ძებნის რეზულტატი:
ბუკინგემის სასახლესთან კაცი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს
ბუკინგემის სასახლესთან კაცი დააკავეს, რომელმაც სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნები დაყარა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევას ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმედ არ განიხილავენ. კაცი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს. თოფის ვაზნები ამოღებულია და სპეციალისტები ექსპერტიზას ატარებენ. პოლიციამ განაცხადა, რომ კაცს ჩხრეკისას დანა აღმოაჩნდა, მაგრამ მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ცნობისთვის, რამდენიმე დღეში მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაა დაგეგმილი, რომელსაც მსოფლიო ლიდერები და სამეფო ოჯახების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან დაესწრებიან.
ოლექსი რეზნიკოვი: ყირიმს უბრძოლველად დავიბრუნებთ
უკრაინა უბრძოლველად დაიბრუნებს კონტროლს დროებით ოკუპირებულ ყირიმზე. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გააკეთა. The Atlantic-ის მიხედვით, რომლის სტატიაშიც არის მოყვანილი რეზნიკოვის ფრაზა, წერია, რომ იმის ცოდნა, რომ უკრაინელები საუბრობენ ყირიმის „პოლიტიკურ სამხედრო“ გათავისუფლებაზე და არა წმინდა სამხედრო კონტრშეტევაზე. „მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა ნახევარკუნძულისკენ მიმავალი გზები, რკინიგზა და წყალგაყვანილობა გაწყვიტეს და უპილოტო თვითმფრინავებით სამხედრო ინფრასტრუქტურას დაუმიზნეს, ვარაუდობენ, რომ ბევრი რუსი მკვიდრი, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ემიგრანტი, დარწმუნდება, რომ უკეთესი იქნებოდა, სხვაგან იცხოვრონ. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი უკვე გაიქცა ქერჩის სრუტის ხიდზე მომხდარი აფეთქებისა და ნახევარკუნძულზე სხვა აფეთქებების შემდეგ, ნათქვამია სტატიაში. „ყირიმს უბრძოლველად ავიღებთ“, - განუცხადა რეზნიკოვმა The Atlantic-ის კომენტარში.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რვა რუს და ბელორუს სპორტსმენს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება ჩამოართვა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელების მიერ ძიუდოისტების საქმის შესწავლის შემდეგ, რვა ძიუდოისტი წლის მნიშვნელოვან ფორუმზე ვერ იჭიდავებს. მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მხარდაჭერაა. დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიტრალური ძიუდოისტების სტატუსით რუსი და ბელორუსი სპორტსმენების დაშვების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს. ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს ყატარის დედაქალაქი უმასპინძლებს. უკრაინამ განაცხადა, რომ ჩემპიონატს რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მონაწილეობის გამო ბოიკოტს უცხადებს.
დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიასივრცე - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება. “პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას. უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება. სწორედ ამ პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა იწოდება მსოფლიოში მაღალპროფესიონალურ და თავისუფალ ჟურნალისტიკად, რადგან ამ სტანდარტის დაცვა ქმნის ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს. თავისუფალი პრესა არის როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის, ისე მისი დემოკრატიულობისაკენ სწრაფვის ნიშანი. ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიასივრცე. კიდევ ერთხელ ვულოცავ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ყველა ჟურნალისტს და ვუსურვებ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ 478 ბავშვი დაიღუპა და 961-ზე მეტი დაშავდა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ სულ 478 ბავშვი დაიღუპა და 961-ზე მეტი დაშავდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გააკეთა. „2023 წლის 3 მაისის მდგომარეობით, უკრაინაში 1439-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად. პროკურორების მონაცემებით, სულ დაიღუპა 478 ბავშვი, ხოლო 961-ზე მეტმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ამ დროისთვის ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა დონეცკის ოლქში (453), ხარკოვის ოლქში (275), კიევის ოლქში (128), ხერსონის რეგიონში (94), ზაპორიჟჟიას (89), მიკოლაევის ოლქში (89), ჩერნიგოვის ოლქში (70). დნეპროპეტროვსკის ოლქი (67) და ლუგანსკის ოლქი (66).
დაავადებული ცხენის ხორცით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში სამი პირი მისცა
საგამოძიებო სამსახურმა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე პასუხისგებაში სამი პირი მისცა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.ჯ. ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე. შემდგომში მის მიერ ცხენის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა ბრალდებულ დ.წ.-ზე, რომელიც ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს და აწვდიდა ბრალდებულ დ.მ.-ს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, მომხმარებელთა მოტყუებით ყიდდა თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტში თითქოსდა საქონლის ხორცისგან დამზადებული პროდუქტის სახით. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან და ბრალდებულთა ფაქტობრივი საქმიანობის ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ცხენის ხორცი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
ამერიკის საელჩო: მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირების და ინსტიტუციებისა და ხელისუფლებაში მყოფი პირების ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგანან. „პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ ჟურნალისტების აუცილებელ როლს დემოკრატიაში. ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირების და ინსტიტუციებისა და ხელისუფლებაში მყოფი პირების ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგანან. თავისუფალი და ძლიერი პრესა აუცილებელია „ხალხის მიერ ხალხისათვის მმართველობის“ უზრუნველსაყოფად. შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლისა. მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს დღეს გამართავს
უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტს დღეს იწყებს. Europetime-ის ინფორმაციით, აპატურაი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს. ცნობისთვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. ჯეიმს აპატურაი საქართველოს გასული წლის აპრილშიც სტუმრობდა. NATO-ს ოფიციალურ პირს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მოუსმინეს. მაშინ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ. უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის შეფასებით, რუსეთის ომმა უკრაინაში, ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების რუკა გრძელვადიან პერსპექტივაში. პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ რთულ გარემოში საჭიროა უფრო მეტის გაკეთება NATO-ს პარტნიორებისთვის. აპატურაიმ ასევე გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას, ეს ფართოდ არის გამოხატული პოლიტიკურ სისტემაშიც, ჩაწერილია კონსტიტუციაშიც. „NATO-ს ასევე სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს, ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება. საკმაოდ პოლარიზებული გარემოა და ვფიქრობ, NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან“, - აცხადებდა აპატურაი მედიასთან. ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO
აშშ-ის ტეხასის შტატში კაცმა 5 მეზობელი მოკლა
აშშ-ის ტეხასის შტატში კაცმა ხუთი მეზობელი მოკლა. გავრცელებული ცნობით, სროლა 38 წლის მამაკაცმა გუშინ გვიან ღამით საკუთარ სახლთან დაიწყო. დაღუპულთა შორისაა 9 წლის ბიჭიც. ბრალდებული რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად, პოლიციამ საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ლატვიურმა ავიაკომპანიამ რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა
ლატვიურმა ავიაკომპანია Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა. 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირველი რეისით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 119 მგზავრი ჩამოფრინდა. Air Baltic-ი რიგა-ბათუმის მიმართულებაზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ იფრენს. ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასრულებს რიგა-თბილისის მიმართულებაზე. Air Baltic-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში ხუთი სიხშირით დაფრინავს.
აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2.7% შეადგინა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-7.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.0 პროცენტი). ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე (1.1 პროცენტი), ასევე ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (1.1 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.23 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.9 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.1 პროცენტიანი მატება, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ტანსაცმლის (2.7 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1.1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (1.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებასა და ხარისხიან ინფორმაციას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს. „დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც მთელ მსოფლიოში უკვე 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აღინიშნება. UNESCO-ს წლევანდელი თემა ამ დღის აღსანიშნავად არის „უფლებების მომავლის ფორმირება: გამოხატვის თავისუფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა უფლებების მამოძრავებელი ძალა“. პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მედიასაშუალებები და ჟურნალისტები არსებით როლს ასრულებენ: ისინი ხელს უწყობენ ფაქტების გადამოწმებასა და გავრცელებას, ქმნიან სივრცეებს, სადაც შესაძლებელია იდეების განხილვა და იმ ადამიანების გაგონება, ვისი ხმაც სათანადოდ არ ისმის. მედიის თავისუფლების დაცვა ყველას საზრუნავია, რადგან: თავისუფალი და პლურალისტური პრესა მდგრადი დემოკრატიების განუყოფელი ნაწილია; სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ადამიანის ყველა უფლებების უზრუნველყოფისა და სრულყოფილი დემოკრატიის არსებობის პირობას წარმოადგენს; პრესის თავისუფლება ნიშნავს, რომ მედიას შეუძლია, გამოავლინოს უსამართლობა, მოითხოვოს ანგარიშვალდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ; სამართლებრივი დაშინება და მედიის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესები ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს; გამოხატვის თავისუფლების უფლება განცხადებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლში. გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პლურალიზმს, გამოხატვის თავისუფლებას და ხარისხიან ინფორმაციას როგორც ევროკავშირში, ასევე, საქართველოსა და მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია განცხადებაში.
აპრილის მონაცემებით, წლიურად ზეთი და ცხიმი 14.85%-ით გაიაფდა - საქსტატი
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 2.7 პროცენტი შეადგინა. აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2.7% შეადგინა - საქსტატი ფასების 1.5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე. ამასთან, ფასები 14.8 პროცენტით არის შემცირებული ზეთსა და ცხიმზე. ასევე ფასების 4.4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე. „საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.3 პროცენტიანი მატება, რაც 1.05 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (31.0 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.6 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9 პროცენტით, რაც -1.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.5 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (8.0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, რაც 0.78 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.6 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ იფნრომაციაში.
თბილისში ტაქსის საფასურის გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი
თბილისში ტაქსიში მგზავრობის საფასურის გადახდა, მიმდინარე წლის 22 მაისიდან, სპეციალური QR კოდის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, QR კოდით გადახდა ნებაყოფლობითი იქნება და მისი დაკავშირება ნებისმიერ ანგარიშზე იქნება შესაძლებელი. „დღეის მდგომარეობით, ტაქსიში საფასურის გადახდა მხოლოდ ნაღდი ფულითაა შესაძლებელი, რადგან მძღოლებს საბანკო ტერმინალების შეძენის საშუალება არ აქვთ. კომპანია BKN301 Georgia-მ შემოგვთავაზა საინტერესო წინადადება. ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია QR კოდის გამოყენებით. ის შესაძლებელია მიებას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ კოდებს მძღოლები 2023 წლის 22 მაისიდან დედაქალაქის სხვადასხვა სერვისცენტრში მიიღებენ. „QR კოდები განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე. მომხმარებელი მობილური ტელეფონით დაასკანერებს QR კოდს და მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე. სურვილისამებრ, მძღოლები კოდებს მიიღებენ 2023 წლის 22 მაისიდან დედაქალაქის სხვადასხვა სერვისცენტრში. კერძოდ, თბილისის მერიის სერვისცენტრი - ჟ. შარტავას ქ. N7; სამგორის სერვისცენტრი - მოსკოვის გამზირი N14; გლდანის სერვისცენტრი - დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
აპლიკაცია „ფიქს თბილისი“ 15 მაისიდან ამოქმედდება
აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირებას შეძლებენ, 15 მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია სპეციალური აპლიკაციის - „ფიქს თბილისის“ შესახებ, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ შექმნა. ეს არის მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიური კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტის ინფორმირება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ. დღეს მოქალაქე ან ცხელ ხაზზე რეკავს, ან „ფეისბუქზე“ გვაწვდის ინფორმაციას. ხშირად პირადად მეც მიგზავნიან ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს სკვერში რაიმეს დაზიანება, ან ატრაქციონი იყოს მოსაწესრიგებელი, დაზიანებული იყოს საგზაო ინფრასტრუქტურა, განათება და ასე შემდეგ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო გავამარტივოთ კომუნიკაცია და პრობლემის მოგვარება. ამ მიზნით, იქმნება შესაბამისი აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, მოგვაწოდოს ინფორმაცია. ჩვენც გვაქვს დიდი მოტივაცია, რომ ვიყოთ ძალიან სწრაფები აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. ვთქვათ, ადამიანმა ნახა, რომ პარკში ატრაქციონია დაზიანებული, აღნიშნული აპლიკაციით იღებს ფოტოს, მიუთითებს მისამართს და აგზავნის. ამ ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ექნებათ ვალდებულება, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ ეს პრობლემა. როდესაც პრობლემა მოგვარდება, მოქალაქეს მიუვა შეტყობინება ამის შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აპლიკაცია უნდა ამოქმედებულიყო პირველი მაისიდან, თუმცა Google play store-ისა და App store-ის ვერიფიკაციის პროცესის გამო, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, აპლიკაცია 15 მაისიდან ამოქმედდება. „ამჟამად აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას, ესენია: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება. შევეცდებით, დროთა განმავლობაში აღნიშნული ნუსხა კიდევ უფრო გავზარდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მანამდე გაიმართება პრეზენტაცია, სადაც აღნიშნული სიახლის შესახებ საზოგადოება კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.
საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა - TI
საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კვლევას აქვეყნებს სათაურით - „მედიაგარემო 3 მაისიდან 3 მაისამდე: უკუსვლის ქრონოლოგია“. მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებასა და ხარისხიან ინფორმაციას - ევროკავშირის წარმომადგენლობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება. „საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე (03.05.2022-03.05.2023) მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, მაგალითად, ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მნიშვნელოვნად გაუარესდა და მე–60 ადგილიდან საქართველომ 89-ე ადგილზე გადაინაცვლა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ცნობით, ავტორიტეტული ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებაა ხაზგასმული. ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ სპეციალური რეზოლუციაც მიიღო, სადაც ხაზგასმულია, რომ კონსოლიდირებული დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის გამოხატვის თავისუფლება და ის, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს ჟურნალისტები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სისტემატურად ეხმიანება მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას. გამოვყოფთ რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაგარემოს სისტემურ გაუარესებაზე მიანიშნებს და დამახასიათებელია კლეპტოკრატიული მმართველობისთვის. მედიამენეჯერის დაპატიმრება - 2022 წლის 16 მაისს ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებელს და დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ შეაფასა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგზის კრიტიკულად გამოეხმაურნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოხვდა 2023 წლის „ჰუმან რაითს ვოთჩის“ ანგარიშში, ხოლო „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. დაპატიმრებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 11-მა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადაედგა ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის. მათ მიერ 2023 წლის 20 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვარამიას პატიმრობაში დარჩენა აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და “ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ამაზე მიანიშნებს”. პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას დაპატიმრებას გამოეხმაურა აშშ-ს ჰელსინკის კომისია. ძალადობა ჟურნალისტებზე და არასათანადო გამოძიებები - საქართველოში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები კვლავ მოექცა საერთაშორისო ორგანიზაციების ფოკუსში. სიტუაციას ამძიმებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება და ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ამ დრომდე არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის აქციის ორგანიზატორები, რა დროსაც მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ძალადობრივი მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დღემდე იცავს. დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე ფარული მიყურადების ათობით საქმე. სისტემურია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლისა და თვითცენზურის გაძლიერების პრაქტიკა. საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება კრიზისების პერიოდში. მაგალითად, 2023 წლის მარტში რუსული კანონის განხილვისა და ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლის და სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევები. ამავე აქციებზე დააკავეს „პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე ხასიათის მტკიცებულება ჟურნალისტების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, სასამართლომ ორივე მათგანი 2200-2200 ლარით დააჯარიმა. 2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. საგამოძიებო სამსახურებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება. „სახეზეა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მიზანია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის ინფორმაციის მოპოვების პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნა, ჟურნალისტის პროფესიის დისკრედიტაცია და მედიისადმი ნდობის შესუსტება. მედიაგარემოს გაჯანსაღება პირდაპირ კავშირშია მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებასთან. ამისთვის, პირველ რიგში, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული მედიამენეჯერი ნიკა გვარამია. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები: გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, ეფექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და დასაჯოს დამნაშავეები, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა მედიის წინააღმდეგ, სახელმწიფო მოხელეებმა კი მოხსნან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის უფრო ვრცლად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბუდაპეშტში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს ჩატარდება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა. პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
NDI-ის კვლევა: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირთან ახლო პოლიტიკურ (54 პროცენტი) და ეკონომიკურ (52 პროცენტი) თანამშრომლობას. თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს. „NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოქალაქეების ურყევი ნებაა. საქართველოს მოსახლეობის ასეთი მისწრაფება სტიმული უნდა გახდეს პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის, რათა მათ მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ იმოქმედონ“ - აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს დირექტორი. მისი თქმით, „აუცილებელია, რომ მთავრობამ, პარლამენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ძალისხმევა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხების მოგვარებაზე მიმართონ, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა. ეს ქვეყანაში ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაცვლად, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობა და ამ გზით პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის აღდგენა, დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“. უახლესი კვლევა ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობაზეც მიუთითებს. მოქალაქეების 64 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ წარმოადგენს. აღნიშნული მოსაზრება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა შორისაც გამოიკვეთა: ქართული ოცნების მხარდამჭერთა 14 პროცენტი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს 2 არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს. პარტიების მიმართ სკეპტიკური განწყობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში გამოიკვეთა - მათგან მხოლოდ 15 პროცენტი ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მაინც ეხმიანება მათ ინტერესებს. ამავე კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. მოსახლეობის ნახევარი (49 პროცენტი) მიიჩნევს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მეტიც, მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს. დაბოლოს, ყოველი მეორე მოქალაქე (51 პროცენტი) ამბობს, რომ არცერთ ქართულ ტელეარხს არ ენდობა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019 წლის შემდეგ, როცა ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს შეადგენდა. კვლევის მონაცემები პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზეც მიუთითებს. ეს დასტურია იმისა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სურთ. 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა (48 პროცენტიდან 56 პროცენტამდე) ვინც ფიქრობს, რომ ქალი და კაცი პოლიტიკოსები ერთნაირად წარმოადგენენ მათ ინტერესებს. ახლა ნაკლები ადამიანი (მხოლოდ 16 პროცენტი) მიიჩნევს, რომ კაცი პოლიტიკოსები ქალებზე უკეთ წარმოადგენენ მოქალაქეების ინტერესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ გადანაწილებას სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა. „კვლევა ცხადყოფს, რომ მოქალაქეებს სურთ მეტი ქალის ხილვა არამხოლოდ პოლიტიკაში, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პოზიციებზეც. ამ მონაცემებმა ბიძგი უნდა მისცეს პოლიტიკურ პარტიებს, რათა მოსახლეობის სურვილის საპასუხოდ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყონ ხელი“, - განაცხადა ალან გილამმა. აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 20% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5% - NDI-ის კვლევა
მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა - 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14 პროცენტი და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36 პროცენტი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. ამის შესახებ NDI- ახალ კვლევაში აცხადებს. ახალგაზრდები (18 -34 წლის მოსახლეობა) განსაკუთრებული სკეპტიკურობით გამოირჩევიან. გასულ წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის გაიზარდა იმ ადამიანების წილი ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს. უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალია. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, უმეტესობამ არ იცის, ვის მისცემდა ხმას. მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც ხმას მისცემდნენ საპარლამენტო არჩვენები ხვალ რომ ტარდებოდეს. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. კერძოდ, 26%-მა არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას. 34% - არცერთი „ქართული ოცნება“ - 20% უარი პასუხზე - 9% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 5. სხვა პარტიები - 6% IRI-ის მიერ 25 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია. ამასთან, კვლევის მიხედვით, ნოემბერის კვლევასთან შედარებით 2%-ით გაიზარდა(რაც ცდომილების ფარგლებშია) „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი და გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ ხმას ამ პარტიას მისცემდა. ხოლო 3%-იანი მხარდაჭერა აქვს გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებას“. კერძოდ, კითხვაზე, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 6%-ითაა შემცირებული.
NDI-ის კვლევა: მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 43%
NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 43%. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, კვლევის პასუხები შემდეგია: კარგად – 43%; ცუდად – 43%. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 20% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5% - NDI-ის კვლევა NDI-ის კვლევა: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა ასევე, NDI-ის კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. ასევე, კვლევის მიხედვით, მთავრობის შეფასება გაუარესებულია ახალგაზრდებს შორის და სოფლის ტიპის დასახლებებში. აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.