ძებნის რეზულტატი:

გერმანიის საელჩო: შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს

შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს, მათ შორის გერმანული და ევროპული პროექტებისთვის. გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აჭარას სტუმრობს. „შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს, მათ შორის გერმანული და ევროპული პროექტებისთვის. ბათუმში გერმანიის ელჩმა დაათვალიერა ქალაქის წყლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში 138 მილიონი ევროს ოდენობის გერმანული მხარდაჭერით შეიქმნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ელჩმა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. სარფის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც გერმანიის ელჩი ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილს შეხვდა, მას შესაძლებლობა ჰქონდა, ადგილზე გასცნობოდა საბაჟო უწყების მუშაობას, რომელიც შუა დერეფნის გასწვრივ არსებული ტვირთბრუნვის მუდმივ ზრდას უმკლავდება“, - აღნიშნუა გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში: ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, დამაკავშირებელი ჰაბი გახდეს როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

სუდანის დედაქალაქში ბიოლოგიური საფრთხის მაღალი რისკია - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ბიოლოგიური საფრთხის მაღალი რისკია. "ტექნიკურმა სპეციალისტებმა ვერ შეაღწიეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ლაბორატორიაში მასალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა სუდანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნიმა საიდ აბიდმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც ლაბორატორიაში არსებულ მასალას საფრთხეს უქმნის. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო 4 072 - დაშავდა.  

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უარყო, რომ ჰააგის სასამართლოს ტოვებს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისმა უარყო, რომ ქვეყანა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ტოვებს. სააგენტო France Press-ის და გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, რამაფოსას ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მისმა ადმინისტრაციამ განმარტა, რომ კომუნიკაციაში შეცდომა იყო და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რჩება რომის სტატუტის ხელმომწერად. France Press-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე 24 აპრილს განიხილეს იურისდიქციიდან შესაძლო გასვლის საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული. 25 აპრილს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა მმართველმა აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა პარტიამ (ANC) გადაწყვიტა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დატოვოს.  რამაფოსამ ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მის ქვეყანას სურს, ICC-ის მიერ „უსამართლოდ მოპყრობის საკითხი სათანადოდ განიხილებოდეს“. ბევრი აფრიკელი ლიდერი ადრე აცხადებდა, რომ ICC მიკერძოებულია გარკვეული ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით, აფრიკასა და სხვა რეგიონებში. მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ICC-დან გასვლას ცდილობს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი -  სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.  ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.

ყოფილი შვედი დეპუტატი უკრაინის ჯარს შეუერთდა

ყოფილმა შვედმა დეპუტატმა კაროლინ ნორდენგრიპმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი გააფორმა. „ინფორმაცია ჩემ მიერ უკრაინის ჯარში გაწევრიანების შესახებ საკმაოდ სწრაფად გავრცელდა. მე ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ გზავნილისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიღებ. თავმდაბალი ვარ და არ ვიცი, რა ვთქვა. მადლობა. იფიქრეთ, თუ რაიმე მცირედით შეგიძლიათ, გააკეთოთ უკრაინისთვის და გთხოვთ, დაეხმაროთ მათ. Slava Ukraini [დიდება უკრაინას]", - წერს ნორდენგრიპი სოციალურ ქსელში. 2018 წლიდან 2022 წლამდე ნორდენგრიპი დეპუტატი იყო.  

ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა - კალაძე

ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა. „ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა როგორც ევროპის საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში. მოვისმინეთ მკაფიო გზავნილები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა არის თვალსაჩინო და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსს, როგორც სხვა ქვეყნებმა მიიღეს, თუმცა მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს გეგმა თავიდან ბოლომდე იყოს შესრულებული. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული. ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები აისახება ევროკავშირის გადაწყვეტილებებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.  23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

რუსეთი აგრძელებს სამხედროების დაკარგვას უკრაინაში. დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიდევ 640 დამპყრობელი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. „დანაკარგები მოიცავს: 3692 ტანკი, 7162 ჯავშანტექნიკა, 2877 საარტილერიო სისტემა, 539 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 292 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 308 საბრძოლო თვითმფრინავი, 294 ვერტმფრენი, 2440 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 18 გემი/ნავი, 5792 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 352 ერთეული სპეცტექნიკა და 911 ფრთოსანი რაკეტა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ბალტიის ზღვის თავზე, NATO-ს მოიერიშეებმა სამ რუსულ თვითმფრინავს, ბოლო 10 დღეში დაბრკოლება მეორედ შეუქმნეს

სამი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომლებიც ტრანსპონდერის სიგნალების გარეშე დაფრინავდნენ, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ბალტიის ზღვის თავზე შეაფერხეს, განაცხადა ოთხშაბათს გერმანიის საჰაერო ძალებმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ორი Sukhoi Su-27 და ერთი Ilyushin Il-20-ის ტიპის თვითმფრინავის იდენტიფიცირება გერმანულმა და ბრიტანულმა ძალებმა მოახდინეს. რუსული სამხედრო თვითმფრინავები რეგულარულად დაფრინავენ მატერიკზე რუსეთიდან კალინინგრადის მიმართულებით და უკან, რაც ნიშნავს, რომ ასეთი მანევრები რეგიონში საკმაოდ რუტინულია. გერმანიამ ბრიტანეთს ამ თვის დასაწყისში გადასცა NATO-ს საჰაერო პოლიციის მისიაზე პასუხისმგებლობა. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა 17 აპრილსაც დააფიქსირეს სამი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაზე - NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავი იდენტიფიცირებული იყო, როგორც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-20 სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც მიემართებოდა კალინინგრადის რეგიონში. მას კალინინგრადში დაფუძნებული ორი რუსული სუ-27 გამანადგურებელი დახვდა.  „ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ NATO მომავალშიც აქ დარჩება და დიდი ბრიტანეთი აგრძელებს ალიანსის საჰაერო სივრცის კოლექტიური დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა მაშინ ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა. შეგახსენებთ, რომ NATO-ს ქვეყნები საკმაოდ ხშირად აფერხებენ რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საზღვრებზე. კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად, რუსული თვითმფრინავი შეაკავეს. მოგვიანებით, ერთ კვირაში ანალოგიური ფაქტი ისევ ესტონეთთან დაფიქსირდა. ამავე თემაზე: NATO-ს გამანადგურებლები რუსული IL-76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს აედევნენ

ANKA-3 - თურქული უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე პირველად გამოჩნდა

თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი „ანკა-3“ პირველად გამოჩნდა ასაფრენ ბილიკზე, იუწყება თურქული მედია. უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც 40 000 ფუტის სიმაღლეზე ოპერირებ შეუძლია, მზად არის ფრენის განხორციელებისთვის. ანკა-3“თურქულმა კომპანია TUSAŞ-მა შექმნა.  

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ - კალაძე

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ. აქტიურად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უშუალოდ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და უწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მიმდინარე წლის მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ. დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით. „იმისთვის, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები, მათ შორის მგზავრებისთვის, შემოვიღეთ ე.წ. სტიკერები, რომელთა დარიგებას უკვე მაისიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ეს ე.წ. სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში. შესაბამისად, მისი გადაადგილების დრო გაცილებით ნაკლები იქნება. ეს „სტიკერი“ განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი დეტალია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.  

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ამ ომში მონაწილე ჩვენი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლით, რისკის ფასად იცავდნენ სამშობლოს, ღირსებას, თავისუფლებას. ესაა ჯარისკაცის ვალი, რომელიც ჩემმა მეუღლემ ღირსეულად მოიხადა. მიუხედავად ჩემი პირადი ტრაგედიისა, არასოდეს მიფიქრია, რომ გიორგის სხვაგვარად შეეძლო მოქცევა, ან მოიქცეოდა დღეს, ცოცხალი რომ ყოფილიყო და სამშობლოს კვლავ დასჭირვებოდა მისი სიცოცხლე. გიორგი ანწუხელიძე ჩემთვის არ არის მხოლოდ ოჯახის წევრი, ის ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ქართველისთვის, არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ასეთი მაგალითები ქმნიან ჩვენს ისტორიას, ეროვნულ თვითშეგნებას და ვალდებულებებს. ჩემი მეუღლის სტატუსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საჯაროდ ნაკლებად დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური მოსაზრებები სხვადასხვა თემაზე და მხოლოდ იმ საკითხებზე გამოვთქვა აზრი, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის საერთო, სასიკეთო მიზნებს, ღირებულებებს, აუცილებელ პრინციპებს ეხება. ვცდილობ, ჩემი პოზიციებით ისეთი შეხედულებები გამოვხატო, რომლებიც არ დატოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას და არ დაემთხვევა რომელიმე საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს. მიმაჩნია, რომ მით უმეტეს, არაა მიზანშეწონილი, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, თუნდაც ირიბად, მათგან დამოუკიდებლად ჩართოს რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ, სწორი იყოს კონკრეტულად ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში. დღეს მათ არ აქვთ და ვერ ექნებათ ყველა ფაქტსა და მოსაზრებაზე საკუთარი შეხედულება, ამიტომ, ჩემი მოვალეობაა სხვათა მოსაზრებებისგან მათი დისტანცირება მანამ, სანამ თავად არ ექნებათ სრულყოფილი საშუალება, გადაწყვიტონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია სხვადასხვა თემაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ბავშვების უფლებები და ჩემი დამოკიდებულება. იმედი მაქვს, ეს საჯარო თხოვნა მიაღწევს ადრესატამდე, კონკრეტული ფაქტებისა და ადამიანების დასახელების, ზედმეტი განხილვების გარეშე“, - წერს მაკა ჩიკვილაძე.  ცნობისთვის, 2004 წელს, გიორგი ანწუხელიძე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის პირველ აგვისტომდე, სამხედრო სამსახური მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონში განაგრძო. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე, ანწუხელიძე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა. 2008 წლის 17 აპრილიდან, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.   უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა.   ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.   გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.   2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ქართველი მაშველები დააჯილდოვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს, მამუკა სეფიაშვილს, რომელიც თურქეთის ქალაქებში ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სპეციალური ჯილდო – „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ქალაქ ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა ქვეყნის სამაშველო ჯგუფის ლიდერებს სპეციალური ორდენები და მადლობის სიგელები გადასცა. პრეზიდენტმა ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და, ჯამში, 200-მდე მაშველმა სამაშველო მისია 18 დღის განმავლობაში ორ ქალაქში შეასრულა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.  

29 აპრილს, დევდორაკის გვირაბში 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 29 აპრილს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. „საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.  

ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წელი გავიდა

ოთხშაბათს, 26 აპრილს 37 წელი შესრულდა მსოფლიოში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფიდან, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ნაწილს სიკვდილი, უბედურება და რადიოაქტიური დაბინძურება მოუტანა. იმდროინდელ საბჭოთა უკრაინაში მომხდარი კატასტროფა ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდა, ატომური ქარხნის მეოთხე რეაქტორში ჩავარდნილი უსაფრთხოების ტესტის შემდეგ. ავარიას მომენტალურად 31 ადამიანი ემსხვერპლა, ათიათასობით კი, იძულებული გახდა, გაქცეულიყო. ითვლება, რომ 11 5000-მდე ადამიანი გარდაიცვალა რადიაციასთან დაკავშირებული დაავადებებით, როგორიცაა კიბო, თუმცა შეფასებები განსხვავდება.

2024 წლის ბოლომდე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი - კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში, 2024 წლის ბოლომდე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი. მისივე ინფორმაციით, ავტობუსების შესყიდვის წინასწარი თანხა 245 მლნ ლარი იქნება. „გადაწყვიტეთ, შევისყიდოთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება. პირველ ეტაპზე, 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. ბაზრის კვლევის შესაბამისად კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში. წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18- მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი, დღგ-ის ჩათვლით, 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა, რა თქმა უნდა, დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით. 18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია 2024 წლის განმავლობაში. პირველი 50 ერთეული მოგვეწოდება საორიენტაციოდ 2024 წლის აპრილამდე“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, მისივე თქმით, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. „ავტობაზა გათვლილი იქნება 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე. ტენდერი დასრულდება 8 მაისს. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 62 მლნ ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში, უნდა მოაწყოს არანაკლებ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

აზერბაიჯანის დროშა აღმართეს სომხეთთან მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელ გზაზე

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ეროვნული ჰიმნის ფონზე, ლაჩინის გზაზე გახსნილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. აზერბაიჯანმა ხსენებული გზის დასაწყისში, სომხეთთან საზღვარზე ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი 23 აპრილს გახსნა. ბაქოს განმარტებით, სომხეთი ამ გზას იყენებს ყარაბაღში სამხედრო ტვირთების გასაგზავნად, რასაც ერევანი და აზერბაიჯანს ადანაშაულებს რუსეთის შუამავლობით 2020 წელს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა. კონფლიქტურ ზონაში პერიოდულად იძაბება სიტუაცია.  

ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მის შესახებ „გავრცელებულ ყალბ ცნობებს“ ვიდეომიმართვას უძღვნის

გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ქართული ტიტრებით ავრცელებს. "მომილოცავს! "თვის ტროლის" ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ "ტროლებს". მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის "გერინგის" რუსულ თარგმანს აიღებს. "გერინგი" და "გიორგინგი" კირილიცათი ერთნაირად იწერება. ლათინურ დამწერლობაში კი ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო. ისევე, როგორც, საბედნიეროდ არც მე მაკავშირებს რაიმე ნაცისტ პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე - ჰერმან გიორინგთან. მეორე „ფეიკი“ კიდევ უფრო აბსურდული და უხერხული იყო. ნასვამი ქალი (ბრიტანულ) ქორწილში. სიამოვნებით წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთო. ეს კლასიკური „დიფ ფეიკ" ვიდეო იყო. საინტერესო გარემოებაა, რომ ეს „ფეიკები“ ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული. საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა. შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად.",- ამბობს ევროპარლამენტარი.  

თურქეთის შს მინისტრი: მადლობა, რომ მიწისძვრის დროს სოლიდარობა გამოგვიცხადეთ

საქართველოს მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ მადლობა გადაუხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ქართველი მაშველები დააჯილდოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს თურქი კოლეგა ოფიციალურ წერილში საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სამადლობელ წერილში აღნიშნავს, რომ ქართველი მაშველების თავდაუზოგავი შრომის შედეგად გადარჩენილია არაერთი მოქალაქის სიცოცხლე. „უდიდეს მადლობას გიხდით მიწისძვრებით გამოწვეული ნგრევისა და ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩვენი ტკივილის გაზიარების, დაზარალებული რეგიონების მონახულებისა და სოლიდარობისთვის. ჩვენი ხალხი არასდროს დაივიწყებს მთელი ერისთვის ამ ტრაგიკულ პერიოდში საქართველოს მიერ გამოწვდილ დახმარების ხელს, ჩვენი ტკივილის გაზიარებას და ჩვენთვის აღმოჩენილ მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ მადლობა გადავუხადო თქვენს აღმატებულებას, საქართველოს მთავრობასა და თავდადებულ ქართველ მაშველებს, თქვენი სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს სამძებრო სამუშაოების დროს და არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს“, – ნათქვამია ოფიციალურ წერილში.  

ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, გაუგზავნოს პოზიტიური სიგნალები ბრიუსელს

24 აპრილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი. ევროკავშირის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ 12 პრიორიტეტის შესრულების კვალდაკვალ განიხილებოდა ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის სპიკერი პიტერ სტანო Europetime-თან ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპების გაძლიერების აუცილებლობასაც. ამ კონტექსტში კი ქვეყანას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდეს. სტანოს განმარტებით, პრიორიტეტების შესრულების პროცესში საქართველომ პოზიტიური სიგნალები უნდა გაუგზავნოს ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი იქნება. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა საჭიროა მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება და ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, როდესაც მინისტრ დარჩიაშვილს შეხვდა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს კითხვები ჰქონდათ 12 პუნქტთან დაკავშირებით, „რომელთაც მაქსიმალურად ამომწურავად გაეცა პასუხი“. „მათ ჰქონდათ კითხვები, რომელზეც შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გაგვეცა პასუხი. ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს“, - განაცხადა მინისტრმა. IRI-ის კვლევების თანახმად, ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა საგრძნობლად გაზრდილია. კერძოდ, კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც კვლევის ისტორიაში უმღლესი მაჩვენებელია.  Europetime-თან ინტერვიუში, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეალური პროგრესი ჩანს მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ ბევრი შენიშვნა აქვს და მთავრობაშიც ბევრი ევროსკეპტიკური განცხადება კეთდება. „რეალური პროგრესი ჩანს ამ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ ბევრი შენიშვნა აქვს და მთავრობაშიც ბევრი ევროსკეპტიკური განცხადება კეთდება“. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გარშემო აქციებმა გაზარდა ხალხის ინტერესი და ადამიანები უფრო დაკვირვებულნი და ფრთხილნი გახდნენ - გააცნობიერეს საფრთხეები და საბოლოო ჯამში, ბევრმა სწორედ მაშინ გააკეთა არჩევანი. ბევრი არ იყო მაინცდამაინც პროევროპული და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ისეთები, რომლებიც ბალანსირებენ და უყურებენ, რას იტყვის ხელისუფლება და მთავრობა. მათ შორისაც გაჩნდა განწყობები, რომ ევროპა საჭიროა და ჩვენ აქეთეკენ უნდა ვიაროთ“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გამოწვევას ხედავს 12 პრიორიტეტის შესრულების ეტაპზე, თუმცა ელჩს მიაჩნია, რომ ეს დაძლევადია. „მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ჩემს გუნდთან ერთად, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, ვურჩიოთ, ჩამოვიყვანოთ ექსპერტები იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიღწიოს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია პროგრესზე, რომელიც მიღწეული იქნება ყველა პოლიტიკური ძალის მიერ და 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე, რომლებიც მიმდინარე წლის დეკემბერში გამართავენ შეხვედრას და გადაწყვეტენ ერთხმად. რას ნიშნავს ერთხმად გადაწყვეტა - ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა დაეთანხმოს. ასე რომ, ეს არის გამოწვევა, მაგრამ შესრულებადი და ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ მიღწეულია საკმარისი პროგრესი 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით“, - ამბობს ელჩი ჰერჩინსკი. ოპტიმიზმს ინარჩუნებს სტრატეგიული პარტნიორი. „აშშ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია და გარწმუნებთ, რომ დეკემბერში დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენ 100%-ით ვიზეიმებთ ქართველ ხალხთნ ერთად“, - ამბობს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.  კელი დეგნანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკავშირის ქვეყნებმა დაინახონ საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ. შეგახსენებთ, 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

პირს, რომელიც ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებითაა დაკავებული, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება - პროკურატურა

პირს, რომელიც ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით არის დაკავებული, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „საქართველოს პროკურატურამ, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფიზიკური ძალადობით და ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს. აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი დაზარალებულს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით საძინებელ ოთახში კეტავდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 138 -ე მუხლის მე- 2 -ე ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) და 11 პრიმა, 143-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის ,,გ’’ და მე-3-ე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით, დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

დასავლეთის რეაქციის შემდეგ, ბრაზილიის პრეზიდენტმა გააკრიტიკა რუსეთის შეჭრა უკრაინაში

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ გააკრიტიკა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ამის შესახებ მან ესპანეთში, 25 აპრილს გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე განაცხადა, იტყობინება Reuters. მან გააკრიტიკა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ დაამატა, რომ არავინ საუბრობს მშვიდობაზე. ლულამ აღნიშნა, რომ მოწოდებულია, მოძებნოს მშვიდობის ფორმულა კონფლიქტის დასასრულებლად. დასავლეთის რეაქციის შემდეგ, ბრაზილიის ლიდერმა შეამსუბუქა კომენტარები და პორტუგალიასა და ესპანეთში ვიზიტის დროს დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. 18 აპრილს, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბრაზილია მექანიკურად იმეორებს რუსულ და ჩინურ პროპაგანდას. ვაშინგტონმა მწვავედ გააკრიტიკა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელმაც შეერთებული შტატები უკრაინაში ომის წახალისებაში დაადანაშაულა. ლულა და სილვას კომენტარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. თებერვალში ჩინეთმა გამოაქვეყნა სამშვიდობო გეგმა, რომელიც ცალსახად არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინის დატოვებისკენ. „ბრაზილია მექანიკურად აწარმოებს რუსულ და ჩინურ პროპაგანდას ფაქტების გარეშე,” - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ. კირბიმ აღნიშნა, რომ ლულას კომენტარები "უბრალოდ მცდარი იყო". „არ ვიცი, როგორ ან რატომ მივიდა მან ამ დასკვნამდე, მაგრამ სრულიად არ ვეთანხმები“. ბრაზილია არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და უარი თქვა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრაზილიაში ლათინური ამერიკის ტურნეს დაწყებისას განაცხადა, რომ რუსეთი „მადლიერია ბრაზილიელი მეგობრების, რომლებიც მკაფიოდ აცნობიერებენ უკრაინაში არსებულ სიტუაციას.