ძებნის რეზულტატი:

სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო - გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა, რომ სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის საპროექტო გადაწყვეტილება და თავად პროექტი, „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით, საერთაშორისო დონის საგზაო ინჟინერიაში ერთ-ერთმა დიდმა ამერიკულმა კომპანია „აეკომმა“ მოამზადა. „ამ მონაკვეთებზე ჩატარებული გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოფიზიკური, სეისმური კვლევების და ჰიდროლოგიის შედეგად იქნა ეს პროექტები გადაწყვეტილი. ამასთანავე, „აზიის განვითარების ბანკისა“ და „მსოფლიო ბანკის“ მოწვევით, შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების რევიზია და გადახედვა მოახდინეს“, - განაცხადა წერეთელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე არაერთი გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა ჩატარდა, მიმდინარე პროცესები კი მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელია, თუმცა არსებული პროცესების მართვა და მონიტორინგი უცხოური საზედამხედველო კომპანიების მიერ 24 საათის განმავლობაში წარმოებს. „პროექტირების ეტაპზე, გეოლოგიური კვლევისთვის ტერიტორია დაახლოებით 250 ხიმინჯოვანი ბურღით გაიბურღა, რაც უპრეცედენტოა. არსებობს გეოლოგიური რუკა. შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები გაწერილია საპროექტო გადაწყვეტილებაში, რის მიხედვითაც მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის სამშენებლო პროცესი და როცა სამთო გზები კეთდება, ვმუშაობთ მთიან რეგიონში, ასეთი ინციდენტები შესაძლებელია მოხდეს. ჩვენ ვართ ფრთხილად იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა შესაძლო ზიანი და მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება. სწორედ ამის გამო მოგვიწია რამდენჯერმე მოძრაობის გადართვა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ზედამხედველობას ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.  

სახელმწიფო დუმა სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ კანონპროექტს ავტორებს დაუბრუნებს, მათ შორის 3 გარდაცვლილია

22 წლის წინ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსიდან სიკვდილით დასჯის ამოღებას ითვალისწინებდა, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორებს დაუბრუნდებათ. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი სიკვდილით დასჯას დღესაც ითვალისწინებს, თუმცა, მის გამოყენებაზე 1996 წლიდან მორატორიუმია გამოცხადებული. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები სიკვდილით დასჯის აღდგენისკენ. ამ იდეას მათ შორის ყველაზე აქტიურად უჭერს მხარს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი. კანონპროექტი 2001 წელს, მესამე მოწვევის პარლამენტს წარუდგინა დეპუტატთა ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ ეგორ გაიდარი, ბორის ნემცოვი და სერგეი კოვალიოვი. რუსეთის ეკონომიკური რეფორმების ავტორი ეგორ გაიდარი 2009 წელს გარდაიცვალა. „მემარჯვენე ძალთა კავშირის“ ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წელს, მოსკოვში მოკლეს. უფლებადამცველი სერგეი კოვალიოვი კი, 2021 წელს გარდაიცვალა. კანონპროექტის ინიციატორთა შორის იყვნენ: ირინა ხაკამადა, ბორის ნადეჟდინი და პაველ კრაშენინიკოვიც. ადრე ნემცოვის თანაპარტიელი კრაშენინიკოვი ერთადერთია, ვინც ისევ დუმის დეპუტატია და ახლა ის „ედინაია როსიას“ წარმოადგენს.  

რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გაიხსნა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით, რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამოქმედდა ახალი რეჟიმი: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან 194-ე კმ-მდე (ახალსოფლის კვანძიდან ზესტაფონამდე) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის, 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კი ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. „გუშინ, 18:00 საათიდან, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება დაიშვა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისათვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ მოძრაობა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გაგრძელებულიყო. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, შეუფერხებელი საავტომობილო მოძრაობის უზრუნველსაყოფად და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

Washington Post-მა „პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაზე“ პასუხისმგებელი პირი გაშიფრა

WP: ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომელი დოკუმენტებს დახურულ ჩათში ე.წ. „გეიმერებისთვის აქვეყნებდა“ აშშ-ის სამთავრობო საიდუმლო დოკუმენტების მასობრივი გაჟონვის უკან დგას ახალგაზრდა, რომელიც სამხედრო ბაზაზე მუშაობდა. მან Discord-ის პლატფორმაზე მონაწილეთა ჯგუფს საიდუმლო დოკუმენტები გაუზიარა. ამის შესახებ WP იტყობინება. მისივე თანახმად, დაახლოებით 20-კაციანმა ჯგუფმა, ძირითადად კაცებმა, 2020 წელს შექმნეს დახურული კლუბი პოპულარულ ონლაინ პლატფორმაზე - Discord. „მაგრამ მათ ყურადღება მიიქციეს შარშან, როდესაც კაცმა, რომელსაც მოიხსენიებენ, რგორც OG, გზავნილი გამოაქვეყნა. ის ამტკიცებდა, რომ იცოდა საიდუმლოებები, რომლებსაც მთავრობა უმალავდა უბრალო ხალხს“, - წერს WP. OG-ის შეტყობინებები რეგულარულად იგზავნებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და თითქოს შეიცავდა დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების ჩანაწერებს, რომლებზეც თავად OG.-მ მიუთითა, რომ სამსახურიდან - „სამხედრო ბაზიდან“ სახლში ჩაიტანა. OG-მ ასევე განუცხადა თავის ჯგუფს, რომ საათობით მუშაობდა საიდუმლო დოკუმენტებზე, რათა გაეზიარებინა მეგობრებისთვის Discord სერვერზე. მოგვიანებით, დოკუმენტების ხელით კოპირებაზე დროის დაკარგვის ნაცვლად, დოკუმენტებს ფოტოები გადაუღო და სერვერზე ატვირთა. აღნიშნულია, რომ OG გასული წლის ბოლოდან კვირაში რამდენიმე დოკუმენტს აზიარებდა. ჯგუფის წევრის თქმით, OG არ იყო მტრულად განწყობილი აშშ-ს მთავრობის მიმართ და ამტკიცებდა, რომ ის არცერთ ქვეყანაში არ მუშაობდა. გასულ კვირას The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი იძიებს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტს სოციალურ მედიაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74.7%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით ზრდა +109.6%-ს შეადგენს, - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. „განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +83.8%-ს შეადგენს. საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“,-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბაღდათის მუნიციპალიტეტში პირმა ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი დაჭრა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი, დაჭრა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

NATO ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო წვრთნებისთვის ემზადება

გერმანიის საჰაერო ძალები AirDefender23-ისთვის ემზადებიან. ეს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საჰაერო ძალების ყველაზე დიდი წვრთნებია, რომელიც 12-23 ივნისს გაიმართება.  სწავლება Air Defender 2023 არის საჰაერო ძალების ყველაზე დიდი წვრთნები NATO-ს ისტორიაში და ასახავს ტრანსატლანტიკურ სოლიდარობას. 12-23 ივნისს, გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურობით, წვრთნების 10 000-მდე მონაწილე 24 ქვეყნიდან, 220 თვითმფრინავის ჩართულობით ჩაატარებს საჰაერო ოპერაციებს ევროპის საჰაერო სივრცეში. Air Defender 23 გულისხმობს რთულ სცენარებს მოკავშირეთა საჰაერო ძალებისთვის. მისი მიზანია NATO-ს ძალებს შორის თანამშრომლობის ოპტიმიზაცია/გაღრმავება და ალიანსის სიძლიერის ჩვენება. გერმანია როგორც კოლექტიური თავდაცვის ცენტრი ევროპაში, ამ წვრთნების დროს თავის როლს ასრულებს. მონაწილეებს შორის არიან: ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები. წვრთნებისთვის ძირითადი საფრენი ზონა გერმანიის თავზე იქნება. სხვა მასპინძელი აეროდრომების ჩამონათვალი კი ასეთია: Jagel/Hohn - Schleswig-Holstein Laage - Mecklenburg-Western Pomerania Wunstorf - Lower Saxony Lechfeld - Bavaria Spangdahlem - Rhineland-Palatinate Volkel - Netherlands Čáslav - Czech Republic  

დმიტრო კულება: შავი ზღვა NATO-ს ზღვად უნდა იქცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ შავი ზღვა ბალტიის ზღვის მსგავსად უნდა იქცეს NATO-ს ზღვად. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შავი ზღვის რეგიონი იმის მაგალითია, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება, რომ სიტუაცია გაუარესდეს თუ უგულვებელყოფ საფრთხეებს, რომლებსაც რუსეთი წლებია, ქმნის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ დასავლეთს შავი ზღვის მიმართ არ ჰქონდა თანმიმდევრული სტრატეგია, მაშინ, როცა რუსეთი ყოველთვის იყენებდა აგრესიულ, რევანშისტულ და ბარბაროსულ სტრატეგიას. დმიტრო კულებას განცხადებით, როცა 2008 წელს, შიშით გამოწვეულმა სიფრთხილემ უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ს კარი დახურა, რუსეთს სწრაფი რეაქცია ჰქონდა და თავს დაესხა ჯერ ერთ და შემდეგ, მეორე ქვეყანას. კულებას შეფასებით, ვილნიუსში, NATO-ს წლევანდელი სამიტი კარგი დროა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. „საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა - მოსკოვი ახორციელებდა ერთ სასტიკ თავდასხმას მეორის მიყოლებით. ბევრმა დასავლეთში გადაწყვიტა, დაეჯერებინა, რომ რუსებს ჰქონდათ „საკუთარი სიმართლე". მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი დიდისთვის. იმპერიალისტური ომი დასრულებული, იალტის მორიგი კონფერენციის გამართვის მიზნით ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მიზნით“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს.  

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისთვის პროკურატურამ 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2021 წლებში სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის სახელით, ბრალდებულები ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 498 978 ლარს დაეუფლნენ. „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფლობდნენ „უმოქმედო კომპანიებს“, რომელთა სახელით დამზადებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე ე.წ. დღგ-ს ფიქტიურ აქტივს ქმნიდნენ, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად იყენებდნენ. ამ გზით ბრალდებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მოტყუებით, 277 823 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თანხის დარჩენილი ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავიანთ მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე რიცხავდნენ და ანაღდებდნენ. აღნიშნულის შედეგად, ხსენებული პირები სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 221 155 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ორი პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 7 აპრილს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდება 4 პირს - სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება); სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება); 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ 2 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა, ხოლო 2 პირს - გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ზუგდიდში, 14 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ზუგდიდში მესხიას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  დაკავებულის დედა განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. შეგახსენებთ, გასული 2022 წლის ნოემბერში, ზუგდიდში, მესხიას ქუჩის მიმდებარედ რამდენიმე ათეულ მოზარდს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.  

ერდოღანის თქმით, თურქეთი დრონის გადამზიდავი მეორე გიგანტური გემის მშენებლობას დაიწყებს

თურქეთი იწყებს უფრო დიდი გემის მშენებლობას, ვიდრე ამფიბიური თავდასხმის გემი TCG Anadolu-ა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო გემი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი - TCG Anadolu ექსპლუატაციაში 12 აპრილს შევიდა შევიდა. გემის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2020 წლის პირველ ივლისს ჩატარდა ტესტირება. გემს, რომელიც თანამედროვე რადარებითა და სენსორებით არის აღჭურვილი, შეუძლია ბორტზე გადაიტანოს დაახლოებით 100 მანქანა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტექნიკა, ასევე ამფიბიური მანქანები და ნავები. საერთო ჯამში მისს მიერ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 27436 ტონაა. Kızılelma, Hürjet და Bayraktar TB3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გემის პლატფორმაზე დაშვებას შეძლებენ.  

ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს

ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. სასამართლომ ოთხივე მათგანისთვის დეპორტაციისა და  8 წლით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო გამოცემის ცნობით, ქართველები 12 აპრილს ბინის გაქურდვის მცდელობისთვის დაიჭირეს.  4 ქართველს ესპანეთის დასატოვებლად ორკვირიანი ვადა მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობა ემუქრებათ.   

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა სააღდგომოდ „საზღვარს“ გახსნის

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სააღდგომოდ გაუხსნის ჯავის და ახალგორის რაიონების მცხოვრებთ. გადაწყვეტილება დღეს, 13 აპრილს მიიღეს ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. პერევის და რაზდახანის(მოსაბრუნი) ე.წ. გამშვები პუნქტები 14 აპრილს, დილის 8 საათზე გაიხსნება და 18 აპრილს, საღამოს 8 საათზე დაიკეტება. როგორც ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესი“ წერს, გადაწყვეტილება მიღებულია ჯავის და ლენინგორის(ახალგორი) რაიონებში მცოვრები მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ოსური მხარისგან „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, 14-18 აპრილს, ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას შეძლებენ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული „საშვის“ მქონე მოქალაქეები. აღდგომის დღესასწაულისთვის, რომელიც 16 აპრილს აღინიშნება, მოქალაქეების თავისუფლად მიმოსვლის საკითხი თბილისის სამთავრობო დელეგაციამ მარტში დააყენა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. წყარო - რადიო თავისუფლება  

ნორვეგიამ საელჩოდან 15 რუსი „დაზვერვის ოფიცერი“ გააძევა

ნორვეგიის მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 15 რუს დიპლომატს აძევებს. იუწყება Reuters-ი. ნორვეგიის შეფასებით, დაზვერვის ოფიცრები მუშაობდნენ დიპლომატიური პოზიციების საფარქვეშ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის მასშტაბის შესამცირებლად და ამით ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად“. ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ გაძევება ამჟამად აკრედიტებული რუსი დიპლომატების მეოთხედს შეეხება. ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც დასავლურმა ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. მიმდინარე წელს ესტონეთმა, ნიდერლანდებმა და ავსტრიამ ასევე გააძევეს რუსი დიპლომატები.  

სამმა მოსამართლემ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადა - გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სამმა მოსამართლემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადა. გვრიტიშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული მოსამართლეებისგან ეს ერთგვარი სოლიდარობის აქტია. „მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში. ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“,- წერს დიმიტრი გვრიტიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.    

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. თავდაპირველად სირენების ხმა გაისმა კიევში, განგაში სწრაფად გავრცელდა ქვეყნის ყველა რეგიონში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

აზერბაიჯანმა და ბოსნია-ჰერცეგოვინამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

სარაევოში ხელი მოეწერა „ერთობლივ დეკლარაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, ჟელკა ცვიიანოვიჩმა. „სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებული ურთიერთობაა. ეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ორივე ქვეყანას. ჩვენ მზად ვართ ამ პასუხისმგებლობისთვის“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. „დარწმუნებული ვარ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა და აზერბაიჯანი გააგრძელებენ ერთად მუშაობას, როგორც სტრატეგიული პარტნიორები ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით", - აღნიშნა ალიევმა.  

პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ასევე, 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.  

ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინის Naftogaz-სთვის 5 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ჰააგის მუდმივმოქმედმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს დაავალა, 5 მილიარდი დოლარი გადაუხადოს უკრაინის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის მონოპოლიას ნაფტოგაზს. ამის შესახე უკრაინული მედიის ცნობით, კომპანიის პრესსამსახური იტობინება. ეს არის 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ „ნაფტოგაზის“ აქტივების უკანონოდ ჩამორთმევით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია. სასამართლომ დაადგინა, რომ კომპენსაციის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ნაფტოგაზის აქტივების სამართლიან საბაზრო ღირებულებას მათ დაყადაღებამდე, ნათქვამია ინფორმაციაში. რუსეთი ამტკიცებდა, რომ „ნაფტოგაზს“ არ ჰქონდა რაიმე კომპენსაციის უფლება, მაგრამ სასამართლო ამას არ დათანხმდა. „ახლა რუსეთმა უნდა შეასრულოს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“, - თქვა ოლექსიი ჩერნიშოვმა, ნაფტოგაზ ჯგუფის ხელმძღვანელმა, რადგან საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შესრულება შესაძლებელია აღსრულების მექანიზმით. რუსეთს ასევე მოუწევს „ნაფტოგაზისთვის“ 2016 წელს მოთხოვნილი საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსირებაც. მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციის მიერ არის ანექსირებული.  

სტრასბურგში, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო

18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.   როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო.   შეგახსენებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენების დროს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავდა. „ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.