ძებნის რეზულტატი:

რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი, თავი შეიკავა. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ევროპარლამენტის წევრები მოითხოვენ, სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა გაეწიოს, ამასთან, პატივი სცენ მის ფუნდამენტურ უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მუდმივი წარუმატებლობა აჩენს რისკს, დააბრკოლოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა. ევროპარლამენტარების განცხადებით, ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მხრივ, ლაკმუსის ტესტია ის, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. რეზოლუციის ავტორები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ასევე შეამცირებს პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში. „ევროპული რეფორმების მიმართულებით ქვეყნის პროგრესი პოლიტიკის ცენტრში უნდა დაბრუნდეს”, - ნათქვამია რეზოლუციაში. ამასთან, ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის მოწოდებით გამოდის. რეზოლუცია ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს. „[რეზოლუცია]კიდევ ერთხელ მოუწოდებს [ევროპული] საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, - ვკითხულობთ რეზოლუციაში.

უკრაინა მოკავშირეებისგან 241 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს

უკრაინა მოკავშირეებისგან, საერთაშორისო ფონდიდან 241 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელიც ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. პირველ პაკეტზე დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და დანია შეთანხმდნენ. 200 მილიონ ფუნტზე მეტი სავარაუდო ღირებულების პაკეტი მოიცავს მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალას, საზღვაო დაზვერვის და აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილებს, ასევე - ტანკებს.  

უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოს სატრანსპორტო და სანავსადგურო პოტენციალი უფრო მეტად აითვისოს

უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოს სატრანსპორტო და სანავსადგურო პოტენციალი უფრო მეტად აითვისოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე აბდუსამატ მუმინოვი ხელმძღვანელობს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. გურამ გურამიშვილმა დეტალურად ისაუბრა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებსაც საქართველო ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაზრდელად და ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის მეტი პოპულარიზებისთვის მსოფლიო და რეგიონული მასშტაბით. მისი თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაიზარდა ინტერესი ევროპა - აზიის ალტერნატიული დერეფნების, მათ შორის, საქართველოზე გამავალი შუა სატრანსპორტო დერეფნის მიმართაც. „უზბეკეთის მხარემ გამოთქვა დაინტერესება საქართველოს სატრანსპორტო და სანავსადგურო პოტენციალის უფრო მეტად ათვისებისადმი ორ ქვეყანას შორის არსებული ტვირთბრუნვის გაზრდისთვის. შეხვედრაზე წარიმართა მოლაპარაკებები საკონტეინერო, მინერალური სასუქების და შაქრის ლერწმის გადაზიდვების გაზრდის შესახებ, რისთვისაც დაისახა კონკრეტული ღონისძიებები. შეხვედრას დაესწრნენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს რკინიგზის, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები. უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით გამართავენ შეხვედრებს საზღვაო ნავსადგურების წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის განჩინება გამოაქვეყნა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის განჩინება გამოაქვეყნა. ტექსტში ვკითხულობთ:   „მისასალმებელი სიტყვით სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).   მისმა უწმინდესობამ აღნიშნა იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც სასულიერო პირთ და, მით უმეტეს, მღვდელმთავრებს აკისრიათ. ითქვა, რომ: ,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სულიერი წინსვლისათვის, მშვიდობისა და გამთლიანებისათვის“. შემდეგ სიტყვა გადასცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი).   წმიდა სინოდის წევრების სახელით მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიულოცა აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღები და თქვა: - ,,გამოვხატავთ თქვენ წინაშე შვილებრივ სიყვარულს და მადლობას თქვენი მამამთავრული ღვაწლისა და შრომისათვის, რომელიც გასწიეთ ეკლესიის აღმშენებლობისა და ერის სულიერი აღორძინებისათვის.   გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ამ ურთულესი 45 წლის განმავლობაში თქვენი წინამძღოლობით და თქვენი სამოციქულო მსახურების შედეგად, ღვთის შეწევნით, ერის სულიერი მოქცევა მოხდა მეორედ.   განსაკუთრებით გვინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ დღეს ყოველი ჩვენგანი მღვდელმთავრად თქვენი ხელდასხმულია, რაც უნიკალური შემთხვევაა როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიის ცხოვრებაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას და თქვენი წინამძღოლობით საქართველოს გამთლიანებას და ჩვენი ერის ერთსულოვნებას“.   შემდეგ მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ საჭიროა შეიქმნას ჯგუფები, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან მღვდელმთავრები და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, რათა შეისწავლონ საკითხები სინოდისათვის წარსადგენად.   სინოდის სხდომამ საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება და დაადგინა: - დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობა დროებით გადაიბაროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა; ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად.   სინოდის სხდომაზე განხილულ იქნა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი. მოხსენება გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე). მან სინოდის წევრებს გააცნო სერბეთის ეკლესიის მეთაურის, უწმინდესი პატრიარქის, პორფირეს (პერიჩი), ჩვენდამი მოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ,,განიკურნა სქიზმა და აღდგენილია ევქარისტიული კავშირი ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან", და რომ აღნიშნულ ეკლესიას სერბეთის პატრიარქმა უბოძა ავტოკეფალიის ცნობის ტომოსი.   მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია, სერბეთის ეკლესიის გარდა, ასევე აღიარეს რუსეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიებმა, ხოლო მასთან ავტოკეფალიის აღიარების გარეშე ევქარისტიულ კავშირში შევიდნენ შემდეგი ეკლესიები: კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ელადისა და პოლონეთის.   წმიდა სინოდმა დაადგინა: საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შევიდეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომლის მეთაურია უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე (ველიანოვსკი).   განხილულ იქნა რიგ სასულიერო მოღვაწეთა წმინდანად შერაცხვის შესახებ საკითხის შესწავლა და მომზადება შემდეგი სინოდის სხდომაზე წარსადგენად დაევალა წმინდანთა კანონიზაციის მოსამზადებელ კომისიას.   წმიდა სინოდზე ისაუბრეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებულ მძიმე მოვლენებზე, ასევე ომზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვა. აღინიშნა, რომ ომი საშინელება და დიდი ტრაგედიაა.   იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და მეომრები, ნადგურდება ეკლესია-მონასტრები, ინფრასტრუქტურა, სოფლები და ქალაქები. ადგილი აქვს სხვა ნეგატიურ მოვლენებსაც, რის გამოც გამოითქვა დიდი მწუხარება.   ითქვა, რომ საქართველოს ეკლესია ლოცულობს დაძაბულობის განმუხტვისათვის; ლოცულობს, რათა მოვლენებმა კიდევ უფრო საშიში ხასიათი არ მიიღოს და, პირიქით, უფალმა უკრაინასა და მსოფლიოს მოანიჭოს მშვიდობა. წმიდა სინოდმა გამოხატა მწუხარება თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს“, - ნათქვამია განჩინებაში.    

ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. "გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას. შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას], - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფ „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომლის სახელწოდებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ხალხის ძალის განმარტებით, კანონპროექტი „საუკეთესო დასავლურ“ პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 14 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი. „ერთი თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისისთვის დავაინიცირებდით კანონპროექტს, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხებოდა. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ . აღნიშნული კანონპროექტი, ძირითადად, შედგენილია აშშ -ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. ამ ნორმატიული აქტის პროექტში ასევე გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. მიგვაჩნია, რომ საჯაროობის, გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია, ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში. სწორედ ამიტომ, „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. ასევე გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დააინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც მედიასივრცეში სიცრუისა და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას უზრუნველყოფს. „შეგახსენებთ, ჩვენ, პრაქტიკულად, დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედიასივრცეში სიცრუისა და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიცირებთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. „მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო ამოქმედდა საჰაერო  თავდაცვის სისტემა. ცნობილია, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს ლვოვის რეგიონში. ინფორმაცია სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა Telegram-ზე გაავრცელა.  "პოლტავას ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დავრჩეთ თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!" - დაწერა მან „ტელეგრამში“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ვეცდებით, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღი მოახლოვდეს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ეცდება, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღი მოაახლოოს. „ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვამზადოთ ევროკავშირში მოლაპარაკებისთვის სტარტი. კერძოდ, ამის შესახებ ვისაუბრეთ შვედეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. არსებობს აუცილებელი ლიდერობა და ნება იმისთვის, რომ უკვე წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები წევრობაზე. უკრაინა ამაში პარტნიორების მხარდაჭერას გრძნობს და მადლობელი ვარ ამისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.  

სოციალურ ქსელებში მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული პოსტების გავრცელების ბრალდებით, თურქეთის პოლიციამ 78 ადამიანი დააკავა

სოციალურ ქსელებში მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული პოსტების გავრცელების ბრალდებით თურქეთის პოლიციამ 78 ადამიანი დააკავა. "გამოვლენილია სოციალური ქსელების 78 მომხმარებელი, რომელთა პოსტები შიშსა და პანიკას თესავდნენ საზოგადოებაში. 20 მათგანი უკვე, წინასწარ პატიმრობაშია", - ნათქვამია ინფორმაციაში. თურქეთის სამხრეთით მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 35 418 ადამიანი ემსხვერპლა. 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.  

აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე შსს-მ პაკისტანის 5 მოქალაქე დააკავა

აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის 5 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ცოდნისკარის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის 5 მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ს.ა, 2001 წელს დაბადებული ა.ზ., 1979 წელს დაბადებული რ.ი., 1991 დაბადებული ა.მ. და 1971 წელს დაბადებული ჯ.კ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კომპანიის ხელმძღვანელმა ყალბი დოკუმენტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 707 449 აშშ დოლარი გამოსძალა - საგამოძოებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე მ. მ. დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.მ, რომელიც იყო უძრავი ქონების რეალიზაციით დაკავებული ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, საქართველოში ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორს შეუთანხმდა, რომ გაუწევდა მას მომსახურებას კონკრეტული მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვების მოპოვებაში და შესაბამისი თანხმლები დოკუმენტების მომზადებაში, რის შემდეგაც, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ხსენებული მომსახურების თითქოსდა შესრულებისათვის ბრალდებულმა სხვა პირთა დახმარებით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები – არქიტექტურული და საინჟინრო კომუნიკაციების პროექტები, გეოლოგიური დასკვნები, რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა დამკვეთის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 707 449 აშშ დოლარის ოდენობით. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიება გრძელდება აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.  

სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა მომზადების კურსი გაიარეს

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელ ცენტრში პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რეინჯერის, კომანდოსა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულმა წარმომადგენლებმა პირადი დაცვის ამოცანების შესასრულებლად ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. „კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დასაცავ ობიექტთან ერთად ქვეითად გადაადგილების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის, ავტომობილიდან სროლის, ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისა და პირველადი დახმარების გაწევის დავალებები შეასრულეს. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სამხედროებს სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნული კურსი სპეციალური ოპერაციების ძალების ორგანიზებით მესამედ ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რუსეთი 24 თებერვალს მასობრივ შეტევას გეგმავს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა თქვა, რომ რუსეთი 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, მასობრივ თავდასხმას გეგმავს. „ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ვფიქრობ, უკვე ვიცით, რა არის თავდასხმები, მას შემდეგ რაც ერთ დღეში 115-120 რაკეტა „მივიღეთ“. ამ დღესაც გავუმკლავდებით. დიახ, რთული იქნება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერს გადავლახავთ", - განაცხადა დანილოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

2022 წლის IV კვარტალში 14 000 ტონა ხორცია წარმოებული - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში 118 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 18.6 პროცენტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 17.8 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 14.4 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12.7 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 11.0 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 25.4 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული. საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 113.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 45.3 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 44.8 პროცენტი – ღორი, ხოლო 9.1 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 316.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა. „სასაკლაოების მიერ 2022 წლის IV კვარტალში 14.1 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 39.1 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.4 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 19.4 პროცენტი – ღორის ხორცზე, 1.2 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 14.5 ათას პირს, საიდანაც 34.7 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 103 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 33.7 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 12.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 28.0 ლარი“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.  

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

ელი კოენი ისრაელის მთავრობის პირველი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგი ჩავიდა. „ელი კოენი შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას", - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მედიაში 19 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი კიევს მისი უკრაინელი კოლეგის დიმიტრო კულებას მიწვევით ეწვეოდა. ინფორმაცია კულებასა და კოენს შორის 19 იანვარს სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. „ჩვენს პირველ სატელეფონო საუბარში, მე და ელი კოენმა განვიხილეთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა, უსაფრთხოების საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის გზები. მინისტრმა კოენმა დაგმო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ დაადასტურა ისრაელის გეგმები ჰუმანიტარული დახმარებისა და დახმარების სხვა სფეროებში გაძლიერების შესახებ“. კოენი ასევე დაგვპირდა ორ თვეში კიევში ისრაელის საელჩოს გახსნას“, - აცხადებდა კულება.  თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინა წარუმატებლად ცდილობდა, დაერწმუნებინა ისრაელი, ნეიტრალიტეტზე ეთქვა უარი.  

Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს $210 მილიონის კომპენსაცია გადაუხადა - Bloomberg

მრავალწლიანი სასამართლო დავების მიმდინარეობის პერიოდში, წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილის კომპენსაციის სახით 210 მილიონი დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს. Credit Suisse-ის მენეჯმენტზე სტატიის გამოქვეყნებაზე საერთაშორისო მედიიდან განმეორებითი უარი მივიღეთ - MKD ბანკს არ განუმარტავს უშუალოდ რომელი სასამართლო დავის კომპენსირებაზე გადაიხადა $210 მილიონი, აგრეთვე არ არის ცნობილი ზუსტი პერიოდი, თუ როდის განხორციელდა აღნიშნული ტრანზაქციები. 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულ ბერმუდულ კომპანია Credit Suisse Life-ს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმე მილიარდერის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილ თაღლითურ სქემას უკავშირდებოდა, რის შესახებაც ბერმუდაში დავა არაერთი წელი გრძელდებოდა. Bloomberg-ის თანახმად, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა Credit Suisse Life-მა, შესაბამისად ბერმუდის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იწყება. შესაბამისად, ბანკი ამ კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობს. პარალელურად, სასამართლო დავა გრძელდება სინგაპურშიც. დავები სინგაპურსა და ბერმუდაში: სასამართლო მასალების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში დააფუძნა ტრასტი სახელწოდებით Mandalay Trust-ი, რომელშიც ივანიშვილმა $550 მილიონის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. ივანიშვილი მიუთითებს, რომ ეს თანხა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის თაღლითობით დაიკარგა, რაზეც პასუხისმგებლობა Credit Suisse-მა უნდა აიღოს. ბერმუდაში კი დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხებოდა. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო. 2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს. იქამდე, სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ლესკადრონი აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც ის 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა. პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული. Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ, რომელმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.  

CNN: დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის ახალი შეტევა უფრო მისწრაფებაა, ვიდრე რეალისტური

შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს და უკრაინას არ სჯერათ, რომ რუსეთმა მოაგროვა რესურსები აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი შეტევის დროს მნიშვნელოვანი მიღწევების უზრუნვესალყოფად, - ამის შესახებ CNN-ს ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს. „ეს სავარაუდოდ, უფრო მისწრაფებაა, ვიდრე რეალისტური”, - განაცხადა აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა. ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა გაზარდა ჯარების რაოდენობა, თუმცა დასავლელი ოფიციალური პირები არ ფიქრობენ, რომ ეს რიცხვები ბრძოლის ველზე წარმატებაში გადაიზრდება. „სავარაუდოა, რომ რუსული ძალები უკეთ ორგანიზებულნი იქნებიან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწევენ, თუმცა, როგორც ჩანს, მზად არიან, მეტი ჯარი აქციონ „საზარბაზნე ხორცად“, განუცხადა CNN-ს ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა.  

თავდაცვის სამინისტრო: „ვაგნერის“ ჯგუფმა ბახმუტთან ზოგიერთი ქვედანაყოფის დაახლოებით 80% დაკარგა

რუსეთი დიდ ზარალს განიცდის უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში. კრემლის მიერ მხარდაჭერილი კერძო დაქირავებული ჯგუფი და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ აღმოსავლეთ უკრაინაში, ზოგიერთი თავდასხმის ქვედანაყოფების დაახლოებით 80%-ს კარგავენ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. მალიარმა ასევე განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება ძალიან დაძაბული და მძიმეა უკრაინული ძალებისთვის. „თქვენ თავად ხედავთ, რა სახის ომს აწარმოებს რუსეთის ფედერაცია,” - განაცხადა მალიარმა და აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები აფერხებენ რუსეთის წინსვლას რეგიონში.      

თუ კონკრეტულ სექტორში სამუშაო 40 საათზე მეტია, თანამშრომელს გაზრდილი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს - ბექა ფერაძე

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბიზნესსექტორისთვის 40-საათიან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებული რეგულაციის გადავადება არ იგეგმება. „სხვადასხვა სექტორში შრომის უფლებების დარღვევის საფრთხე განსხვავებულია. სამშენებლო სექტორში, შესაძლებელია, საფრთხე უფრო მაღალი იყოს, თუმცა მომსახურების სფეროში, შედარებით, ნაკლები. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მომსახურების სექტორში საფრთხე საერთოდ არ არსებობს. მომსახურების სექტორში ინციდენტები საკმაოდ გაზრდილია. სხვადასხვა სექტორში დარღვევებთან დაკავშირებული რიცხობრივი რაოდენობის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, შევთანხმდეთ, რა პერიოდულობით უნდა მოხდეს ობიექტების ინსპექტირება. მაგალითად, სამშენებლო სექტორში არანაკლებ ათი დღის განმავლობაში უნდა ფასდებოდეს რისკები. რაც შეეხება მომსახურების სფეროს, ინსპექტირების პერიოდი ოთხიდან ექვს თვემდეა განსაზღვრული. ხაზს ვუსვამ იმას, რომ თუ კონკრეტულ სექტორში დარღვევის რისკი მეტია, უსაფრთხოების სპეციალისტის აქტივობა ამ მიმართულებით მეტი იქნება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან.  

2022 წელს ქართულ ბანკებში ახალი ანგარიში რუსეთის 109 955 მოქალაქემ გახსნა

2022 წელს საქართველოს ბანკებში რუსეთის 109 955 მოქალაქემ გახსნა ახალი ანგარიში. ამის შესახებ ინფორმაციას bpn ეროვნული ბანკის მიერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძისთვის გაგზავნილი ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. "გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და ცხრილში ასახული პირთა ჯამური რაოდენობა მოიცავდეს დუბლირებულ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ მონაცემებს გაწვდით კონსოლიდირებული სახით, ბანკების მიხედვით დეტალიზაციის გარეშე, გამომდინარე კონფიდენციალობის პრინციპიდან,“ - ნათქვამია სებ-ის მიერ ინფორმაციაში.  

ბლინკენი გერმანიას, თურქეთსა და საბერძნეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 16-დან 22 თებერვლამდე გაემგზავრება გერმანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ხუთშაბათს ბლინკენი გაემგზავრება გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად, სადაც ის მიიღებს მონაწილეობას ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებში, რათა განიხილოს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, თურქეთისა და სირიელი ხალხის დახმარება და აშშ-ის ვალდებულება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების მიმართ. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი. მდივანი ბლინკენი კვირას ეწვევა ინჯირლიკის საავიაციო ბაზას თურქეთში, რათა უშუალოდ გაეცნოს აშშ-ის ძალისხმევას, დაეხმაროს თურქეთის ხელისუფლებას 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ რეაგირებაში. შემდეგ ის გაემგზავრება ანკარაში, სადაც შეხვდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს და თურქეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, რათა განიხილონ აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელება თურქეთსა და თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, ისევე როგორც თურქეთთან აშშ-ის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები.  „ათენში, საბერძნეთში, მდივანი ბლინკენი შეხვდება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისს, საგარეო საქმეთა მინისტრ დენდიასს და ოპოზიციის ლიდერს ალექსის ციპრასს, რათა განიხილონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ჩვენი ერთობლივი ვალდებულება დავიცვათ დემოკრატია. მდივანი ბლინკენი აშშ-საბერძნეთის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე რაუნდს 21 თებერვალს დაიწყებს“, - ნათქვამია განცხადებაში.