ძებნის რეზულტატი:
ჰელსინკი და ვაშინგტონი ფინეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნაზე შეთანხმდნენ
ფინეთი და აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე (DCA), რომელიც აშშ-ის სამხედროებს საშუალებას მისცემს, ფინეთში სამხედრო ბაზა შექმნას იარაღის შესანახად და წვრთნების გასამართად. უკრაინული სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი მედია Helsingin Sanomat იტყობინება. გასულ კვირას ფინეთის დედაქალაქში, ფინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართა. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მიქაელ ანტელმა განაცხადა, რომ შეთანხმების ტექსტი თითქმის მზად არის და მოლაპარაკებების დროს ის მხოლოდ ერთხელ გადაიხედა. თავდაცვის შეთანხმება ითვალისწინებს ფინეთის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიარებას შეერთებული შტატების წარმომადგენლობითა და ამერიკული თავდაცვის სისტემების შესაძლო განლაგებით. DCA-ის პირობები სამხედრო ნაწილების განლაგების საშუალებას იძლევა. კონკრეტული წესები კი, დაარეგულირებს ტერიტორიაზე მათ ყოფნას, სამხედრო ტექნიკის შენახვას და პოტენციურ ამერიკულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში. მაგალითად, დიპლომატმა ახსენა ფინეთის ტერიტორიაზე სერვის ცენტრის შექმნის შესაძლო ვარიანტი ამერიკული მეხუთე თაობის F-35 საბრძოლო თვითმფრინავების შესანახად. ამავდროულად, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ DCA არ ეხება ფინეთში ბირთვული იარაღის შესაძლო განლაგებას. Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ფინეთს შორის ოფიციალურ დონეზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2024 წლამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ დოკუმენტის პროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. აშშ ამჟამად მსგავს მოლაპარაკებებს შვედეთთან და დანიასთან აწარმოებს. მსგავსი შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა ნორვეგიასთან 2021 წელს გააფორმა. ფინეთი ოფიციალურად NATO-ს წევრი 4 აპრილს გახდა. ქვეყანამ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე განაცხადა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილის შესახებ და ნეიტრალიტეტზე თქვა.
აშშ-ში მტვრის ქარიშხლის გამო სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის ილინოისის შტატში, მტვრის ქარიშხლის გამო გზატკეცილზე ერთმანეთს 70-ზე მეტი მანქანა დაეჯახა, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. ილინოისის შტატის პოლიციის კაპიტნის, რაიან სტერიკის ცნობით, ავტოკატასტროფაში 40-დან 60-მდე მანქანა მოჰყვა, 30-ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ავარიის შედეგად ორ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება რესპირატორული პრობლემების მქონე მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
დუდა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს, რაც შეიძლება მალე შეუერთდეს
პოლონეთი ყველაფარეს გააკეთებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, რომ უკრაინა და მოლდოვა ბლოკის წევრები გახდნენ, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ მისივე თქმით, უკრაინისა და მოლდოვის პოტენციური გაწევრიანება ევროკავშირში პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, როდესაც ის საბჭოს 2025 წლის პირველ ნახევარში თავმჯდომარეობს. „პრემიერ მინისტრმა (მატეუშ მორავეცკი) და მე მშვენივრად ვიცით, რას ნიშნავს დიდი ხნის განმავლობაში ლოდინი... თავისუფალი დასავლეთის ნაწილად ქცევის სურვილი“, - განაცხადა დუდამ. „დღეს უკრაინა არის კანდიდატი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის ნაწილი", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ომის ფონზე გააკეთა.
ხერსონის რეგიონიდან 366 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა
პოლიციის ოფიცრებმა და მოხალისეებმა ხერსონის რეგიონიდან, რომელიც რუსული ძალების მუდმივი დარტყმის ქვეშაა, 366 ბავშვის ევაკუაცია მოახდინეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე გამოაქვეყნა. „ხერსონის რეგიონიდან 366 ბავშვი ევაკუირებულია პოლიციის ოფიცრებისა და მოხალისეების მიერ. ბავშვები ცხოვრობდნენ ბერისლავის რაიონში, ბილოზერკასა და დარიივკას თემებში და ხერსონის გარეუბნებში. ეს რაიონები ახლა რუსული არმიის არტილერიის მხრიდან ძლიერი დაბომბვის ქვეშ არიან, - ნათქვამია ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, სავალდებულო ევაკუაციის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში, დონეცკის ოლქიდან უსაფრთხო რეგიონებში 370 ბავშვი გადაიყვანეს.
ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე კიდევ ერთი უზბეკური ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას
ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე კიდევ ერთი უზბეკური ავიაკომპანია CENTRUM AIR-ი იწყებს ოპერირებას. პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს ავიაკომპანია 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, 13 მაისიდან, კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს დღეისათვის Uzbekistan Airlines-ი ასრულებს. ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით კვირაში სამჯერ დაფრინავს.
თბილისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ, ამავე ბრალდებით, მიმდინარე წლის 23 აპრილს დაკავებულია 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ზ., ხოლო 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.თ.-მ მიმდინარე წლის 22 აპრილს, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ზ.ე.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ ნ.ზ. და ზ.ბ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი პროკურატურაში დაიბარეს
თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის - სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაწყებულია გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით დაუყოვნებლივ დაბარებულია სერგო შუბითიძე, რომლის წარმომადგენელი 1-ელ მაისს დაუკავშირდა თბილისის პროკურატურას და შესაბამისად, მისი გამოკითხვა, დღეს, 2 მაისს შედგება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მისი გაუჩინარების ფაქტზე, 2020 წლის 19 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო. 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომანქანაში აღმოაჩინეს. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით, გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, 2020 წლის 29 ივლისს, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო 2020 წლის 17 აგვისტოს, ვინაიდან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები უნდობლობას უცხადებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს და ითხოვდნენ საქმის გადაცემას პროკურატურისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა თბილისის პროკურატურაში. საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით სოციალურ ქსელ “facebook”-დან და „Instagram“-იდან გამოთხოვილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის “facebook და Instagram ანგარიშებთან“ დაკავშირებული სრული ინფორმაცია. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ბოლო დღეების ქრონოლოგია, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ბოლო წლების გარემოებები და ფაქტები. სწორედ პროკურატურის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები. იხ. ბმული: https://pog.gov.ge/news/saqa-1 საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ გამოძიების დაწყების დღიდან საგამოძიებო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, რომელთა მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა მათ მიერ დასახელებული თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. რაც შეეხება გამომძიებელ სერგო შუბითიძეს, რომელიც იმ პერიოდისთვის იკავებდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას, მან აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე. აქვე, აღვნიშნავთ, რომ მოხდება სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ არ ჩატარებულა - პროკურატურა
პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ „არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება განაახლა ამასთან, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შუბითიძე გამოძიების პერიოდში ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა. „მან [სერგო შუბითიძემ] აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“,- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა. როგორც უწყებაში განმარტავენ, სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოხდება, რასაც „შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“.
რუსეთს ლოგისტიკაში პრობლემები აქვს - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა
ლოგისტიკაში პრობლემები რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ მთავარ პრობლემად რჩება. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ახალ ანგარიშში წერს. მისი მიხედვით, 2023 წლის 27 აპრილს რუსეთის სამხედროებთან დაკავშირებულმა სოციალურმა მედიამ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზინცევის მიმართულება სამხედრო ლოგისტიკურ საკითხებს მოიცავდა. ის აქ მხოლოდ რვა თვის განმავლობაში მუშაობდა. მიზინცევის თანამდებობიდან გათავისუფლება მაშინვე არ დადასტურდა, მაგრამ მისი მომავლის შესახებ სპეკულაციები ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ რჩება ლოგისტიკური პრობლემები უკრაინაში, რუსეთის კამპანიის ცენტრში. „რუსეთის პრიორიტეტად კვლავ რჩება თავდაცვის ინდუსტრიის მობილიზება, მაგრამ ის მაინც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. მაშინ, როცა რუსეთის პოლიტიკური ლიდერები დაჟინებით ითხოვენ წარმატებას ბრძოლის ველზე, რუსეთის ლოგისტიკის პროფესიონალები შუა გზაზე არიან გაჩერებულები“, - აღნიშნავს დაზვერვა. ბრიტანულმა დაზვერვამ ადრე ისიც თქვა, რომ თავდაცვითი სტრუქტურები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგებს, მიუთითებს იმ ღრმა შეშფოთებაზე, რომელიც მოსკოვს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მნიშვნელოვანი გარღვევის მოლოდინი უქმნით.
ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ ფინანსური სანქციებით - კალაძე
ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ ფინანსური სანქციებით, მის ფენომენს არ იცნობენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "რა სურვილიც აქვთ მათ, თუ რისთვისაც დგამენ ამ ნაბიჯებს და რატომ აკეთებენ, შედეგს ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რომ რაღაც არასწორი ნაბიჯი გადადგას, ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა," - განაცხადა კალაძემ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი sanctions.nazk.gov.ua მუდმივად აახლებს იმ პირთა სიას, რომელთა სანქცირებისკენაც უკრაინა დასავლურ თანამეგობრობას მოუწოდებს. ამჟამად სია 18,476 პირისგან შედგება, რომელიც ძირითადად რუსეთის მმართველობის და ელიტის ფართო წრეებს მოიცავს. ამ სიაში მოხვდა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც, მათ შორის ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და კომპანია “სისტემას” ერთ-ერთი ყოფილი აღმასრულებელი დავით ხიდაშელი.
ილია დარჩიაშვილმა ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრა გამართა
ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის პრეზიდენტთან იცხაკ ჰერცოგთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე. აღინიშნა ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობები. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. იცხაკ ჰერცოგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
როდის გამიკეთებია ანტიდასავლური განცხადება?! - კახა კალაძე
„ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა. "ამ ორგანიზაციას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელმაც თავისი ქმედებებით ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაადასტურა და აჩვენა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან, ევროპასთან და ევროპულობასთან ამ ადამიანებს და ამ დაჯგუფებას არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან," - განაცხადა კალაძემ. ამასთან, როგორც კალაძე აღნიშნავს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს მომდევნო კვირაში განვიხილავთ - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს 10 მაისს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს. „ჩვენ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი 10 მაისს გვექნება. პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება. წინასწარ რა მონაცემებსაც ვხედავთ, დაახლოებით იგივე მოლოდინები გვაქვს, რაც წლის დასაწყისში გვქონდა. ვამბობდით, რომ წლის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნებოდა მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყება. წინა კომიტეტებზე ეს საკითხი არც კი განგვიხილავს, რადგან რისკები ჯერ კიდევ მაღალი იყო. მომდევნო კომიტეტზე ნამდვილად გვექნება რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიმართულებით აქტიური განხილვა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ლეჟავამ. მისივე თქმით, მიმდინარე ინფლაცია მცირდება და უახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ეს ჯერ კიდევ განპირობებულია, უმეტესწილად, გარე ფაქტორებით.
უკრაინა Gepard-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალის მიღებას აგვისტოში შეძლებს - შოლცი
უკრაინას შეუძლია, მიმდინარე წლის აგვისტოდან ელოდოს თვითმავალი საზენიტო იარაღის Gepard-ის საბრძოლო მასალის მიღებას. DW-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქალაქ ბენდორფში საჯარო დიალოგის დროს განაცხადა. მისი თქმით, წარმოება ახლა მზადდება, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ გამოიყენებს გერმანიის მიერ მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. „ამ წესებს იცავენ სხვა დასავლური ქვეყნები, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღს რუსულ თავდასხმასთან გასამკლავებლად“, - განმარტა კანცლერმა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ყველა საჭირო დახმარებით რუსეთსა და NATO-ს შორის ომის თავიდან ასაცილებლად“. DW-ის ცნობით, უკრაინაში გადატანილი იარაღის სიაში, რომელიც რეგულარულად ახლდება გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე, შედის 34 Gepard სისტემა 6000 ტყვიამფრქვევით.
ნაკლები უნდა ვისაუბროთ კონტრშეტევაზე და მეტი ვიმუშაოთ, რომ განვახორციელოთ - კულება
ნაკლები უნდა ვისაუბროთ კონტრშეტევაზე და მეტი ვიმუშაოთ, რომ განვახორციელოთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს. "ნაკლები უნდა ვისაუბროთ კონტრშეტევაზე და მეტი ვიმუშაოთ, რომ განვახორციელოთ. ომი უნდა დამთავრდეს, ეს ყოველდღიური სამუშაოა. გადახედეთ პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებს, არ არსებობს, რომ პრეზიდენტმა არ დააყენოს იმ იარაღის მოწოდების საკითხი, რომელიც ჩვენი ბრიგადებისთვის აუცილებელია“, – განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
გახშირდა შეტყობინებები დაკბენის, აგრესიის შესახებ - „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი, გიორგი კობიაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შეტყობინებები დაკბენის, აგრესიის შესახებ, რაც გამოწვეულია იმით, რომ ხშირად მეპატრონეების მხრიდან არ ხდება დადგენილი წესების დაცვა. გიორგი კობიაშვილის თქმით, მეპატრონეებმა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გასეირნების წესები უნდა დაიცვან, რათა დაცული იყოს როგორც ადამიანის, ისე ცხოველის უსაფრთხოება. „ბოლო პერიოდში საკმაოდ მოხშირდა შეტყობინებები დაკბენის, აგრესიის შესახებ. აგრესიული ძაღლები არა, უფრო მომეტებული აგრესიის რისკის მქონე ჯგუფები არიან. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში, მეპატრონეები არ იცავენ გასეირნების წესებს, რაც არის დადგენილი საკრებულოს მიერ. ჩვენი სააგენტოს ეკიპაჟები ყოველდღიურად გადაადგილდებიან სხვადასხვა სკვერში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილეში და ახდენენ გასეირნების წესებისა და რეგისტრაციის მონიტორინგს. სკვერებში არსებობს სპეცალური სივრცე ძაღლების გასეირნებისთვის და სამწუხარო ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს სივრცეები არის ცარიელი. მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება ძაღლების გასეირნება საბმელის და ალიკაპის გარეშე, რაც წესების დარღვევაა. წესების მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, საკუთარი ცხოველი გაასეირნოს ალიკაპით და საბმელით, ან მხოლოდ მოკლე ალიკაპით. ეს გათვალისწინებულია დილის შვიდიდან 23:00 საათამდე. ასევე, სპეციალურ სივრცეში მეპატრონეს შეუძლია, გაასეირნოს ალიკაპით და საბმელის გარეშე. ხშირ შემთხვევაში, ამ წესების დარღვევის შემდეგ ხდება აგრესიის გამოვლენა, დაკბენა ადამიანის ან თუნდაც ცხოველის. ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ წესები და დავიცვათ როგორც ადამიანის, ისე ცხოველის უსაფრთხოება. აღნიშნულს არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლი, გათვალისწინებულია ჯარიმა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გასეირნების წესების დაღვევისთვის“, – განაცხადა გიორგი კობიაშვილმა. „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი ამბობს, რომ მიმდინარე წელს იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის ჯარიმების გამკაცრება. „პარლამენტში უკვე მიმდინარეობს მუშაობა როგორც შინაური ბინადარი ცხოველების კანონპროექტზე, ასევე 103-ე მუხლში ცვლილებებზე. როცა ძაღლი გარეთ გამოგყავს, უნდა დაიცვა ელემენტარული წესები, რათა სხვა ცხოველები, ასევე ადამიანები მეტად იყვნენ დაცული. პირველი კანონი არის შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ და მეორე კანონია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი, სადაც გათვალისწინებულია ჯარიმის ოდენობა. მიმდინარეობს მუშაობა ჯარიმის გამკაცრებაზე. დღესაც სამუშაო პორცესშია ეს კანონპროექტი. მონიტორინგი გამკაცრდება, მეპატრონის ვალდებულებები გამკაცრდება, ძაღლების გამრავლების შესახებ მოხდება ბიზნეს სუბიექტებისთვის ლიცენზირების დაწესება. ჩვენი სააგენტოს მიზანი არის მიუსაფარი ცხოველების პოპულაციების მართვა. ყოველდღიურად ათობით ცხოველი გადაგვყავს თავშესაფარში და სტერილიზაცია, კასტრაციის გზით ვუზღუდავთ გამრავლების უნარს. ამავე დროს, დღეს არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ ვაკონტროლოთ ცხოველების გამრავლება, რასაც ახორციელებენ კერძო ბიზნესუბიექტები. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჩვენთან იმატებს შეტყობინებები ცხოველების მხრიდან აგრესიის შესახებ. ამ კანონის მიღების შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა, განვახორციელოთ მონიტორინგი, გვქონდეს სია, ვინ აკეთებს გამრავლების პროცედურებს, ვის აქვს ლიცენზია, ჩვენც უფრო გაგვიმარტივებს სამუშაოსაც და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის შემცირება გაცილებით ეფექტურად და მალე მოხდება. ჩვენი სააგენტო იქნება უფლებამოსილი, გასეირნების წესების დარღვევისთვის დააჯარიმოს ფიზიკური, თუ იურიდიული პირი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით, ახლა რვა ლარია ჯარიმა. ვფიქრობ, ცვლილების შემდეგ წესების დარღვევისთვის ჯარიმა გაცილებით მაღალი იქნება“, – განაცხადა „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორმა.
ფიროსმანის ქუჩაზე კაცი დაჭრეს
ნაძალადევის რაიონში, ფიროსმანის ქუჩაზე 60 წლამდე კაცი დაჭრეს. მედიის ინფორმაციით, მას მანქანიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს და მას ოპერაცია უტარდება. მთავარი არხის ინფორმაციით, კაცს მიმავალი მანქანიდან სახლთან ესროლეს. თვითმხილველი ტელეკომპანიასთან ამბობს, რომ ორი გასროლის ხმა გაიგო. მანქანა კი, საიდანაც გასროლა მოხდა, ავტობუსს შეეჯახა, რის შემდეგაც თავდამსხმელები მიიმალნენ.
პოლონეთი რუსეთისგან რეპარაციების მოთხოვნას არ გამორიცხავს
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ თუ გერმანიის მთავრობა პოლონეთისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის გამო რეპარაციების გადახდას დათანხმდება, რეპარაციები შეიძლება, პოლონეთმა რუსეთისგანაც მოითხოვოს. პოლონეთის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის გასული წლის ოქტომბერში გერმანიისგან 6.2 ტრილიონი ზლოტი (დაახლოებით 1.3 ტრილიონი დოლარი) მოითხოვა. „ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია, ბერლინთან დიალოგის დაწყება, მაგრამ პუტინთან - სულ სხვა ცივილიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ წარმატებას მივაღწევთ გერმანიასთან, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება, იყოს მსგავსი მოლაპარაკებების დაწყება სხვა მჩაგვრელთან“, - განაცხადა მარჩინ პშიდაჩმა.
მამუკა მდინარაძე: დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება 2 მილიარდ დოლარს
დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება 2 მილიარდ დოლარს. ეს იმიტომ ხდება, რომ მან სამშობლოს არ უღალატა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა. „ეს არის ყველაზე მოკლე და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც საზოგადოებამ კარგად იცის - უამრავი ახალი ამბავი გავრცელდა ამასთან დაკავშირებით, რა მეთოდებით ხდება დაბლოკვა ამ თანხების და ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო. საქართველოს რომ არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში, ამისთვის ცდილობენ მის დასჯას და დაწესებულია კონკრეტული დე ფაქტო სანქციები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ბიძინა ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ბანკთან 2011 წელს დაიწყო. Credit Suisse-სთან ივანიშვილის დაპირისპირების მორიგი ეტაპი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა ბიზნესმენის კუთვნილი 2.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ანგარიში გაყინა, საფუძვლით, რომ თანხები შესაძლოა, რუსული წარმოშობის ყოფილიყო. ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. მათ შორის შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხების თაობაზე, რის გამოც ივანიშვილს ფინანსური ზარალი მიადგა. მან Credit Suisse-ს სინგაპურში ბრალი დასდო იმაში, რომ საფინანსო ინსტიტუტმა ვერ შეძლო მისი ინვესტიციების დაცვა. ბიძინა ივანიშვილი 800 მლნ დოლარის ოდენობის თანხაზე დავობს და აცხადებს, რომ თანხა ბანკის ყოფილი მენეჯერის, პატრის ლესკოდრონის მოქმედებების გამო დაკარგა.
უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება ოთხ ქვეყანაზეა დამოკიდებული - კულება
უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ამჟამად სამხედრო ალიანსის ოთხ წევრ სახელმწიფოზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთი არის „დიდი და მნიშვნელოვანი“. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის ტელეარხ 1+1-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, მედია დაინტერესდა, ვისზე ან რაზეა დამოკიდებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანება. „[ეს დამოკიდებულია] ალიანსის ოთხ წევრზე და ერთ-ერთი მათგანი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია NATO-ში“, - განაცხადა კულებამ. NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისს, სამიტზე შეკრიბებიან. ივლისში, NATO-ს მომავალ სამიტზე, უკრაინას სურს, იხილოს ალიანსში გაწევრიანების კალენდარი ან ლოგისტიკური გეგმა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 28 აპრილს განაცხადა. „ვილნიუსის სამიტში უკრაინის ინტენსიური მონაწილეობის ერთადერთი პირობაა NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ლოგისტიკური ზუსტი გეგმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის... ჩვენ გვინდა, მივიღოთ კალენდარული გეგმა, თუ როდის ვიქნებით ალიანსში - რამდენი დრო დაგვჭირდება გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების, ან გაწევრიანების ლოგისტიკური გეგმის გასავლელად“, - ამბობს პოდოლიაკი. მისივე თანახმად, ყველას ესმის, რომ მიღების პროცედურები ომის დროს ვერ წარიმართება, მაგრამ როგორც კი ომი უკრაინის პირობებით დასრულდება, უკრაინა ძალიან მოკლე დროში უნდა გაწევრიანდეს NATO-ში. „მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ნათლად არის გაწერილი ალიანსში გაწევრიანების ბიუროკრატიულ პროცედურასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. უკრაინის ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ საგზაო რუკა უკრაინის გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით, ზუსტად ვილნიუსში უნდა ჩამოყალიბდეს. 20 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვილნიუსში სამიტისგან პოლიტიკურ მიწვევას ელოდება. ეს პირადად განუცხადა ზელენსკიმ NATO-ს გენდმივანს, რომელიც კიევში პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. იენს სტოლტენბერგის თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება. არის თუ არა დრო, რომ NATO-მ ვილნიუსის სამიტზე კონკრეტული შეთავაზებით მიმართოს უკრაინას და საქართველოს? ამ საკითხის განხილვისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ 10 წელზე მეტია, ამ ორივე ქვეყნის გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს და ისურვებდა, რომ მსგავსი შეთავაზების ადრესატები გახდნენ საქართველო და უკრაინა. „ჩემი აზრით, ასეთი შეთავაზება უნდა გაკეთდეს. ათ წელზე მეტია, რაც ორივე ქვეყნის წევრობის დამცველი ვარ; მაგრამ ვშიშობ, რომ მათ მიღებამდე გარკვეული პერიოდი კიდევ გავა“. სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა Europetime-თან, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 2022 წლის 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა.