ძებნის რეზულტატი:

ინფლაციის შემცირების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, თუ რამე განსაკუთრებული „შოკი არ გამოიკვეთა”, ინფლაციის შემცირების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, ინფლაციის შემცირება მოსალოდნელი იყო. „რაც შეეხება ინფლაციას, ჩვენ პიკი 2021 წელს გავიარეთ, როგორც პროგნოზირებადი იყო, ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, თუ რამე განსაკუთრებული შოკი არ გამოიკვეთა, ეს შემცირების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. ეს პროგნოზირებული იყო და ამ პროგნოზს მიჰყვება. მოლოდინები ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია, ჩვენს მოლოდინებზე გავლენას გაცვლითი კურსი და ინფლაციის დინამიკა ახდენს. თვის ბოლოს, 29 მარტს მონეტარული პოლიტიკის სხდომა გვექნება და იმ მომენტში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ინფლაციასთან დაკავშირებულ პროგნოზს გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა მესტვირიშვილმა.  

ალიევი: საქართველოსა და თურქეთის გავლით ელექტროენერგიის ექსპორტის გასაფართოებლად, საჭიროა დამატებითი ინვესტიციები

ელექტროენერგიის ექსპორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან დღეს ჩვენი საექსპორტო სიმძლავრე შეზღუდულია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში გერმანიის წამყვან კომპანიებთან შეხვედრაზე განაცხადა. აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ევროპაში 1000 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს „რამდენადაც მახსოვს, მაქსიმუმ, 1000 მეგავატი ან შესაძლოა, 1500 მეგავატი იყოს გადაცემის სიმძლავრე საქართველოსა და თურქეთის გავლით. ორივე ქვეყანაში, საქართველოშიც და თურქეთშიც სიმძლავრის ნაკლებობაა. ამიტომ, უნდა იყოს დამატებითი ინვესტიციები, რათა გაფართოვდეს ექსპორტის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ალიევმა.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი დაიწყო

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მესამე დასკვნითი რაუნდი დაიწყო თბილისში ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებს შორის. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებები 17 მარტს დასრულდება და განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი მზად იქნება ოფიციალური ხელმოწერისთვის.   „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება საქართველოს მწარმოებლებს დამატებით გზას არაბთა გაერთიანებული საამიროების 10-მილიონიანი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრისკენ გაუხსნის. შეთანხმება დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს. ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს". შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თბილისში 2022 წლის სექტემბერში, მეორე კი დუბაიში 2022 წლის დეკემბერში  გაიმართა.  

მზად ვარ, აქციების მონაწილე იმ სტუდენტებს შევხვდე, ვინც ფიქრობს, რომ მათი გამოხატვის უფლება დაირღვა - იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მზადაა, 7-9 მარტის აქციების მონაწილე სტუდენტებს შეხვდეს. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. „სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქციების მონაწილე სტუდენტების საჯარო მიმართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ მოექცა, ან ხელისუფლების მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო", - აცხადებს იოსელიანი. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდო.  

პარლამენტი პოლიტიკური ჯგუფებისთვის წიგნების დარიგებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებით, სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს. „განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება. პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები. საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, „ლელოს“ ინფორმაციით, პარლამენტში ანტიამერიკული შინაარსის წიგნი  - „ლუციფერის მხილება“ დარიგდა. „ლელოს“ აპარატის ხელმძღვანელმა ლანა გალდავამ განაცხადა, რომ წიგნი პარლამენტის აპარატმა დაარიგა და ის ოპოზიციონერ დეპუტატებს გადაეცა. მისივე ინფორმაციით, წიგნზე წერია, რომ ის გამიზნულია პარლამენტარების, სასულიერო პირებისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი.  

თბილისის მერია გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას იწყებს

დედაქალაქის მერია საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი საავტომობილო გზა განკუთვნილი იქნება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის, არსებულ პანდუსზე კი გზა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები მხოლოდ სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. „საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას ვიწყებთ იმიტომ, რომ აღნიშნული გზა, რომელიც გოთუადან სანაპიროს მიმართულებით ჩადის, დიდ პრობლემას წარმოადგენს თვითონ იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც ამ გზას იყენებენ. ასევე, პრობლემას წარმოადგენს მათთვის, ვინც სანაპიროზე მოძრაობს და გარკვეული ავარიული სიტუაციები იქმნება. ამჟამად არსებული პანდუსი ვერ უზრუნველყოფს საავტომობილო უსაფრთხოებას გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს კიდევ ერთი პანდუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

ბრიტანულმა და გერმანულმა გამანადგურებლებმა ესტონეთის მახლობლად, რუსული თვითმფრინავები განდევნეს - BBC

დიდი ბრიტანეთისა და გერმანის თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად, რუსული თვითმფრინავები შეაფერხეს და მათ მანევრირებაში ხელი შუეშალეს. „გზის ჩაჭრა“ რუტინული ოპერაცია იყო, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს მანევრს ეს ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებენ. BBC წერს, რომ ინციდენტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, NATO-სა და რუსეთს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე ხდება, თუმცა არ არსებობს რაიმე კავშირი სამშაბათს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი ამერიკულ უპილოტო საჰაერო ხომალდს შეეჯახა. ბრიტანული და გერმანული გამანადგურებლები NATO-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეში გეგმურ საპატრულო მისიას ასრულებენ.    

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, 164 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 347 მსურველის განაცხადი. „მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული ხელმძღვანელი პირებიდან და წევრებიდან: 878 პირი არჩეულია 12 ხმით; 336 - 14 ხმით; 72 – 13 ხმით; 10 – 11 ხმით; 8 - 10 ხმით; ხოლო 8 - 9 ხმით; საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების და ხელმძღვანელი პირების შერჩევისას, იხელმძღვანელეს საარჩევნო რეფორმის შედეგად დაწესებული ახალი რეგულაციებით. მათ შორის, კანდიდატთა მიმართ დაწესებული იმ შეზღუდვებით, რომელიც გამორიცხავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ისეთი პირის არჩევას, რომელიც: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი. გარდა კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა საოლქო საარჩევნო კომისიებმა ასევე გაითვალისწინეს ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. მათ შორის, კონკურსანტთა პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში მიუკერძოებელი საქმიანობა, ასევე ჩართულობა საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში. არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 8 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია -1 111 პირს, რაც საერთო რაოდენობის 84.67%-ია. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული წევრებიდან 595 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 7 – „საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 1 - „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება: თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით გაიზარდა

2023 წლის თებერვალში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თებერვალში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 75,733 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის თებერვალი 47,573 მგზავრი). მგზავრთნაკადის გარდა, თებერვლის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. თებერვალში აეროპორტში რეისები 63%-ით გაიზარდა და 256რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის თებერვალი – 157 რეისი). საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. გაერთიანების ცნობითვე, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.  

დანია უკრაინის დასახმარებლად ფონდს ქმნის

დანიის მთავრობა და პარლამენტის უმრავლესობა შეთანხმდნენ, რომ უკრაინას სამოქალაქო, თავდაცვისა და ეკონომიკური დახმარების სახით, დამატებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოუყონ.  თანხების უმეტესი ნაწილი დაიხარჯება სამხედრო დახმარებაზე, რომელიც შედგება იარაღის, სხვა სამხედრო აღჭურვილობისა და წვრთნებისგან. ახლად შექმნილი ფონდის გამოყენებით, კოპენჰაგენი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ასევე დაეხმარება ქვეყანას გრძელვადიან რეკონსტრუქციაში და მხარს დაუჭერს ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც დანიურ კომპანიებს საშუალებას მისცემს, წვლილი შეიტანონ უკრაინის აღდგენაში.  

მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, ვის მიმართოს პრეტენზიის შემთხვევაში - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, ვის მიმართოს პრეტენზიის შემთხვევაში, - განაცხადა კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. 15 მარტი მსოფლიოს კალენდარში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მარეგულირებელმა უწყებებმა, სექტორულად – მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები და აღსრულების მექანიზმები განიხილეს. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვას საკუთარ სექტორებში სხვადასხვა მარეგულირებელი უწყება ახორციელებს – საბანკო საფინანსო სექტორში – საქართველოს ეროვნული ბანკი, ენერგეტიკის სექტორში – სემეკი, კომუნიკაციების სექტორში – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, დაზღვევის სექტორში დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახური. ყველა სხვა სექტორში მომხმარებლების უფლებების დაცვას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. „2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო, რომლის აღმასრულებელ უწყებადაც კონკურენციის სააგენტო განისაზღვრა. პირველი ნოემბრიდან ჩვენ განაცხადების მიღება და განხილვა დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, სააგენტოში 180-მდე განაცხადია შემოსული, ხოლო საქმის შესწავლა 90 საკითხზე დაწყებული გვაქვს. ამ დროის მონაკვეთში, მომხმარებლის სასარგებლოდ, გაფორმდა 23 პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით და უნდა აღინიშნოს, რომ სამ საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს, იცოდეს, რა არის მისი უფლება, როგორ დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, ვის მიმართოს. სწორედ ამ მიზნით, დღეს – 15 მარტს მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულს ვმართავთ და ერთობლივ ფორმატში მიღებულ შედეგებს და სექტორში არსებულ გამოწვევებს განვიხილავთ, კანონმდებლობა მაქსიმალურად დაბალანსებულია და უზრუნველყოფს როგორც მომხმარებლის დაცულობის მაღალ სტანდარტს, ასევე ბიზნეს ინტერესებს. კანონმდებლობა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით იქნა მიღებული,“ – განაცხადა კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.  

ფინეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის თურქეთს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პარასკევს სტამბულში ფინელ კოლეგას საული ნიინისტოს შეხვდება. ნიინისტო ანკარას 16-17 მარტს ეწევვა. Anadolu-ს ცნობით, ლიდერები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს და ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადაიდგას. გასულ ივნისში თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რაც ალიანსში მათი საბოლოო წევრობისთვის გზას უხსნის. NATO-ში გაწევრიანების წინადადებების დასამტკიცებლად, ანკარა ორ სკანდინავიურ ქვეყანას სთხოვს, მიიღონ კონკრეტული ზომები ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჯგუფი. ანკარა თვლის, რომ შვედეთი ამ კუთხით საკმარის ნაბიჯებს არ დგამს. ამასთან, მედია თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთმა შესაძლოა, ფინეთის განაცხადი შვედეთისგან დამოუკიდებლად, 14 მაისის არჩევნებამდე დაამტკიცოს.  

მიშელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას

ევროკავშირი მხარს უჭერს 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელიც შემოთავაზებულია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე. მისი თქმით, ზელენსკის წინადადება სამართლიანია და შეესაბამება გაეროს წესდებას და საერთაშორისო კანონმდებლობას. „ჩვენ ვცდილობთ, გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება ამ იდეის გარშემო. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სამართლიანი მშვიდობისთვის. ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს უკრაინას საჭირო მხარდაჭერა. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ კრემლი დაინტერესებულია ამით, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობისთვის“, - აღნიშნა მიშელმა.  

საპატრიარქო: საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა

საპატრიარქოს განცხადებით, გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს. აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა. „რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც სასულიერო პირებს რადიკალური და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელშემწყობი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებისაგან თავის შეკავებისაკენ მოვუწოდეთ. მიუხედავად ამისა, გუშინ, 2023 წლის 14 მარტს, გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს. აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი. აღვნიშნავთ, რომ ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, „მოლოტოვის კოქტეილების“ საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობით, ეს სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მოქალაქეებისადმი მუქარა. საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა. როგორც ადრე აღვნიშნეთ, დღეს საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას. ვლოცულობთ მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ - პაპუაშვილი

ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ. მომავალ კვირას რამდენიმე კონცეპტუალურ დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, ქალთა უფლებებს. ამით მე-8 და მე-9 რეკომენდაციები შესრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „სამწუხაროდ, ამ ყველაფერს უმრავლესობა დიდწილად მარტო აკეთებს, რადგან ვხედავთ, რომ ოპოზიცია ამ საკითხში არ მონაწილეობს ხოლმე. რაც შეეხება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტსა და სასამართლო რეფორმას, სრულად შევასრულებთ რეკომენდაციებს. როგორც აქამდე მიდიოდა ყველაფერი სწორად ისე, რომ პუნქტები სკრუპულოზურად სრულდებოდა, საბოლოო ჯამში ასე დასრულდება ყველაფერი“, – განუცხადა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს.  

ბათუმის ბულვარში, ბატუტის გადაბრუნების შედეგად 9 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბულვარში ბატუტზე 9 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ ედუარდ აბრამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განცხადებით კი, მტკიცებულებების შედეგად დასტურდება, რომ ბატუტი მიწის ზედაპირზე მყარად არ იყო დამაგრებული. გამოძიება ბრალდებულს “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით ედავება, რაც უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ მამაკაცს ბატუტის უსაფრთხოება და ექსპლუატაციის წესების დაცვა ეკისრებოდა, თუმცა მან ვერ უზრუნველყო. ცნობისთვის, 12 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს 9 და 3 წლის ძმები დაშავდნენ. ძლიერმა ქარმა ბატუტი დააზიანა, რის გამოც 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა.    

უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა ბახმუტთან რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტთან რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს. ტელეგრამარხში ერმაკი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს აფეთქება, შემდეგ კი სავარაუდოდ, მფრინავის კატაპულტირების მცდელობა. რუსული ბომბდამშენის „სუ-24“-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის სახმელეთო ძალების 93-ე მექანიზირებული ბრიგადის წარმომადგენელიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს

15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართული არტილერიის 30 წლის იუბილე აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. „ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადებში არტილერისტებს იუბილე სარდლობების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალებიც. სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები, საპატიო სიგელები და სამახსოვრო დაფები გადასცეს. მე-5 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე ღია კარის დღეც გაიმართა. თბილისის კერძო სკოლების მოსწავლეებმა ქვედანაყოფში არსებული საარტილერიო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. არტილერიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5867 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5867 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5867 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5851 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7520 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7697 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0177 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ მარკ მილის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის რიგით მე-10 შეხვედრაში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები და არსებული მდგომარეობა განიხილეს. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით ჩამოყალიბდა. ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრების მიზანი უკრაინისადმი მხარდაჭერის კოორდინაციის გაძლიერებაა.