ძებნის რეზულტატი:

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ საგანში ცვლილებები შედის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 3 საგნის ფორმატში მცირედი ცვლილება არის შესული და სჯობს, აბიტურიენტები ამ სიახლეებს გაეცნონ. როგორც გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები ისტორიის, უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდებს შეეხება. „წელს ფორმატის მცირედი ცვლილება არის მხოლოდ 3 საგანში, ეს გახლავთ ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში. ფორმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ აბიტურიენტებისთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ გაეცნონ. საგამოცდო დრო არ შეცვლილა", - განაცხადა გორგოძემ. ამასთან, მისივე თქმით, რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურში წელს ახალი საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. „ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობისგან და გათვალისწინებული იქნა ეს მოთხოვნა. ამის თაობაზე 2 წლის წინ დაიწყო საუბარი, მუშაობა და წელს შევძელით, რომ ეს გაგვეკეთებინა", - განაცხადა გორგოძემ. მისი განმარტებით, საგამოცდო ცენტრების რაოდენობა ყოველ წელს მცირედით იცვლება. როგორც სოფიო გორგოძემ განაცხადა, წელს 27 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.  

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დღეიდან აკრძალულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნადირობის სეზონი დასრულდა და 1-ელი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. მათივე ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განმარტებით, ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება. უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, პირველი მარტიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.  

ლიეტუვამ რუსეთთან საზღვარზე სარეგისტრაციო ცენტრი დახურა

ქალაქ კიბარტაიში, რომელიც ლიეტუვაში, რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვართან მდებარეობს, უცხოელთა რეგისტრაციის ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა.  ამ ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო 2021 წლის 20 სექტემბერს, მიგრანტთა კრიზისის დროს. ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალური პირების თქმით, ლიეტუვა, ბელორუსის რეჟიმის ჰიბრიდული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც მიგრანტები აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან მასობრივად გადაჰყავდათ მეზობელი ქვეყნიდან ლიეტუვაში, არაავტორიზებულ ადგილებში. როგორც სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც უცხოელებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მიეცათ, ამ ცენტრში განთავსებულმა მიგრანტთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო სამსახურის ცნობით, სამომავლოდ, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორია შეიძლება ხელახლა გამოიყენონ უცხოელთა დასაბინავებლად.  

აზერბაიჯანი და ყაზახეთი ციფრული ვალუტის შექმნის საკითხს განიხილავენ

აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ციფრული ვალუტის შექმნის საკითხი განიხილეს, განაცხადა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის (CBA) თავმჯდომარემ ტალეჰ კაზიმოვმა პირველ მარტს. „დღეს, ყაზახეთში მივლინების ფარგლებში, შევხვდით ყაზახეთის ეროვნული ბანკის გუბერნატორს გალიმჟან პირმატოვს. შეხვედრაზე განვიხილეთ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხი და სამომავლო მიმართულებები. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არსებულ მაკროეკონომიკურ ვითარებაზე, გლობალური ეკონომიკური პროცესების გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკაზე, მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გაუმჯობესებაზე, გადახდის სისტემების განვითარებაზე, ციფრული ვალუტის შექმნასა და სხვა საკითხებზე“, - წერს კაზიმოვი Twitter-ზე.  

კახეთის პოლიციამ ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.რ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა. 1985 წელს დაბადებული ა.ა. დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით. 1985 წელს ლ. მ.-ს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა. დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება 1996 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს და 1989 წელს დაბადებულ გ.ტ.-ს, მათი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო ქმედებები. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ , ნ.ბ.-მ, მ.რ.-მ და ზ.ბ.-მ ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს ლ.მ.-ის ფერმიდან 600 ცხვარი. ლ.მ.-ს და გ.ბ.-ს შორის მომხდარი კონფლიქტის გარკვევის და დავის მოგვარების მიზნით, ლ.მ.-ის მხარემ კრიმინალურ ავტორიტეტს - ა.ა.-ს მიმართა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ და გ.ტ.-მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მწყემსებს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ გ.ბ.-ის კუთვნილ 1068 ცხვარს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ,,აკ-74’’-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები, აგრეთვე, ,,ნაგანის’’ სისტემის პისტოლეტი ვაზნებით, რომლებიც ა.ა.-მ და გ.ტ.-მ სავარაუდოდ მიმალვის დროს თავიდან მოიშორეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საპენსიო აქტივების ღირებულება სამ მილიარდ ლარს აჭარბებს

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ 1 359.9 მლნ ადამიანი იყო ჩართული, საპენსიო აქტივების პორტფელის ჯამური ღირებულება 2 947 მლნ ლარს შეადგენდა, წმინდა ამონაგები კი 438.3 მილიონი ლარს. რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.13 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 476 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 377 ათასი ადამიანია. ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,159 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 8,268,836.39 ლარს შეადგენს.  

რა გზავნილებით ჩავიდა ენტონი ბლინკენი ცენტრალურ აზიაში

აშშ რუსეთის პარტნიორ ქვეყნებს სანქციების გამო ზარალს აუნაზღაურებს. ვინაიდან რეგიონის ყველა ქვეყანა ასე თუ ისე დამოკიდებულია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები მათ ეკონომიკებსაც შეეხო. შეერთებულ შტატებს ეს ესმის და ასეთ ქვეყნებს კომპენსაციას ჰპირდება. შესაბამისი განცხადება ამერიკის შერთებულ შტატების სახელმწიფო მდივანმა ასტანაში ვიზიტისას გააკეთა. „ქვეყნებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც ეძებენ ახალ შესაძლებლობებს, ახალ მარშრუტებს და საექსპორტო ბაზრებს, დაეხმარებიან, რომ არ დაეყრდნონ რუსეთს. მე ვთქვი, რომ დამატებით 25 მილიონ დოლარს გამოვყოფთ, შედეგები კარგად არის ჩვენთვის ცნობილი“, - განაცხადა ბლინკენმა. აშშ და ყაზახეთი ურთიერთობებს გააძლიერებენ, ბლინკენი ასტანაში ჩავიდა ამერიკელი დიპლომატის თქმით, კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ, შეამცირონ თავიანთი სამუშაო რუსეთში, მიიღებენ ახალ შესაძლებლობებს. 28 თებერვალს ენტონი ბლინკენი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა და 25 მილიარდი დოლარის ოდენობით ახალი დახმარების შესახებ განაცხადა. ეს დახმარება მიზნად ისახავს რეგიონში სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციასა და სამუშაო ადგილების შექმნას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მდივანი ენტონი ბლინკენი ყაზახეთის შემდეგ ეწვია უზბეკეთს, რათა გააძლიეროს პარტნიორობა ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე. პირველ მარტს ბლინკენი უკვე ნიუ-დელიში, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. ეს სამიტი ფოკუსირებული იქნება მულტილატერალიზმის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, გლობალური ჯანმრთელობის, ჰუმანიტარული დახმარებისა და სხვა საკითხებზე. „ბლინკენი შეხვდება ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენი ძლიერი პარტნიორობის დასადასტურებლად“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში. France24-ის ცნობით, ბლინკენი ტაშკენტში ვიზიტისას შეხვდა უზბეკეთის პრეზიდენტს შავქათ მირზიოევს, რომელმაც ეკონომიკური რეფორმების პირობა დადო. ამასთან, გამოცემა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ნედ პრაისს ციტირებს და წერს, რომ ბლინკენი საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვს აშშ-ის ინვესტიციების გაზრდაზე ესაუბრა. „ბლინკენმა ასევე მოუწოდა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის დაცვისკენ“, - განაცხადა პრაისმა. ტაშკენტში ვიზიტისას ბლინკენმა დაათვალიერა უნივერსიტეტი, სადაც აშშ-ის დაფინანსებით ინგლისურ ენაზე სწავლება მიმდინარეობს - ეს არის ვაშინგტონის მცდელობის ნაწილი ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაფართოებისთვის. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერით უზბეკეთში ინგლისური ენის 10,000 მასწავლებელი მომზადდა. ენტონი ბლინკენის ვიზიტზე წერს AP. მისი მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აფრთხილებს, რომ რუსეთის, როგორც პარტნიორის ღირებულება მძიმედ დაზიანდა უკრაინის წინააღმდეგ ერთწლიანი ომის გამო. ყაზახეთში ცენტრალური აზიის უმაღლეს დიპლომატებთან შეხვედრების დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანას, განსაკუთრებით მათ, ვინც ტრადიციულად მოსკოვის ორბიტაზე იმყოფებოდა, არ შეუძლია, იგნორირება გაუკეთოს რუსეთის აგრესიით მომდინარე საფრთხეებს არამხოლოდ მათ ტერიტორიაზე, არამედ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგისა და გლობალური ეკონომიკის მიმართ. ყველა თავის გამოსვლაში ბლინკენმა ხაზი გაუსვა „სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის“ პატივისცემის მნიშვნელობას.  Associated Press-ი წერს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა შეინარჩუნეს ნეიტრალიტეტის პოზიცია უკრაინის მიმართ - არც რუსეთის შეჭრას უჭერდნენ მხარს და არც აშშ-სა და დასავლეთის მხრიდან ომის დაგმობას. „მას შემდეგ რაც გახდა რა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ყაზახეთი 1991 წლის დეკემბერში, შეერთებული შტატები  ყაზახეთისა და რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მტკიცე ერთგულია“, - განაცხადა ბლინკენმა ასტანაში,  ე.წ. C5+1 ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც აშშ-სა და ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთისგან შედგება. „ჩვენი დღევანდელი დისკუსიების დროს, მე კიდევ ერთხელ დავადასტურე შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ყაზახეთისადმი, ისევე როგორც ყველა ერისადმი, თავისუფლად განსაზღვრონ თავისი მომავალი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ერთ წელს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მუხტარ ტილეუბერდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ცენტრალური აზიის ხუთმა ქვეყანამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, რომლებიც ტრადიციულად, კრემლის გავლენის სფეროს ნაწილად განიხილებიან, უკრაინაში რუსეთის შეჭრას საჯაროდ არ დაუჭირა მხარი. ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სამჯერ ესაუბრა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს, რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ და გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. თუმცა ცენტრალური აზიის ხუთივე რესპუბლიკამ, ინდოეთთან ერთად, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრაში, რომელმაც რუსეთის შეჭრა დაგმო, თავი შეიკავეს.  „თუკი ჩვენ დავუშვებთ (ამ პრინციპების) დაუსჯელად დარღვევას, ეს გვიხსნის პერსპექტივას, რომ თავად რუსეთი გააგრძელებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას, თუ სხვა ქვეყნები ისწავლიან არასწორ გაკვეთილს“, - თქვა ბლინკენმა. „ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის ერთად დადგომა და თქმა: არა, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით”, - აღნიშნა ბლინკენმა.

2021 წელთან შედარებით, 2022 წელს საქართველოში ხუთი პროცენტით მეტი ავტომობილი დარეგისტრირდა - საქსტატი

2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით, ხუთი პროცენტით გაიზარდა და 1.563 მლნ შეადგინა. რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში ქვეყანაში 1.333 მლნ ერთეული მსუბუქი ავტომობილი, 111.2 ათასი სატვირთო, 64.6 ათასი სპეცდანიშნულების მანქანა, 54.3 ათასი ავტობუსი და მიკროავტობუსი იყო რეგისტრირებული. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება თბილისშია რეგისტრირრებული, ჯამში, 529.3 ათასი. ხუთულში ასევე შედიან იმერეთი – 209.9 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალებით; მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი – 161.8 ათასით, მეოთხეზე კახეთი – 145.4 ათასით, მეხუთეზე კი აჭარა – 130.4 ათასით. რაც შეეხება საწვავის ტიპს, როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ყველაზე მეტი, 635.2 ათასი რეგისტრირებული ავტომობილი ბენზინზე მომუშავე ძრავითაა; 300.8 ათასი – დიზელზე, 154.5 ათასი – ბენზინსა და აირზე; 113.9 ათასი – ჰიბრიდია, 4.1 ათასი – ჰიბრიდი-აირი; ელექტროძრავზე მომუშავე მანქანების რაოდენობა 3.3 ათასია, ხოლო ბუნებრივ აირზე 1.1 ათასი ავტომობილი მუშაობს. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია როგორც რეგისტრირებულ ავტომობილთა რაოდენობაა, ასევე მფლობელთა რაოდენობა. გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ავტომობილი რეგისტრირებულია 1.400 მლნ ფიზიკურ და 163.2 ათას იურიდიულ პირზე. რაც შეეხება ავტომობილების ასაკს, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 1.296 მლნ ავტომობილი ათი და მეტი წლისაა.  

ბლინკენის თანაშემწემ დარჩიაშვილთან შეხვედრისას, „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტზე ამბობს, რომ ასეთი კანონი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „ერინ ბარკლიმ შეშფოთება გამოთქვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მათ შორის კანონპროექტზე, რომლის სამიზნეც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, მედიაა და რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ეძღვნება. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ წვლილზე საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების პროცესში.   „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაში მონაწილეობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ერინ ბარკლის შეხვდა. დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გაწეული ძალისხმევა როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადების, ისე 2022-2030 წწ-სთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო დონეზე დამტკიცების თვალსაზრისით“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.

როგორია გორში მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი კაცის მდგომარეობა

გორში, სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი 27 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. „პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანიდან ამ დრომდე კრიტიკულია. შემოვიდა მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებებით გულმკერდისა და მუცლის არეში, 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ურთულესი ქირურგიული ოპერაციები. პოსტოპერაციულად მძიმე მდგომარეობით მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა რჩება მძიმე, პაციენტს უტარდება ინტენსიური თერაპია“, - განაცხადა სამხედრო ჰოსპიტლის ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ზურაბ ნადირაშვილმა. შეგახსენებთ, გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ახალგაზრდა კაცი კლინიკაში მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებებით შეიყვანეს, მასთან ერთად დაშავებული მეორე პირი კი - 34 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლნასროლი დაზიანება თავის არეში აღენიშნებოდა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით მიმდინარეობს.  

ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ირენ ფელინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედებაუნარიანი პარტნიორი და უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ბევრი თვალსაზრისით მოქმედებს როგორც მოკავშირე და მისასალმებელია მოკავშირეთა გადაწყვეტილება, საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომების მიღების შესახებ, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება. განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა და 2022-2030 წლებს ფარავს. აღინიშნა, რომ სტრატეგიაში გენდერულ თანასწორობას მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დათმობილი და ითვალისწინებს თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მუდმივ გაუმჯობესებას. საუბარი ასევე შეეხო „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმას“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმას“. აღინიშნა, რომ ორივე დოკუმენტი კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს და მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას არაერთ სფეროში. შეხვედრას ესწრებოდნენ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდერ ვინიკოვი და საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე.  

2021 წლიდან დაჯარიმებულია 181 სუბიექტი - ეროვნული ბანკი

ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაწესება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საფინანსო ინსტიტუტში შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში ანათქვამი. „გუშინ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია საფინანსო სექტორის საზედამხედველო ზომების შესახებ. მიუხედავად დეტალური განმარტებისა, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საზოგადოებას არასწორად მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების დაჯარიმების შესახებ, თითქოს ჯარიმა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეროვნული ბანკი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს რეგულარულად ამოწმებს. შემოწმების შედეგად, ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, საზედამხედველო ზომის სახით, შესაძლოა, ასევე ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაწესება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საფინანსო ინსტიტუტში შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და 2020 წლიდან რეგულარულად ქვეყნდება. გამოქვეყნებას ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო გამოყენებული ყველა ტიპის სანქცია, მიუხედავად სანქციის სახის, კატეგორიის, შინაარსის, ფულადი ჯარიმის ოდენობისა და დარღვევის მატერიალურობისა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. მათივე ცნობით, 2021 წლიდან დაჯარიმებულია სულ 181 საზედამხედველო სუბიექტი: 11 კომერციული ბანკი; საგადახდო მომსახურების 12 პროვაიდერი; ხუთი საბროკერო კომპანია; 32 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ფასიანი ქაღალდების სამი რეგისტრატორი; სესხის გამცემი ექვსი სუბიექტი; ვალუტის გადამცვლელი 112 პუნქტი. „ჯარიმების შესახებ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული სუბიექტების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. აქვე მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად, ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ სრულად, ფაქტების ცვლილების გარეშე“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.  

თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა, რომლის ამოქმედებაც 2025 წლიდან იგეგმება. მან იმ პირობებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, სავალდებულო სამხედრო სამსახური 4 წლის განმავლობაში ისე გაიარონ, რომ მათ სწავლის პროცესში ხელი არ შეეშალოთ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ახალი სისტემა მოქნილია სტუდენტებისთვისაც და მათი გადამზადება 4 წლის განმავლობაში არდადეგების ხარჯზე მოხდება: „ეს გულისხმობს, რომ 4 წლის განმავლობაში, ყოველ წელიწადს, წელიწადში ერთხელ არდადეგების ხარჯზე მოხდეს მათი გადამზადება, წვრთნა - შეკრება და 4 წლის თავზე, როდესაც ისინი დიპლომს აიღებენ, ჩაირიცხებიან რეზერვში. ეს პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტები შეიძენენ მინიმალურ და აუცილებელ საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს“. გრიგოლ გიორგაძის თქმით, ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და სტუდენტების შერჩევა მოხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. „ყოველწლიურად დგინდება გასაწვევ პირთა ოდენობა მთავრობის აქტით და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები, იმის მიხედვით, თუ როგორ არის შესავსები სხვადასხვა ქვედანაყოფი, ადგენს კონკრეტულ ციფრს. ასევე, ეს დაკავშირებულია შესაბამის რესურსთან - გაწვრთნას სჭირდება შესაბამისი ინსტრუქტორები, ოფიცრები, სერჟანტები და ბუნებრივია, ეს ციფრი სწორედ ამ რეალობიდან გამოდის“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი თუ სწავლასთან ერთად 4 - წლიანი პროგრამა. „სტუდენტს ექნება 4 არჩევანი - შეუძლია, აიღოს აკადემიური ან 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი გაიაროს, მაგრამ დასჭირდება აკადემიური. თუ მას უნდა შეუთავსოს სწავლას, მაშინ არის ოფცია 4-წლიანის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნებაყოფლობითი პროგრამა, რომელიც შემოგვაქვს. ეს არის რეზერვის ოფიცრის პროგრამა. აქაც შეუძლიათ სტუდენტებს, მონაწილეობა და არ შეეშლებათ ხელი სწავლაში იმიტომ, რომ ესეც უქმეების პერიოდზეა აგებული. გარდა სტუდენტებისა, ვისაც აქვს უმაღლესი განათლება, მათაც შეუძლიათ, ამ პროგრამით ისარგებლონ“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სტუდენტის სტატუსი ავტომატურად გადავადების საფუძველი რეფორმის შემდეგ აღარ იქნება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სტუდენტი შესაძლოა, გაწვევას დაექვემდებაროს. „დღეს გვაქვს სტუდენტის სტატუსი როგორც გადავადების საფუძველი, ვიდრე მას აქვს სტუდენტის სტატუსი. შემოთავაზებული ცვლილებით, სტუდენტის სტატუსი არ არის გადავადების ავტომატური საფუძველი. ეს იმ შემთხვევაში, თუ მე 7 ათასი ადამიანი უნდა გავიწვიო მიმდინარე წელს და სხვა არა სტუდენტი ადამიანი შევაგროვე 6500, მე მჭირდება უკვე 500 სტუდენტით შევავსო. შერჩევის პრინციპით, პირველი ხუთასი ვინც იქნება, მათ შევთავაზებთ ამ ოპციებს“ - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ პირველი არხის ეთერში. ასევე წაიკითხეთ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისიდან 62 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4,2 მაგნიტუდა იყო.  

გასულ წელს ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3%-ზე მეტით - დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3%-ზე მეტით, ხოლო გახსნის მაჩვენებელი არის უპრეცედენტო - 60%-ზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისოდ ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს - დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია არა ერთი „კანონიერი ქურდი“ და „ქურდული სამყაროს“ წევრი. როგორც დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხშირად გარკვეული დანაშაულების ირგვლივ სპეკულირება ხდება. „არ არსებობს ქვეყანა, სადაც დანაშაული არ ხდება, მაგრამ პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოტივირებულია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ დანაშაულზე სწრაფი რეაგირება, ეფექტური გამოძიება მოხდეს და პირები, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში მიეცეს. 2006 წლის შემდეგ გვაქვს დანაშაულის გახსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გასულ წლებთან შედარებით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.  

საგამოცდო ცენტრი რაჭაშიც გაიხსნება

2023 წლის გამოცდების ჩასაბარებლად რაჭაში მაცხოვრებელ გამოსაცდელებს სხვა რეგიონში წასვლა აღარ მოუწევთ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, წელს პირველად საგამოცდო ცენტრი ამბროლაურშიც გაიხსნება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ საგანში ცვლილებები შედის ბოლო რამდენიმე წელია საგამოცდო ცენტრები ფუნქციონირებს და ტრადიციულად წელსაც გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. საგამოცდო ქალაქების ჩამონათვალისა და ასევე გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ელექტრონულ ცნობარში შეეძლებათ. „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ უკვე გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, სადაც განთავსებულია სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.  

The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, კონდოლიზა რაისმა საქართველოს შესახებ ისაუბრა

The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველო. დისკუსიის მონაწილემ, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის შეწუხებულია. „ჩვენ დავკარგეთ ფოკუსი საქართველოზე. თუ ისევ მივაპყრობთ საქართველოს ყურადღებას, ვფიქრობ, ვნახავთ ბევრ ახალგაზრდას, რომელთაც იმისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ, რაც დღეს არის საქართველოში. ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პრესის თავისუფლების გამოწვევებთან დაკავშირებით. მინდა, საქართველო დაბრუნდეს შეერთებული შტატების დღის წესრიგში. ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ 2008-2010 წლებში საქართველოში, თუმცა ეს მიღწევები შემობრუნდა და ამაზე უნდა ვიღელვოთ“, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.  

უკრაინა: საჰაერო თავდაცვამ კიევის ოლქში რუსული დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის ოლქში რუსული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა. უკრაინული მედიის ცნობით, დრონის ტიპი ჯერ დადგენილი არ არის. მანამდე კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რეგიონის საჰაერო სივრცეში მფრინავი ობიექტი აღმოაჩინეს. საჰაერო თავდასხმის მომასწავებელი გაფრთხილება დედაქალაქსა და კიევის ოლქში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ისმოდა. ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ პოლტავის ოლქის თავზე ხუთი რუსული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.  

სტოლტენბერგმა ზელენსკი ვილნიუსში NATO-ს სამიტზე მიიწვია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, ალიანსის სამიტზე დასასწრებად მიიწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ლიეტუვის ეროვნულ მაუწყებელ LRT-თან ინტერვიუში ისაუბრა. „მტკიცედ მჯერა, რომ ეს იქნება ჩვენი სოლიდარობის, მხარდაჭერის ძლიერი ნიშანი, რომელსაც მოკავშირეები უკრაინას უგზავნიან და იმედი მაქვს, რომ ზელენსკი შეძლებს სამიტზე დასწრებას. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც ჯერ კიდევ ომშია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. რაც შეეხება სამიტის მოლოდინებს, სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან ახალ ნაბიჯებსა და ზომებზე, უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერასა და ალიანსთან მისი პარტნიორობის გაფართოებაზე. ლიეტუვის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების უმეტესობა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება. ლიეტუვაში უკრაინის ელჩმა პეტრო ბეშტამ 22 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, NATO-ს სამიტს ვილნიუსში პირადად დაესწროს.   

პოლონეთი აცხადებს, რომ ონლაინ საგადასახადო სისტემას რუსი ჰაკერები დაესხნენ თავს

პოლონეთი ონლაინ საგადასახადო სისტემის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა, იანუშ ჩიეზინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დგას ჰაკერული თავდასხმის უკან, რომელმაც ონლაინ საგადასახადო სისტემაზე მომხმარებლებს წვდომა დაუბლოკა. პოლონური მხარის ცნობით, ჰაკერული თავდასხმისას გადასახადის გადამხდელთა მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა. „გუშინდელ თავდასხმაზე რუსები არიან პასუხისმგებელი“, - განაცხადა პოლონეთის ოფიციალურმა პირმა.