟნოემდე“, - განაცხადა გაიდაიმ. კითხვას, რამდენად შეძლებენ რუსეთის ძალები კონტრშეტევის მოწყობას ლიმანის მიმართულებით, ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ მათ ჰქონდათ ასეთი გეგმები, მაგრამ ის უკრაინულმა ძალებმა ჩაშალეს.
ერდოღანი რონალდუზე: სამწუხაროდ, ის „პოლიტიკური განწყობების“ გამო, აკრძალვის ქვეშ მოექცა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატარში ახლახან დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებზე კომენტარი გააკეთა. ერდოღანის თქმით, არგენტინელი ლიონელ მესის და პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს შედარება არასწორია. მისივე თქმით, ეს უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატზე „პოლიტიკური აკრძალვის“ ქვეშ მოექცა. მათ რონალდუ შესაძლებლობები ფუჭად „გაფლანგეს". სამწუხაროდ, ის „პოლიტიკური განწყობების“ გამო, აკრძალვის ქვეშ მოექცა. მატჩის დასრულებამდე 30 წუთით ადრე მოედანიდან ისეთი ფეხბურთელის გაშვებამ, როგორიც რონალდუა, მისი ფსიქოლოგია დაანგრია და ენერგია წაართვა“, - განაცხადა ერდოღანმა. „რონალდუ არის ადამიანი, რომელიც იცავს პალესტინელების სამართლიან საქმიანობას“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ბუჩაში „მაკდონალდსი“ გაიხსნა
„მაკდონალდსმა“ საშობაო არდადეგების წინა დღეს, ბუჩაში რესტორანი კვლავ გახსნა, იტყობინება უკრაინული მედია. რესტორანი ბუჩაში 2022 წლის მარტში საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა, ის მანამდე, 2020 წლის 23 დეკემბერს გაიხსნა. რესტორანი 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებს და აღჭურვილია გენერატორით, რომელიც დაწესებულებას ელექტროენერგიის გათიშვის დროს უფრო სტაბილურად მუშაობის საშუალებას მისცემს. 20 სექტემბერს მაკდონალდსმა კიევში რესტორნების ეტაპობრივი გახსნა დაიწყო. 25 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინაში 64 რესტორანი ფუნქციონირებს. ომამდე, უკრაინის 24 ქალაქში „მაკდონალდსის“ ქსელი 109 რესტორნისაგან შედგებოდა.
მთავრობამ ქარის, მზის და ჰიდროენერგიის პროექტები განიხილა - ვინ არიან ინვესტორები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 14 საკითხი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საკითხი სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „500 Georgia, L.P ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში“ მონაწილეობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ინოვაციური ბიზნესის განვითარებამ მიაღწია იმ საფეხურს, როდესაც გლობალური მასშტაბის მოთამაშეები ინტერესდებიან ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაში ინვესტირებით. 500 Georgia არის 20 მილიონ აშშ დოლარიანი ვენჩურული ფონდი, რომელიც დაფუძნდა 500 Global-ის მიერ ქართულ სტარტაპებში ინვესტირების, ინოვაციების მხარდაჭერისა და შემდგომი განვითარების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ვენჩურული ფონდი, რომელშიც, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს კერძო სექტორი - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება ფონდის პარტნიორი 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით. განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულების რამდენიმე პროექტი, რომლებიც საქართველოში ქარის, მზისა და ჰიდრო-ელექტროსადგურების განვითარებას ეხება. აღნიშნული პროექტების დადგმული სიმძლავრე 153 მეგავატზე მეტია. მთავრობის წევრებმა იმსჯელეს ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ვინდ ფარმს“ შორის ,,ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ვინდ ფარმს“ შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს ,,ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. პროექტის განხორციელება იგეგმება კასპის მუნიციპალიტეტში. პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება 173,5 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი 59,4 მლნ. აშშ დოლარი. სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“ შორის „დევაში ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც კომპანიამ 15 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს „დევაში ჰესის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ჰიდროელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა ლენტეხის მუნიციპალიტეტი, მდინარე დევაში. პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5,45 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება 28 მლნ.კვტ.სთ. საპროექტო ღირებულება კი 4,389 მლნ. აშშ დოლარი. მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება დაევალება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“. ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალი სამგორი. ელექტროსადგურის პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 96 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება196,7 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი 86,935 მლნ. აშშ დოლარი.
ზელენსკი: ჩვენ გადავიტანთ ზამთარს, რადგან ვიცით, რისთვის ვიბრძვით
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინელები ამ ზამთარს ისევე გაუძლებენ, როგორც სარაკეტო თავდასხმებს, მუქარას და ბირთვულ შანტაჟს, რადგან იციან, რისთვის იბრძვიან. ზელენსკიმ ასევე გამოაქვეყნა ფოტოებ უკრაინელების ცხოვრებისა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. „გვჯერა, რომ ცრემლებს სიხარული ჩაანაცვლებს, სასოწარკვეთას იმედი მოჰყვება და სიკვდილს სიცოცხლე დაამარცხებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ლევან დავითაშვილმა დაასახელა ინვესტორი, რომელიც წყალტუბოში კაპიტალის განთავსებით დაინტერესდა
წყალტუბოში უცხოელი ინვესტორი, კერძოდ, კატარული კომპანია „გოლდენ თაუერ ინვესტ გრუპი“ შემოდის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან აუქციონზე მხოლოდ 2 გაიყიდა ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლეს“ ფარგლებში, კატარულ საინვესტიციო ჯგუფს ხუთი ობიექტი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცემა. ვინ იყიდა აუქციონზე წყალტუბოს ორი სანატორიუმი „აუქციონზე გამოტანილი იყო ის ობიექტები, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად შეისწავლა უძრავი ქონების ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კომპანიამ. შესაბამისად, მოხდა რამდენიმე ობიექტის რეალიზაცია და საინვესტიციო შეთანხმება ქართველ ინვესტორებთან. ამ შემთხვევაში კი ჩვენ გვყავს უკვე უცხოელი ინვესტორი, რომელიც წარმოდგენილია სასტუმრო ბიზნესში და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომ პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლეს“-ს ფარგლებში მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. ეს იქნება სხვადასხვა დონის, 3, 4, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანწილად იქნება წარმოდგენილი გამაჯანსაღებელი და სპორტული კომპონენტები იმ კვლევისა და შესწავლის შესაბამისად, რაც ჩვენ კომპანია „კოლიერსთან“ ერთად გავაკეთეთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ინვესტორებისთვის საპრივატიზებო აუქციონებზე 14 სანატორიუმის გამოტანას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიიღებს სწორედ იმ მიზნობრივ ინვესტიციებს, რომლებიც წყალტუბოს კურორტის გასაცოცხლებლად და ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად გადასაქცევადაა საჭირო. ამასთან, მისი განმარტებით, არსებობდა შემდეგი მნიშვნელოვანი წინაპირობა - სახელმწიფომ მოახდინა ძირითადი რესურსის, სამკურნალო წყლების გამოსყიდვა და დღეს ისინი ხელმისაწვდომია როგორც ამ მომსახურებით დაინტერესებული კერძო პირებისთვის, ისე ყველა იმ ბიზნესისთვის, რომელიც წყალტუბოში განახორციელებს ინვესტიციებს და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას განაახლებს. რაც შეეხება საინვესტიციო თანხას - ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, კატარული საინვესტიციო ჯგუფისთვის მინიმალური საპრივატიზაციო თანხა დაახლოებით 12 მლნ ლარია, 35 მილიონ ლარამდე კი საპრივატიზაციო ვალდებულებები.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას აუქმებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას აუქმებს. გადაწყვეტილებას ადმინისტრაცია განცხადებაში განმარტავს. „ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას. აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტაივანი ჩინეთს „სამხედრო შეჭრაში“ ადანაშაულებს
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთი ახორციელებს „ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეჭრას ტაივანის გარშემო ზღვებსა და ცაში“. ამის შესახებ BBC იუწყება. აღნიშნავენ, რომ ჩინეთის საჰაერო ძალების 71 თვითმფრინავი, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები და დრონები, ტაივანის ე.წ. საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა. ორშაბათს, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 43 ჩინურმა თვითმფრინავმა გადაკვეთა ეგრეთ წოდებული მედიანური ხაზი, არაოფიციალური ბუფერი, რომელიც ჰყოფს ორ მხარეს საჰაერო თავდაცვის ზონაში. ჩინეთმა განაცხადა, რომ „კვირას ტაივანის გარშემო „შეტევითი წვრთნები“ ჩაატარა კუნძულისა და შეერთებული შტატების პროვოკაციების საპასუხოდ“. ჩინეთი ტაივანს განიხილავს როგორც სეპარატისტულ პროვინციას, რომელთანაც საბოლოოდ გაერთიანებას გეგმავს. დაძაბულობა ორ მხარეს შორის ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა. ტაივანი აცხადებს, რომ კუნძულის გარშემო ჩინეთის თვითმფრინავებისა და ხომალდების გადაადგილებას აკონტროლებს აგვისტოში პეკინი აღაშფოთა კუნძულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტმა, რომელიც ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც ტაივანს ეწვია ბოლო 25 წლის განმავლობაში. ჩინეთმა საპასუხოდ ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები ჩაატარა და კუნძულთან ვაჭრობა შეაჩერა. ვაშინგტონი ერთი მხრივ, იცავს ერთი ჩინეთის პოლიტიკას, მაგრამ ის ასევე ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას ტაივანთან და ყიდის იარაღს ტაივანთან ურთიერთობის აქტის მიხედვით, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა კუნძული საკუთარი თავდაცვის საშუალებებით უნდა უზრუნველყოს. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება 1260, ექთნებისთვის კი, 792 ლარით განისაზღვრება
მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის - 792 ლარით განისაზღვრება. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. მინისტრმა განმარტა, რომ ხელფასის ეს ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული. „ექიმებისა და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ამას სახელმწიფო კლინიკებში საპილოტე პროექტადაც ვამუშავებდით. ასევე, მიმდინარეობდა პროცესზე დაკვირვება და ვფიქრობთ, რომ სამედიცინო სერვისებზე გადახდით, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს საყოველთაო ჯანდაცვიდან მიზანშეწონილია, განისაზღვროს ექიმებისა და ექთნებისთვის ყოველთვიური ხელფასის მინიმალური ოდენობა. ეს არის მინიმალური ოდენობა და არ არის ეს ხელფასის დაფიქსირება. ამაზე მაღალი ხელფასის განსაზღვრა შეუძლიათ. ექთნების შემთხვევაში ეს არის დარიცხული 792 ლარი, ექიმების შემთხვევაში კი, დარიცხული 1260 ლარი. იყო სპეკულირება, რომ განვსაზღვრეთ ფიქსირებული ხელფასები და ეს არის დაბალი იმ შრომასთან, რასაც ექიმები და ექთნები ეწევიან. რასაკვირველია, ეს დაბალია, თუმცა არის მინიმალური და არა ფიქსირებული", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
კალაძე პიროტექნიკის გამოყენებაზე: სამომავლოდ, აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანება ხდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანების ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე კი, შესაბამისი ზომებია მისაღები. კითხვას, ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს თუ არა ბაზრობებზე პიროტექნიკის რეალიზაციას, კალაძე პასუხობს, რომ მომავალი წლიდან მიღებული იქნება გარკვეულ გადაწყვეტილებები. „ზოგადად, ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი დაიწერა ამაზე და მეც ვეთანხმები, რომ სამომავლოდ, აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანება ხდება, განსაკუთრებით, პატარებში. მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული და მომავალი წლიდან, აუცილებლად მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს", – განაცხადა კახა კალაძემ.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებით 1.45 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 1.65 თეთრით. 26 დეკემბრის საღამოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7028 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8712 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.89 ლარად. რამდენიმე დღეა, ლარი აშშ დოლართან და ევროსთან უფასურდება.
დნიპროში გორკისა და ჩკალოვის ძეგლების დემონტაჟი განხორციელდა
26 დეკემბერს დნიპროში, რუსი მწერლის მაქსიმ გორკისა და საბჭოთა პილოტის ვალერი ჩკალოვის ძეგლების დემონტაჟი განხორციელდა. ქალაქის კომუნალურმა სამსახურებმა ძეგლები სპეციალური ტექნიკის დახმარებით კვარცხლბეკებიდან ამოიღეს და ერთ-ერთი კომუნალური დაწესებულების ტერიტორიაზე გადაიტანეს. 16 დეკემბერს ქალაქში ალექსანდრე პუშკინისა და ვოლოდია დუბინინის ძეგლები აიღეს. საერთო ჯამში, საქალაქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და სსრკ-სთან დაკავშირებული 10-მდე ძეგლის დემონტაჟის შესახებ, მათ შორისაა ალექსანდრე ბულიგინის, მიხაილ ლომონოსოვის, გენერალ-ლეიტენანტი ეფიმ პუშკინის (ცნობილი როგორც ტანკი) და ალექსანდრე მატროსოვის ძეგლები.
ლევან დავითაშვილის თქმით, 2023 წლიდან საქართველოში ოპერირებას პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი დაიწყებს
„საქართველოში გაჩნდება პირველი გლობალური, ვენჩურული საინვესტიციო ფონდი, სადაც სახელმწიფო შევა თავისი კონტრიბუციით. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მსოფლიოში წამყვანი ამერიკული სტარტაპ-აქსელერატორი კომპანია „500,“ ,რომელიც საქართველოში უკვე წარმატებით საქმიანობს და აქტიურად თანამშრომლობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, დააფუძნებს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად ახალ ფონდს, რომელშიც სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას სხვა კერძო ინვესტორებთან ერთად“- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ფონდის მოცულობა, 20 მილიონი აშშ დოლარი იქნება. „ჩვენ დავინახეთ, რომ ბიზნესი საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ტექნოლოგიების წახალისების მიმართულებით საკმაოდ არის დაინტერესებული. ვენჩურული ფონდის ჩამოყალიბებით, სადაც, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფოც იქნება წარმოდგენილი უშუალოდ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით, ჩვენ გადავდივართ თვისობრივად ახალ ეტაპზე, როდესაც სტარტაპ-ეკოსისტემას ფინანსური მხარდაჭერის ახალი, უფრო მეტად გამართული, ინსტიტუციური საშუალება უჩნდება იმ დახმარებასთან ერთად, რომლითაც, აქსელერაციის ბაზაზე ამ კომპანიებს მხარს ვუჭერთ ხოლმე და ხდება ტექნიკური შესაძლებლობების ზრდა. ამ ზრდაში მონაწილეობენ სწორედ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, მათ შორის კომპანია „500,“ რომელიც გამორჩეული აქსელერატორია, წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე საქართველოშიც, სადაც 2023 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 500 Georgia არის ვენჩურული ფონდი, რომელიც დაფუძნდა 500-ის მიერ ქართულ სტარტაპებში ინვესტირების, ინოვაციების მხარდაჭერისა და შემდგომი განვითარების მიზნით. ფონდში, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს კერძო სექტორი - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება ფონდის პარტნიორი 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით. ფონდის პარტნიორებს ასევე წარმოადგენენ „საქართველოს ბანკი,“ ახლად შექმნილი ქართული ვენჩურული ფონდი „ისარი“ და სხვა ადგილობრივი კერძო ინვესტორები. ვეჩურული კაპიტალის ეს არის კერძო ინვესტირების სახეობა, რომელიც ხორციელდება მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე პერსპექტიულ კომპანიებში. ვენჩურული კაპიტალი - ტერმინი აღნიშნავს ინვესტორის მიერ გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელებას პოტენციურად წარმატებულ სტარტაპში. ასეთია ტერმინის მოკლე და მშრალი განმარტება. რეალურად კი, ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მთავარ მიზანს არამხოლოდ განხორციელებული ინვესტიციის დროის მოცემულ მომენტში ამოგება, არამედ ინვესტირებული კომპანიის იდეის, კონცეფციისა და პროდუქტის/სერვისის განვითარება წარმოადგენს. ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მთავარი მიზანი არის მიიღონ დიდი მოგება 5-10 წლიანი ინვესტირების გზით. ვენჩურულ ინვესტორთა მიზანი დამწყები, პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენაა, მათ სტარტაპ კომპანიებში ფინანსების დაბანდება და გრძელვადიანი მოგების გათვლა.
ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ შიმშილობის მე-12 დღეს, ექიმების კატეგორიული მოთხოვნით, შიმშილობა შეწყვიტა. შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა ამის შესახებ პარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს. ანა წითლიძემ ექიმებს, პარლამენტის აპარატსა და მეგობრებს, მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა. „მე, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან არ მქონდა იმის იმედი, რომ ჰუმანურობისგან დაცლილი ხელისუფლება რამეს იზამდა და ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილზე, ბოღმაზე, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ 10 წლის განმავლობაში გვკვებოს. იმ სიძულვილის მორევში რაშიც გვითრევენ, ვერ გადარჩება ვერავინ. ეს ვიცი ძალიან ზუსტად და არის ზღვარი, სადაც სიძულვილი უნდა გაჩერდეს... ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი - ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდები და არა პირიქით, იმიტომ რომ სიძულვილი არის არის ის, რაც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპული მომავლისკენ",- თქვა დეპუტატმა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თემურ ჯანაშია საავადმყოფოში გადაიყვანეს
საგარეო უწყება: სამწუხაროა, რომ პროტოკოლური განლაგების წესი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა
სამწუხაროა, რომ პროტოკოლური განლაგების წესი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას აუქმებს საქართველოს საგარეო უწყება ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს. საგარეო უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის, მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში. ზურაბიშვილის ადმინისტრაციის შეფასებით, ელჩების კონფერენციაზე, პრეზიდენტის სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრით, პროტოკოლი უხეშად დაირღვა „ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები. მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო ოთხი ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი. პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეშ დარღვევას, კერძოდ ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილი არ განისაზღვრა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება ექნებათ - ჯანდაცვის მინისტრი
„მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან, ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებულება ექნება, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ხუთი საერთაშორისო კომპანიიდან შეეძლებათ. „სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლონ. ეს ჩვენს მიერ შეთავაზებული ხუთი მააკრედიტებელი საერთაშორისო კომპანიიდან იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 2024 წლიდან, სამედიცინო აღჭურვილობის და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირებაც სავალდებულო გახდება. „ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული ნებისმიერი სახარჯი აღჭურვილობა თუ მასალა ჩვენს მიერ მკაცრად იქნება გაკონტროლებული, ვინაიდან ეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ ₾42.6 მილიარდი შეადგინა - ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომამ 42.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 303.37 მლნ ლარით, ანუ 0.72%-ით მეტია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. 2022 წლის ნოემბერში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 99 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტებმა 402 მილიონი ლარით იმატა. „დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 43.27 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.55 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.20 პროცენტული პუნქტით). ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.38% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.33%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.07%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.15%, ხოლო ევროს წილმა 17.08% შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
უკრაინა: რუსეთის ძალები ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით შეტევას გეგმავენ
რუსეთის ფედერაციის ჯარები აგრძელებენ ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით, ხოლო დამპყრობლები თავდაცვის პოზიციაზე იმყოფებიან ნოვოპავლოვსკის და ხერსონის მიმართულებით. Ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც 26 დეკემბრის 18:00 საათისთვის ოპერატიულ ინფორმაციას აქვეყნებს. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა 19 თავდასხმა განახორციელეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან. მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე აქტუალურია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. „დამპყრობლები აგრძელებენ ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით, კუპიანსკის, ავდეევსკის და ზაპორიჟჟიაში - ისინი ცდილობენ გააუმჯობესონ ტაქტიკური ვითარება. მტერი იცავს პოზიციებს ნოვოპავლოვსკისა და ხერსონის მიმართულებებზე", - ნათქვამია გენერალური შტაბის ინფორმაციაში. ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს 30-ზე მეტი დასახლების ტერიტორიებს, მათ შორის დონეცკის ოლქის ბერესტოვოეს, ბელოგოროვკას, სოლედარს, ბახმუტს, ნიუ-იორკს, ავდეევკას, ვესელეს, ნეველსკოეს, მარიინკას და ნოვომიხაილოვკას. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, 26 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 102,600 რუსი ჯარისკაცი, 3,016 მტრის ტანკი, 6,017 ჯავშანტექნიკა და დამპყრობლების სხვა აღჭურვილობა.
თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა
თურქეთმა საბურღი გემის დახმარებით შავ ზღვაში, 3023 კმ სიღრმეზე ახალი დიდი გაზის საბადო აღმოაჩინა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა Report-ის თურქული ბიუროს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის მარაგი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შავ ზღვაში 710 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა და შეფასებულია ერთ ტრილიონ დოლარად. ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს „გაზის მარაგმა სულ 710 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, ჩვენი საბურღი გემის „ფათიჰის“ მიერ გაზის ახალი მარაგის აღმოჩენის წყალობით“, - განაცხადა ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ. მოსალოდნელია, რომ შავ ზღვაში გაზის მოპოვების ყველაზე მაღალი დონე 2027-2028 წლებში დაფიქსირდეს და დღეში 40 მილიონი კუბური მეტრი შეადგინოს, ხოლო ყოველწლიურად, 15 მილიარდი კუბური მეტრი. თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების მთლიანი მოცულობა, ახალ აღმოჩენემდე 540 მილიარდი კუბური იყო.
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება
დსთ-ს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო თანამშრომლობის სფეროში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ორშაბათს დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ყაზახეთ-თურქმენეთი-ირანის რკინიგზა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ სატრანსპორტო დერეფნის განხორციელებაში. „ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობის ახალი მექანიზმები და ფორმატები დსთ-ში სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა თოყაევმა. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი (სსდ) “ჩრდილოეთი–სამხრეთი”- ეს არის მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირების მულტიმოდალური (ტვირთების ან მგზავრების ტრანსპორტირება ერთი ხელშეკრულების მიხედვით, მაგრამ სრულდება ტრანსპორტის არანაკლებ 2 სახეობით) მარშრუტი სანქტ–პეტერბურგიდან ბუმბაის (ინდოეთი) პორტამდე. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შექმნა ინიცირებული იყო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ კასპიისპირეთის რეგიონის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის - “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შექმნის იდეა 1993 წელს გაჩნდა, მაგრამ შესაბამის შეთანხმებას მხოლოდ 2000 წლის 12 სექტემბერს მოაწერეს ხელი რუსეთმა, ირანმა და ინდოეთმა, რატიფიკაცია კი 2002 წელს მოხდა. 2005 წელს პროექტს შეუერთდა აზერბაიჯანი. მოგვიანებით, “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შეთანხმებას შეუერთდა 10-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის: სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი. იდეის რეალიზაცია დამუხრუჭდა დასავლეთის მიერ ირანისთვის სანქციების დაწესების გამო. 2016 წლის იანვარში, სანქციების მოხსნის შემდეგ, პროექტმა კვლავ შეიძინა აქტუალურობა. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სიგრძე 7 ათას კმ-ზე მეტია. ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალზეა, რომელზეც გადის მარშრუტის სახმელეთო ნაწილის 35-53%. რუსეთისთვის ამ დერეფნის ძირითადი მიმართულებაა ბუსლოვსკაია-სანქტ-პეტერბურგი-მოსკოვი-რიაზანი-კოჩეტოვკა-რტიშჩევო-სარატოვი-ვოლგოგრადი-ასტრახანი. ამ მიმართულების სიგრძე 2 513 კმ-ია. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სამხრეთი ნაწილი ითვალისწინებს სარკინიგზო მაგისტრალებით ტვირთების გადაზიდვის რამდენიმე მარშრუტს: ტრანსკასპიის მარშრუტი: რუსეთის საზღვაო პორტების - ასტრახანის, ოლიას, მახაჭყალისა და ირანის პორტების - ბენდერ-ენზელის, ნოუშეჰერისა და ბენდერ-ამირაბადის - გამოყენებით; დერეფნის დასავლეთის შტო - პირდაპირი სარკინიგზო ხაზი სასაზღვრო გადასასვლელების გავლით - სამური (რუსეთი) - იალამა (აზერბაიჯანი), შემდეგ - ირანის სარკინიგზო ქსელი სასაზღვრო გადასასვლელების ასტარა (აზერბაიჯანი) - ასტარას (ირანი) გავლით; დერეფნის აღმოსავლეთი განშტოება - ეს არის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის გავლით ირანის სარკინიგზო ქსელამდე გასვლით: სერაქსი (თურქმენეთი) - სერაქსი (ირანი) და აკიაილა (თურქმენეთი) - ინჩე ბურუნი (ირანი). ამჟამად სწორედ ზემოაღნიშნული მარშრუტით მოძრაობს რუსეთის საექსპორტო ტვირთები აზერბაიჯანსა და ირანში.