ძებნის რეზულტატი:

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 8 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, უკრაინაში 8 490 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და და 14 244 დაშავდა, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა. უკრაინა: ოკუპანტებმა 179 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს „გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი თვლის, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ფერხდება ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დაუდასტურებელია“, - აცხადებენ გაერო-ში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიღწევები აქვს - როტუნდუ

საქართველოში რუმინეთის ელჩის, რაზვან როტუნდუს განცხადებით, საქართველოს აქვს მიღწევები კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, თუმცა ასევე არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც საჭიროა. „სტატუსის მინიჭება არის კოლექტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება 27 წევრი ქვეყნის მიერ, მას შემდეგ, რაც ვნახავთ კომისიის მოხსენებას 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ამ დროისთვის, ჩვენ საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლებთან ვართ დიალოგში. ვხედავთ მიღწევებს, ასევე ვხედავთ, რომ რიგი საკითხები მოსაგვარებელია, ეს სამუშაო პროცესია ამ მომენტისთვის“, – განაცხადა ელჩმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

დაცულობის აღქმასა და სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სამმა ორგანიზაციამ კვლევა გამოაქვეყნა

საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების მდგომარეობასა და დაცულობის აღქმის შესახებ სამი ორგანიზაცია კვლევას აქვეყნებს. ანგარიში CRRC-საქართველომ", "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ერთობლივად შეიმუშავეს. კვლევის თანახმად, მოსახლეობის მეხუთედზე მეტი საფრთხედ მიიჩნევს რუსეთ-უკრაინის ომს, კრიმინალსა და ბუნებრივ კატასტროფებს. უსაფრთხოებისთვის ყველაზე მაღალი რისკის აღქმის შესწავლისას, კვლევის ავტორები ორ პასუხზე მიუთითებენ, რაც გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა დაასახელა. ესენია სიღარიბე და რუსეთიდან მომდინარე სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა. "მთლიანობაში, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ქვეყნის მიერ უსაფრთხოების რისკებთან გამკლავებას დადებითად აფასებს. ეს შეფასება დადებითია მათ შემთხვევაშიც, ვინც მთავარ რისკად რუსეთ-უკრაინის ომი დაასახელა. თუმცა, შეფასება უარყოფითისკენ იხრება მათ შემთხვევაში, ვისი აზრითაც, საქართველოს უსაფრთხოების მთავარი რისკი სიღარიბეა", - ნათქვამია კვლევის შედეგების შეჯამებაში. კვლევის ავტორები წერენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა წილმა ქვეყანაში არსებული ზოგადი უსაფრთხოების მდგომარეობა დადებითად შეაფასა, დიდი უმრავლესობა (69%) თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და აუცილებელ რეფორმებს საჭიროებს. ამას გარდა, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი და ზოგ შემთხვევაში უფრო დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურები მათ სატელეფონო საუბრებს არ უსმენენ, სოციალურ ქსელებს არ ამოწმებენ, ინფორმატორების ან თვალთვალის საშუალებით მათ არ აკონტროლებენ. თუმცა, ადამიანების შედარებით დიდმა წილმა (36%) თქვა, რომ მათ სატელეფონო საუბრებს ყოველთვის ან ზოგჯერ უსმენენ. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გამოჩნდა, რომ დაცულობის შეგრძნება მეტი ან ნაკლები ინტენსივობით აქვს უმრავლესობას (69%). კვლევის შედეგებით, კაცები, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, სოფლებში მცხოვრებნი, ხელისუფლების მხარდამჭერი სატელევიზიო არხების მაყურებლები და მმართველი პარტიის მომხრეები თავს სხვებზე მეტად დაცულად გრძნობენ. კვლევის ავტორები შენიშნავენ, რომ დაცულობის განცდა უფრო ნაკლებია ოპოზიციური მედიის მაყურებლებში და მათში, ვინც საერთოდ არ უყურებს ტელევიზიას, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც უპირატესობას ხელისუფლების მხარდამჭერ არხებს ანიჭებს. ასევე მმართველი პარტიის მხარდამჭერებთან შედარებით, ნაკლებად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და ისინი, ვინც არცერთ პარტიას უჭერს მხარს. კვლევის თანახმად გამოიკვეთა ისიც, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა დაბალია ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომები არაა საკმარისი და უნდა გამკაცრდეს კონტროლი გამყოფი ხაზის გარშემო ადმინისტრაციულ საზღვარზე და გაძლიერდეს პოლიციის მუშაობა ამ რეგიონებში მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად. ანგარიში მოამზადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRCსაქართველო) ერთად. CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის გამოკითხვა პირადი და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების შესახებ.გამოკითხვის საველე სამუშაოები 2022 წლის 27 მაისიდან 3 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და ჯამში 2 544 სრულწლოვანი ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევის შედეგების განზოგადება, ცდომილების ფარგლებში, შესაძლებელია როგორც საქართველოს მთლიან მოსახლეობაზე, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქების, სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული არეალების მოსახლეობაზე. ცდომილების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის დონეზე 2.1%-ს შეადგენს.  

WP-ს ცნობით, ეგვიპტე რუსეთისთვის 40 ათასი რაკეტის საიდუმლოდ მიწოდებას გეგმავდა

The Washington Post-ი აშშ-ის დაზვერვის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ რუსეთში საიდუმლოდ გაგზავნის მიზნით, 40 ათასამდე რაკეტის წარმოების შესახებ განკარგულება გასცა. დოკუმენტში გრიფით „სრულიად საიდუმლო“, 2023 წლის 17 თებერვლით არის დათარიღებული, საუბარია რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებისა და დენთის მიწოდებაზე. კერძოდ, მასალების თანახმად, ალ-სისი სახელმწიფო მოხელეებს ავალებს, საიდუმლოდ შეინახონ რაკეტების წარმოება და მიწოდება, რათა თავიდან აიცილონ პრობლემები დასავლეთთან“. ამერიკის ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის პირობით განუცხადეს გამოცემას, რომ თეთრი სახლისთვის უცნობია, საბოლოოდ მართლაც მიაწოდა თუ არა ეგვიპტემ რუსეთს შეიარაღება. The Washington Post-ი წერს, რომ რუსეთის მთავრობისთვის იარაღის მიწოდებას შეიძლება, ეგვიპტის წინააღმდეგ სანქციები მოჰყვეს. ეგვიპტეს 1987 წლიდან ვაშინგტონისთვის NATO-ს გარეთ მყოფი ძირითადი პარტნიორის სტატუსი აქვს.  

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ აშშ-ის გაჟონილი დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“ ყალბია

სამხრეთ კორეამ სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის გაჟონილი დაზვერვის დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“, რომელიც მიუთითებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე სეულის შეშფოთებაზე, ყალბია. ამის შესახებ France24 წერს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა სამშაბათს განაცხადა, რომ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფაბრიკაციაა“. სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის ოფისმა 11 აპრილს განაცხადა, რომ დოკუმენტების უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა. ხსენებული დოკუმენტები ნაწილია უფრო ფართო მასშტაბის გაჟონვისა, რომელიც პენტაგონმა შეაფასა, როგორც „ძალიან სერიოზული“ რისკი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მედია წერს, რომ ზოგიერთი ფაილი შეიცავს სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელთა შეშფოთებას, რომ სამხრეთ კორეაში ნაწარმოები იარაღი საბოლოოდ შეიძლება, მოხვდეს უკრაინაში, რაც ეწინააღმდეგება სეულის პოლიტიკას, იარაღი არ მიაწოდოს მეომარ ქვეყნებს. აშშ-ისა და NATO-ს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ეხება უკრაინის კონტრიერიშს, იარაღის მიწოდებას, ჯარების რაოდენობას, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთს, მარტში გამოჩნდა ინტერნეტში. გამოცემა Politico წერს, რომ გაჟონვას მოჰყვა კრიზისი აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში. წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ აშშ-ის დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალი რანგის თანამშრომლები დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს სხვა ქვეყნებში, რათა გაექარწყლებინათ სადაზვერვო მასალების გამოქვეყნების თაობაზე გაჩენილი შეშფოთება. პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობას, რათა შეაფასოს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე. გამოძიებას აწარმოებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.  

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთოს თავმჯდომარე, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბუიარ ოსმანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოითქვა. ხაზი გაესვა ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას. „საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა ბუიარ ოსმანის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრი მიესალმა იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, რომლებიც ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან არის გაცხადებული“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩრდილოეთ მაკედონიის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში იგორ ჯუნდევი, ეუთოში ჩრდილოეთ მაკედონიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ადელინა მარკუ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვიორელ მოშანუ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ქეთევან ციხელაშვილი.  

თურქი მინისტრი: მოსახლეობა მალე შეძლებს საკუთარი „ლურჯი საწვავის“ გამოყენებას

მოსახლეობა მალე შეძლებს თურქეთის „ლურჯი საწვავის“ გამოყენებას, განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა. მისივე თქმით, ერთ კვირაში მოქალაქეებისთვის „სასიხარულო ამბები“ გახდება ცნობილი. „გაზის ფასი ეკონომიური იქნება. ბუნებრივი აირის ახალი საბადოების მოძიება გრძელდება“, - აცხადებს დონმეზი. მინისტრი მიიჩნევს, რომ ბუნებრივი აირის მეტი საბადოების აღმოჩენა მოხდება: „მუშაობა გრძელდება როგორც შავ ზღვაში, ასევე ხმელთაშუა ზღვაში. დავიწყეთ სამძებრო სამუშაო ახალ ზონებშიც“, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრნმა.  

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით, განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე ბიძინა ივანიშვილის Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას. „უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი, აგრეთვე, ბანკის მიერ დაარსებული ტრასტები აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი, მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესების დარღვევა და მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან ხელოვნული დაბრკოლებები, რომ დროში გაჭიანურდეს მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულება. საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი ფულადი სახსრებისა და აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების თაობაზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი არის, ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში. Credit Suisse-ს აღნიშნული თანხებთან მიმართებით რაიმე ინტერესი ვეღარ ექნებოდა, რადგან თანხები, როგორც ითქვა, აღარ ირიცხებოდა Credit Suisse-ში, ის გადატანილი/განთავსებული იყო სხვა ბანკში. სხვა ბანკში გადატანილი აქტივების მმართველად კი დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე. ტრასტის ფუნქცია ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება რომ არის, დამატებით აღარ გავამახვილებთ ყურადღებას. უნდა ითქვას, რომ ტრასტი თავის ვალდებულებებს მეტ-ნაკლები წარმატებით თავს ართმევდა 2022 წლის მარტამდე. შემდეგ ეტაპობრივად შეიცვალა ტრასტის დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით. ტრასტი სხვადასხვა უსაფუძვლო/გამოგონილი/ხელოვნური მიზეზებით შეეცადა, მინიმუმ, თავისი პასუხისმგებლობის შესრულების დროში გაჭიანურებას და, მაქსიმუმ, მის თავიდან არიდებას. აღნიშნული კი გამოიხატა შემდეგში: ტრასტმა, თავდაპირველად, თანხების გადმორიცხის შეფერხების საფუძვლად მიუთითა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“. ტრასტი ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით უარს ამბობდა თანხების გადმორიცხვაზე. შემდეგ ტრასტმა, თანხა რომ არ გადმოერიცხა, ახალი საბაბი, ევროპარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, მოიმიზეზა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული. აშკარა იყო, რომ ტრასტი ცდილობდა, არ შეესრულებია ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელეთა მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილების ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვის გზით. საქმის განხილვა დაინიშნა 2022 წლის სექტემბერში. სხდომები გადაიდო არაერთხელ (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და 2023 წლის მარტი). საქმის არსებითი განხილვა დასრულდა 2023 წლის 20 მარტს. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ტრასტის ლიკვიდაცია ხდება მხარეთა შორის შეთანხმებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. გამონაკლისი კი არის მხოლოდ ორი შემთხვევა: (1) როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა ტრასტის მართვის ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით ან/და (2) როდესაც არის შეუთანხმებლობა ტრასტის ბენეფიციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან და აქტივების განაწილების წესთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა არც აზრთა სხვადასხვაობა ხარჯებთან მიმართებით (არსებობდა თანხმობა ტრასტის მიერ შემოთავაზებულ დაანგარიშების ფორმულასთან დაკავშირებით) და არც უთანხმოება ბენეფიაციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან მიმართებით. პირიქით, არსებობდა ბენეფიაციართა ერთობრილივი სურვილიც და მოთხოვნაც. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტის ლიკვიდაცია უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ტრასტმა უარი განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაზე და მიუთითა, რომ ტრასტის ლიკვიდაციისთვის საჭირო იყო სასამართლოსთვის მიმართვა. როგორც წესი, ერთდღიან სასამართლო პროცესებს აქვს ადგილი, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა და შეიძლება ითქვას, რომ თავისი უსაფუძვლო და ხელოვნური სტრატეგიული ნაბიჯებით მიაღწია საქმის განხილვის გაჭიანურებას. ჩვენი ადგილობრივი ადვოკატები (გენზის კუნძული) ფიქრობდნენ, რომ საქმის განხილვა ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასრულდებოდა ერთ დღეში, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა. შემდეგ ელოდებოდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა მოლოდინი ამ მიმართულებითაც გაუცრუვდათ. შეიძლება ითქვას, რომ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ როგორც ხდებოდა ხელოვნურად საქმის განხილვის გაჭიანურება, ისე ხდება პროცედურების დაბრკოლება გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებითაც. ფაქტიურად, გამოდის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღსდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის, პრაქტიკული რეალიზება. ამდენად, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას. და ბოლოს, გაცნობებთ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე საქმეებთან მიმართებით“, - აცხადებს ადვოკატი.  

საქართველოში მარტში ინფლაცია 5.2 პროცენტი იყო - საქსტატი

2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, 2023 წლის მარტში ინფლაციამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 5.3-პროცენტიან ინფლაციაზე. რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 11.1%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 7.2%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 4.5%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 10.0%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 6.8%; ჯანმრთელობის დაცვა – -9.3%; ტრანსპორტი – -8.7%; კავშირგაბმულობა – -3.5%; დასვენება, გართობა და კულტურა – 4.2%; განათლება – 6.8%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 11.7%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 10.5%.  

ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. დოკუმენტზე ხელისმოწერით ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ 29 აპრილს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და ხელს შეუწყობენ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპების დაცვით. ღონისძიება დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. "არჩევნები საერთო საქმეა და შესაბამისად, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ეთიკის კოდექსს, რომელიც ცესკოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა. კოდექსის მიზანია გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო, ხელი შევუწყოთ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად ჩატარებას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ეთიკის კოდექსის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, ამ ტიპის შეთანხმება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და ხელს შეუწყობს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას. "არჩევნები ძალიან კომპლექსური საკითხია და ის, მართლაც ყველას საქმეა. კანონი ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ვერ არეგულირებს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საერთო წესებზე შეთანხმება. მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმის და თანამშრომლობის კომპონენტის კიდევ უფრო გაძლიერება აუცილებელია იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ“, - განაცხადა კოდექსზე ხელმოწერის შემდეგ ,,განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავამ. ეთიკის კოდექსის კიდევ ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, „ღია სივრცე კავკასიის“(COS) თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ,,არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ვალდებულებები და პრინციპები ერთი საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში იყოს ასახული, ხოლო შემდეგ პრაქტიკაში განხორციელებული. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის შეთანხმება, რათა ხელი შევუწყოთ, როგორც თანამშრომლობის, ასევე დეკლარირებული მიზნების აღიარებას.“ ეთიკის კოდექსის შემუშავების პროცესზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელმა. „დღეს ხელი მოეწერა ეთიკის კოდექსს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ მხრივ, რომ ზოგადად, საარჩევნო გარემო გააუმჯობესოს, აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროცესში. ზოგადად, მნიშვნელოვანია ამ ტიპის დოკუმენტები საარჩევნო გარემოსთვის, როგორც 29 აპრილის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, ასევე მორიგ არჩევნებზეც“, - განაცხადა გიორგი მონიავამ. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) წარმომადგენლის ნანუკა ყრუაშვილის შეფასებით კი ,,შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ელექტრონული ტექნოლოგიები მასშტაბურად იქნება გამოყენებული. აქედან გამომდინარე, ეთიკის კოდექსით შემუშავებული საერთო წესების ზედმიწევნით დაცვა და შესრულება, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, ასევე ცესკოსთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.“ ქცევის (ეთიკის) კოდექსს ხელი დღეს 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა 11-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ მოაწერა. აღსანიშნავია რომ კოდექსზე ხელის მოწერა შეუძლია ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ არჩევნებზე დაკვირვებისთვის შესაბამის ვადებში დარეგისტრირდება.  

იტალიამ შესაძლოა, უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გაუწიოს - კულება

უკრაინისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დმიტრო კულებამ და ანტონიო ტაიანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ახალი სამხედრო დახმარება, რომელიც რომს შეუძლია, კიევს გაუწიოს. ამის შესახებ უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა Twitter-ზე განაცხადა. „დღეს მე ვესაუბრე ჩემს იტალიელ კოლეგას ანტონიო ტაიანს. ჩვენ განვიხილეთ ახალი დახმარება, რომელიც იტალიას შეუძლია, უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად რუსეთის აგრესიაზე", - წერს კულება. დაახლოებით 20 უკრაინელი სამხედრო ჯგუფმა დაასრულა სასწავლო პროგრამა SAMP/T რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე იტალიაში 20 მარტს. სისტემის მიწოდება უკრაინას ამ გაზაფხულზე იგეგმება.  

გერმანია უკრაინას საბრძოლო მასალასა და სადაზვერვო თვითმფრინავებს აწვდის

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას გადაეცა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს რვა სადაზვერვო თვითმფრინავს, კიდევ 23,520 ვაზნას 40 მმ-იანი საბრძოლო მასალისა და რვა მობილური ანტენის სისტემას. გერმანიამ ასევე მიაწოდა კიევს კიდევ რვა Zetros სატვირთო მანქანა ექსტრემალური გამავლობის პირობებისთვის, რითაც მთლიანი რაოდენობა 60-მდე გაიზარდა, ნათქვამია მოხსენებაში. კიევმა ასევე მიიღო ოთხი ჯავშანტექნიკა DACHS. 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 3 აპრილამდე გერმანიამ უკრაინას 2,7 მილიარდ ევროზე მეტი (2,9 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარება გაუწია.   

დანია ამბობს, რომ დასავლეთმა შესაძლებელია, ზაფხულამდე გადაწყვიტოს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება

დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა 11 აპრილს განაცხადა, რომ დასავლეთს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის შესახებ "ზაფხულის დაწყებამდე", პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან MiG-29 თვითმფრინავების მიწოდების შემდეგ. „დისკუსიებს დრო სჭირდება, რადგან ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ, მაგრამ გადაწყვეტილება მიღწევადი რჩება „მოკლე ვადაში", - განაცხადა მინისტრმა. „დანია მარტო არ აპირებს ქმედებებს ამ მიმართულებით. ჩვენ მოგვიწევს ამის გაკეთება რამდენიმე ქვეყანასთან ერთად. ასევე მოგვიწევს დიალოგი ამ საკითხზე ამერიკელებთან“, - აღნიშნა პულსენმა. სლოვაკეთმა და პოლონეთმა უკრაინას უკვე მიაწოდეს ოთხი MiG-29 ტიპის თვითმფრინავი. პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ 5 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ემზადებოდა კიდევ ოთხის გადასაცემად. დუდამ ასევე განაცხადა, რომ მომავალში მისმა ქვეყანამ შესაძლოა, მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების მთელი ფლოტი მიაწოდოს უკრაინას, მას შემდეგ რაც პოლონეთის საჰაერო ძალები შეიძენენ ახალ თვითმფრინავებს დანაკარგის ასანაზღაურებლად. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა აღიარა, რომ MiG-29-ის გადაცემა დიდ დახმარებად იყო და განაცხადა, რომ საბჭოთა ეპოქის მებრძოლები „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრონტზე თამაშის წესების შემცვლელი იყოს". უკრაინა ცდილობს, შეიძინოს უფრო მოწინავე დასავლური თვითმფრინავები, როგორიცაა ამერიკული წარმოების F-16-ები, მაგრამ არცერთ ქვეყანას არ მიუღია ჯერ მსგავსი გადაწყვეტილება.  

შსს რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას, თითქოს რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხებული იყო. 8 აპრილიდან აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგზაო დეპარტამენტის მიერ დადგენილი რეჟიმების შესაბამისად, შეუფერხებლად უზრუნველყოფდნენ როგორც მსუბუქი, ასევე, სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას, მათ შორის, ამავე რეჟიმის შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ რევერსულად, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში. რიკოთი ისევ დაიკეტა „შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მონაკვეთში მძღოლებს რამდენიმე დღე უწევთ ლოდინი, არ შეესაბამება სიმართლეს”, - აღნიშნავს უწყება. შსს-ს ცნობით,ამ დროის მონაცემებით, რიკოთის უღელტეხილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება სრულად აკრძალულია. „თბილისიდან დასავლეთის და დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის შესაძლებელია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, შეუფერხებლად. აღნიშნულ გზაზე გადატვირთული მოძრაობა ამ დროისთვის არ შეინიშნება. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, კვლავ რჩებიან ადგილზე და ავტოტრანსპორტის გატარებას უზრუნველყოფენ საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმების მიხედვით“, - წერია ინფორმაციაში.  

თოყაევი ალიევთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ მზარდი ინტერესი შუა დერეფნის მიმართ

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ე.წ. შუა დერეფნის პოტენციალის სრულ ამოქმედებას. საუბარია ლოგისტიკური მომსახურების გაუმჯობესებაზე, ერთიანი სატრანსპორტო ოპერატორების შექმნაზე, ტექნიკური და სატარიფო პირობების მოდერნიზაციაზე, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრაზე. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუა დერეფნის 2022-2027 წლების განვითარების საგზაო რუკის ეფექტიან განხორციელებას. „შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ მზარდი ინტერესი ამ მარშრუტის მიმართ და მესამე ქვეყნების ჩართვა მის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. ყველა ეს ღონისძიება, ისევე როგორც მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, უზრუნველყოფს ტვირთების მიწოდების სტაბილურობასა და ეფექტიანობას აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. „ჩვენ ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას. დღეს ჩვენი პრიორიტეტია მსოფლიო ბაზრებზე ენერგიის მიწოდების შემდგომი დივერსიფიკაცია. მოგეხსენებათ, ჩვენი შეთანხმებების საშუალებით, წელს ყაზახური ნავთობის პირველი პარტია აზერბაიჯანის გავლით გაიგზავნა. შემდეგი ნაბიჯი არის მიწოდების მოცულობის გაზრდა და მათი გრძელვადიანი მდგრადობა“, - განაცხადა თოყაევმა. ასევე წაიკითხეთ: ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა  

რუსეთი ირანისთვის საწვავის სარკინიგზო გზით მიწოდებას იწყებს - Reuters

რუსეთმა ირანში საწვავის ექსპორტი სარკინიგზო გზით წელს პირველად დაიწყო მას შემდეგ, რაც ტრადიციულმა მყიდველებმა მოსკოვთან ვაჭრობას თავი აარიდეს, ამის შესახებ Reuters-ი წერს. რუსეთი და ირანი, ორივე დასავლეთის სანქციების ქვეშ არიან და ამყარებენ მჭიდრო კავშირებს თავიანთი ეკონომიკების მხარდასაჭერად.  „გასულ შემოდგომაზე, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა გამოაცხადა ნავთობპროდუქტების მიწოდების დაწყების შესახებ, მაგრამ რეალური გადაზიდვები მხოლოდ წელს დაიწყო“, - აცხადებენ Reuters-ის წყაროები. თებერვალსა და მარტში რუსეთმა 30 000 ტონამდე ბენზინი და დიზელი მიაწოდა ირანს, განუცხადა Reuters-ს ორმა წყარომ. ტვირთი მიწოდებული იყო რკინიგზით რუსეთიდან, ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით. ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ირანიდან ბენზინის გარკვეული ტვირთი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ერაყში, სატვირთო მანქანებით გაიგზავნა.  

ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვიზიტისას, სახელმწიფო დეპარტამენტში, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის საკითხები. „ფინანსთა მინისტრმა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ სანქციების განხორციელების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი აქტივობები ამ კუთხით, კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო რეგულაციების აღსრულების მიმართულებით. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვების უფლება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის ორ თანამშრომელს მიღებული აქვს სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, ასევე, დადებითი შეფასება მიეცა საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს“, - აღნიშნავს ქართული მხარე. მხარეებმა, ასევე მიმოიხილეს აშშ-ის ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისთან (OTA) პარტნიორობის საკითხები, რომელიც მოიცავს, როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო და აუდიტის სფეროებს. შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი. დღესვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა. ფინასთან სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პირობის შესრულებასა და ამ კონტექსტში რეფორმების გატარების კუთხით არსებულ ვითარებას. „ფინანსთა მინისტრმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, ასევე, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის შესახებ. ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სხვადასხვა სექტორში ევროკავშირის მიერ გაწეულ მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ენერგეტიკული კავშირების გაძლიერების და ამ კუთხით, შავი ზღვის ელექტრო წყალქვეშა კაბელის მშენებლობის მნიშვნელობაზე.  

რა ვითარებაა რიკოთის უღელტეხილზე

ოფიციალური უწყებების ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიში მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე), სპეციალისტების მხრიდან მუდმივი მონიტორინგის პირობებში, გამოვლინდა ადგილი საიდანაც შეიძლებოდა, განვითარებულიყო ქვათაცვენა. დეპარტამენშტში აცხადებენ, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინათ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა. „ფერდის არამყარი მასის ჩამოშლის პროვოცირების შედეგად ჩამოსულია მიწის მასა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის წმენდის და გაგანიერების ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისათვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. რიკოთის უღელტეხილზე, სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის პერიოდში, მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - წერია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. მედიასაშუალების ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხებული იყო. ამ ინფორმაციას შსს-მ არაზუსტი უწოდა.  

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა

აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათ სამხედროებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. არია დაჭრილები და დაღუპულები. „11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს”, - წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მისივე თანახმად, „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სომხეთის პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანელთა რიგებში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ“. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ „აზერბაიჯანის სამხედრო ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ ტეღის დასახლების მიმართულებით“. მათი თქმით, სომეხმა სამხედროებმა სამხედრო საპასუხო ზომები მიიღეს. ასევე აღნიშნეს, რომ სომეხ სამხედროთა შორის არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობას არ სომხური მხარე აკონკრეტებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ადგილობრივი დროით 19:55 საათისთვის ფრონტის ხაზზე ვითარება შედარებით სტაბილურია.  

უკრაინა რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთმა დაბლოკა 11 აპრილს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გადამზიდავი გემების ინსპექტირება, განუცხადა Guardian-ს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ იური ვასკოვმა. „დღეს ჩვენ გვაქვს კრიტიკული სიტუაცია. რუსებმა დაარღვიეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის პირობები. მათ გადაწყვიტეს, ცალმხრივად შეცვალონ უკრაინის პორტების გეგმები. ეს მიუღებელია", - განაცხადა ვასკოვმა. ვასკოვის თქმით, თუ ასეთი დარღვევები გაგრძელდება, სურსათზე ფასები გლობალურად 15%-ით გაიზრდება. ოფიციალურმა პირებმა ამ საკითხზე თურქესა და გაეროს მიმართეს, რომლებიც თავდაპირველად შუამავლობდნენ შეთანხმებას. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა 18 მარტს განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინას მილიონობით ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შავი ზღვის გავლით ექსპორტის საშუალებას აძლევს, კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ გაახანგრძლივებს შეთანხმებას, მაგრამ "მხოლოდ" 60 დღით. გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებულმა შეთანხმებამ, რომელიც პირველად ივლისში გაფორმდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მსოფლიოში სურსათის მზარდი ფასების შესამცირებლად.