ძებნის რეზულტატი:
ჩინეთმა და სომხეთმა გაეროში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ - მედია
ჩინეთმა მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო აკრიტიკებს. წარსულში, ჩინეთის წარმომადგენლები რეზოლუციის პროექტების კენჭისყრისას თავს იკავებდნენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტი Ekhokavkaza წერს. მაამდე, გაეროში ისლანდიის წარმომადგენლობამ Twitter-ზე განათავსა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა რუსეთი უკრაინაში აგრესორად პირველად აღიარა. ირკვევა, რომ კენჭისყრა 26 აპრილს გაიმართა, თუმცა მედიამ ყურადღება ახლა მიაქცია რეზოლუციის ტექსტს და იმ ფაქტს, რომ ჩინეთი იყო მათ შორის, ვინც ხმა მისცა დოკუმენტს. საერთო ჯამში, გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ რეზოლუციას მხარი 122-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის არის საქართველო. ჩინეთის გარდა, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს რუსეთის მეგობრულად მიჩნეულმა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ყაზახეთმა და სომხეთმა, ასევე, ინდოეთმა და ბრაზილიამა. დოკუმენტი კონკრეტულად ეხება ევროპის „უპრეცედენტო გამოწვევებს“, უკრაინაში, მანამდე კი, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას“. რუსეთი ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელმაც ხმა მისცა დოკუმენტს (ბელორუსთან, სირიასთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ნიკარაგუასთან ერთად). „უკრაინის ომი, რეზოლუციის მთავარი აქცენტი არ არის, ამიტომ, გაურკვეველია, არის თუ არა ჩინეთის და სხვა ქვეყნების ხმა იმის სიგნალი, რომ ხსენებულმა ქვეყნებმა, უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, პოზიციას შეიცვალეს. მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა ზემოთ აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს. დოკუმენტის განხილვისას რუსეთის წარმომადგენელმა, დოკუმენტიდან რუსეთის დაგმობის პუნქტის ამოღება მოითხოვა და დასავლეთის ქვეყნები რეზოლუციის „პოლიტიზებაში“ დაადანაშაულა. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. რამდენიმე დღის წინ, სი ძინპინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით ფრენებს გეგმავს
ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს. „ტავჯორჯიას“ ინფორმაციით, ავიაკომპანია Indigo პირდაპირ, რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის, 31 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. Indigo-ს მენეჯმენტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა და ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით შეხვედრას „ტავჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს. Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისთვის ფრენებს 135 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 77 ადგილობრივი, 58 კი საერთაშორისოა.
აშშ-ის ელჩი დღემდე არ მიიჩნევს საჭიროდ, საზოგადოებას მოახსენოს, სანქციები რა მტკიცებულებებით დაწესდა - პაპუაშვილი
აშშ-ის ელჩი დღემდე არ მიიჩნევს საჭიროდ, საზოგადოებას მოახსენოს, სანქციები რა მტკიცებულებებით დაწესდა, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როთაც მოსამართლეების დასანქციების საკითხს გამოეხმაურა. „სამწუხაროდ, ვერცერთი ოპოზიციონერი წარმომადგენლისგან ვერ ვნახე, არ ვიცი, შეიძლება ჰქონდათ სხვა მხრივ კომუნიკაცია აშშ-ის ელჩთან, თუ ჰკითხეთ მას, რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა, რადგან ამ ქვეყნის ყველა უმაღლესმა თანამდებობის პირმა ეს იკითხა. სამწუხაროდ, დღემდე ელჩი არ მიიჩნევს საჭიროდ, ქართულ საზოგადოებას მოახსენოს, რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მიუღებელია, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს უწესდებათ სანქციები ისე, რომ არავინ ღირსად არ თვლის საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს, მათ უთხრან, რა არის ამის საფუძველი. თქვენს ადგილას, უპირველეს ყოვლისა, დავინტერესდებოდი, რა მტკიცებულებები არსებობს და არ ვიტყოდი იმას, რაც თქვენ თქვით, თუ არ ვცდები, პლენარული სხდომის დროს, რომ კომისიამ უნდა შეუქმნას მტკიცებულებები ამ გადაწყვეტილებებს ან გაამყაროს ის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო. ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ეს აკნინებს თქვენს, როგორც პარლამენტის წევრის როლს და ზოგადად პარლამენტის როლს. თქვენ შეიძლება, პარლამენტი ამ მხრივ წარმოგიდგენიათ სხვა სახელმწიფო უწყებების რაღაც კანცელარიად, რომელმაც მტკიცებულებები უნდა აგროვოს და ამყაროს სხვისი გადაწყვეტილება. ამიტომ თავისთავად ამ საქმემ დააბრკოლა კენჭისყრები. პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს ადგენს საქართველოს პარლამენტის ბიურო, შემდეგ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. შემოთავაზებული დღის წესრიგის პროექტში ეს კენჭისყრა არ არის ჩასმული. თუკი პარლამენტის რომელიმე წევრი ან ჯფუფი არ ეთანხმება დღის წესრიგს, ან ფიქრობს, რომ რაიმე საკითხი დასამატებელია, პლენარულ სხდომაზე გაქვთ ამის შესაძლებლობა, ისევე როგორც ბიუროს სხდომაზე, დააყენეთ საკითხი და ამაზე იმსჯელებს ბიუროც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
უკრაინას ისრაელიდან 130 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდა
უკრაინა-ისრაელის ასოციაციამ NEXUS-მა, რომელიც ისრაელშია დაფუძნებული, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, უკრაინას 130 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა. ამის შესახებ Ukrinform-ის ცნობით, უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილემ, ოლენა კონდრატიუკმა Facebook-ზე დაწერა. ამ დახმარებას შორის არის 10 ტონაზე მეტი აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამაშველო სამსახურისთვის, ასევე, ორი სასწრაფო დახმარების მანქანა. ინფორმაციისთვის, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე ოლენა კონდრატიუკი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება.
თბილისში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი პოლიტიკოს დილარ ხაბულიანის ძმა, დემურ ხაბულიანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
Leopard-ისა და Challenger-ის ტიპის ტანკები უკრაინაში უკვე ექსპლუატაციაშია - რეზნიკოვი
უკრაინაში უკვე ექსპლუატაციაში შევიდა Leopard-ისა და Challenger-ის ტიპის ტანკები, ასევე, დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული მრავალი ჯავშანტექნიკა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ოლექსიე რეზნიკოვმა განცხადა. „ნამდვილად აქ არიან Leopard-ები და Challenger-ები. უფრო მეტიც, ისინი არამხოლოდ იქ არიან, არამედ, ჩვენმა ეკიპაჟებმა უკვე გაიარეს შესაბამისი მომზადება. მე მქონდა პატივი, ვყოფილიყავი დანაყოფებში ჩვენს ბიჭებთან, რომლებსაც გავლილი აქვთ ეს ტრენინგი. მქონდა პატივი, ეკიპაჟის ნებართვით ეს ტექნიკა მემართა. , - განაცხადა რეზნიკოვმა. მისი თქმით, ეს ტანკები მძიმეა, მაგრამ ადვილად სამართავი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპლუატაციაში შევიდა არამხოლოდ ტანკები, არამედ, Bradley, Marder, Stryker და საბრძოლო მანქანები, როგორიცაა Humvees, Cougars, Canadian Rochelles და სხვები.
ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში რჩება
პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში რჩება. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა. დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. გადაისინჯა ლაზარე გრიგორიადისის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. გრიგორიადისი დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა, დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ მას მიმალვა არ უცდია. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 3 პირის - თორნიკე აკოფაშვილის, გიორგი მიქაძისა და ტარიელ დალაქიშვილის წინასასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულნი. ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“; 9 მარტს კი, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ისრაელს ეწვევა
1-3 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან, ასევე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესახებ. ილია დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
ბულგარეთში გენერალური პროკურორის კორტეჟზე შესაძლო თავდასხმის ფაქტს იძიებენ
ბულგარეთის ხელისუფლებამ შექმნა ოპერატიული შტაბი შსს-სა და სპეცსამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა გამოიძიოს ქვეყნის გენერალური პროკურორის, ივან გეშევის კორტეჟთან დაკავშირებული ინციდენტი. მანამდე, მედია წერა, რომ ბულგარეთში, სოფელ კოვაჩევოს მახლობლად მიმავალ გზაზე, გენერალური პროკურორის ივან გეშევის კორტეჟს ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირებმა დაუდეს. ბომბი ავტოკოლონის წინ აფეთქდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ინფორმაციისთვის, გენერალური პროკურორი ივან გეშევი პარასკევს უკრაინასა და მოლდოვაში იმყოფებოდა.
ლიეტუვაში დესოვეტიზაციის შესახებ კანონი ამოქმედდა
პირველ მაისს ლიეტუვაში ამოქმედდა კანონი, რომელიც საჯარო სივრცეების დესოვეტიზაციას ეხება. „ტოტალიტარული, ავტორიტარული რეჟიმებისა და მათი იდეოლოგიების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონი აყალიბებს საჯარო სივრციდან იმ ძეგლების, მემორიალური ობიექტებისა და ქუჩების სახელების გაუქმების პროცედურას, რომლების შესახებაც ჩაითვლება, რომ ისინი პროპაგანდას უწევენ ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს, ასევე, მათ იდეოლოგიას. ლიეტუვის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საჯარო ობიექტების პროპაგანდად აღიარებას ლიეტუვის მცხოვრებთა გენოციდისა და წინააღმდეგობის შესწავლის ცენტრი, ასევე, მუნიციპალური დაწესებულებები გაუწევენ მონიტორინგს. თავად საეიმი ასევე შექმნის უწყებათაშორის კომისიას, რომელიც ხსენებულ საკითხზე იმუშავებს. „კანონით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არამხოლოდ მოვაშოროთ კვალი, არამედ, განვიხილოთ რეჟიმი და მისი დანაშაულები, უფრო მკაფიოდ განვსაზღვროთ კავშირი კომუნისტურ წარსულთან, ადგილი არ იქნება რეჟიმის რომანტიზებისთვის, კომუნიზმი და ნაციონალ-სოციალიზმი აღქმულ იქნება როგორც ბოროტება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ რეჟიმების გადალახვა“, - განაცხადა სეიმის დეპუტატმა პაულე კუზმიცკენემ, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია საჯარო განხილვა. ლიეტუვაში, საბჭოთა ჯარების ყველაზე დიდი მემორიალის დემონტაჟი დაიწყო ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო
ერდოღანი: KAAN-ი - მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი თურქულ არმიაში F-16-ებს ნაწილობრივ ჩაანაცვლებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის მეხუთე თაობის თვითმფრინავის სახელი გამოაცხადა. თურქეთის ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის სახელი ცნობილია, როგორც TF-X, KAAN. „მომავლის საუკუნე" - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც თურქეთის აეროკოსმოსური ინდუსტრიის მიერ იყო ორგანიზებული. „„თუკი დღეს თურქეთის საუკუნეზე ვსაუბრობთ, ამაში დიდი წილი აქვს იმ წარმატებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ თავდაცვის ინდუსტრიაში, რომელიც არის როგორც ჩვენი უსაფრთხოების დამზღვევი, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის ლოკომოტივი“, - განაცხადა ერდოღანმა. 21 მეტრიანი, ორმაგი ძრავის მქონე KAAN-ი ტესტირების პროცესს რამდენიმე წელიწადში დაასრულებს და თურქეთის არმიის ინვენტარში იქნება წარმოდგენილი. მეხუთე თაობის თვითმფრინავი TAI-ის მიერ შეიქმნა იმ მიზნით, რომ თურქული არმიის მოძველებული F-16 ფლოტი შეცვალოს. ერდოღანის თქმით, ამ თვითმფრინავით თურქეთი გახდება ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელსაც მსგავსი ტექნოლოგიები აქვს. თვითმფრინავი, რომლის განვითარებისთვის პროექტი 2016 წელს დაიწყო, მარტში ამოქმედდა. ერდოღანის თქმით, თურქული გამანადგურებელი აღიჭურვება შიდა იარაღით და შეძლებს, ნაწილობრივ შეცვალოს F-16-ის ტიპის თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალებში. ჰულუსი აკარი: თურქეთის გარეშე შავ ზღვაში ვერანაირი პროცესი ვერ განვითარდება
ზელენსკი: რუსი დამპყრობლები პასუხს ყოველ თავდასხმაზე მიიღებენ
რუსი დამპყრობლები მიიღებენ უკრაინის პასუხს ყოველ თავდასხმაზე და უკრაინელი მეომრები ამას უზრუნველყოფენ ყოველდღე და ყოველ ღამით. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან, რათა უკრაინის ცა კიდევ უფრო საიმედოდ იყოს დაცული. მხოლოდ წუხელ, შუაღამიდან დილის შვიდ საათამდე მოვახერხეთ 15 რუსული რაკეტის ჩამოგდება. მაგრამ სამწუხაროდ, არა ყველა მათგანის. ჯერ ყველა არა. „მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც იცავენ ჩვენს პოზიციებს, იგერიებენ რუსეთის თავდასხმებს, ეხმარებიან პოზიციებზე მახლობლად მყოფ თანამემამულეებს და მაქსიმალურად ანადგურებენ ოკუპანტს. რაც უფრო ზუსტები არიან უკრაინელები, რაც უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინელები ერთმანეთს, მით უფრო სწრაფად განადგურდება რუსული ბოროტება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ენტონი ბლინკენი: დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად
ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა. სამმხრივ შეხვედრამდე ბლინკენმა მირზოიანთან და ბაირამოვთან შეხვედრები ცალკე-ცალკე გამართა. ენტონი ბლინკენმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად დიალოგი უმნიშვნელოვანესია. „ჩვენს ახალ შენობაში ჯორჯ პ. შულცის საგარეო საქმეთა ეროვნულ სასწავლო ცენტრში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვმასპინძლობთ. დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების და სომხეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხები. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ განხილული იყო რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარების პროცესი და აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დაბლოკვით შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია. 23 აპრილს, აზერბაიჯანმა ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა ლაჩინის გზის დასაწყისში. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, აღმოსავლეთში მოგერიებულია რუსეთის 41 შეტევა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის თანახმად, უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების 41 შეტევა მოიგერიეს. ბახმუტი და მარინკა ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება. კერძოდ, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქის ლიზუნოვკას დასახლებაზე მართვადი ბომბებით საჰაერო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმას ბავშვი ემსხვერპლა. ამასთან, რუსებმა ჩერნიგოვის ოლქის კიდევ რამდენიმე დასახლება დაბომბეს. „ლიმანის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევა განახორციელა ნოვოსელოვკისა და ბელოგოროვკის რაიონებში. რუსებმა ავიადარტყმა მიაყენეს ბელოგოროვკას, გრიგოროვკასა და სპორნოეს. რუსეთის ფედერაციის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ლუგანსკის ოლქის მაკიივკას, დიბროვასა და ბელოგოროვკას დასახლებები და ვერხნეკამენოესა და სპორნოეს დასახლებები დონეცკის ოლქში“, - აცხადებენ გენშტაბში. უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე შეტევის განხორციელებას ცდილობს და ბახმუტში ბრძოლა გრძელდება. ამასთან, რუსებმა სცადეს წინსვლა პრედტექინოს დასახლების მიმართულებით და საჰაერო დარტყმა განახორციელეს ბახმუტსა და ბელაია გორაზე. „ავდიივკას მიმართულებით მტერმა შეტევა წამოიწყო სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებების რაიონებში, მაგრამ წარუმატებლად. დამპყრობლებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ავდიივკაზე და დონეცკის ოლქის ლასტოჩკინოს, სევერნოიეს, პერვომაისკოესა და კარლოვკას დასახლებები დაბომბეს“, - აცხადებენ გენშტაბში. რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის პოზიციებზე შეტევის განხორციელებას და მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით, ისრაელის სახელმწიფოს ეწვია. ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ისრაელს ეწვევა როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას. „ხელმოწერის ცერემონიამდე, ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, რომელიც ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს მოიცავს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ისრაელელ კოლეგას ელი ქოენს და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის, ტურიზმის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან. საგარეო საქმეთა მინისტრი „იად ვაშემის“ ჰოლოკოსტის მემორიალს ქართველი ხალხის სახელით გვირგვინით შეამკობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინას ვატიკანის მონაწილეობით მოქმედი სამშვიდობო მისიის შესახებ ინფორმაცია არ აქვს - CNN
უკრაინას არ აქვს ინფორმაცია რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით შექმნილი სამშვიდობო მისიის შესახებ, რომელზეც პირველ მაისს ისაუბრა რომის პაპმა. ამის შესახებ CNN უკრაინის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. „პრეზიდენტი ზელენსკი რაიმე მსგავს დისკუსიას უკრაინის სახელით არ დასთანხმებია. თუკი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ისინი ჩვენი ინფორმირებულობის და ლოცვა-კურთხევის გარეშე მიმდინარეობს“, - განაცხადა პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებულმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა. ვატიკანი ჩართულია სამშვიდობო მისიაში, რომელიც ცდილობს, დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას და აღნიშნა, რომ ის ასევე მზად არის, ჩაერთოს უკრაინელი ბავშვების რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწაზე დეპორტაციის საკითხში. როგორც ცნობილია, შესაბამისი თხოვნით მას უკრაინის პრემიერმა ვატიკანში ვიზიტის დროს მიმართა. პაპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მიტროპოლიტ (ეპისკოპოს) ილარიონს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელს ბუდაპეშტში. „მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც გასაკეთებელია. ახლა გვაქვს მისია, მაგრამ ის ჯერ არ არის საჯარო. როდესაც ის საჯარო გახდება, მე აუცილებლად გამოვაქვეყნებ მას“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.
საქართველო და კორეა ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირობებს განიხილავენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ჩანგ იონგ ანის შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი კორეაში თარაშ პაპასქუა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს საქართველო - კორეას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე (Economic Partnership Agreement) მოლაპარაკებების დაწყების საკითხი და მოლაპარაკების პირობების დოკუმენტი, რომლის თანახმადაც შეთანხმება დაფარავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა. დოკუმენტი ასევე გულისხმობს მხარეებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორებში როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, გარემოს დაცვა და სხვა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მიმდინარე წელს მოლაპარაკებების დაწყებაზე. გენადი არველაძემ კორეის მხარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ეკონომიკის ისეთი სექტორების პოტენციალს, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ტურიზმი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში კორეის რესპუბლიკიდან მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რათა მოხდეს მოლაპარაკების პირობების დოკუმენტზე საბოლოო შეთანხმება და ხელმოწერა.
ისრაელის ციხეში 86-დღიანი შიმშილობის შემდეგ, პალესტინური დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის ფიგურა, ხადერ ადნანი გარდაიცვალა - BBC
BBC-ის თანახმად, ისრაელის ციხეში 86-დღიანი შიმშილობის შემდეგ პალესტინური დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის ფიგურა, ხადერ ადნანი გარდაიცვალა. ისრაელში განაცხადეს, რომ ადნანი უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ციხის სამსახურის განმარტებით, ხადერ ადნანი, ბოლო პერიოდში, სამედიცინო გამოკვლევებსა და მკურნალობაზე უარს აცხადებდა. ხადერ ადნანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ღაზის სექტორიდან სულ მცირე სამი რაკეტა გაუშვეს. ხადერ ადნანი, რომელსაც ტერორიზმის ხელშეწყობასა და ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ადანაშაულებდნენ, ე.წ ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. ადმინისტრაციული პატიმრობის პირობებში, ისრაელს ეჭვმიტანილების დაკავება განუსაზღვრელი ვადით, ბრალის გარეშე, განახლებადი ექვსთვიანი ვადით შეუძლია. ეს არის სადავო ზომა, რომელსაც უფლებადამცველები აკრიტიკებენ.
ბახმუტთან ორი კანადელი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა - მედია
ბახმუტისთვის ბრძოლაში ორი კანადელი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს. დაღუპულები 27 წლის კაილ პორტერი და 21 წლის კოულ ზელენკო არიან. გავრცელებული ინფორმაციით, კანადის მოქალაქეები ბახმუტთან 26 აპრილს საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დეგელაცია საქართველოში ჩამოდის
გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. დელეგაციაში იქნებიან კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის). გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან. დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს. პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.