ძებნის რეზულტატი:

რუმინეთში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ზღვის ფარი 2023“ გაიმართება

მთავარი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „ზღვის ფარი 2023“, რომელიც რუმინეთის საზღვაო ძალების მიერ არის ორგანიზებული, შავ ზღვაში, რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 20 მარტიდან 2 აპრილამდე ჩატარდება. წვრთნებში მონაწილეობას დაახლოებით 3400 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.  Sea Shield 2023-ის მონაწილე ქვეყნები არიან ალბანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, პოლონეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, მოლდოვას რესპუბლიკა, აშშ და თურქეთი. „მრავალეროვნული წვრთნები „ზღვის ფარი 2023“ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე რუმინეთის ინიციატივებისა და ინტერესების ხელშეწყობას, ასევე მონაწილე ძალებს შორის თავსებადობის დონის ამაღლებას უწყობს ხელს“, - ნათქვამია რუმინეთის საზღვაო ძალების პრესრელიზში.  

გერმანიის ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფი 22-24 მარტს საქართველოს ეწვევა

გერმანიის ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფი 2023 წლის 22-24 მარტს საქართველოს ეწვევა. გერმანიის საელჩოს ცნობით, დელეგაციაში იქნებიან თაბეა რიოსნერი (კავშირი 90/ მწვანეები), ნიკო ტიპელტი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია), გიოქაი აქბულუთი (მემარცხენეები) და ფალკო დროსმანი (სოციალ-დემოკრატიული პარტია). „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან. დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მრავალი წლის განმავლობაში არსებული კარგი საპარლამენტო ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება, ხოლო მთავარი სასაუბრო თემები იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხები, შიდა და გარე პოლიტიკა, ასევე ევროპული პოლიტიკის მიმართულებები. გარდა ამისა, დელეგაციის წევრები ისაუბრებენ განვითარების, სოციალური და საზოგადოებრივი პოლიტიკის თემებზე და ღია ფორმატში განიხილავენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების საკითხებს. ვიზიტის მიზანი არის ასევე დეპუტატებთან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კავშირების გაღრმავება, ადგილზე ინფორმაციის მიღება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილზე: ნორმალურად მეტყველებდა, მწოლიარე მდგომარეობაში დამხვდა

მეტყველება არ უჭირდა, ნორმალურად მეტყველებდა, მწოლიარე მდგომარეობაში დამხვდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მსჯავრდებულ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.  "მთავარი, რაზეც ჩემი მხრიდან დავუდასტურე არის ის, რომ ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი რაც არსებობს სახალხო დამცველის აპარატში დღემდე, ეს არის კონსილიუმი, ეს არის თვითონ აპარატის ზედამხედველობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. მიხეილ სააკაშვილი მე რომ შევედი იწვა, მწოლიარე მდგომარეობაში იყო, როდესაც ვესაუბრებოდი, სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. [წონაში დაკლებული არ არის?] რასთან შედარებით, გააჩნია, როგორც შევიდა კლინიკაში იმასთან შედარებით რომ წონაში, დაკლებულია ეს ყველამ ვიცით. მეტყველება არ უჭირდა, ნორმალურად მეტყველებდა", - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის საელჩოები NATO-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ

დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის საელჩოები საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში NATO-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ. ამასთან დაკავშირებით საუბრობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი. „დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის საელჩოები საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში NATO-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ. ამ პერიოდში გვექნება შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრებთ NATO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე“, - წერს კლეიტონი Twitter-ზე. „ძლიერი და ერთიანი NATO გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპაში და მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომაც სპეციალურად მორგებული პაკეტი არის შემუშავებული საქართველოსთვის 2023 წელს. საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს NATO-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი მიენიჭათ 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო რუმინეთის საელჩოსთან იმოქმედებს, როგორც NATO-ს საკონტაქტო პირი საქართველოში. ჩვენი ორმხრივი დაცვის თანამშრომლობა სცდება მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოგიწოდებთ, გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობარი. მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ველი იმას, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ თბილისში ვიზიტისას.

საქართველო და სერბეთი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას გეგმავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ვლადიმირ ორლიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები. აქვე, დადებითად შეფასდა ვაჭრობის მზარდი მოცულობა. „მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს საერთო მისწრაფება აერთიანებთ და ეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა. ხაზი გაესვა აგრეთვე, რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყანა ეფექტიანად თანამშრომლობს როგორც ორმხრივ, ისე რეგიონალურ ფორმატში. ირაკლი ღარიბაშვილმა ვლადიმირ ორლიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სერბეთის ურყევი მხარდაჭერისთვის და დაუდასტურა საქართველოს მკაფიო პოზიცია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. შეხვედრას სერბეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტატიანა პანაიოტოვიჩი-ცვეტკოვიჩი, ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი/ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელვირა კოვაჩი, სერბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დუბრავკა ფილიპოვსკი, საქართველოს მხრიდან კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მიხეილ ჩხენკელი მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გააგრძელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „თავის მხრივ, ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში მუშაობა. მთავრობის მეთაურმა ყოფილ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს დღეს წარადგენს.  

ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი წარადგინა. ამ პოსტზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩხენკელის გადაწყვეტილება იყო, რომ აკადემიურ საქმიანობას დაბრუნებოდა. „მას აქვს ძალიან კარგი ხედვა. მან იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები“, - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერის თქმით, ამილახვარს ღირსეული განათლება აქვს მიღებული და ის აშშ-სა და გერმანიაში სწავლობდა. ამასთან, არის ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებული. გიორგი ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტში განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ყოფილ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა შალვა პაპუაშვილი: გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას ცნობისათვის, ქართულ მედიაში რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებს. ამ დრომდე კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდება“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს. ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. 

დავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას ბავშვებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, რათა მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები - ამილახვარი

განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ სამინისტროში კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც სწრაფი პასუხი სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა „ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა, ბუნებრივია, კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც სჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა, ამიტომ დღეიდან, ჩვენ და მე პირადად დავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან - ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან, ჩვენს მეცნიერებთან, იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამითა და საგანმანათლებლო რესურსებით, ამიტომ ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ. ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის“, - განაცხადა ამილახვარმა.  

სი ძინპინი მოსკოვშია

ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვს ეწვია. სი ძინპინი იქნება პირველი უცხო ქვეყნის ლიდერი, ვინც პუტინს ხელს ჩამოართმევს მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. სი ძინპინი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად ეწვია. ჩინეთმა უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, მაგრამ ამავე დროს გააძლიერა კავშირები მოსკოვთან. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება  

ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს პარლამენტში გიორგი ამილახვარს და ირაკლი კოვზანაძეს

გიორგი ამილახვარს პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის. ამასთან, თენგიზ შარმანაშვილი  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა. მედიაში გავრცელებული ცნობით, პარლამენტის დატოვებას ასევე გეგმავენ ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო და ნინო იობაშვილი. ვლადიმერ ჩაჩიბაია: ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ პარლამენტი დავტოვო ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს ცნობისათვის, ქართულ მედიაში რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებს. ამ დრომდე კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდება“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს. ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.   

ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს. „ტყუილია, ტყუილი... ჯანდაცვის მინისტრი არ იცვლება", - აცხადებს ღარიბაშვილი. ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პოსტს ტოვებდა და მას ამ თანამდებობაზე თეა წულუკიანი შეცვლიდა.  

უფრო აქტიურად და ფართოდ უნდა გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში - ამილახვარი

განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, მუშაობის საკუთარ ხედვას პრემიერ-მინისტრს უახლოეს პერიოდში წარუდგენს. ამის შესახებ მან მინისტრად წარდგენის შემდეგ აღნიშნა. ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა „სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ განათლების პროცესის კარგად შესრულებისთვის. აუცილებლად აქტიურად მხარს დავუჭერთ უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას ჩვენს ევროპელ და დასავლელ, უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები. ასევე, მიგვაჩნია, რომ უფრო აქტიურად და ფართოდ უნდა გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში", - განნაცხადა ამილახვარმა.  

საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზადაა - აზარაშვილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის. როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მედიკამენტები ლაბორატორიაში გადამოწმდება და საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება. „შემიძლია დავადასტურო, რომ წამლის ლაბორატორია უკვე მზად არის. ახლა ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით. ვგეგმავთ, როდის უნდა გაიხსნას. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტები გადამოწმდება და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.  

ქუვეითის ნავთობკომპანიამ ნავთობის გაჟონვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ქუვეითის ნავთობკომპანიამ ხმელეთზე ნავთობის გაჟონვის შემდეგ „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. დაშავებულების შესახებ ცნობები ან წარმოების შეფერხება არ დაფიქსირებულა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის დასავლეთში ნავთობის გაჟონვას  მოჰყვა, -  ნათქვამია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის განცხადებაში. „გაჟონვის შედეგად დაზიანებები არ მომხდარა და წარმოება არ დაზარალებულა“, - ციტირებს AFP კომპანიის სპიკერს კუსაი ალ-ამერს, რომელიც აღნიშნავს, რომ ტოქსიკური ორთქლი არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ნავთობის გაჟონვა საცხოვრებელ უბნებში არ მომხდარა. „ჩვენი გუნდი ადგიულზეა გაჟონვის წყაროს დასადგენად და ინციდენტის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ალ-ამერმა. მან ნავთობის გაჟონვის ზუსტი მდებარეობა არ დააკონკრეტა. ქუვეითი ნავთობის მთავარი მწარმოებელი ქვეყანაა, სადაც მთავრობის შემოსავლების თითქმის 90 პროცენტი ნავთობზე მოდის. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მთავარი წევრი დღე-ღამეში დაახლოებით 2,7 მილიონ ბარელს აწარმოებს.  

უკრაინის სასამართლომ რუს ოლიგარქებს სავაჭრო ცენტრ Ocean Plaza-ში წილები ჩამოართვა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი და კიევის სავაჭრო ცენტრ Ocean Plaza-ში რამდენიმე რუს ოლიგარქს წილები ჩამოართვა. ოლიგარქებს შორის არიან არკადი როტენბერგი, მისი ვაჟი იგორ როტენბერგი, ალექსანდრე პონომარენკო და ალექსანდრე სკორობოგატკო. მათი აქციები სახელმწიფოს გადაეცემა.  კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ Ocean Plaza-ს შენობა მაისში დააყადაღა. როტენბერგი ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრეა. ის 2014 წლიდან, აშშ-ის, 2020 წლიდან, დიდი ბრიტანეთის, ხოლო 2011 წლიდან, უკრაინის სანქციების ქვეშაა. სკორობოგატკო და მისი ბიზნესპარტნიორი პონომარენკო კი, ნოვოროსიისკის კომერციულ საზღვაო პორტს (რუსეთში ყველაზე დიდი პორტი) ფლობვენ. სკორობოგატკო უკრაინის სანქციების ქვეშ 2018 წლიდან იმყოფება. ამასთან, პონომარენკო 2022 წლიდან არის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის სანქციების ქვეშ. ისიც პუტინის ახლო თანამოაზრედ ითვლება. 22 თებერვალს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა რეზოლუცია რუსეთის ყველა ფინანსურ ინსტიტუტზე სანქციების დაწესების შესახებ. შემოთავაზებული ეკონომიკური სანქციების თანახმად, რუსეთში მდებარე ყველა ფინანსურ ინსტიტუტს, მათ შორის ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, გადახდის სისტემებს, საინვესტიციო ფონდებს, არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციებს და სხვებს, უკრაინაში ბიზნესის კეთება აეკრძალება.  

დავით ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს

მწერალი დავით ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს. მისი მდგომარეობა ახლა ნორმალურია. "ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - განუცხადა ტურაშვილის შვილმა რადიო თავისუფლებას. დათო ტურაშვილი 19 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულას" პირდაპირ ეთერში მაშინ გახდა ცუდად, როდესაც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრობდა. 3 დღეა, ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია, სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს იცით?! საფრანგეთის აგენტობის! ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს?! დამსმენები, ჩამშვებები და „ნასედკები“ დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს - წითელსო... ამბობდა ის 19 მარტის გადაცემაში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5763 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5763 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5800 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7564 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

მანდატის დატოვების სურვილი ვინმეს თუ ექნება, ეს თავისი გადასაწყვეტია - ვოლსკი

მანდატის დატოვების სურვილი ვინმეს თუ ექნება, ეს თავისი გადასაწყვეტია. არავისზე მიმდინარეობს პარტიული ზეწოლა, რაზეც ცალკეული პირები ლაპარაკობენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. „პირადად არ მისაუბრია, მაგრამ ამაში სკანდალურიც არაფერია, თუმცა არც თუ სასიამოვნო პროცესია. ფაქტია, ადამიანებს დამოუკიდებელ დეპუტატად საქმიანობის გაგრძელება არ სურთ. იმიტომ, რომ არ სურთ, „ქართული ოცნება“ დატოვონ და სურთ, იმუშაონ სპეციალობის მიხედვით, რაზეც განცხადებებს აკეთებენ. ამაში ორი აზრი, რაიმე დაფარული მოსაზრება არ არსებობს. როგორ შეიძლება, გუნდმა აიძულოს, მანდატი დატოვოს და პარტიიდან გარიცხონ, ასეთი რამე არ არსებობს. ასეთი მეთოდი არასდროს გამოყენებულა. საქართველოში, ჩვენში არ არსებობს ისეთი რესურსი, რომელიც გამოყენებული იქნება ადამიანის ნების დასათრგუნად, თუმცა ასეთი ორგანიზაციებიც ვიცი, სადაც მარჯვნივ ან მარცხნივ ოდნავ გადახრა პარტიულად ისჯება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ქართულ მედიაში რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებს. ამ დრომდე კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდება“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს. ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.  

პროკურატურა, გამოძალვისთვის მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ყოფილი მსჯავრდებულის, ზურაბ აბზიანიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებებს. მათი ცნობით, ზურაბ აბზიანიძე 2007 წლის 16 მაისს დააკავეს ეჭვმიტანილის სახით და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. მასვე 2007 წლის 18 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 20 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ზურაბ აბზიანიძესთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წელი პირობითი მსჯავრი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით. „იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, 2005 წლის დეკემბრის თვეში ზ. აბზიანიძემ, იცოდა რა ქ. თბილისში არმაზის ქ. N3/5-ში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,არმაზის ქ. N3/5-ის მიერ წარმოებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ, განიზრახა თაღლითური გზით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად ზ. აბზიანიძე მითითებულ მისამართზე რამდენჯერმე შეხვდა ამხანაგობის თავმჯდომარეს ზ.მ-ს და მას გაეცნო, როგორც არქმშენინსპექციის თანამშრომელი, მაშინ როდესაც ამ დროისთვის არ მუშაობდა აღნიშნულ ორგანიზაციაში. ზ.აბზიანიძემ დაარწმუნა ზ.მ, რომ მისი მხრიდან ობიექტის მშენებლობის ხარისხის შემოწმების შემთხევაში გამოვლენილი იქნებოდა სხვადასხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევები, რის გამოც ამხანაგობას შეექმნებოდა სერიოზული პრობლემები. ზ. აბზიანიძემ ზ.მ-ს შესთავაზა წინადადება, რომ იგი არ შეამოწმებდა მიმდინარე მშენებლობის ხარისხს, არ მოახდენდა გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას და მშენებლობასთან დაკავშირებით შეადგენდა დადებით დასკვნას, რის სანაცვლოდაც ზ.მ-ს უნდა გადაეხადა გარკვეული ოდენობის თანხა. ზ.მ მშენებლობის შეჩერებისა და მოსალოდნელი დაჯარიმების თავიდან აცილების მოტივით, დასთანხმდა ზ. აბზიანიძის შემოთავაზებას ფულის გადახდის თაობაზე და მას ქ. თბილისში სააკაძის მოედანთან არსებულ პროფკავშირის შენობის ერთ-ერთ ოთახში გადასცა 200 აშშ დოლარი. ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზურაბ აბზიანიძე საერთოდ არ იცნობდა ზ.მ-ს, მას არასდროს შეხვედრია და არანაირი ფულადი თანხა არ გამოურთმევია. დაზარალებულ ზ.მ-ს ჩვენებით პირი, რომელიც მას აბზიანიძის სახელითა და გვარით გაეცნო იყო სხვა პირი, განსხვავდებოდა როგორც ასაკით, ისე გარეგნული ნიშნებით და ამოცნობის ჩატარების შემთხვევაში ის აღნიშნულ ფაქტს ჩვენებაში იმჟამინდელი გამოძიების დროსაც დაადასტურებდა. შესაბამისად, ხელახალი გამოძიების შედეგად ფაქტობრივად გამორიცხა ზურაბ აბზიანიძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. 2023 წლის 15 მარტს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის და მტკიცებულებების საფუძველზე, ზურაბ აბზიანიძის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. გარდა ამისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, პროკურატურა, გამოძალვისთვის მსჯავრდებულ ნელი ნავერიანის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო. ნელი ნავერიანი 2010 წლის 7 ივლისს სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა და 2010 წლის 9 ნოემბერს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, ნელი ნავერიანმა, შ. ჯ. - მ, დ. ჯ. -მ და ტ. ჯ.-მ ტურისტული ბაზა „უშბა“-ს მმართველს დ.ქ.-ს განუცხადეს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო ტურისტული ბაზა წარსულში მათ და მათ წინაპრებს ეკუთვნოდა, თუმცა უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნიათ. მსჯავრდების საქმის მიხედვით, ტურისტული ბაზის მართვის განხორციელებისა და ბაზაზე სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად აღნიშნულმა პირებმა დ.ქ. -ს ძალადობის მუქარით მათთვის 220 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. 2010 წლის 7 ივლისს დ.ქ. სასტუმრო „მესტიაში“ შ. ჯ. - ს, დ. ჯ. -ს და ტ. ჯ.-ს შეხვდა და მოთხოვნილი თანხის ნაწილი 70 000 ლარის ოდენობით გადასცა. აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა თანხის გადაცემის დროს, ხოლო ნელი ნავერიანი მის საკუთარ სახლში დააკავეს. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანი დ.ქ.-თან შეხვედრებისას მუდმივად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით წარმოშობილი დავის, სამართლებრივი ფორმით დარეგულირებასთან დაკავშირებით და ითხოვდა საქმეში ადვოკატების ჩართვას. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანი არ ესწრებოდა შეხვედრას, რომელზეც დ.ქ.-ს მიერ სხვა მსჯავრდებული პირებისათვის თანხის გადაცემა განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელახალი გამოძიების შედეგად სრულად გამოირიცხა ნელი ნავერიანის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამოიტანა დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართავს. დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულადაა ცნობილი 466 პირი, რომელთაგან 326 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 65 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 121 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 118 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პოლონელი ექიმები ჩემი ბოლო შანსია - მიხეილ სააკაშვილი

"თუ გადავრჩები, ეს პოლონეთის დამსახურება იქნება, პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. "ამ ჰოსპიტალში მკურნალობასთან დაკავშირებით ძირითად გადაწყვეტილებებს უსაფრთხოების სამსახურები იღებენ. ხსნიან და ნიშნავენ სამედიცინო პერსონალს. ცდილობენ, ჩაერიონ სამედიცინო ისტორიაში. ძალიან ახლოს ვარ მრავლობითი ორგანოს უკმარისობასთან. ძალიან სუსტად ვარ და დიდ ტკივილს განვიცდი", - აცხადებს სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.