ძებნის რეზულტატი:
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7009 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7028 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.19 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8800 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8712 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.88 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1444 ლარს შეადგენს, ასევე, გაუფასურდა ფუნტი და 3.2576 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 28 დეკემბრიდან შევა ძალაში.
რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატი ინდოეთში გარდაცვლილი იპოვეს
რუსეთის ფედერაციაში, ვლადიმერის დეპუტატი პაველ ანტოვი, რომელიც 2019 წელს Forbes-ის მიხედვით რუსეთის უმდიდრესი საჯარო მოხელეებისა და მოადგილეების რეიტინგს სათავეში ჩაუდგა, ინდოეთში გარდაცვლილი იპოვეს. რამდენიმე დღით ადრე ამავე სასტუმროში ტურისტულ ჯგუფში დეპუტატის თანამგზავრი გარდაიცვალა. რუსეთის გენერალურმა საკონსულომ განაცხადა, რომ ორი რუსის გარდაცვალებაში საეჭვო ვერაფერი დაინახა. ანტოვს 22 დეკემბერს 65 წელი შეუსრულდა. გარდაცვალების მიზეზი განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული. ანტოვი "ტრაგიკული გარემოებების შედეგად გარდაიცვალა", - წერს საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ვიაჩესლავ კარტუხინი თავის Telegram არხზე. ინდოეთის ტელეარხის ცნობით, პაველ ანტოვმა სავარაუდოდ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
რუს ოლიგარქ უსმანოვთან დაკავშირებულ კომპანიას, უკრაინაში $54 მილიონად შეფასებული რკინის მადანი დაუყადაღეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქ ალიშერ უსმანოვთან დაკავშირებულ კომპანიას, 2 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 54,35 მილიონი დოლარი) ღირებულების რკინის მადნი დაუყადაღა. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა უწყების ცნობით, ნედლეული უკრაინის რამდენიმე საზღვაო პორტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. სპეცსამსახური იუწყება, რომ ნედლეული დაყადაღებულია და წყდება მისი კორუფციული და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის, ძიების და მართვის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის საკითხი. SBU-ის ცნობით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უსმანოვს სანქციები დაუწესა. 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა.მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე: აღარავინ საუბრობს, რომ ის პოლიტპატიმარია, საკითხს წერტილი დაესვა
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ლობისტების კამპანიის კარგი შედეგია ის, რომ სააკაშვილზე, როგორც პოლიტპატიმარზე აღარავინ საუბრობს. "სააკაშვილის გარშემო ძალიან ბევრი სიყალბისა და ტყუილ-მართლის არევა ხდება ერთმანეთში. ჩვენ ვნახეთ მისი უცხოელი ადვოკატი თუ ლობისტი, რომელიც პირდაპირ ტყუილს ავრცელებს, მათ შორის, მოწამვლასთან დაკავშირებით. მთელი მუხანათობა ამ დეზინფორმაციული კამპანიის არის ის, რომ გადაჭრით თითქოს არაფერს ამბობენ და დაბნეულობა შეაქვთ საზოგადოებაში. დილით იტყვიან, რომ მოწამლეს, საღამოს სააკაშვილი იტყვის რომ არა არ მომწამლესო. მეორე დღეს სააკაშვილი გაუგზავნის რუს ბლოგერს, რომ ის მოწამლეს, მეორე დღეს ადვოკატი უარყოფს, რომ არ მოწამლეს. ამით აბნევენ საზოგადოებას იმისთვის, რომ გახადონ ის მოწყვლადი დეზინფორმაციის მიმართ. ამას ჩვენ ვაკვირდებით 450 დღეა. არაფერი არ შეცვლილა, ერთადერთი შეიცვალა ის, რომ არავინ საუბრობს მის პოლიტპატიმრობაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პუტინმა და ფაშინიანმა, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშაბათს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, იტყობინება კრემლის პრესსამსახური. საუბარი დსთ-ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში შედგა. „ჩვენ გუშინ დავიწყეთ და სამივემ მოვახერხეთ საუბარი: რა თქმა უნდა, მთავარი საკითხია მთლიანად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის მოწესრიგება, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, ყველაფერი რაც ყარაბაღს ეხება. ასე რომ, როგორც შევთანხმდით, ჩვენ განვიხილავთ ამ ყველა დეტალს“, - განაცხადა პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი შეხვედრის გახსნისას. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაზე აქტუალური საკითხია ლაჩინის დერეფანში მიმდინარე კრიზისი. „იცით, ლაჩინის დერეფანი თითქმის 20 დღეა გადაკეტილია. ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის სფერო მთიან ყარაბაღში. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამმხრივი განცხადების მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და მგზავრების, ტვირთის, ხალხის გადაადგილება ლაჩინის დერეფანში შეუფერხებლად უნდა იყოს გარანტირებული “, - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ირკვევა, რომ ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ არ არის. „რა თქმა უნდა, მინდა ვისაუბრო ამ ვითარებაზე, რა ვარიანტები არსებობს“, - აღნიშნა ფაშინიანმა. მანამდე, 23 დეკემბერს, დაგეგმილი იყო სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადების საკითხზე. თუმცა, ერევანმა ბოლო მომენტში სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
უცხოეთში დასაქმების პროგრამის გაფართოება იგეგმება - აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნებში წელს საქართველოს 500-მდე მოქალაქე დასაქმდა. „წელს, საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა რამდენიმე უცხო ქვეყანაში. ეს არ არის დიდი ციფრი, თუმცა ამ პროგრამის გაფართოებას ვფიქრობთ და აქტიური მოლაპარაკება გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან - ესენია ისრაელი, გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, ვისთანაც გვაქვს კონტრაქტები, რათა კვოტები გაგვიზარდონ და ჩვენმა უფრო მეტმა მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ დასაქმება სეზონურ და სხვადასხვა სამუშაოზე. ეს მათი შემოსავლის ზრდას და ქვეყანაში თანხების შემოდინებას შეუწყობს ხელს”,- განაცხადა აზარაშვილმა.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაშია გამოცხადებული. "ორი რუსული ავიაგამანადგურებელი Mig-31K ბელორუსში მდებარე სამხედრო აეროდრომიდან აფრინდა", - ამის შესახებ ომის მონიტორინგის ბელორუსული ჯგუფი "ტელეგრამზე" წერს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჩინეთთან რეგულარული ფრენები 2023 წლიდან აღდგება - მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „სასიხარულოა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც,“ - ასე გამოეხმაურა ჩინეთის ავიაკომპანიის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქვეყნის საავიაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა უწყებები აქტიურად საქმიანობენ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსაყვანად. მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი სამოქალაქო ავიაციის სექტორში. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, პანდემიამდე ჩინეთიდან 48,071 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 50.9% - იანი მატება იყო 2018 წელთან შედარებით, ხოლო ტოპ 15 ქვეყანას შორის ჩონეთი მეთხუთმეტე ადგილზე პოზიციონირებოდა. ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე - 2023 წლის 25 მარტამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება. China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, COVID19-ის პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.
ოკუპირებული აფხაზეთიდან დაკარგული პიკასოს ლანგარი მოსკოვში იპოვეს
მოსკოვში იპოვეს პაბლო პიკასოს კერამიკული ლანგარი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გაუჩინარდა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის პორტალს დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა დაურ კოვემ განუცხადა, 2022 წლის დასაწყისში ეს ლანგარი ექსპერტიზაზე რუსეთში გაგზავნეს. დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრის თქმით, ექსპონატის ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნება წლის ბოლომდეა შესაძლებელი. კოვე ამბობს, რომ დეფაქტო აფხაზეთის კულტურის ყოფილი მინისტრი გუდისა აგრბა პიკასოს კერამიკული ჭურჭლის ექსპერტზის პროცესს ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, რომ ადრე დიმიტრი გულიას ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნულ ბანკში საცავიდან პაბლო პიკასოს ლანგარი და ფერნანდ ლეჟეს ორი ნამუშევარი გაქრა. ლეჟეს ნამუშევარი დე ფაქტო კულტურის სამინისტროში აღმოაჩინეს, ხოლო პიკასოს ლანგრის ძებნა გაგრძელდა. ახლა დაურ კოვე ამბობს, რომ პიკასოს ანგრის დე ფაქტო აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ ექსპონატების ექსპერტიზა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდება. „ჩვენ არ გვაქვს ექსპერტიზის დოკუმენტები. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის სავარაუდოდ პიკასოს თეფში და ფერნანდ ლეჟეს ნახატი“, - თქვა დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრმა. ექსპონატების შეფასებაში რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული აფხაზეთის სპეციალისტების ჩართვა იგეგმება
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად 4 კანდიდატურა წარუდგინა
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად 4 კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზი ფოლადაშვილის კანდიდატურები. შესაბამის ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს. „2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის არცერთ კანდიდატს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკოს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტ კანდიდატურას, აღნიშნული მოთხოვნის გათვალისწინებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინა კონკურსში მონაწილე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზი ფოლადაშვილის კანდიდატურები. რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N 05/08/01 განკარგულებით ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე გამოცხადებულ კანდიდატთა შესარჩევ ხელახალ კონკურსში მონაწილეობდა სულ 3 კანდიდატი, რომელთაგან 2 კანდიდატს საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 22 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკოს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტი კანდიდატურა სახეზე არ არის, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 27 დეკემბრის N 27/12/03 განკარგულებით, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე ცხადდება კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია. ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: info@president.gov.ge. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება, იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შვედეთი უკრაინას დამატებით 19 მილიონ დოლარს გამოუყოფს
შვედეთის სამეფომ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად თითქმის 19,2 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. თანხები გადაირიცხება დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედ უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდში და გამოყენებული იქნება უკრაინის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად. „შვედეთმა დამატებით გამოყო თითქმის $19,2 მილიონი (200 მილიონი შვედური გვირგვინი) უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია ინფორმაციაში. „უკრაინელი ხალხის თავისუფლება და დამოუკიდებლობა უსაფრთხო ევროპის საწინდარია", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა. „შვედეთი ამაყობს, რომ მხარს უჭერს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ევროპისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას იქამდე, სანამ დაგჭირდებათ", - აცხადებს თავის მხრივ, უკრაინაში შვედეთის საელჩო.
უკრაინამ 42 დამცველის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინაში 42 დამცველის ცხედარი დააბრუნეს. ამის შესახებ Ukrinform-ი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. უწყების ცნობით, ცხედრები 27 დეკემბერს გადაასვენეს და ეს პროცესი გაგრძელდება. საერთო ჯამში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხთა კომისარმა დანიშვნების დღიდან 869 დამცველის ცხედრის დაბრუნება მოახერხა.
მედიის ცნობით, პუტინმა რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების საპასუხო განკარგულება გამოსცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის დაწესების საპასუხო განკარგულებას ხელი მოაწერა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი კრძალავს თავისი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის, თუ კონტრაქტები ითვალისწინებს ფიქსირებულ მაქსიმალურ ფასს. დადგენილება ამოქმედდება 2023 წლის პირველი თებერვლიდან და იმოქმედებს მომდევნო წლის პირველ ივლისამდე. ნავთობპროდუქტების მიწოდების აკრძალვის თარიღს მთავრობა დაადგენს. აშშ-მ და ევროკავშირმა ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრად 60 დოლარი დაადგინეს. რუსეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ნავთობს არ მიჰყიდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ შეზღუდვებს.
გერმანია უკრაინაში ბავშვების მხარდასაჭერად 35 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანიამ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად, გაეროს ბავშვთა ფონდში (UNICEF) 35 მილიონი ევრო (37,3 მილიონი დოლარი) შეიტანა. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩომ განაცხადა. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და KfW განვითარების ბანკის მეშვეობით, ბერლინმა თანხა საგანმანათლებლო პროცესების განახლებაზე, სანიტარიულ და ჰიგიენურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის გამოყო. გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 331 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო 13 613 უკანონოდ არის დეპორტირებული რუსეთში. რუსეთის თავდასხმებმა უკრაინაზე ასევე დააზიანა 3126 სასწავლო დაწესებულება, მთლიანად კი, 337 გაანადგურა.
კიევის შეფასებით, ორბანის განცხადებები უკრაინის პათოლოგიურ უგულებელყოფას ცხადყოფს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებები აჩვენებს მის პათოლოგიურ უგულებელყოფას უკრაინის მიმართ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კომენტარებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თანახმად, უნგრეთის ლიდერმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, სურს თუ არა მშვიდობა. უკრაინის საგარეო უწყების შეფასებით, თუ ხსენებულ კითხვაზე პასუხი დადებითია, ორბანმა უნდა გამოიყენოს თავისი მჭიდრო კავშირები მოსკოვთან, რათა შეაჩეროს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გაიყვანოს მისი ჯარები. „უკრაინის დამარცხება ომში, რომლის მოწოდებით, ვიქტორ ორბანი ირიბად გამოდის, გამოიწვევს რუსეთის აგრესიის პირდაპირ საფრთხეს უნგრეთისთვის და უნგრელებისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას თუ შეწყვეტს, ომიც შეწყდება.
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: ლაჩინის დერეფანი არ არის „რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“
ლაჩინის დერეფნის კრიზისი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის ლიდერთან ორმხრივი შეხვედრის დროს. ფაშინიანის თქმით, უკვე ოცი დღეა, რაც ლაჩინის დერეფანი ჩაკეტილია და მთიან ყარაბაღში ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა. მისივე თქმით, სამმხრივი განცხადების მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ კი ლაჩინის დერეფანში მგზავრებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილების გარანტია გასცა.„გამოდის, რომ ლაჩინის დერეფანი არ არის რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ. და, რა თქმა უნდა, გვსურს, განვიხილოთ ეს სიტუაცია და რა ვარიანტები არსებობს მის მოსაგვარებლად", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატება, კონტროლის გამკაცრებას საქართველოშიც მოითხოვს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ კარგია და საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია და ჰოსპიტალიზებულ კოვიდპაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს. „ბოლო დღეებში ბევრ ქვეყანაში (იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ავსტრალია და სხვ.) აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და COVID-ის გარდაცვალების შემთხვევების მატების ტენდენცია. ზოგადად, მსოფლიოში ყოველდღიურად ფიქსირდება 500 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და 1500-ზე მეტი გარდაცვალება. ასე მაგალითად, მარტო იაპონიაში ა.წ. 22 დეკემბერს დაფიქსირდა 184 000 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 339 შემთხვევა. შემაშფოთებელია სიტუაცია ჩინეთში, სადაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ყოველდღიურად ფიქსირდება ათეულობით მილიონი COVID-ის ახალი შემთხვევა. საქართველოში COVID-ის ეპიდსიტუაცია კვლავ კარგია და საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს, ხოლო სიკვდილობა კვლავ მინიმალურ ნიშნულზეა - სულ 6 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში, მათ შორის ბოლო 1 თვის განმავლობაში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადანგარიშებით საქართველოში გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებიან COVID-ის მართვაში. ამის მიუხედავად, მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია და ჩინეთში COVID-ის ახალი შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება საქართველოსთვისაც ზრდის რისკებს და მოითხოვს ჩვენგან სიფხიზლის გაძლიერებას და ზოგიერთი საპასუხო პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ჩინეთიდან შემოსულ პირებზე COVID-ზე კონტროლის გამკაცრებას. მივმართავთ მოსახლეობას, არსებული რისკების გათვალისწინებით რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი გამოვლენისთანავე აუცილებლად ჩაიტარონ ტესტირება COVID-ზე რაც შეიძლება მალე და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და მკაცრად შეასრულონ მისი რეკომენდაციები. მყარად უნდა გვახსოვდეს, რომ პირველივე დღეებში დაწყებული ანტივირუსული მკურნალობა (პაქსლოვიდით ან რემდესივირით), სათანადო ჩვენებების შემთხვევაში, პრაქტიკულად იძლევა იმის გარანტიას, რომ არ მოხდება დაავადების დამძიმება, არ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური გამოსავალი. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბოლო თვეებში COVID გარდაცვალების ერთეული შემთხვევები დგებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებმაც დაგვიანებით მიმართეს ექიმს და/ან კლინიკას. დღეს საქართველოს მოსახლეობა საიმედოდაა დაცული COVID-ისგან. იგი პრაქტიკულად არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ ჩვენს ირგვლივ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩინეთში არსებული არასახარბიელო COVID სიტუაცია სერიოზულ რისკებს შეიცავს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა COVID-ის მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს და ამის გაკეთება მხოლოდ მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. რაც შეეხება გრიპს და სხვა რესპირაციულ ინფექციებს, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში აღინიშნება მათი გავრცელების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ რჩება მაღალი. ასე მაგალითად ამერიკის CDC-ის მონაცემებით გრიპით ყოველკვირეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაეცა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 8-დან 4.5-მდე, რაც 2009-2010 წლების სეზონიდან მოყოლებული მაინც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქართველოშიც შეიმჩნევა გრიპის და სხვა რესპირაციული ინფექციების გავრცელების კლება, თუმცა მომართვიანობა და კლინიკების დატვირთვა მაინც მაღალია. რესპირაციული ინფექციების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის A გრიპზე (H3N2 და H1N1 ქვეტიპები), ხოლო დანარჩენი ნახევარი სხვა რესპირაციულ ვირუსებზე - რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსები (მათ შორის COVID-ის გამომწვევი) და სხვ. საქართველოში ჯანდაცვის სისტემა (ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარება, კლინიკები) ძალიან გამართულად მუშაობს. არცერთი ავადმყოფი არ რჩება ექიმისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ყველა COVID-ით ავადმყოფს საჭირო შემთხვევაში ჩვენების მიხედვით უტარდება პროაქტიური მკურნალობა თანამედროვე მედიკამენტებით და ოპტიმალური მიდგომებით, მათ შორის ადრეული ანტივირუსული მკურნალობა სადღეისოდ საუკეთესო პრეპარატებით: “პაქსლოვიდით” და “რემდესივირით”. სწორედ ამის შედეგია, რომ COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები დაყვანილია მინიმალურ ნიშნულზე, ხოლო გრიპით და სხვა რესპირაციული ინფექციებით კლინიკების უდიდესი გადატვირთვის მიუხედავად წლევანდელ სეზონში პრაქტიკულად არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ გვქონია. შესადარებლად 2009-2010 წლების გრიპის ეპიდემიის დროს საქართველოში სულ ცოტა 50 გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო ამერიკის CDC-ის ოფიციალური გათვლებით, აშშ-ში წლევანდელ სეზონში დაფიქსირებულია გრიპის მინიმუმ 15 მილიონი შემთხვევა, 150 ათასი ჰოსპიტალიზაცია და 9300 გარდაცვალება. ასეთია სადღეისოდ ქვეყანაში COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების რეალური და არავირტუალური ეპიდსიტუაცია, რისი უარყოფაც ჩვენს ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც კი უჭირთ”, - წერს თენგიზ ცერცვაძე.
რა ზარალი განიცადეს უკრაინის უმდიდრესმა ადამიანებმა რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო
Forbes-ის გათვლებით, რუსეთის შეჭრის გამო, უკრაინის 20-მა უმდიდრესმა ადამიანმა 20 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. ბოლო წლების განმავლობაში, ოლიგარქები, რომლებიც აკონტროლებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მრეწველობას, წლიური ფინანსური რეიტინგების სათავეში უცვლელად აღმოჩნდნენ. უკრაინის უმდიდრესმა კაცმა რინატ ახმეტოვმა, ისევე როგორც გასულ წელს, რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა. თუმცა ენერგეტიკული კომპანიის DTEK-ისა და Metinvest-ის ფოლადის და სამთო კონგლომერატის მფლობელმა, მის მშობლიურ დონბასში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო 9,3 მილიარდი დოლარი დაკარგა. ბოლო თავდასხმას DTEK-ის ერთ-ერთ ობიექტზე, ერთი თანამშრომლის დაღუპვა მოჰყვა. დეკემბრის დასაწყისისთვის კომპანიამ განაცხადა, რომ მის საწარმოებს 18-ჯერ დაესხნენ თავს, 20 ადამიანი დაშავდა და სამი დაიღუპა. ახმეტოვის ქონება ახლა 4,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მაგნატის ბიზნეს ზარალის გრძელ სიაში შედის მარიუპოლში დაფუძნებული აზოვსტალის ფოლადის ქარხანა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. ახმეტოვის მრავალი ქონება საომარ ზონებად გადაიქცა და საბოლოოდ რუსებმა გაანადგურეს. ახმეტოვის ენერგეტიკული აქტივები არანაკლებ დაზარალდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოქტომბრის დასაწყისში, კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევა დაიწყო. ახმეტოვი იმედოვნებს, რომ ზარალი რუსეთის ხარჯზე აუნაზღაურდება - ივნისში მან მოსკოვის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სარჩელის საერთო ოდენობამ შესაძლოა, 20 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. უკრაინის ყველაზე ძვირადღირებული ტექნიკური სტარტაპის, გრამატიკის შემოწმების პოპულარული ინსტრუმენტის Grammarly-ის თანადამფუძნებლები, მაქსიმ ლიტვინი და ოლექსი შევჩენკო Forbes-ის სიაში მეორე და მესამე ადგილზე არიან. თითოეულის ქონება ახლა 2,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. უკრაინაში დაბადებული ტექნიკოსები მილიარდერები გახდნენ მას შემდეგ, რაც 200 მილიონი დოლარის საინვესტიციო გარიგებამ, Grammarly-ის ღირებულება 13 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. Grammarly-ის თანადამფუძნებლებს სიაში მოჰყვებიან ოლიგარქები ვიქტორ პინჩუკი და კოსტიანტინ ჟევაგო, რომელთა წმინდა ქონება, შესაბამისად, 2,2 და 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. საერთო ჯამში, Forbes-მა გააანალიზა 129 უკრაინელი ბიზნესმენის ქონება, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში უმდიდრეს 100-ეულში მოხვდნენ. ჟურნალმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ მათგანს შეეძლო 2022 წლის რეიტინგში მოხვედრა, მაგრამ სიიდან მოქალაქეობის დაკარგვის ან სხვა მიზეზის გამო გარიცხეს. მაგალითად, იგორ კოლომოისკის, რომელიც გასულ წელს 1,8 მილიარდ დოლარად შეფასებულ რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებდა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ივლისში ჩამოართვა.
ბლინკენი: აშშ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთებისა და დაცვის მიზნით, პარტნიორებთან ერთად იმუშავებს
„შეერთებული შტატები და მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და შესაკეთებლად“, - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ დაუღალავად იმუშავებს „დიდ შვიდეულთან“ და სხვა პარტნიორებთან უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების, შეცვლისა და დაცვის მიზნით". „ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. უკრაინელებს წინ მძიმე ზამთარი ელით და ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ „დიდ შვიდეულთან“ და სხვა პარტნიორებთან უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების, შეცვლისა და დაცვის მიზნით" , - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იტალია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხს განიხილავს
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან საუბრის შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ იტალია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხს განიხილავს. „მადლობა გადავუხადე ჯორჯია მელონს მისი სოლიდარობისა და უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ. ის მიესალმა იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დამატებითი 10 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფის შესახებ. ლიდერებმა ასევე განიხილეს ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად. თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კიევში ჩასვლის სურვილი დაადასტურა და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში მიიწვია. ნოემბრის შუა რიცხვებში ზელენსკიმ 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა. 26 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა თებერვლის ბოლომდე, გაეროს და გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მონაწილეობით, სამშვიდობო სამიტის გამართვას აპირებს.