ძებნის რეზულტატი:
რუსეთი თავის ტერიტორიაზე დრონებით შეტევაზე საუბრობს
მოსკოვის ოლქში, სოფელ გუბასტოვოს მახლობლად თვითმფრინავი ჩამოვარდა, ამის შესახებ გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა 28 თებერვალს განაცხადა. თვითმფრინავი, სავარაუდოდ, იპოვეს ვოსკრესენსკის გაზის კომპრესორულ სადგურთან, რომელიც რუსული ენერგეტიკული გიგანტის გაზპრომის საკუთრებაშია, განუცხადა სადგურის სპიკერმა რუსულ მედიასაშუალება RBC-ს. სოფელი გუბასტოვო მოსკოვის სამხრეთით, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 600 კილომეტრში მდებარეობს. რუსეთის ბელგოროდისა და ბრაიანსკის ოლქების ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე განაცხადა 27-28 თებერვალს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმები კრასნოდარის რეგიონსა და ადიღეს რესპუბლიკაზე ღამით მოხდა“. უკრაინას ჯერჯერობით არცერთ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია. იმავე დღეს სანქტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცე დაიხურა „ამოუცნობი ობიექტის" გამოჩენის გამო, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი მედია გამოცემა Meduza. 28 თებერვალს ასეევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის კრასნოდარის ოლქში ნავთობის საწყობში ხანძარი გაჩნდა. კერძოდ, ანექსირებულ ყირიმთან მოსაზღვრე კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში ხანძარი ნავთობის და გაზის კომპანია „როსნეფტის" ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა. დამოუკიდებელი რუსული გამოცემები წერდნენ, რომ ტერიტორიაზე ორი დრონი აფეთქდა.
აზერბაიჯანი და რუმინეთი შავი ზღვის გავლით ევროპაში მწვანე ენერგიის ტრანზიტს განიხილავენ
რუმინეთის მთავრობის გენერალური მდივნის მარიან ნეაცუს ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში გამართული შეხვედრისას დელეგაციამ, აზერბაიჯანიდან ევროპაში შავი ზღვის გავლით მწვანე ენერგიის ტრანზიტის შესახებ გამართა დისკუსია. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ სამირ ვალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და რუმინეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზეა და ხაზი გაუსვა ფართო ენერგეტიკულ დღის წესრიგს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის და განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ტრადიციული და განახლებადი ენერგიის გარდა, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესცა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგოეფექტურობა და ენერგეტიკული საკითხების რეგულირება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სამინისტროს, სამინისტროს განახლებადი ენერგიის წყაროების სახელმწიფო სააგენტოს, სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტოს, Azerenergy OJSC და Azerishiq OJSC-ის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე განსახორციელებელი გადაწყვეტილებები. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ განაცხადა, რომ რუმინეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც სატრანზიტო ქვეყანა და როგორც რეგიონული ენერგოჰაბი, რომელიც ალტერნატივებს შესთავაზებს პარტნიორებს და მეგობრებს ევროკავშირში, მაგრამ ასევე მოლდოვას და უკრაინასაც. მისივე თქმით, შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში. „ხსენებული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში, ამ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით იმისათვის, რომ გაიზარდოს მწვანე ენერგიის მიწოდება და მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება ენერგეტიკულ სექტორში. ეს შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, რომ არსებული გამოწვევების დაძლევა მოხდეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც, ეს და სხვა ენერგოკრიზისები, რომლებიც გამოწვულია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში, ასევე, კოვიდპანდემიით და ინფლაციური წნეხით, იქნება დაძლეული. ენერგოსექტორი არის მაღალი და ცვალებადი ფასების გამოწვევის წინაშე, ჩვენ რეგიონული შეთანხმება გვქონდა ენერგეტიკის მინისტრებს შორის ბუქარესტში, სექტემბერში და შევთანხმდით, რომ გამოსავალს ვიპოვიდით მიწოდების კუთხით, ჩვენი ეკონომიკები და ჩვენი დასავლეთის პარტნიორები და მეგობრები მხარს უჭერენ და ეხმარებიან ჩვენს რეგიონს, რადგან ძალიან არიან დაკავშირებულნი ჩვენთან. ამ შეთანხმებით ხდება არსებული პოტენციალის კაპიტალიზაცია ენერგორესურსების წარმოების და მიწოდების კუთხით, მოხდება ელექტოენერგიის მიწოდება და ვაჭრობა აზერბაიჯანს, ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, ევროპას შორის“, - განაცხადა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ.
აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ევროპაში 1000 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს
აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ევროპაში 1000 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ Report.az წერს. „ჯაბრაილის" ენერგეტიკული კვანძი უზრუნველყოფს ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგაზურის რეგიონის სტაბილურ და საიმედო ელექტრომომარაგებას და დააკმაყოფილებს მეგაპროექტების საჭიროებებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ყარაბაღის რეგიონული ელექტრო ქსელის დირექტორმა მირჯალალ ჰუსეინოვმა, იუწყება Report. მისი თქმით, ამ კვანძს ექნება დამატებითი და უფრო ხელსაყრელი წვდომა ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე ჯაბრაილ-ნახჩივანი-აგრი ქვესადგურების (თურქეთი), შემდეგ კი თურქეთის ენერგოსისტემაზე. „ასევე, ეს კვანძი გაზრდის საექსპორტო შესაძლებლობებს. მრავალი წლის შემდეგ ნახიჩეევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის მთავარ სისტემას დაუკავშირდება“, - განაცხადა ჰუსეინოვმა ჰუსეინოვის თქმით, სამომავლოდ, ყოველწლიურად 1000 მეგავატი ელექტროენერგია ექსპორტზე გავა თურქეთში, იქიდან კი ევროპაში.
საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა უკვე დასკვნით ეტაპზეა - კულება
საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა უკვე დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადებას ციტირებს. მისი შეფასებით, პოლიტიკურ მომენტის საკითხია, ის როდის გაემგზავრება საქართველოში. „ელჩის ყოფნა-არყოფნა - ეს ყოველთვის პოლიტიკური სიგნალია“, - აღნიშნავს კულება. მისი თქმით, უკრაინას არაფერი გაუკეთებია საქართველოსთან ურთიერთობების გასაფუჭებლად. „პირიქით, ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარებულიყო. მე შემიძლია, გითხრათ, რომ თუკი უკრაინელ ხალხს, სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა რჩება უცვლელი და პოზიტიური, ჩვენ ამის თქმა არ შეგვიძლია საქართველოს მთავრობის შესახებ, - განაცხადა დმიტრო კულებამ. მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც. დმიტრო კულებას თქმით, სააკაშვილს ნელ-ნელა კლავენ. „მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რაც უნდათ ის იფიქრონ, მაგრამ ჩემთვის, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის, ის არის უკრაინის მოქალაქე. მე ვიბრძოლებ მისთვის ისევე როგორც ჩვენ ვიბრძვით თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც განსაცდელში ჩავარდება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
ფინეთი რუსეთთან საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს
ფინური მედიის ცნობით, ქვეყანა რუსეთთან საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს. მუშებმა ხეების ჭრა იმატრის საზღვრის ორივე მხარეს უკვე დაიწყეს. მესაზღვრეები სამკილომეტრიანი მონაკვეთის პირველ რიგში საცდელ რეჟიმში შემოღობვას გეგმავენ. ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც აჩვენებს, გაუძლებს თუ არა აშენებული ღობე ზამთრის ყინვას, თოვლის დატვირთვას და იმ ადამიანების ზეწოლას, რომლებიც, ფინეთის ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა, აღმოსავლეთიდან შეეცდებიან ქვეყანაში შესვლას. ფინეთის გეგმებზე რუსეთთან საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ღობის აშენების შესახებ, 2022 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1,3 ათასი კმ სიგრძის ღობის აშენება ორ-სამ წელიწადში იგეგმებოდა. ფინეთის ხელისუფლების გეგმის მიხედვით, ღობე რუსეთთან საზღვრის 10-20%-ს უნდა მოიცავდეს. სტრუქტურის ხანგრძლივობის ვადა სავარაუდოდ, 50 წელია.
ლუკაშენკო ჩინეთშია
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. იტყობინება BelTA. სახელმწიფო მედიის ცნობით, ეს ვიზიტი იქნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობის ხანგრძლივი პოლიტიკის ნაწილი. მისივე თანახმად, 2022 წლის სექტემბერში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, ბელორუსისა და ჩინეთის ლიდერებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია ურთიერთობების ახალ დონეზე გადასაყვანად. მანამდე, ლუკაშენკომ ჩინურ მედიასთან განაცხადა, რომ ახლა უკრაინაში კონფლიქტის დასრულების უნიკალური მომენტია. მისივე თქმით, სხვა ასეთი სიტუაცია შეიძლება, აღარ ციყოს და რომ ამ მომენტის გამოყენებაა საჭირო, ვიდრე რუსეთი ეკონომიკას საომარ რეჟიმზე გადაიყვანს. ბელარუსის პრეზიდენტის აზრით, პუტინის მთავარი მიზანი რუსეთის უსაფრთხოებაა, რომ უკრაინის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა გამოირიცხოს. ლუკაშენკოს სჯერა, რომ მოსკოვი მზად არის, იმოძრაოს მოლაპარაკებების გზაზე, თუმცა აშშ-მ აიძულა „კიევის რეჟიმი“, რომ უარი ეთქვა რუსეთთან ნებისმიერი სახის დიალოგზე.
აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა 4000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო გაწვრთნეს
აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა 4000-ზე მეტი წევრი უკრაინელი სამხედრო გაწვრთნეს. ამის შესახებ გენერალმა დუგლას სიმსმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. კოლექტიური წვრთნები მთელ ევროპაში გრძელდება. იანვრიდან აშშ-ის არმიამ 1000-ზე მეტი უკრაინელი გაწვრთნა, რითაც შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი ჯარისკაცების ჯამური რაოდენობა 4000-მდე გაიზარდა. ამერიკელი სამხედროები ასევე წვრთნიან უკრაინელებს პატრიოტის სარაკეტო სისტემაზე და სწავლება მალე დასრულდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონმა დააკონკრეტა, როდის შეიძლება, დასრულდეს ეს სწავლება. „დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინელები გამოიყენებენ Patriot-ის სისტემებს იმავე გამოცდილებით, რასაც ყოველდღიურად აჩვენებენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის ამჟამინდელი შესაძლებლობებით“, - განაცხადა გენერალმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია
სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია. „ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა მუდმივ კომუნიკაციას ცხელი ხაზის მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებუ ინფორმაციაში.
სტოლტენბერგი რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევს. „ცივი ომის დასასრულს, ამ ოთახში ბევრ ჩვენგანს სჯეროდა, რომ შეგვეძლო უკეთესი ურთიერთობების დამყარება რუსეთთან. მათ შორის მეც. და მე მაინც მჯერა, რომ ეს სწორი იყო. რუსეთთან ერთად ევროპაში უკეთესი უსაფრთხოების ასაწყობად ისტორიული მომენტის გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო”, - განაცხადა სტოლტენბერგმა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სამიტზე ჰელსინკიში. მანვე აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აირჩია, დაშორებოდა თანამშრომლობას, დიალოგს და მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმით გლობალური უსაფრთხოების ფუძემდებლური პრინციპები დაარღვია. „ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ომის დასრულებით რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნება არ იქნება. უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
პოლონეთი თავდაცვის შესაძლებლობებს აძლიერებს
პოლონეთის მთავრობამ ხელი მოაწერა ჩარჩო კონტრაქტს იარაღების მწარმოებელ კომპანია Huta Stalowa Wola-სთან, რაც დაახლოებით 1000 ქვეითი საბრძოლო მანქანის (IFVs) და დაახლოებით 400 თანმხლები მანქანის მიწოდებას გულიხმობს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რომ პირველი ოთხი Borsuk IFV წლის ბოლომდე იქნება მიწოდებული. ისინი თანდათან ჩაანაცვლებენ საბჭოთა ეპოქის BWP-1 IFV-ებს. „იმედი მაქვს, რომ პოლონეთის შეიარაღებული ძალები ძალიან მალე აღიჭურვება ახალი IFV-ებით“, - განაცხადა ბლაშჩაკმა და აღნიშნა, რომ ”IFV-ების დრო, რომელსაც პოლონეთის შეიარაღებული ძალები აქამდე იყენებდნენ, დასრულდა“.
უკრაინელი სამხედროები Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემაზე წვრთნებს ასრულებენ
უკრაინელი სამხედროები Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემაზე წვრთნებს ასრულებენ. ამის შესახებ გენერალმა დუგლას სიმსმა განაცხადა. ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს. მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონი აკონკრეტებს, როდის შეიძლება, ეს სწავლება დასრულდეს. „დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინელები გამოიყენებენ Patriot-ებს იმავე გამოცდილებით, რომლებსაც ყოველდღიურად აჩვენებენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის ამჟამინდელი შესაძლებლობებით“, - განაცხადა სიმსმა. მანვე აღნიშნა, რომ იანვრიდან აშში-ს სამხედროებმა 1000-ზე მეტი უკრაინელი გაწვრთნეს, რითაც შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი ჯარისკაცების ჯამური რაოდენობა 4000-მდე გაიზარდა.
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2023 წლის 21 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი. იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ. II ეტაპი – რეგისტრაცია 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. IV ეტაპი – 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციასდა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა
საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა. როგორც „გარდიანი“ წერს, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. თესალიის რეგიონის გუბერნატორის, კონსტანტინოს აგორასტოსის განცხადებით, სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო კი - თესალონიკიდან ლარისამდე. მისივე თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაახლოებით 250 მგზავრი უსაფრთხოდაა ამოყვანილი.
სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება
სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი – სასულიერო პირი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებული 18 თვის ნაცვლად დღეს არის 12 თვით ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა და ეს შრომა არის ანაზღაურებადი. „ანუ, ადამიანები, ვინც ამ სივრცეში იყვნენ, განურჩევლად რელიგიური კონფესიისა, იქნება ის მართლმადიდებელი, თუ სხვა, გადავადების საფუძვლით, ანუ ამ კონკრეტული კანონით ხდებოდა ადმინისტრირება და ახლა, მოხდება მათი ალტერნატიულ შრომით სამსახურში გადანაცვლება . ანუ, არაფრის შეცვლა ამ კუთხით არ მომხდარა. ალტერნატიული შრომითი სამსახური დღესაც არსებობს და თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის, ან სინდისის გამო ის უარს ამბობს მაგალითად, იარაღის ხელში აღებაზე, ის გაივლის ალტერნატიულ შრომით სამსახურს. მაგალითად, თავშესაფრებში, სანიტრად სამედიცინო დაწესებულებებში და ა.შ“, – განაცხადა გიორგაძემ საქართველოს პირველი არხთან.
ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზეს დახმარება საქართველოში არსებული ცენტრებიდან მანქანების შეძენაში და მიწოდებაში. „სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ბრალდებულებმა გააყალბეს ავტომანქანების შეძენასთან დაკავშირებული ინვოისები, სადაც შეიტანეს ყალბი მონაცემები, თითქოსდა ავტოცენტრებიდან შეძენილ იქნა დამკვეთისათვის სასურველი ძვირადღირებული ავტომანქანები, ცენტრების ანგარიშებზე გადაარიცხინეს გარკვეული თანხები, რომლითაც, ნაცვლად უცხოური კომპანიების მიერ დაკვეთილი ავტომანქანებისა, შეძენილ იქნა ბრალდებულებისათვის სასურველი ავტომანქანები, რომლებიც შემდგომ მათ მიერ გასხვისდა სხვადასხვა პირზე. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ უცხოურ კომპანიებზე მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 4 163 332 ლარს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. მათივე ცნობით, გამოძიების პროცესში, დაყადაღებულ იქნა კომპანიის და ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 180-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც გორგოძემ აღნიშნა, 2023 წლის საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლა. მისივე განმარტებით, ეს შესაძლებლობა ამჟამად აბიტურიენტებს, მაგისტრანტობისა და ასევე გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს ეძლევათ. მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება. „საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება. აბიტურიენტების საყურადღებოდ: რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: ძირითად ეტაპზე - 3 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელსაც მოამზადა 2023 წლის გამოსაცდელებისათვის სპეციალური ელექტრონული კრებულები, რომლებშიც მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია. ცნობარი აბიტურიენტებისათვის - აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. გზამკვლევი სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის - კრებულში განთავსებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი თავს უყრის მნიშვნელოვან ინფორმაციას საგრანტო კონკურსის შესახებ, აგრეთვე ტესტური დავალებების ნიმუშებს. დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გორში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ნ.ს. განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთდაპირისპირებისას, 1990 წელს დაბადებულ ი.კ. და 1996 წელს დაბადებული ვ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.კ. გარდაიცვალა, ხოლო ვ.ღ. საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლიციამ ნ.ს. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 25.9 პროცენტით მეტი სტუდენტი ჩაირიცხა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 94 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 42 საჯარო, ხოლო 52 კერძო. საქსტატის ცნობით, 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 103 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 46.6 პროცენტი ქალია, ხოლო 53.4 პროცენტი – კაცი. 2021 წელთან შედარებით, სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 25.9 პროცენტით. რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს თბილისი (36.7%), რომელსაც მოსდევს აჭარა (19.9%), იმერეთი (10.0%), სამერელო-ზემო სვანეთი (9.4%), კახეთი (6.1%) და ქვემო ქართლი (6.0%). უწყების მონაცემებით, 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 263 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 38.8 პროცენტი ქალია, ხოლო 61.2 პროცენტი კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში (47.5%), მეორე ადგილზე კი იმერეთია (9.9%). ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 7 605 სტუდენტი შეადგინა, რომელთაგან 48.8 პროცენტი ქალია, ხოლო 51.2 პროცენტი კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (24.2%), მომსახურებების (20.4%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.8%), ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის (13.3%) პროგრამებზე.
ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო
ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლისთვის გადადო. ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ, გამგზავრების წინ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომელსაც სისტემა (ETIAS) დაამუშავებს და მოქალაქე ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს. მომსახურების გადასახადი 7 ევროს შეადგენს. ევროკავშირის მიზანი მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფაა. მასზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო და მისი ამოქმედება ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა, თუმცა კოვიდპანდემიის, ასევე, ფინანსური და ტექნიკური საკითხების გამო რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს, ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.
პარლამენტში მედიისთვის ახალი წესი ამოქმედდა
არლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის წესები იცვლება. ახალი წესები დღეიდან ამოქმედდა. ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრძანება გამოსცა. შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე 6 თებერვალს განაცხადა, რომ საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია მედიის იმ წარმომადგენლებს ექნაბთ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ. „აკრედიტაციის წესი სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების საუკეთესო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე დაიწერა. აკრედიტაციის წესი ორ ძირითად პრინციპს დაეფუძნება. პირველი ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ მედიას იმაში, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია გაშუქდეს, გაშუქდეს საპარლამენტო საქმიანობა. მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო. იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც მედიის იმ წარმომადგენლებს მიეცემათ, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს. მათ ამ აკრედიტაციის პარლამენტში შემოსვლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მოსამზადებელი იყოს ცალკეული სიუჟეტი ან იყოს ისეთი მედია, რომელიც აკრედიტებული არ იქნება (მაგალითად, უცხოური მედია), მათ სპეციალური აკრედიტაცია ექნებათ, რომელიც ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად სიუჟეტის, მასალის მოსამზადებლად იმოქმედებს. დადგენილია რაოდენობები: - დიდ მედიებს, მაუწყებლებს, რომელთაც ეროვნული მაუწყებლობა აქვთ, შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტირების შესაძლებლობა ექნებათ. სხვა ტელევიზიებს - სამი გადამღები ჯგუფის. ჯგუფში შედის, როგორც ჟურნალისტი, ასევე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის - ორი ჟურნალისტი, რადიო - ორი, ონლაინ გამოცემა - ოთხი. რაც შეეხება პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესებს, ეს არის: - ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მედიის ნაწილი ახალი წესის დანერგვას მედიასაშუალებების შეზღუდვად მიიჩნევენ.