ძებნის რეზულტატი:
10 ქართველი მოსამართლე აშშ-ში USAID-ის პროგრამით იმყოფებოდა
USAID-თან პარტნიორობით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ გამოცდილების გაზიარებას. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. მისივე თანახმად, სასწავლო ვიზიტისთვის მოსამართლეების შერჩევა საკმაოდ კონკურენტული იყო. ღია კონკურსში მონაწილეობა 60-მა კანდიდატმა მიიღო. „მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს. ასევე ესტუმრნენ სიტყვის თავისუფლების ინსტიტუტს და ჟურნალისტთა კომიტეტს პრესის თავისუფლებისთვის, რათა მიეღოთ ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და იმ გამოწვევების შესახებ, რასაც ჟურნალისტები აწყდებიან. მედიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვის მიზნით მოსამართლეები ასევე შეხვდნენ „New York Times"-ის წარმომადგენლებს. მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ დავის განხილვას აშშ-ის ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში და მიეღოთ ღირებული ინფორმაცია სააპელაციო პროცესების შესახებ. სასწავლო ვიზიტისთვის მოსამართლეების შერჩევა საკმაოდ კონკურენტული იყო. ღია კონკურსში მონაწილეობა სამოცმა კანდიდატმა მიიღო. შერჩეული მოსამართლეები საქართველოს შვიდ სხვადასხვა სასამართლოს წარმოადგენენ“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიის საყრდენს ყველგან. ის ხელს უწყობს ინოვაციას, განათლებას, საზოგადოების ინფორმირებულობას და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვაში. „გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ხშირად, სწორედ სასამართლოს საშუალებით ხორციელდება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს, მიიღონ დასაბუთებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და გარე გავლენისგან“, - აცხადებს დიპლომატიური წარმომადგენლობა. საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს, მიიღონ დასაბუთებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და გარე გავლენისგან. „აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში. ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 16 პირი, ერთი კი მხილებულია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჩ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ხუთი ვაზნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ორი პირი – 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ნ. და 1986 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს. პოლიციამ, გ.ნ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 76 ვაზნა, „ტროტილი“ და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ა.რ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ხუთი ვაზნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1979 წელს დაბადებული ა.მ. და 1985 წელს დაბადებული გ.კ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ა.მ.-ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და შვიდი ვაზნა, ხოლო გ.კ.-ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გადაჭრილი სანადირო თოფი და ორი ვაზნა. ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ოთხი ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ქ. და 1972 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ჰ.ტ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, გ.ქ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი რევოლვერი, ხუთი ვაზნა და დანა. ჰ.ტ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად კი პოლიციამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ორი ვაზნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1943 წელს დაბადებულ რ.ჯ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი. რაც შეეხება 1965 წელს დაბადებულ მ.რ.-ს, მის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა- ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 63 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.ამავე დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 1630 საბრძოლო ვაზნა, „ეფ 1“-ის ტიპის ხუთი ხელყუმბარის კორპუსები სასკდომი მუხტით და ოთხი ამფეთქი ფალია. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ძ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო რევოლვერი, ხუთი ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება. 1986 წელს დაბადებული ო.კ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 47 ცალი ვაზნა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს. დაკავებულის – 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და ხუთი ვაზნა, ხოლო მხილებული პირის – 1959 წელს დაბადებული მ.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის და ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.ბ. დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი, ოთხი ვაზნა და კარაბინი. დანაშაულები შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მარტში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 36 ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყების თანამშრომლებმა, 2023 წლის მარტში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 36 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 39 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 18 პირი დააკავეს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 36 180 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 177 000 ლარს აღემატება. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით“, -აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
გაერთიანებულმა სამეფომ რუსი ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქცირებულთა შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნათლიის, ვიქტორ მედვედჩუკის ცოლი ოქსანა მარჩენკო, ასევე, ოლიგარქების - სულეიმან კერიმოვის, ანდრეი სკოჩისა და ვლადიმირ ევტუშენკოვის ნათესავებიც არიან. ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. კერძოდ, დასანქციორდნენ ის პირები, რომლებიც ხელს უწყობენ ოლიგარქების აქტივების დამალვას. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, სანქცირებულია უსმანოვის ფინანსური ქსელი, მათ შორის კომპანიები USM, Curzon Square და Hanley Limited. სანქცირებულნი არიან ოლიგარქების ოჯახის წევრებიც, რომლებიც მოქმედებენ სიმდიდრის დასამალად. ბრიტანული მხარის განცხადებით, გაერთინებული სამეფო ებრძვის სანქციების გვერდის ავლას და ებრძვის მათ, ვისაც ამაში პასუხისმგებლობის წვლილი მიუძღვის. შეზღუდვები დაწესდა სულეიმან კერიმოვის ქალიშვილის მიმართაც. ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ იგი მოქმედებდა „იმ პირის სახელით ან მითითებით, რომელიც მონაწილეობდა ან იყო ჩართული უკრაინაში დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.
რუსეთი ადამიანის უფლებათა გლობალური ალიანსიდან გარიცხეს - უკრაინის ომბუდსმენი
რუსეთი, ომბუდსმენის, ტატიანა მოსკალკოვას სახით, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (ENNHRI) ევროპული ქსელიდან გაირიცხა. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი (ომბუდსმენი) დმიტრო ლუბინეცი აცხადებს. „დღეს მე მივიღე მონაწილეობა კენჭისყრაში რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა კომისრის ინსტიტუტის ENNHRI-დან გარიცხვის საკითხზე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს ENNHRI-ს A სტატუსის მქონე წევრებმა. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ ასოციაციის, ერთ-ერთი წევრი გარიცხულია“, - ამბობს ლუბინეცი. ომბუდსმენის თქმით, კენჭისყრის მიზეზი ის იყო, რომ მოსკალკოვას საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა ალიანსის წესდებით განსაზღვრულ მიზნებს. ლუბინეცმა აღნიშნა, რომ რუსეთის ENNHRI-დან გაძევების მოლოდინში, მოსკალკოვა ცდილობდა, თავად გამოეცხადებინა ალიანსიდან გასვლის შესახებ. ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი (GANHRI) აერთიანებს ადამიანის უფლებათა წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან 1993 წლიდან და ამჟამად ჰყავს 120 წევრი ორგანიზაცია. ისინი პირობითად იყოფა ოთხ ქსელად: აფრიკული, ამერიკული, აზია-წყნარი ოკეანის და ევროპული.
რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, მსუბუქი ტრანსპორტისთვის კი, 13 აპრილიდან გაიხსნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება. „თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დღის მეორე ნახევარში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) მოძრაობა აღდგება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის. ვინაიდან 11 აპრილს ვერ მოხერხდა სატვირთო ავტოტრანსპორტის დადგენილი რეჟიმით გატარება, 12 აპრილს რიკოთის მონაკვეთის გავლით, მთელი დღის და ღამის განმავლობაში, იმოძრავებენ მხოლოდ სატვირთო მანქანები. მსუბუქი ავტოტრანსპორტი 12 აპრილს გადაადგილებას კვლავ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით შეძლებს. 13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის. 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით“, - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება - პაპუაშვილი
ოპოზიციამ რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი, რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მივლინების გამო პლენარული სხდომის გადადებაზე საუბრისას განაცხადა. „როგორც იცით, 2 დღის წინ, პარლამენტის 46-მა დეპუტატმა პრეზიდენტს მიმართა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავადვე აერიათ თვლაში და მიმართეს პრეზიდენტს, აღარ ჩაენიშნათ. თავად ოპოზიცია, რომ არასერიოზულად იქცევა, ამას შეჩვეული ვარ, მერამდენედ ვუთითებ, რომ რეგლამენტს გაეცნონ, ნაცვლად იმ ისტერიისა, რასაც აწყობენ, საკუთარი ცოდნის გაღრმავებისთვის დახარჯონ რამდენიმე წუთი. ოპოზიციამ საკუთარი რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავის თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი. რეალურად, სხდომა უნდა ჩატარდეს 48 საათის განმავლობაში, თუმცა, აქაც უმრავლესობამ, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ პარლამენტის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნითაც, მომმართა მე, რომ ისინი არ დაესწრებიან სხდომას, შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ კვორუმი არ იქნება. აქედან გამომდინარე, აზრს კარგავს რეგისტრაციის ჩატარება და სხდომის ჩატარება. რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება“,- აღნიშნავს პაპუაშვილი. ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს.
თურქეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობა, რეკორდულ $3 მილიარდს აღწევს, კავშირები იზრდება - ელჩი
ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა თურქეთსა და საქართველოს შორის რეკორდულ 3 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა, ეს ორი ქვეყანა აპირებს, გაზარდოს ხსენებული მაჩვენებელი და გააძლიეროს კავშირები, განაცხადა საქართველოს ელჩმა ანკარაში გიორგი ჯანჯღავამ, Daily Sabah-თან. მისივე თქმით, 2022 წელს თურქეთი იყო საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი - სტატისტიკის მიხედვით, სავაჭრო ბრუნვამ 2,81 მილიარდი დოლარი შეადგინა. „2021 წლის აპრილში ამოქმედდა დიაგონალური კუმულაციის მექანიზმი საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამმხრივ ვაჭრობას და სტიმულირებას გაუწევს ექსპორტს ახალ სექტორებში. დიაგონალური კუმულაციის მექანიზმი, ევროკავშირის ბაზარზე თურქული სამრეწველო ნედლეულით საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, 2022 წლის იანვარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქართული ბაზარი სრულად გაიხსნა მაღალი ხარისხის და GMP სტანდარტის თურქული მედიკამენტებისთვის“, - აღნიშნა ჯანჯღავამ. 2022 წლის 2,8 მილიარდი დოლარის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 30%-ით გაზრდილი სავაჭრო ბრუნვის შედეგია. „ეს არის ყველაზე მაღალი ისტორიული ინდექსი ორ ქვეყანას შორის და დაახლოებით 655 მილიონი დოლარით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს, რაც იყო 2,15 მილიარდი დოლარი“, - განაცხადა ელჩმა ჯანჯღავამ.
კირბის თქმით, არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ეგვიპტე რუსეთს იარაღს აწვდის
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეგვიპტე რუსეთს იარაღს აწვდის. მანმდე, სავარაუდოდ, გაჟონილი დოკუმენტის თანახმად, კაირო ფარულად აპირებდა მოსკოვისთვის რაკეტების მიწოდებას. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე მინიშნება იმისა, რომ ეგვიპტე რუსეთს იარაღს აწვდის“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, მიიღოს პასუხები რაც შეიძლება მალე, რათა დადგინდეს, თუ სად იყო დარღვევა. Reuters-ის მიერ მოპოვებული სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტი აშშ-ის სამხედრო და დაზვერვის საიდუმლო ფაილების ნაწილია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში სოციალურ მედია ქსელში (Discord) გამოჩნდა. მას შემდეგ პენტაგონმა გამოძიება დაიწყო, რათა დადგინდეს მათი წყარო. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ზოგიერთი გაჟონილი დოკუმენტი შეცვლილი იყო. როგორც ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის CNN და New York Times-ი იტყობინებიან, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ბევრი დოკუმენტი ნამდვილია. უკრაინამ, თავის მხრივ, უარყო გაჟონილი ფაილების ნამდვილობა და მას რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უწოდა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაუშვა ენგურის ხიდის გავლით ზოგიერთი საქონლის გადატანა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაწილობრივ გააუქმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე საქონლის გადაადგილების აკრძალვა. რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიერ 2023 წლის 31 მარტს ხელმოწერილი დოკუმენტი სოციალური ქსელებით გავრცელდა. ბჟანიას გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 2007 წელს, აფხაზეთის მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის მიერ გამოცემულ განკარგულებაში, რომლის თანახმად, სრულად აიკრძალა საქართველოსთან "საზღვარზე" ტვირთების გადაადგილება. ცვლილების თანახმად, ენგურის ხიდის გავლით, ე.წ. საზღვარზე შესაძლებელი გახდა მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნერგების, სოფლის მეურნეობის კულტურების სათესლე მასალების, ცოცხალი შინაური ფრინველის, შინაური პირუტყვის საკვების, სოფლის მეურნეობის ტექნიკის და პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარების, საავტომობილო ტრანსპორტის და მისი ნაწილების და ზეთების გადატანა. ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური „სახალხო მოძრაობის“ წარმომადგენელმა ომარ სმირმა ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებას „საქართველოსთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის“ შესახებ, უწოდა აპოგეა იმ ფონზე, როცა აფხაზეთში საუბრობენ საქართველოდან შესაძლო საფრთხის გამო სრული საბრძოლო მზადყოფნის აუცილებლობაზე და სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
სახალხო დამცველი კეზერაშვილის საქმეზე: ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი
ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია სახალხო დამცველის აპარატმა ინტერესის შემთხვევაში, ზედამხედველობა გაუწიოს დავით კეზერაშვილის საქმეს, რომელზეც ახლახან "ბიბისიმ" სტატია გამოაქვეყნა. "სახალხო დამცველის მიმართ ხშირ შემთხვევაში მოლოდინი არის განსხვავებული. ჩვენ გვაქვს კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული მანდატი, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია მონიტორინგი გავაკეთოთ სასამართლოზე საპროცესო დარღვევების მიმართულებით პროცესს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას. ეს არ არის ჩვენი საქმე. თუ მომართვა იქნება და დავინახავთ, რომ ჩვენი ფუნქცია არის ამაში, მონაწილეობას მივიღებთ, თუ არ იქნება ჩვენი მანდატის ფარგლებში, ვერ ჩავერთვებით," - განაცხადა იოსელიანმა.
რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული
„მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს“ საერთაშორისო თაღლითურმა ქსელმა ინვესტორებს მილიარდობით დოლარზე მეტი მოპარა. ამ შინაარსის საგამოძიებო სტატია სათაურით - „მილიარდიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალზე“, BBC-მ გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოცემამ დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითური სქემის უკან დგანან. BBC-ის ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად. 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც მითითებულები იყვნენ როგორ Milton-ის სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად. BBC -მ ამ ადამიანებიდან ოთხს: ჭელიძის, გოგეშვილის, მგელაძისა და ბენიმინის გვარებს „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტებშიც მიაგნო. სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას ასახავს და მასში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ ფიგურად არის მოხსენიებული. სტატიის თანახმად, კომპანიები, რომელთა დირექტორებად აღნიშნული პირები არიან დასახელებულები, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს უკავშირდება. ამასთან, კეზერაშვილი იმ ქსელის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც საქმე „მილტონის ჯგუფს" ეხებოდა. ავტორები წერენ, რომ არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს Milton-ის ქსელთან დააკავშირებდა, თუმცა „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტების მიხედვით, ის დასახელებული იყო ქსელში არსებული კომპანიების მშობელი კომპანიების დამფუძნებლად ან ერთ-ერთ საწყის აქციონერად. სტატიის თანახმად, კეზერაშვილი ხშირად ახდენს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალური ქსელის პირად ანგარიშებზე. BBC წერს, რომ შეძლო, ეპოვნა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებდა. „Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული“, - წერს BBC. BBC-ის ცნობით, დავით კეზერაშვილმა თავისი ადვოკატების მეშვეობით უკვე უარყო ნებისმიერი კავშირები Milton group-თან და ამ გზით ფინანსური მოგების ქონა, თუმცა გამოცემასთან საუბრისგან თავი შეიკავა.
შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველთან თანამშრომლობის საკითხები და ფორმატი, ასევე, გასული წლის შესრულების მაჩვენებლებთან დაკავშირებით წარდგენილი რეკომენდაციები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. „ჩვენ გვქონდა პირველი შეხვედრა ამ რანგში იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი განგვეხილა და იმედიანად და პოზიტიურად ვუყურებ პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობას. ყველა ვჯერდებით ერთ რამეზე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს შედეგიანი თანამშრომლობა. ჩვენ, სახალხო დამცველს განვიხილავთ როგორც პარლამენტისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამხმარე ინსტრუმენტს, იმისთვის რომ პარლამენტს ჰქონდეს სრული ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში და პარლამენტმა შეძლოს მათ შორის, ამ საკითხებზე რეაგირება. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველისთვისაც მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშრომლობა, ვინაიდან პარლამენტი მისცემს მას შესაძლებლობას, რომ ის ხედვა, რომელიც სახალხო დამცველს აქვს და ის რეკომენდაციები, სწორედ პარლამენტის თანხმობით შესრულდეს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება თანამშრომლობის ძალიან კარგი შედეგი, რომლის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია ყოველთვის უფრო მეტად და მეტად გაუმჯობესდეს და შედეგებზე იყოს ორიენტირებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რა მარტივად კლავენ ეს მხეცები, ტრიბუნალი ბოროტი სახელმწიფოსთვის!
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ, (ავთენტურობა დადგენილი არ არის) უკრაინელ სამხედროს ტყვეს სასტიკად კლავენ. ზელენსკის შეფასებით, ეს ისეთი რამ არის, რისი იგნორირებაც მსოფლიოს არ შეუძლია. „რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ვიდეო, თუ როგორ კლავენ უკრაინელ სამხედრო ტყვეს, მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს არის ვიდეო რუსეთზე, როგორიც ის არის, რა სახის ქმნილებები არიან ისინი. არაფრის დავიწყებას არ ვაპირებთ. არც ჩვენ ვაპირებთ მკვლელების პატიებას. ყველაფერზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება. ტერორის დამარცხება აუცილებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ. „არ არსებობს ხალხი მათთვის, შვილი, ძმა, ქმარი, ვიღაცის შვილი. ეს არის ვიდეო რუსეთზე, რომელიც ცდილობს, ეს ახალი ნორმა გახადოს, სიცოცხლის განადგურების ჩვევად აქციოს. ეს არ არის შემთხვევა, ეს არ არის ერთი ეპიზოდი, მსგავსი შემთხვევა ადრეც იყო, ასეთი შემთხვევა იყო ბუჩაში, ათასჯერ. ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, ყველა ლიდერს. ვერავინ ვერ გაიგებს, თუ ლიდერები არ იმოქმედებენ, მოქმედება საჭიროა ახლა. და ჩვენ უკრაინაში ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ფრონტის ხაზზე იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელია. დაგვეხმარეთ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, რათა განვდევნოთ ოკუპანტი ჩვენი მიწიდან. მთავარი მიზანი გამარჯვებაა. მთავარი მიზანი უკრაინის გაძლიერებაა გამარჯვებისთვის. ოკუპანტის დამარცხება და მკვლელების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. ტრიბუნალი ბოროტი სახელმწიფოსთვის! მუდმივი ხსოვნა ყველა ადამიანის, ვისი სიცოცხლეც რუსულმა ტერორმა იმსხვერპლა! დიდება ყველას, ვინც იბრძვის ამ ბოროტების წინააღმდეგ! დიდება უკრაინას!“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ჟენევის კონვენციის თანახმად, რომელზეც სხვათა შორის რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი, სამხედრო ტყვეებს გარანტირებული უნდა ჰქონდეთ სიცოცხლე და პატიმრობის ჰუმანური პირობები. სიკვდილით დასჯა ან ტყვეებისადმი სასტიკი მოპყრობა ომის დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
შსს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომანქანებისა და მგზავრთა გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით მობილიზებულები არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, მსუბუქი ტრანსპორტისთვის კი, 13 აპრილიდან გაიხსნება როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ დროისთვის საპატრულო ეკიპაჟების მიერ ავტოტრანსპორტის გატარების უზრუნველყოფა ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით. „გაცნობებთ, რომ ამ დროისთვის საპატრულო ეკიპაჟების მიერ ავტოტრანსპორტის გატარების უზრუნველყოფა ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით: თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის ნაკადი გადაადგილდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი – ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე- გომის მიმართულებით. შემოვლით გზებზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ და საჭიროების შემთხვევაში მძღოლებს დახმარებას უწევენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე საგნის შეცვლის ან დამატების, ასევე გამოცდის ენის შეცვლის ვადა 13 აპრილს 18:00 საათზე ამოიწურება. მათივე ცნობით, ამ კატეგორიის აბიტურიენტებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ. „განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9, რეგიონებში კი - ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი უკვე დასრულდა, თუმცა აბიტურიენტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა (დამატება, წაშლა ან გადაადგილება) - ეს ვადა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე ამოიწურება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას მათ რაოდენობაში შეზღუდული არ არის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ აბიტურიენტთა ცნობარს, რომელშიც მოცემულია სიახლეები, აგრეთვე ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში მოცემულია ცხრილიც, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეკონომიკის მინისტრი აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს ექსპორტის საკითხებში, თეა როზმან ქენდლერს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს ექსპორტის საკითხებში, თეა როზმან ქენდლერს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. ქართული მხარის ინფორმაციით, დადებითად შეფასდა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის გაზრდილი სავაჭრო ბალანსი და ასევე, აშშ-დან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ზრდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველოს ინვესტორ ქვეყნებს შორის აშშ-ს მე-3, ხოლო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა შორის მე-7 ადგილი უკავია. „საუბარი შეეხო საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათ მჭიდრო კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან. ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით და მადლობა გადაუხადა. ასევე ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხრივ. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ორმხრივ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა სექტორებში“, - აღნიშნავს ეკონომიკის სამინისტრო.
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო ლიდერია როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის - მინისტრის მოადგილე
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2023 წლის აპრილის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2023 – 2028 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 5%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერია როგორც ფართო რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტეროს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ფონდის პროგნოზით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2023 წელს 7600 აშშ დოლარს, ხოლო 2028 წლისთვის 11 300 აშშ დოლარს გაუტოლდება. ამასთან, 2021 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი ევროკავშირის მაჩვენებლის 34.5%-ს შეადგენდა, 2022 წელს 37.1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2028 წლისთვის 46%-ს მიაღწევს, მაშინ როცა ევროკავშირის კანდიდატი ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 40.8%, ხოლო მოლდოვის 37.6% იქნება. „საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტს ეკონომიკური ზრდის უფრო მეტად დაჩქარება წარმოადგენს, მათ შორის იმაზე მეტად, ვიდრე ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ არის პროგნოზირებული. აღნიშნული მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობს ერთის მხრივ, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კუთხით, ისე სტრუქტურული ეკონომიკური პროექტების განხორციელების მიმართულებით, რაც, მათ შორის, გულისხმობს ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებას და ზოგადად, ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდას. ეს, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემს, უფრო მაღალი ტემპებით მოვახდინოთ ეკონომიკის შემდგომი ზრდა“, – აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია ქვეყანაში ასევე საინვესტიციო და ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესება, რაზეც პერმანენტულად მიმდინარეობს მუშაობა. „ეს საშუალებას მოგვცემს, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და უფრო მეტად გავააქტიუროთ ბიზნესსაქმიანობა ქვეყანაში, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ დასაქმებას, ეკონომიკაში ტექნოლოგიების, ინოვაციების და ცოდნის მეტ ტრანსფერს და პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობასა და მისი კეთილდღეობის ზრდაზე“, – აცხადებს ვახტანგ ცინცაძე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველო ოთხი მიმართულებით მსოფლიოში – მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე გავიდა.
ევროპული ქვეყნები იმედია, დავით კეზერაშვილს გადმოგვცემენ - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროპული ქვეყნები დავით კეზერაშვილს საქართველოს გადმოსცემენ. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული „რაც შეხება BBC-ის სტატიას კეზერაშვილთან დაკავშირებით, რაზეც უკვე დიდი ხანი იყო საუბარი, თაღლითური სქემა, რომელიც „ქოლ - ცენტრებით“ იყო აწყობილი და პენსიონერების გაღლეტით იყო დაკავებული, ვხედავთ, რომ არის რეპორტაჟი BBC-ზე, ამაზე გვაქვს ჩვენც საუბარი. კიდევ ერთხელ მტკიცდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ადამიანს, კეზერაშვილს ვგულისხმობ, იფარებს ევროპა. ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს მედიებს, არასამთავრობო სექტორს. ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოჰპარა 5 მილიონი, შემდეგ პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა, ეს ადამიანი დღეს პირდაპირ ჩართული არის ფინანსებით ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში. ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ. სამწუხაროა, რომ იგივე შეცდომის გამეორება ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იყო დაშვებული, როდესაც ევროპის ქვეყნებს იყო შეფარებული და იქიდან უყურებდა აქ არსებულ სიტუაციას. ახლა სწორედ დავით კეზერაშვილი არის შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს საქართველოში სიტუაციას. იმედი მაქვს, ევროპული ქვეყნები ამ საკითხს სერიოზულად შეხედავენ და დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა იმისთვის, რომ მან მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით - ლომჯარია
დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება: მხილება და პასუხისმგებლობის დაწესება კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი პირების მიმართ, – ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. „დასავლეთმა დაიწყო იმის კეთება, რისი გაკეთებაც ქართველებმა 30 წელი ვერ შევძელით და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება: მხილება და პასუხისმგებლობის დაწესება კორუმპირებული და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი პირების მიმართ. იმედია, ეს ასე გაგრძელდება და ქართული პოლიტიკა, „ბიზნესი”, მართლმსაჯულება და სხვა მრავალი სფერო სუფთა ხალხისთვის რადიაციული ველი აღარ იქნება. მე ამ პროცესს ძალიანაც პოზიტიურად ვუყურებ“, – წერს ნინო ლომჯარია.