ძებნის რეზულტატი:
2022 წელს საქართველოში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის კი გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 868.7 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 444.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობამ 139.9 ათასი სული შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.7 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 97.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.1 პროცენტით ნაკლებია. „2022 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 574.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 2.2 პროცენტით ჩამორჩება 2021 წლის შედეგს. ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 23.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 პროცენტით ნაკლებია. 2022 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 74.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.9 პროცენტით აღემატება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 156.2 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია. 2022 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 648.9 მილიონი ცალი და 2021 წელთან შედარებით 0.9 პროცენტით ნაკლები შეადგინა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველო მოწოდებულია, გააღრმავოს თანამშრომლობა იაპონიასთან - ლევან დავითაშვილი
„საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იაპონიასთან ურთიერთობების განვითარებას და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ იაპონიის მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ იაპონია იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1918 წელს და თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა იაპონიის იმპერატორის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს საქართველოში და იაპონიის საელჩოს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და იაპონელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მოწოდებულია, გააღრმავოს თანამშრომლობა იაპონიასთან და გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს. მისი თქმით, გეოგრაფიული მდებარეობის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებისა და მიმზიდველი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით, საქართველო შეუძლია გახდეს კარიბჭე იაპონური კომპანიებისთვის რეგიონში. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 57%-ით გაიზარდა, ასევე, 2022 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ოთხჯერ არის გაზრდილი იაპონიიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია აქტიური ურთიერთანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რაც მნიშვნელოვანია ციფრული დერეფნის განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე ხაზგასასმელია, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებს ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმება, რომელიც ხელს უწყობს სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიანად გამოყენებას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ირაკლი კობახიძე: „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ამერიკულის ანალოგი ნამდვილად არ არის, ბევრად დარბილებულია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი ნამდვილად არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრად უფრო დარბილებულია - ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა, კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „ევროპული კანონმდებლობისგან განსხვავებით, ამერიკული კანონი ბევრად უფრო უხეშია". „ჩვენ დავარბილეთ, საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს საქართველოში, ეს არის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი. მე რუსული კანონი არ წამიკითხავს და არ ვიცი. შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება, ის ამით დაინტერესდა - მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ. თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, რადგან ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი", - განუცხადა მედიას ირაკლი კობახიძემ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადავდგამთ
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში არის ნიშანი იმისა, რომ ორივე ქვეყანას სურს გააღრმაოს ორმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს მაღალი დონის ვიზიტები. დენდიასის თქმით, იგი უახლოეს მომავალში თბილისში ვიზიტსაც გეგმავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. დღეს, დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით, კიდევ ერთი აგური დავდეთ ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა დიპლომატების კავშირები და შემდგომში მათი ერთობლივი ძალისხმევა მხოლოდ სასიკეთო იქნება როგორც რეგიონისთვის, ისე მათი პროფესიული საქმიანობისთვის“, -განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. როგორც საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო და აქტუალურ რეგიონულ საკითხებს, მათ შორის უსაფრთხოების გარემოს. მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ქარტიის პრინციპების მიმართ ერთგულებას და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „უპირობოდ ვთანხმდებით, რომ ძალადობა, საზღვრების შეცვლა, რისი მსხვერპლიც არის საქართველო, სრულიად მიუღებელია. განვიხილეთ საქართველოსა და ნატო-ს, ასევე საქართველოსა და ჩვენს საერთო ევროპული ოჯახის – ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს კავკასიის რეგიონის მიმართ. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა და მომდევნო რამდენიმე წელი მას თქვენ უმასპინძლებთ საქართველოში“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ნიკოს დენდიასის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობებში დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია ითამაშეს საქართველოში მცხოვრებმა ბერძნებმა და ქართულმა დიასპორამ საბერძნეთში, რომლებიც ორ ქვეყანას ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ორდღიანი ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება და უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს მართავს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ლოიდ ოსტინი ესტონეთს ეწვევა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 16 თებერვალს ესტონეთში ჩავა, სადაც შეხვდება პრემიერ-მინისტრ კაია კალასს და თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურს, იტყობინება დეპარტამენტის პრესსამსახური. მხარეები უკრაინის მხარდაჭერასთან, ორმხრივ თავდაცვის თანამშრომლობასა და NATO-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. თავდაცვის მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
თურქეთში მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ, 17 წლის გოგო ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს
სამხრეთ თურქეთში მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ, ადიამანის პროვინციაში 17 წლის გოგო ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. ბოლო ინფორმაციით, 36,187 ადამიანი დაიღუპა და 108,000-ზე მეტი დაშავდა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომლებიც გასულ კვირას სამხრეთ თურქეთში მოხდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 74 ქვეყნიდან სულ 7098 უცხოელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონებში. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაში, სადაც სტიქიას ასევე მოჰყვა მსხვერპლი.
ახლა ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი არ დგას - სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ახლა ქვეყნის მიერ ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ ადგილობრივი მედიის ცნობით, მაია სანდუმ რუმინული ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა. „ახლა ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი არ დგას. ნეიტრალიტეტი გაწერილია მოლდოვის კონსტიტუციაში. მეტიც, თუ გავაანალიზებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტი უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ მოქალაქეების ამ არჩევანს პატივს ვცემთ“, - აცხადებს სანდუ.
სტოლტენბერგი: NATO თურქეთის გვერდით დგას
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიწისძვრები სამხრეთ თურქეთში ყველაზე მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფაა ალიანსის ტერიტორიაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა სტოლტენბერგს „ძალიან აქტიური როლის“ შესრულებისთვის, სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის. „ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი სტიქიური უბედურება ალიანსის ტერიტორიაზე NATO-ს დაარსების შემდეგ. NATO დგას თურქეთის გვერდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, თურქეთში გადაუდებელი დახმარების ათასობით პერსონალი იყო განლაგებული, რათა მხარი დაუჭირონ დახმარებას, მათ შორის სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს, მეხანძრეებს, სამედიცინო პერსონალს და სეისმურ ექსპერტებს“. „NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ მხარდაჭერას; სამხედრო თვითმფრინავები ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან აქტიურად მუშაობენ თურქეთში საერთაშორისო დახმარების გადასატანად და სამედიცინო მიზნით ევაკუაციისთვის. სხვა მოკავშირეები, როგორიცაა, ალბანეთი, კანადა და გერმანია, უზრუნველყოფენ ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას; NATO-ში კი რიგითი მოქალაქეები თურქეთის მხარდასაჭერად მილიონობით ევროს აგროვებენ. ეს არის ჭეშმარიტი სოლიდარობა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს ფერნანდო გრანდე მარლასკას შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროები ნაყოფიერად თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობასა და ურთიერთნდობის პრინციპებს ეფუძნება. საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მიგრაციის გენერალური დირექტორი ელენა გარსონ ოტამენდი, საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარკოს გრანადოს გომესი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. ასევე დაგეგმილია თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6434 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6434 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6434 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6532 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8308 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8434 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0126 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
არ მინდა, ამ ქვეყანაში ე.წ. ლინჩის წესი მოქმედებდეს - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. „განსაკუთრებით, რაც „ვივამედში“ გადაიყვანეს, ყოველ შესვლაზე ნაკლები და ნაკლები ადამიანი მხვდება. განსაკუთრებით ბოლოს, სინოდის სხდომის დღეს რომ ვიყავი შესული, მე ასეთი არ მინახავს ეს ადამიანი. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ნებისმიერი დამნაშავე აუცილებლად უნდა გასამართლდეს, ჩემი მოქალაქეობრივი დამოკიდებულება ზოგადად ასეთია და ამ ქვეყანაში მე არ მინდა, რომ მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ტაჯიკეთში ზვავის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
ტაჯიკეთის აღმოსავლეთ ნაწილში ზვავს 15 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, ზვავი ჩამოწვა ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, რომელიც ჩინეთსა და ავღანეთს ესაზღვრება. ამასთან, ზვავსაშიში ზონიდან 400-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
ევროპარლამენტი უკრაინისთვის გამანადგურებლებისა და ტანკების გადაცემის მოწოდებით გამოდის
ევროპარლამენტის წევრებმა მოუწოდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, უზრუნველყონ უკრაინისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და სამხედრო დახმარება, მათ შორის მძიმე ტექნიკა და გამანადგურებელი, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში გამარჯვების მისაღწევად. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ 16 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. რეზოლუციას 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 25, 37-მა თავი შეიკავა. „ისინი [ევროპარლამენტარები] უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ისინი მოუწოდებენ, სერიოზულად განიხილებოდეს დასავლური გამანადგურებლებისა და ვერტმფრენების, შესაბამისი სარაკეტო სისტემების მიწოდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდოს კიევისადმი საბრძოლო მასალის მიწოდება. უკრაინას არამხოლოდ თავის დაცვა, არამედ მთელ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა უნდა შეეძლოს”, - აღნიშნულია ტექსტში. ამასთან, რეზოლუცია რუსეთისადმი სასანქციო წნეხის გაზრდისკენ და უკრაინის აღსადგენად რუსული აქტივების კონფისკაციისკენ მოუწოდებს.
ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპოულოსთან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. „საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კავშირებს და აღნიშნა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვა რეგიონის მიმართ საბერძნეთის განსაკუთრებულ დაინტერესებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ნორვეგიის პარლამენტმა უკრაინისთვის 7,4 მილიარდი ევროს დახმარების გეგმა დაამტკიცა
ნორვეგიის პარლამენტმა 16 თებერვალს დაამტკიცა უკრაინისთვის 7,4 მილიარდი ევროს (75 მილიარდი კრონა) მხარდაჭერის გეგმა, როგორც ხუთწლიანი მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, იტყობინება ნორვეგიის მთავრობა. უკრაინა პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 1,3 მილიარდ ევროს (15 მილიარდ კრონს) მიიღებს. სამხედრო დახმარება მოიცავს იარაღის მიწოდებას ნორვეგიის არმიის არსებული მარაგებიდან, უშუალოდ მწარმოებლებისგან შეძენილ იარაღს და უკრაინელი სამხედროების მომზადებას. ნორვეგია უკრაინას რვა Leopard 2-ის ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკს და ოთხმდე დამხმარე მანქანას გადასცემს. პაკეტში ასევე იქნება საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ბიორნ არილდ გრამის თქმით, ნორვეგია ასევე ხელს შეუწყობს უკრაინული სატანკო ეკიპაჟის მომზადებას პოლონეთში სხვა მოკავშირეებთან ერთად. პაკეტის ნახევარი დააფინანსებს სამხედრო მოთხოვნებს 2023 წელს, დანარჩენი კი, ჰუმანიტარულ საჭიროებებს. ნორვეგია ასევე გეგმავს გრანტის გაცემას, რათა ომის გავლენა მინიმუმამდე დაიყვანოს.
ელი კოენი კულებასთან შეხვედრის შემდეგ: ისრაელი უკრაინას სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის განვითარებაში დაეხმარება
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას სესხის გარანტიებს აძლევს და სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის განვითარებაში დაეხმარება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ელი კოენი აცხადებს, რომ ისრაელი უზრუნველყოფს 200 მილიონ აშშ დოლარამდე სესხის გარანტიას, რომელიც უკრაინაში ჯანდაცვისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. „ისრაელი, როგორც წარსულში იყო ნათქვამი, მტკიცედ სოლიდარულია უკრაინის ხალხის მიმართ და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული (მხარდამჭერი, რედ.) რჩება “, - ამბობს კოენი. „ისრაელისთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებების ჩამონათვალის შესახებ. ჩვენ დაველოდებით გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა თავის მხრივ დმიტრო კულებამ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში დღეს ჩავიდა.
ჩინეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით ირანს ეწვევა
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ირანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა. პეკინმა და თეირანმა თავიანთი ძლიერი ეკონომიკური კავშირები 2021 წელს 25-წლიანი „სტრატეგიული თანამშრომლობის პაქტზე“ ხელმოწერით გააძლიერეს, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით მათი პოზიციების გამო, დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის ქვეშ არიან. ირანი მისი ბირთვული პროგრამის გამო, ასევე აშშ-ის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება. ვიზიტის თარიღი არ არის მითითებული. ეს 2016 წლის შემდეგ სი ძინპინის პირველი ვიზიტი იქნება ახლო აღმოსავლეთში.
რუსეთმა ავსტრიის საელჩოს საპასუხოდ 4 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
რუსეთმა ავსტრიის საელჩოს საპასუხოდ 4 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი განჩინება მათ უკვე გადაეცათ.შეგახსენებთ, რომ ავსტრიამ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა. "საელჩოში მომუშავე დიპლომატები მათ სტატუსთან შეუთავსებელ ქმედებებს ეწეოდნენ", - ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
სლოვაკეთმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, რუსეთი კი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა
სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, რუსეთი კი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. რეზოლუციას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12 წინააღმდეგ წავიდა, 7-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 23-მა თავი შეიკავა. სლოვაკმა დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო პირების, სამოქალაქო ობიექტებისა და საკვანძო ენერგეტიკული სტრუქტურების წინააღმდეგ. რეზოლუცია არ აღიარებს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. „რეფერენდუმებს” და მათ შედეგებს და მიუთითებს, რომ ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილად რჩება. სლოვაკი დეპუტატები რუსეთის ჰიბრიდულ ომს გმობენ, რომელსაც ის სლოვაკეთის ტერიტორიაზეც აწარმოებს. რეზოლუცია სამართალდამცავ ორგანოებს, სადაზვერვო სამსახურებსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მოუწოდებს, საფრთხე სათანადოდ შეაფასონ და სლოვაკეთში უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად შესაბამისი ეფექტიანი ზომები მიიღონ.