ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ „ხალხის ძალის“ ინიციატივა კანონად არ იქცევა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს და იმედოვნებს, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა. პაველ ჰერჩინსკიმ კიდე ერთხელ განმარტა, რომ ეს არის არასწორი გზავნილი, რომელიც ცუდ დროს შემუშავდა. „ეს არის არასწორი გზავნილი არასწორ დროს. ეს ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის 12 პრიორიტეტიდან სულ მცირე ორთან - სამოქალაქო საზოგადოების შესახებ და მედიის თავისულფების შესახებ პრიორიტეტებთან. ასევე მესმის, რომ ეს არის მხოლოდ ინიციატივა, რომელიც ჯერ სათანადოდ არ ყოფილა განხილული. ასე რომ, ჯერ დრო არის და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ელჩი ჰერჩინსკი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან მისივე თქმით, ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია. "ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარუდგინა. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა.

ევროკავშირმა ლუკაშენკოსა და მისი უახლოესი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი უახლოესი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციები მომავალი წლის თებერვლის ბოლომდე გაახანგრძლივა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. განცხადების თანახმად, არსებული სიტუაციის სიმძიმის და რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიაში ბელორუსის ჩართულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ყველა მიღებული ზომა ძალაში დარჩეს. ევროპული სანქციების ქვეშ სულ 243 ფიზიკური პირი, მათ შორის თავად ალექსანდრე ლუკაშენკო, ასევე 32 იურიდიული პირი იმყოფება. შეზღუდვები აქტივების გაყინვას ეხება, ფიზიკური პირებისთვის კი, ეს ზომა ევროპის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას გულისხმობს.  

ეკვადორში $330 მილიონის ღირებულების კოკაინი ამოიღეს

ეკვადორში პოლიციამ ბელგიისთვის განკუთვნილ ბანანის კონტეინერში თითქმის 8,8 ტონა კოკაინი იპოვა. BBC წერს, რომ ეკვადორი გახდა ერთ -ერთი მთავარი სატრანზიტო ქვეყანა მეზობელ პერუსა და კოლუმბიაში წარმოებული კოკაინისთვის. დაყადაღება ემთხვევა ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის ანელი ვერლინდენისა და ევროკომისარ ილვა იოჰანსონის ვიზიტს ეკვადორსა და კოლუმბიაში. ოფიციალურ პირებს სურთ, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა გააძლიერონ სამხრეთ ამერიკის ორ ქვეყანასთან.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მისი ვიზიტის მიზანია, დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელი შეუწყოს კიევისადმი აშშ-ის ეკონომიკურ დახმარებას. იელენი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკს და ოფიციალურ პირებს შეხვდა. „ამერიკა დგას უკრაიის გვერდით, სანამ ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა. სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ჯანეტ იელენი მიესალმა ზელენსკის ქმედებებს მმართველობის გასაძლიერებლად და კორუფციის გადასაჭრელად - მოქმედებები, რომლებიც საჭიროა აშშ-ის ეკონომიკური დახმარების პასუხისმგებლობით ხარჯვის უზრუნველსაყოფად. „შეერთებული შტატები ამ ომის პირველი დღეებიდან მტკიცედ უჭერდა მხარს არამხოლოდ იარაღით, არამედ ფინანსურ ფრონტზე”, - დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე. მისი შეფასებით, აუცილებელია სანქციების კიდევ უფრო გაძლიერება, რომ რუსეთს წაერთვას ომის დაფინანსების შესაძლებლობა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანთან განიხილა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია, რათა ის უკრაინის აღდგენას მოხმარდეს.  

გიორგი ვოლსკის თქმით, კარგი იქნებოდა, დემარშით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სააკაშვილის გარემოცვას მიმართონ

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „კარგი იქნებოდა, დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას - მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ“. „როგორი ფორმით წარმოუდგენია - ხელისუფლებამ, მთავრობამ, იუსტიციის მინისტრმა, რა ფორმით შეიძლება, მიმართოს და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სასამართლოზე, როცა სასამართლო ფაქტობრივ ვითარებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, კიდევ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო, ვინაიდან, პოზიცია, რომელიც გააჩნია სასამართლოს, ვფიქრობთ, რომ არის ობიექტური, სამართლიანი, სწორი. კარგი იქნებოდა, ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას, მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ. ეს არის რეალობა და ამ რეალობას, ალბათ, სერიოზული განხილვა უნდა დაუპირისპიროს იგივე ევროკავშირმა, მისმა წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა და ვითარება რეალურად შეაფასონ", - განაცხადა ვოლსკიმ მედიასთან. „„ევროკავშირის დემარში, მე ტექსტს არ ვიცნობ, მაგრამ გარკვეული უსამართლობის ელემენტებს მოიცავს, რაზეც საუბარი უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. საქართველოში ევროკავშირის ელჩიმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება.

უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ აშშ $10 მილიარდზე მეტ საბიუჯეტო მხარდაჭერას გამოყოფს - დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ წელს ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი, სავარაუდოდ, 38 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ აშშ იღებს ვალდებულებას სექტემბრისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტი საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოუყოს. შმიგალმა ეს განცხადება კიევში აშშ-ის ფინანსთა მინისტრთან ჯანეტ იელენთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. „2022 წელს შეერთებული შტატები ლიდერი იყო ყველა პარტნიორ ქვეყანას შორის ფინანსური დახმარების კუთხით“, - განაცხადა შმიგალმა და აღნიშნა, რომ შტატებმა კიევს 13 მილიარდი დოლარის საგრანტო მხარდაჭერა გამოუყო. მისი თქმით, წელს „აშშ-მა აიღო ვალდებულება სექტემბრისთვის უკრაინას 10 მილიარდ დოლარზე მეტი მიაწოდოს. გარდა ამისა, შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას მის სწრაფ აღდგენაში. კერძოდ, ამ მიზნით მან გამოყო 1,5 მილიარდი დოლარი და კიდევ 1,1 დოლარი მილიარდი უკრაინისა და მოლდოვის ენერგეტიკული სექტორის სწრაფი აღდგენის მხარდასაჭერად. შმიგალმა ასევე განაცხადა, რომ დაინერგა ახალი პლატფორმა, რომელიც უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, G7 ქვეყნებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კოორდინაციას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, შეხვდრისას ასევე განიხილეს ფინანსური სანქციების გავლენა რუსეთის ბიუჯეტზე.

ჯანეტ იელენის თქმით, რუსეთის ეკონომიკა დროთა განმავლობაში დასუსტდება

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მას აქვს მოლოდინი, რუსეთის ეკონომიკა დროთა განმავლობაში დასუსტდება. ჯანეტ იელენის თქმით, „რუსეთის უნარი, კვლავ შეავსოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც განადგურდა უკრაინაზე თავდასხმების დროს, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა. „ჩვენ დავინახავთ მზარდ ზარალს რუსეთის ეკონომიკის ტრაექტორიაზე დროთა განმავლობაში,” - განუცხადა მან CNN-ს კიევში მისი მოულოდნელი ვიზიტის დროს. როგორც ცნობილია, აშშ-ის დაზვერვის ბოლოდროინდელმა ცნობებმა აჩვენა, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთის ეკონომიკისა და ომის მცდელობების მხარდაჭერის გაზრდას, მათ შორის თვითმფრინავებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. იელენმა ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი „მძიმე შედეგებს“ მოიტანს. „ჩვენ ძალიან მკაფიო ვიყავით, რომ არ მოვითმენთ რომელიმე ქვეყნის მხრიდან სისტემატურ დარღვევას ჩვენ მიერ დაწესებული სანქციებისა, რომლის მიზანიც რუსეთისთვის ომის საწარმოებლად საჭირო სამხედრო აღჭურვილობაზე წვდომის წართმევაა. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ ჩინეთის მთავრობასთან, ასევე, ჩინურ ფირმებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს განვუცხადეთ, რომ ამ სანქციების დარღვევის შედეგები ძალიან მძიმე იქნება“, - განაცხადა ჯანეტ იელენმა.  

ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე“: მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. საუბარია „უცხოური გავლენის აგენტის“ თაობაზე, „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისს ჟურნალისტმა ჰკითხა, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის, რაზეც ნედ პრაისმა უპასუხა, რომ როგორც 16 თებერვალს აღნიშნა, ამ კანონპროექტის შესახებ ინფორმირებულნი არიან და არსებული შეშფოთება საქართველოს მთავრობასაც არაერთხელ გაუზიარეს. „ასეთი კანონი მოახდენს სტიგმატიზაციას და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რომელიც ქართველმა ხალხმა ასე ნათლად არაერთხელ  გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში“. ნედ პრაისმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), აშკარად მცდარია. „მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას], - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.

უცხოური მედია: პალესტინაში, ებრაული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქე მოკლეს

პალესტინის ქალაქ იერიქონში ებრაული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ცნობით, პალესტინელებმა ებრაულ დასახლებებში ორი პირი მოკლეს, რის შემდეგაც ისრაელის მოქალაქეები თავს დაესხნენ პალესტინურ სოფლებს და ათობით ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. „როიტერის“ ინფორმაციით, თავდასხმა საავტომობილო გზაზე მოხდა, რა დროსაც აშშ-ის მოქალაქის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. აშშ-ის მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები უცნობია.  

ილია დარჩიაშვილმა ერინ ბარკლისთან შეხვედრაზე, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაში მონაწილეობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ერინ ბარკლის შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ წვლილზე საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების პროცესში. „დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გაწეული ძალისხმევა როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადების, ისე 2022-2030 წწ-სთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო დონეზე დამტკიცების თვალსაზრისით. ასევე, აშშ-ს მხარე მიესალმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრობას 2023-2025 წლებისთვის და გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ორგანიზაციის მიზნების ეფექტიანი განხორციელების გზაზე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. შეზღუდვების სიას 48 ფიზიკური პირი და 94 ორგანიზაცია დაემატა. სანქციების სიაში მოხვდნენ: თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი და კონცერნ „კალაშნიკოვის“ პრეზიდენტი ალან ლუშნიკოვი. სანქციები ასევე შეეხო თვითგამოცხადებული დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსულ ანექსიასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

2023 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8.4 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

სტატიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში.  

დაკავებულია 8 პირი, რომლებიც ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 8 პირი დააკავეს, მათ შორის ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბის - ე.წ. პომპის მეშვეობით, თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ვაგონ-ცისტერნიდან მოპარული დაახლოებით ტონა-ნახევარი საწვავი, რომელიც მოთავსებული იყო 87 ცალ 20-ლიტრიან ბიდონში. ასევე ამოღებულია 127 ცარიელი 20-ლიტრიანი ბიდონი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი სააკაშვილის საზღვარგარეთ, მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გადაყვანაზე - ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გადაყვანაზე. „გუშინ მაქსიმალურად კორექტული ფორმით დავწერე, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა. სიტყვა ტყუილი შეგნებულად არ გამოვიყენე, იმ იმედით. რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მაინც მოერიდებოდათ და იზრუნებდნენ „ხარვეზის აღმოფხვრაზე“. სხვა მედიის მიერ კი პასუხად უფრო მკვეთრი და მძიმე ტყუილი დაიწერა. დეზინფორმაციის გავრცელება არ არის დასავლური სტანდარტი. ასეთი ქმედება ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშოდ უხერხულია დემოკრატიული მედიისთვის. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე“, – წერს რატი რეგაძე. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

MKD: ბანკმა რომ ვეღარ ნახა საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის, მიადგა ბოლო მიზეზს - უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო

ბანკმა რომ ვეღარ ნახა საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის, მიადგა ბოლო მიზეზს - უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო, - ბიძინა ივანიშვილის იურიდიული მრჩევლები გამოუქვეყნებელ სტატიას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ბატონი ბიძინა ივანიშვილის იურიდიული მრჩევლები უცვლელი სახით გთავაზობთ სტატიას, რომლის ევროპულ პრესაში გამოქვეყნების მცდელობა კვლავაც წარუმატებელი აღმოჩნდა:[ციტატის დასაწყისი] ფაქტები, რომლებიც გვაძლევს საფუძველს, რომ გავაკეთოთ დასკვნა: „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს მოცემული სტატია წარმოადგენს იმ სტატიათა სერიის ორგანულ გაგრძელებას, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენის სურვილი და მცდელობაც ბატონ ივანიშვილს უკვე ორგზის ჰქონდა მხოლოდ 2023 წლის თებერვლის თვის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ წინა ორ სტატიაში, ბატონი ივანიშვილის მხრიდან კრიტიკა მთლიანად ბანკის მენეჯმენტისკენ მიემართებოდა და შეიცავდა ფაქტებზე დაფუძნებულ მხილებას იმისა, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად გაცნობიერებულად, შეგნებულად, წლების განმავლობაში მოქმედებდა და მოქმედებს ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რასაც ეწირება შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯიც. ამასთან, ამავე მოქმედებებით, ბანკის მენეჯმენტი ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს ბატონ ივანიშვილზე და ეს ყოველივე ხორციელდება დაუფარავად. აღნიშნულის დასადასტურებლად, წინა სტატიაში საილუსტრაციოდ იყო წარმოდგენილი მხოლოდ ერთი, მცირე ეპიზოდი, სადაც ჩანდა, რომ ბანკის მენეჯმენტის მოქმედებებს რაიმე კომერციული ან ბიზნეს ლოგიკა არ გააჩნდა. იქვე გაცხადებული იყო, რომ ამ მცირე ეპიზოდის აღწერას მოჰყვებოდა მორიგი სტატიაც, სადაც უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნებოდა გაჟღერებული. როგორც ყოველთვის, ახლაც, სააშკარაოზე გამოტანილი იქნება მხოლოდ ფაქტები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებითაა გამყარებული, ხოლო დასკვნის გაკეთების პრეროგატივას კვლავ მკითხველს მივანიჭებთ. მკითხველისთვის ცნობილია, რომ ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ს შორის წლებია მიმდინარეობს გლობალური დავა. მას საფუძველი დაუდო ბანკის მენეჯმენტის მიერ წახალისებულმა დანაშაულმა კლიენტის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლიდან 2015 წლამდე მიმდინარეობდა და რომლის გამოაშკარავება ისევ კლიენტის მოქმედებების შედეგად, 2015 წელს მოხდა. სწორედ დანაშაულის გამჟღავნების შემდეგ, ბატონმა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში გადაიტანა, თუმცა, სხვადასხვა სამართლებრივი და პროცესუალური მიზეზების გამო, რაზეც წარსულში დეტალურად ვისაუბრეთ, აქტივების მმართველად დარჩა ისევ „კრედიტ სუისს“-ის ტრასტი. ამდენად, ბატონი ივანიშვილის გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი აღმოჩნდა არა „კრედიტ სუისს“-ში, არამედ სხვა ბანკში და, ლოგიკურად, „კრედიტ სუისს“-ს აღნიშნული თანხის შენარჩუნების სურვილი ან ინტერესი ვეღარ უნდა ჰქონოდა, ხოლო თავად ამ სხვა ბანკში არსებულ აქტივებს მართავს „კრედიტ სუისს“-ის სტრუქტურისა და მართვის ქვეშ არსებული ტრასტი, დაფუძნებული გერნსის კუნძულზე. ტრასტის ვალდებულება და მისი არსებობის ერთადერთი ფუნქცია მისი ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაა. ტრასტი მეტ-ნაკლებად ახერხებდა ამ ფუნქციის შესრულებას 2022 წლის მარტამდე. სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მოქმედების ლოგიკა შეიცვალა (უფრო სწორად, ლოგიკისგან დაიცალა): ბენეფიციარის ინსტრუქციების შესრულება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება საკუთარ აქტივებთან მიმართებით ხელოვნურად დაუკავშირდა ბატონ ივანიშვილთან დაუკავშირებელ გარემოებებს: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“. შედეგად, გამოიკვეთა რა, რომ ბენეფიციარს ტრასტის ქვეშ მოქცეულ საკუთარ აქტივებზე წვდომა უსაფუძვლოდ ეზღუდებოდა, ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა დაეხურა ტრასტი, რომელიც მისი ინტერესებისთვის იყო შექმნილი, ხოლო რეალობაში ყველა ინტერესის სამსახურში ჩადგა, გარდა ბენეფიციარის ინტერესისა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დაიწყო კლიენტის ჩიხში მოქცევა: მას არც ტრასტის დახურვის საშუალება ეძლევა და არც ტრასტის მართვის ქვეშ არსებული აქტივების განკარგვის. არადა, რამდენიმე თვით ადრე, ბატონმა ივანიშვილმა უპრობლემოდ შეძლო იმავე „კრედიტ სუისს“-ის სხვა ტრასტის დახურვა და აქტივების პირდაპირ ბენეფიციართა საკუთრებაში წამოღება. ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბატონი ივანიშვილის შანტაჟმა არაერთი კომიკური სიტუაციაც წარმოშვა: მათ იმაზე მეტი „ზრუნვა“ დაიწყეს ბატონი ივანიშვილის ოჯახის წევრებზე და მემკვიდრეებზეც კი, ვიდრე უშუალოდ ოჯახის უფროსმა. მხოლოდ ერთი მაგალითის სახით: ყოველთვის, როდესაც ბატონი ივანიშვილი ახორციელებდა თანხის გადარიცხვას ტრასტიდან, უთითებდა შესაბამის დანიშნულებას. ახალ რეალობაში კი, როდესაც ბენეფიციარმა მორიგი გადარიცხვის დანიშნულებად მიუთითა ქველმოქმედება, მან „კრედიტ სუისს“-ის ტრასტისგან მიიღო პასუხი, რომ ბატონი ივანიშვილი არასტანდარტულად დიდ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაში და ამით საფრთხეში აგდებდა საკუთარი მემკვიდრეების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს. ამიტომ, ტრასტის მენეჯმენტი მიუთითებდა, რომ ამგვარი ხარჯების გაწევა მიზანშეუწონელი იყო და ამ დანიშნულებით თანხას ვერ გადარიცხავდა. ამის შემდეგ, ბენეფიციარმა მიუთითა, რომ როგორც ჩათვლიდნენ საჭიროდ, ვისზეც ჩათვლიდნენ საჭიროდ და რა პროპორციითაც ჩათვლიდნენ საჭიროდ, ისე გადაერიცხათ თანხა ბენეფიციარსა და მის ოჯახის წევრებზე. ცხადია, ეს მოთხოვნაც ჰაერში გამოეკიდა. დაახლოებით ასე ანეკდოტურად გამოიყურება ბანკის მენეჯმენტის მხრიდან „ზრუნვის აქტები“ ბატონი ივანიშვილის ოჯახისა და მემკვიდრეებისა მიმართ. აქ შევჩერდებით და გამოვეხმაურებით სათაურში გამოტანილ საკითხს: იძლევა თუ არა ამგვარი ფაქტები იმ დასკვნის ობიექტურ საშუალებას, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს ბატონ ივანიშვილზე და თანაც ისეთი დაუფარავი ფორმით, რომელიც იწვევს ბანკისთვის მძიმე რეპუტაციულ ზიანს? და, იმის გათვალისწინებით, რომ „კრედიტ სუისს“-ი არის წამყვანი, სისტემური ბანკი შვეიცარიაში, ხდება თუ არა ამით შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯის დაზიანება? ცხადია, ისტორია აქ არ სრულდება. მიწერ-მოწერამ და მსჯელობამ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა თანხის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-სთვის გადაცემა (რაც იქამდე არასდროს წარმოადგენდა პრობლემას) რამდენიმე თვეს გასტანა. აქ, ბატონმა ივანიშვილმა შესთავაზა ყველა პოტენციური ბენეფიციარის თანხმობა იმაზე, რომ გადარიცხვას ეთანხმებოდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორც წინა სტატიაშიც აღვნიშნეთ, ბანკის მენეჯმენტს აქაც, მაშველ რგოლად 2022 წლის ივნისის ევროპარლამენტის რეზოლუცია წამოეწია, სადაც ევროპარლამენტი ბატონი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდა ევროკავშირისვე აღმასრულებელი ორგანოებიდან. მკითხველისთვის ცნობილია, რომ არც 2022 წლის ივნისის და არც იმავე წლის დეკემბრის მსგავსი შინაარსის მქონე რეზოლუციებს გაგრძელება არ მოჰყოლია და ევროპულ საბჭოს ისინი არც გაუზიარებია და არც სისრულეში მოუყვანია. თუმცა, ეს დაბრკოლება არ გამხდარა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტისთვის, რომ რეზოლუციას ამოფარებოდა და განეცხადებინა, რომ რეზოლუციიდან გამომდინარე, ბანკის მენეჯმენტი თანხის გადმორიცხვას თავის თავზე ვერ აიღებდა და რომ თანხის გადმოსარიცხად ან ტრასტის დასახურად, ბატონ ივანიშვილს სასამართლოსთვის უნდა მიემართა. ვინც წინა სტატიას გაეცნო, დაინახავს, რომ იქნება ეს ფორმალურად ბანკის მენეჯმენტი, რომელიმე ტრასტის მენეჯმენტი თუ სხვა აქტორი, რომელიც ბანკის სტრუქტურაში შემავალი სუბიექტების სახელით გველაპარაკება, ყველას ხელწერა ერთი და იგივეა. უფრო მეტიც, ყველას ხელწერა ერთნაირად აბსურდულია და ერთნაირად აზიანებს ბანკსაც და შვეიცარიის საბანკო სექტორსაც. ის რომ ხელწერა ერთნაირია, ეს შემთხვევითობა ან დამთხვევა ვერ იქნება. შეუძლებელია ორმა სხვადასხვა თავმა, ერთმანეთის პარალელურად, ზუსტად ერთი და იგივე გადაწყვიტოს და ამ გადაწყვეტილებით ზუსტად ერთნაირად დაუქვემდებაროს ბანკის კლიენტი პოლიტიკურ შანტაჟს თან იმგვარად, რომ ბანკიც დააზიანოს და სახელმწიფოც. ამდენად, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, არსებობდა ორი ხელოვნური ბარიერი - ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც, თავის მხრივ, თითქოსდა, წარმოშობდა სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობას. სასამართლო პროცედურა, რომელიც ტრასტის დახურვას შეეხება, ჯერ ერთი, ზოგადად, აუცილებელი არც არის, თუკი ტრასტი თავად არ არის წინააღმდეგი, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია, თუმცა, როდესაც კი მაინც ექვემდებარება სასამართლოს ეს საკითხი, პროცესი არის ფორმალური, ერთ-დღიანი, ხოლო გადაწყვეტილება იმავე დღეს გამოდის. ასეთია პრაქტიკა. ჩვენს შემთხვევაში, პროცესის თარიღმა ლამის ყველა შესაძლო თვე მოიარა: ჯერ იყო სექტემბერი, შემდეგ ნოემბერი, დეკემბერი და ახლა - მარტი. სასამართლო თარიღების ცვლილების პარალელურად, მოხდა საინტერესო რამ: ჩვენ წინა სტატიაშიც აღვნიშნეთ, რომ 2022 წლის სექტემბერში სინგაპურის სასამართლოზე, რომელიც საერთოდ არ შეეხებოდა ტრასტების მართვის ქვეშ არსებული თანხების გადმორიცხვას, ბატონმა ივანიშვილმა სასამართლოს ყურადღება მაინც მიაქცია იმ საკითხს, რომ სინგაპურსა და გერნსიზე არსებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტები კლიენტს აქტივებს უკავებდნენ. მოსამართლის რეაქციიდან გამომდინარე, ბანკის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სახე შეენარჩუნებინა და მხოლოდ სინგაპურის ტრასტიდან გადარიცხა თანხები კლიენტის ინსტრუქციის შესაბამისად. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მითითებაც და სასამართლოსკენ ჩვენი გადამისამართებაც ბლეფი იყო. სინგაპურის შემთხვევაში, არც რეზოლუცია და არც სასამართლოს მიღმა მოქმედება პრობლემა არ აღმოჩნდა. რაც შეეხება გერნსის, სადაც აქტივების უდიდესი ნაწილია ტრასტის ქვეშ მოქცეული, იქ უკვე ვერ მოქმედებდა სინგაპურის მოსამართლის იურისდიქცია, ამიტომ გერნსის შემთხვევაში, ბანკის მენეჯმენტმა კვლავ მანამდე არსებულ რეჟიმში დაგვტოვა: მრავალჯერ გადადებული სასამართლო განხილვების მოლოდინში. აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ის თანხა, რომლის გადმორიცხვაზეც „კრედიტ სუისს“-ი უარს გვეუბნება, „კრედიტ სუისს“-შიც კი არ არის. თანხა სხვა ბანკშია. ამიტომ აქ ვერ გვექნება ილუზია, რომ ბანკს რაიმე ფინანსური და კომერციული ინტერესი აქვს. არა, ბანკის მენეჯმენტის ინტერესი სულ სხვაგან არის და, ვფიქრობთ, ეს ხელისგულზე დევს. სისრულისთვის აღვნიშნავთ, რომ კიდევ ერთი საბაბი, რის გამოც ბანკის მენეჯმენტმა ტრასტზე არსებული თანხების გადარიცხვაზე უარი თქვა იყო ის, თითქოს, ტრასტის მართვის ქვეშ არსებული თანხების უდიდესი ნაწილის გადარიცხვა განაპირობებდა ტრასტის დახურვას. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ტრასტის მართვაში სულ ერთი დოლარიც რომ დარჩეს, ის მაინც აგრძელებს არსებობას. მეტიც, აღნიშნული ტრასტის მართვის ქვეშ, თანხის გარდა, აქციებიც არის და ამ ფონზე, მით უმეტეს, განაგრძობს ტრასტი არსებობას. და სულ რომც არ იყოს არც თანხა და არც აქციები, ტრასტი მაინც არსებობს მანამ, სანამ მის დახურვას ბენეფიციარი არ გადაწყვეტს. ამდენად, ყველა მოგონილი საბაბი და პირდაპირი სიცრუე გამოაშკარავებულია. ამ ეტაპისთვის რომ შევაჯამოთ: ჯერ გადარიცხვის დაგვიანება უკავშირდებოდა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“;შემდეგ გადმორიცხვაზე უარი საბუთდებოდა გადარიცხვის დანიშნულებით, რასაც ბატონმა ივანიშვილმა იმით უპასუხა, რომ თუ არ მოსწონდათ ფონდში გადარიცხვა, შეეძლოთ გადაერიცხათ ოჯახის წევრებზე ან ნებისმიერ მათგანზე, არჩევანის შესაბამისად და ამაზე ოჯახის ყველა სხვა წევრი დაეთანხმებოდა;შემდეგ საბაბი გახდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მენეჯმენტმა ნახა, რომ არ აღსრულდა;შემდეგ მოხდა მითითება სასამართლოზე, რომელიც არაერთხელ გადაიდო, თუმცა კი ამ მოთხოვნის დაცვაზეც არ ვუთხარით უარი და მივმართეთ სასამართლოს;შემდეგ მოხდა ის, რომ სინგაპურის მოსამართლის მითითების საფუძველზე, ბანკის მენეჯმენტმა რეზოლუციაც დაივიწყა და სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობაც, ოღონდ ეს მხოლოდ სინგაპურული ტრასტის ნაწილში, ხოლო გერნსის ტრასტის ნაწილში სასამართლოს მოთხოვნა დატოვა;შემდეგ ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ თანხის გადარიცხვა ვერ მოხდებოდა, რადგან ეს ტრასტის დახურვას გამოიწვევდა, რაც მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა.თუკი თქვენ იფიქრეთ, რომ აქ ბანკის მენეჯმენტის ფანტაზია ამოიწურა, სამწუხაროდ - თქვენ შეცდით. ამის შემდეგ ბანკის მენეჯმენტმა დაიწყო ზრუნვა ბატონი ივანიშვილის შვილების დაუბადებელ შვილებზე. მეტიც, ბანკმა დაიწყო დაუბადებელი შთამომავლების დაცვა ბატონი ივანიშვილის ქმედებებისგან: რომ მან ისე არ გააკეთოს, რომ შთამომავლები დაიბადონ და თანხა არ დახვდეთ. ბატონი ივანიშვილი დაუბადებელ შთამომავლებს ადვოკატები დაენიშნათ, მათ თანხას ბატონი ივანიშვილი უხდის, თუმცა ისინი მის ინსტრუქციებს არ ემორჩილებიან და დაუბადებელთა ინტერესებს დამოუკიდებლად იცავენ. აი, ამ აბსურდში მივედით საბოლოოდ. ამავე არასერიოზულ ჟანრშია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის შემდეგი ქცევაც: იმისთვის, რომ „კრედიტ სუისს“-ს აერიდებინა მუდმივი მითითება მის სახელზე უარყოფით კონტექსტში, მათ კლიენტს მისწერეს წერილი, რომ ტრასტის მართვა ბანკის სტრუქტურის გარეთ გაიტანეს და გარედან დაიქირავეს მენეჯმენტი. რადგან ტრასტის მართვას ბენეფიციარი აფინანსებს და, ზოგადად, მის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, ლოგიკურია, რომ ბატონმა ივანიშვილმა დასვა კითხვა: ვინ არის ის კომპანია, ვინ მართავს მის აქტივებს და ვისაც თანხას უხდის? ეს კითხვა რამდენჯერმე დაისვა, თუმცა პასუხი არ გაცემულა. მეტიც, ბატონი ივანიშვილი პერიოდულად იღებს წერილებს ტრასტისგან, რომელსაც ხელს აწერს უცნობი პირი ისე, რომ სახელი და გვარიც კი არ არის აღნიშნული, მხოლოდ გაურკვეველი ფაქსიმილიე ახლავს წერილებს და საერთოდ ვერ დგინდება, ვინ არის ავტორი. ჩვენ გვიჭირს მტკიცებით რეჟიმში საუბარი, თუმცა ამ ანეკდოტურ მოვლენას შეიძლება მხოლოდ ის ახსნა ჰქონდეს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი ისევ ბანკის მენეჯმენტიდან არის, თუმცა მის გადაწყვეტილებებზე ხელის მოწერაზე პასუხისმგებლობას შედარებით დაბალი პოზიციის მქონე პირებიდან არავინ იღებს, ამიტომ უწევთ გაურკვეველ ხელმოწერას ამოეფარონ ისე, რომ პრინციპულად არ გვითხრან გადაწყვეტილების მიმღებისა და ხელმომწერის ვინაობა. ამ აბსურდის ფონზე, ხდება ახალი გაუგებრობა: ახალი წლის წინ, რამდენიმე დღით ადრე ბანკის ტრასტმა კლიენტს მიმართა წერილით და უთხრა, რომ მას შეეძლო სრული თანხის დაახლოებით 7%-ის ათვისება. თანხის ეს ოდენობა საერთოდ არანაირ ლოგიკურ ან ფაქტობრივ ბმას არ შეიცავს რაიმესთან. გაუგებარია, თუ რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კლიენტს შეეძლო აღნიშნული თანხის განკარგვა. ან რატომ ამდენის და არა მეტიც ან ნაკლების. გაუგებარია მოტივაციაც. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ ამის შესახებ და ვიფიქროთ, რომ ეს სინგაპურის სასამართლოს წინაშე სახის შესანარჩუნებლად გაკეთდა, სადაც განხილვა თებერვალში უნდა შემდგარიყო ან კი იმისთვის, რათა თითქოსდა სალაპარაკო არ მიეცათ ბენეფიციარისთვის, რომ ტრასტი თანხებს უკავებს. ასეა თუ ისე, ბატონმა ივანიშვილმა მისცა თანხმობა 2023 წლის 4 იანვარს, ხოლო გადმორიცხვა რეალურად ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა, ზუსტად სინგაპურის პროცესის წინ. თანხის მიღებია შემდეგ, ბენეფიციარის მხრიდან დაისვა რამდენიმე ლოგიკური კითხვა, რაც, ნაწილობრივ, ზემოთაც გავაჟღერეთ: რა განსხვავებაა ამ გადმორიცხულ თანხებსა და დანარჩენ თანხას შორის? რატომ არის ამ ნაწილის გადმორიცხვა შესაძლებელი, ხოლო დანარჩენის - შეუძლებელი? რა თანხაა ეს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა გადმოირიცხოს და რა - არა? რა ნორმებს ეფუძნება ეს ქცევა? ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ივანიშვილის მცდელობითაც და მისგან დამოუკიდებლადაც, სწორედ ამ ქმედებების გამო ბანკი სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში იყო გახვეული წლების განმავლობაში და ამაზე საუბრობდა მთელი საერთაშორისო მედია. შესაბამისად, წლების განმავლობაში ზიანდებოდა „კრედიტ სუისს“-იც და მთელი შვეიცარიული საბანკო სექტორიც ამგვარი შეტევებით: არაერთი წელი ილახებოდა მისი იმიჯი და რეპუტაცია. ბანკის მენეჯმენტის ქმედებებზე დაკვირვებამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ეს მიზანმიმართულ ხასიათს ატარებდა, რადგან მენეჯმენტის ამ აუხსნელ ქმედებებს თეორიულადაც არ შეიძლება რაიმე სარგებელი მოეტანა ბანკისთვის, ვინაიდან განსახილველი, დაკავებული თანხები „კრედიტ სუისს“-ში საერთოდ არ იყო და არც არის. ამ ყველაფრის ფონზე, ღიად გამოგვაქვს რა ყველა საკითხი, ყველა ფაქტი, საზოგადოების შესაფასებლად, ისევ საზოგადოება დავუტოვებთ დასკვნის საშუალებას სტატიის მთავარ კითხვაზე: დასტურდება თუ არა, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს? რომ დავეხმაროთ მკითხველს დასკვნის გაკეთებაში, შეგახსენებთ მხოლოდ რამდენიმე ფაქტს: ტრასტს, რომელსაც ბენეფიციარების თანხების დაცვა ევალებოდა, 10 წლის განმავლობაში მსგავსს არაფერს აკეთებდა და სწორედ მათი მმართველობის განმავლობაში, ბენეფიციარის ზიანმა მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მარტივად მტკიცდება ბერმუდასა და სინგაპურის სასამართლოებში. მათ თავიანთი ფუნქცია არათუ სრულად, ნაწილობრივადაც კი ვერ შეასრულეს;ამის შემდეგ კი, იუმორისტულ ჟანრს მიკუთვნებულ შემდეგ საკითხებს შეგახსენებთ და შევაჯამებთ, იმავე დასკვნის გამოტანის გამარტივების მიზნით: პირველი: ბატონი ივანიშვილი როდესაც ითხოვს თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას, პასუხი მისდის, რომ ის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში და შვილებზე შეიძლება არ იზრუნო, მათ რაიმე დააკლო და ამიტომ თანხას ვერ გადმოგირიცხავო; როდესაც, პასუხად, ბატონი ივანიშვილი უცხადებს, თავად გაანაწილეთ თანხები, როგორც საჭიროდ ჩათვლით ჩემს ოჯახზეო, რაზეც წინასწარ გეთანხმებითო, ამაზე პასუხი აღარ ყოფილა;მეორე: „კრედიტ სუისს“-მა კიდევ ერთი, ახალი ბარიერი შექმნა და ტრასტი სამართავად მესამე პირებს გადასცა (თუკი მათ განცხადებას ვენდობით). ერთი წელიწადია ბატონი ივანიშვილი დაჟინებით კითხულობს, თუ ვინ მართავს მის ფულს, ვის უხდის ფულს მისივე აქტივების მართვისთვის, რასაც ასეთივე დაჟინებით არ პასუხობს „კრედიტ სუისს“-ი, ხოლო კლიენტი ღებულობს ამ უცნობი პირების ხელმოწერილ დოკუმენტებს ისე, რომ ამქვეყნად ვერავინი გაარკვევს, თუ ვის ეკუთვნის ხელმოწერა;მესამე: ბანკმა რომ ვეღარ ნახა ვერანაირი საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის: ვეღარც გადმორიცხვის დანიშნულება, ვეღარც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ვეღარც სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებელი წინაპირობის საკითხი, ვეღარც ის, რომ თანხის გადმორიცხვა ტრასტის დახურვას გამოიწვევდა და სხვა, ყველა საკითხი რომ ამოწურა, შემდეგ მიადგა ბოლო მიზეზს: დაუბადებელი შთამომავლები რომ არიან, მათ ზრუნვაზე არ არის კარგად გათვლილი თქვენი მხრიდან თანხის გადმორიცხვის მოთხოვნაო - უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო. გვჯერა, მკითხველს, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, სწორი დასკვნის გამოტანა ნამდვილად არ გაუჭირდება“- აღნიშნულია განცხადებაში.  

საქსტატი: 2023 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა 1 467 პირის მიმართ დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 467 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 113 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 7,7 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 439 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი, ანუ შემთხვევა – სამცხე-ჯავახეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში. 2023 წლის იანვარში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 262 შემთხვევა; მუქარა – 231 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 224 შემთხვევა; ძალადობა – 102 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 167 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 77; ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით – 6-6 შემთხვევა გამოვლინდა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კი გამოძიება ორ შემთხვევაზე დაიწყო. უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 381 პირი შეადგინა. ქვეყნის მასშტაბით 1 467 პირიდან, რომელზეც დევნა დაიწყო, 22 არასრულწლოვანია. საქართველოს მასშტაბით, სისხლისსამართლებრივი დევნა 16 პირის მიმართ შეწყდა.  

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიანა ჟღენტს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მას ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, დიანა ჟრენტმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. დიანა ჟღენტი ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. დიანა ჟღენტს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.  

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

1-ელ მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 4 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობში, ბარში და მთიან რეგიონებში წვიმის, მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტერსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  

ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის გამო, პეტერბურგის აეროპორტი ჩაიკეტა - მედია

პეტერბურგის აეროპორტ „პულკოვოს“ საჰაერო სივრცე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის გამო ჩაიკეტა. აეროპორტმა ავიარეისების მიღება შეწყვიტა. აეროპორტის ტერიტორიაზე გეგმა „ხალიჩა“ ამოქმედდა, რაც ნიშნავს სამხედრო და სამაშველო თვითმფრინავების გარდა ყველა თვითმფრინავის აეროპორტის საჰაერო სივრციდან დაუყოვნებლივ დაშვების ან გაყვანის მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ გეგმა „ხალიჩა“ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შემოღებული.  

„მოქალაქეებმა“ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელა

„მოქალაქეებმა“ სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ლევან იოსელიანი დაასახელა. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილის აზრით, რომ იოსელიანს აქვს რესურსი პარლამენტში 90 მხარდამჭერი ხმა მიიღოს. მისი თქმით, სახალხო დამცველის კონსენსუსით შერჩევა მნიშვნელოვანია და ის არის ნაწილი საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პუნქტის, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მას გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან. „ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ღრმად დარწმუნებული ვარ, ეს არის რომ ქვეყნისთვის სწორი. ამ პარლამენტშიც სულ რამდენიმე ადამიანია ან შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. ასეთი არის ჩემი მეგობარი, თანაგუნდელი, ჩვენი პარტიის ერთ- ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, რომელსაც აქვს უნარები, ცოდნა და შესაძლებლობა, რომ მიიღოს 90 ხმა და მეტიც. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია კონსენსუსი შეკრას. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის, უნდა წარვადგინო ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატად. ლევანი გახლდათ ადვოკატი, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და ადამიანის უფლებები მისთვის ნაცნობი თემაა, სწორედ ამით იყო დაკავებული წლების განმავლობაში”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.