ძებნის რეზულტატი:
თბილისის მერიამ 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაურიცხა
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 86 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 1 000 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 47-მა ვეტერანმა, ხოლო 500 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 39-მა წევრმა მიიღო. თბილისის მერიამ თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშზე განახორციელა.
საქართველო, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, მომგებიან პოზიციაშია - ხუციშვილი
აზიის განვითარების ბანკს აქვს გეგმა, გახდეს კლიმატური ბანკი და თავის საქმიანობაშიც ამან შესაბამისი ასახვა პოვოს, საქართველო ამ მიმართულებით, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, მომგებიან პოზიციაშია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. „აზიის განვითარების ბანკი დღეს არის იმ პროცესში, რაც გულისხმობს საკმაოდ აქტიურ რეფორმებსა და სტრუქტურულ ცვლილებას. აზიის განვითარების ბანკს აქვს გეგმა, გახდეს კლიმატური ბანკი და თავის საქმიანობაშიც ამან შესაბამისი ასახვა პოვოს. საქართველო ამ მიმართულებით - ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით მომგებიან პოზიციაშია. ელექტროენერგიის 80% არის მწვანე, განახლებადი. მათ შორის, მაგალითისთვის, შავი ზღვის კაბელთან მიმართებით ის არის მიმზიდველი, რომ საქართველოში არის პოტენციალი, სუფთა ენერგიის გამომუშავება მეტად გაიზარდოს. დაახლოებით, 2-3 ჯერ გაზრდაცაა შესაძლებელი, თუ სრულად იქნება ათვისებული ჰიდრო და ქარის ენერგიებიც, არის მზისაც, თუმცა არა იმ მასშტაბის. ეს გვაძლევს ბევრ პლუსს კიდევ ბევრი მიმართულებით იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ევროკავშირზეა საუბარი, სწორედ ასეთი ტიპის ენერგია სჭირდება ევროკავშირს და არა ისეთი, რომელიც არ არის მწვანე, განახლებადი. ეს იქნება სწორედ პრიორიტეტი მათთვისაც. ბევრი მიმართულებით ეს ხელს უწყობს სხვა პროექტების, პრობლემების გადაჭრასაც. ამ მიმართულებით ჩვენი ურთიერთობა აზიის განვითარების ბანკთან სრულად რეფორმირების ფარგლებში, მათ შორის კლიმატის და შიდა რეორგანიზაციის ნაწილში, შემიძლია ვთქვა, რომ ახლოსაა იმ მოდელთან, რა მოდელიც ბანკს უნდა, რომ როგორც რეგიონული, ისე სათავო ოფისები მოაწყოს. გარდა ამისა, დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, როგორც ქვეყანას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროექტების განხორციელების. ასევე, ბევრად რთული პროცედურების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანაც ბევრი წარმატებული პროექტი განგვიხორციელებია. ამიტომ, საქართველოს ნაკლებად შეეხება ურთიერთობებში და დაფინანსების ნაწილში ასეთი ტიპის ცვლილებები. აზიის განვითარების ბანკი არაა გამონაკლისი. კლიმატური პრობლემების მიმართულებით მის საქმიანობაში აქტიურად ასახვა ერთ-ერთ პრიორიტეტად წამოჭრილია მსოფლიო ბანკის მიერ. გუშინ დაამტკიცეს ახალი პრეზიდენტი, გვქონდა შესაძლებლობა, წლიური განხილვების ფორმატში მასთან შეხვედრა გვქონოდა. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტიც კლიმატური ცვლილებებია. ამ მიმართულებით სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც ძალიან აქტიურები იქნებიან ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ორბანი: შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები
„აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია. „მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც ნათესავ ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 აპრილს, თბილისში, ჰუალინგის დასახლებაში, ბრალდებულმა ნათესავ ქალს განსაკუთრებული სისასტიკით, ელექტროშოკით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით, დაინიშნება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა მიზნით ეწვია საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია
გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი თბილისში იმყოფება და კოლეგებთან ერთად მართავს შეხვედრას. დელეგაცია თბილისში 2 მაისს ჩამოვიდა. ჰაკერი მედიასთან ამბობს, რომ თბილისში გამართულ შეხვედრებზე დღის წესრიგშია 12 რეკომენდაცია და ის, თუ რა პროგრესი მიიღწა ამ მიმართულებით. „გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციით ვართ ჩამოსული თბილისში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე და გვინდა, ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს აქ, საქართველოში და გვინდა, დავეხმაროთ ყოველმხრივ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი. წელს, მოგვიანებით გადაწყვეტილება იქნება ბრიუსელისგან და ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ ეს შევამოწმოთ. შეხვედრები გვაქვს პარლამენტისა და კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე კოლეგებთან პარლამენტიდან“, – განაცხადა თომას ჰაკერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, ასევე შეხვედრას გამართავენ იუსტიციის მინისტრთან და ამ შეხვედრაზე ნიკა გვარამიას საკითხზეც იქნება საუბარი. თომას ჰაკერი ამბობს, რომ არ მისცეს უფლება, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია„"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია მოენახულებინა. როგორც მან ტელევიზიებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, მიზეზად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები დასახელდა. „შევხვდებით იუსტიციის მინისტრს რეფორმებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ მე არ მომცეს ნება, მომენახულებინა ციხეში ნიკა გვარამია და იუსტიციის მინისტრთან ამ საკითხზეც ვისაუბრებთ. ევროპარლამენტი და გერმანიის ბუნდესტაგი მის პატიმრობას უფრო პოლიტიკური მიზეზებით განპირობებულად განიხილავს, ვიდრე სხვა მიზეზების გამო და ეს მედიათავისუფლების ნაწილია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს პლურალისტური საზოგადოების, პლურალისტური სახელმწიფოსკენ გზაზე და მედიათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საკითხია 12 რეკომენდაციიდან“, – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრმა, თომას ჰაკერმა. გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია საქართველოში 2 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციაში არიან კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის). გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან. დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს. პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
ჩვენ ყველას გვინდა, აქ სხვა ვლადიმერი ვნახოთ - ზელენსკი ჰააგაში
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა დაისაჯოს მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, ჰააგაში ვიზიტისას, სადაც მდებარეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). „ჩვენ ყველას გვსურს, ვიხილოთ სხვა ვლადიმერი აქ, ჰააგაში, ის, ვინც იმსახურებს დასჯას მისი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის აქ. საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, უკრაინიდან ბავშვების ეჭვმიტანილი დეპორტაციის გამო, ICC-მ პუტინის დაპატიმრების ორდერი მარტში გასცა.
მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია - ხაჭაპურიძე
ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაუარესებულია. განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - სააკაშვილი „მიხეილ სააკაშვილმა მომიყვა იმ ფაქტის შესახებ, რაც მოხდა. მანახა მაგიდა, რომელზე ვფიქრობდი ზუსტად ის მაგიდაა. მაგიდას რკინის კონსტრუქცია აქვს. მანახა ადგილი, სადაც თავი დაარტყა, უმძიმეს მდგომარეობაშია. რაც მთავარია, მას არ უტარდება ის მკურნალობა, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს. მას უტარდება სიმპტომური მკურნალობა, სასიცოცხლო პარამეტრები რომ შეინარჩუნონ და არ მოკვდეს. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ექიმებმა იციან, მაგრამ ექიმები არიან შეშინებულები და ამ ყველაფერს ხმამაღლა არ აცხადებენ. თუმცა, ბუნებრივია, დადგება დრო, როდესაც ეს ფაქტები, თუ რა ტიპის მკურნალობა როგორ უტარდება, გამოაშკარავდება", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს - ჩხაიძე შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან
ოპოზიციონერი დეპუტატები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება. დეპუტატების თქმით, პოლიტიკური ჯგუფი საპარლამენტო მუშაობის თვალსაზრისით აქტიური იქნება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, დეპუტატები ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძე ახალ, 2-წევრიან პოლიტიკურ ჯგუფს „ევროოპტიმისტებს" დაარქმევენ. სახელწოდების შერჩევამდე რომან გოცირიძემ Facebook-ის პირად გვერდზე მოქალაქეებს სთხოვა, სახელწოდების შესარჩევად სხვადასხვა ვერსია დაეწერათ. „ბევრჯერ იყო აქ ნახსენები ევროპა, როგორც დროის სულისკვეთება. დავეყრდენით რა ამ ამოსავალ სიტყვას, შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ჯგუფს დავარქვათ სახელი ევროოპტიმისტები", - განაცხადა რომან გოცირიძემ. „ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, 31 იანვარს, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებდა. 17 თებერვალს, რომან გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 23 მარტს კი, ხატია დეკანოიძემ მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.
ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება - ხუციშვილი
2024 წლის მაისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ პროექტებისა და რეფორმების, რომელსაც ქვეყანა აზიის განვითარების ბანკთან ერთად ახორციელებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. „აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, სადაც მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ასევე, მოხდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომ მაქსიმალურად მხარეები დააჩქარებენ პოზიციებს და პროცესებს, იმისათვის, რომ დროზე დასრულდეს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ცნობისთვის, დღეიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ერთი წლის ვადით აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს კრემლზე სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციისთვის - ბორელი
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს რუსეთს, არ მოახდინოს უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაცია კრემლის ტერიტორიაზე ინციდენტის შემდეგ. კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა - კრემლი „მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს ეს სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციის გასაგრძელებლად. ეს არის ის, რაც გვაწუხებს. ჩვენ გვაღელვებს, რომ ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტი ადამიანის, ჯარისკაცი გაწვევის, უკრაინაზე მეტი თავდასხმის გასამართლებლად“, - აღნიშნა ბორელმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სმენია მოსკოვის ცნობებზე უკრაინის მიერ დრონებით კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მაგრამ „მათი რამენაირად დადასტურება” არ შეუძლია. „უბრალოდ არ ვიცით… ნებისმიერ რამეს, რაც კრემლიდან მოდის, დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი. ვნახავთ, რა ფაქტებია. და ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება ან სპეკულირება, როდესაც ფაქტები არ იცი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. რას ამბობს ზელენსკი მოსკოვის მტკიცებაზე, რომ კიევმა კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა რა პოზიცია აქვს აშშ-ს უკრაინის რუსეთზე თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით, ბლინკენმა ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცავს თავს.
აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა - ეროვნული ბანკი
2023 წლის აპრილში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და 2.7% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. „აპრილში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ფასებმა 2.2%-ით მოიკლო, რამაც თვის ინფლაცია 0.7 პროცენტული პუნქტით შეამცირა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ინფლაციის კლება მეტწილად მზესუმზირის ზეთის, იმერული ყველისა და პურის ფასების შემცირებამ განაპირობა. ამასთანავე იკლებს საწვავის ფასებიც. ბენზინის და დიზელის, შესაბამისად, 4.1 პროცენტით და 6.2 პროცენტით გაიაფებამ, ჯამურად, თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. საპირისპიროდ, ძროხის ხორცის, ხახვის, საბანკო მომსახურებისა და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა. აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა. ამავდროულად სურსათის ინფლაციაც ეტაპობრივად მცირდება და მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში კლებადია. ბოლო თვეებში საწვავის (ბენზინი, დიზელი და გაზის საწვავი) თანდათან გაიაფების ფონზე, საწვავის წვლილი ინფლაციაში უარყოფითი გახდა და აპრილში ამ მაჩვენებელმა -2.0 პროცენტი შეადგინა. ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფებამ წლიური ინფლაცია 1.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აპრილში სურსათის ფასები, წინა წელთან შედარებით, 5.8 პროცენტით არის გაზრდილი, რამაც მთლიან ინფლაციაში 1.8-პროცენტიანი წვლილი შეიტანა. სურსათის ინფლაცია მეტწილად ხორცზე, კარტოფილზე და ყველზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. მიუხედავად ბოლო პერიოდში პურის გაიაფებისა, წლიურ ინფლაციაში მისი კონტრიბუცია კვლავ დადებითია და 0.3 პროცენტს შეადგენს. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, შემცირდა და 4.7 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში. ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს. „ბოლო თვეებში იმპორტულ ინფლაციას მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. აპრილში იმპორტირებული საქონლის წლიური 6.4-პროცენტიანი დეფლაცია დაფიქსირდა. დაახლოებით ასეთივე დინამიკას აქვს შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასებს, რომელთა დეფლაცია აპრილში 2.4 პროცენტს გაუტოლდა. ჯერ ისევ მაღალია, თუმცა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ, წინა თვესთან შედარებით, ძირითადად, სურსათის ხარჯზე 1.4 პროცენტული პუნქტით მოიკლო და 10.6 პროცენტი შეადგინა. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ზოგიერთი ადგილობრივად ნაწარმოები სურსათის (პირველ რიგში, პური, ყველი, ხორცი) და მომსახურების წლიურ გაძვირებას (10.8%) უკავშირდება. თავის მხრივ, მომსახურების მაღალი ინფლაცია დიდწილად უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად მომსახურებაზე გაზრდილი ფასებით შეიძლება აიხსნას. აქედან ყველაზე გამოსარჩევი ბინის ქირაა, რომლის წვლილი მომსახურების ინფლაციაში 2.3 პროცენტული პუნქტია“, – აღნიშნავენ ცენტრალურ ბანკში.
აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გერმანიაში ატარებს სამხედრო წვრთნებს, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს
აშშ-ის არმია ევროპასა და აფრიკაში, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰოჰენფელსის სიახლოვეს, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებას (Combined Resolve 18) ატარებს. წვრთნები 21 აპრილს დაიწყო და 23 მაისამდე გასტანს. Combined Resolve არის პერიოდული სწავლება, რომელიც აშშ-ის საბრძოლო ჯგუფის მოსამზადებლად, NATO-ს ინიციატივების (შეკავება, მზადყოფნა, რეაგირება და გაძლიერება) მხარდასაჭერად არის შექმნილი. მოსალოდნელია, რომ წვრთნებში აშშ-დან, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან, 4000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არის საქართველოც. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მედიაწარმომადგენელმა Combined Resolve 18-ზე, მაიორმა ჯონ ემბელანმა Europetime-ს განუცხადა, რომ Combined Resolve 18-ში, საქართველოს თავდაცვის ძალების (GDF) 43 ჯარისკაცი მონაწილეობს. ამასთანავე, გერმანიაში, ჰოჰენფელსის სასწავლო ზონაში, ერთობლივი მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრის (JMRC) საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის თქმითვე, (GDF) საქართველოს თავდაცვის ძალების ქვეითი ოცეული მოქმედებს აშშ-ის არმიის პირველ ბატალიონთან ერთად, მე-4 ქვეით პოლკში (1-4 IN). 1-4 IN-თან ერთად ასევე გადიან სწავლებას ჯარისკაცები კოსოვოდან, ლიეტუვიდან, მოლდოვიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, რუმინეთიდან, სლოვენიიდან და გაერთიანებული სამეფოდან. უფრო კონკრეტულად, საქართველოს თავდაცვის ძალების (GDF) ოცეული, 1-4 IN-ის შემადგენლობაში, მე-2 ჯავშანტექნიკის პირველი საკავალერიო დივიზიის (2/1 CD) წინააღმდეგ ჩაერთვება წვრთნებში. ჯონ ემბელანის განმარტებით, 2/1 CD არის აშშ-ის არმიის ქვედანაყოფი Fort Hood-დან (შეერთებული შტატების არმიის პოსტი ტეხასში), რომელიც ძალების რეგულარული როტაციის ფარგლებში, ევროპაშია განლაგებული, რათა მხარი დაუჭიროს შეერთებული შტატების ვალდებულებას Atlantic Resolve-ისადმი. წვრთნებისას 2/1 CD-ს შემადგენლობაშია დანაყოფები ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, კოსოვოდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან. ორივე 2/1 CD და 1-4 IN, წვრთნებიოს დროს, შეტევით და თავდაცვით ოპერაციებს ჩაატარებენ. ჯონ ემბელანის თქმით, Combined Resolve 18, საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლება გაიარონ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დინამიკურ და რეალურ სასწავლო გარემოში, რომელსაც გერმანიაში, ჰოჰენფელსთან, აშშ-ის არმია, გაერთიანებულ მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში უზრუნველყოფს. „ყველა მონაწილე გაივლის წვრთნას ტაქტიკურ უნარებზე, მაგრამ სწავლება ასევე აძლევს მათ უნიკალურ უნარს, ინტეგრირდნენ სხვა ქვეყნებთან, გადაჭრან თავსებადობასთან დაკავშირებული გამოწვევები. თავსებადობა არის ჯარისკაცებისა და სისტემების უნარი, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცები ურთიერთქმედებით გამოირჩევიან. Combined Resolve 18 გამოცდის GDF-ს და ყველა სხვა ქვეყანას, რომ გადალახონ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია განსხვავებებთან ლოგისტიკაში, მისიის ბრძანებაში, კომუნიკაციებში, აღჭურვილობაში, ტაქტიკაში, სამხედრო კულტურასა და ენაში. ყველა მონაწილე აფასებს თავის პერსონალს, ტრენინგს და აღჭურვილობას, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი შეასრულებენ ნებისმიერ მისიას, რომელსაც მათი ქვეყანა მოითხოვს“, - განაცხადა ჯონ ემბელანმა Europetime-თან. ამერიკულ არმიაში მაიორის შეფასებით, NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, აშშ მოწოდებულია, გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება და შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში წვლილი შეიტანოს. „აშშ-ის არმიის მრავალეროვნული წვრთნები, Combined Resolve 18, აძლიერებს ჩვენი ქვეყნების შესაძლებლობებს, თავსებადობას და ხელს უწყობს ნდობას ყველა მონაწილე სახელმწიფოსა და მათ სამხედროებს შორის“, - განაცხადა ჯონ ემბელანმა.
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს. კერძოდ, დღეს საბჭომ მიიღო დახმარების ორი ზომა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად. ევროკავშირის ცნობით, საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს. ამ თანხით დაფინანსდება საქართველოს თავდაცვითი ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობა, მომარაგება და მომსახურება, მათ შორის ტექნიკური მომზადება მოთხოვნის შემთხვევაში. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოგისტიკურ და კიბერთადაცვით აღჭურვილობას. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ამ ახალი დახმარებით, ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზების მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებაში და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის უნარების განვითარებაში. ეს არის ორივე ქვეყნისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში გამოყოფილი დახმარების მესამე პაკეტი, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ“. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, დახმარების ბოლო პაკეტი, წინა პაკეტებთან ერთად, ხელს შეუწყობს მოლდოვისა და საქართველოს ძალების ოპერატიული ეფექტურობის გაზრდას, დააჩქარებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ურთიერთთავსებადობას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, უზრუნველყოფს მოქალაქეების უკეთეს დაცვას კრიზისებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს. ასევე, დახმარების პაკეტის მიზანია მოლდოვისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება მესამე ქვეყნებში ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მათი მონაწილეობის კუთხით. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, დახმარება საქართველომ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა. მანამდე, 2022 წლის დეკემბერში საბჭომ 20 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი, 2021 წლის დეკემბერში კი, 12,75 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი დაამტკიცა. ანალოგიური მიზნებისთვის ევროკავშირის საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 40 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ნოვინსკის „დამალული" ქონება დააყადაღა
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასალების მიხედვით, პრორუს ოლიგარქ ვადიმ ნოვინსკის, რომელიც აგრესორი ქვეყნის დახმარებაში მონაწილეობს, 10,5 მილიარდი UAH-ზე მეტი ღირებულების ახალი აქტივები ჩამოართვეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ SBU იტყობინება. დაბლოკილი აქტივების სიაში შედის 230 უძრავი ქონების ობიექტი, რომელსაც ნოვინსკი ოფშორული სატრასტო ფონდის მეშვეობით ფლობს. ჩამორთმეული ქონება ასევე მოიცავს ელიტარულ სასტუმრო კომპლექსს კიევის ცენტრში, ოჩაკოვის საზღვაო სავაჭრო პორტს, სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგის შენობებს და სავაჭრო ცენტრებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში. დადგინდა, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ნოვინსკიმ საკუთარი აქტივები ოფშორულ იურისდიქციებში, რამდენიმე კონტროლირებად უცხოელ მოქალაქეზე ხელახლა დაარეგისტრირა. „ამ სქემის განსახორციელებლად მან კერძო ნოტარიუსები და სახელმწიფო რეგისტრატორები ჩართო. თუმცა, უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა კრიმინალური სქემა ამხილეს და დაბლოკეს“, - წერს უკრაინული მედია.
აშშ იმედგაცრუებულია თურქეთის გადაწყვეტილებით, რომელიც სომხური ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცის დახურვას გულისხმობს
აშშ-სთვის იმედგამაცრუებელია თურქეთის გადაწყვეტილება, რომელიც სომხური ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცის დახურვას გულისხმობს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, 3 მაისს გაკეთდა. პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი ამბობს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას და ვაშინგტონს სჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა არამხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ, რეგიონში სტაბილურობისთვის. თურქეთმა სომხური ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცე გაფრთხილების გარეშე დახურა - მედია „შეთანხმება, რომელსაც ადრე მიაღია ამ ორმა ქვეყანამ საჰაერო კავშირების აღდგენის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნდობის აღდგენის თვალსაზრისით არამხოლოდ ამ ორ ქვეყანას შორის, არამედ, ისევ და ისევ, ფართო რეგიონული სტაბილურობისთვის. და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვებთ, რომ თურქეთი და სომხეთი ეკონომიკური კავშირების აღდგენას და სატრანსპორტო კავშირების გახსნასაც გააგრძელებენ“, - აღნიშნა პატელმა. ოთხშაბათს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარამ დახურა თავისი საჰაერო სივრცე სომხური ავიახაზებისთვის მესამე ქვეყნების მიმართულებით და ამის მიზეზად სომხეთის „პროვოკაციები“ დაასახელა. კერძოდ, გადაწყვეტილების მიზეზად მოიხსენია ერევანში, მე-20 საუკუნის დასაწყისის სომეხი მოღვაწეების მემორიალის გახსნა, რომლებიც სომხეთში შურისმაძიებლებად, ხოლო თურქეთში ტერორისტებად ითვლებოდნენ.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4858 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4858 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4858 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4887 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7488 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7463 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ შავი ზღვის რეგიონში ჩართულობას ზრდის
ვაშინგტონი შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიას მიიჩნევს. ამ ფონზე მნიშვნელოვნად თვლის შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის ამოქმედებას იქედან გამომდინარე, რომ მოსკოვის მიერ წარმოებულმა ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად აქცია. ცნობილია, რომ შავი ზღვიდან რუსეთი რაკეტებს უკრაინის ქალაქებს უმიზნებს. ვაშინგტონის სტრატეგია ივნისისთვის იქნება მზად. მანამდე კი, Europetime დაინტერესდა ხსენებული თემით და შეკითხვებით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს. უწყების ოფიციალური წარმომადგენელი გამოცემასთან ამბობს, რომ ახლა უპირველესი პრიორიტეტი რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს. „ეჭვგარეშეა, რომ შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად გადააქცია. შავი ზღვიდან რუსული ხომალდების მიერ გასროლილი რაკეტები უკრაინის ქალაქებს მოხვდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის პორტები დაბლოკეს, რამაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე რთული გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ხაზს უსვამს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში NATO-ს მოკავშირეების როლს. „ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი, რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ისედაც მრავალმხრივი ჩართულობის გაღრმავებას რეგიონში. მოგეხსენებათ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ გააფართოეს ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. NATO-ს მოკავშირეებს, რუმინეთს, თურქეთსა და ბულგარეთს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. ასევე წაიკითხეთ: რაზე იქნება ფოკუსირებული აშშ-ის ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ პოლ გობლი: შავი ზღვის სტრატეგიაში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, დაეხმაროს ზღვისპირა ქვეყნებს რუსული იმპერიალიზმის დამარცხებაში მეთიუ ბრაიზა: როდესაც მე ვიყავი აშშ-ის მთავრობაში, ვცდილობდით, შეგვემუშავებინა სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ეს იყო იქამდე, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა საქართველოში შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავება რა ეტაპზეა და როგორ დაეხმარება შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის, ამ შეკითხვით მიმართა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს. ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, რუმინეთმა უკვე წარადგინა თავისი შეხედულებები და გეგმები, რომლებიც აისახება შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში. ელჩი დეგნანი: შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, როდესაც სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა შუა დერეფანში სწორედ საქართველოს როლს გაუსვა ხაზი და ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი Europetime-თან: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს. ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
ჩვენ არავინ წაგვიხალისებია უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმის განხორციელებაში - კირბი
ჩვენ არავინ წაგვიხალისებია უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმის განხორციელებაში, - კრემლზე თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებებს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ. „ჩვენ უკრაინელებს არ ვკარნახობთ, როგორ დაიცვან თავი და არც მათ მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე ვაძლევთ ბრძანებებს. ჩვენ არავინ წაგვიხალისებია უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმის განხორციელებაში. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა მოხდა. ახლა ამის შეფასება ხდება. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ამაში აშშ-ის მონაწილეობა არ ყოფილა. რაც იყო, ჩვენ არ გვეხებოდა. ჩვენ არაფერი გვქონდა ამ საქმესთან საერთო. აშკარაა, რომ პესკოვი იტყუება“, – განაცხადა კირბიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ამერიკის საელჩო: აშშ-საქართველოს მეგობრობის ისტორია მდიდარია მუსიკალური სფეროს მხარდაჭერითა და თანამშრომლობით
ამერიკის საელჩომ მადლიერებისა და მეგობრობის ნიშნად, „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისგან ჯილდო მიიღო. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩოს შეფასებით, აშშ-საქართველოს მეგობრობის ისტორია მდიდარია მუსიკალური სფეროს მხარდაჭერითა და თანამშრომლობით. „ჩვენთვის პატივია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისგან მადლიერებისა და მეგობრობის ნიშნად ამ ჯილდოს მიღება. წელს კონცერტებისა და მუსიკოსი სტუდენტების მხარდაჭერასთან ერთად, განსაკუთრებით დაგვამახსოვრდება ქართული ტრადიციული მუსიკის აუდიოჩანაწერების შენარჩუნებისა და დაცვის პროექტი, რომელსაც კონსერვატორია აშშ-ის სმითსონის ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს. ეს ჯილდო სიმბოლოა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისა, რომლის შედეგადაც 400-ზე მეტი საათის უნიკალური მუსიკალური მასალა საქართველოსა და მსოფლიოს მომავალ თაობებს სამუდამოდ დარჩება“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა საკითხები განიხილეს ვიქტორ ორბანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის (CPAC) ჩატარების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა კონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებს, რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს. განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ორბანი: შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნის ერთგული რჩება. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსათვის ელოდება. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სახელით, სამუშაო სადილი გაიმართა.