ძებნის რეზულტატი:

ელჩი დეგნანი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გადამოწმებულ ინფორმაციას მოიცას, იმედია, ეს ასე იქნება აღქმული

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები კარგი რესურსია დემოკრატიის უკეთ განვითარების ხელშესაწყობად და ადამიანის უფლებათა უკეთ დაცვისათვის. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს პრემიერის შეფასებაზე, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნას ეყრდნობა“. რა წერია ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა „აშშ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანგარიშებს ათწლეულების განმავლობაში ამზადებს. ისინი საკითხებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან ინდივიდუალურ პირებს. მათი მასალა სანდო წყაროების სპექტრიდან მოიპოვება, ჩვენ მათ ორმაგად ვამოწმებთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ანგარიშში აღნიშნული ინფორმაცია სანდო და სარწმუნოა. ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია და ხალხს მოვუწოდებდი, რომ წინა ანგარიშები წაიკითხონ, ვინაიდან, ისინი იმ სფეროების ქრონიკაა, სადაც პროგრესი იყო საჭირო, მაგრამ ასევე ხშირად აღნიშნავენ სფეროებს, რომელშიც რეალურად პროგრესი მიიღწა. ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშებით ჩვენი საბოლოო მიზანი არის ქართველების ძალისხმევის უკეთ ინფორმირება, თავიანთი დემოკრატიის გასაძლიერებლად და ყველა მოქალაქის, ადამიანის უფლებების დასაცავად. და იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში აღქმული იქნება, როგორც მნიშვნელოვანი საშუალება ამ მიზნისთვის”, - განაცხადა კელი დეგნანმა. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნას ეყრდნობა  

სლოვაკეთმა უკრაინას მიგ-29 ტიპის გამანადგურებლები გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი გადასცა. ამის შესახებ ნათქვამია სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გადაფრენა უკრაინელი პილოტების მიერ განხორციელდა, სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალებთან და სხვა უწყებებთან შეთანხმებით, რომლებმაც გადაფრენის უსაფრთხოება და საჭირო დოკუმენტაცია უზრუნველყვეს”, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა. უწყების ცნობით, ტრანსპორტირება უზრუნველყვეს უკრაინელმა მფრინავებმა სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და უკრაინელი პერსონალის დახმარებით. ცნობისთვის, სლოვაკეთი უკრაინისთვის ჯამში 13 მიგ-29 ავიაგამანადგურებლის გადაცემას აპირებს.  

კელი დეგნანი: პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვეების განმავლობაში ვნახეთ

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვების განმავლობაში ვნახეთ. დეგნმანმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის წლევანდელ სამიტში საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს და არა მთავრობის, ან პარლამენტის წარმომადგენელი. „პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვეების განმავლობაში ვნახეთ. გასული წლის სამიტს დაესწრო. ყველა ქვეყანამ გარკვეული ვალდებულებები აიღო და წლევანდელი სამიტი ამ ვალდებულებების შესრულებას შეეხება. საქართველოს შემთხვევაში, ეს მთლიანად მთავრობის ვალდებულებები იყო, ასე რომ, დემოკრატიის გაუმჯობესების და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში დღის წესრიგის შესრულებაში, რომელიც საქართველომ თავად დაისახა საკუთარი თავისთვის, მთავრობის მონაწილეობაც არის. როგორც ვიცი,, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც გააკეთებს ვიდეომიმართვას სამიტის მეორე დღეს, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება. ასე რომ, ვფიქრობ ეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ერთგულებას ასახავს, რომელიც ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარმოდგენის მხრივ, ისევე როგორც მთავრობა, დემოკრატიის გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის მხრივ”, - განაცხადა კელი დეგნანმა ახალციხეში სტუმრობისას.  

უკრაინაში ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნება

უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან უკრაინაში ICC წარმომადგენლობის გახსნაზე შეთანხმდა. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა და ICC-ის რეგისტრატორმა პიტერ ლუისმა შესაბამის დოკუმენტს ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შენობაში მოაწერეს ხელი. „ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ მყარი დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულის ყველა პასუხისმგებელი არ დადგება პასუხისმგებლობის წინაშე“, - განაცხადა კოსტინმა.  

რუსმა ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს - უკრაინის გენშტაბი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა-კახოვკა დატოვეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 22 მარტის მდგომარეობით „ოკუპანტების არმიის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა - კახოვკის დასახლებულ პუნქტში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა”. გენერალური შტაბის განცხადებით, ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამპყრობლებმა პრო-უკრაინული პოზიციების მქონე მოქალაქეების ძებნა დაიწყეს, რისთვისაც დონბასში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეების, სამხედრო პენსიონერების და უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილების მქონე პირების სიებს იყენებენ. განცხადების თანახმად, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მოწინააღმდეგე ახლა თავდაცვით ქმედებებს აწარმოებს. გასული წლის ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდგე ამჟამად ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით თავდაცვით მოქმედებებს ახორციელებს.  

ორბანის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, უნგრეთი ვლადიმერ პუტინს არ დააკავებს

უნგრეთი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ დააპატიმრებს, თუ ის ხსენებულ ქვეყანაში შევა. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა, გერგელი გულიაშმა განაცხადა, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ უნგრეთს ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვს რომის სტატუტი, რომლის საფუძველზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეიქმნა. კითხვას დააკავებენ თუ არა პუტინს, თუკი ის უნგრეთში ჩავა, ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა უპასუხა, რომ რომის სტატუტი არ არის ინტეგრირებული უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში. „ჩვენ შეგვიძლია, დავეყრდნოთ უნგრეთის კანონმდებლობას და ამის საფუძველზე ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის პრეზიდენტის დაკავება“, – განაცხადა გულიაშმა და აქვე განმარტა, რომ უნგრეთის მთავრობას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით. „ეს გადაწყვეტილებები ყველაზე ხელსაყრელი არ არის, რადგან მათ უფრო მეტ ესკალაციამდე მივყავართ და არა მშვიდობისკენ, ეს არის ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრება“, - განაცხადა ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა.  

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სხვა პარტიაში გადასვლას არ გეგმავს, პოლიტიკაში რჩება და საქმიანობას პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. მიიღო თუ არა მან საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ხატია დეკანოიძემ უპასუხა: „ამაზე ნაფიქრი მაქვს... ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე უნდა დასრულდეს ეტაპი ჩემი და პარტიის ურთიერთობის და რაღაც ეს შეუთანხმებლობები, რომლებიც მაქვს... ბოიკოტიც ერთ-ერთი იყო... რაღაცნაირად, ეს მომენტი უნდა დადგეს ძალიან მალე. ვერ გეტყვით დროს და მომენტს. პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას ნამდვილად. ასეთი გადაწყვეტილება, როცა ოფიციალურად დადგება, არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება, გავაკეთო მიხეილ სააკაშვილისთვის ან ნიკა გვარამიასთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ინფორმაციისთვის, ხატია დეკანოიძე პარლამენტის ბოიკოტს არ ემხრობა. შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვა.  

უკრაინის გენშტაბი განმარტავს მისივე განცხადებას იმის შესახებ, რომ ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს

უკრაინის გენშტაბი განმარტავს მისივე განცხადებას იმის შესახებ, რომ ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს. მისი მიხედვით, განცხადებით, „ოკუპანტები დროებით ჯერ კიდევ იმყოფებიან ნოვა კახოვკაში.  „ინფორმაცია ამ დასახლებული პუნქტიდან მტრის სავარაუდო გასვლის შესახებ არსებული მონაცემების არასწორი გამოყენების შედეგად გავრცელდა“, - იუწყება გენშტაბი.  

შვედეთმა უკრაინისთვის $600 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

შვედეთმა უკრაინისთვის 600 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ქვეყნის მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი პაკეტი მოიცავს Leopard 2-ის ტიპის ტანკებს, Archer-ის ტიპის თვითმავალ საარტილერიო სისტემებს, (Robotsystem 97) სარაკეტო სისტემებს და ასევე საბრძოლო მასალას. Archer არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საარტილერიო სისტემა, რომელსაც ჭურვების სროლა 50 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.

ანალენა ბერბოკი საქართველოშია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა, - იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ანალენა ბერბოკის ვიზიტის პროგრამა სტუდენტებთან შეხვედრასაც ითვალისწინებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა.

თბილისში, საშუალო ასაკის კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე გამთენიისას კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს.  გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 60 წლამდე პირია. როგორც ცნობილია, ეჭვიტანილი დააკავებულია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გერმანიისა და საქართველოს პირველი დიპლომატების გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. ანალენა ბერბოკი საქართველოშია ოფიციალური ვიზიტისას გათვალისწინებული შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებით დაიწყო. ის დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. დაგეგმილია სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისშიც. ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.  

"საქაერონავიგაციაში" ადასტურებენ, რომ ანალენა ბერბოკის თვითმფრინავის დაშვებისას პრობლემა იყო

"საქაერონავიგაციაში" ადასტურებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავის დაშვებისას გარკვეული სახის პრობლემა შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. ანალენა ბერბოკი საქართველოშია რა გახდა პრობლემის მიზეზი, ამის შესახებ, მოკვლევის დასრულებამდე ზუსტი ინფორმაცია უცნობია. გერმანული გამოცემის, Spiegel-ის ინფორმაციით, სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა, თბილისის აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაეშვა, რადგან მანამდე ასაფრენი ზოლი სხვა თვითმფრინავის მიერ იყო დაბლოკილი. ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.  

სამინისტრო განიხილავს კლინიკიდან სააკაშვილის გადაყვანის მიზანშეწონილობის საკითხს - ბრეგაძე

კლინიკა „ვივამედის" მიმართვის შემდეგ სამინისტრო განიხილავს კლინიკიდან სააკაშვილის გადაყვანის მიზანშეწონილობის საკითხს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. „ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ის მკურნალობას არ ემორჩილებოდა და „ვივამედის“ ეს განცხადებაც იყო კიდევ ერთი განმეორება მთელი ამ ისტორიისა, რომ სააკაშვილი მკურნალობას არ ემორჩილება, მას მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობენ და ამ მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. ჩვენ გვთხოვეს, რომ მიზანშეწონილობის საკითხი განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ. მთელი ეს მცდელობები, რომელსაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა აწარმოებს, არის მართული გეგმა იმისთვის, რომ ხელოვნურად დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, იმავდროულად, რომ შენარჩუნებული იყოს ძირითადი სასიცოცხლო პარამეტრები, არის „კარგად დაგეგმილი“ და მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც სააკაშვილის საზღვარზე შემოპარვიდან დღევანდელ დღემდე მიზნად ისახავს სახელმწიფოს დისკრედიტაციას და იმის ჩვენებას, თითქოს და მას ვინმე აწამებს. თუმცა ამის შესახებ დღემდე ვერავითარი მტკიცებულება ვერ მოიტანეს“, - თქვა რატი ბრეგაძემ "იმედთან". შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

გერმანიის საელჩომ ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილი გაავრცელა

ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფრომაციაშია აღნიშნული. ანალენა ბერბოკი საქართველოშია „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გუშინ საღამოს თბილისში ჩამოფრინდა. დღეს მინისტრს დატვირთული პროგრამის ფარგლებში ელოდება შეხვედრები მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მინისტრი ისაუბრებს სტუდენტებთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ. ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია: გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში. ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.  

ბილიკი იყო თავისუფალი, მეორე წრეზე წასვლა კი იყო პილოტის გადაწყვეტილება - „საქაერონავიგაცია“

დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი და პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება, - „საქაერონავიგაცია“ ადასტურებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა. "საქაერონავიგაციაში" ადასტურებენ, რომ ანალენა ბერბოკის თვითმფრინავის დაშვებისას პრობლემა იყო „გუშინ, 23 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა. „საქაერონავიგაცია“ კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით, მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული - ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება“,- ნათქვამია განცხადებაში. ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.  

საქართველო არის ევროკავშირი - ანალენა ბერბოკი

საქართველო არის ევროკავშირი, ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თბილისში ვიზიტისას, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს წინსვლა 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ. ბერბოკი ამბობს, რომ ეს გზა, რომელიც საკმაოდ რთულია, ვერ შემოკლდება. მისი თქმით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპორექტის შემდეგ, ახლა მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა, რეფორმების განხორციელება.  „დიდი მადლობა ამ მეგობრული მიღებისთვის თბილისში. გერმანიაში უდიდესი ინტერესია საქართველოს, ადამიანების, ისტორიის, საოცარი ბუნების და სამზარეულოს მიმართ. ინტერესი ვლინდება საქართველოში ჩამოსვლის მსურველი გერმანელი ტურისტების რაოდენობის ზრდაში - იმ ადამიანების რაოდენობა იზრდება, ვისაც საქართველოში ტურისტად ჩამოსვლა უნდა. ადამიანებისთვის, ხინკალი და ხაჭაპური აღარ არის უცხო სიტყვა, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოთქმა არ არის მარტივი, მათ შორის, ჩემთვისაც. ეს არის ანეკდოტი გერმანული პრესისთვის. გუშინ ვნახე არაჩვეულებრივი ქალაქი თბილისი, არაჩვეულებრივი არქიტექტურით, სადაც გერმანული არქიტექტურა შინაურია. ეს უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობას. ინტერესი საქართველოს მიმართ იმგვარად ვლინდება, რომ ჩვენ, გერმანიაში, გასული კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რაც ხდებოდა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ევროპული დროშები ფრიალებდა. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებიც ევროპულ დროშას აფრიალებდნენ. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის არამხოლოდ შანსი, არამედ ევროპული ღირებულებების რწმენა. ასევე, არის სტიმული. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით შეიძლება, იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი. ამაში დაგვარწმუნა არა გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წელმა. ადამიანების, საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია. ამიტომ, საქართველოში ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით. ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, გვინდა, ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება, გქონდეთ. გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პარლამენტმა ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა

ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ნინო იობაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გიორგი ამილახვარს უფლებამოსილების ვადა შეუწყდა. როგორც ცნობილია, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლები იქნებიან და ეს თანამდებობა შეუთავსებელი იქნება სადეპუტატო უფლებამოსილებასთან. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება. შეგახსენებთ, ქართულ მედიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებდა. კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდებოდა“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს. ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ასევე წაიკითხეთ: დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია

ანალენა ბერბოკი: „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა, რეფორმების განხორციელება

„უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა, რეფორმების განხორციელება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თბილისში ვიზიტისას, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს წინსვლა 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ. ბერბოკის თქმით, დემოკრატიის დანერგვის განუყოფელი ნაწილია მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მათ შორის, საზოგადოებაში. „ყოველთვის მარტივი არ არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გავლა. ჩვენ გასული წლების და ათწლეულების განმავლობაში ცალკეულ ქვეყნებში ვნახეთ, რომ აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა. რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა. ეს გზა ვერ შემოკლდება. განსაკუთრებით, ღირებულებების მხრივ. ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანი ამოცანა. ერთობლივი მუშაობა აუცილებელია. გაწევრიანების პროცესში აუცილებელია კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტების შესრულება. დემოკრატიის დანერგვის განუყოფელი ნაწილია მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მათ შორის, საზოგადოებაში. ამიტომ, „აგენტების შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა, პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა საქართველომ ევროკავშირში შესვლა შეძლოს. საქართველოს მხოლოდ მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და პირიქით. ჩვენ გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში, ამის გაძლიერებაში. ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა. ევროკავშირი განსხვავებული წევრებით ხასიათდება, ეს არ არის სისუსტე, არამედ, სიძლიერეა. ევროკავშირის არაოფიციალური დევიზია - ერთობა, სიმრავლეში. სამომავლოდ, გვინდა ამის საქართველოსთან ერთად განხორციელება. ამიტომ, აუცილებელია დრო აღარ დაიკარგოს. ეს მომენტია ისტორიაში, როდესაც უკან არ უნდა დავიხიოთ“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს: არამარტო საპროტესტო აქციებზე, ევროკავშირის დროშა ჩვენს გულებშიც ფრიალებს

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების პრესკონფერენცია, რასაც წინ უძღოდა შეხვედრა როგორც გაფართოებულ, ისე პირისპირ ფორმატში. ანალენა ბერბოკი და ილია დარჩიაშვილი ახლა ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობენ. გერმანიამ საქართველოს ევროპულ გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა. მინისტრმა გაიხსენა თბილისში რამდენიმე კვირის წინ გამართული აქციები და ხაზი გაუსვა, თუ როგორ ფრიალდებდა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები. ბერბოკის შეფასებით, საქართველო არის ევროკავშირი: „ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“. თავის მხრივ, მინისტრმა დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „არამარტო საპროტესტო აქციებზე, ევროკავშირის დროშა ჩვენს გულებშიც ფრიალებს“.  „ქალბატონო მინისტრო, დიდი მადლობა მხარდამჭერი გზავნილებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის დროშა არამხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გაქვს თქვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ამ მიმართულებით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. თქვენი ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.