ძებნის რეზულტატი:

აშშ-მ ისრაელის ელჩი დაიბარა

დასახლებების შესახებ ისრაელის მიერ მიღებული კანონმდებლობის გამო, აშშ შეშფოთებას გამოთქვამს. ამის გამო ისრაელის ელჩი აშშ-ში, სახელმწიფო დეპარტამენტში გამოიძახეს. სპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის თქმით, ჰერცოგი სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს შეხვდა. „მდივნის მოადგილემ გამოხატა აშშ-ის შეშფოთება ისრაელის ქნესეთის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც გააუქმებს 2005 წლის კანონის მნიშვნელოვან ასპექტებს, მათ შორის ჩრდილოეთ დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების შექმნის აკრძალვის შესახებ“, - განაცხადა პატელმა.  ოფიციალურმა პირებმა ასევე ხაზი გაუსვეს დაძაბულობის განმუხტვის მნიშვნელობა.  სამშაბათს, ქნესეთმა (ისრაელის პარლამენტმა) მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელელ დევნილებს დასავლეთ სანაპიროზე ოთხ დასახლებაში დასახლების უფლებას აძლევს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა ებრაული დასახლება უკანონოდ ითვლება.  

იტალიის პრემიერი სამხედრო ხარჯების ზრდას მხარს უჭერს: თავისუფლებას ფასი აქვს

იტალიის პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს სამხედრო ხარჯების გაზრდას და აცხადებს, რომ „თავისუფლებას ფასი აქვს". ჯორჯია მელონის შეფასებით, მოსკოვზე ზეწოლა გეოპოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე ფუნდამენტურია. სენატში სიტყვით გამოსვლისას, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ თავისუფლების დაცვა აუცილებელია. „თავისუფლებას ფასი აქვს: თუ შენ არ შეგიძლია თავის დაცვა, ამას სხვები გააკეთებენ, მაგრამ ისინი ამას ფასის დაწესებით გააკეთებენ“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ. მელონიმ ასევე მიუთითა რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნების აუცილებლობაზე და მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს მხარი დაუჭირა. „მოსკოვზე ზეწოლა გეოპოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე ფუნდამენტურია, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და შეიქმნას პირობები მოლაპარაკებების გზაზე სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.  

საბერძნეთის პრემიერი: არჩევნები მაისში გაიმართება და არა ივლისში, რადგან დიდი ალბათობით, მეორე ტური გახდება საჭირო

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, საყოველთაო არჩევნები მაისში გაიმართება და არა ივლისში, რადგან დიდი ალბათობით, მეორე ტური გახდება საჭირო. მიცოტაკისი ეჭქვეშ აყენებს კვლევის სანდოობას, რომლის მიხედვით, მისი პარტიის  („ახალი დემოკრატია“) უპირატესობა მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან, მცირდება. ცენტრალურ საბერძნეთში, 28 თებერვალს სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც 60 -მდე ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ ასეთი ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო. „წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, 2023 წლის საბერძნეთში ორი მატარებელი იყოს ერთსა და იმავე ხაზზე, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიდის და ეს ვერავინ შეამჩნია...მე მჯერა, რომ ყველა მოქალაქემ გააცნობიერა, რომ ეს უბედური შემთხვევაა. ახლა ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავუმკლავდეთ პრობლემებს“, - განაცხადა მიცოტაკისმა. შემთხვევა ქალაქ ლარისის მახლობლად, ქალაქ ტემპში მოხდა. დაღუპულთა შორის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.  

ირაკლი ღარიბაშვილმა და დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარეს კენეტ უოლაკს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და დემოკრატიის ეროვნულ ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მიაღწიოს შემდგომ პროგრესს იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზი გაესვა არაერთ სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელთა შედეგებიც აისახა საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში. შეხვედრას ესწრებოდნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პროგრამის უფროსი მენეჯერი იან მაკგინიტი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთმა ბახმუტში იმპულსი დაკარგოს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 მარტის დაზვერვის განახლებულ ცნობებში განაცხადა, რომ არსებობს „რეალისტური შესაძლებლობა“, რომ რუსმა სამხედროებმა იმპულსი დაკარგონ ბახმუტში. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დანაყოფები სხვა სექტორებში გადაიყვანა. უკრაინულმა ძალებმა ბახმუტის დასავლეთით კონტრშეტევა  დაიწყეს, რაც სავარაუდოდ, შეამსუბუქებს პრობლემებს მათთვის იარაღის მიწოდების მარშრუტზე. დაზვერვის ცნობითვე, ბახმუტის ცენტრის ირგვლივ ბრძოლები გრძელდება და შედარებით რთული ვითარებაა ჩრდილოეთით და სამხრეთით. „ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა წამოიწყეს კონტრშეტევა დონეცკის ოლქის (პროვინციის) ქალაქ ბახმუტის დასავლეთით, რაც, სავარაუდოდ, შეამცირებს ზეწოლას საფრთხის ქვეშ მყოფ H-32-ზე (მიწოდების მარშრუტი). ბრძოლა ქალაქის ცენტრის გარშემო გრძელდება და უკრაინის თავდაცვა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსვლის რისკის ქვეშაა. თუმცა, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსულმა თავდასხმამ დაკარგოს შეზღუდული იმპულსი, რომელიც ნაწილობრივ იმის გამო მიპოვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნაწილი სხვა სექტორებში გადანაწილდა“. დონეცკის ოლქში ბახმუტის ბრძოლა ბოლო რვა თვეა, მძვინვარებს და ორივე მხარემ მძიმე დანაკარგები განიცადა. თუმცა, უკრაინული ძალები აგრძელებენ ქალაქის დაცვას. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა სამხრეთით და ავდიივკის მახლობლად გრძელდება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა 20 მარტს განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას მიაღწიეს „გარკვეულ ადგილებში" და „ანადგურებენ რუსეთის ყველაზე პროფესიონალურ დანაყოფებს", კერძოდ, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ “ვაგნერის“ ჯგუფს. დონეცკის ოლქის გუბერნატორის პავლო კირილენკოს თქმით, 15 მარტის მდგომარეობით, ბახმუტში 3000-ზე ნაკლები ადგილობრივი მცხოვრები დარჩა. ოდესღაც აყვავებულ ინდუსტრიულ ქალაქში 70 000 ადამიანი ცხოვრობდა. ბახმუტს ომის შედეგისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს.  

მამუკა მდინარაძე დეპუტატების დაპირისპირებაზე: რომ გითხრათ, სპორტზე კამათობდნენ და შეჰყვნენ ერთმანეთს, მოგატყუებთ, უსიამოვნო ინციდენტი იყო

რომ გითხრათ სპორტზე კამათობდნენ და შეჰყვნენ ერთმანეთს, მოგატყუებთ, უსიამოვნო ინციდენტი იყო , - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპონენტებს შეურაცხყოფის მიყენება გაუადვილდათ, რაც ქართველი ადამიანისთვის მძიმე ასატან-მოსათმენია. „რომ გითხრათ ახლა სპორტზე კამათობდნენ, შეჰყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს, მოგატყუებთ. უსიამოვნო ინციდენტი იყო, არ არის კარგი ამბავი. გაუადვილდათ ჩვენს ოპონენტებს რაღაცების ლაპარაკი. ისე მიაყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას [სხვას], რაც, განსაკუთრებით, ქართველი ადამიანისთვის, ქართველი კაცისთვის, არის ძალიან მძიმე ასატანი, მოსათმენი. შეიძლება მითხრათ, რომ არსებობს თმენის ვალდებულება, რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება, ერთმანეთის გამონათქვამების მიმართ, მაგრამ ეს თმენის ვალდებულება ცალმხრივი ხომ არ არის?! ისეთ სიბინძურეს კადრულობენ - ხოლმე, რაც შეიძლება, ჩვეულებრივ შემთხვევაში, აბსოლუტურად სხვა შედეგებით დასრულდეს. შეუძლებელია იმის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები რიგ შემთხვევებში კადრულობენ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ასეთი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა მდინარაძემ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატები და „ხალხის ძალის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  

ტოივო კლაარის თქმით, ოკუპირებული სოხუმი და თბილისი ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის მზად არ არიან

„ამჟამად არც ოკუპირებული სოხუმი და არც თბილისი მზად არ არიან ან არ არიან ოფიციალური მოლაპარაკების წარმართვის მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი ოკუპირებული აფხაზეთის გამოცემასთან ინტერვიუში საუბრობს. „ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის უფრო არაფორმალურ, მაგრამ პირდაპირ კონტაქტებს იმ იმედით, რომ ეს მისაღები იქნება. ჩვენ გვსურს, რომ დასხდნენ მაგიდასთან და ერთმანეთს სასაუბრო თემები შესთავაზონ. ამისთვის სოხუმიც და თბილისიც მზად უნდა იყვნენ არამხოლოდ საკუთარი პრიორიტეტების შეთავაზებისთვის, არამედ, მეორე მხარის პრიორიტეტების განხილვისთვისაც“, - განაცხადა ტოივო კლაარმა. ამავე ინტერვიუში მან დეზინფორმაცია უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ მოუწოდებენ. „შემიძლია, ცალსახად დავადასტურო, რომ ევროკავშირიდან საქართველოს ომისკენ არავინ უბიძგებს. აშშ-ის ელჩმა თბილისში არაერთხელ დაუდასტურა, რომ ასეთი ზეწოლა არც აშშ-ის მხრიდან არის. ეს არის დეზინფორმაცია“. შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს შეიერაღება, აფხაზეთში (სტილი დაცულია) იწვევს შეშფოთებას“, ტოივო კლაარი პასუხობს: ვერ ვხედავთ აგრესიულ განზრახვას საქართველოს მხრიდან. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: გლობალურ ერთიანობას შეუძლია გლობალური სტაბილურობის აღდგენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის სრული დაცვა ნამდვილად აღადგენს გაეროს წესდების ძალას. ზელენსკის თქმით, „უკრაინული ძალების წარმატება ხმელეთზე, ცაში და ზღვაზე, ნამდვილად აახლოებს მშვიდობას". უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გლობალურ ერთიანობას შეუძლია გლობალური სტაბილურობის აღდგენა. „20-ზე მეტი ირანული მკვლელი დრონი, პლუს რაკეტები, მრავალი დაბომბვა და ეს მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსული ტერორის ერთ-ერთი ბოლო ღამეა. ყოველთვის, როდესაც ვინმე ცდილობს მოსკოვში სიტყვა „მშვიდობის“ მოსმენას, იქ სხვა ბრძანება გაცემულია ასეთი კრიმინალური დარტყმისთვის. “- განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთის ძალებმა უკრაინაზე მორიგი მასიური შეტევა ირანული დრონების გამოყენებით 22 მარტს ადრე განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 21 თვითმფრინავიდან 16 გაანადგურეს.  

კიევის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

კიევის ოლქის ქალაქ რჟიშჩევში, რუსეთის ძალების მხრიდან თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა ანდრი ნიბიტოვმა განაცხადა. 22 მარტს, რუსეთის ძალების შეტევამ ნაწილობრივ გაანადგურა ორი ხუთსართულიანი საერთო საცხოვრებლის მე-4 და მე-5 სართული და პროფესიული ლიცეუმის სამსართულიანი შენობა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 11 წლის ბავშვი. რუსეთის ძალებმა უკრაინაზე მორიგი მასიური შეტევა ირანული დრონების გამოყენებით 22 მარტს ადრე განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების 21 დრონიდან 16 გაანადგურეს.  

ზურაბიშვილმა სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქმიანობაში მხარდაჭერა გამოუცხადა - ომბუდსმენის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პრეზიდენტმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებსა და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოუცხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.  

სახალხო დამცველი და აშშ-ის საელჩო მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავენ

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის რანგში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს პირველად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი სპრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ელჩმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა და ასევე, დიდი პატივისცემა გამოხატა ინსტიტუციისადმი და ადამიანის უფლებათა დაცვის რთულ საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს სურვილი და მზადყოფნა, გააგრძელონ სახალხო დამცველსა და აშშ-ის საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიცია.  

ლიფტში გარდაცვლილი კაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში კაცის ცხედარი იპოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით აღიძრა, რაც სწორედ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

აშშ-ის საელჩო: სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის რანგში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს დღეს პირველად შეხვდა. ამ შეხვედრისადმი მიძღვნილ ცნობებში, ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია. „მისი დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩო.   

ირაკლი ღარიბაშვილს და საპატრიარქოს, იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პირველადი ესკიზი წარედგინათ

მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის პირველადი არქიტექტურული ესკიზი და საპრეზენტაციო მასალები პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის წევრებს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს წარედგინათ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  "წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე მომზადებულ მასალებს კომისიის წევრები იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის ფარგლებში გაეცნენ. დღესვე კომისიის წევრებმა განიხილეს ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები.  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად ხელმძღვანელობს. მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის მეორე სხდომას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) ესწრებოდნენ. საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად 2022 წლის გაზაფხულზე მიიღო მონაწილეობა", - აცხადებს მთავრობა.  

ანალენა ბერბოკი საქართველოს ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 23-24 მარტს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან. გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. „პროგრამაშია ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ „ადმინისტრაციულ ხაზთან“ გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი. ამ მისიაში ყველაზე მეტი თანამშრომელი გერმანიას ჰყავს წარგზავნილი. შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება ორ ქვეყანას შორის და კარგი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.  

ზაპოროჟიეში, ცხრასართულიან კორპუსზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ქალაქ ზაპოროჟიეში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით, სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 19-ის საშუალო სიმძიმის, ხოლო სამის, მათ შორის ორი ბავშვის - მსუბუქი. 22 მარტს, რუსეთის ძალების შეტევამ ნაწილობრივ გაანადგურა ორი ხუთსართულიანი საერთო საცხოვრებლის მე-4 და მე-5 სართული და პროფესიული ლიცეუმის სამსართულიანი შენობა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 11 წლის ბავშვი. რუსეთის ძალებმა უკრაინაზე მორიგი მასიური შეტევა ირანული დრონების გამოყენებით 22 მარტს ადრე განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების 21 დრონიდან 16 გაანადგურეს.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5754 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5754 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5754 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5762 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7778 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7717 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ნიდერლანდების ელჩი: ცოტათი შეშფოთებული ვარ იმ ენით, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება

შეშფოთებული ვარ იმ ენით, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, მონიტორინგს ვაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მააიკე ვან კოლდამმა ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „ძალიან შეწუხებულები ვიყავით ამ კანონპროექტით, ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამაზე ისაუბრეს. ვფიქრობთ, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერ დემოკრატიაში. როგორც ნიდერლანდები, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას, ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს. ასე რომ, კანონპროექტი გაწვეულ იქნა და მუშაობას ვაგრძელებთ - ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მათ შორის LBTQI არასამთავრობო ორგანიზაციების, ვინაიდან ეს კიდევ ერთი მაღალი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა უნდა იყოს დაცული. ცოტათი შეშფოთებული ვარ იმ ენით, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, მის განვითარებას ვაკვირდებით, მონიტორინგს ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და დამოუკიდებელი მედიისთვის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვას”, - განაცხადა ვან კოლდამმა, რომლის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.  

დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ, პარტიაში განხილვები არ ყოფილა. რაც შეეხება მის პოზიციას ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, სონღულაშვილი აცხადებს, რომ პოზიცია არ შეუცვლია. ჟურნალისტის კითხვას, რატომ წაშალა Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ამბობდა, რომ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასე პაუხობს: „რა მნიშვნელობა აქვს?! არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი პოზიცია ძალიან გარკვევით მქონდა ჩამოყალიბებული. მთავარია, ჩემი პოზიცია გამოხატული იყო“. შეგახსენებთ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა 10 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. ეს პოსტი მოგვიანებით, მისი გვერდიდან წაიშალა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. მხარდამჭერთა შორის იყო დავით სონღულაშვილი. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.  

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ. მათ საკუთარი მოსაზრებები საბერძნეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთის ელჩებს გააცნეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ნიკა გვარამიას პატიმრობას, გენდერული თანასწორობის საბჭოს როლს პარლამენტში და ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილ რეკომენდაციას, რომელიც, მისი თქმით, ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას და კორპორატივიზმის სერიოზულ გავლენას სასამართლოში. „ჩვენი ევროპული გზა – პირველ რიგში, ეს იყო მთავარი განსახილველი თემა და 12 სასიცოცხლო რეკომენდაციის შესრულება, რომელზეც პოლიტიკური ნების გამოხატვაც კი არ აქვს განზრახული „ქართულ ოცნებას“. ელჩებს ვუთხარით, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებისა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და ეს დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფომ და დაამტკიცეს საქართველოს მოქალაქეებმა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ანა ბუჩუკური და ქეთევან თურაზაშვილი.