ძებნის რეზულტატი:

მირზოიანი: სომხეთი დაინტერესებულია თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით

„ჩვენი სახმელეთო საზღვარი 35 წლის შემდეგ გაიხსნა. ეს სიმბოლური ნაბიჯია“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთობლივ ბრიფინგზე. მისი თქმით, სომხეთი დაინტერესებულია სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით. „ჩვენ დაინტერესებული ვართ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით“, - აღნიშნა მირზოიანმა.  

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი თანამდებობას დატოვებს - BBC

BBC-ის ცნობით, შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი თანამდებობას დატოვებს. ამ პოსტზე ის 2014 წლის შემდეგ მუშაობდა. BBC წერს, რომ შოტლანდიის ეროვნული პარტიის ლიდერი, განცხადებას სავარაუდოდ, ედინბურგში საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე გააკეთებს. ნიკოლა ფერგიუსონ სტარჯონი არის შოტლანდიის მეხუთე პირველი მინისტრი, ასევე შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერი. ის პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს. ნიკოლა ფერგიუსონ სტარჯონს პირველი მინისტრის თანამდებობა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით ეკავა.  

ჩავუშოღლუ: სომხეთმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა ამ რთულ დროს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთმა თურქეთს „მეგობრობის ხელი“ გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ. ჩავუშოღლუს თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ვიზიტი თურქეთში საშინელი მიწისძვრების შემდეგ მნიშვნელოვანია. ამ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. „სომხეთმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა ამ რთულ დროს და აჩვენა სოლიდარობა და თანამშრომლობა“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ თავის სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, დედაქალაქ ანკარაში. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ნორმალიზაციის პროცესი გრძელდება: „სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაცია ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობას“. ჩავუშოღლუს თქმით, დღის წესრიგში დგას სომხეთთან სახმელეთო მარშრუტების გახსნის საკითხი: „დღეს ჩვენც ვისაუბრეთ ამაზე“. შეგახსენებთ, სომხეთმა 28-კაციანი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა თურქეთში მიწისძვრების შემდეგ.  „მათ გაგზავნეს 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება და განაცხადეს, რომ დამატებით დახმარებას გაგზავნიდნენ“, -  განაცხადა ჩავუშოღლუმ. მირზოიანმა, თავის მხრივ, ამ რთულ დროს მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთის მზადყოფნა დააფიქსირა. სომეხი უმაღლესი დიპლომატი, სავარაუდოდ, მოგვიანებით ეწვევა ადიამანს, სადაც მისი ქვეყნიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას.  

თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ - კალაძე

თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. "საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს. ჩვენი ხალხის, ქვეყნის და ეროვნული ინტერესებიდან გამოვა. თუ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება სტატუსის არ მიცემასთან დაკავშირებით მიღებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ. ეს არის დადგმული სპექტაკლი, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში „შემოტანით“. ეს რისთვის იყო გაკეთებული, ძალიან ადვილი მისახვედრია. იმიტომ, რომ დაპირისპირება და გადატრიალება მომხდარიყო. იმიტომ, რომ ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება მისაღები არ არის. მისაღები არ არის იმიტომ, რომ ომში არ ერთვება და ყველაფერს იმას აკეთებს, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

მთელი რუსული არმიის 97% უკრაინაშია - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

მთელი რუსული არმიის 97% უკრაინაშია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა BBC Radio 4-თან ინტერვიუში განაცხადა. უოლესმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ერთიანი ძალის შექმნა ვერ შეძლო, რათა უკრაინის დაცვა გაერღვია. „ჩვენ ვხედავდით ძალისხმევას, რომლებიც წინ წაწევისკენ იყო მიმართული. ეს უდიდეს ფასად დაუჯდა რუსეთის არმიას. ჩვენი შეფასებებით, მთელი რუსეთის არმიის 97% უკრაინაში იმყოფება“, - აღნიშნა უოლესმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება - ღარიბაშვილი

დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება. “როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.  

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ავრცელებს

საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ვიდეოკადრს, - სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ავრცელებს. „გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება. ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა. საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით სპეკულირებისაგან“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.  

კახა კალაძე „ინტერ რაოსთან“ დავას გამოეხმაურა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ინტერ რაოსთან“ დავას გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს თანხა დაუზოგა. „პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ტარიფების შემცირება, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, დედაქალაქის მოსახლეობამ. როდესაც ქვეყანაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ კომპანია „ენერგო პროს“, რომელიც ასევე ჩართული იყო ტარიფების შემცირების პროცესში. რაც შეეხება წარმოშობილ დავას, „ინტერ რაო“ ითხოვდა დაახლოებით, 200 მლნ დოლარს, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე ისინი მოითხოვდნენ. საქართველომ რუსულ Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავა წააგო წარმოგიდგენიათ, ხელი რომ მომეწერა, იმაზე, რომ „ინტერ რაოს“ მიეღო 200 მლნ დოლარი, რა მოხდებოდა და რას დამატეხდნენ თავს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვფიქრობდით, რომ არ ეკუთვნოდა ამ კომპანიას 200 მილიონი და პირდაპირ ვუთხარით, რომ ვიდავებდით. შესაბამისად, მოხდა არბიტრაჟში განხილვა და 200 მლნ-ს ნაცვლად დაგვეკისრა გაცილებით ნაკლები. თავის დროზე მე არ მივეცი ჩემს თავს უფლება და ვერცერთი ჩემი თანამშრომელი ვერ გაბედავდა იმას, რომ დავთანხმებოდით „ინტერ რაოს“ მოთხოვნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 15-16 თებერვალს თურქეთს ეწვევა. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, სტოლტენნბერგი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოგანს და საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდება. სტოლტენბერგი ასევე მოინახულებს დამანგრეველი მიწისძვრებით დაზარალებულ რაიონებს.  

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6532 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6532 ლარი გახდა.  "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6583 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8434 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8585 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

უკრაინა რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ შეფერხებაში ადანაშაულებს

15 თებერვალს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეფერხებაში დაადანაშაულეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის წარმომადგენლები სისტემატურად აფერხებდნენ უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავ გემების შემოწმების პროცესს. უკრაინამ მოუწოდა გაეროს და თურქეთს, როგორც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გარანტორებს, მოსთხოვონ რუსეთს, დაუყოვნებლივ გადაჭრან შეფერხებების საკითხი და რუსეთის მცდელობები, გამოიყენოს საკვები იარაღად პორტების ბლოკირებით. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, გაეროს მიერ მხარდაჭერილი შეთანხმებაა, რომელსაც ივლისში უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა მოაწერეს ხელი, რათა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი რუსეთის შეჭრის ფონზე განბლოკოს. 2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში ქვეყნიდან 9,5 მილიონი ტონა მარცვლეული დატოვა.  

აზერბაიჯანმა თურქეთში 20 თანამედროვე მობილური სახლი გაგზავნა

აზერბაიჯანმა დღეს თურქეთში 20 თანამედროვე მობილური სახლი გაგზავნა. Report-ის თანახმად, ამ კვირის ბოლომდე ძმურ ქვეყანაში კიდევ 90 თანამედროვე მოდულური სახლი გაიგზავნება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ ერთ და ოროთახიან მოდულურ სახლებს ყველა პირობა აქვს 10-დან 12-მდე ადამიანის განსათავსებლად. სამხრეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 35 410 ადამიანი დაიღუპა. 10 პროვინციაში დაზარალდა 13 მილიონზე მეტი ადამიანი.  

რესპუბლიკურ და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოებში ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პრობლემის გამო, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები დღეისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული, თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემის გამო. მისი თქმით, ახალი ინფექციური საავადმყოფოს რემონტი რამდენიმე თვეში დასრულდება, სადაც განთავსდება როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა ინფექციური განყოფილებები. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა, თუ სად და რა კონცეფციის უნდა იყოს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლის შემადგენლობაშიც ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილებაც იქნება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება, აქედან გამომდინარე, რამდენიმე რეფორმა დავიწყეთ. 2025 წლიდან საქართველოში მოქმედი ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებშია ჩართული, საერთაშორისო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. თბილისში არსებული ჩვენი ორი კლინიკა - რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები დღეისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პრობლემის გამო. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შემთხვევაში, ახალ ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც რამდენიმე წლის წინ იქნა შეძენილი, აქტიურად ვარემონტებთ. აქ იქნება როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ინფექციური. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გუნდი მთლიანად გადავა ახალ კლინიკაში. ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე თვეში დასრულდება", - განაცხადა აზარაშვილმა.  

შვედეთის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა და შვედეთი ერთად დგანან კაცობრიობის, თავისუფლებისა და ევროპის დასაცავად. „დღეს მივესალმები შვედეთის პრემიერ მინისტრს ულფ კრისტერსონს უკრაინაში. უკრაინა და შვედეთი ერთად დგანან კაცობრიობის, თავისუფლებისა და ევროპის დასაცავად. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა სამი კვირის წინ განაცხადა, რომ შვედეთი განიხილავს Stridsvagn 122-ის ტიპის ტანკების (მოდერნიზებული Leopard 2A5) გაგზავნას უკრაინაში.  

უამინდობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება - აეროპორტების გაერთიანება

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ ეტაპისთვის, რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ და დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება შეუფერხებლად სრულდება. „წვიმისა და ძლიერი ქარის გამო, ავიაკომპანია Israir Airlines-ი კუთვნილი ეარბას A320 თვითმფრინავი ბათუმში ვერ დაჯდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. მგზავრების ტრანსპორტირება ბათუმში ავტობუსებით განხორციელდა. 69 მგზავრი კი, რომლებიც ბათუმიდან ისრაელში მიფრინავდნენ, უახლოეს საათებში თელ-ავივში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა

ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნისას 3 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილნი. ერთი პაციენტი კლინიკა „ბრაზერში“, ორი კი, სამედიცინო ცენტრში მკურნალობს. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულნი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რიგი ქართველი და უცხოელი ექსპერტები „ხალხის ძალის“ ინიციატივას ევროინტეგრაციისგან გადახრად აფასებენ

ქართველები და უცხოელი ექსპერტები „ხალხის ძალის" მიერ შემუშავებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, უარყოფითად აფასებენ. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ კვლევაში, ინიციატივა „ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრად" არის შეფასებული, რაც „ნეგატიურად აისახება, სამომავლოდ, ევროპული ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე". ექსპერტთა მოსაზრებები არასამთავრობო ორგანიზაციამ 2022 წლის 29 დეკემბრის შემდეგ მოაგროვა, როცა „ხალხის ძალამ“ კანონპროექტის შექმნაზე საჯაროდ განაცხადა, შეფასებები კი, დღეს, 15 თებერვალს, დოკუმენტის პარლამენტში დარეგისტრირების მეორე დღეს გამოქვეყნდა. ჰუბერტუს იანი - რუსეთისა და კავკასიის ისტორიის პროფესორი, კემბრიჯის უნივერსიტეტი "აღნიშნული პოლიტიკა პირველად მიიღეს და გამოიყენება რუსეთის ფედერაციაში და შედეგს ყველა ხედავს. ამან რუსეთში გამოიწვია დემოკრატიული და სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების სრული დემონტაჟი და ავტოკრატიული და კორუმპირებული დიქტატურის აღზევება, რასაც თან ახლავს მრავალი შეუზღუდავი სასჯელი და უდანაშაულო პირების დაპატიმრება... ეს, ფაქტობრივად, გააჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს (რაც, შესაძლოა, განზრახული იყოს წარმოდგენილი კანონპროექტის მიღმაც). კანონის მიღება გრძელვადიან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობასა და განვითარებაზე. ამავდროულად, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში ახალგაზრდა და განათლებულ თაობაზე, რომელთაგან ბევრმა, შესაძლოა, ქვეყნიდან წასვლა მიიჩნიოს გამოსავლად (ისევე, როგორც რუსეთში)". სტივენ ჯონსი - დირექტორი, ქართული კვლევების ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი "ეს არის პროცესის დასაწყისი, რომელიც ანადგურებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავისუფლებას, იმოქმედონ მთავრობის წნეხის შიშის გარეშე და გამოხატონ განსხვავებული აზრი... ეს არის საშინელი მინიშნება საბჭოთა დროზე, როდესაც „უცხოობა“ სახიფათო იყო. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებას დემოკრატიული ღიაობისკენ და ძირს უთხრის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მიზანს". ჯული ჯორჯი - პოლიტიკის მეცნიერების ასოცირებული პროფესორი, ქუინს კოლეჯი, CUNY "[ეს] არის ინსტრუმენტი იმ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების იზოლირებისთვის და შევიწროებისთვის, რომელთა ხმები, თუნდაც რთულად მოსასმენი, დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტია... ეს კანონი არ არის უბრალოდ კანონი - ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის, რომ დემოკრატიის მშენებლობის მცდელობები საქართველოში დასრულდა". ლინკოლნ მიტჩელი - კოლუმბიის უნივერსიტეტი "ამგვარი კანონის მიღება ვერ დაეხმარება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში, თუმცა ევროპაში საქართველომ უკვე გადაინაცვლა რიგის უკან, შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღება დიდად გადამწყვეტი არ იქნება". ჰელგე ბლეკისრუდი - ასოცირებული პროფესორი, ოსლოს უნივერსიტეტი "[ამ] კანონის მიღება, ამ სიტუაციაში, იქნება ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში ფუნდამენტურად არასწორი სიგნალის გაგზავნა". ქრისტოფერ ბერგლუნდი - ასოცირებული პროფესორი, მალმეს უნივერსიტეტი "ეს კანონპროექტი ქმნის შესაბამის გარემოს სამოქალაქო ორგანიზაციების შევიწროებისთვის. ევროკავშირისთვის არ ექნება აზრი ფინანსური დახმარების გაგრძელებას, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე სახელმწიფოსთვის, რომელიც ღირებულებებს ცხადად უგულვებელყოფს". შტეფან მაისტერი - DGAP, საერთაშორისო წესრიგისა და მმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში „საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზიდან. მისი მოქმედებები მედიის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის შესუსტება და ახლა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ აღქმულია კრიტიკულად, რადგან საბოლოო ჯამში ის ძირს უთხრის ევროინტეგრაციის საკვანძო კომპონენტებს". სონია შიფერსი - დირექტორი, ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისი „საუბრები ე.წ. უცხოური აგენტების კანონის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შეშინებას. სამოქალაქო საზოგადოება ძალიან კრიტიკულია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის არასრულფასოვან შესრულებასთან დაკავშირებით". ტრეისი ჯერმანი - პროფესორი, ლონდონის სამეფო კოლეჯი „ფინანსური გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, მაგრამ შეშფოთება ამ კანონპროექტის შესახებ ჩნდება იმის გამო, თუ როგორ იყენებს რუსეთი საკუთარ კანონმდებლობას „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რათა შეზღუდოს და აკრძალოს ორგანიზაციების და ინდივიდების ფართო სპექტრის აქტივობა. ეს კი ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ასოცირდება ლიბერალური დემოკრატიის გამართულ ფუნქციონირებასთან". თომას დე ვაალი - უფროსი მკვლევარი, კარნეგი ევროპა „ამ ინიციატივის მიღება ნაკლებადაა მოსალოდნელი და შეიძლება აღვიქვათ უფრო როგორც გამიზნული პროვოკაცია. ეს არის პოლიტიკოსთა გუნდის იდეა, რომელსაც არ აქვთ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ ინტერესი, და რომელსაც უნდა საკუთარი დღის წესრიგის წინ წამოწევა, სახელის გათქმა დასავლელ პოლიტიკოსებთან საჯარო დაპირისპირების გზით".ვანო ჩხიკვაძე - "ღია საზოგადოების ფონდი" „გადაწყვეტილება, დიდწილად, შეეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაცია #10-ს, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას გულისხმობს". გია ნოდია - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი "ეს კანონი არსებითად იმეორებს რუსეთის და მისი სატელიტების თუ მიმბაძველების მსგავს კანონმდებლობას, რომლის მიზანია, აღმოფხვრას დასავლურ ქვეყნებთან დაკავშირებული ორგანიზაციების საქმიანობა მათ ქვეყნებში". დავით აფრასიძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი "ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრედიტაციისთვის, ასევე, შექმნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაკონტროლებისთვის. ამდენად, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე". თინათინ ახვლედიანი - მკვლევარი, ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროსი, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი (CEPS) "ბოლო წლებია საქართველოში ადგილი აქვს არაფორმალურ მმართველობას, კორუფციას, პოლიტიზებული მართლმსაჯულების და უარესდება მედიის თავისუფლება. ამ ფონზე კი აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს სახელმწიფოს უფრო მეტად მიტაცებას". ნატა საბანაძე - მოწვეული პროფესორი, მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში "უარყოფითად იმოქმედებს ევროინტეგრაციის პროცესზე, რომლისგან გადახვევა უკვე დაწყებულია".თამარ ხულორდავა - ეგერია სოლუშენს, დამფუძნებელი პარტნიორი "ქვეყანას, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს და აქტივობას, რომელიც მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არავინ განიხილავს ევროკავშირის წევრობისსერიოზულ კანდიდატად". კახა გოგოლაშვილი - უფროსი მკვლევარი, რონდელის ფონდი "ნებისმიერი იურისტი "უცხოელი აგენტების" კანონს განიხილავს, როგორც ასოცირების შეთანხმებისსულისკვეთების და თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების დაზიანების მცდელობას. თორნიკე გორდაძე - პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი "შესაძლებელია, რომ ამ კანონპროექტზე საუბარი მმართველი ძალის ერთგვარი ტაქტიკაა და ამით ის ცდილობდეს დასავლეთიდან (ევროკავშირიდან და აშშ-დან) გახშირებული კრიტიკაზე ამგვარ რეაგირებას. მმართველი პარტია (“ხალხის ძალა” მის ნაწილად და ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ) ამით აჩვენებს მის მზაობას რომ დასავლეთიდან მომავალ წნეხზე მას შეუძლია ამგვარი რეაგირება: ღიად ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, რომლის გეოპოლიტიკური გაგრძელება იქნება საბოლოოდ რუსეთის ორბიტაზე გადასვლა".

სტოლტენბერგი: შევთანხმდით, გავაძლიეროთ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობები

NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის, ბოსნია- ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ, გააძლიერონ მორგებული მხარდაჭერა ხსენებული პარტნიორების თავდაცვის შესაძლებლობების, გამძლეობისა და NATO-სთან თავსებადობის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, სტოლტენბერგის თქმით, დღეს მოკავშირეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.  

ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ბერძენმა კოლეგამ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საბერძნეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა - საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბერძენ კოლეგასთან. მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე, გააკეთეს შეხვედრის შემაჯამებელი განცხადებები პრესასთან. "შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა და ნიკოს დენდიასმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული კავშირები, რამაც ასახვა ჰპოვა არა მხოლოდ ამ ქვეყნების პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებზე, არამედ კულტურაზე, ხალხთაშორის კავშირებსა და იმ ისტორიულ ფასეულობებზე, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. მინისტრებმა აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტებისა და კონტაქტების ინტენსივობის მნიშვნელობა ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო განვითარებისთვის. განსაკუთრებით გამოჰყვეს დიდი პოტენციალი ტურიზმისა და ვაჭრობის მიმართულებით და შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ახლო მომავალში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ჩატარებას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას რეგიონში - როგორც ბიზნესის წარმოების, ისე ტურისტული მიმზიდველობისა და ქვეყნის მზარდი სატრანზიტო ფუნქციების გათვალისწინებით. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მინისტრები მიესალმნენ სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დღის წესრიგს და უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ის დიდი დახმარება, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საბერძნეთმა საქართველოს აღმოუჩინა ამ კუთხით. შეხვედრაზე გამოიხატა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, აღიარებული იქნა საქართველოს პროგრესი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო შეფასების დროს ევროკავშირის მხრიდან გათვალისწინებული იქნება საქართველოს ძალისხმევა, რაც შემდგომ აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ილია დარჩიაშვილმა ბერძენ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის. თავის მხრივ საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა პირველივე შესაძლებლობაზე ეწვიოს საქართველოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას

მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას. მისივე თანახმად, მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“. „ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციაში.