ძებნის რეზულტატი:

ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-დან პუტინს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებს, რომ კრემლზე „თავის მომკვეთი დარტყმა“ უნდა განხორციელდეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პუტინის ფიზიკურად განადგურების მუქარად აფასებს. ის არ აკონკრეტებს რას ეფუძნება მიის განცხადება. აცხადებს, რომ თუ ვინმეს მსგავსი იდეები მართლაც აქვს, შედეგებზე კარგად უნდა დაფიქრდეს. ლავროვის თქმით, „ყველაზე შორს ვაშინგტონში წავიდნენ“. „ანონიმური ოფიციალური პირები პენტაგონიდან ფაქტობრივად, დაიმუქრნენ კრემლზე თავის მომკვეთი დარტყმით. არსებითად, საუბარია რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ფიზიკურად მოშორების საფრთხეზე“, - განაცხადა ლავროვმა კრემლის მიერ კონტროლირებად „ტასთან“ ინტერვიუში.

პუტინის ყოფილმა თანაშემწემ ანატოლი ჩუბაისმა ისრაელის მოქალაქეობა მიიღო

ანატოლი ჩუბაისი, პუტინის ყოფილი თანაშემწე და „როსნანოს“ ყოფილი ხელმძღვანელი, სულ უფრო ხშირად სტუმრობს ისრაელს, წერს We Can Explain Telegram არხი. ანატოლი ჩუბაისი ჰოსპიტალიზებულია - Reuters-ი მან და მისმა მეუღლემ გაზაფხულზე ისრაელის მოქალაქეობა მიიღეს და შედეგად ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, - განმარტავს ჩუბაისის მეგობარი. ინტერნეტით გავრცელდა „როსნანოს“ ყოფილი ხელმძღვანელის და პუტინის ყოფილი თანაშემწის ანატოლი ჩუბაისის ფოტო თელ-ავივში. Bloomberg: ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა და რუსეთიდან გაემგზავრა ჩუბაისმა ახსნა-განმარტების გარეშე პუტინის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2022 წლის მარტის ბოლოს დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთში, იტალიასა და კვიპროსში იმყოფებოდა. მაისში ის და მისი მეუღლე დუნია სმირნოვა ისრაელში შენიშნეს.  

თსუ-ს რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, ერთადერთი კანდიდატი, ჯაბა სამუშია აირჩიეს. თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს თსუ-ს რექტორობაზე განცხადება მხოლოდ ერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას ჰქონდა შეტანილი. ჯაბა სამუშია ამ დრომდე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 30-ე რექტორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. არჩევნებზე კენჭისყრის დათვლის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორი დამკვირვებელი აკვირდებოდა.  

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 27 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 187 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.800 პროცენტით, მაქსიმალური 8.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  8.826 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.  

ყირგიზეთი, საინვესტიციო პორტფელში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას ცდილობს

ყირგიზეთი მიზნად ისახავს ენერგეტიკულ სისტემაში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას და ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის მცირე ჰესების მშენებლობაში. ამის შესახებ სააგენტო Anadolu-ს სააქციო საზოგადოება „ჩაკან ჰესის“ გენერალურმა დირექტორმა ნურლან სადიკოვმა განუცხადა. მისივე თქმით, ყირგიზეთს აქვს კვალიფიციური სამუშაო ძალა, კარგი სამუშაო გამოცდილება, ინფრასტრუქტურა და მდიდარი წყლის რესურსები ენერგეტიკის სექტორში. სადიკოვმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ბიშკეკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე ჰესების მშენებლობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. „ჩვენ ვართ მთებისა და წყლის ქვეყანა. საკმარისი რესურსი გვაქვს. ჩვენ მზად ვართ მთელი ჩვენი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მობილიზებისთვის. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ ყირგიზეთში მცირე ჰესების აშენება“, - განაცხადა სადიკოვმა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ყირგიზეთის მზადყოფნას გაუწიოს ყველა შესაძლო მხარდაჭერა უცხოელ ინვესტორებს. ამასთან, ყირგიზეთი აჩქარებს ნაბიჯებს ენერგეტიკული უსაფრთხოებისკენ, რათა ელექტროენერგიის დეფიციტი 3 მილიარდი კილოვატ/საათი გადაფაროს. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ჩუის რაიონში ექსპლუატაციაში შევიდა „სოკულუკის“ ჰიდროელექტროსადგური, რომელიც, სავარაუდოდ, წელიწადში საშუალოდ 11 მილიონ 895 ათას 756 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჯალალ-აბადის რეგიონში, გარდა Kambar-Ata-1 წყალსაცავისა და ჰიდროელექტროსადგურისა, რომლის ღირებულება 2 მილიარდ 916,6 მილიონი დოლარი იქნება, ჩაეყრება საძირკველი ნარინის რეგიონში მდებარე კულანაკის ჰიდროელექტროსადგურს. ახალი ჰესის ღირებულება 124 მილიონი დოლარი იქნება და პროექტი ოთხ წელიწადში დაიწყება. „რესპუბლიკაში მიმდინარეობს მცირე ჰესების დაპროექტება პაპანის, ორტო-ტოკოისა და ტორტ-კულის წყალსაცავებზე. კამბარატა ჰეს-2-ის მეორე ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გასაშვებად სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცახდა ნურლან სადიკოვმა.  

უკრაინაში ომი ურთულესი გამოწვევაა, რომელსაც სჭირდება გონივრული მართვა - ღარიბაშვილი

ჩვენ ყველამ ერთად ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. მთავრობა, პარლამენტი, მთელი საზოგადოება იყო ჩართული ამ პროცესის მართვაში. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყანა დღეს ამ ეტაპზე გამარჯვებული გამოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „მინდა, დავიწყო რეგიონის სიტუაციის აღწერით. ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია. უკრაინაში ომი ჩვენთვის, ყველასთვის დიდი გამოწვევაა. ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე ჩვენს რეგიონზე, ქვეყანაზე, მთლიანად გლობალურ პოლიტიკაზე. შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს კარგად გვაქვს გააზრებული. ეს არის ურთულესი გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ძალიან გონივრული მართვა და ჩვენ შესაბამისად ავაწყეთ ჩვენი პოლიტიკა. პირველივე დღეებიდან სწორი პოლიტიკა დავიჭირეთ. სწორი პოლიტიკა გავატარეთ და ამ სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ. არაერთხელ მითქვამს და ჩვენი გუნდის წევრების საერთო სულისკვეთება არის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მთავარი მოტივაციით, იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში, ჩვენს ხალხს, ხალხის ინტერესებს სჭირდება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ მშვიდობა უსურვა. „ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით. კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ომის სწრაფად დასრულება. ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის მიმართ და ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინაში ომი: რა მოლოდინები აქვთ ანალიტიკოსებს 2023 წლისთვის

უკრაინაში კონფლიქტი უკვე მეორე კალენდარულ წელს ითვლის. BBC-მ რამდენიმე სამხედრო ანალიტიკოსს ჰკითხა, როგორ განვითარდება მოვლენები ადგილზე 2023 წელს.  „რუსეთის საგაზაფხულო შეტევა“ სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი მაიკლ კლარკი ამბობს, რომ ორივე მხარეს პაუზა სჭირდება, მაგრამ უკრაინელები უკეთ აღჭურვილნი და მოტივირებულები არიან, რომ გააგრძელონ შეტევა. „ჩვენ შეგვიძლია, ველოდოთ, რომ ისინი ზეწოლას შეინარჩუნებენ, ყოველ შემთხვევაში, დონბასში“, - განაგრძო ანალიტიკოსმა. მისივე თქმით, კრემენაიასა და სვატოვოს ირგვლივ ძალიან ახლოს არიან დიდ გარღვევასთან, რომელიც რუსულ ძალებს თავდაცვით ხაზთან დააბრუნებს, იქ, სადაც მათი შეჭრა ფაქტობრივად დაიწყო თებერვალში. უკრაინის შეტევები შესაძლოა, შეჩერდეს სამხრეთ-დასავლეთით, მაგრამ კიევის ახალი მოულოდნელი შეტევის წამოწყების შესაძლებლობა არასოდეს არის გამორიცხული. „უკრაინა თავის მიწას დაიბრუნებს“ ანდრეი პიონტკოვსკი, მეცნიერი და ანალიტიკოსი ვაშინგტონში, მიიჩევს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ტერიტორიულ მთლიანობას სრულად აღადგენს არაუგვიანეს 2023 წლის გაზაფხულისა. ანალიტიკოსის აზრით, ამ დასკვნის საფუძველს ორი ფაქტორი იძლევა.  ერთი არის „უკრაინელი სამხედროების და მთლიანად უკრაინელი ერის მოტივაცია, მონდომება და გამბედაობა, რაც უპრეცედენტოა თანამედროვე ომის ისტორიაში“. მეორე გარემოება: ფაქტი, რომ რუსი დიქტატორის მიმართ წლების განმავლობაში არსებული დაშოშმინების პოლიტიკის შემდეგ, დასავლეთი საბოლოოდ გაიზარდა და გააცნობიერა ისტორიული გამოწვევის სიმძლავრე. ამის საუკეთესო ილუსტრაცია NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ბოლო განცხადებაა: „ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, არის ფინანსები. ხოლო ფასი, რომელსაც უკრაინელები იხდიან, არის სისხლი. თუ ავტორიტარული რეჟიმები დაინახავენ, რომ ძალადობა იმარჯვებს, ჩვენ ყველა გადავიხდით გაცილებით მაღალ ფასს. და სამყარო გახდება უფრო საშიში ყველა ჩვენგანისთვის“. პიონტკოვსკი იმედოვნებს, რომ მელიტოპოლი გახდება საკვანძო ბრძოლის წერტილი უახლოეს თვეებში (შესაძლოა, კვირებში). მელიტოპოლის ხელში ჩაგდების შემდეგ, უკრაინელები ადვილად გადავლენ აზოვის ზღვაში, ფაქტობრივად, შეწყვეტენ მიწოდების და საკომუნიკაციო ხაზებს ყირიმთან. რუსეთის კაპიტულაცია ოფიციალურად გაფორმდება ტექნიკურ მოლაპარაკებებზე მას შემდეგ, რაც უკრაინის დამანგრეველი წინსვლა ცხადი გახდება ბრძოლის ველზე. გამარჯვებული სახელმწიფოები - უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, აშშ - ჩამოაყალიბებენ ახალ საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას. ლონდონის კინგსის კოლეჯის ომის კვლევების დეპარტამენტი, ბარბარა ზანჩეტა ზამთარი რთული იქნება, რადგან რუსეთი უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით ეცდება, დაარღვიოს ისედაც დაშლილი მოსახლეობის მორალი და გამძლეობა. მაგრამ უკრაინის გამძლეობა მტკიცე აღმოჩნდა. ისინი მტკიცედ დადგებიან. ომი გაგრძელდება. მოლაპარაკების პერსპექტივები ბუნდოვანია. პოტენციური სამშვიდობო შეთანხმებისთვის, სულ მცირე ერთი მხარის ძირითადი მოთხოვნები უნდა შეიცვალოს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს მოხდა, ან რომ ეს მალე მოხდება. როგორია დასასრულიომის ხარჯებმა, როგორც მატერიალურმა, ისე ადამიანურმა, შესაძლოა, რუსული პოლიტიკური ელიტის მოთმინება აავსოს.  გასაღები რუსეთის შიგნით უნდა ვეძებოთ. წარსულ ომებში, არასწორი გათვლები გადამწყვეტი ელემენტი აღმოჩნდა, მაგალითად, ვიეტნამი შეერთებული შტატებისთვის ან ავღანეთი საბჭოთა კავშირისთვის, მხოლოდ ამ გზით დასრულდა. შეიცვალა შიდა პოლიტიკური პირობები, რის გამოც ქვეყნიდან ჯარების გასვლა ერთადერთი ეფექტიანი ვარიანტი გახდა. თუმცა ეს შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ დასავლეთი მტკიცედ დადგება უკრაინის მხარდასაჭერად, გაზრდილი შიდა ზეწოლის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია ომის ხარჯებთან. სამწუხაროდ, ეს იქნება დიდი ხნის გაჭიანურებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გადაწყვეტილების ბრძოლა. 2023 წლის ბოლოსთვის ის, სავარაუდოდ, კვლავ გაგრძელდება. რუსეთის დამარცხების გარდა სხვა შედეგი არ ჩანს ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის შეფასებით, ჯერ კიდევ ნაადრევია კიევში გამარჯვების აღლუმის დაგეგმვა, მაგრამ მთელი იმპულსი ახლა უკრაინის მხარესაა.„ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მოიგებენ ამ ომს, ალბათ 2023 წელს. ზამთარში მოვლენები უფრო ნელა განვითარდება, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ უკრაინის ძალები უკეთესად გაუმკლავდებიან მას, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და გერმანიიდან შემოსული ზამთრის ყველა აღჭურვილობის გამო.იანვრისთვის უკრაინას შეუძლია, დაიწყოს კამპანიის ბოლო ეტაპი, რაც ნიშნავს ყირიმის გათავისუფლებას.ჩვენ ისტორიიდან ვიცით, ომი არის ნებისყოფის და ლოგისტიკის გამოცდა. როდესაც ვხედავ უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მონდომებას და უკრაინის ლოგისტიკური მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესებას, ვერ ვხედავ სხვა შედეგს, გარდა რუსეთის დამარცხებისა“.

ცნობილია, როდის დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკნიგზის მშენებლობა

რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გვაქვს შემოსავლები და გადატვირთული ტვირთის მოცულობაც არის რეკორდული, - ამის შეახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს - ალიევი მისივე თქმით, საჭიროა რკინიგზის სწრაფად მოდერნიზება, რომ გამტარუნარიანობა იყოს შესაბამისი, რომელიც შუა დერეფანის მიმართულებით ტრანსფორმირდება.  ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი 2024 წელს დასრულდება. ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და $100 მილიონი უკვე გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის 86% დასრულებულია და ორ წელიწადში აღნიშნული პროექტი საზეიმოდ გაიხსნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.   BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ:  რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე

ბენ ჰოჯესი: ეჭვი არ მეპარება, რომ ომს უკრაინა მოიგებს

ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის შეფასებით, ჯერ კიდევ ნაადრევია კიევში გამარჯვების აღლუმის დაგეგმვა, მაგრამ მთელი იმპულსი ახლა უკრაინის მხარესაა. ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ ომს უკრაინა მოიგებს. „ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მოიგებენ ამ ომს, ალბათ 2023 წელს. ზამთარში მოვლენები უფრო ნელა განვითარდება, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ უკრაინის ძალები უკეთესად გაუმკლავდებიან მას, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და გერმანიიდან შემოსული ზამთრის ყველა აღჭურვილობის გამო. იანვრისთვის უკრაინას შეუძლია, დაიწყოს კამპანიის ბოლო ეტაპი, რაც ნიშნავს ყირიმის გათავისუფლებას. ჩვენ ისტორიიდან ვიცით, ომი არის ნებისყოფის და ლოგისტიკის გამოცდა. როდესაც ვხედავ უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მონდომებას და უკრაინის ლოგისტიკური მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესებას, ვერ ვხედავ სხვა შედეგს, გარდა რუსეთის დამარცხებისა“, - ამბობს ჰოჯესი BBC-სთან.   

ირაკლი ღარიბაშვილი: კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს

ყველა ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი აროს „ქართული ოცნების“ დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს ძალიან მალე მიიღებს და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის წარმატებული რეფორმები, რომელიც მთავრობამ გაატარა. „მინდა შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო ძალიან რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა, გვესმის, რომ ეს იყო მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ. ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ყველას ჩართულობით, და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, და ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ დამსახურება“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ირაკლი ღარიბაშვილი შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ინიციატივა

ჩვენთან არის ძალიან იაფი ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო მისივე თქმით, ენერგეტიკა ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს. „რაც შეეხება ენერგეტიკას, ენერგეტიკა ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ და მეტი ძალისხმევა ჩავდოთ ამ მიმართულებით, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ. ბოლო 5 წელი თითქმის გაჩერებული იყო ინვესტიციები ამ სფეროში, ამ დარგში. ჩემი დავალებით, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ IMF-თან და შევთანხმდით, რომ ახალ სქემას ავამოქმედებთ, ეს უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჯამში ჩვენ 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს და ამის შემდეგ, ამას გარდა, 800 მეგავატი, რომელიც უკვე გაფორმებული იყო და მათზე იყო გაცემული ე.წ. BPA, ანუ გარანტირებული შესყიდვის შეთანხმებები, ეს 800 მეგავატიც გაეშვება. აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით ჯამში, მინიმუმ 2-3 წელიწადში, 2300 მეგავატამდე, დაახლოებით, სიმძლავრის ჰესებზე არის საუბარი. ეს არის 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. აქ შედის როგორც ჰიდრო, ასევე მზის, ქარის ენერგიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლლობისთვის. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას განვუმარტო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ენერგოდამოუკიდებლლობისთვის. მით უმეტეს, ჩვენ ახლა ვუყურებთ რა ხდება ევროპაში - ენერგოკრიზისი, ფასების მატება. საშუალო ფასი ერთ კვტ/სთ ელექტროენერგიის შეადგენს 20 ცენტს ევროპის ქვეყნებში. გერმანიაში 80 ცენტიც კი დაფიქსირდა ზაფხულის თვეში, ზოგგან 50-60 და საშუალო არის 20 ცენტი. ჩვენთან არის ძალიან იაფი ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ გვჭირდება, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გავიმეორო, აღვნიშნო, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, დავამტკიცეთ ახალი სქემა და მით უმეტეს, ახლა განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც ჩვენ წარმატებული ნაბიჯი გადავდგით, მოგეხსენებათ რომ რამდენიმე კვირის წინ მე ვიმყოფებოდი ბულგარეთში, სადაც ჩვენ ისტორიულ პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი. როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ინიციატივა, ჩვენ მიერ მიტანილი ინიციატივა ევროკავშირში, ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან. ჩვენ რუმინეთთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც შეუერთდა აზერბაიჯანი, უნგრეთი და სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს ევროკავშირის მხრიდან. მოგეხსენებათ რომ ქალბატონი ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა ჩვენთან ერთად ბუქარესტში და საზეიმოდ ჩვენ აღვნიშნეთ დაწყება და სულ მალე, რამდენიმე თვეში დასრულდება ე.წ. კვლევები, ფიზიბილითი და ამის შემდეგ ჩვენ აქტიურ სამუშაოებზე გადავალთ. ეს რას მოუტანს ქვეყანას, ეს შეიძლება ითქვას მეორე ბაქო-ჯეიჰანი- თბილისის პროექტია შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარანტირებული რეალიზაცი იის საშუალება ელექტრო ენერგიის , ეს არის პირდაპირი დაკავშირება ჩვენი ენერგოსტიტემის ევროკავშირის ბაზართან, ევროკავშირის ებერგოსისტემასთან და რა თქმა უნდა ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დაახლოებით 2-3 მილიარდი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი და ამ პროექტს განვახორციელებთ ჩვენ ყველანი ერთად, ის ქვეყნები რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ მემორანდუმს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ აუცილებელია რომ საქართველოს ჰქონდეს შესაბამისი გამომუშავება ელექტროენერგიის. ამიტომ გვჭირდება გენერაციის ობიექტების განვითარება აშენება როგორც  ქარის, მზის ჰიდროელექტროსადგურების, ასევე თბოსადგურების, რომ ჩვენი წილი ელექტროენერგია გავყიდოთ ევროკავშირში, რაც ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და საბოლოო ჯამში ჩვენს ხალხზე აისახება ეს სიკეთე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მით უმეტეს იმ ფონზე როცა ეკონომიკის ზრდა წინ უსწრებს გენერაციის გამომუშავებას ამიტომ აუცილებელი არის რომ ეს პროპორციები პირიქით შევატრიალოთ. ეს გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას ეს ზოგადად ასე არის მიჩნეული“, - განაცხადა პრემიერმა. ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.  

ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზეთი შეიძლება, მეორე მონაკო, სოხუმი კი, მეორე მონტე-კარლო გახდეს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ხოლო სოხუმი - მეორე მონტე-კარლო. მისი თქმით, მთავრობას შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შემთხვევაში პირველ სამ წელში აფხაზეთში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადოს. "ჩვენი აფხაზი და ოსი დებისთვის და ძმებისთვის, ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიუკრ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთს რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო", - თქვა ღარიბაშვილმა.   

უზბეკეთიდან ევროპაში, საქართველოზე გამავალი მულტიმოდალური მარშრუტით პირველი საკონტეინერო მატარებელი დაიძრა

უზბეკეთიდან ევროპაში, საქართველოზე გამავალი მულტიმოდალური მარშრუტით პირველი საკონტეინერო მატარებელი დაიძრა.  საკონტეინერო მატარებელი მულტიმოდალური სატრანსპორტო მარშრუტი CASCA+-ისთვის (აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები - ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - თურქეთი - ევროპა), შეიქმნა. მატარებელი ბაქოში ჩავიდა და შემდეგ საქართველოს მიმართულებით დაიძვრება. საქართველო 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა CJSC (AR) ავრცელებს.  აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანიის - ADY Container LLC კუთვნილი გემით, კონტეინერები თურქმენბაშის პორტიდან ბაქოს პორტში მიიტანეს.  საკონტეინერო მატარებელი მარშრუტზე „უზბეკეთი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - ბულგარეთი / ევროპა“ იმოძრავებს. მარშრუტის სიგრძე 4 ათას კმ-ზე მეტია.  მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი აქტიურდება. „საქართველოს რკინიგზის“ პროგნოზით, ჩინეთიდან ევროპისკენ საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, 15 000 კონტეინერი გადაიზიდება მატარებელი, ბაქოდან სპილენძის კონცენტრატს გადაიტანს, რომელიც შემდგომ ბულგარეთის პორტ ბურგასში გაიგზავნება. საკონტეინერო მატარებელი 91 ოცფუთიანი კონტეინერისგან შედგება. პროექტი, მარშრუტის ოპერატორებს ( Oztemiryolconteiner JSC (უზბეკეთი), TULM OJSC (თურქმენეთი), ADY Container (აზერბაიჯანი) და GR Logistics and Terminals (საქართველო) შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. მულტიმოდალური ტრანსპორტის პროექტი CASCA+ (ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია და ანატოლია) აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უზბეკეთის სარკინიგზო სტრუქტურების ერთობლივი ინიციატივაა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: იორდანიაში დავიწყებთ ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრის მშენებლობას

"იორდანიაში დავიწყებთ ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრის მშენებლობას... ქართველები დაბრუნდებიან წმინდა მიწაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. "ჩვენ წელს წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, კერძოდ იორდანიაში, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გადმოეცა წმინდა მიწაზე 4 000 კვადრატული მეტრის მიწა. ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და ჩვენ, ძალიან მალე, როგორც კი ავიღებთ სამშენებლო ნებართვას, დავიწყებთ ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრის მშენებლობას. ქართველები დაბრუნდებიან წმინდა მიწაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ ამას ძალიან მალე განვახორციელებთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

კობახიძის თქმით, სააკაშვილის შეწყალებით პრეზიდენტი იმიჯს თავისთავად დაიზიანებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს შეიწყალებს, ეს მის იმიჯს დაზიანებს. კახა კალაძის თქმით, თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება ზურაბიშვილისთვის და მისი კარიერისთვის "იმიჯის დაზიანება ხდება თაავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარი იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ არის აუცილებელი, რომ იყოს გამართული პორტები, ინფრასტრუქტურა, რკინიგზა

იმ ფონზე, რომ მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნები თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ყურაღება არის მიმართული ჩვენი კორიდორის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ამიტომ აუცილებელი არის რომ იყოს გამართული პორტები, ინფრასტრუქტურა და რკინიგზა.  „მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მე დავაანონსე, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი გადაწყვეტილებით, მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდება, სახელმწიფო უნდა იყოს მესაკუთრე აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის, ანაკლიი პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას ფოთის პორტი არის გასხვისებული, ბათუმის პორტი არის გასხვისებული, ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს, გარკვეული რეგულაციები მოვახდინოთ ტარიფებთან მიმართებაში თუ სხვა. ამიტომ მით უმეტეს, როცა იმ ფონზე, რომ მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნები თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ყურაღება არის მიმართული ჩვენი კორიდორის მიმართ. ამიტომ აუცილებელი არის რომ იყოს გამართული პორტი, პორტები, ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებულ ძალისხმევას მივმართავთ და განსაკუთრებულ ინვესტიციებს ჩავდებთ. დანარჩენ 49%-ზე ჩვენ გვინდა რომ გამოვაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი, ბევრი კომპანია გამოხატავს ინტერესს და უახლოეს რამდენიმე თვეში გაირკვევა შესაბამისი შედეგიც. რაც შეეხება რკინიგზას, რკინიგზის მიმართულებით, როგორც გითხარით, გვაქვს რეკორდული შემოსავლები და გადაზიდული ტვირთის რაოდენობა, მოცულობაც არის რეკორდული. ჩვენ გვჭირდება რკინიგზის მოდერნიზაციის სწრაფად დასრულება, აუცილებელია ის, რომ გამტარუნარიანობა იყოს შესაბამისი და შესაფერისი იმ ტვირთთა ნაკადისთვის, რომელიც მოედინება, მოემართება ჩვენი კორიდორის მიმართ. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 2024 წელს დასრულება. ჩვენ ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და 100 მილიონი დოლარი დამატებით გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 86% არის დასრულებული და 2024 წელს აღნიშნული პროექტი საზეიმოდ გაიხსნება. ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ არამხოლოდ ენერგო ჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად, ასევე დიდი პოტენციალი არსებობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების მიმართულებით. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, საქართველოს შეუძლია, აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორი და ციფრული ჰაბი. ასევე გეტყვით, რომ წელს დასრულდა ჩვენი მრჩევლების მიერ, როტშილდების მიერ დამუშავებული, შემუშავებული სტრატეგია, რომლის მიზანიც არის საქართველო გარდაიქმას რეგიონალურ, ფინანსურ ჰაბად. ჩვენ ახლა წელს, მომავალ წელს უკვე დავიწყებთ ამ სტრატეგიის, გეგმის განხორციელებას, იმპლემენტაციას და შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ. ქუთაისი პარლამენტთან დაკავშირებით გვაქვს იდეა, რომ ეს შენობა, მისი უნიკალური მდებარეობა არ იყოს უფუნქციოდ დარჩენილი, ვამუშავებთ იდეას და კონცეფციას, რომ მანდ განვითარდეს IT მიმართულება, შეიქმნას IT, ე.წ. ტექნოლოგიური ჰაბი ამ შენობაში, მოვიზიდოთ ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა, რომელიც დასაქმდება და კიდევ უფრო მოახდენენ საკუთარი უნარების რეალიზებას. ასევე ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის. ამ მიზნით მე ვიმყოფებოდი ემირატებში, კატარში, საუდის არაბეთში. საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და უნიკალური შესაძლებლობები და პოტენციალი, რომ ძალიან საინტერესო ინვესტიციები მოვიზიდოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ზელენსკი: თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს, მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები იბრძვიან სიმართლისა და თავისუფლებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლება ძვირად ფასობს, მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს. „ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტიანი იარაღი. ჩვენი სულისა და ცნობიერების ჩაქუჩი და ხმალი. სიმამაცე და ვაჟკაცობა. სათნოება, რომლებიც გვაიძულებს კეთილი საქმეების კეთებას და ბოროტების დამარცხებას. გამბედაობის მთავარი აქტი არის გამძლეობა და ყველაფრის მიუხედავად საქმის ბოლომდე მიყვანა. ჭეშმარიტება გვინათებს ჩვენს გზას. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ ვიცავთ მას. ჩვენი სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. თავისუფლებას ძვირი ფასი აქვს, მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს", - წერს ზელენსკი.

რუმინეთი გახდება ევროკავშირის მეოთხე ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს

რუმინეთი გახდება ევროკავშირის შემდეგი ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს. „ამგვარად, ევროკავშირის უკვე ოთხი ქვეყანა მიიღებს „ლურჯ“ საწვავს აზერბაიჯანიდან“, -  ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა წლის შედეგების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, წელს კიდევ უფრო გაიზარდა აზერბაიჯანის როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამგვარად, 18 ივლისს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც გააორმაგებს აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას ევროპაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ასევე გააძლიერებს თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის სფეროში. „ოქტომბერში სოფიაში ამოქმედდა საბერძნეთი-ბულგარეთის გაზსადენი. 16 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა და რუმინულმა Romgas-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუმინეთისთვის გაზის მიწოდების შესახებ, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. ამრიგად, აზერბაიჯანი გაზს ევროპის მეოთხე სახელმწიფოს მიაწვდის“, - განაცახდა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.   

ეგვიპტემ ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებაზე ტენდერი გამოაცხადა

ნილოსის დელტასა და ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების უფლებებზე, ეგვიპტის ხელისუფლებამ ახალი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ტენდერი მოიცავს 12 ველს, რომელთა ნახევარი ოფშორულია. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილია.  

ხალხის ძალა: დარწმუნებული ვართ, ოპოზიციის არაერთ წარმომადგენელს აგენტობაზე არ აქვს ხელი მოწერილი, მოვუწოდებთ, გააცნობიერონ ყველა მოვლენა

ფაქტი, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს – ევროპარლამენტს ორი საგანგებო რეზოლუცია მიაღებინეს და ამ საქმეში რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი გასვარეს, ცხადად მოწმობს, თუ რამხელა რესურსი იხარჯება და რამდენად დიდია ინტერესი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებისა და საქართველოს ომში ჩართვის მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობა „ხალხის ძალის“ განაცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებას მოუწოდებენ, ყველა გარემოებას სათანადო ყურადღებით მიუდგეს. განცხადების ავტორები ასევე მოუწოდებენ ოპოზიციას, კარგად გააცნობიერონ ყველა მოვლენა, რომელიც საქართველოს გარშემო ვითარდება და დადგნენ საკუთარი ქვეყნის, მისი მშვიდობის მხარეს. „ორი კვირის წინ ევროპარლამენტმა 400-ზე მეტი ხმით დაამტკიცა კიდევ ერთი რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციის მყისიერი კომენტირებისგან თავი შევიკავეთ, რადგან გვაინტერესებდა, ამჯერად მაინც თუ მოჰყვებოდა მას გაგრძელება ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მხრიდან. თუმცა, უკვე მეორე კვირა მიილია, ევროპული საბჭოს სხდომაც შედგა, ევროპული საშობაო არდადეგებიც დაიწყო და ვხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვეს. მეტიც, ევროპულ საბჭოს საქართველოს საკითხი მისი სხდომის დღის წესრიგში საერთოდ არ შეუტანია. ახალი რეზოლუცია წინამორბედისგან შინაარსით დიდად არ განსხვავდება. ევროპარლამენტარები აქაც იგივეს ითხოვენ – ორი გამორჩეული კრიმინალის განთავისუფლებას და ერთი გამორჩეული ქველმოქმედის დასჯას. შესაბამისად, რეზოლუციის შინაარსს რაიმე განსაკუთრებული ანალიზი არ სჭირდება, თუმცა აუცილებლად მიგვაჩნია, რეზოლუციის მიღების საერთო კონტექსტზე გავამახვილოთ საზოგადოების ყურადღება. ევროპარლამენტს უკვე მეორედ მიაღებინეს საგანგებო რეზოლუცია ერთადერთი მიზნით – ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად. ევროკავშირის გარეკოორდინატორებმა წინასწარ ისიც დაგეგმეს, რომ ამ რეზოლუციებს ევროპული საბჭო არ გაიზიარებდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპარლამენტის აქტიურობის მიზანი არა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, არამედ კონკრეტული მიზნით მისი დაშანტაჟებაა. ანუ ევროპარლამენტი, რომელიც ფორმალურად მაინც, ძალიან მაღალი პოლიტიკური სტატუსის მატარებელი ინსტიტუტია, სრულიად სათაკილო მისიისთვის – ერთი კაცის პოლიტიკური შანტაჟისთვის გაიმეტეს და გამოიყენეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპულ საბჭოს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე არც კი უმსჯელია, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეზოლუციის ავტორებს ძალზე კონკრეტული მიზანი ამოძრავებდათ – მათ სანქციების თემა დამოკლეს მახვილივით დაკიდეს ბიძინა ივანიშვილის თავზე, რათა მასზე ზეწოლა მუდმივ რეჟიმში შეენარჩუნებინათ. აქედან ჩანს, რომ ისინი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის იმედს ჯერ კიდევ არ კარგავენ. შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოს ჩათრევის საფრთხე კვლავაც უაღრესად აქტუალურია. როდესაც ერთი კაცის დასაშანტაჟებლად ევროპარლამენტს ორჯერ კრებ, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რამდენად დიდია ევროპული აგენტოკრატიის ამერიკელი პატრონების სურვილი, ბიძინა ივანიშვილს მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში ჩარევა აიძულონ და მისი ხელით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უზრუნველყონ. თავისთავად, ის ფაქტი, რომ სტრატეგიული პარტნიორის გადმოსახედიდან, საქართველოს მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ღირსებისგან დაცლილი მისია აქვს, უკიდურესად შემაშფოთებელია. სრულიად ცხადია, რომ ასეთ ევროპარლამენტს პარლამენტარიზმთან საერთო არაფერი აქვს. ის არის ევროპული აგენტოკრატიის ერთი მორიგი დანაყოფი, რომელიც ევროკავშირის მაკონტროლებლების ყველაზე უხეშ დავალებებს სრულიად უთავმოყვარეოდ ასრულებს. ასეთ ევროპარლამენტს არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან და არც იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ევროკავშირი თავის დროზე დაეფუძნა. ამგვარი რეზოლუციებით ევროპარლამენტი გვიცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ სამართლის უზენაესობაზე უარს ვიტყვით და კრიმინალებს გავათავისუფლებთ, თუ სინდისზე უარს ვიტყვით და ქველმოქმედებას გავემიჯნებით, თუ სახელმწიფოებრიობაზე უარს ვიტყვით და ხელისუფლებას აგენტურას გადავაბარებთ, თუ მშვიდობაზე უარს ვიტყვით და ვიომებთ. ფაქტია, რომ რეზოლუციის ავტორები საქართველოს სახელმწიფოებრიობას არ ცნობენ, რადგან სახელმწიფოდ მხოლოდ აგენტოკრატიას აღიარებენ. ცხადია, თუ სინდისი, სახელმწიფოებრიობა და ქვეყანა დავკარგეთ, ასეთ სახელმწიფოს არც ევროკავშირის გარეთ ექნება ფასი და არც ევროკავშირში. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ ორი ფაქტი: – მოლდოვას მისი მეხუთე პრეზიდენტის დაჭერიდან ერთი თვის თავზე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტის დაპატიმრება არავითარი ხელშესახები მტკიცებულებით არ იყო გამყარებული, ეს საკითხი ევროკავშირის განხილვის საგნად საერთოდ არ ქცეულა. ამის საპირისპიროდ, უამრავი სისხლიანი დანაშაულის ჩამდენი სააკაშვილის გასათავისუფლებლად მთელი ევროპული აგენტოკრატიაა მობილიზებული, რასაც ერთადერთი მარტივი ახსნა აქვს – მოლდოვურ აგენტოკრატიაში ექსპრეზიდენტის მტკიცებულებების გარეშე დაპატიმრებაც დასაშვებია, ხოლო ქართულ დემოკრატიაში არაჟნის კონტეინერით უკანონოდ შემოპარული სისხლიანი დიქტატორის პატიმრობაც კი დანაშაულია; ასევე, შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ უკრაინას დაუწერეს და მიაღებინეს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც უკრაინული აგენტოკრატიის გამაგრებას ისახავდა მიზნად. ამ კანონს ევროკომისიის პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტმა უკრაინული კანონი, პრაქტიკულად, სიტყვა-სიტყვით თარგმნა და მიიღო, რასაც იმავე ევროკავშირის მხრიდან სერიოზული შფოთვა მოჰყვა. მიზეზი აქაც მარტივი ასახსნელია – ის, რაც უკრაინას აგენტოკრატიის გასამაგრებლად მოუფიქრეს, საქართველოში დემოკრატიას გაამაგრებს, რაც ჩვენი დაუძინებელი მეგობრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს ორი მაგალითიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრობლემების ერთადერთი სათავე ისაა, რომ აგენტოკრატია არ არის და არა გარეძალების კარნახით, არამედ ეროვნული ინტერესების მიხედვით მოქმედებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს – ევროპარლამენტს ორი საგანგებო რეზოლუცია მიაღებინეს და ამ საქმეში რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი გასვარეს, ცხადად მოწმობს, რამხელა რესურსი იხარჯება და რამდენად დიდია ინტერესი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებისა და საქართველოს ომში ჩართვის მიმართ. ევროპარლამენტს აღებინებენ რეზოლუციებს, ზეწოლას ახორციელებენ ხელისუფლებაზე, ცდილობენ სახელმწიფოებრიობის შერყევას – ყველა ეს ფაქტი იძლევა ერთადერთი ლოგიკური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საქართველოს უკრაინის ბედისკენ ექაჩებიან და ამ ბედის დღემდე არგაზიარების გამო სჯიან. საზოგადოებას მოვუწოდებთ, ყველა ამ გარემოებას სათანადო ყურადღებით მიუდგეს, რათა შეცდომა არ დავუშვათ, სუვერენიტეტი და მშვიდობა შევინარჩუნოთ და საქართველოს ეკონომიკური წინსვლა უზრუნველვყოთ. გვესმის, რომ ქართული ოპოზიცია არსებითად აგენტურით არის დაკომპლექტებული, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ოპოზიციის არაერთ წარმომადგენელს აგენტობაზე უშუალოდ არა აქვს ხელი მოწერილი. შესაბამისად, მათაც მოვუწოდებთ, კარგად გააცნობიერონ ყველა მოვლენა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვითარდება და დადგნენ საკუთარი ქვეყნის, მისი მშვიდობის და არა თავსმოხვეული ომის მხარეს“, – ნათქვამია განცხადებაში.