ძებნის რეზულტატი:

ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა. პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება, ამასთანავე, არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.  

რომის პაპი: იესოს ბაგაში წოლა გვიჩვენებს, სად არის ცხოვრებაში ნამდვილი სიმდიდრე: არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებში

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართულ საშობაო ღვთისმსახურებისას „ომი, სიღარიბე და ხარბი კონსუმერიზმი“ დაგმო. პაპის თქმით, იესოს ბაგაში წოლა გვიჩვენებს, სად არის „ცხოვრებაში ნამდვილი სიმდიდრე: არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებში“. „მაშინ, როცა ცხოველები თავიანთ ბაგაში იკვებებიან, კაცები და ქალები ჩვენს სამყაროში, სიმდიდრისა და ძალაუფლების შიმშილით, მათ მეზობლებსაც, ძმებსა და დებსაც კი ჭამენ. რამდენი ომი გვინახავს! და რამდენ ადგილას, დღესაც, ადამიანურ ღირსებასა და თავისუფლებას არად აგდებენ! როგორც ყოველთვის, ამ ადამიანური სიხარბის ძირითადი მსხვერპლი სუსტები და მოწყვლადები არიან“, - აღნიშნა რომის პაპმა.  

შსს აცხადებს, რომ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ნ.ა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ნ.ა.-ს სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 27 ვაზნა. ამავე სამმართველოების თანამშრომლებმა ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს 1985 წელს დაბადებული ი.ლ.-ც. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.შ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 16 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1984 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ც.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ თბილისში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 ვაზნა.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული ნ.ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ნ.ქ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, 70 ვაზნა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული თ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. პოლიციამ, თ.ტ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ვაზნა. დანაშაულები 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

პროკურატურა ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაზე დეტალებს ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცოლ-ქმარს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებულ ორმოში მოთავსა და ხის ტოტებით დაფარა, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

ლიეტუვა უკრაინას 2023 წელს 40 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 2023 წელს 40 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს ლიეტუვამ უკრაინას უკვე გადასცა საბჭოთა წარმოების უამრავი იარაღი, რომელიც აუცილებელი იყო რუსული ძალების წინააღმდეგ დასაპირისპირებლად. „ამჟამად ლიეტუვა აგრძელებს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას. ქვეყნის სასწავლო ცენტრებში 400-მდე უკრაინელი სამხედრო სპეციალისტი გადამზადდა და ეს სამუშაო გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ მომავალ წელს გავაგრძელოთ უკრაინელი სამხედროების და ინსტრუქტორების წვრთნა ლიეტუვაში“, - აცხადებს მინისტრი.

ISW: რუსეთის შეტევა ბახმუტის რაიონში შენელებულია

ბოლო დღეებში ბახმუტის რაიონში რუსული ჯარების წინსვლა შენელდა, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მიაღწია თუ არა პიკს რუსეთის შეტევამ და მათმა მცდელობებმა, რომლებიც ქალაქის აღებისკენ არის მიმართული. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს. რუსი ბლოგერები აღიარებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსული წინსვლის ტემპის შენელება შეძლეს. იმავდროულად, უკრაინული სოციალური მედიის წყაროები ადრე აცხადებდნენ, რომ უკრაინულმა ძალებმა 21 დეკემბერს, ბახმუტის აღმოსავლეთ გარეუბნიდან მთლიანად გააძევეს რუსული ძალები“, - წერს ISW. ISW-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, იბრძვიან ბახმუტის რაიონში შეტევითი ოპერაციების ტემპის შესანარჩუნებლად და შესაძლოა, შეეცადონ, ტაქტიკური ან ოპერატიული პაუზის აღებას.

პეკინი მომავალი წლისთვის მოსკოვთან კავშირების გაღრმავებას აანონსებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, პეკინი მომავალ წელს მოსკოვთან კავშირებს გააღრმავებს. ამასთან, ჩინელი დიპლომატის თქმით, პეკინი თავის პოზიციას დაიცავს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ჩინელმა მაღალჩინოსანმა ვაშინგტონი აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გაუარესებაში დაადანაშაულა. „ჩინეთი გააღრმავებს სტრატეგიულ ორმხრივ ნდობასა და ორმხრივ სასარგებლო თანამშრომლობას რუსეთთან. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენ თანმიმდევრულად ვიცავდით ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს, არცერთი მხარის ხელშეწყობა, არც ცეცხლზე ნავთის დამატება“, - განაცხადა ვან იმ.    

პრემიერი: პატრიარქი მომავლის რწმენას გვინერგავს

საქართვლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ულოცავს. აღნიშნავს, რომ ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა. „მისი უდიდესი პირადი წვლილის დამსახურებით, ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესი ქრისტიანულ ფასეულობებთან ჩვენი დაბრუნებით დაიწყო. მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პატრიარქი განსაცდელში გვამხნევებს, გვაერთიანებს, მოყვასის სიყვარულისა და თანადგომის, ქვეყნის მსახურების ცოცხალ მაგალითს გვაძლევს, მომავლის რწმენას გვინერგავს. ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა, ყველა ჩვენგანის საკუთრებაა - ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის; ამიტომაც, ამ შესანიშნავ დღეს ასევე ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას. დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

თალიბანმა ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აუკრძალა

გაეროს შეფასებით, თალიბანის ბრძანება, რომელიც ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობას უკრძალავს, ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  ისლამისტმა მმართველებმა ეს ნაბიჯი იმით გაამართლეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ქალმა თანამშრომლებმა ჩაცმის წესები დაარღვიეს ჰიჯაბის არტარებით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გააკრიტიკა ხსენებული ნაბიჯი და განაცხადა, რომ ეს იქნება „დამანგრეველი ავღანელი ხალხისთვის“. ენტონი ბლინკენი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და ამბობს, რომ ქალები მთავარ როლს ასრულებენ ჰუმანიტარულ ოპერაციებში მთელ მსოფლიოში. „ეს გადაწყვეტილება შეიძლება, დამღუპველი იყოს ავღანელი ხალხისთვის", - განაცხადა ბლინკენმა. ორგანიზაცია Save the Children-ის თანამშრომელმა BBC News-ს განუცხადა, რომ მათი წარმომადგენლობა „თალიბანის“ ხელისუფლებასთან შეხვედრას გეგმავდა და რომ თუ ქალებს არ მიეცათ მუშაობის უფლება, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურება.

ელჩი დეგნანი: აშშ რჩება ერთგული იმ მიზნებისა, რომლებსაც მისმა უწმინდესობამ მიუძღვნა თავისი ცხოვრება – მშვიდობიანი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველო

აშშ-ის საელჩო უაღრესად აფასებს მისი უწმინდესობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან როლს საქართველოში. ამის შესახებ ელჩი კელი დეგნანი აცხადებს. მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები რჩება ერთგული იმ მიზნებისა, რომლებსაც მისმა უწმინდესობამ მიუძღვნა თავისი ცხოვრება – მშვიდობიანი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველო. „ჩემთვის დიდი პატივია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მივულოცო და პატივისცემა გამოვხატო მისი უწმინდესობის, ილია მეორის მიმართ, დაბადებიდან 90 წლის იუბილესა და აღსაყდრების 45 წლისთავთან დაკავშირებით. 1977 წლიდან მისი უწმინდესობა სულიერ მხარდაჭერასა და წინამძღოლობას უწევს ქართველ ერს, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი. მისმა მადლმა, სიბრძნემ და ზნეობრივმა სიცხადემ სასიცოცხლო როლი შეასრულა ქართველი ერის თვითმყოფადობისა და რწმენის შენარჩუნებაში ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ერის ხელახლა დაბადებასა და აღორძინებაში მე წილად მხვდა პატივი, შევხვედროდი მის უწმინდესობას და ჩემთვის ყოველთვის ამაღელვებელი იყო მისი სიბრძნე, თანაგრძნობა და ძალა. მას მართლაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართულ საზოგადოებაში და გასაკვირი არ არის, რომ ის ამდენ ადამიანს ასე უყვარს.  აშშ-ის საელჩო უაღრესად აფასებს მისი უწმინდესობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან როლს საქართველოში. მისმა უწმინდესობამ თავისი ცხოვრება მიუძღვნა მშვიდობის, თავისუფლებისა და ერთიანობის სანუკვარ ფასეულობებს – ღირებულებებს, რომლებიც ამერიკელებისთვისაც ძალიან ძვირფასია. თავისი ხანგრძლივი და გამორჩეული მოღვაწეობის განმავლობაში, პატრიარქი მოუწოდებდა და მოუწოდებს ყველას გამოწვევების მშვიდობიანი გადაჭრისკენ და ის აგრძელებს იყოს ერთიანობის ხმა დღევანდელ პოლარიზებულ სამყაროში. შეერთებული შტატები რჩება ერთგული იმ მიზნებისა, რომლებსაც მისმა უწმინდესობამ მიუძღვნა თავისი ცხოვრება – მშვიდობიანი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველო. მილიონობით ადამიანი საზრდოობს უწმინდესის სულიერი წინამძღოლობით და ქართველი ხალხის მიმართ მისი ერთგულებით. ვუსურვებთ მას ძალას, ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს მრავალი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია კელი დეგნანის მილოცვის ტექსტში.

მეუფე შიო: დღეს ჩვენი გულები სავსეა სიხარულითა და მადლიერებით

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, (მუჯირმა) ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გახლავთ სწორედ აი, ამ მცირერიცხოვან რჩეულთა შორისაც რჩეული ადამიანი, რომელმაც აღაშენა ჩვენი ეკლესია და ყოველი ჩვენგანი მოიყვანა ქრისტეს ნადიმზე.  „დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრებიდან ორმოცდამეხუთე წლისთავი და გადმოგცემთ მის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა. დღეს წმინდა სახარებიდან წაკითხული იყო იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ნადიმზე მოწვეულთა შესახებ. მათეს სახარებაში საქორწინო ნადიმი, სიძის ქორწილია მოხსენიებული. აი, ამ იგავით უფალი გადმოგვცემს ჩვენ მის სიყვარულს ჩვენდამი, თუ რაოდენ დიდია მისი სიყვარული და წადილი იმისა, რომ ჩვენთან ერთად იყოს იგი და ჩვენ ვიყოთ მასთან ერთად. ამისთვის უფალი მუდამ აგზავნიდა თავის რჩეულ ადამიანებს - წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, მღვდელმთავრებს, ღირს მამებს და ა.შ., ვინც მოუწოდებდა ადამიანებს ამ ნადიმზე. თვითონ უფალი იესო ქრისტეც ამიტომ განკაცდა, ამიტომ მიიღო კაცობრივი ბუნება და ამიტომ მოევლინა კაცობრიობას. მისი ნებაა, რომ ყველა ადამიანი გახდეს წევრი აი, ამ სერობისა, ამ პურობისა, ამ საქორწინო სუფრისა, ყველა, ვისთვისაც უფალმა სისხლი დაღვარა ჯვარზე... მაგრამ ეს იგავი მძიმე სიტყვებით სრულდება: „ბევრნი არიან მოწვეულნი, მაგრამ მცირედნი რჩეულნი“. ე.ი. ყველაა მოწვეული, მაგრამ ყველა არ სცემს პასუხს ამ მოწვევას სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომ რომ, როგორც ამბობს თავად უფალი იესო ქრისტე, „ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ საუკუნო სიცოცხლისკენ. ამიტომ მცირედნი პოვებენ მას“, მაგრამ ვინც პოვებს ამ ჭეშმარიტ გზას, ვინც უერთგულებს ეკლესიას, ისინი არიან რჩეულნი, ეკლესიის მუშაკნი და ეკლესიაში უფალი ყველა ასეთ ადამიანს აძლევს თავის მისიას, თავის დავალებას, დანიშნულებას და შესაბამის ნიჭებსა და ტალანტებს, რომ ეს შეასრულოს, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „ერთნი დაადგინა უფალმან ეკლესიაში წინასწარმეტყველებად, სხვანი - მოციქულებად, მოძღვრებად, ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ნიჭი, ზოგს მისცა კურნების ნიჭი, შეწევნის ნიჭი, მმართველობის ნიჭი და ა.შ. აი, ეს „მუშაკნი ეკლესიისანი“ არიან სწორედ ის რჩეულნი, რომლებზეც ამბობს უფალი იესო ქრისტე რომ „მცირედნი არიან“ და მათი საქმეა, დანარჩენი ადამიანები მოიყვანონ ქრისტესთან, ქრისტეს ნადიმზე; მათი საქმე და ღვაწლი არის ის, რომ, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, როგორც მცირედი საფუარი აღაფუებს მთელ ცომს, როგორც მცირე მდოგვის მარცვლიდან აღმოცენდება დიდი ხე, აი, ასეთია მათი ღვაწლი. ჩვენ ბედნიერნი ვართ დღეს, ძვირფასო ძმანო და დანო, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გახლავთ სწორედ აი, ამ მცირერიცხოვან რჩეულთა შორისაც რჩეული ადამიანი, რომელმაც აღაშენა ჩვენი ეკლესია და ყოველი ჩვენგანი მოიყვანა აი, ამ ქრისტეს ნადიმზე. ჩვენ ვხარობთ, დღეს ჩვენი გულები სავსეა სიხარულითა და მადლიერებით”, - განაცხადა მეუფე შიომ.

Pink Floyd-მა უკრაინის დასახმარებლად $600,000-ზე მეტი შეაგროვა

ცნობილმა ბრიტანულმა როკ ჯგუფმა Pink Floyd სიმღერით Hey, Hey, Rise Up, უკრაინის დასახმარებლად $600,000-ზე მეტი შეაგროვა. უკრაინული მედიის ცნობით, ჯგუფის წევრების დევიდ გილმორისა და ნიკ მეისონის მიერ დამატებული პირადი სახსრების შედეგად, თანხამ 500 000 ფუნტ სტერლინგამდე მიაღწია. თანხა გადაეცემა შემდეგ ჰუმანიტარულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს: Hospitallers Paramedics, The Kharkiv and Przemyśl Project, Vostok SOS, Kyiv Volunteer და Livyj Bereh.  

პრეზიდენტი პატრიარქს: ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურის განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ილია II-ს აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ და თქვენთან ერთად ვულოცავ სრულიად საქართველოს თქვენი აღსაყდრების 45 წლის იუბილეს. საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიაში ამ წლებს შეგვიძლია, ჩვენი საზოგადოების ხელახალი მოქცევის ეპოქა ვუწოდოთ. დღეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ სამყაროში, რომელსაც საქართველო 45 წლის წინათ ეკუთვნოდა, ქრისტიანული მსოფლმხედველობა იდევნებოდა, ადამიანი, როგორც ფასეულობა, უარყოფილი იყო. სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ერის სულიერი წინამძღოლობის მძიმე ტვირთი გერგოთ და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, თქვენი სამწყსო ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე ატარეთ, ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება. მსოფლიოს, ევროპისა და სრულიად საქრისტიანოსათვის ამ უმძიმეს ჟამს, როდესაც უკრაინაში, ევროპის გულში, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებსა და სოფლებს ანადგურებს, გვახსენდება 2008 წლის ომის დროს თქვენი ღვაწლი, როდესაც უდიდესი დათმენით შეხვდით საქართველოს თავსდამტყდარ განსაცდელს, შებრძანდით საქართველოს ოკუპირებულ ზონებში და ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ცხედრები გადმოასვენეთ. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქართველი ერის, მტერზე სულიერი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. თქვენი მოღვაწეობით არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიების, არამედ სრულიად საქრისტიანოს, მსოფლიოს პოლიტიკური თუ სულიერი ლიდერების პატივისცემა დაიმსახურეთ, რომის პაპის თქვენდამი უდიდესი პატივისცემისა და ძმური სიყვარულის ნიშნად, წელს სიქსტეს კაპელაში უძველეს ქართულ საგალობლებთან ერთად თქვენი შექმნილი საგალობლებიც გაისმა, რაც საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობის ისტორიაში ახალ ოქროს ფურცლად ჩაიწერა. თქვენი მოღვაწეობით დაიმსახურეთ გულწრფელი სიყვარული, როგორც საქართველოში, ისე ქართულ ემიგრაციაში. ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანის სიმრთელეს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

ხერსონის რაიონის სოფელ კისელივკაში, ერთადერთი ეკლესია რუსეთის დაბომბვის შედეგად განადგურდა - რეზნიკოვი

ხერსონის რაიონის სოფელ კისელივკაში, ერთადერთი ეკლესია რუსეთის დაბომბვის შედეგად განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. „ჰააგის IV კონვენცია იცავს რელიგიურ შენობებს საომარი მოქმედებების დროს, მაგრამ რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს არც ღმერთი და არც რელიგიის პატივისცემა", - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. შეგახსენებთ,რომ 24 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ხერსონის ცენტრი, რის შედეგადაც სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა.

რომის პაპი საშობაო მიმართვისას, უკრაინაში „უაზრო ომის“ დასრულების მოწოდებით გამოვიდა

რომის პაპმა ფრანცისკემ ტრადიციულ საშობაო გზავნილში, უკრაინელ ხალხს მშვიდობა უსურვა. რომის პაპმა ყველას მოუწოდა, გაიხსენონ ბავშვები, რომლებიც დღეს მშივრები არიან, მაშინ როცა ამდენი რესურსები იარაღზე იხარჯება. „მოდით, საკვები მხოლოდ მშვიდობის ინსტრუმენტად ვაქციოთ“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ. ის უკრაინაში მიმდინარე „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. „თუკი გვინდა, ეს იყოს შობა, იესოს და მშვიდობის დაბადება, მოდით, გავიხედოთ ბეთლემში და წარმოვიდგინოთ იმ ბავშვის სახე, რომელიც ჩვენთვის იშვა და დაე, ამ პატარა და უცოდველ სახეში დავინახოთ ყველა იმ ბავშვის სახე, რომლებსაც, ყველგან მსოფლიოში, მშვიდობა სურთ“, - განაცხადა რომის პაპმა.  

ლიეტუვამ კამიკაძე-დრონების შესყიდვის შესახებ, აშშ-სთან შეთანხმება გააფორმა

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკული Switchblade 600 ტიპის თვითმფრინავის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა და გახდა NATO-ს წევრი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც კამიკაძე-დრონები შეუკვეთა. გარიგების ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი ევროს შეადგენს. ლიეტუვა ამერიკულ Switchblade 600 ტიპის კამიკაძე-დრონს შეისყიდის „ეს საბრძოლო თვითმფრინავები ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებს მისცემს შესაძლებლობას, გაანადგურონ მტრის ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა 40 კილომეტრამდე. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ასეთი შესაძლებლობა აქამდე არასდროს ჰქონია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ Switchblade 600 სისტემას მიიღებს ლიეტუვა. Switchblade 300-ისა და Switchblade 600-ის მოძრავი საბრძოლო მოწყობილობები ცნობილია, როგორც კამიკაძე-დრონები. ისინი შექმნილია როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე, ქვეითი დანაყოფის გასანადგურებლად. უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს აწარმოებს კომპანია AeroVironment, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მდებარეობს. მისი დამკვეთია აშშ-ის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. კომპანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.   

უკრაინის ენერგეტიკის სექტორისადმი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერამ თითქმის $1,5 მილიარდს მიაღწია - შმიგალი

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უკრაინის ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერამ თითქმის 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. „პარტნიორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორის დახმარება სულ უფრო და უფრო მატულობს. ჩვენ გვაქვს თითქმის 1,5 მილიარდი დოლარის დეკლარირებული მხარდაჭერა. დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად ყოველდღიურად შემოდის დამატებითი აღჭურვილობა. უკვე ჩამოვიდა 200-ზე მეტი ტვირთი ენერგეტიკული აღჭურვილობა", - განაცხადა შმიგალმა.

უკრაინამ ყაზახეთისგან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო

უკრაინამ ყაზახეთის რესპუბლიკიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო. შესაბამისი განცხადება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა. „ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი საშობაო საჩუქარი ყაზახეთის ხალხისგან: 41 მძლავრი გენერატორი ჩვენი ჯანმრთელობის დაწესებულებებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კულება: უკრაინას ექნება ყველა საჭირო იარაღი მტრის ჯარებისგან ტერიტორიის გასათავისუფლებლად

უკრაინას ექნება ყველა საჭირო იარაღი თავისი ტერიტორიის რუსი ოკუპანტებისაგან გასათავისუფლებლად - ეს მხოლოდ დროის საკითხია. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ეროვნული სატელეფონო მარათონის დროს გააკეთა. „თუ შევაჯამებთ საუბრებს არამხოლოდ ვაშინგტონში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, დასკვნა ასეთია: ყველა საჭირო იარაღი აქ იქნება, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, იარაღის მიწოდება ძალიან რთული ტექნიკური და ლოგისტიკური ოპერაციაა. შეგახსენებთ, რომ პენტაგონი Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის ფუნქციონირებისთვის, შეერთებულ შტატებში სამხედრო ბაზაზე უკრაინელი სამხედროების მომზადებას განიხილავს.

რუსულ მოიერიშე თვითმფრინავს ბელორუსში ცეცხლი გაუჩნდა - უკრაინული მედია

ბელორუსში, მაჩულიშის აეროდრომზე რუსული გამანადგურებლის MiG-31K-ის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საუბარია თვითმფრინავზე, რომელსაც (Kindzhal) ჰიპერბგერითი რაკეტების გადატანა შეუძლია.  „მონიტორინგის ჯგუფს აქვს ინფორმაცია, რომ დღეს, 25 დეკემბერს, რუსეთის საჰაერო ძალების MiG-31K ტიპის თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა მაჩულიშის აეროდრომზე“, - წერს ბელორუსული მონიტორინგის ჯგუფი Telegram-ზე. „13 დეკემბერს რუსეთის საჰაერო ძალების სამი MiG-31K ტიპის თვითმფრინავი მაჩულიშიში გაფრინდა. ეს არის ამ ტიპის თვითმფრინავის მეორე როტაცია ბელორუსში. რუსეთი აქტიურად იყენებს ბელორუსის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მოსამზადებლად და განსახორციელებლად“, - წერს უკრაინული მედია.